Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14575 articles
Browse latest View live

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი

$
0
0

იხილეთ 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

11 ივლისი (მეორე სესია) – ტესტის ტიპი B

წაკითხულის გააზრება

ანალიტიკური წერა

12 ივლისი (მეორე სესია) – ტესტის ტიპი B

ლოგიკური მსჯელობა

რაოდენობრივი მსჯელობა

13 ივლისი (მეორე სესია) – ტესტის ტიპი A, C

წაკითხულის გააზრება

ანალიტიკური წერა

14 ივლისი (მეორე სესია) – ტესტის ტიპი A, C

ლოგიკური მსჯელობა

რაოდენობრივი მსჯელობა

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

8 ივლისი – (მეორე სესია)


წელს ეროვნული გამოცდები უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აღარ ჩატარდება

$
0
0

წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აღარ გაიხსნება.  საგამოცდო ცენტრების რიცხვს გამოაკლდა საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაც. მიზეზებზე EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა:

,,მოგეხსენებათ, წელს პირველად გამოცდებს განსხვავებული ფორმატით ვატარებთ. ელექტრონულ ფორმატზე გადასვლამ განაპირობა ის, რომ თითეულ კანდიდატს საგამოცდო ცენტრში უფრო დიდი სივრცე სჭირდება. თითოეულს მუშაობისთვის ორი მაგიდა ესაჭიროება. შესაბამისად, ოთახის სივრცეც უნდა გაიზარდოს. მაღლივ კორპუსში ამდენი დიდი აუდიტორია არ არის, სკოლებში კი გაცილებით დიდი ფართის ოთახებია. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი გამოგვაკლდა ეს არის 161 სკოლა. მშობლების, გულშემატკივრების დიდი ოდენობა ქუჩის გადაკეტვას იწვევდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები პროტესტს გამოთქვამდნენ.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გამოცდა აღარ ჩავატაროთ,”- განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებს რამდენიმე საჯარო სკოლა შეემატა და მათი ზუსტი ნუსხა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ზუსტ ინსტრუქციასთან ერთად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაგნონ აბიტურიენტმა თავიანთ საგამოცდო ცენტრებს.

რაც შეეხება ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრებს: ტრადიციულად,  ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრებად რჩება ბათუმის უნივერსიტეტსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტებში განთავსებული საგამოცდო ცენტრები. თუმცა რომელი უფრო მეტ აპლიკანტს უმასპინძლებს 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გამოსაშვები გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ყველა ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

აბიტურიენტებისთვის

ეკა არის© წივწივაძე

რამდენით გაიზარდა საჯარო სკოლების საბაზო დაფინანსება და ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა

$
0
0

ზოგადი განათლების დასაფინანსებელად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერისის ოდენობა გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. ბრძანებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს და უკვე ძალაშია. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტი დამოკიდებულია კლასზე და სკოლაში მოსწავლეების რაოდენობაზე.

პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით

  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა არის 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით, განისაზღვრება – 1.63
  • საჯარო სკოლებისათვის სადაც მოსწავლეების რაოდენობა 206-დან 299  მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება -1.61
  • საჯარო სკოლებისთვის სადაც მოსწავლეების რაოდენობა 300-დან 530 მოსწავლემდე განისაზღვრება -1.60
  • საჯარო სკოლებში სადაც მოსწავლეების რაოდენობა 735 ჩათვლითაა – 1.57
  • საჯარო სკოლებისთვის სადაც მოსწავლეების რაოდენობა 736-დან 1268 მოსწავლემდე განისაზღვრება -1.54
  • ხოლო საჯარო სკოლებში სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 – 1.51

განსხვავებული ციფრებია მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით

  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება – 1.97
  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება -1.95
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 300-დან 530 მოსწავლემდე განისაზღვრება -1.93
  • საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 735 ჩათვლით არის 1.90
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 736-დან 1268 მოსწავლემდეა, განისაზღვრება -1.86
  • ხოლო საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 – ს 1.82

ყველა ჩამოთვლილი კოეფიციენტი 2014 წლის ფინანსურ კოეფიციენტთან შედარებით გაზრდილია. მაგალითისთვის, თუ წელს საჯარო სკოლებისათვის,  სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით არის და კოეფიციენტი 1.63–ია, ორი წლის წინ ის 1.50 გახლდათ.

რაც შეეხება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამის სტანდარტულ ვაუჩერს იგი განსაზღვრება ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. ორი წლისწინანდელ მონაცემებთან შედარებით, ახალი ცვლილებით თანხები გაზრდილია.

პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით

  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება – 489 ლარი გახლავთ –  2014 წელს ეს მონაცემი 450 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 206-დან 299  მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება – 483 ლარი;  2014 წელს ეს მონაცემი 441 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 300-დან 530 მოსწავლემდე განისაზღვრება – 480ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 438 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 735 ჩათვლითაა – 471 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 432 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 736-დან 1268 მოსწავლემდე განისაზღვრება – 462ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 420 ლარი იყო.
  • ხოლო იმ საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269–ს – 453 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 414 ლარი იყო.

განსხვავებული ციფრებია მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლებში

  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება – 591 ლარი – 2014 წელს ეს მონაცემი 540ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება -585 ლარი – 2014 წელს ეს მონაცემი 528 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 300-დან 530 მოსწავლემდე განისაზღვრება -579 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 525 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 735 ჩათვლითაა – 570 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 519 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 736-დან 1268 მოსწავლემდე განისაზღვრება – 558 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 504 ლარი იყო.
  • ხოლო საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 – 546 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 495 ლარი იყო.

საჯარო სკოლებისათვის სტანდარტული ვაუჩერს გარდა, ასევე განისაზღვარა საბაზო დაფინანსებაც. საბაზო დაფინანსება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ერთი და იგივეა და ის მხოლოდ მოსწავლეების რაოდენობაზეა დამოკიდებული. 2014 წლის ბრძანებასთან შედარებით თანხები აქაც საგრძნობლად არის გაზრდილი.

  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება – 62 000.00 ლარი 2014 წელს ეს მონაცემი 55000 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით განისაზღვრება – 58 000.00 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 52000 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 300-დან 530 მოსწავლემდე განისაზღვრება – 52000.00 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 47000 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 735 ჩათვლითაა – 43 000.00 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 40000 ლარი იყო.
  • საჯარო სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 736-დან 1268 მოსწავლემდე განისაზღვრება – 37 000.00 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 35000 ლარი იყო.
  • ხოლო საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269–ს – 28 000,00 ლარი; 2014 წელს ეს მონაცემი 25000ლარი იყო.

იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც განსაზღვრული დაფინანსების გარდა ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება – დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო.

დამატებით დაფინანსებას გამოყოფს თამარ სანიკიძის უწყება  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვისაც. დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით განისაზღვრება.

ა) 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვის − 4200 ლარი;

ბ) 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 8400 ლარი;

გ) 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 12600 ლარი;

დ) 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 16800 ლარი.

წელს განხორციელებული ცვლილებები კერძო სკოლების ვაუჩერის ოდენობას არ შეხებია. შესაბამისად, წელს 2014 წლის მსგავსად კერძო სკოლის ვაუჩერი მოსწავლეზე 300 ლარია.

რატომ მოქმედებს სკოლების დაფინანსების ერთი და იგივე სისტემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში?

ეკა არის© წივწივაძე

19 მაისს ილიაუნიში მწერალ დიბისი პიერთან შეხვედრა გაიმართება

$
0
0

19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით , გაიმართება შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან.

შეხვედრის მოდერატორი: რეჟისორი, მთარგმნელი გურამ ღონღაძე.

მწერლის შესახებ:

მწერალი, პროზაიკოსი, დიბისი პიერი, დაიბადა 1961 წელს ავსტრალიაში, თუმცა, მან, და მისმა ოჯახმა ცხოვრების დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარეს. ახალგაზრდული სკანდალებითა და თავისი მწერლობით თანაბრად ცნობილი დიბისი პიერი მწერლობამდე მხატვრობით იყო გატაცებული. მისი პირველი წიგნი – „ვერნონ გენიოს ლითლი“ – 2001 წელს გამოიცა და იმთავითვე უდიდესი აღიარება მოიპოვა. ეს იყო პირველი წიგნი, რომელსაც გადაეცა როგორც ბუკერის, ასევე უითბრედის პრემიები, გამოქვეყნდა 43 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). მას მოჰყვა კიდევ ორი რომანი „ლუდმილას დამტვრეული ინგლისური“ (2006) და „ჩამქრალი სინათლე საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), რითაც ერთგვარი კომიკური ტრილოგია დაასრულა. 2014 წელს მწერალმა მცირე რომანი – „საუზმე ბორჯიებთან“ – გამოაქვეყნა.

დიბისი პიერი ამჟამად ცხოვრობს ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინგლისური ენიდან.

დასწრება თავისუფალია.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

$
0
0

პროექტის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

სასწავლო სამმართველოს უფროსმა მარიამ დარბაიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების პირობებისა და არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ. იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს დღის განრიგი, დათხოვნისა და სტიპენდიის პირობები გააცნეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

გორის უნივერსიტეტს ხაშურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

$
0
0

პროფესიული ორიენტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 14 მაისს გორის უნივერსიტეტს ხაშურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტი და მოისმინეს პრეზენტაცია უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ცნობით, მათ გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩაერთნონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS -2016 მიმდინარეობს – როგორია მოლოდინები

$
0
0

საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS მიმდინარეობს. PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე. წინა კვლევების დროს, 2006 და 2011 წლებში, ქართველმა მოსწავლეებმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა. წელს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში 60-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მას ახალი კომპიუტერიზებული კომპონენტი ePIRLS – ის დაემატა.

როგორ მიმდინარეობს კვლევა საქართველოში, რამდენი სკოლაა ჩართული, რას ითვალისწინებს კვლევის ახალი კომპონენტი და როგორია მოლოდინები ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნათია ანდღულაძე ესაუბრა.

11173477_935581809796382_2064729508_n–ქალბატონო ნათია, როგორ შეირჩა სკოლები წიგნიერების საერთაშორისო კვლევისთვის?

–საქართველო  წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მესამედ ერთვება. კვლევაში მონაწილეობს 200 სკოლა, 7000-მდე მოსწავლე, 7000-მდე მშობელი, 200-ზე მეტი მასწავლებელი და 200 დირექტორი. ამ  ციკლში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით პირველად ჩაერთნენ აზერბაიჯანულენოვანი სკოლები (34 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ან სექტორი). სავალდებულო ტესტირება უკვე ჩატარდა. ახლა კომპიუტერებზე ტესტირება მიმდინარეობს. „სტატისტიკ კანადაა“ ასეთი ორგანიზაცია, რომელიც სკოლების შერჩევაზეა პასუხისმგებელი. ამ ორგანიზაციას ვაწოდებთ სკოლებზე ინფორმციას. ძირითადი სახელმძღვანელო კრიტერიუმებია: სკოლის ზომა, გეოგრაფიული მდებარეობა, სკოლის ტიპი, კერძოა თუ საჯარო. ამ მახასიათებლებით ირჩევა სკოლები. ამის შემდეგ სკოლაში შეგვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც კონსორციუმი გვაწოდებს და ეს პროგრამა ირჩევს, რომელმა კლასმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ კვლევაში. სისტემაში შეგვყავს ინფორმაცია რამდენი მოსწავლეა თითოეულ კლასში და თვითონ არჩევს სისტემა. თუ ერთი კლასია სკოლაში, მეტს ვერ შეარჩევს.

ეს არ არის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი. იმისთვის, რომ შედეგები რეპრეზენტატიული იყოს, სიზუსტე მაღალი იყოს, სტრატიფიცირება ჰქვია ამ პროცესს, ვარჩევთ ქალაქის და სოფლების სკოლების მიხედვით. იმ კრიტერიუმის მიხედვით, რაშიც ტრადიციულად განსხვავებებს ვხედავთ მოსწავლეებში.

–რა მეთოდებით ამოწმებთ მოსწავლეების წიგნიერებას და ვინ ადგენს ტექსტებს წაკითხულის გააზრებისთვის?

–ტექსტებს არჩევს რამდენიმე ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, რომლებთანაც მჭიდროდ მუშაობენ კითხვის ექსპერტები. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების საკითხებზე და ისინი არჩევენ ტექსტებს. ტექსტები ორი სახისაა: საინფორმაციო და მხატვრული. ბოსტონის კოლეჯი არის პასუხისმგებელი თარგმანის ვერიფიკაციაზე. ტექსტებს ყველა ქვეყნის ბავშვები ისე უნდა აღიქვამდნენ, როგორც ორიგინალშია. მაგალითად, სურათსა და ტექსტის ნაწილს შორის მანძილსაც კი ზომავენ.

13166074_997964913584915_5143412475126115086_n–რას ამოწმებს ახალი კომპიუტერიზებული კომპონენტი ePIRLS, რომელიც კვლევას წელს დაემატა?

–წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მნიშვნელოვანი სიახლე მისი ახალი კომპიუტერიზებული კომპონენტი ePIRLS – ის დამატებაა. ePIRLS -ი  ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის მიღებისა და მიღებული ინფორმაციის გააზრების შეფასებაა. სპეციალურად ამ შეფასებისთვის შექმნილი პროგრამა შეფასების პროცესში მოსწავლეს სიმულირებულ ინტერნეტ გარემოში მოაქცევს.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილე ყველა მოსაწვლე ePIRLS-ის კომპონენტშიც ჩაერთვება. ეს საშუალებას იძლევა შეფასდეს, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ მოსწავლეებს ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გამოყენება სწავლისა და განვითარებისათვის, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისაგან ინტერნეტსა თუ ტრადიციულ ფორმატში მოცემული ტექსტების კითხვის უნარების ფლობის მხრივ და სხვა.

ბავშვები სანამ კომპიუტერთან დასხდებიან, გადიან პატარა ინსტრუქტაჟს, პატარა ტექსტის მაგალითზე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა უპასუხონ კითხვებს. ზოგიერთი კითხვა ჩამოსაშლელია, ზოგს უნდა დააწკაპოს, ზოგიერთი როგორ აწიოს და ჩამოწიოს, რომ დაასრულებს ტექსტს და ა.შ. ამის შემდეგ თითოეული ბავშვი გადის 2 საინფორმაციო ტექსტს. სიმულირებული ინტერნეტ გარემოა. ამ კვლევის მიზანია ინტერნეტის მოხმარების დონის შესწავლა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლების კომპიუტერებით აღჭურვაზე დიდი რესურსები იხარჯება. ალბათ, საინტერესო იქნება ვიცოდეთ, ამას რაიმე ეფექტი აქვს თუ არა ჩვენს მოსწავლეებში.

–ვინ აფასებს კვლევის შედეგებს?

–აქ არის დახურული და ღია პასუხები. ღია პასუხებზე გავდივართ ინსტრუქტაჟს,  როგორ უნდა შევაფასოთ. რა შემთხვევაში რამდენი ქულა ეწერება ბავშვს. შემდეგ ვქირაობთ ჯგუფს, რომლებიც გადიან ტრენინგს და ამის შემდეგ ისინი აფასებენ მოსწავლეებს. ასევე მიმდინარეობს ორმაგი შეფასება.

–ანუ გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ კონკურსს აცხადებს, შეფასების ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის?

–ეს ჯგუფი უკვე შექმნილია. ესენი არიან ძირითადად ახალგაზრდები. მაგისტრანტები. კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები უფრო კარგი შემფასებლები არიან და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. იმიტომ, რომ უფრო ადვილად იღებენ იმ შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც გაწერილია და საკუთარ ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით არ აფასებენ მოსწავლეებს. შეფასებისთვის რამდენიმე ათეული გვერდისგან შემდგარი სპეციალური ინსტრუქციაა დაწერილი.

–წინა კვლევის შედეგები არც თუ ისე სახარბიელო იყო. წელს რა შედეგებს ელოდებით, როგორია თქვენი მოლოდინები?

–ძნელია, იმის თქმა, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა სიტუაცია. ტენდენცია მიდის გაუმჯობესებისკენ.  2006 წელთან შედარებით 2011 წელს გაუმჯობესება გვქონდა, მაგრამ ეს თუ არის შენარჩუნებული, ძნელი სათქმელია. ამ კვლევას იმიტომ ვაკეთებთ, რომ შედეგი ვნახოთ.

–წიგნიერების საერთო საშუალო მაჩვენებელი რა კომპონენტებით ითვლება?

13178752_997964436918296_4224341799681577595_n–ქვეკომპონენტები არსებობს. შეგვიძლია შევადაროთ მოსწავლეები იმის მიხედვით, რამდენად კარგად იგებენ საინფორმაციო ტექსტებს, მხატვრულ ტექსტებთან შედარებით. ჯობია, კითხვის დონეების მიხედვით განაწილებას დავაკვირდეთ, როცა ამ ანგარიშებს ვნახავთ. საერთო მაჩვენებელი არაფერს გვაძლევს. მაგალითად, მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ყველაზე მაღალ დონეზე. წინა კვლევის მიხედვით, 13 %-ია იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც კითხვის ყველაზე დაბალ დონესაც ვერ აღწევს. ეს უფრო საგულისხმო ინფორმაციაა, ვიდრე ის, რომ საშუალო მაჩვენებელზე რამდენი ქულით მეტი ან ნაკლები გვაქვს. ის უფრო მნიშვნელოვანია, რამდენ მოსწავლეს უჭირს კითხვა და ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შემცირებაზე უნდა ვიზრუნოთ.

გვაქვს მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის, დირექტორის კითხვარები. მოსწავლის ირგვლივ მაქსიმალურად ვცდილობთ, ინფორმაციის მიღებას. რა გავლენა  აქვს სასკოლო მზაობას, მშობლის განათლებას, გეოგრაფიულ მდებარეობას. სასკოლო ასაკს. 2011 წლის შედგები გვიჩვნებეს, რომ მოსწავლეები, რომლებიც 5 წლის ასაკში შევიდნენ სკოლაში, უფრო დაბალი, საშუალო შედეგები აქვთ  იმათთან შედარებით, ვინც 6 წლის შევიდა სკოლაში.

–სახელმწიფო რაში გამოიყენებს ამ კვლევებს?

–ასეთი კვლევები არის საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მექანიზმი. ჯერ-ჯერობით ამ კვლევებს იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითად, მსოფლიო ბანკი, იუესაიდი, იუნისეფი. ასეთი კვლევებით შეიძლება დადგინდეს, სკოლამდელ განათლებას აქვს თუ არა გავლენა მოსწავლეთა შედეგებზე. რა გავლენა აქვს მასწავლებელთა სერტიფიცირებას მოსწავლეთა შედეგებზე და ა.შ.

სახელმწიფო იმ სკოლებს უნდა დაეხმაროს, რომლებიც შედარებით მოწყვლად ჯგუფებს ემსახურებიან იმისთვის, რომ  განსხვავებები შემცირდეს.  მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მოსწავლეების სწავლის შედეგები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ასაკში შედიან ისინი სკოლაში, ეს არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

-როდისთვის იქნება კვლევის დეტალური ანგარიში?

-ივნისში გამოქვეყნდება საერთაშორისო ანგარიში. დაახლოებით, ივნისის ბოლოსკენ გვექნება ეროვნული აგარიში.

საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 51–ე ადგილზეა – უახლესი კვლევის შედეგები

საქართველო წიგნიერების მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა – რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი

რატომ არის წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალი?

ცისანა არის© შერგილაშვილი

მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა: გურამ ბერიშვილი

$
0
0

„მასწავლებელს გაზრდა სჭირდება. ჩვენთან კი კარგი მასწავლებლები არავის გაუზრდია. კარგი მასწავლებლები შემთხვევით, თავისთავად გამოდიოდნენ. მათთვის პედაგოგობა, სამწუხაროდ, არავის უსწავლებია“ – ასე ეხმაურება საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობრივ განაწილებას მათემატიკოსი, პედაგოგი, განათლების სფეროს სპეციალისტი გურამ ბერიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს 100 ათასი მასწავლებელი მაინც სჭირდება. ოღონდ მასწავლებელი და არა ამ საქმით დაკავებული პირი. მათ შორს განსხვავებას კი იგი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს.

ბერიშვილი სკოლაში სწავლების მეთოდს  იწუნებს და ამბობს, რომ იგი ნაკლებადაა ორიენტირებული ბავშვის აზროვნების განვითარებაზე, მოსწავლისაგან მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებას, მექანიკურ დაზეპირებას მოითხოვენ. ასე, მისი აზრით, მოაზროვნე თაობის გაზრდა შეუძლებელია.

გურამ ბერიშვილი: მთავარი ისაა თუ რა მიზანი აქვს სკოლებში პირველ 9 კლასს. ბევრი მასწავლებელი მოსწავლეს ტომარად წარმოიდგენს, რომელშიც ცოდნასა და ინფორმაციას ტენის. სინამდვილეში კი ეს ასე არ უნდა იყოს.

როგორც ვიცი, ლენინის იდეა იყო, რომ მოსწავლე ასე აღქმულიყო, რადგან თუ ასე მოიქცევი, მაშინ აზროვნების უნარი არ განვითარდება და სწორედ ეს იყო მაშინ საჭირო. თავად ლენინი ამბობდა, რომ თუ ხალხს აზროვნების უნარი ექნება და აზროვნებას დაიწყებს, სახელმწიფოს დავკარგავთო.

შესაბამისად, აზროვნების უნარი უნდა შეაფერხო და ეს დამახსოვრების დაძალებით უნდა გააკეთო. ანუ, მოსწავლე ტომარად უნდა წარმოიდგინო და შენთვის საურველი ინფორმაცია ჩატენო.

სწავლების ეს მეთოდოლოგია დღემდე დარჩა. ყველაზე მარტივი, ცხადია მათემატიკის ჩატენაა. სხვა ინფორმაცია უფრო დაკვირვებას, გაგებას მოითხოვს. მათემატიკაზე კი მოსწავლეს ეუბნები ფორმულებს და აიძულებ დაიმახსოვროს. ის იმახსოვრებს და ყველაფერი მარტივადაა.

ქართველებში მათემატიკის პოპულარობა და ამ პროფესიით მაღალი დიანტერესება იმის მანიშნებლად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აზროვნების ფართო სპექტრი, ფანტაზიის უნარი, ფართო თვალსაწიერი  ნაკლებად გვაქვს?

-გ.:  მთლად მასეც ვერ ვიტყოდი. 1962 წლიდან მეც სკოლაში ვმუშაობდი და უნივერსიტეტის პარალელურად სკოლის მასწავლებლობით ვიყავი დაკავებული. ყოველთვის ვცილობდი დამახსოვრება ბავშვებისაგან არ მომეთხოვა. მთავარია გაეგოთ. კომუნისტური სკოლის მასწავლებელი კი გაგებას არ მოითხოვდა, მხოლოდ ცოდნას.

მათემატიკას სერიოზულად სკოლაში ვერ ასწავლი, რადგან ამ საგნის გაგებას თავიდანვე განვითარებული აზროვნება სჭირდება. პატარა ბავშვს კი ეს არ აქვს.

სინამდვილეში, სკოლებში მათემატიკისა და ქართული ენის სწავლებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. უკეთ რომ ვთქვათ, მეტყველების უნარის, ანუ  საკუთარი აზრების წერილობით ან ზეპირად გადმოცემასა და აზროვნების უნარის განვითარებას.

აზროვნების უნარის განსავითარებლად კი ყველაზე კარგი მასალა მათემატიკური მასალაა. ეს ორი საგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორი საგნის მაგივრად კი იგივე სახელებით სულ სხვა რამეს ასწავლიან – ლექსებს, ვინ რა დაწერა და ფორმულებს. ამითაა შეცვლილი მეტყველებისა და აზროვნების განვითარების სწავლება.  სამწუხაროდ, დღევანდელი სკოლა ესაა.

საქართველოში დღეს ყველაზე მეტი მასწავლებელი მათემატიკის გვყავს, როგორ ფიქრობთმათემატიკის ამდენი პედაგოგის არსებობა საჭიროა? სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივა თუ აქვთ?

-გ.: ზოგადად, მასწავლებლები საჭიროა.  ჩვენ მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა. შეიძლება მაქსიმუმ 1 000 კაცი იყოს. არადა 100 ათასი გვჭირდება.

რა იწვევს ამას? უნივერსიტეტი ახალგაზრდებს დოგმატირებული აზროვნებით ზრდის?

-გ.:  ბევრი რამ. მასწავლებელს გაზრდა სჭირდება. თითქოს ადრე იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, მაგრამ კომუნისტური საზოგადოებისათვის საჭირო მასწავლებლებს ზრდიდნენ. კარგი მასწავლებლები არავის გაუზრდია. კარგი მასწავლებლები შემთხვევით, თავისთავად გამოდიოდნენ. ჩვენი კარგი მასწავლებლები ყველა თვითგანვითარებადები არიან. მათთვის პედაგოგობა, სამწუხაროდ, არავის უსწავლებია.

არადა, მასწავლებლების აღზრდა საჭიროა. თითქოს დაიწყეს, მაგრამ გააჩნია როგორი იქნება ის. თუ საქმე ნორმალურად წავიდა, შეიძლება  40-50 წლის შემდეგ გვეშველოს.

პედაგოგების სასერიფიკაციო გამოცდები მხოლოდ იმას აჩვენებს თუ როგორ იცის პედაგოგმა საგანი თუ იმასაც, თუ როგორ აზროვნებს იგი?

-გ.: ეს გამოცდები არაფერს არ აჩვენებს. მხოლოდ საგნის ცოდნას. საგნის ცოდნა პედაგოგისათვის არც ისეთი დიდი მნიშვნელობისაა.

ამაში ალბათ ახლა ბევრი შეგეავებოდათ

-გ.:  ბუნებრივია, საგანში რაღაც უნდა იცოდე, მაგრამ გაცილებით უფრო მნივნელოვანია თუ რას აკეთებ. მთავარი ისაა, რომ მასწავლებელმა მოსწავლე უნდა დააფიქროს, გააგებინოს. ეს რამენაირად უნდა მოახერხოს.

ჩემი პედაგოგობისას როცა მოსწავლე  რამეს მკითხავდა, სულ ვუსვამდი კითხვას – რატომ? ამის შემდეგ უკვე ის თავად ეძებდა პასუხებს.

მოკლედ, სწავლის მეთოდოლოგია სხვადასხვანაირია. მთავარია თუ რა არის მიზანი – ის, რომ მოსწავლემ რაღაც გაიგოს, მიხვდეს, თავად მოიფიქროს, თუ ის,  რომ მან უბრალოდ რაღაც დაიმახსოვროს.

გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე რას ფიქრობთ?

-გ.: 1-დან მე-7 კლასამდე მათემატიკის სახელმძღვანელო მე თავად დავწერე, მაგრამ იგი შაშკინმა აკრძალა. სხვა სახელმძღვანელოებზე არაფერს ვიტყვი. რაკი სახელმძღვანელო დავწერე, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე საუკეთესოდ მიმაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ დავწერდი, თუკი ჩემთვის მოსაწონი წიგნი უკვე არსებობს?

„სკოლაში მათემატიკის სწავლება გადასახედია, გრიფირებული წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“

როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით

თაკო არის© მათეშვილი


გამოსაშვები გამოცდები – ხშირად დასმული კითხვები და ტესტური დავალებების ნიმუშები

$
0
0

გთავაზობთ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს, ასევე ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელიც გასულ წლებში იქნა გამოყენებული:

— როგორ მუშაობს CAT-ის პროგრამა?

— წარმოვიდგინოთ მოსწავლე, რომელიც იწყებს გამოცდის ჩაბარებას. რადგან თავიდან
პროგრამას არა აქვს ინფორმაცია მოსწავლის შესაძლებლობის შესახებ, ამ მოსწავლეს
ჯერ მისდის სამი შემთხვევით შერჩეული საშუალო სირთულის დავალება. ამ
დავალებებზე პასუხების მიხედვით, პროგრამა აკეთებს მოსწავლის უნარის პირველად
შეფასებას და შემდეგ დავალებას არჩევს ამ შეფასების მიხედვით. ყოველი შემდგომი
პასუხისას ხდება მოსწავლის უნარის შეფასების დაზუსტება და მომდევნო დავალება
შეირჩევა უკვე დაზუსტებული შეფასების მიხედვით. ასე გრძელდება, სანამ შეფასება
არ გახდება საკმარისად ზუსტი შეკითხვების მაქსიმალური რაოდენობის (40-50
დავალება) ამოწურვამდე.

— უფრო ზუსტად რა იგულისხმება „მოსწავლის უნარის შეფასებაში“. როგორ ხდება
მოსწავლის უნარის შეფასება?

— მოსწავლის უნარის, გნებავთ შესაძლებლობის, შეფასება ხდება აპრობირებული
მეთოდის, ე.წ. „ტესტურ დავალებათა თეორიის“ (ინგლისურად – Item Response Theory,
შემოკლებით IRT) გამოყენებით. უხეშად რომ ვთქვათ, IRT თეორიის შესაფერისი
ალბათური მოდელის მიხედვით გამოითვლება, თუ რა უნარი უნდა ჰქონოდა
მოსწავლეს, რომ მოცემულ კითხვებზე ზუსტად მოცემული პასუხების გაცემა ყველაზე
მოსალოდნელი ყოფილიყო.

მეტი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

— რას ნიშნავს ”დავალებას არჩევს შეფასების მიხედვით” და მართალია თუ არა რომ
ყოველი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოსწავლეს მიუვა წინანდელზე უფრო
რთული დავალება?

— CAT-ის პროგრამის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველ ეტაპზე მოსწავლეს შეურჩიოს
ისეთი დავალება, რომელზე პასუხიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოგვცემს მისი
უნარის შესახებ. ამ „მაქსიმალურად ინფორმატიული“ დავალების შერჩევისას
პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორის მოსწავლის უნარის
მიმდინარე შეფასებას, დავალების სირთულეს და დავალების დისკრიმინაციას.
დისკრიმინაციის პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ასხვავებს დავალება
მიმდინარე შეფასებაზე მაღალი და მასზე დაბალი უნარის მქონე მოსწავლეებს
ერთმანეთისგან. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მოსწავლეს უმჯობესია მიეცეს ისეთი
დავალება, რომელიც მიმდინარე შეფასებასთან შედარებით უფრო რთული ან უფრო
მარტივია, მაგრამ მაღალი დისკრიმინაციიდან გამომდინარე შეფასებას მისი
შესაბამისი სირთულის დავალებებზე უკეთესად აზუსტებს. ამიტომ, შეიძლება
მოსწავლეს სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში უფრო რთული დავალება არ
მიუვიდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება და საზოგადოდ, შეფასების
ზრდასთან ერთად მიღებული დავალებების სირთულის ზრდის ტენდენცია
ნარჩუნდება.

— ანუ, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლის მიმდინარე შეფასება გაიზრდება.
შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, თუ რამდენად გაიზრდება ეს შეფასება?

— ყოველი სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლის შეფასება იზრდება და პირიქით, მისი
შეფასება მცირდება თუ დავალებაზე პასუხი არასწორი აღმოჩნდება (როგორი
სირთულისაც არ უნდა იყოს შესრულებული დავალება). თუმცა შეუძლებელია იმის
თქმა, თუ რამდენად გაიზრდება (თუ შემცირდება) შეფასება, რადგან ეს
დამოკიდებულია დავალების პარამეტრებზე (მის სირთულეზე და დისკრიმინაციაზე)
და იმაზეც, თუ როდის სრულდება ეს დავალება. მაგალითად, თუ მოსწავლე
დავალებას ასრულებს ტესტირების საწყის ეტაპზე, შეფასების ცვლილება იქნება უფრო
დიდი, ვიდრე ტესტირების უფრო გვიან ეტაპზე, რადგან ყოველი პასუხის შემდეგ
შეფასება უფრო მეტად ზუსტდება.

— მოსწავლის უნარი რა სკალაზე იზომება?

— პროგრამის „სამუშაო სკალა“ არის -10-დან 10-მდე. როდესაც პროგრამა დაასრულებს
მუშაობას და მოსწავლის საბოლოო შეფასება ცნობილი გახდება, ეს უნარი გადაისახება
სკოლისათვის უფრო ბუნებრივ სკალაზე 5-დან 10-მდე.

— როგორ ხდება ამ დროს ჩაჭრის ზღვრის განსაზღვრა?

— ჩაჭრის ზღვარი წინასწარ დგინდება კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით.
ტარდება ცდები, თუ რა შედეგს მიიღებდა მოსწავლე, რომელიც სრულიად
შემთხვევით სცემს პასუხებს დავალებებზე. ბევრი ასეთი (2000 ან მეტი) ცდის
ჩატარების შემდეგ დგინდება ისეთი სიდიდე, რომელსაც „შემთხვევითად მოპასუხე“
მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა (მაგალითად 95%) ვერ გადალახავდა. სწორედ ეს
სიდიდე იგივდება 5.5-ქულასთან და ხდება ჩაჭრის ზღვარი.

— ანუ, თუ შემთხვევით ვცემ პასუხებს დავალებებზე, დიდი ალბათობით ზღვარს ვერ
გადავლახავ?

— თუ ძალიან არ გაგიმართლათ, ვერ გადალახავთ.

— შეგვიძლია ვთქვათ დაახლოებით რამდენ დავალებაზე უნდა გასცეს სწორი პასუხი
მოსწავლემ, ზღვარი რომ გადალახოს?

— ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ (ანუ, როგორი სირთულის და
დისკრიმინაციის) დავალებებს შეასრულებს მოსწავლე სწორად და რომელ
დავალებებს უპასუხებს არასწორად – საბოლოო შეფასება დამოკიდებულია არა
მხოლოდ სწორი პასუხების რაოდენობაზე, არამედ იმ შეკითხვების სირთულისა და
დისკრიმინაციის ხარისხზე, რომლებიც მოსწავლეს მიუვიდა. თუმცა შეიძლება
ითქვას, რომ საშუალოდ 40-დან 15-16 დავალებაზე სწორი პასუხის გაცემა საკმარისი
იქნება ზღვრის გადასალახად. პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტ
შეცდომას უშვებს მოსწავლე, მით უფრო მარტივი დავალებები მისდის. შესაბამისად,
თუ მან კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე დაბალი ქულა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ იმ
დავალებების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მას მიუვიდა, იყო ყველაზე მარტივი
დავალებები, რაც კი დავალებების ბაზაში მოიპოვება, და მან ამ დავალებების დიდი
უმრავლესობა (ორი მესამედი ან მეტი) ვერ გააკეთა.

— ზედა ზღვრის დადგენა როგორღა ხდება? რა უნარი შეესაბამება 10ქულას?

— ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ სიმულაციებს, თუმცა კრიტერიუმი აქ
ცოტა სხვაგვარია. კვლავ ტარდება ბევრი ცდა (2000 ან მეტი), თუ როგორ გაივლიდნენ
ტესტს მაღალი უნარის მქონე მოსწავლეები.

— მაღალი უნარის მქონე მოსწავლის კომპიუტერული მოდელიც არსებობს?

— გარკვეული აზრით, დიახ, არსებობს. ჩვენს შემთხვევაში ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ
სიმულაციის დროს ტესტურ დავალებას მაღალი ალბათობით გაეცემა სწორი პასუხი.
თუ ეს დავალება მარტივია, სწორი პასუხის მიღების შანსი თითქმის 100%-ია, ხოლო
თუ დავალება რთულია, სწორი პასუხის მიღების ალბათობა მცირდება, ვთქვათ,
შეიძლება იყოს 90%. როდესაც ასეთი პრინციპით ბევრ სიმულაციას ვატარებთ,
საშუალო შედეგი საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის რეალურ სურათზე.

— ამ სიმულაციების შედეგად ტესტში მიღებულ 10 ქულას რა უნარი შეესაბამება?

— 10 ქულის შესაბამისად, უხეშად რომ ვთქვათ, ითვლება ისეთი უნარი, რომლის
დროსაც, საშუალოდ, 40-დან 36 პასუხი მაინც არის სწორი.

— ანუ 4 შეცდომის შემთხვევაშიც კი, წესით, 10 ქულა უნდა დაიწეროს?

— ეს მხოლოდ საშუალოდ არის ასე. შეიძლება მოსწავლემ 5 ან 6 შეცდომაც დაუშვას და
მაინც 10 ქულა მიიღოს და შეიძლება დაუშვას მხოლოდ 3 შეცდომა და ვერ მიიღოს 10
ქულა. ეს ისევ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და რომელ (ანუ, როგორი
სირთულის და დისკრიმინაციის) დავალებებს ვერ გასცემს სწორ პასუხს და რომელ
დავალებებს შეასრულებს სწორად.

— თუ ათი შეცდომა დავუშვი, მაშინ რა ქულას მივიღებ?

— ამის წინასწარ ზუსტად თქმა შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ
რომელ დავალებებზე გაეცით პასუხი სწორად და რომლებზე – შეცდომით. ასეთი
მოსწავლეების (მათ ვინც ზუსტად 10 შეცდომა დაუშვეს) ქულების დიაპაზონი
საკმაოდ დიდია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ საშუალოდ რამდენ ქულას
მიიღებენ ეს მოსწავლეები და დიდი ალბათობით რა ინტერვალში მოხვდება მათი
ქულები. მაგალითად, წელს მათემატიკის გამოცდაში, ვინც 10 შეცდომა დაუშვა,
საშუალოდ 8.1 ქულა მიიღეს, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც 8.5 ქულა
მიიღო და ისეთებიც, ვინც მიიღო მხოლოდ 7.8 ქულა.

— გასაგებია, მაგრამ კონკრეტული ქულა, ვთქვათ 8.3 ისტორიაში, როგორ უნდა
გავიგოთ? რამეს გვეუბნება ეს ქულა მოსწავლის მოსწრების შესახებ?

— რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ქულა გვეუბნება, რომ ამ მოსწავლის კომპეტენცია
ისტორიაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მინიმუმს ბევრად აღემატება.
CAT-ის გამოცდის მთავარი ფუნქციაც სწორედ ეს არის. გარდა ამისა, შედარებისათვის
შეიძლება ამ ქულის ნახვა პროცენტილების ცხრილში, საიდანაც გამოჩნდება, თუ
მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენ პროცენტს აქვს ამ ქულაზე ნაკლები ქულა
და რამდენს – ამ ქულაზე მეტი. ეს საშუალებას გაძლევთ თქვენი ცოდნა არსებულ
საერთო სკალაზე მოათავსოთ. მაგალითად, წელს ისტორიის გამოცდაში 8.3 ქულით
მოსწავლეების 97%-ს აჯობებდით, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. თუმცა, ისტორიის
მთელი სასკოლო პროგრამის ფონზე, თქვენი ცოდნა უფრო „კარგი“ იქნებოდა, ვიდრე „ფრიადი“.

იხილეთ ტესტური დავალებების ნიმუშები წლების მიხედვით

2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით

2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები – ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით

2013-2014 წლის საატესტატო გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)

2011 წლის საატესტატო გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

როდის მთავრდება სწავლა საჯარო სკოლებში – ვადები კლასების მიხედვით (2016)

$
0
0

2015–2016 სასწავლო წლისთვის სწავლა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ერთსა და იმავე დროს დასრულდება.

კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განსაზღვრულია, რომ 1–ლი და მე-12 კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეები – 10 ივნისს. 

21 მაისიდან სკოლის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებენ.

2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი – მე–12 კლასი

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2015–16 სასწავლო წელი

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს

$
0
0

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს. 15 სამხედრო მოსამსახურეს სხვადასხვა ქვედანაყოფიდან, მათ შორის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს DELF (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ გადასცა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამხედროებს წარმატებები უსურვა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ ფრანგ დიპლომატს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საფრანგეთის მხრიდან სამხედრო განათლების სფეროში გაწეულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი დაესწრნენ.

ქართველმა ჯარისკაცებმა ფრანგული ენის ინტენსიური კურსი გასულ წელს გაიარეს.

20 მაისს ილიაუნიში ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია გაიმართება

$
0
0

20 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური და თავისუფლების პრობლემა“.

როგორც ილიაუნის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, „ალუდა ქეთელაურის“ კლასიკურ ინტერპრეტაციაში, როგორც წესი, მოცემულია დაპირისპირება თემსა და ადამიანს, ანუ საზოგადოებასა და ინდივიდს შორის. ამ შემთხვევაში, საზოგადოება წარმოადგენს ადამიანისათვის გარეგნულ ფაქტორს, რომელიც ცდილობს, საკუთარ წესებს დაუქვემდებაროს ინდივიდის პიროვნული თავისუფლება. ლევან ღამბაშიძე ჰაიდეგერის „დახმარებით“ შეეცდება, აუდიტორიას ადამიანის შინაგანი სტრუქტურიდან დაანახოს თავისუფლების პრობლემა და მისი კავშირი „შინაგან საზოგადოებასთან“. ლექციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი „ალუდა ქეთელაური”.

მომხსენებლის შესახებ:

ლევან ღამბაშიძემ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, 2007-2009 წლებში კი გაიარა ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ფილოსოფიაში. სწავლობდა ლუქსემბურგში, პრაღასა და ბოხუმში. კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად ასწავლის ისტორიას ამერიკულ აკადემიაში.

დასწრება თავისუფალია.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის რიგით მეხუთე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

$
0
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის რიგით მეხუთე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. თინათინ ხიდაშელმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და დიპლომები გადასცა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და ODC-ის უფროსის მოადგილე, მაიორი ვეინ დალი.

„ეს არის ყველაზე მაღალი კურსი საქართველოში არსებულ სამხედრო განათლების სისტემაში. მაღალი რანგის სასწავლებელია და, შესაბამისად, მაღალი რანგის ოფიცრები ამთავრებენ მას. ჩვენს ქვეყანას დასავლეთის ანალოგიურ სკოლებთან ურთიერთობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. აკადემიის ეს კურსიც მთლიანად აწყობილია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით და მათზე დაყრდნობით. წარმატებებს ვუსურვებ ოფიცრებს, ბევრი მათგანი უკვე სამეთაურო თანამდებობაზეა და ეს გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დაეხმარება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. წელს სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსი წარმატებით 32-მა მსმენელმა დაასრულა. მათ შორის 31 ოფიცერია, ერთი – სამოქალაქო პირი. კურსი ასევე გაიარა ორმა სერჟანტმა.
სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს ამერიკელთა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. სკოლა უზრუნველყოფს პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. არსებული სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება და განავითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე.

გორის უნივერსიტეტში ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის და ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე საჯარო ლექცია გაიმართა

$
0
0

17 მაისს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

სტუმრებმა ჩაატარეს საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე.

მომხსენებლებმა ისაუბრეს  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ ძალადობის სოციალური შედეგები, სოციალურ მუშაკთა როლი, სახელმწიფოს პასუხი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, მსხვერპლი ქალების ტრანსფორმაცია თავშესაფარში მოხვედრიდან – ფანჯარა ახალ ცხოვრებაში.

დასასრულს უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

19 მაისს აწსუ-ში მხატვარ ჰენრი მაჭავარიანის საჯარო ლექცია გაიმართება

$
0
0

19 მაისს, 12:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ჰენრი მაჭავარიანი ჩაატარებს საჯარო ლექციას.

მომხსენებელი გამართავს მასტერკლასს როგორც აწსუ-ის სტუდენტების, ისე დაინტერესებულ პირთათვის.

ღონისძიება ტარდება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ქარავან არტ ფორუმი – 2016-ის’’ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ქ. ქუთაისში, 17 – 20 მაისს.


გორის უნივერსიტეტს ჟურნალ ,,ცისკარის” სარედაქციო კოლეგია ესტუმრა

$
0
0

17 მაისს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა ჟურნალ „ცისკარის“ სარედაქციო კოლეგია: ჟურნალის რედაქტორი ბატონი ამირან გომართელი,პოეტი ანდრო ბუაჩიძე,პოეტი ბაღათურ არაბული, პოეტი, თამარ გელიტაშვილი-ლაფაური.

სტუმრები მიიღო გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდა სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, ქალაქის წარმოადგენლებთან.

სტუმრებს მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, პროფესორი მარინე ცერცვაძე, პროფესორი ნარიკა შერაზადიშვილი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნელი ბაბუციძე, მწერალი ვანო ჩხიკვაძე, გორის საკრებულოს წევრი პაპუნა კობერიძე.

სტუმრებმა ისაუბრეს ჟურნალ „ცისკრის“ წარსულსა და დრევანდელობაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.შეხვედრა მიმდინარეობდა თბილ და უშუალო გარემოში და დასრულდა კითხვა-პასუხით.

კსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

$
0
0

17 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სლოგანით – „გაიღე სისხლი სოცოცხლის გადასარჩენად“ – სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.

კსუ-ს ცნობით, პროექტის მიზანია აქციაში მონაწილე დონორების სკრინინგი შემდეგ ინფექციებზე: HCV (C – ჰეპატიტი), HIV (შიდსი), HBsAg (B – ჰეპატიტი), RPR (სიფილისი), დონაციის პოპულარიზაცია, უანგარო დონორების გამრავლება და მეტი გადარჩენილი პაციენტი.

ათასობით პაციენტის გადასარჩენად აქციაში უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთობლივად ჩაერთვნენ.

სისხლის ბანკი საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა და მოზარდთა საავადმყოფოებს ამარაგებს.

აღნიშნულ დონაციას შპს „ნაციონალური სისხლის ბანკის“ გამოცდილმა თანამშრომლებმა უხელმძღვანელეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკვე მეოთხედ გაიმართა.

როგორ გამოვასწოროთ დაგეგმვის საშუალებით მოსწავლის მიერ ამბის თხრობით გადმოცემის პრობლემა

$
0
0

რატომ უჭირთ ბავშვებს ამბის თხრობით გადმოცემა? მიზეზი –  დაგეგმვის სირთულე

ამ დროს ბავშვი აზრობრივად ვერ აკავშირებს წინადადებებს ერთმანეთთან. თითქოს საუბრობს გამართული წინადადებებით, თუმცა მონათხრობი არათანმიმდევრულია. ხან ამბის დასაწყისს ჰყვება, ხანაც ბოლოს. წინადადებებს შორის ხშირია პაუზები. მიმანიშნებელი კითხვების დასმის გარეშე, რთულია გაიგო რა ამბავს გადმოსცემს ბავშვი.

გადაჭრის გზა –  მოქმედებების დროში თანმიმდევრულად დაგეგმვის უნარის განვითარება.

სავარჯიშოები

ა)  თამაში „დღის განრიგი“

საღამოს, სხდებით თქვენ და ბავშვი და იწყებთ დღის განმავლობაში ბავშვის მიერ განხორციელებული აქტივობების თანმიმდევრულად გახსენებას/ჩაწერას.

  1. გავიღვიძე
  2. გავიხეხე კბილები

. . . . .

  1. მოვამზადე საშინაო დავალება

მას შემდეგ რაც ბავშვი დამოუკიდებლად კარგად ახერხებს განვლილი დღის თანმიმდევრულად გახსენებას, გადავდივართ დღის დაგეგმვაზე. უკვე დილით, სხდებით თქვენ და ბავშვი და იწყებთ დღის დაგეგმვას/ჩაწერას. რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე აღარ იწერთ. ბავშვი ჩანიშნვების გარეშე გეგმავს დღეს და ალაებს განსახორციელებულ აქტივობებს დროში თანმიმდევრულად.

1ბ) თამაში „სიუჟეტური სურათების მიხედვით თხრობა“

GOOGLE-ს საძიებო სისტემაში ვწერთ “picture sequencing” და ყურადღებით ვათვალიერებთ გამოტანილ გვერდს. აქ მოცემულია სიუჟეტური სურათები, რომელთა თანმიმდევრობით დალაგების შემთხვევაში, ვიღებთ დასრულებულ ისტორიას. თავიდან ვიწყებთ 3-4 სურათიანი სიუჟეტით. ეტაპობრივად გადავდივართ უფრო რთულ სიუჟეტებზე, რომელიც შედგება 6-8 სურათისგან.

ამოვბეჭდავთ ფერადი პრინტერით. ვჭრით სურათებს სათითაოდ. შემდეგ ვაწოდებთ ბავშვს და ვთხოვთ დაალაგოს ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს დასრულებული ამბავი.

თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ალაგებს სწორად, ვეხმარებით. შემდეგ ვუყვებით ამბავს . ბავშვი გვისმენს. შემდეგ თავად ყვება. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ მოყოლას, თქვენ უსვამთ მიმანიშნებელ კითხვებს და ის პასუხობს.

Untitled2

ამ სიუჟეტის შინაარსი შემდეგნაირად შეიძლება გავაცნოთ ბავშვს :

ერთხელ, დედიკომ და ბავშვებმა ნამცხვრების გამოცხობა გადაწყვიტეს. დედიკომ ცომი მოზილა. ლაშამ ცომი გააბრტყელა. თეკლემ კი გულის ფორმის ნამცხვრები გამოჭრა. შემდეგ დედიკომ ნამცხვრები ღუმელში შედო და გამოაცხო. ნამცხვრები თეფშზე დაალაგა და ახლა გემრიელად მიირთმევენ.

მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებში – სავარჯიშოები მშობლებსა და პედაგოგებს

მოამზადა მარი არევაძემ

გამოყენებული ლიტერატურა: გაგოშიძე “ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები“2007 წ.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გარემოს დაცვის შესახებ ნატო სულთანიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

$
0
0

18 მაისს, სსიპ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი და ბიოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნატო სულთანიშვილი აკადემიის საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერებს შეხვდა.

ქალბატონმა ნატომ იუნკერებს ლექცია წაუკითხა გარემოს დაცვასა და გამწვანებაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და არსებული საფრთხეების შესახებ.

ლექციის მეორე ნახევარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ქალბატონმა ნატომ ამომწურავი პასუხები გასცა მომავალი ოფიცრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა რეგიონული საგამოფენო ტურნე დაიწყო

$
0
0

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა რეგიონული საგამოფენო ტურნე დაიწყო. EEU-მ წყალტუბოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისათვის შოუ-რუმი და პრეზენტაცია გამართა.

დაინტერესებულმა პირებმა უნივერსიტეტის, არსებული საბაკალავრო პროგრამებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს სამართლის, ინგლისური ფილოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამებზე, რელურად გამოყენებადი, ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას და სწავლის საფასურის გადახდის მოქნილ, სტუდენტზე მორგებულ სისტემას სთავაზობს.

წყალტუბოში გამართულ შოუ-რუმში, აბიტურიენტებს წითელ ხალიჩასთან ცნობილი “კინოგმირები” მასპინძლობდნენ. მოსწავლეებმა სამახსოვრო საჩუქრის სახით საკუთარი კარიკატურები მიიღეს. გამოფენაზე მსურველებს სახისა და ხელების მოხატვის შესაძლებლობაც ქონდათ.

ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და პრორექტორები თეა იმედაძე და რუსუდან ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

Viewing all 14575 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>