Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14571 articles
Browse latest View live

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს საოლქო პროკურატურის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი შეხვდათ

$
0
0

2018 წლის 23 აპრილს, სასწავლო კურსის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება – ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სწავლების მე-4 წლის სტუდენტებთან, სტუმარ–მომხსენებლად (Guest speaker) მოწვეული იქნა შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი, სპეციალიზირებული პროკურორი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

საუბარი შეეხო კანონთან კონფილქტში მყოფ არასრულწლოვანთა განრიდება–მედიაციის საკითხებს, გამოძიების მიმდინარეობისას არასრულწლოვანი ბრალდებული/დაზარალებული/მოწმის დაკითხვა–გამოკითხვის პრაქტიკული ხასიათის საკითხებს.

შეხვედრა წარმიმართა აქტიური კითხვა–პასუხის რეჟიმში.


ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ერთკვირიანი ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის დონის სწავლება

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ერთკვირიანი ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის დონის სწავლება რუკის გამოყენებით (MAPEX), რომელშიც მონაწილეობას საქართველოსა და ლიტვის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები იღებენ.

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

ლიტვა-საქართველოს ერთობლივი სწავლება მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის მთავარ მიზანს ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. სწავლების ფარგლებში ვიზიტი ასევე დაგეგმილია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში „კრწანისი“.

ილიაუნის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელაველი პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა

$
0
0

22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ტრენერებმა – სოფიკო ლობჟანიძემ და დავით მალაზონიამ – თელავის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგი გამართეს.

ტრენინგის თემა: „მოსწავლეებში დემოკრატიული კომპეტენციების განვითარების ეფექტური სტრატეგიები”

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 50-მდე პედაგოგმა, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ოლიმპიადებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან” თანამშრომლობით განხორციელდება თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. ამ ეტაპზე განათლების სკოლის ტრენერები რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე. სულ ტრენინგს პროგრამის პირველ ეტაპზე 800 პედაგოგი გაივლის.

საჯარო სკოლის დირექტორებს შეუძლიათ, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატონ პროექტში ჩართვის სურვილი. რეგისტრაცია 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2018

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 222 00 09 (352)

მადნატურის სამსახურში მიღების ასაკად 21 წლის განსაზღვრა დაბალ ანაზღურებას უკავშირდება

$
0
0

თუ თქვენ 21 წლის ხართ, უფრო მარტივად დათანხმდებით 400 –ლარიან ხელფასზე მუშაობას სკოლაში, მანდატურის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე. სწორედ ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ არგუმენტების მოსმენისას, რომელიც დღეს პარლამენტში მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას ითქვა.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც მანდატურის ინსტიტუტის დახვეწასა და მისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საკომიტეტო განხილვისას მანდატურის ასაკობრივ ცენზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მანდატურის თანამდებობაზე ყოფნა 21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შეეძლებათ.

როგორც სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თავდაპირველი ვარიანტი იყო 27 წელი, შემდგომ 25. თუმცა საბოლოოდ სკოლებში მანდატურის შესვლის ასაკად 21 წლი განისაზღვრა, აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარ არგუმენტად კი მანდატურის დღევანდელი ანაზღაურების ოდენობა წარმოადგენს.

„ვიფიქრეთ, ასევე კადრების მოზიდვის პრობლემაზე, ვინაიდან დღეის მდგომარეობით, მანდატურის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს. ამ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლებოდა კადრების მოზიდვის პრობლემა შეგვქმნოდა. ამიტომ ჩამოვყალიბდით 21 წლის ასაკზე, თუმცა ეს ერთგვარად დავაბალანსეთ იმით, რომ უმაღლეს განათლებაზე მითითებით ჩვენ ფაქტობრივად მივაღწევთ იმას რომ 21 წლის ასაკს მიღწეული პირი ყოველთვის არ დასაქმდება მანდატურის თანამდებობაზე.

„ვინაიდან უმაღლესი განათლებაც აუცილებელი მოთხოვნაა და შესაძლოა, საუბარი იყოს 23-24 წლის ასაკის ადამიანზე. ანუ განათლების ცენზისა და ასაკობრივი ცენზის კომბინირებით, პრაქტიკაში ჩვენ იმას მივაღწევთ, რომ 21 წელზე მეტი ასაკის მანდატურები დავნიშნოთ თანამდებობაზე“,- განაცხდა მეზვრიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300  მანდატური, ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატურის დამატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან იგეგმება 200 მანდატურის დამატება 100 საჯარო სკოლაში. განახლებული კურსით მომზადება შეეხება როგორც უკვე გადამზადებულ ისე ახალ მანდატურებსაც.

ამავე თემაზე:

რატომ არ იზრდება სკოლის მანდატურის ხელფასი გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე?!

„განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია, რომ სკოლაში წესრიგი დაამყაროს“

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

თბილისის 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

$
0
0

თბილისში, 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 24-ე სკოლასთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარი დაპირისპირების საკითხზე, სამართალდამცველები სკოლის დირექტორს, გიორგი კაკაბაძეს შეხვდნენ.

უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ 24-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ მომხდარა და ინციდენტში არ ფიგურირებს ცივი იარაღი – დანა.

მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო: 1tv

„ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მანდატურს ექნება ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება“

$
0
0

შინაგან საქმეთა მინსტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება სხვა ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, მანდატურს ექნება ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, ოღონდ ეს ძალა უნდა იყოს ადეკვატური.

როგორც მეზვრიშვილმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, მაგალითად, თუ მოსწავლეს რომელსაც აქვს დანა და არსებობს იმის საშიშროება, რომ აიღებს ამ დანას და სხვა მოსწავლეს დაარტყამს, მანდატურს ექნება ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, მათ შორის შებოჭვის უფლება და მოსწავლის განცალკევების და მშობლისთვის დალოდების უფლება.

კითხვაზე, რა ნივთების ქონის უფლება ექნება მანდატურს მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, რომ მანდატურებს ექნებათ მხოლოდ მეტალოდეტექტორის ქონის უფლება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია სკოლაზე და ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ხელბორკილებეს იმიტომ რომ არაა პოლიცია”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ კანონპროექტის დღევანდელ რედაქციაში სიტყვა „დაკავება“ ამოღებულია.

ამავე თემაზე:

მადნატურის სამსახურში მიღების ასაკად 21 წლის განსაზღვრა დაბალ ანაზღურებას უკავშირდება

რატომ არ იზრდება სკოლის მანდატურის ხელფასი გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე?!

„განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია, რომ სკოლაში წესრიგი დაამყაროს“

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

„თუ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსტიტეტი დროულად ვერ აშენდა, სწავლა ალტერნატიულ ფართში დაიწყება“

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, რომელიც ამავდროულად ჯერ არაშენებული ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობასაც ასრულებს, იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრება, სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში დაიწყება.

როგორც მუღულიამ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, სამინისტროს აქვს როგორც გეგმა A, ასევე გეგმა B. მისივე თქმით, ნებისმიერ პროცესში უნდა გქონდეს გეგმა B.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ალტერნატიული ფართი მურღულიამ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა. „რომ გითხრათ, რომელ შენობებზე ვფიქრობ, ამ შენობების არენდა დამიჯდება  10-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ამის გარეშე“.

თეიმურაზ მურღულია ირწმუნება, რომ სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში 2019 წელს აუცილებლად დაიწყება. ამისთვის, ინტენსიური აკადემიური მუშაობა დაწყებულია, ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით კი, კომუნიკაციების საკითხია მოწესრიგებული.

„ჩვენ გვაქვს ამოცანა 2019 წელს დავიწყოთ  ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა. პროგრამების ნუსხა ჩამოყალიბებულია. ბევრჯერ გავაჟღერე, იქნება ბიზნესის ფაკულტეტი, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი  და ამ ფაკულტეტებზე იქნება  შესაბამისი პროგრამები, რომლებიც გამოქვეყნდება ძალიან მალე. თუ კონკეტული შენობა არ იქნება დამთავრებული ეს არ არის იმის პრობლემა, რომ სწავლა ვერ დავიწყოთ, გვაქვს ფიქრი ალტერნატიულ ფართებზე. ფიქრი ალტერნატიულ ფართზე არის გეგმა B, გეგმა A არის რომ ჩვენ პირველი კორპუსი, რომელშიც უნდა დაიწყოს სწავლა, აუცილებლად  მოვასწროთ 2019 წლისთვის. თუ ეს რაიმე გარემოებების გამო შეუძლებელი იქნება, გადავალთ გეგმა B-ზე. გეგმა A,B და C-ც ორიენტირებულია 2019 წელს სწავლის დაწყებაზე“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

მან ასევე უარყო ის ფაქტი, რომ მშენებლობის მიმართულებით არაფერი ხდება.

„ვინც იცის მშენებლობა, იცის რომ კომუნიკაციების მიყვანა არის სერიოზული თემა. იქ მივიდა სერიოზული კომუნიკაციები, დენი, წყალი და კანალიზაცია. ახლა მიმდინარეობს ის პროცესი – გვერდით მდებარე არხი რომ გამაგრდეს. სანამ ბეტონს ჩავასხამთ უნდა ვუზურუნველყოთ რომ არხიდან წყალი არ ჟონავდეს. როგორც კი არხის თემა დასრულდება და მოწესრიგდება, დაიწყება მშენებლობა. თუ ეს ვერ გამაგრდა, იქ არის სამი ლოკაცია და ლოკაციის შეცვლა მოგვიწევს უნივერსიტეტისთვის. ტყისგან თავისუფალი სამი ლოკაციაა და ამ სამი ლოკაციიდან მშენებლობისთვის ყველაზე მეტად შესაფერისზე დაიწყება  კორპუსის მშენებლობა“, –  განაცხადა მურღულიამ.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

„სასკოლო მაჩვენებლები კატასტროფულია, საქართველოში სკოლას უნდა შველა“

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი და ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა ისეთი კატასტროფული სასკოლო მაჩვენებლებით როგორიც საქართველოა.

„ისევ სკოლა. მოგეხსენებათ, განათლების მიღების უფლება ევროკონვენციით და ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებაა.

საშუალო სკოლებზე სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს 600 მილიონ ლარს. თითქმის ამდენივეს ხარჯავენ მშობლები კერძო რეპეტიტორებთან შვილების მომზადებაში ყოველწლიურად.

დავაზუსტებ, ერთი იმდენს ხარჯავენ მშობლები, ვისაც ამის საშუალება აქვს, იმაში რასაც საშუალო სკოლა უნდა აძლევდეს ყველას.

უკვე სკოლის დამთავრებისას სახეზეა უზარმაზარი სხვაობა ელემენტარული განათლების ხელმისაწვდომობაში სოციალურ ჯგუფებს შორის. 40 ათასი მოზარდი ყოველწლიურად ამთავრებს “სკოლას”.

მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა ისეთი კატასტროფული სასკოლო მაჩვენებლებით როგორიც ჩვენ გვაქვს.

სკოლას უნდა შველა!!!

პ.ს. ბოდიში ბანალურობისთვის“, – წერს გიორგი ქადაგიძე.


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტისგან მოწვევა მიიღო

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ანა ფირცხალაშვილი გერმანიის, ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც გაზაფხულის სემესტრში კონსტიტუციური სამართლის სალექციო კურსს წაიკითხავს.

1402 წელს დაფუძნებული ვურცბურგის, იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (JMU), ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევროპაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის წარჩინებული სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული ტურის ფარგლებში დეკანის – ანა ფირცხალაშვილის, ხელმძღვანელობით ხშირად სტუმრობენ უნივერსიტეტს. გერმანელმა სტუდენტებმაც რამდენჯერმე მოისმინეს ანა ფირცხალაშვილის საჯარო ლექცია კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე.

ანა ფირცხალაშვილს წარჩინებით აქვს დაამთავრებული ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მინიჭებული აქვს სამართლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (Dr. Jur.); ამასთან, მას აქვს გერმანიის სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებაც.

უნივერსიტეტი ულოცავს ანა ფირცხალაშვილს ამ წარმატებას!

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინტელექტუალური თამაში „ჩვენ ვირჩევთ ნატოს“ გაიმართება

$
0
0

ნატოს დღეების ფარგლებში, 26 აპრილს, 13:00 საათზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინტელექტუალური თამაში „ჩვენ ვირჩევთ ნატოს“ გაიმართება. ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 5-5 კაციანი ჯგუფები. თამაშის განმავლობაში მონაწილების მოუწევთ უპასუხონ ნატოს თემატიკაზე დასმულ შეკითხვებს.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სიმბოლური პრიზები.

ნატოს დღეები საქართველოში სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
2018 წლის აპრილში ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება.

ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების,პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

71 სკოლა კუთვნილი შენობის გარეშე –სად სწავლობენ მოსწავლეები?!

$
0
0

საქართველოში 71 მოქმედ სკოლას საკუთარი შენობა არ გააჩნია. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დღეს კერძო სახლებში, საბავშვო ბაღებში, საკრებულოებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში სწავლობენ, მათ შორის მაღაზიის შენობაშიც კი.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებულ ინფორმაციის თანახმად, სკოლის ყოფილი შენობებიდან მოსწავლეების სხვაგან გადაყვანა, ძირითადად, შენობის ავარიულობას, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება.

უწყების ინფორმაციითვე, აღნიშნული სკოლების ნაწილისთვის სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტირება, ნაწილისთვის კი 60-ბავშვიანი მცირეკონტინგენტიანი სკოლის პროექტირება/მშენებლობა.

EDU.ARIS.GE, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ სკოლების სიას, რომლებსაც საკუთარი შენობა არ გააჩნიათ და სასწავლო პროცესს სხვა შენობებში აგრძელებენ.

1.სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაყვანილია 2 ორსართულიან კერძო სახლში;

2.სსიპ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა გადაყვანილია მუნიციპალური საკუთრების შენობაში (სოფლის ადმინისტრაციის ყოფილი შენობა), სკოლისთვის გამოყოფილია 8 ოთახი, სწავლა კი ორ ცვლაში მიმდინარეობს;

3.სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა გადაყვანილია კერძო სახლში;

4.სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლა გადაყვანილია კერძო, ორსართულიან სახლში და ამავე სახლის ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში;

5.სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლა გადაყვანილია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ შენობაში;

6.ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლა გადაყვანილია, ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლაში;

7.სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამიშლოს საჯარო სკოლასთან მიერთებული სოფელ ლოკჭანდარის დაწყებითი სკოლა გადაყვანილია სოფელ ლოკჭანდარში მდებარე საკუთარი  სახლში;

8.სსიპ ბაქირ კარალოვის სახელობის სოფელ იფნარის საჯარო სკოლასთან მიერთებული სოფელ ორმაშენის დაწყებითი სკოლა გადაყვანილია სოფელი ორმაშენში მდებარე რიტუალების შენობაში;

9.სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლასთან მიერთბული სოფელ მამიშლარის დაწყებითი სკოლა, გადაყვანილია სოფელ მამიშლარში მდებარე კერძო შენობაში;

10.ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა გადაყვანილია მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;

11.ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლა გადაყვანილია მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებთან არსებული სამრევლო სკოლების შენობებში;

12.ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის შერწყმული სოფელ არზნეს დაწყებითი სკოლა განთავსებულია კერძო სახლში;

13.სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა გადაყვანილია სოფელ სიქთარვის საკრებულოს შენობაში;

14.სსიპ-თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის #2 საჯარო სკოლა გადაყვანილია ჩხარის (ყოფილი) იატაკის ფილების ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში;

15.სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლა 2003 წლიდან გადაყვანილია სსიპ ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის შენობაში.

16.სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა გადაყვანილია სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის შენობაში;

17.სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლასთან არსებული ლევიტანას დაწყებითი სკოლა გადაყვანილია ფიზიკური პირის შენობაში, საცხოვრებელ სახლში.

18.სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლასთან არსებული ბობნევის დაწყებითი სკოლა გადაყვანილია გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობაში;

19.სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლა გადაყვანილია სოფ. წყაროსთავის საბავშვო ბაღის შენობაში;

20.ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლა, რომელშიც შერწმულია სოფელ ქვედის დაწყებითი სკოლა, გადაყვანილია ონის მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობაში;

21.სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა დროებით განთავსებულია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საკრებულოსა და ნორიოს აგროფირმის შენობაში;

22.სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის #2 საჯარო სკოლა გადანაწილებულია ორ სკოლაში – სსიპ–რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის #1 საჯარო სკოლაში და სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლაში;

23.სსიპ-ქალაქ მარნეულის #1 საჯარო სკოლა გადაყვანილია სსიპ-ქალაქ  მარნეულის  #8 საჯარო სკოლაში;

24.სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლა გადაყვანილია სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში;

25.სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლა განთავსებულია შპს „რაკიინ-დეველოპ მენტის“ ადმინისტრაციულ შენობაში;

26.სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლა გადაყვანილია კერძო ნაქირავებ სახლში;

27.სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასები გადაყვანილია სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში;

28.სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა გადაყვანილია სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში;

29.სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა გადაყვანილია ფიზიკური პირების კერძო საცხოვრებელ სახლებში; (2 სახლი)

30.სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა (კოკათის დაწყებითი სექტორი) გადაყვანილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე;

31.სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა (ჯიხანჯირის დაწყებითი სექტორი) გადაყვანილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე;

32.სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლა გადაყვანილია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში;

33.სსიპ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა გადაყვანილია სოფელ ზემო მაჩხაანის კულტურის სახლში;

34.სსიპ ქალაქ ტყიბულის N2 საჯარო სკოლა გადაყვანილია კერძო მესაკუთრის შენობაში, ყოფილი მე-3 სკოლაში;

35.სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა გადაყვანილია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში;

36.სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა გადადის კერძო მესაკუთრის შენობაში;

37.სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის ერთი ნაწილი (5-9 კლასი)  ფუნქციონირებს  ყოფილი საბჭოს ავარიულ შენობაში;

38.სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთ კარის საჯარო სკოლის სოფელ დავათში მდებარე დაწყებითი კლასებიგადაყვანილია სოფლის ბიბლიოთეკაში;

39.სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლასთან ოპტომიზირებული სოფელ ფოლადაურის დაწყებითი კლასები გადაყვანილია ყოფილ ბავშვთა ბანაკის შენობაში;

40.შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა გადაყვანილია შუახევის მუნიციპალიტეტის წყალსაყრის თემის ადმინისტრაციული შენობაში;

41.სსიპ ქალაქ კასპის #1 საჯარო სკოლა გადაყვანილია სსიპ ქალაქ კასპის #3 საჯარო სკოლაში;

42.სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა გადაყვანილია, რენეს ყოფილი საბავშო ბაღის შენობაში;

43.სსიპ აფხაზეთის N1 საჯაროსკოლა ფუნქციონირებს, ყოფილი N62 პროფტექნიკური სასწავლებელის შენობაში. ამჟამად მიმდინარეობს შენობის სკოლის სარგებლობაში;

44.სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა 1997 წლის 1-ლი სექტემბრიდან ფუნქციონირებს სსიპ ქ. ქუთაისის N24 საჯარო სკოლის გამოთავისუფლებულ ორსართულიან ცალკე კორპუსში;

45.სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს კერძო მესაკუთრის ორსართულიანი შენობაში.

46.სსიპ ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის N11 საჯარო სკოლა გადაყვანილია ყოფილი კერძო კოლეჯ „ინტელექტის“ შენობაში;

47.სსიპ აფხაზეთის №12 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს სააქციო საზოგადოების „ზუგდიდის  ქაღალდი“ კუთვნილ შენობაში;

48.სსიპ აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში;

49.სსიპ აფხაზეთის №22 საჯარო სკოლა განთავსებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ  საბავშვო ბაღის შენობაში;

50.სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა გადაყვანილია ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში;

51.სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა გადაყვანილია საკუთარ სახლში;

52.სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს სოფლის ადმინიტრაციული შენობასა და ნაქირავებ კერძო სახლში;

53.სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების  საჯარო სკოლა გადაყვანილია ნაქირავებ კერძო სახლში;

54.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლა გადაყვანილია ამბულატორიასა და გამგეობის შენობაში;

55.კალისტრატე სალიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლა (ოპტიმიზირებული კანთის უბნის სკოლა)გადაყვანილია მაღაზიის შენობაში;

56.დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლა არის იმავე შენობაში, რომელიც მას ეკუთვნოდა, თუმცა ამჟამად შენობა საპატრიარქოს კუთვნილებაშია;

57.სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა გადაყვანილია საკრებულოს შენობაში;

58.სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა (კოხას დაწყებითი სკოლა) ფუნქციონირებს ფიზიკური პირის საკუთარ სახლში;

59.სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლას შერწყმული სოფელ წინუბნის დაწყებითი სკოლა გადაყვანილია ყოფილი სოფლის კლუბის შენობაში;

60.სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა გადაყვანილია სოფლის ყოფილი კულტურის სახლში;

61.სიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოსთან შერწყმული სოფელ ქორეთის დაწყებითი სკოლა საჯარო სკოლა გადაყვანილია ყოფილი ბაღის შენობაში;

62.სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა გადაყვანილია სოფლის ამბულატორიის შენობაში;

63.სოფელ მახაშის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს ასევე კერძო მოქალაქის კუთვნილ სახლში;

64.სოფელ თაბორის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს ასევე კერძო მოქალაქის კუთვნილ სახლში;

65.სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლასთან ადმინისტარციულად მიერთებული, სოფელ გორანის დაწყებითი სკოლა გადაყვანილია ნაქირავებ ფართში, საცხოვრებელ სახლში).

66.სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლასთან ადმინისტარციულად მიერთებული სოფელ ბალებისხევის დაწყებითი სკოლა გადაყვანილია სოფელ ბალებისხევის ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში;

67.სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლა გადაყვანილია ყოფილი კოლხეთმშენის საოფისე შენობაში.

68.სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საძელის საჯარო სკოლასთან შერწყმული ორალის დაწყებითი სკოლა ფუქნციონირებს სოფელ ორალის კლუბში;

69.სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლა გადაყვანილია, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ შენობაში;

70.სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს კერძო სახლში;

71.ქ. წალკის N1 საჯარო სკოლა (სოფელ კოხტაში დაწყებითი 1-4 კლასი) ფუქნციონირებს კერძო სახლში.

სკოლა მაღაზიაში – 19 მოსწავლის დაუჯერებელი სასწავლო პირობები წალენჯიხაში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

უსაფრთხო და სწავლაზე ორიენტირებული სკოლა, სადაც ყველა თანასწორია

$
0
0

კეთილგანწყობილი, კომფორტული, თანასწორუფლებიანი, სწავლაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემო არის ის, რასაც სკოლა „ლამპარი“ თავის მოსწავლეებს სთავაზობს. როგორც სკოლის დირექტორი თამარ მანძულაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, სკოლა მუდმივად აკონტოლებს მოსწავლეების სწავლების სწავლის ხარისხს და ზრუნავს მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

“ჩვენ ვუზრუნველყოფთ გარემოს, რომელიც მასწავლებელებისა და მოსწავლეებისთვის კომფორტული და პოზიტიური იქნება. გარემოს, რომელშიც განსხვავებული შეხედულებების ჩამოყალიბება მოსწავლეების განვითარებას შეუწყობს ხელს და მათ სხვისი აზრის პატივისცემისა და კრიტიკული აზროვნების უნარს განუვითარებს. ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობაზე (მათ შორის სსსმ) და აქტიურად ვიყენებთ მრავალფეროვან აქტივობებს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით განსხვავებული მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის”, – აღნიშნა თამარ მანძულაშვილმა.

რა კრიტერიუმებით აფასებს სკოლა სწავლის ხარისხს და როგორ ახდენს მის კონტროლირებას?

– ჩვენ ვიყენებთ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას და ვითვალისწინებთ მოსწავლეთა საჭიროებებს. მათ ეძლევათ დროში და სივრცეში ორიენტირებისათვის პრაქტიკული დავალებები, რითაც არსებული ცოდნის ტრანსფერს ახდენენ.

ამასთან, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შექმნაში. მოსწავლეთა გარეგანი და შინაგანი მოტივაციის, სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მათი აკადემიური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით მუდმივად ვაკონტროლებთ ინფორმაციას მათი მიღწევებისა და წარმატებების შესახებ.

– რამდენად აქტიურად ახდენს სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და რა აქტივობებეს ახორციელებთ ამ მხრივ?

– სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაა. შესაბამისად. ამ მხრივ არაერთ აქტივობას ვთავაზობთ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე ზოგადი ფიზიკური მომზადების თვალსაზრით ეწყობა მხიარული სტარტები, უპირატესობა თამაშებსა და ჯგუფებს შორის შეჯიბრებას ეთმობა.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით კი სკოლაში არჩეულია სპორტის სამი სახეობა: მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი  და ბადმიტონი. სკოლა ჩართულია ქვეყნის საჭადრაკო ცხოვრებაში, ასევე მონაწილეობას ღებულობს ბოულინგის საქალაქო ჩემპიონატსა და კოკა-კოლას თასზე გამართულ შეჯიბრებებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სკოლა გეგმავს და აწყობს ექსკურსიებს და ლაშქრობებს, სადაც მოსწავლებთან ერთად ჩართულნი არიან მასწავლებლები და მშობლები.

მეტი ინფორმაცია სკოლის შესახებ

– სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა უსაფრთხო გარემო და ბულინგის პრობლემის აღმოფხვრა სკოლებში. როგორ უდგება თქვენი სკოლა აღნიშნულ საკითხს და რა პრევენციულ ნაბიჯებს დგამთ ამ მიმართულებით?

– გარდა იმისა, რომ სკოლის შენობას დაცვის პოლიცია იცავს, სკოლაში პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გვაქვს: ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;  ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა; გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები; დ) სკოლაში არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს.

ბულინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად და პრევენციის მიზნით სკოლაში ტარდება საუბრები, დისკუსიები, პროექტები, შესაბამისი კინოფილმების ჩვენება – განხილვა და ა.შ. უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენელთან.

– როგორია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მინისტრის ინიციატივით, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლაში მიმდინარე პროცესებში და მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა იყოს მშობელს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. თქვენ როგორ ახერხებთ მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფას და როგორია შედეგები?

– სასწავლო წლის ბოლოს მშობელთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით ხდება ახალი სასწავლო გეგმის შედგენა და ცვლილებების შესახებ მათი ინფორმირებულობა. ამასთან, მშობელი მუდმივად იღებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.

სკოლაში მოქმედებს მშობელთა კლუბი/მზურველთა საბჭო და ხორციელდება სხვადასხვა პროექტი მშობლების ჩართულობით, მათ შორის: „გაკვეთილი მშობლებს“ და „სურათი მშობლებთან ერთად“.

– გაგვიზიარეთ, რა პრობლემებს აწყდება კერძო სკოლა მართვის პროცესში, რაში ხედავთ შეზღუდვებს და როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა შეცვალოს სახელმწიფომ მიდგომა კერძო სკოლების მისამართით?

– ვფიქრობ, გადასახედია სახელმწიფოს მიდგომა კერძო სკოლის მასწავლებლებისადმი. არ არის ლამაზი, როდესაც მასწავლებლების დაყოფა იმის მიხედვით ხდება, თუ სად ასწავლის ის, საჯარო სკოლაში თუ კერძოში. ფაქტია, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ენიჭებათ პრივილეგიები. მაგალითად, მხოლოდ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვისაა ტრენინგები, დაზღვევა და შეღავათიანი ტარიფი საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ამასთან, კერძო სკოლისთვის პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მოწოდებაც, რომელიც ან გვიან მოგვდის ან საერთოდ არა.

სიახლეები სკოლის შესახებ

(R)

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუმრობდა

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფანი ბეკი სტუმრობდა, რომელსაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

აკადემიის რექტორმა სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა გააცნო და შეხვედრის ბოლოს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

კსუ-ში მედიცინის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი ჩატარდა –რა სიახლეები ინერგება ამ კუთხით

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოწვევით, ფაკულტეტის საბჭოს გაერთიანებული სხდომა და მედიცინის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დროს, ლალი მეკოკიშვილმა – მედიცინის სწავლების დარგობრივ სტანდარტზე იმსჯელა და ის სიახლეები და გამოწვევები გააცნო პროფესორ-მასწავლებლებს, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

ახალი სტანდარტები 15 დოკუმენტზე და გლობალურ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა და შედეგებსა და კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლას, ცოდნის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ინტეგრირებას, 360 გრადუსიან შეფასების სისტემას, ახალი სტანდარტების მიხედვით გაწერილ ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული (OSPE) და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების (OSCE) ჩატარების მნიშვნელობას, PB-ელის დანერგვას, პორტფოლიოსა და იმ მნიშვნელოვან მახასიათებლებს აეთიანებს, რასაც თანამედროვე განათლების სისტემა გულისხმობს.

ლალი მეკოკიშვილის გამოსვლის შემდგომ, დამსწრე საზოგადოების წინაშე, მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისური საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი – ნინო სიხარულიძე, მოწვეული ექსპერტი – თამარ კეზერელი და კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი – ეკატერინე ყიფიანი წარსდგნენ.

მომხსენებლებმა ახალი სტანდარტების მიხედვით გაწერილ ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული (OSPE) და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების (OSCE) მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებში, ამ ტიპის თანამედროვე გამოცდის დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს.

კსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა – ეკატერინე ყიფიანმა – შეკრებილ აუდიტორიას, ცენტრის საქმიანობა, მიზნები, გამოწვევები და არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნო.

ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს, სერტიფიკატები გადაეცათ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო

$
0
0

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფის ორგანიზებით დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი.

25 აპრილს ლიტერატურათმცოდნემ, ჟურნალ „ცისკრის“ მთავარმა რედაქტორმა, ამირან გომართელმა ჩაატარა ლექცია თემაზე: “კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა”.

ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.


როგორ ვისწავლოთ უფასოდ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში

$
0
0

ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლება არის ფუფუნება, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისთვის არის. საქმე არა მხოლოდ სწავლების მაღალ საფასურშია, არამედ სტუდენტების არჩევის რთულ პროცესშიც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კურსზე მოსახვედრად ინტერვიუს გავლა არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად, ჩაბარების დროს უამრავი ადამიანი იჭრება.

თუმცა ინტერნეტისა და უნივერსიტეტების ინიციატივით, შესაძლებელი გახდა სასურველი კურსის სრულიად უფასოდ გავლა. ბრიტანულმა გამოცემამ Times Higher Education (THE) მსოფლიოს 1000 საუკეთესო კურსის რეიტინგი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში მხოლოდ ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტები მოხვდნენ. ამიტომ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ კურსების უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა, თუმცა ზოგი მათგანი სუბტიტრებით არის უზრუნველყოფილი.

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
  2. კემბრიჯის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
  3. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი – აშშ
  4. სტენფორდის უნივერსიტეტი – აშშ
  5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი – აშშ
  6. ჰარვარდის უნივერსიტეტი – აშშ
  7. პრინტონის უნივერსიტეტი – აშშ
  8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი – დიდი ბრიტანეთი
  9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი – აშშ
  10. პენსილვანიის უნივერსიტეტი – აშშ

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსები

 1. ოქსფორდის უნივერსიტეტი

ამ უნივერსიტეტმა გამომცემლობა Times Higher Education (THE)-ის მიერ წარმოდგენილ სიაში მოწინავე ადგილი დაიკავა და მსოფლიოში საუკეთესო სასწავლო დაწესებულების წოდება მოიპოვა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ონლაინ კურსები რამოდენიმე ფორმატშია ხელმისაწვდომი: პოდკასტები, ტექსტები და ვიდეოები. უნივერსიტეტის საიტზე ასევე შესაძლებელია აუდიოლექცების მოძიებაც.

აი რამოდენიმე მათგანი:

2. კემბრიჯის უნივერსიტეტი

რეიტინგის მეორე ადგილი კიდევ ერთმა კლასიკურმა ბრიტანულმა სასწავლო დაწესებულებამ დაიკავა. გთავაზობთ რამდენიმე კურსს, რომელიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი:

3. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

ეს ამერიკული სასწავლო დაწესებულება კერძო კვლევით ცენტრს წარმოადგენს და ის პასადენეში მდებარეობს. ინსტიტუტის კურსები უფასოდ არის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პლატფორმებზე Coursera და edX.

4. სტენფორდის უნივერსიტეტი

ისედაც პრესტიჟული სასწავლო დაწესებულება კიდევ უფრო პოპულარული ცნობილი გამოსვლის: ,,იპოვე ის, რაც გიყვარს“ შემდეგ გახდა. 2011 წელს კურსდამთვარებულების წინაშე კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი წარდგა. აღსანიშნავია, რომ ის თვითონაც სტენფორდის უნივერსიტეტეში სწავლობდა, მაგრამ ის არ დაამთვარა.

5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT)

ცნობილი ამერიკული სასწავლო დაწესებულება კემბრიჯში, შტატ მასაჩუსეტსში მდებარეობს. უნივერსიტეტის კურსების ნახვა როგორც მის საიტზე, ისე პოპულარულ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმებზეა შესაძლებელი.

6. ჰარვარდის უნივერსიტეტი

ის ისევე როგორც MIT კემბრიჯში მდებარეობს. ამ უნივერსიტეტის კურსების მოსმენა პლატფორმაზე edX არის შესაძლებელი, რომელიც ამ სასწავლო დაწესებულების ინიციატივით შეიქმნა.

7. პრინსტონის უნივერსიტეტი

ნიუ-ჯერსიში განლაგებული უნივერსიტეტი აშშ-ს უძველესი სასწავლო დაწესებულებების სიაში შედის. THE-ს რეიტინგში მან ლიდერების შვიდეული დახურა.

8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი

ონლაინ კურსები, რომელთაც ეს ბრიტანული სასწავლო დაწესებულება გვთავაზობს, ძირითადად ბიზნესსა და ეკონომიკას ეხება, თუმცა თვითონ უნივერსიტეტის სპეციალიზაცია ბევრად უფრო ფართოა.

9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი

ამ უნივერსიტეტს საკუთარი პლატფორმა არ გააჩნია, ამიტომ ის კურსებს საგანმანათლებლო პროექტის Class Central საიტზე ანთავსებს.

10. პენსილვანიის უნივერსიტეტი

კიდევ სად შეიძლება კურსების მოძიება:

Coursera – ეს არის ონლაინ კურსების ყველაზე ცნობილი და ფართო ბაზა. აქ თავიანთ ლექციებს უცხოური უნივერსიტეტები ათავსებენ . გარდა ამისა, საგანმანათლებლო ვიდეოებისა და ლექციების გასავრცელებლად ამ პლატფორმით ისეთი ცნობილი კომაპნიები სარგებლობენ, როგორიცაა Google.

edX – ამ პლატფორმაზე ძირითადად ამერიკული სასწავლო დაწესებულებების კურსებია თავმოყრილი, თუმცა აქ ჩინეთის, ავსტრალიიისა და ზოგიერთი უმაღლესი ევროპული სკოლის პროფესორების ლექციებსაც შეხვდებით.

Futureეს პროექტი ბრიტანული უნივერსიტეტების დიდ ნაწილსა და კვლევით ორგანიზაციებს აერთიანებს. კურსები არა მხოლოდ ლექციებს, არამედ საკონტროლო ტესტირებებსაც მოიცავს. პლატფორმაზე ბევრი ისეთი მასალაა თავმოყრილი, რომლიც გამოყენებაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს არის შესაძლებელი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი

წყარო: BBC

გთუნიში სოფო კილაძემ და არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო შეხვედრა გამართეს –რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შესახებ

$
0
0

დღეს, 26 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მე-17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი სტუდენტებს შეხვდნენ და ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრნენ:

  • რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შესახებ;
  • რატომ ევროკავშირი: რა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს საქართველოსათვის ევროკავშირს;
  • ვიზალიბერალიზაცია: პროცედურები, შეზღუდვები;
  • საქართველო და უსაფრთხოების საკითხები: დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა; საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში და სხვა.

საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

პედაგოგის წერილი, რომელმაც განათლების მინისტრამდე ვერ (არ) მიაღწია

$
0
0

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი სტუმარი ამჟამად უმუშევარი, თელავის მე-4 საჯარო სკოლიდან 2017 წლის 3 ივლისს გათავისუფლებული პედაგოგი ცისანა სტურუაა.

როგორც მან გვითხრა, ეს წერილი, მიუხედავად მისი არაერთი მცდელობისა განათლების მინისტრამდე ვერ აღწევს მისთვის უცნობი მიზეზის გამო. თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, მინისტრს წერილს გაცნობიერებულად არ აწვდიან. გათავისუფლებულმა პედაგოგმა მიმართა როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურას.

ვიდრე უშუალოდ წერილზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ 2 დღის წინ, სასამართლომ სამართლიანად ცნო სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება პედაგოგ ცისანა სტურუას სკოლიდან გათავისუფლების შესახებ:

„ღია წერილი განათლების მინისტრს,

ბ-ნ მ. ჩხენკელს

ბატონო მინისტრო, 18.07.2017 წელს, თქვენს სახელზე, გამოვაგზავნე განცხადება, რომლის პასუხმა, ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ მინისტრამდე არ აღწევს პედაგოგების  გულისტკივილი. ამიტომ გაწვდით, ამ ფორმით. მითუმეტეს, თქვენს სახელზე გამოგზავნილი განცხადება იყო, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადების ასლი.

ბატონო მინისტრო, გთხოვთ გამოითხოვოთ აღნიშნული განცხადება, ვინაიდან, ამ განცხადებაში მოყვანილი მგავსი ფაქტები განათლების სისტემაში არ მომხდარა.

ამ განცხადებით გაეცნობით, თუ პედაგოგი (იგულისხმება თავად ცისანა სტურუა) როგორ ახორციელებდა II კლასელ მოსწავლეებზე ინკვიზიციურ მეთოდებს! 7-8 წლის ბავშვებს ხელებაწვდილი, დაფასთან 40 წუთის განმავლობაში აყენებდა და თან, არ გაინძრეო ეუბნებოდა! თავს კედელზე არტყმევინებდა, თმებს ქაჩავდა, წიგნს თავში ურტყამდა, ტუალეტში არ უშვებდა. კბილატკიებულ ბავშვს, ჯერ მოქაჩა თმები, მერე ხელებაწვდილი დააყენა და თან სჯიდა.

ბატონო მინისტრო, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ უნიჭო სცენარის ავტორი და რეჟისორი, თვით, თელავის მე-4 საჯარო სკოლის, დირექტორი, ეკატერინე გიგიტელაშვილია, რომელიც ისე გახდა დირექტორი კანონის დარღვევით, რომ  მას არა თუ პედაგოგობის მუშაობის სამი წლის სტაჟი, ერთი დღისაც არ ჰქონდა, და არც არანაირი მუშაობის სტაჟი. ცხადია, პედაგოგის ღირსების განცდა არ ექნებოდა და ამიტომ სხვის ღირსებასაც არ სცემდა პატივს. იგი სისტემურად იყენებს მშობლებს და მოსწავლეებს ბრმა იარაღად, აწერინებს ცრუ ბრალდებებს, გადასცემს დისციპლინურ კომიტეტს და ასეთი მეთოდით უკვე რამდენი პედაგოგი გაუშვა სახლში.

ასე მოხდა ჩემთან მიმართებაშიც, იმ სატანური ბრალდებების საფუძველზე, შეადგინეს ოქმი N11, მაგრამ ამჯერად მეტი დამაჯერებლობისათვის ფსიქოლოგიც ჩაერთო  და მეც გამიშვეს სახლში, 48 წლის სტაჟისა და უამრავი წარმატების, დამსახურებული პედაგოგი, გამიშვეს ასეთი თაღლითური ქმედებით.

ბატონო მინისტრო, თუ რამდენად შეეფერება ყოველივე ეს სინამდვილეს, ოქმი N11-დან მოვიყვან კლასის ხელმძღვანელების ნათქვამი: „ისინი ვერ იხსენებენ პედაგოგთა და მოსწავლეებს შორის დაძაბულ ვითარებას, მშობლებს არასდროს პრეტენზია პედაგოგების მიმართ არ დაუყენებიათ“. რატომ?

ამასთან მოგახსენებთ, რომ კლასის ხელმძღვანელებს ესმოდათ და ხედავდნენ როგორ მეხვეოდნენ მოსწავლეები სიყვარულით და სითბოთი „გვიყვარხართო“, და მეც ვპასუხობდი, „მე უფრო ძალიან მიყვარხართ მეთქი“. მთელი სასწავლო წელი, ამას ვერ უარყოფენ კლასის ხელმძღვანელები, რომლებიც უსმენდნენ და ხედავდნენ. … მათ აქტიურად შეუწყვეს ხელი,  ვერ აწყენინეს დირექტორს.

რას ამბობენ მშობლები ოქმში: „ჩვენ ვიცოდით, რომ სისტემატურად ხდებოდა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა…“ აქვე ისინი ამბობენ, რომ მაინც ჩუმად იყვნენ და არ ამჟღავნებდნენ აღნიშნულ კლასებში დაძაბულ სიტუაციას, ვინაიდან ითვალისწინებდნენ პედაგოგის ასაკს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა“.

საკუთარი შვილების საფრთხეზე იყვნენ ჩუმად?

ბატონო მინისტრო, ვიცოდით, ვითმენდით… და მაინც ვითვალისწინებდით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდაო. ეს ამონარიდები თავისთავად პასუხს აძლევს იმას, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში, აბსოლუტურად, ყველაფერი აბსურდია, თუნდაც ერთი სიტყვა იმ ბრალდებებიდან სიცრუეა.

„არ თქმა იგივე დანაშაულია და ხელშემწყობი“. მით უმეტეს დედების და არა დედინაცვლების მიერ. თუ მე ეს ბრალდებები არ დამიმიტკიცდა, ისინი დადგებიან კანონის წინაშე, დედობის ჩამორთმევის უფლებით.

ბატონო მინისტრო, ჩამობრძანდეს შიდა აუდიტი, რომ დუმს, რამდენი ასეთი განცხადება დევს ამ სკოლიდან, გამოითხოვეთ! ჩაატარონ ანონიმური გამოკიხვა, (ვინაიდან ეშინიათ მმოპასუხეებს) რამდენ გამწარებულ და ღირსებაშელახულ პედაგოგის პრეტენზიას მოისმენენ. პედაგოგებზე გამოცხადებულ უამრავ საყვედურს, რამდენ სკოლიდან გაძევებულ პედაგოგს და ამასთან, ვინც ვეღარ გაუძლო და პროტესტის ნიშნად დატოვა სკოლა არაპენსიონერმაც, იმათ ისტორიებსაც მოისმენთ.

ბატონო მინისტრო, ქალბატონმა დირექტორმა ისიც კი გაბედა, შეიძლება ვერც დაიჯეროთ, წინა დირექტორის განაწილებით მოცემული მათემატიკის საათები ჩამომართვა და მომცა მხოლოდ და მხოლოდ 2 საათი  და ისიც სპორტის, თან გამოძებნილი, როცა დაწყებით კლასებში, სხვა პენსიონერ პედაგოგებს ჰქონდა 16,18 საათი და ამასთან კლასის ხელმძღვანელობაც.

გთხოვთ, ყოველივე აქედან გამომდინარე, ოქმი N11-ის მართებულობა შეისწავლოთ, ვინაიდან ერთ დროს ავტორიტეტულ სკოლას, დღეს დაშლა ემუქრება. თუ დაუშვებთ ჩემ თქვენთან შეხვედრას,  ამის დიდი სურვილი მაქვს.

უღრმესი  პატივისცემით,

ცისანა სტურუა

ცვლილება, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის გამარტივების შესახებ, მესამე მოსმენით მიიღეს

$
0
0

„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის გამარტივებას ეხება, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს.

საკითხის განხილვისას, დეპუტატებს შორის დისკუსია მოჰყვა პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტიდან ამოღებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის დანიშვნისას ასაკობრივი ცენზი აღარ არსებობდა და ამ თანამდებობას 65 წელს ზემოთ მყოფი პირიც დაიკავებდა.

როგორც საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განმარტა, ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის დირექტორის დანიშვნა ასაკის გამო აღარ იქნებოდა შეზღუდული წინა განხილვების დროს დიდი დისკუსია გამოიწვია და სწორედ ამიტომ მოხდა მისი კანონპროექტიდან ამოღება.

ცვლილების მიხედვთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიის შემადგენლობის უმრავლესობით, 14 დღის ვადაში ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამასთან, ერთი პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

დღეს მოქმედი კანონით კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს არა აკადემიური საბჭო, არამედ საარჩევნო კოლეგია.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება მაგისტრატურაში სწავლის მიზნებსაც, რომლებიც კონკრეტული პუნქტებით განისაზღვრება.

მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:

ა) შესაბამისი მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის ღრმადა სისტემური ცოდნის დაუფლება და შესაბამისი უნარების გამომუშავება, რაც ამზადებსპირს მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისგათვალისწინებით ან/და დოქტორანტურაში სწავლისთვის;

ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა);

გ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიპედაგოგიური მოღვაწეობისთვის მომზადება;

დ) პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

აღნიშნულ პუნქტებს ემატება ისიც, რომ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ანსასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელთა საფუძველზეც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების/დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ერთკვირიანი სწავლება დასრულდა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის დონის სწავლება რუკის გამოყენებით (MAPEX), რომელშიც მონაწილეობას აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან ერთად ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და მოლდოვის სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ.

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ბრიგადის დონეზე განიხილეს თავდაცვისა და თავდასხმის მოქმედებები, ასევე გაეცნენ რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სტრატეგიულ გეგმას.

აღნიშნული სწავლების მიზანს საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ნატოს ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენდა.

სწავლების მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საქართველოში ლიტვის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცეს.

Viewing all 14571 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>