უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამები დამტკიცდა – აღნიშნულის შესახებ ბრძანებებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 14 სექტემბერს მოაწერა ხელი.
2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის და ასევე მათთვის, ვისაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი, სახელმწიფო, მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში დააფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ასევე, დაფინანსება შეუძლია მოიპოვოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა, თუ იგი 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2022 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარს შეადგენს.
თუ გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ:
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
- იმ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და სოციალური პროგრამის ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.
14 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად, სტუდენტებმა განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამას, სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, თუ იგი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.
მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 45 000 ლარით არის განსაზღვრული. თუ აღნიშნული თანხა სრულად არ გაიცა, გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ მაგისტრანტებს:
- რომლებიც 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2021 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.
- 2022 – 2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს, რომლებმაც სოციალური პროგრამის ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.
მსურველებმა, ამ შემთხვევაში, განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მინისტრის ბრძანებებში:
სახელმწიფო სასწავლო გრანტი
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
The post 2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაცემი სასწავლო გრანტის მოცულობა ცნობილია – გნაცხადების მიღების ვადები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



