2025 წლის 14-16 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
14 აპრილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. 2025 წლის 13 აპრილს, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 138 წელი შესრულდა. ამავდროულად, სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუდენტებმა ბუკლეტები დაარიგეს.
14 აპრილს, ონლაინვიქტორინა გაიმართა უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე. მასში მონაწილეობდნენ იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის სკოლების მოსწავლეები. გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მარიამ კინწურაშვილი − წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლა, Xll კლასი; II ადგილი – მათე ენუქიძე – სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა, X კლასი; III ადგილი – ელენე ხურციძე − სსიპ ქალაქ ქუთაისის N 10 საჯარო სკოლა, XI კლასი.
15 აპრილს, კალიგრაფმა ფიქრია ჭაბუკიანმა ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლების მეორე კლასელებისთვის კალიგრაფიული მასტერკლასი ჩაატარა. ამავე დღეს სტუდენტებისათვის ტრადიციული კონკურსი „ვინ უკეთ წერს“ ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
I ადგილი – მარიამ შამუგია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტი;
II ადგილი – დათა მაცაბერიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი;
III ადგილი – ქეთევან ბრეგაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის III კურსის სტუდენტი.
16 აპრილს მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის ჩატარდა ვიქტორინა ,,ვინ უკეთ იცის ქართული ენა”. ამავე დღეს კვირეული სპექტაკლით ,,ენა ქართული” დაიხურა. მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი ,,ლიბერტა” და თეატრალური სტუდია ,,არტისტები”. რეჟისორი – თამარ საღინაძე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა კირთაძემ რეჟისორი თამარ საღინაძე, სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვა.
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის, ქართული ენის მიმართულებისა და სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ტარდება.