ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია დღეს, 5 ივლისს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.
პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში“, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო რექტორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე სებასტიან შმიდტმა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
The post ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



