სახელმწიფოს ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას წლებია განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების საკითხი წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2016–2017 სასწავლო წელს საშუალო განათლების გარეშე 11 500-ზე მეტი არასრულწლოვანი დარჩა, საიდანაც 5 000-ზე მეტს არ მიუღია საბაზისო განათლება, რომლის მიღებაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.
მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო განათლების მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნების რიცხვი მცირე არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციები EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, რომ საქსტატის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არაზუსტია და რეალურად იმ ბავშვების მაჩვენებლი, რომლებმაც სკოლა მიატოვეს და განათლების გარეშე დარჩნენ გაცილებით მაღალია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35 მუხლის მე–3 ქვე პუნქტის თანახმად: დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. დაწყებითი განათლების საფეხური მოიცავს პირველიდან მექვესე კლასს, ხოლო საბაზო განათლება – მეშვიდედან მეცხრე კლასს გულისხმობს.
იურისტი ლია მუხაშავრია EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას აცხადებს, რომ მართალია,ზოგადი განათლება კონსტიტუციით არის სავალდებულო, თუმცა ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშუალი და სასჯელს არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, სახელმწიფო სანქციების მხრივაც ძალიან სუსტია, ვინაიდან არ ყოფილა შემთხვევა, როცა მშობელი ბავშვის სკოლიდან გამოყვანის გამო სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ ან რაიმე სანქცია დაეკისრებინათ.
„სავალდებულო განათლების გარეშე ბავშვის დატოვებაზე პასუხისმგებელობა შესაძლოა, მშობელს ან სკოლას დაეკისროს, იმის მიხედვით, თუ ვინ არღვევს ამ კანონს. როცა ხდება შემთხვევა, რომ მშობელს ბავშვი სკოლიდან გარკვეული მიზეზების გამო გამოჰყავს, მათ შორის სოციალური სიდუხჭირის გამო, ამაზე პასუხისმგებლობა სკოლასაც უნდა ეკისრებოდეს და სახელმწიფოსაც.
„პროცესში, პირველ რიგში, კლასის ხელმძღვანელი და დირექტორი უნდა ჩაერთოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სკოლა ვერ აგვარებს საკითხს, უნდა ჩაერთოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლება და ა.შ. თუმცა ეს სისტემა სასჯელს არ ითვალისწინებს.
„არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე თუნდაც სამსახურიდან გაეთავისუფლებინოთ ამის გამო. კანონი საკმაოდ ლიბერალური გახდა. რეალურად, სახელმწიფოს არ აქვს იძულების მექანიზმი, რომ ბავშვს, რომელსაც არ სურს სკოლაში სიარული დაავალდებულოს რომ იაროს. ამ მიმართულებით ის ქმედითუუნაროა. არადა, სახელმწიფოს აქტიურობა და ჩართულობა აუცილებელია, რადგან ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, სკოლის მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რომ მათი უფლებები ილახება, ვერ აცნობიერებენ რამდენს კარგავენ სკოლის მიტოვებით და რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგენენ ამის გამო“, – აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემები შორს დგას რეალობისგან, ვიანიდან მხოლოდ მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დამატებით 300-მდე ბავშვი აღმოაჩინეს, რომელთათვისაც განათლება არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, განათლების მიღმა დარჩენილ არასრულწლოვანთა რიცხვი გაცილებით მაღალია.
„პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ სტატისტიკის სანდოობაზე. სინამდვილეში, უფრო მეტი ბავშვია განათლების გარეშე დარჩენილი, ვინაიდან განათლების ხელმისაწვდომობა არ ნიშნავს ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, არამედ ხარისხიან განათლებას. სტატისტიკაში არ შედის სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის ქუჩაში მცხოვრები ბავშვები. ამასთან, ჩვენი ორგანიზაციისთვის ცნობილია, რომ გასულ წლებში, როდესაც ადრეული ქორწინების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, მასწავლებელსა და არასრულწლოვანს შორის იდებოდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ მოსწავლე არ ივლიდა სკოლაში და ამის შესახებ არ გაცხადდებოდა. ძალიან ხშირად გავქვს მომენტი, როცა ბავშვი ოფიციალურად ირიცხება სკოლაში, თუმცა ვერ იღებს განთლებას და ამ შემთხვევაშიც განათლების ხელმისაწვდომობაზე უნდა ვისაუბროთ.
„რაც შეეხება მათ, ვინც ოფიციალურად ვერ იღებს საბაზო განათლებას, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, არსებობს „განათლების მეორე შანსის“ პროგრამა, თუმცა აქაც გვექმნება პრობლემები, ვინაიდან განათლების სამინისტროსა და სოციალურ სამსახურს შორის არ არის კოორდინირების სათანადო დონე.
„სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების პარალელურად, ჩვენმა ორგანიზაციამ, საკუთარი ძალებით აღმოაჩინა დამატებით 245 ბავშვი, რომლებიც ვერ იღებენ განათლებას. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებიც ან ირიცხებიან დღის ცენტრებში, მაგრამ რეგულარულად არ დადიან სკოლაში ან საერთოდ არ ირიცხებიან. ეს არის პრობლემა, რომლის სრულფასოვანი გამოკვლევაც არ შედის სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესებში.
რესურსების არქონისა და პრიორიტეტებში დაბალი მაჩვენებლის გამო, არ/ვერ ხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა. შესაბამისად, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც განათლების საჭიროების დაუკმაყოფილებელი ნაკლები ბავშვის აღრიცხვაა, ბავშვთა ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
„სახელმწიფოს მიერ სტატისტისკის არ წარმოება ან ცუდად წარმოება, არის მისი მთავარი იარაღი, როდესაც მას უფლებების დარღვევის დაფარვა სურს“, – აცხადებს ანა არგანაშვილი და აღნიშნავს, რომ განათლების მიუღებელობა ბავშვის უფლების დარღვევად დღემდე არ არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ორგანიზაციას სახელმწიფოსთვის არაერთხელ მიუმართავს, უწყების მხრიდან ეფექტური რეაგირება დღემდე არ მომხდარა.
ამასთან, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საპარალამენტო ანგარიში, სადაც განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ბავშვის უფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა კვლავ პრობლემად რჩება.
„საგანგაშოა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სხვა ტიპის უფლებადარღვევებთან ერთად განათლების უფლების რეალიზაციის საშუალებასაც მოკლებულნი არიან. ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა და სხვა ფაქტორები ბავშვების მიერ განათლების შეწყვეტის მიზეზი ყოველდღიურად ხდება. მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით. რაც, თავის მხრივ, პასუხისმგებელი ორგანოების დროული და ეფექტიანი ჩართულობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ამასთან, ისინი ვერ ახდენენ ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა პრევენციას“, – აღნიშნულია სახახლო დამცველის ანგარიშში.
როგორც აღმოჩნდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხთან მიმართებაში მხოლოდ რეკომენდატორის ფუნქციას ატარებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო EDU.ARIS.GE – სთან აცხადებს, სკოლებს აქვთ შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც ისინი მოქმედებენ. ამასთან, თუკი სკოლამ მოსწავლის უფლებების დარღვევა გამოავლინა, ის ვალდებულია, სოციალურ სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოს.
„სკოლებს შემუშავებული აქვთ შინაგანაწესები, რომლის შესაბამისადაც სკოლა (კლასისი დამრიგებელი) ვალდებულია, დაუკავშირდეს მოსწავლის მშობელს (მეურვეს) და გაკვეთილის გაცდენის შესახებ აცნობოს ან გაცდენის მიზეზი დაადგინოს.
„სკოლამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სოციალურ სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რომ მოსწავლე სკოლას ჩამოშორდა იძულებით, ადრეული ქორწინების, შრომაში იძულებით ჩართვის და სხვა მიზეზით, ან მოსწავლის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება.
„იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში (მიუხედავად იმისა სკოლამ შეძლო თუ არა გაცდენის მიზეზის დადგენა) და არ იღებს შეფასებას, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდება. აღნიშნული ძალაშია, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე.
„სამინისტრო სკოლებს აძლევს რეკომენდაიას, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლას უმიზეზოდ აცდენს, სოციალურ სამსახურში გაკეთდეს შეტყობინება გონივრულ ვადაში, 90 დღის გასვლამდე და არა მხოლოდ სტატუსის შეჩერების პარალელურად, რაც შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირების საშუალებას მისცემს“, – განგვიცხადეს სამინისტროში.
მსოფლიო ბანკი სასკოლო განათლების კრიზისზე საუბრობს
რომელ ქვეყნებშია ყველაზე რთული გოგონებისთვის განათლების მიღება – ქვეყნების სია
ვის ემსახურება დღეს განათლების სისტემა, ბავშვებს თუ მასწავლებლებს?!
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა