2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებს. გამოცდის პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.
EDU.ARIS.GE გამოცდების მიმდინარეობას თბილისთან ერთად, რეგიონებშიც აშუქებს და როგორც ჩვენი ჟურნალისტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლიდან გვატყობინებს, ადგილზე აბიტურიენტებს გულშემატკივრებთან ერთად, გამოცდის კურატორებიც ამხნევებენ, თავად მონაწილეების შემართება კი პოზიტიურია.
ჯაბა ბერიძე: საერთოდ არ ვნერვიულობ, ძალიან პოზიტიურ განწყობაზე ვარ და ვფიქრობ ყველაზე მაგარი და ძლიერი ვარ.
საბა ქათამაძე: ვნერვიულობ, კარგი შედეგის იმედი მაქვს. ეს გამოცდა არის ჩემი ცხოვრებისთვის მთავარი. ამის შემდეგ ვიწყებ ცხოვრებას. უმნიშვნელოვანესია, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მარი თავდგირიძე: მიმაჩნია, რომ დღეს საერთოდ არ ხდება ისეთი სანერვიულო რამ ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ გამოცდით ვამტკიცებ ჩემს ცოდნას. ჭორია, რომ წინა დღით ვერ იძინებ.
საგამოცდო ცენტრთან მყოფი კურატორები აპლიკანტებს ასე ამხნევებენ: “შემოდით ახლა, ჰე! თორემ მერე დაგაგვიანდებათ. მშობლებო გამოუშვით ბავშვები… ფერი არ გადევს, გაიღიმე და მოგეშვება”.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
The post „გაიღიმე და მოგეშვება“ – ვითარება ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც აბიტურიენტებს კურატორიც ამხნევებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.









