„სამოქალაქო განათლების საგამოცდო საგნად არჩევისას ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი არა გამოცდაზე მოსალოდნელი შედეგი, არამედ ის ზოგადი განათლება იყო, რომელსაც საგნის სწავლის შედეგად ვიღებთ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან დათა ერაძე, 2023 წლის აბიტურიენტი თბილისიდან, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლება ჩააბარა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 45 000 აბიტურიენტიდან სამოქალაქო განათლებას წელს მხოლოდ 2 000-მდე გამოსაცდელი აბარებდა და არჩევითი საგნების სიაში სამოქალაქო განათლება ბოლოდან მესამე ადგილზეა.
EDU.ARIS.GE იმ აბიტურიენტს ესაუბრა, რომელსაც ბევრი ფიქრი არ დასჭირდა, რომელი არჩევითი საგანი შეერჩია სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად. დათა გადაწყვეტილებას ასე გვიხსნის: „ჩემთვის, მშობლიური ენის შემდეგ მთავარი საგამოცდო საგანი სამოქალაქო განათლებაა“.
ის გვიყვება, რატომ არის მისთვის პრიორიტეტული სწორედ სამოქალაქო განათლება და რატომ უნდა იყოს სხვა აბიტურიენტებისთვისაც იმავენაირად.
„სამოქალაქოს სწავლა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის უპირატესობაა, რადგან საგანი მოიცავს ისეთ საკითხებსა და კომპონენტებს, რომელთა სწავლა ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება. სამოქალაქო განათლების სწავლით ეუფლები ისეთ საკითხებს, რომელთა ცოდნა სამომავლო პროფესიისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, პირადად ჩემ შემთხვევაში, სახელმწიფო მართვის მიმართულებით ვაპირებ უმაღლესი განათლების მიღებას და ვიცი, სამომავლო პროფესიაშიც გამომადგება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ სამოქალაქო განათლების სწავლით იღებ ისეთ არამატერიალურ ცოდნას და ზოგად ინფორმაციას, რომელიც შენს პიროვნულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს, მაგალითად სწავლობ ტოლერანტობას, ხდები აქტიური და გამოიმუშავებ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭირო და აუცილებელია, რომ გქონდეს. სწავლობ კრიტიკული აზროვნებას, ლოგიკური მსჯელობას, აფასებ და აანალიზებ კონკრეტულ მოვლენებს“, – გვიხსნის აბიტურიენტი.
დათას აზრით, სამოქალაქო განათლების ჩაბარების ვალდებულება ყველა სასწავლო მიმართულების აბიტურიენტს არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს უნივერსიტეტების არჩევითი საგნების ჩამონათვალში.
„ვფიქრობ, სამოქალაქო განათლება ისეთი საგანია, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ სპეციალობებს და პროფესიებს სჭირდება, როგორც ძირითადი საგანი. ჩემი აზრით სამედიცინოზე ან ბიზნესზე ჩამბარებელმა სტუდენტმა ეს საგანი, რომ აირჩიოს არ სჭირდება, არც მათ ვინც გეოლოგის პროფესიას სურს დაეუფლოს, მაგრამ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე, ასევე ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე აუცილებლად უნდა იყოს უნივერსიტეტების ჩამონათვალში. შემდგომშიც თუ იქნება უნივერსიტეტში მისი სწავლა ნებისმიერი სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი ძალიან კარგი ბენეფიტი იქნება“- ამბობს აბიტურიენტი.
დათა ასევე გვიყვება, რატომ არის საჭირო, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სამოქალაქო განათლება სკოლებში სრულყოფილად ისწავლებოდეს.
„სამოქალაქო განათლების საკითხები ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ პროფესიაში აუცილებლად დაეხმარება. ქვეყანაც უფრო დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გახდება. რაც მეტი ადამიანი მიიღებს სამოქალაქო განათლებას, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ აღვნიშნავ, რომ სკოლებში ნებისმიერ სასწავლო საგანს უფრო მეტი დრო უნდა ეთმობოდეს. ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარება ისე ვერ მოხდება, თუ ეს საგანი – სამოქალაქო განათლება სრულყოფილად არ გვასწავლეს“, – ამბობს 2023 წლის აბიტურიენტი.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო განათლება, აბიტურიენტებისთვის 2015 წლიდან გახდა არჩევითი საგანი. 2015 წელს ეს საგანი 600-მდე აბიტურიენტმა შეარჩია. 8 წლის შემდეგ, ამ საგნის ამომრჩევთა რიცხვი გაორმაგებულია და უკვე გითხარით, რომ წელს, 2000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს, მაგრამ სხვა არჩევითი საგნებზე რეგისტრირებულთა რიცხვს თუ შევადარებთ, არც ისე კარგი მაჩვენებელია. გვახსოვს ისეთი წელიც – 2021, როდესაც სამოქალაქო განათლება მისაღები გამოცდების არჩევითი საგნების სიაში საერთოდ არ იყო.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
The post აბიტურიენტი: ჩემთვის, მშობლიური ენის შემდეგ, მთავარი საგამოცდო საგანი სამოქალაქო განათლებაა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.