„ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას“, – საქართველოს სახელმწიფო აუდიტის მიერ დადებულ ასეთ დასკვნას არც ერთი სიტყვით არ გამოხმაურებია დღეს პარლამენტში მისული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გასული წლის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
მაღლაფერიძემ თქვა, რომ 2021 წლის სეზონის პროგრამული გადანაწილების მაჩვენებლის მიხედვით, გასულ წელს, ყველაზე მეტი დრო საეთერო ბადეში (32%), დაეთმო შემეცნება-განათლების მიმართულებას და დაიხარჯა 4 მილიონ ლარამდე.
“2021 წელს, პირველი არხი საგანმანათლებლო მიმართულებით 20-მდე გადაცემას აწარმოებდა. ასევე ინტეგრირებულად აშუქებდა ამ მიმართულების ყველა აქტუალურ საკითხს და მათი რიცხვი გასულ წელს 8 000 ერთეული თემა იყო”, – თქვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ.
თავად ტელესკოლის შესახებ ვასილ მაღლაფერიძეს ფაქტობრივად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამად ტელესკოლა ყალიბდება როგორც დამოუკიდებელი არხი.
ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
ინფორმაცია განახლებადია.
ამავე თემაზე:
The post „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის ეთერში ყველაზე მეტი დრო შემეცნება-განათლებას დაეთმო და 4 მლნ ლარამდე დაიხარჯა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



