ერთიანი ეროვნული გამოცდები 11 წელია, ტარდება. დაწყების დღიდან გამოცდებზე აბიტურიენტებს საგულშემატკივროდ მშობლები და ახლობლები დაჰყვებიან. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გულშემატკივრების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, თუმცა აბიტურიენტების მომლოდინე მშობლებს, ნათესავებსა თუ მეგობრებს, საგამოცდო ცენტრებთან წელსაც დიდი რაოდენობით შეხვდებით. მომლოდინეთა ნაწილი მანქანებში, ნაწილი ტრიალ მინდრზე, ზოგიც, მაგალითად მუხიანის საგამოცდო ცენტრთან, ეზოში მიმობნეულ ე.წ ბლოკებზე ზის, თავზე გაზეთგადაფარებული. თუმცა მათ ერთი რამ აერთიენბთ, ყველა საგამოცდო ცენტრის კარისკენ იყურება და იმ ერთადერთის გამოსვლას ელის, ვისაც ყველაზე მეტად გულშემატკივრობს.
19 საგამოცდო ცენტრში გამოცდების გამართულად ჩატარების პროცესში რამდენიმე უწყებაა ჩართული. შენობების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს. დამატებითი ტრანსპორტის გამოყოფა მერიას ევალება. ცენტრებთან სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებიდან დღემდე შენობების კონდიცირება მაინც პრობლემად დარჩა. გამოცდები ზაფხულის თვეებში ტარდება და როგორც აბიტურიენტები ამბობენ, აუტანელი სიცხე ძალიან მოქმედებს მათი შრომის ნაყოფიერებაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს საგამოცდო პერიოდს გრილი ამინდებიც დაემთხვა.
Aris.ge- განათლების ჟურნალისტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2 ივლისიდან საქართველოს ყველა ძირითად რეგიონში აკვირდებიან.
ყურადღებიან მშობლებს ჩვენი მუდმივი სტუმრობა არ გამოპარვიათ და თავიანთი სატკივარის შესახებ გვიამბეს, შეფასებები მოვისმინეთ თავად აპლიკანტებისგანაც.
„გამოცდა ძალიან რთული არ იყო. პირველ რიგში, ცუდი ისაა, რომ აუტანელი სიცხეა აუდიტორიებში, როცა ადამიანს სააზროვნო აქვს, ასეთ დროს პირობები უნდა იყოს შექმნილი. საინტერესო ტექსტები იყო, არ იყო რთული, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ გამოცდას ემოციური ფონი ახლავს, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ“, – უთხრა Aris.ge- განათლებას სამაგისტრო გამოცდიდან გამოსულმა თიკო ხაჩიძემ(ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, სამაგისტრო და მასწავლებელბის გამოცდებიც ტარდება. ავტ.) .
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს მშობლებმა განათლების და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესაც ჰკითხეს, არის თუ არა კონდიცირება აუდიტორიებში, რაზეც მინისტრმა უპასუხა: „კი, ნამდვილად გრილა, არ ცხელა და საბედნიეროდ ამინდმაც ხელი შეგვიწყო“.
იმ აბიტურიენტებს ნამდვილად გაუმართლათ, ვისაც გრილი ამინდი დაემთხვა:
„სიტუაცია გარეთ ნორმალურია. ერთადერთი პრობლემაა, რომ სკამები არ არის და ფეხზე გვიწევს დგომა. მე ის უფრო მაღელვებს, რომ კონდიცირება არ აქვთ ბავშვებს შიგნით. დღეს და გუშინ ამინდმა შეუწყო ხელი. კიდევ სპეციალური საწერი კალმები წარმოადგენს დიდ პრობლემას, საშინელებაა, უჭირთ წერა მაგის გამო“, – აღნიშნა აბიტურიენტის მშობელმა ქეთი ლასარეიშვილმა.
„ჩემს შვილს გამოცდების ჩაბარება 117-ე საჯარო სკოლაში მოუწია, ვარკეთილში. ნერვიულობასთან ერთად სიცხეში დგომამ უფრო უარესად გაგვხადა იქ შეკრებილი მშობლები. სკოლის ეზოში კი იყო ჩრდილი, მაგრამ დაცვა არ გვიშვებდა. იქ მხოლოდ აბიტურიეტების შესვლა შეიძლებოდა, საშინლად მოუხერხებელი ადგილია.
ხომ შეიძლება იყოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ბავშვების დალოდებას შევძლებთ. ამ ყველაფერთან ერთად, წყალიც ძვირი ღირდა. ყველაფერს გაოთხმაგებული ფასები ჰქონდა“, – გვითხრა ელიზავეტა ფირცხალაიშვილმა.
ჩვენს საუბარს მეორე მშობელიც შემოუერთდა:
„მაღაზია მე მკითხეთ! არარეალური ფასებია. 300%-ით არის ფასები გაზრდილი. 30-თეთრიანი წყალი 1 ლარი ღირს, სარგებლობენ ჩვენით. მაგრამ ახლა გრილი ამინდები დაიჭირა და ბოთლები უწყვიათ საყინულეში. მითუმეტეს, აბიტურიენტის მშობელს ეს პირობები ნამდვილად არ მოეწონება!“, – აღნიშნა ხათუნა მეკოკიშვილმა.
გულშემატკივრებში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც 4 გამოცდისთვის მშობლებისთვის საგამოცდო ცენტრებს გარეთ ინფრასტრუქტურის მოწყობა საჭიროდ არ მიაჩნიათ, მამებს ხომ მეტის ატანა შეუძლიათ.
„ჩემს შვილს ყველა გამოცდაზე მოვყვები. ინფასტრუქტურა მოწესრიგებულია თუ არა მშობლებისთვის, მაგაზე ვერ ვიფიქრებ ახლა! მთავარი რაც არის, იმ კორპუსში (ხელს იწვდის ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსისკენ, სადაც აბიტურიენტები გამოცდებს აბარებენ) იყოს ყველაფერი რიგზე! დანარჩენს რაც შეეხება, 4 გამოცდის გულისთვის ინფრასტრუქტურის გამართვა არ არის საჭირო. რაც მთავარია, სასწრაფო და სამაშველო მანქანები არის მობილიზებული. ღვთის წყალობით, ნურავის ნუ დააჭირვოს!“ – განაცხადა ზურაბ ძიძიგურმა.
„პოლიციის აკადემიაში უნდა ჩაბარება ჩემს შვილს. 4 გამოცდას აბარებს. ტექნიკურ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში მოხვდა.
აქ მშობლებისთვის გარემო ნამდვილად უკეთესი ჯობს. ელემენტარული, უბრალოდ, სკამების საშუალება რომ იყოს. სხვას ისეთ კომფორტს ახლა რას მოვთხოვთ. მთავარია, ბავშვები შიგნით არსებული მდგომარეობით იყვნენ კმაყოფილები,“ – გვითხრა თამარ გელაშვილმა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ცენტრი შესაძლებლობის ფარგლებში ქმნის შესაბამის პირობებს აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში და პასუხისმგებელია არსებულ მდგომარეობაზე შენობის შიგნით და არა მის გარეთ, სადაც იკრიბებიან მშობლები და ნათესავები.
რაც შეეხება, სასმელი წყლისა თუ პროდუქტების „გაბერილ“ ფასებს, გულშემატკივრებისთვის სკამების გათვალისწინებას, ან სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას, აღნიშნულს არავინ არეგულირებს.
ფოტორეპორტაჟი მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან
აბიტურიენტების გულშემატკივრები საგამოცდო ცენტრებთან – ფოტორეპორტაჟი
ცისანა არის© შერგილაშვილი