[1-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)
26/07/2019 – 01/08/2019
EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის
საპილოტე გამოშვება
სკოლამდელი განათლება
§
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 9 საგანმანათლებლო დაწესებულების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებს. მათ შორის, N4 და N144 ბაგა-ბაღის შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.
N4 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ნაგებობას ამორტიზებული ჰქონდა ძირითადი ნაწილი, იშლებოდა ფასადი, დაზიანებული იყო კიბე. ამჟამად მიმდინარეობს ავარიული ნაწილების დემონტაჟი, საძირკვლის გამაგრება და ფასადის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი.
რაც შეეხება N144 ბაგა-ბაღს, სამუშაოები ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება. ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს ოქტომბრის თვეში მიიღებს.
ზოგადი განათლება
§
სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, თბილისს აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე ტიმ ჩეპმანი ეწვია. სასკოლო მედიაციის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იგი სპეციალური მოხსენებით წარსდგა.
უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის კონცეფციასა და სტანდარტულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და მათ შორის, მედიაციის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული.
§
26 ივლისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეს ქაიან ბელქანიას, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებით, ასტრონომიითაა დაინტერესებული, საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ წიგნები გადასცა. ფონდი მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეს მომავალშიც დაეხმარება დარგობრივი წიგნებითა და ,,ელსევიერის“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე უფასო წვდომით.
§
განისაზღვრა 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ვადები. მობილობა დასაშვებია მთელი წლის განმავლობაში, გარდა ბრძანებაში მითითებული პერიოდებისა: მოსწავლეთა მობილობა არ განხორციელდება 1-ლი სექტემბრიდან 1-ლ ოქტომბრამდე, ასევე, მეორე სემესტრში – მე-12 კლასელთათვის. ამ პერიოდში, მხოლოდ სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული სიტუაციის შესატყვისი გადაწყვეტილება.
§
28 ივლისს პარიზში, ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებს ბრინჯაოს ორი მედალი გადაეცა.
პროფესიული განათლება
§
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროფესიული კოლეჯების დირექტორების პოზიციაზე კონკურსი 2019 წლის აპრილის თვეში გამოაცხადა, თუმცა კონკურსის შედეგები ჯერაც არ არის ცნობილი. შესაბამისად უცნობია, რომელ სასწავლო დაწესებულებაში დარჩება ძველი დირექტორი და რომელში შეიცვლება.
სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირინა წეროძის თქმით, კონკრეტული ვადები ამ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით განსაზღვრული არ არის, შედეგები კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
საინტერესოა, როგორ აისახება პროფესიული სასწავლებლების მუშაობის ხარისხზე ასეთი ხანგრძლივი გაურკვევლობა?
უმაღლესი განათლება
§
25 ივლისს თსუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა. კონფერენცია მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებით იყო წარმოდგენილი. აღინიშნა, რომ კონფერენციაში ჩართვა არასახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებსაც შეეძლებათ, სხვა შემთხვევაში, კონფერენციის გაცხადებული პრინციპების: აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია, არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და სხვა. დაცვა ძნელად მოხერხდება.
§
31 ივლისს, 18 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა რუსულენოვანი შეტყობინება უნივერსიტეტში ბომბის არსებობის შესახებ. მაშინათვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს.
პოლიციამ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები, მაგრამ ბომბი არ აღმოჩენილა. 1-ლი აგვისტოდან უნივერსიტეტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
§
31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დაახლოებით 87%-მა ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა, ხოლო 13%-ის შედეგები ამ ზღვარზე დაბალი აღმოჩნდა, რის გამოც გამოეთიშა პროცესს.
მინიმალური ზღვარის გადალახვის სტატისტიკა ტესტების ვარიანტების მიხედვით ასე გამოიყურება:
I ვარიანტი – 86,27%
II ვარიანტი – 87,66%
III ვარიანტი – 87,75%
IV ვარიანტი – 86,40%
სტატისტიკა მომზადებულია ქართულენოვანი აბიტურიენტების შედეგების საფუძველზე.
§
1-ლ აგვისტოს 2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.
§
Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ინფორმაციით, გამოქვეყნდა პროგრამა ჟან მონეს წლევანდელი კონკურსის შედეგები. გამარჯვებულთა შორის 6 ქართული პროექტია:
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი – „ევროკავშირის სამართლის ჟან მონე კათედრა“, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – „ევროპის იდეა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, პროფესორი ემზარ ფაჟავა;
- კავკასიის უნივერსიტეტი – „ევროკავშირის შესახებ სწავლების ეფექტი სკოლებში“;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია – „საქართველო და აღმოსავლეთის პარტნიორობა: წარმატებული თანამშრომლობის 10 წელი“;
- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი – „ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავება ეთნიკურ უმცირესობებში“;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი – „იმოქმედე ევროპისთვის“;
არაფორმალური განათლება
§
პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და მასში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საუკეთესო შედეგების მქონე 750 მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
სამეცნიერო ბანაკის თითოეულ ნაკადში ბანაკის მონაწილეთაგან საუკეთესო მოსწავლეები შეირჩევიან, რომელთა ნაწილი შვეიცარიაში, CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) გაემგზავრება, ნაწილი კი – პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ინგლისური ენის ბანაკის მოსწავლეებიდან საუკეთესოები კი, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრებიან.