2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენაში აბარებენ. გამოცდა ჩატარდება ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში. ინგლისური ენის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან ტესტის სირთულეს აფასებენ და საკითხებს იხსენებენ.
გამოსაცდელთა უმეტესობისთვის ტესტი მარტივი იყო და ფიქრობენ, რომ შედეგის დადება არ გაუჭირდებათ:
191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ტესტი უმარტივესი იყო, თუ ცოტა ინგლისური იცის, ყველა დაწერს. თვითონ თემა დაახლოებით ასეთი ფირმულირებით იყო: საჭიროა თუ არა გულმოდგინე მუშაობა, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო. რაც შეეხება მოსმენის დავალებას, ისიც ძალიან მარტივი მოვიდა. რამდენიმე თემაზე იყო დავალება. ტექნიკურადაც ძალიან გამართული იყო და ხმა მთელს აუდიტორიას ჩვეულებრივად ესმოდა.
191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ტესტი ძალიან მარტივი იყო, საერთოდ არ გამჭირვებია დაწერა. შედარებით რთული იყო ტექსტში სიტყვების ჩასმის დავალება, რადან ზოგიერთი სიტყვა ცოტა გაუგებარი მომეჩვენა. სიტყვები პირდაპირ იყო მოცემული და მათი ბრუნვა ან დროში ჩასმა არ გვჭირდებოდა.
რაც შეეხება ტექსტის გააზრების ნაწილს, ძალიან მარტივი იყო ეგეც. ესეში მოცემულ თეზისს დავეთანხმე, ბევრი არგუმენტი არ მომიყვანია, მაგრამ ზოგადად მიმოვიხილე, რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი მუშაობა წარმატებისთვის. იქვე აღვნიშნე, რომ წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც ბევრს მუშაობს, ხოლო ისინი, ვინც უშრომელად მიიღეს კარგი ცხოვრება ან მშობლების მიერ აქვთ ქონება დანატოვარი, წარმატებულებად ვერ ჩაითვლებიან.
191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: თუ ემზადებოდი მთელი წელი, საერთოდ არ იყო რთული. რასაც მომზადების პერიოდში ვაკეთებდით, დაახლოებით იგივე ტესტები მოვიდა. მე შედარებით გამიჭირდა ტექსტის გააზრების ნაწილი, მაგრამ არც ეგ არ იყო დიდი პრობლემა. ტექსტის გააზრების თემა ლონდონის ქუჩებს შეეხებოდა. მოსმენის ნაწილი ძალიან კარგად იყო გამართული, ხარვეზის გარეშე მოვისმინეთ ყველა ტექსტი. წერილის გაგზავნის ნაწილი საზაფხულო ბანაკს შეეხებოდა, სადაც წერილი უნდა გაგვეგზავნა დასარეგისტრირებლად, ესეც არ იყო რთული. ესეს პირობას ნაწილობრივ დავეთანხმე და დავწერე, რომ უშრომელად წარმატების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, ამიტომ, მხოლოდ ნაწილობრივ დავეთანხმე.
ნიკოლოზ დავითულიანი, 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: არტიკლებიც არ იყო რთული. მოსასმენი ძალიან ადვილი მოვიდა და ჩანაწერიც კარგად ისმოდა, ლონდონზე იყო.
ხატია ედიშერაშვილი, 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: თემა იყო, საჭიროა თუ არა გულმოდგინე მუშაობა, რომ წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. რაც შეეხება ლისენინგს, ლონდონზე იყო. ერთი სიტყვების ჩასმაში გავიჭედე, დანარჩენი და მათ შორის, წერილიც, ძალიან მარტივი იყო.
191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ძალიან მარტივი ტესტი იყო. თეზისიც კარგი მოვიდა დასაწერად – წარმატებისთვის საჭიროა თუ არა მაგრად მუშაობა. ჩასასმელი სიტყვები – უმარტივესი, მოსასმენებშიც ძალიან კარგად ისმოდა ხმა და ისედაც არ იყო რთული. არ ყოფილა რაიმე ისეთი აქცენტით ჩაწერილი, რამე რომ ვერ გაგვეგო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივი იყო.
საკითხებს იხსენებენ მუხიანის 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებიც:
„დავიწყეთ მოსმენითი ნაწილით, იყო ორი სავარჯიშო, კითხვებზე უნდა გვეპასუხა, ზოგი შეკითხვა მარტივი იყო, ზოგი – შედარებით რთული. დახურული კითხვებით ტექსტი შეფმზარეულზე მოვიდა. ერთ-ერთ დავალებაში სიტყვები უნდა ჩაგვესვა და მარტივი სიტყვები იყო. ესეს რაც შეეხება, გამოვიყენე ის სიტყვები, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე ესეს წერისას – in my opinion, firstly, howevar, for example… ვერ ვიტყვი, რომ წერა გამიჭირდა, საკმაოდ მარტივი თემა შეარჩიეს, ნაყოფიერი მუშაობა განსაზღვრავს თუ არა ჩვენს კეთილდღებას. ყველა დაწერდა, მეც მარტივად დავწერე“.
„წერით ნაწილზე ბევრად მეტი დრო დამჭირდა, შედარებით რთული იყო. მოსმენითზე ბევრი სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი. ტექსტის გააზრების ნაწილი ბევრად მარტივად ვწერე, ადვილი შეკითხვები გვქონდა, ბებიასა და შეფმზარეულზე. ვფიქრობ, ჯამში მაინც მარტივად ვწერეთ. რაც შეეხება ესეს, გვქონდა – ბეჯითი მუშაობა საჭიროა თუ არა იმისთვის, რომ მომავალი და კეთილდღება გვქონდეს. მოვიყვანე ორი არგუმენტი ფულსა და წარმატებაზე და კონტარგუმენტად წარუმატებლობის მაგალითები დავწერე. ისეთი ტესტი ვწერეთ, რომელშიც ზღვარს ყველა გადალახავს“.
ინგლისურ ენაში ტესტზე სამუშაოდ აპლიკანტებს 2 საათი და 30 წუთი ჰქონდათ.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადეს გოგა ნიჟარაემ, მზეო შველიძემ და თამარ შუკვანმა
The post რაზე დაწერეს წერილი და თემა ინგლისურის პირველ სესიაზე გასულმა აბიტურიენტებმა და როგორ აფასებენ გამოცდას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




