2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენაში დღესაც ორ სესიად ტარდება. აბიტურიენტების რეგისტრაცია – 08:00, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო. ზაფხულის მიმდინარე გამოცდების ფონზე, დავინტერესდით, აბიტურიენტები ძირითადად რომელ ფაკულტეტებზე აბარებენ და რომელ პროფესიას ირჩევენ.
EDU.ARIS.GE-მ გამოცდაზე გამსვლელები 12 ივლისს, 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან გამოკითხა.
თავად აბიტურიენტებს თუ ვერწმუნებით, წელს ყველაზე მოთხოვნადი სამართლის ფაკულტეტია, თუმცა ჩვენ მიერ გამოკითხულ ახალგაზრდებში პროფესიის მრავალფეროვანი არჩევანია. გამოიკვეთა ისიც, რომ აბიტურიენტებს სწავლის გაგრძელება და დასაქმება სხვა ქვეყნებში სურთ.
„სამართალზე ვაბარებ. დასაქმების თვალსაზრისით, პერსპექტიული პროფესიაა და ბევრ სფეროში შეგიძლია საქმიანობა. დიდი კონკურენციაა, მაგრამ თუ მოინდომებ, კარგი იურისტი გამოხვალ”, – გვითხრა ანა იორდანიშვილმა.
აბიტურიენტი ლიკა სვანიძე საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე აბარებს, თუმცა თვლის, რომ ეს პროფესია საქართველოში პერსპექტიული არ არის და საზღვარგარეთ სურს ამ პროფესიით დასაქმება.
„საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს სწავლა. ამ პროფესიას საქართველოში დიდად პერსპექტიულად არ ვთვლი. მინდა, რომ საზღვარგარეთ წავიდე. საქართველოში დასაქმება შედარებით რთულია, ამიტომ წასვლაზე ვფიქრობ. რაც შეეხება სხვა პროფესიებს, ვფიქრობ, IT პროფესია წინ იწევს და დასაქმების მხრივ პერსპექტიულია”, – გვეუბნება ლიკა.
კიდევ ერთი აბიტურიენტი ჩვენთან თავის სასურველ პროფესიაზე საუბრობს და ისიც ამბობს, რომ საზღვარგარეთ ფიქრობს სწავლის გაგრძელებას.
„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ვაბარებ. ამ პროფესიას საქართველოში შეიძლება არ ჰქონდეს დიდი პერსპექტივა, მაგრამ უნივერსიტეტებს აქვთ გაცვლითი პროგრამები და შეიძლება, მეტი პერსექტივისთვის, საზღვარგარეთ ჩააბარო რომელიმე უნივერსიტეტში. ალბათ, ყველაზე მოთხოვნადი იურიდიული და სამედიცინოა. პერსპექტიულად შეიძლება ახალი პროფესია ჩაითვალოს, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამები. არის ბევრი პროფესია, რომელმაც ათ წელიწადში შეიძლება, ძველი პროფესიები ჩაანაცვლოს”, – გვითხრა ილია ვეკუამ.
ანი იურიძე ფსიქოლოგიურზე აბარებს: „ვფიქრობ, ფსიქოლოგია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა დღეს საქართველოში. თან ბავშვებთან ურთიერთობაც მომწონს და ეს მიმართულება გადავწყვიტე”.
ლილე დაშნიანი კი ყველაზე სასიამოვნო პროფესიად ქართულ ფილოლოგიას ასახელებს:
„ქართულ ფილოლოგიაზე ვაბარებ. ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და წარმოსადეგი პროფესიაა. აბიტურიენტები პროფესიებს ირჩევენ იმის მიხედვით, რამდენად ფასდება ის. თუ პროფესიონალი ხარ შენს საქმეში, შენთვის ყველა პროფესია წარმატებული იქნება”.
მარიამ იმერლიშვილმა, რომელსაც სამედიცინო ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, გვითხრა, რომ საბოლოოდ, არჩევანი სტომატოლოგიის მიმართულებაზე შეაჩერა: „სტომატოლიგიურზე ვაბარებ. სამედიცინოზე მინდოდა, მაგრამ ამას შედარებით მეტი წელი სჭირდება. მგონია, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია ჟურნალისტიკა, საერთაშორისო სამართალი და იურიდიულია”.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
ასევე იხილეთ:
მოამზადა თამარ შუკვანმა
The post რა პროფესიებს ირჩევენ 2022 წლის აბიტურიენტები – გამოკითხვა თბილისის საგამოცდო ცენტრიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





