ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე ვარიანტის აბიტურიენტებმა წერით დავალებად პროგრამული – აკაკი წერეთლის “გამზრდელი” წერეს. არაპროგრამული კი თამაზ ჭილაძის მოთხობიდან “შუადღე” მოვიდა.
აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან იხსენებენ როგორ დაწერეს დავალება და რა ჰქონდათ შესასრულებელი:
დავით გოგუა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან: “გამზრდელიდან” იყო თეზისი – რომ ადამიანებს მეგობრების დასახმარებლად მორალური ღირებულებების დარღვევა გვიწევს. დავეთანხმე და პარალელი ” ალუდა ქეთელაურთან” გავავლე, მინდია რომ ალუდას დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მოიტყუა, ვითომ ხელი მოაჭრა. ჩემი ცხოვრებიდან მაგალითი არ მომიყვანია, რადგან მორალურ კომპრომისზე წასვლა არ მიწევს.
“რედაქტირებაც გამიმარტივდა. სტილისტური შეცდომები იყო, სასვენი ნიშნებიც. ერთი შეცდომა იყო არაბულ ციფრებზე. მგონი ყველა შეცდომა ვიპოვე. დრო საკმარისია. ყველაფერი დავწერე და ადრეც გამოვედი. თან მე მეთერთმეტე კლასელი ვარ. წელს გამოვედი, რომ სიტუაცია მენახა, არაფერი მეკარგება და რატომაც არა?!”.
ნინი სეხნიაშვილი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “გამზრდელი დავწერე. არაპროგრამული აღარც მახსოვს რა იყო. თეზისი ადამიანებს შორის ნდობასა და ურთიერთობას შეეხებოდა, როგორც გამზრდელშია. რედაქტირებაში 16-ვე შევდომა ვიპოვე. ძირითადად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი. სხვათა შორის, მარტივი იყო. რაც მინდოდა რომ შემხვედროდა, ზუსტად ის მოვიდა. სიტუაციაც ძალიან კარგია, დაძაბულობა არ იგრძნობა. ყველას ვეტყოდი, რომ არ ინერვიულონ”.
ამავე ცენტრიდან გამოსულმა გიორგი ფეიქრიშვილმაც და გამოცდა სწრაფად დატოვა:
“გამზრდელი დავწერე. ცხენი რომ მოიპარეს, ეგ მონაკვეთი იყო. თეზისი მეგობრის გამო კომპრომისზე რომ უნდა წახვიდე, მაგაზე იყო. დავეთანხმე და არგუმენტებიც მოვიყვანე. არაპროგრამულისთვის არც გადამიხედავს. რედაქტირებაში წერტილ-მძიმეები იყო შესასწორებელი. კარგი იყო, რაც მინდოდა, ის მოვიდა, მე “გამისწორდა”, მაგალითად. ადრე გამოვედი, ასეთი ვარ”
175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი დატოვა ნიკა გაბრიელაშვილმა, რომელმაც ასევე პროგრამული ნაწარმოები აირჩია და ტესტს მარტივად აფასებს:
“პროგრამულიდან ვწერეთ აკაკი წერეთლის “გამზრდელი”. “ახლობლის დახმარების სურვილი გიბიძგებს თუ არა უფრო მეტი გამბედაობისკენ და კარგის გაკეთებისკენ”. მე არგუმეტები მქონდა ვეფხისტყაოსნიდან, როგორც მეგობრობისა და დახმარების საუკეთესო მაგალითი, ისე განვიხილე ავთანდილისა და ტარიელის შეყრა და შემდგომ ძმაკაცობა. მარტივი ტესტი იყო. რედაქტირებაც უმარტივესად ვწერე. სასვენი ნიშნები იყო ძირითადად შესაცვლელი და ერთ სიტყვაში “ი” დავამატე”.
ნიკო გეწაძე ის აბიტურიენტია ერთეულებიდან, რომელსაც არაპროგრამული წერითი დავალება დაწერა და ახსოვს თეზისიც:
“არაპროგრამულიდან შემოვიდა თამაზ ჭილაძის მოთხრობა “შუადღე”. თეზისი იყო, რომ ურთიერთობებში მთავარი სიყვარულის გამოხატვაა. რომანტიზმთან ახლოს იყო კითხვა და რომ ვიმეორებდი გამომადგა. რედაქტირებაში მახსოვს, რომ მძიმეები იყო 4 ადგილზე დასასმელი. სინტაქსური 1 შეცდომა იყო. “გამავრცელებელი” სიტყვა გავასწორე სიტყვით “განმავრცელებელი”. ასევე ეწერა, რომ “ჩარიცვხვა მოხდაო” და “ჩაირიცხა”-მეთქი დავწერე. ტექსტის ანალიზში ერთ-ერთ კითხვაში შედარება იყო სწორი პასუხი. რომელი მხატვრული მეთოდია გამოყენებულიო გვეკითხებოდნენ. “დადიდოსტატი” რომ შემხვედროდა, ეს არ მინდოდა და გამიმართლა”.
ალექსანდრე სამარინი 191-ე სკოლიდან: “აკაკი წერეთლის”გამზრდელი” მოვიდა და არაპროგრამული აღარც წამიკითხავს. არგუმენტირებული ესეს თეზისი იყო ასეთი: მეგობრის დასახმარებლად უნდა წახვიდე თუ არა მორალურ კომპრომისზე. მე დავეთანხმე ამ მოსაზრებას და არგუმენტები თავად “გამზრდელიდან” მოვიყვანე. აგრეთვე, ცხოვრებისეული არგუმენტებიც მოვიშველიე და ვთქვი, რომ მეგობრებს უნდა დავეხმაროთ, თუნდაც მორალური პრინციპები დავთმოთ. ფილმებიდანაც მოვიყვანე მაგალითი, კონკრეტულად “ფორსაჟი”+ დან, რომლის ერთ-ერთ ნაწილშიც სწორედ ასეთი სიუჟეტია. დასკვნის სახით დავწერე, რომ მეგობრის დასახმარებლად კომპრომისები საჭიროა.
“რაც შეეხება რედაქტირებას, სიტყვები ეწერა შეცდომით, ასევე სასვენი ნიშნები. არ დამითვლია რამდენი ვიპოვე. იქიდან გამომდინარე, რომ წელს მეორედ გამოვედი ეროვნულებზე, შედარებით ნაკლებად ვინერვიულე. წყნარად მივედი და დავწერე. დროც კი დამრჩა”.
შეგახსენებთ, რომ დღეს აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა სრულდება. რაც შეეხება გამოცხადების სტატისტიკას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი და არავის დაუგვიანია.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ტესტირება მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ.
ინფორმაცია განახლებადია….
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე