თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატთა განაცხადების შეტანის ვადა 13 ოქტომბერს, 18:00 საათზე ამოიწურა.
თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, რექტორის მივალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა, ჯაბა სამუშიამ შეიტანა.
„18:00 საათზე დასრულდა განაცხადების მიღების პროცესი. განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თსუ-ს პროფესორმა ჯაბა სამუშიამ. ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20 ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს. მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს რექტორის მოვალეობას. შემდეგ აკადემიური საბჭო გადაწყვეტს თარიღს, როდის ჩაინიშნება უშუალოდ რექტორის არჩევნები. მოხდება განაცხადების მიღება, კომისიის მხრიდან დასაშვებობის განსაზღვრა და შემდეგ სრულფასოვანი ვადით აირჩევა რექტორი. რაც შეეხება გია შარვაშიძეს, ის 15 ოქტომბრის ჩათვლით რჩება თანამდებობაზე“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა სამუშია ამჟამად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელია.
7 ოქტომბერს, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით – 2020 წელს აირჩა.
ასევე იხილეთ:
„მივმართე აკადემიურ საბჭოს გადადგომის თაობაზე“ – თსუ-ის რექტორი თანამდებობას ტოვებს
The post ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატია, რომელიც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსზე დარეგისტრირდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





