7 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს საგნობრივი კომპეტენციის დაძლევის მსურველი მასწავლებლები შეუერთდნენ. დღეს საგნის გამოცდებს აბარებენ როგორც მოქმედი და სხვა საგანში სერტიფიცირებული პედაგოგები, ისე მასწავლებლობის მსურველები.
ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისული პედაგოგები EDU.ARIS.GE-სთან განათლების სისტემისთვის მასწავლებელთა გამოცდის როლზე და მოლოდინებზე საუბრობენ.
„კარგი განწყობა მაქვს. ჩაბარებული მაქვს გეოგრაფია და ბუნებისმეტყველებას ვაბარებ. ვემზადებოდი. ჩაბარების შემთხვევაში ძალიან გამომადგება, რადგან მოქმედი პედაგოგი ვარ. გასულ წლებში ნაწილი აბარებდა, ნაწილი ვერა, მაგრამ იმედი მაქვს კარგი შედეგის“, – ამბობს ნანი ბათნიძე.
მოქმედი მასწავლებელი ხულოდან ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მასწავლებლებისთვის სისტემამ უკუღმა იმუშავა.
„მასწავლებელი გაანადგურეს ამ გამოცდით. რეფორმა საჭიროა, მაგრამ ამ სახით რეფორმა მიუღებელია. ადრე იყო გადამზადება ყველა სფეროში. ჩვენ პირიქით, დაგვამცირეს. ყველა სამინისტროს თავისი პატრონი გამოუჩნდა ჩვენს გარდა.
„თავად მასწავლებლებიც, ერთ გამოცდას ჩააბარებენ და რამდენიმე სკოლას მოედებიან. არც არაფერს ნიშნავს ეს გამოცდა და ამ დროს, სხვაგან, სხვა პედაგოგებს აკარგვინებენ საათებს“, – გვითხრა ნოდარ გორგაძემ, ღორჯომის საჯარო სკოლის პედაგოგმა.
ხულოს სკოლის პედაგოგი, მერი ბოლქვაძე, დაუსრულებელი გამოცდების წინააღმდეგია:
„მე, როგორც პედაგოგი ძალიან აგრესიულად ვარ განწყობილი მასწავლებლის გამოცდისადმი. სტუდენტობისას არცერთი სემინარი არ გამიცდენია, სახელმწიფომ მომცა აღიარებული დიპლომი და ნუთუ ეს არ იყო საკმარისი? ამ დროს და ენერგიას ვეღარ ვახმართ ბავშვებს, უნდა ვემზადებოდეთ გამოცდისთვის. გასულ წელს 80%-მა ქართულის გამოცდა ჩააგდო. თუ დაწყებითის გამოცდაა, მაშინ ის საკითხები მოგვცემ, რაც ჩვენ გვეხება, დაგვანებონ თავი! პრაქტიკოსებს სული ყელში ამოგვიყვანეს“.
ბათუმის საგამოცდო ცენტრში მისული მოქმედი მასწავლებლები იმაზეც საუბრობენ, რომ სისტემაში არიან სერტიფიცირებული მასწავლებლები, მაგრამ არიან არასერტიფიცირებულები, რომლებიც უკეთ ატარებენ გაკვეთილს. მიაჩნიათ, რომ ამდენი გამოცდით და საფეხურის მომატების სურვილით, პედაგოგს მოსწავლეზე ფიქრისთვის დრო არ რჩება.
დღეს გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ორ სესიად, შემდეგ საგნებში ჩატარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI); მუსიკა და სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური).
წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების ჩასაბარებლად სულ 35 000-მდე მსურველია დარეგისტრირებული.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
The post „მასწავლებელი გაანადგურეს ამ გამოცდით, დაგვამცირეს“ – ბათუმში საგნის გამოცდაზე მისული პედაგოგი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.








