საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელსაც სპეციალური მასწავლებლობის მსურველები 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბარებენ ვიდეო და აუდიომონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
„ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას გამოცდების/ტესტირების ორგანიზების/ადმინისტრირების, საკუთრების, უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებით, ხოლო აუდიომონიტორინგის განხორციელებას – ცენტრის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ცენტრის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საგამოცდო ცენტრებში ტესტირების ადმინისტრირებაში ჩართულ პირთა საქმიანობის ადმინისტრირების მიზნებით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
რას მოაზრებს ვიდეო და აუდიო მონიტორინგი:
ვიდეომონიტორინგი – საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა;
აუდიომონიტორინგი – საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა.





