საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა და ის ხელმოწერით საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა.
14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ორ სხვადასხვა მუხლს დაემატა ორი პუნქტი.
კერძოდ, ცვლილება შეეხო განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას და გაიწერა, რომ სამინისტრო ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას.
ბრძანების თანახმად, მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად თუმცა კრიტერიუმები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის და EDU.ARIS.GE– ს ინფორმაციით, კრიტერიუმები ჯერ არ შემუშავებულა.
„იმ პირს, რომელმაც მოიპოვა ამ კანონის ახალი (26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ16“) ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება“, – წერია სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
ამავე თემაზე:
The post დამტკიცდა კანონი, რომლითაც გამოცდით არასერტიფიცირებულ პირებს სკოლაში სწავლების უფლება ექნებათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.






