Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14442 articles
Browse latest View live

ექნებათ თუ არა უნივერსიტეტებს მიღება მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე ნოემბრის გამოცდების შემდეგ

$
0
0

ნოემბერში ჩატარებული მასწავლებლების გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. აპლიკანტებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი და მოიპოვეს 10 კრედიტი, აინტერესებთ მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება ექნებათ თუ არა უნივერსიტეტებს.

როგორც EDU.ARIS.GE-მ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან შეიტყო, მათ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება სექტემბერში უკვე დაასრულეს და დამატებით აღარ გეგმავენ კონკურსის გამოცხადებას.

„მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე სრულიად საქართველოს მასშტაბით მიღება არის სექტემბრის დასაწყისში. დასრულდა უკვე პროცესი. 120 ადამიანი მივიღეთ უფასოდ. მიღება არის წელიწადში ერთხელ. ამას განსაზღვრავს კანონი. სტუდენტი ირიცხება საშემოდგომო სემესტრის დასაწყისში“, – გვითხრეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღებას არ გეგმავენ ნოემბრის გამოცდების შემდეგ არც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში, არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. EDU.ARIS.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად სწორედ ამ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა.

„ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებული. მიღება სექტემბერში გვექნება. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ამ ეტაპზე, რომ შეიძლება გაუქმდეს. ზუსტი პასუხი გვეცოდინება დაახლოებით მაისში. ამ ეტაპზე მიღება არ გვაქვს. სექტემბრის დასაწყისში იყო მიღება და ახლა აღარ არის“, – გვიპასუხეს ილიაუნის ცხელ ხაზზე.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე კადრები შეიძლება მიიღოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თუ ამის ნებას დართავენ სამინისტროდან. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ EDU.ARIS.GE -ს განუცხადა, მათ შესავსები დარჩათ 20 ადგილი და კონსულტაციას გაივლიან იმის თაობაზე, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, დამატებით კიდევ აიყვანონ პროგრამაზე სწავლების მსურველები.

„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სექტემბერში მიღება. 70 დაფინანსებული ადგილი იყო. სულ 100 ადგილი გვქონდა და 80 შევავსეთ. 100 ადგილი გვაქვს გამოცხადებული. მეტი კვოტა არ გაქვს. ეს ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული. 80 უკვე შევავსეთ და იმ 20-ზე შეგვიძლია ვიფიქროთ.

„ყველა მოდული არ გვაქვს. ინტეგრირებული კურსებია და შესაძლოა ვერ მივიღოთ მსურველები, რადგან ჩვენს პროგრამასთან არ ჰქონდეს თავსებადობა. გვაქვს ისტორია, სამოქალაქო განათლება,  ქართული ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და გეოგრაფია. მომზადებული გაქვს მოდული ქართული როგორც მეორე ენა და მომავალი სექტემბრისთვის აუცილებლად მივიღებთ მსურველებს ამ პროგრამაზეც.

„სწავლებას ვახორციელებთ ახალციხის და ახალქალაქის კორპუსებში. მასწავლებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს. შარშანაც არსებობდა ახალციხის და ახალქალაქის ჯგუფი და წელსაც ასე გვაქვს. არაქართული სკოლების წარმომადგენლები არიან ძირითადად ახალქალაქში, მაგრამ პროგრამა აბსოლუტრად იდენტურია. ერთი ჯგუფი გვაქვს ახალქალაქის კორპუსში  უცხო ენების (რუსული, ინგლისური) და მეორე სტემის საგნების ჯგუფი. ნინოწმინდიდანაც დადიან ახალქალაქის კორპუსში.  დღეების შეთანხმებაც ხდება პედაგოგებთან. სასწავლო დღეებია პარასკევი შაბათი და კვირა“, – აღნიშნა მაკა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის გამოცდები ორჯერ ჩატარდა, ერთხელ ზაფხულში, მეორედ კი შემოდგომაზე, ნოემბერში. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე სასწავლებლად აპლიკანტმა აუცილებლად 10 კრედიტქულა უნდა მოიპოვოს, ანუ დააგროვოს გამოცდაზე არსებული ქულების 60%-ზე მეტი. 60-კრედიტიან პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად პედაგოგმა, ან მასწავლებლობის მსურველმა ასევე უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის შიდა გამოცდა წერილობით, ან გასაუბრების სახით, იმის მიხედვით რომელი უნივერსიტეტი რა ტიპის გამოცდას ითხოვს.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა


უცხოურ ენებში აბიტურიენტებისთვის 2020 წლის გამოცდებზე ორი სიახლე იქნება –ტესტების ნიმუშები

$
0
0

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი ფორმატით ჩატარდება. სიახლეები სხვადასხვა საგანს შეეხო, მათ შორის უცხო ენების ტესტებსაც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების ტესტებში შინაარსობრივი ცვლილება განხორციელდა, ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) კი არ შეცვლილა.

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე: 

  • მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
  • მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.

ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

აუდიომასალა:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

მასწავლებლის სახლში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა

$
0
0

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია,რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლეები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

IBSU ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიების გახსნას ქართული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების დელეგაციების გარდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ეს კონფერენცია, რომელიც ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არის კარგი შესაძლებლობა, სადაც იკრიბებიან ექსპერტები და განიხილავენ უახლეს კვლევებს ამერიკის ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო კონტექსტში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ და მხარს ვუჭერთ აღნიშნულ ღონისძიებას შავი ზღვის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. აღნიშნული უნივერსიტეტი და მისი  პროგრამები უზრუნველყოფს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური ცოდნით. შემდგომში კი, კურსდამთავრებულებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში სხვადასხვა სექტორში მუშაობით, იქნება ეს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება თუ ბიზნეს წრეები”, – განაცხადა  ელიზაბეთ რუდმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს თქმით, კონფერენცია ყოველწლიურად ვითარდება და მასში უცხოელებთან ერთად უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტების მონაწილეობენ.

“ტარდება მე-12 ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია,ის ეხება სხვადასხვა თემებზე განათლებას ოლიტიკას, ეკონომიკას და ა.შ. მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი ქვეყნის ექსპერტი, მონაწილეობენ ჩვენი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. კონფერენცია წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან და ვფიქრობ, რომ ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების გაზრდას და მათ ურთიერთობას იმ პროფესორებთან, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობენ. ძალიან კარგია, რომ ამ კონფერენციას ვატარებთ ამერიკის საელჩოს დახმარებით და ვფიქრობთ, რომ საერთო ჯამში კარგი ღონისძიება გვექნება”,- ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

კონფერენცია სამი ვორკშოფისგან შედგება და ჯამში ქართველი და უცხოელი ავტორების 40-მდე მოხსენება იქნება განხილული.

„თინეიჯერების 58% დაავადებულია ლუდომანიით“

$
0
0

არასამთავრობო ორგანიზაციის “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ინფორმაციით, საქართველოში 3 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონი აზარტულ თამაშებშია ჩართული. იმავე ორგანიზაციის ინფორმაციით, თინეიჯერების 58% დაავადებულია ლუდომანიით, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე ამ სენის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. თამარ ჯაფარიძე ლუდომანიაზე დამოკიდებულების გამო სუიციდის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ივლისის თვიდან დღემდე ასეთი 20 შემთხვევა იყო.

“სტატისტიკა შემზარავია. ლუდომანია, ეს არის უმძიმესი სენი, ადიქციური ფორმა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებრივ მზრუნველობას. ყველაზე მეტად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული და მე ძალიან მაოცებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარე მდგომარეობა. სუიციდის სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 6 თვის მონაცემი არის 209 განხორციელებული მცდელობა, მაგრამ ამ 209 შემთხვევიდან შსს-ს არ აქვს არანაირი ფილტრაცია გაკეთებული. ჩვენი მოძიებით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, 20 სუიციდის ფაქტია მომხდარი”, – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებთან წვდომის შეზღუდვისთვის პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა

თ.ვ.

წყარო: რუსთავი2

მანდატურები რეგიონების 13 ახალ საჯარო სკოლაში შევიდნენ

$
0
0

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 13 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა.

დღეიდან მანდატურები წარმოდგენილი იქნებიან: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისისა და სოფელ ძეგვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის, სოფელ ქვეშის, სოფელ პატარა გარეჯვის და სოფელ შავშვების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის და სოფელ რუსის N3, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლებში.

კონკურსის წესით შერჩეულმა მანდატურებმა  შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსის გაიარეს. გაფართოების გეგმის თანახმად, 2019 წელს მანდატურის სამსახური უკვე შევიდა 130 ახალ საჯარო სკოლაში. ამ ეტაპზე, მანდატურები წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. 2020 წელს სამსახური კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.

საქსტატი: სკოლებში მასწავლებელთა რიცხვი 5%-ით შემცირდა

$
0
0

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში წინა წელთან შედარებით, პედაგოგთა რაოდენობა 5%-ითაა შემცირებული.

„2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პედაგოგების რაოდენობა 2015/2016-2019/2020 სასწავლო წლებში“,- ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სკოლის მოსწავლეთა შორის რაოდენობით ბიჭები ლიდერობენ –სასკოლო სტატისტიკა

$
0
0

საქსტატმა 2019-2020 წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2015/2016-2019/2020 სასწავლო წლების დასაწყისისთვის.

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (34.7%) თბილისში სწავლობს.

2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი.აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, სკოლის დატოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მე- 9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებშია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, სქესის და კლასის მიხედვით, წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში.

2019/2020 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 151 186 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ


მომავალი წლიდან სკოლებს სსსმ  მოსწავლეების სწავლების დაფინანსების ახალ მოდელს შევთავაზებთ –მინისტრის მოადგილე

$
0
0

განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების სწავლებისთვის დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც მისი თქმით უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე დღესაა.

რამდენიმე დღის წინ, მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა, სადაც ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები და არსებულთან შედარებით გაიზარდა.

საჯარო სკოლებს სსსმ მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებით დაფინანსების ოდენობები შეეცვალათ – თანხები

„დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ ახლა დავასრულეთ ზუსტად ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც არსებობდა ის არ იყო საკმარისი. ჩვენ უკვე მომავალი წლიდან დაფინანსების ახალ მოდელს შევთავაზებთ სკოლებს, რომელიც ცოტა უფრო მრავალფეროვანი იქნება. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან წესი ჯერ დამტკიცებული არ არის. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ დაფინანსება მიდის სპეციალისტების დაფინანსებაზე, მიდის იმ საგანმანათლებლო რესურსებზე, რომლებიც მათ სჭირდებათ სასწავლო პროცესის დროს და ყველა იმ საჭიროებაზე, რაც თითოეულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვისაა აუცილებელი. ხელფასებს ზრდაც იგულისხმება და საკმაოდ გაზრდილი ბიუჯეტია, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ დასამტკიცებლად, ის იქნება გათვლილი, როგორც ადამიანური რესურსის დაფინანსებაზე, ასევე სხვა მატერიალური თუ ტექნიკური რესურსების შეძენაზე“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა

$
0
0

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეს ექიმებმა ვირუსული მენინგიტი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროშიც ადასტურებენ. შემთხვევა ორი კვირის წინ გამოვლინდა.

უწყებაში განაცხადეს, რომ ამ სკოლაში ყველა პრევენციული ზომა ჩატარდა, რაც დეზინფექციასაც გულისხმობს, ხოლო სკოლაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ სკოლის სხვა მოსწავლეებსაც აქვთ მენინგიტის ნიშნები, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სხვა შემთხვევის შესახებ მათთვის ცნობილი არაფერია.

ვირუსული მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებაა, რომელსაც სხვადასხვა ვირუსი იწვევს და წარმოადგენს ასეპტიკური მენინგიტის ყველაზე ხშირ მიზეზს.

წყარო: imedinews.ge

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ცნობილია

$
0
0

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების გამოცხადება 26 ნოემბრიდან დაიწყო. დღეს ცნობილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტირების შედეგები გახდა.

შედეგების გაგება შესაძლებელია ვებგვერდზე: online.naec.ge. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრია).

ასევე გამოქვეყნდა:

მასწავლებელთა შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურების საგანების სწორი პასუხები და შეფასების სქემები

გამოცდების სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე  გამოქვეყნდება.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება.

საქართველოში, ბოლო 9 წელიწადში, 4000-ზე მეტი თინეიჯერი დამნაშავე გამოვლინდა

$
0
0

2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 4000-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი დაბალია. ამის შესახებ, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების და გამოწვევებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ისაუბრეს, სადაც იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა 2010 წელს დაიწყო, როდესაც განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე გადაწყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამავდროულად არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე. განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების პირობებში განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას, როგორც სრულუფლებიანი წევრი.

2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 4000-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებამ კიდევ უფრო გაამყარა არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა კანონდამრღვევების მიმართ აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენების შესაძლებლობები.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიზანია დაეხმაროს დამნაშავეს, გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები, გაუჩნდეს თანაგრძნობა დაზარალებულის მიმართ. აღდგენითი მართლმსაჯულება არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი მოიცავს მხარეთა ჩართულობას, როგორც კანონდამრღვევის და დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოების და თემის მხრიდან.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს.

თ.ვ.

„წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს“ – PISA 2018 და ქართველი მოსწავლეების გაუარესებული შედეგები

$
0
0

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია.

PISA 2018 ქვეყნების სია და საქართველოს პოზიციები, რომელსაც ყაზახეთი და აზერბაიჯანიც უსწრებს

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, საქართველო ამ კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს (2012 წელს ამ ციკლში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია). ათწლიან ციკლს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მონაცემები გაუმჯობესებულია, თუმცა 2015 წელთან შედარებით, მაინც ნაკლებია.

„oecd-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს. დინამიკა ზრდადია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გენდერული ბალანსი გოგონების სასარგებლოდ მეტყველებს, ბიჭებთან შედარებით გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს.

PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ.

PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები (ანუ ის ერთეულები, რომლებშიც შეფასების შედეგები არის გამოსახული) ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს.

PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად.

PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა – ქაღალდზე.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს ძირითად მიზნებია იმის შეფასება, თუ:

  • რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;
  • რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს მიერ და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 +“ პროექტის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მინიმუმ 150 სკოლა და ამ სკოლებიდან შემთხვევით შერჩეული 4500- დან 10000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ამ კვლევას საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია – PISA ფოკუსირებულია მოზარდთა შესაძლებლობებზე, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს. მის სამიზნე ჯგუფს 15 წლის მოზარდები წარმოადგენენ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

ილიაუნიმ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სტუდენტებისთვის ინოვაციური სტარტაპების ბანაკი გამართა

$
0
0

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) გაიმართა ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის.

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ესენია: ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტი, ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი.

ბანაკის ორგანიზატორი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოა, რომელიც მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის’’ ფარგლებში ხორციელდება.

ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEAM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რათა მათ უკეთ შეძლონ კარიერის დაგეგმვა.

ლექციები ძირითადად დაეთმო ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავეს ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.

ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონის 30 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი შეირჩნენ ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამებიდან.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემია ჩართულია Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტში – აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გაიმართა პროექტის სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ბაკალავრიატის სხვადასხვა კურსის იუნკერები და მათთან ერთად მოხდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამომავლო აქტივობების დაგეგმვა. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიის იუნკერების მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პლაგიატის წინააღმდეგ, რომლის აქტიური ჩართულობითაც დაიგეგმება რიგი აქტივობები პლაგიატის სამომავლო შემთხვევების პრევენციისთვის.


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბილიარდო ჩემპიონატი გაიმართა

$
0
0

28 ნოემბერს, კლუბ „რიო“-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბილიარდო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა – გოგოები:

  • მონიკა არდაშელია (ბიზნესის ფაკულტეტი);
  • ეკატერინე მეზვრიშვილი (სამართლის ფაკულტეტი);
  • ანანო გუდაბანიძე (მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი);

ბიჭები:

  • ირაკლი გაჩეჩილაძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
  • ერეკლე ხიტალიშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
  • ბაბული ბარამია (ბიზნესის ფაკულტეტი);

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებენ.

2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა –სად ჩატარდება ტესტირება

$
0
0

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი ცნობილია. მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.

იხილეთ სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი საგნების მიხედვით:

8 იანვარს:

I სესია – მათემატიკაში;
II სესია – ბიოლოგიაში;

9 იანვარს:

I სესია – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
II სესია – ისტორიაში;

10 იანვარს:

I სესია – გეოგრაფიაში;
II სესია – ინგლისურ ენაში;

11 იანვარს:

I სესია – ქიმიაში;
II სესია – რუსულ ენაში;

12 იანვარს:

I სესია – ფიზიკასა და ფრანგულ ენაში;
II სესია – გერმანულ ენაში.

I სესიაზე – რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 10:00 საათზე;
II სესიაზე – რეგისტრაცია იწყება 14:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 15:00 საათზე.

ოლიმპიადის მეორე ტურის ჩასატარებლად გამოყოფილი კონკრეტული სკოლები.

იხილეთ სკოლების სია

საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ სამი საბავშვო წიგნი

$
0
0

PISA 2018-ის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში წიგნიერების პრობლემა დგას. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები გუშინ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია.

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ასახავს, ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი, 94% კი თამაშობს არა ნაყიდი სათამაშოებით, არამედ საოჯახო ნივთებით.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა 2018-2019  წლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე 300-ზე მეტი კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში.   საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი მონაცემების თანახმად, 2-4 წლის ასაკის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60%), ხოლო მამათა მონაწილეობა გაცილებით ნაკლებია (8%).

საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლობენ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. საბავშვო ბაღში დასწრება 10 პროცენტული პუნქტით მაღალია 4 წლის ასაკის ბავშვებში 3 წლის ასაკის ბავშვებთან შედარებით.

პირდაპირი კავშირი არსებობს საბავშვო ბაღში სწავლასა და სიღარიბეს შორის, უმდიდრეს ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა პროცენტული წილი, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, 26 პროცენტული პუნქტით აღემატება უღარიბესი კვინტილის ანალოგიურ მაჩვენებელს.

იმ ბავშვებიდან, რომელიც საბავშვო ბაღში სწავლობს, 94% საჯარო ბაღში დადის, ხოლო 6% – კერძო ბაღში, ბავშვების მხოლოდ 1% კი სხვა ტიპის საბავშვო ბაღში დადის.

მედია საშუალებების გამოყენება ბავშვებში ფართოდ არის გავრცელებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს. მნიშვნელოვანი უთანასწორობა არის ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიმწვავე ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მაღალია, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად 40% და 27% უტოლდება.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი კი – თვითნაკეთი სათამაშოებით (12%). ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 4%, ამ კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, დატოვეს არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ: მარტო, ან 10 წლის ასაკამდე სხვა ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება რეგიონებს შორის, გურიაში ეს მაჩვენებელი 2%-ს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში 8%-ს შეადგენს.

თ.ვ

116-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა

$
0
0

თბილისის 116-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად, მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ამ ფაქტს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს.

მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული. საჭირო გახდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

„ბევრი ვერსია იყო ჯერ ასე თქვეს, მერე ისე, მერე სულ უარყვეს ყველაფერი, პირველი იყო დანა, მერე პასტა, მერე გაირკვა რომ არაფერი ისეთი არ ჭირს ბავშვს, უბრალოდ ნაჩხაპნი აქვსო“, – ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

“კამათი ჰქონდათ მეცხრე კლასელს და მერვე კლასელს. კალმით იყო დაჭრა. ზოგი ამბობს დანით იყოო, მაგრამ კალმით იყო. მარცხენა მხარეს ფილტვის არეში აქვს ჭრილობა. მეგობრები იყვნენ და თამაში უნდოდათ და შემთხვევით მოუვიდათ,” – აცხადებს  116-ე სკოლის მოსწავლე.

სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მანდატურის სამსახური:

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის რეზიდენტურის გამოცდა ფასიანი გახდა

$
0
0

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს, რეზიდენტურის გამოცდაზე დასაშვებად მთავრობამ გადასახდი დაუწესა, რასაც  ახალგაზრდების პროტესტი მოყვა. საკითხთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა უნდა შედგეს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამინისტრო გამოცდების დაფინანსებას აღარ აპირებს.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სტუდენტები გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, მათი თქმით, რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად 80 ლარი უნდა გადაიხადონ, ამ ფაქტის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როცა გამოცდაზე უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ.

“გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ ფული. არავის გავუფრთხილებივართ. არის დაწესებული თანხა 80 ლარი. არ ვაპირებთ ამის გადახდას, იმიტომ, რომ არიან სტუდენტები რომლებსაც არ აქვთ ამის საშუალება”, – აცხადებს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

“მაშინ როცა უკვე დავრეგისტრირდით ამდენი სტუდენტი, შემთხვევით გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ 80 ლარი და მხოლოდ ჩეკის საშუალებით შეგვიშვებენ გამოცდაზე. არ ვიცი რა ჰქვია ამ ფაქტს, ალბათ ჩვენი დაცინვა”, – ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი ასმათ კურტანიძე.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120 ლარი, ხოლო დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ე.წ. რეზიდენტურის მოსაკრებელი 80 ლარი გახდა. გამოცდაზე გასვლის საფასური მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა. გამოცდაზე რეგისტრირებული პირები ვალდებულები არიან გამოცდაზე გადახდის ქვითარი წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი გამოცდაზე არ დაიშვებიან.

სტუდენტების ნაწილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებს განუცხადეს, რომ სამინისტრო გამოცდების ტექნიკურ ნაწილს ვეღარ დააფინანსებს, როგორიცაა დამკვირვებლების ხელფასი, გამოცდისთვის დარბაზის დაქირავება და ა.შ.

საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

Viewing all 14442 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>