2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე ის აბიტურიენტები, რომლებიც გეოგრაფიას აბარებდნენ, ტესტის მეორე ვარიანტის 36-ე დავალებას აპროტესტებენ და ამ მიზნით განათლების სამინისტროს ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან არადამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემდეგ, აბიტურიენტებს ახლა უკვე განათლების სამინისტროს იმედი აქვთ. მათ აღნიშნული განცხადება სამინისტროში 2 დღის წინ ოფიციალურად შეიტანეს. როგორც ერთ-ერთმა აბიტურიენტმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, სამინისტროსგან პასუხს 10 სამუშაო დღეში ან ერთ თვეში ელოდნენ, თუმცა პასუხი დღეს უკვე მიიღეს. სამინისტროს პასუხში აღნიშნულია რომ მათ აბიტურიენტების განცხადება გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნეს.
აბიტურიენტმა თავიანთი საპროტესტო წერილის ტექსტიც მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გეოგრაფიის აბიტურიენტების უმრავლესობის სახელით მივმართავ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ გეოგრაფიის ტესტში ბევრი სადავო თემა იყო შეტანილი. კერძოდ ვგულისხმობ ტესტის 36-ე დავალებას, სადაც აბიტურიენტებს მოგვეთხოვება ვიმსჯელოთ 2016 წელს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც, სამწუხაროდ არცერთ გრიფირებულ წიგნშია შეტანილი. მსგავსი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, მხოლოდ მასმედიითა და რეპეტიტორთან მომზადებით, რისი საშუალებაც ყველა აბიტურიენტს არა აქვს.
ასევე, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ინფორმაცია არ გვქონდა იმაზე, თუ რა ცვლილებები იგეგმებოდა ტესტში. კონკრეტულად: გამოცდების წინ არ გაკეთებულა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტექსტის სტრუქტურაში იკარგებოდა დავალება „ინფორმაციის ტრანსფორმაცია’’ და გვთავაზობდნენ „ინფორმაციის ანალიზს’’ არაანალიზური ტიპის კითხვებით.
რა საკვირველია, პროგრამაში იყო მოცემული, რომ გვევალებოდა თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების ცოდნა, მაგრამ არ არის გამახვილებული ყურადღება იმაზე, თუ კონკრეტულად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება; მოგეხსენებათ, გეოგრაფიის პროგრამა საკმაოდ ვრცელია, ჩვენ კი გვიწევდა 2016 წელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დავალების წილი 8,5%-ია და საზოგადოებრივი გეოგრაფიიდან გაცილებით უფრო მეტი კითხვაა. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ პეტიცია სადაც გვყავს 3000 ხელმომწერი.
მოვითხოვთ სამართლიანობასა და თანასწორობას, გვინდა, რომ გამოიძებნოს გზა, რითაც აბიტურიენტთა არცერთი ნაწილი დაიჩაგრება და როგორც ყველა სუვერენულ ქვეყანაში, სამართლიანობა იზეიმებს. იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩვენს თხოვნას” – აღნიშნულია განცხადებაში.
აბიტურიენტებმა 36-ე დავალების გაბათილების მოთხოვნით გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრსაც მიმართეს და პეტიციაც, შექმნეს (3 000 ხელმოწერა), თუმცა გეოგრაფიის საგნობირვი ჯგუფის ხელმძღვანელისგან მხოლოდ ეს პასუხი მიიღეს:
„აღნიშნულ დავალებაში მოცემული საკითხები არ სცდება საგამოცდო პროგრამას. 2018 წლის საგამოცდო პროგრამაში, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს მიერ, მოცემულია შემდეგი ქვესაკითხი: მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესები (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული). სწორედ ამ ქვესაკითხს მოიცავს 36-ე დავალება.
საგამოცდო პროგრამა გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდბის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მას და ეხელმძღვანელათ მომზადების პროცესში“, – განმარტეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ რომ აბიტურიენტების მიერ გაპორტესტებული აღნიშნული დავალება 2016 წლის მოვლენებს შეეხებოდა, თავად კი 2012 წელს დაბეჭდილი წიგნებით სწავლობენ. ასევე, მიუხედავად იმისა რომ საგამოცდო პროგრამა აბიტურიენტებს თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების ცოდნას ითვალისწინებს, აბიტურიენტები აცხადებენ, რომ ამის თაობაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ იყო მითითებული, მაგ.: კონკრეტული პერიოდი, ქვეყანა და ა.შ. შესაბამისად აბიტურიენტები მიიჩნევენ რომ მსავსი მოვლენის ტესტებში მოტანა უსამართლობაა.
2018 წლის ზოგადი უნარების ტესტების სკანირება დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები
„უცხო ენაში 2018 წლის აბიტურიენტთა ცოდნის დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია”
ავტორი სალომე ზარიძე