2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენაში აბარებენ. გამოცდა ჩატარდება ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში. დღეს ორივე სესია ინგლისურს დაეთმობა. დილის სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი, 09:00 საათზე დაიწყო.
რომელი საკითხები ერთულებათ უცხოურ ენაში ყველაზე მეტად აბიტურიენტებს, ამასთან დაკავშირებით, დღევანდელი გამოცდის დაწყებამდე, 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან, აბიტურიენტმა დავით ჯანაშიამ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ მისთვის შედარებით რთული ტესტის მოსმენის დავალების ნაწილია.
„დიდ სირთულეს არცერთი წარმოადგენს, “ლისენინგების” (მოსასმენის დავალების) სირთულეს გააჩნია, როგორი ხარისხის ჩანაწერი იქნება და რამდენად შევძლებ კონცენტრირებას უშუალოდ ჩანაწერის ხარისხზე. ტესტის სხვა ნაწილები ძალიან მარტივია. თემა შეიძლება ზოგისთვის დაბრკოლება იყოს, მაგრამ ვეცდები, რომ საშუალო ქულაზე მაინც დავწერო. რაც შეეხება წინა საგამოცდო განწყობას, მშვიდად, სტაბილურად მივალ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ”, – გვითხრა დავით ჯანაშიამ.
კიდევ ერთი აბიტურიენტი კი, ჩვენთან თემის ნაწილზე საუბრობს და ამბობს, რომ გააჩნია სათაური რა იქნება.
„არ მეშინია. პირველი ორი საკითხი იქნება “ლისენგინგი” (მოსასმენი), შემდეგ არის უკვე ტექსტის გაანალიზება და თემა. თემის ალბათ უფრო მეშინია, თუმცა, მეშინიასაც ვერ ვიტყოდი, გააჩნია თემის სათაური რა იქნება. ყველა შარშანდელი ტესტი ვნახე, ყველა მაქვს გაკეთებული და არ მერთულა. მშვენიერი განწყობა მაქვს”, – გვითხრა ანასტასია ბერძენიშვილმა.
4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა თამარ შუკვანმა
The post „გააჩნია, მოსმენის დავალების ხარისხი როგორი იქნება და რამდენად შევძლებ კონცენტრირებას“, – რომელი საკითხები ერთულებათ აბიტურიენტებს ინგლისურის გამოცდაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.






