სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით, ანუ 260.4 ლარით გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება განათლებას, ის საქმიანობის სახეებში ხელფასის ოდენობის თვალსაზრისით ბოლო ადგილს იკავებს, მაგრამ ზრდა არის. საქსტატის მონაცემების თანახმად, განათლების მიმართულებაში მაჩვენებელი 920-დან 1039-ით შეიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ზრდა 119 ლარია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2022-2023 წლების III კვარტალში და განათლების სექცია აღნიშნულია, როგორც “P”:
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი; მშენებლობა – 3 033.4 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი.
საქმიანობის სახეების ჩამონათვალი იხილეთ ანგარიშის ბმულზე
გარდა ამისა, მონაცემები გამოქვეყნდა დასაქმებულთა სქესის მიხედვითაც. საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 329.1 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293.0 ლარით, ანუ 17.1% გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში – 4 073.1 ლარი. ასევე მშენებლობის სექტორში – 3 037 ლარი.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით, ანუ 14.4%-ით გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. რაც შეეხება რეგიონების მაჩვენებლებს, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.
ასევე იხილეთ:
The post 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა, განათლება კი საქმიანობების სახეებში ბოლო ადგილზეა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.






