საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების შუალედური გამოცდების მიმდინარეობა აქტიურ ფაზაშია და როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებს დილის საათებში დანიშნული გამოცდები არ მოსწონთ.
„როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია ზამთარში, დილის 09:00 საათზე გამოცდების დანიშვნა?“ – ეს კითხვა ერთ-ერთი უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა სხვა სტუდენტებს სოციალურ ქსელში გაუზიარა.
საკითხს სტუდენტების დიდი ნაწილი გამოეხმაურა. კომენტარებში ხაზი გაესვა სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების პრობლემებს, რომლებსაც გამოცდამდე 3-4 საათით ადრე გაღვიძება უწევთ იმისთვის, რომ გამოცდაზე არ დააგვიანონ.
EDU.ARIS.GE 15 ნოემბერს სტუდენტებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ თბილისში ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს, ვისაც დედაქალაქში, ლექციებსა თუ გამოცდებზე ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის რუსთავიდან და გორიდან უწევს. გარდა ამისა, თბილისის ზოგიერთი უბნიდან უნივერსიტეტებსა და საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა დიდ დროსთანაა დაკავშირებული და სტუდენტებს ამ გრაფიკზე მორგებაც უჭირთ.
როგორც ახალგაზრდები გვიყვებიან, მათ საშუალოდ საათნახევრიდან სამ საათამდე დრო სჭირდებათ, რომ უნივერსიტეტში დროულად მივიდნენ.
„სეზონიდან გამომდინარე, დილით ცივა და რთული პირობებია იმისთვის, რომ ადრე ადგე. თან იმ ფონზე, რომ სატრანსპორტო სისტემა არაა გამართული და საცობებია“, – გვითხრა ქალაქ რუსთავში მცხოვრებმა სტუდენტმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
სხვა სტუდენტების მხრიდან EDU.ARIS.GE – სთან ასეთი შეფასებებიც გაკეთდა: „ქალაქი 2-3 წელი გადაჩვეული იყო სტუდენტურ ცხოვრებას პანდემიის გამო და დღეს უკვე დიდ პრობლემად იქცა არა მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ ქალაქის მერიისთვისაც“… „10-მდე სტუდენტს მაინც ვიცნობ, რომლებსაც 3 საათი მაინც უნდათ, რომ საგამოცდო ცენტრში მოვიდნენ და 09:00 საათზე უკვე გამოცდა წერონ“.
სტუდენტებს ვკითხეთ, თუ როგორ უმკლავდებიან საგამოცდო გრაფიკთან დაკავშირებულ პრობლემებს. აგვიხსნეს, რომ მიმართავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დროის გადაწევასთან დაკავშირებით, თუმცა, თუ სტუდენტს ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნება, სხვა მიზეზი დროის ცვლილებისთვის არ განიხილება.
„ვფიქრობ, უფრო ჯანსაღი იქნება, სტუდენტებს არ უწევდეთ ყველა პრობლემის აფიშირება და განცხადებების წერა. ადმინისტრაციის მხრიდან უნდა იყოს ინტერესი, რომ შექმნან ისეთი გარემო, სადაც უპირველესი იქნება სტუდენტი“, – გვითხრა პოლიტოლოგიის მე-2 კურსის სტუდენტმა.
იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტის ადრე გაღვიძება შესაძლოა, უძილობასთან და მის უარყოფით შედეგებთან იყოს დაკავშირებული, დაგვაინტერესა მედიცინის სპეციალისტების აზრმაც.
დავუკავშირდით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს კოკა კაჭარავას (PhD დოქტორი ჯანდაცვის მიმართულებით), რომელმაც EDU.ARIS.GE -ს მკითხველისთვის ისაუბრა დილით ადრე ადგომის საჭიროებაზე, რათა ადამიანის ორგანიზმმა და ტვინმა სრულყოფილად ფუნქციონირება შეძლოს.
ჩვენი რესპონდენტი დილით ადგომაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ტრანსპორტის პრობლემა ნამდვილად არსებობს დედაქალაქში და შესაბამისად, ეს სტუდენტებსაც ეხებათ. პროფესორი თვლის, რომ როცა სტუდენტებს სხვა ქალაქიდან ან რეგიონიდან უწევთ სიარული, „აუცილებელია, ისინი გამართული ტრანსპორტით იყვნენ უზრუნველყოფილი“.
„ადამიანის ორგანიზმში დილით იწყება მთელი რიგი პროცესების ჩართვა, აქტიურდება ბიო-ქიმიური პროცესები. სტუდენტისთვის, ადრე ადგომა პირიქით, ძალიან კარგია. გონებრივადაც უფრო მობილიზებულია და მეტი მზაობა აქვს, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს. სეზონს არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ზამთარი, თუ ზაფხული, ადრე გაღვიძება მას ეხმარება, აქტიურად ჩაერთოს მთელი დღის პროცესში თვალით, ყურით, სმენით და გონებით. უბრალოდ, დატვირთვა უნდა იყოს შესაბამისი, რომ მისი გონებრივი დაღლა არ გამოიწვიოს“, – ამბობს კოკა კაჭარავა.
ასევე იხილეთ:
მოამზადა ლელა მახოხაშვილმა
The post სტუდენტების ნაწილი, სეზონის ცვლილებასთან ერთად, საგამოცდო გრაფიკის შეცვლის მომხრეა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


