Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14660

განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს –მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას?

$
0
0

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების დანიშვნა დაავიწყდა! ახლა კი, მინისტრის ბრძანებით, არჩევნები 14 ივლისს, სწორედ იმ პერიოდში ჩაინიშნა, როდესაც მასწავლებლებს, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ, კუთვნილი შვებულება ექნებათ. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ სხვა პედაგოგებმაც, თანამშრომლების შვებულებიდან გამოძახება კი სკოლის მხრიდან მასწავლებლებისთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებს, რაც შრომის კოდექსით არის განსაზღვრული.

შექმნილი “ფორსმაჟორის” შესახებ კითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დღეს, 16 ივნისს მიმართა, სადაც იურიდიული სამსახურის პასუხი გადმოგვცეს – “მასწავლებლებს ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ ეკუთვნით”.

განათლების სამინისტროში არ განუმარტავთ, რაზე დაყრდნობით აქვთ ასეთი პასუხი, ან როგორ უნდა აუხსნას 2000-ზე მეტმა სკოლამ შექმნილი ვითარება მასწავლებლებს.

საკითხის არსში დეტალურად გაგვარკვია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერმა, საქართველოს სკოლის დირექტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების (პროფკავშირის) დამფუძნებელმა გიორგი კაკაბაძემ, რომელიც თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია:

გიორგი კაკაბაძე: სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებზე, თითოეულ სკოლაში მინიმუმ 2-3 კომისიის წევრი უნდა იყოს მასწავლებელი, მაგრამ არჩევნებზე მასწავლებლები ხომ უნდა მოვიდნენ – თავიანთი ხმის დასაფიქსირებლად. შესაბამისად, ადამიანი შვებულებიდან უნდა გამოიძახონ. განმარტება – “არ ეკუთვნით ზეგანაკვეთური” – ასე არ არის. ნახეთ, როგორ არის: წავიდა ადამიანი შვებულებაში, თუ წავიდა, ოფიციალურად უნდა გამოიძახო, დირექტორმა/დამსაქმებელმა უნდა დაწერო ბრძანება და გამოიძახო. ეს უკვე ნიშნავს ზეგანაკვეთურ მუშაობას, რადგანაც შენ გამოიძახე, შენი საქმისთვის. თუ არ გამოიძახე, მაშინ არ მოვა, მაგრამ გამოძახების შემთხვევაშიც უნდა შეთანხმდე და წინასწარ დაუწერო: რატომ იძახებ, რამდენი საათით და რა მიზნით იძახებ, ასევე ანაზღაურება, ანუ უნდა შეუთანხმდე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, თორემ შეთანხმების გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება არ ხდება.

EDU.ARIS.GE: ყველა შემთხვევაში ითვლება თუ არა მსგავსი გამოძახება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ?

გ.კ: შვებულებიდან თუ იძახებ ადამიანს წარმოების, დაწესებულების მიზნებისთვის, ეს მეტი არაფერი არ არის, თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაო. ყველა მასწავლებლის შემთხვევაში, რომელიც არჩევნებზე შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, აქ, შეიძლება, რაიმე სადაო გახადონ, თუმცა აქაც სადაო არაფერია. მაგრამ ადამიანები, რომლებიც კომისიაში იქნებიან? მინიმუმ ორი კვირა მომზადება ხომ უნდა პროცესს – ბიულეტენებს და სხვა მოსამზადებელ საქმიანობებს. ასეთი ადამიანი 2-3 იქნება ყველა სკოლაში და 2080 საჯარო სკოლაა, ჩათვალეთ, რომ 5-6 ათასი ადამიანი მაინც იქნება ასეთი.

ახლა ნახეთ რაშია საქმე, ეგ შეიძლება, სკოლას დაავალონ, მაგრამ თავად დაავიწყდათ გამოცხადება და სკოლას რომ დაავალონ და გადაახდევინონ, ეგ უკვე უსამართლობაა. ან სკოლას აქვს ეს ბიუჯეტი? ეს ბიუჯეტი სკოლას ვერ ექნებოდა გათვლილი და დამტკიცებული ბიუჯეტში, ვინაიდან რა იცოდა, რომ დააგვიანებდნენ [სამინისტროში]? სკოლამ ცვლილება უნდა შეიტანოს ბიუჯეტში, მაგრამ ეს ცვლილება ძველ სამეურვეო საბჭოს უნდა დაამტკიცებინოს, ძველ საბჭოს ვადა გასდის 20 ივნისს, ანუ ვერც დაამტკიცებენ და სკოლას გამოუვა არამიზნობრივი ხარჯი. დავუშვათ, რომ ფორსმაჟორში გააფორმოს, მაგრამ როგორ გააკეთებს ამას? მისი ფორსმაჟორია? სამინისტრომ დააგვიანა გამოცხადება?.

EDU.ARIS.GE: რამ გამოიწვია ასეთი ვითარება?

გ.კ: მარტივად – დაავიწყდათ გამოცხადება. პირდაპირი მოვალეობა იყო ეს თამარ მახარაშვილის – მინისტრის მოადგილის და ლალი კალანდაძის – სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის. ეს მათი პირდაპირი მოვალეობა იყო და არ მოხდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 10 ივნისით დათარიღებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის (იგულისხმება თამარ მახარაშვილი. ავტ.) 2025 წლის 04 ივნისის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით ვბრძანებ:

1. საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 14 ივლისს.

2. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 20 ივნისიდან. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მოდებაძე”.

სტატიას უახლოეს დროში დაემატება შრომის კოდექსით განსაზღვრული მუხლები, რომლებიც ამ ვითარებაში მასწავლებლის უფლებებს იცავს.

ასევე იხილეთ:

„მე-12 კლასში გამოცდები შერჩეულ საგნებში ჩატარდება“ – რას წერს პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაში მთავრობის პროგრამის შესრულებაზე


Viewing all articles
Browse latest Browse all 14660

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>