თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საარჩევნო უბნები შვიდივე ფაკულტეტზე დილის 10:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება.
თსუ–ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცედურებში არავითარი დარღვევები არ შეიმჩნევა და ამომრჩეველთა აქტივობაც დამაკმაყოფილებელია.
ირაკლი დვალიძის განმარტებით, ამომრჩეველს თითოეულ ფაკულტეტზე 1 ან 2 კანდიდატისთვის აქვთ ხმის მიცემის უფლება. რადგან, როგორც მან აღნიშნა, თითოეულ ფაკულტეტზე 2–2 კანდიდატი უნდა აირჩეს.
თსუ–ის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას. მათგან 726 აკადემიური პერსონალი, ხოლო 65 კი სტუდენტია. ხმა უკვე მისცა თსუ–ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.
აკადემიური საბჭოს არჩევნებში თავდაპირველად რეგისტრაცია 35–მა კანდიდატმა გაიარა. აქედან 1 დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო მოიხსნა. ერთმა კი თავად გააუქმა განაცხადი.
შესაბამისად, ამ დროისთვის აკადემიური საბჭოს არჩევნებში 33 კანდიდატი იღებს მონაწილეობას და მათგან აკადემიურმა პერსონალმა საერთო ჯამში 14 წევრი უნდა აირჩიოს.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, საარჩევნო უბნების დახურვიდან 2 საათში იქნება ცნობილი, ხოლო ახალი აკადემიური საბჭო საქმიანობას 16 მაისიდან შეუდგება. შესაბამისად, დღემდე მოქმედ აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება სწორედ 16 მაისს შეუწყდება.
33 კანდიდატიდან ყველა თსუ–ის მოქმედი ლექტორია.
ქეთი გიგოლაშვილი




