დამამთავრებელ კლასში სასკოლო გამოცდების დაბრუნება, რომელიც უმაღლესში ჩაბარებისას გათვალისწინებული იქნება, ერთ-ერთი საკითხია, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში, ივნისის ბოლოს ისაუბრებს. ის დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მოხსენებას წარმოადგენს, სადაც განათლებასაც თავისი ადგილი უჭირავს.
EDU.ARIS.GE მოხსენების ზოგადი განათლების შესახებ ნაწილს წარმოგიდგენთ, სადაც ვკითხულობთ, რომ არაერთი საკითხი ჯერ შემუშავებისა და გადაწყვეტის პროცესშია, ხოლო ის, რაც უკვე შესრულებულად არის მოხსენიებული, ფართო საზოგადოებას, მათ შორის სასკოლო საზოგადოებას განათლების სამინისტრომ ამ დრომდე არ გააცნო:
ზოგადი განათლება – სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობა
სკოლებისთვის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფისა და, ამავდროულად, ანგარიშვალდებულების სისტემური მექანიზმის შესაქმნელად მიმდინარეობდა მუშაობა თითოეული საფეხურის ბოლოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული (დიაგნოსტიკური) შეფასების დაწყების მიზნით.
გადაიხედა ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც აძლიერებს სკოლის ავტონომიას შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების კუთხით; სკოლა თავად განსაზღვრავს, საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისად, რა რესურსით, რა სტრატეგიებითა და მეთოდებით მიაღწევს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს. სკოლის მიმართ დელეგირებული უფლებამოსილებებისა და ნდობის გაზრდის პარალელურად, მკაფიოდ განისაზღვრა, რა სახის ანგარიშვალდებულების სისტემა ყალიბდება სასკოლო საზოგადოებისა და სამინისტროს წინაშე.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ხელი მოეწერა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმებას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის, სწავლების ხელშეწყობისთვის დაიწყო მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე. 2024-2025 სასწავლო წლისთვის, კონფუცის ინსტიტუტების ხელშეწყობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენა უკვე 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში ისწავლება.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 2,043.20 მლნ ლარი, ხოლო 2025 წლის დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა 418.93 მლნ ლარით და შეადგინა 2,462.14 მლნ ლარი. ამასთან, 2025 წელს გაიზარდა საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო 10%-ის ფარგლებში.
მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) შემუშავდა ახალი მოდული, რომელიც სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით, განსაზღვროს საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების ოდენობა.
დაფინანსების არსებული მოდელის ეფექტიანობასა და ეფექტურობის ჰოლისტური შეფასების მიზნით, ჩატარდა მრავალკომპონენტიანი კვლევა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება ახალი მოდელის პილოტირება, ხოლო, პილოტირების შედეგების საფუძველზე, დაიხვეწება მისი საბოლოო ვერსია, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება.
2024 წლის 1 ივლისიდან გაიზარდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება − სტატუსის მქონე ყველა, 52 000-ზე მეტ პედაგოგს მნიშვნელოვნად გაეზარდა ხელფასი, კერძოდ, 37 000 მასწავლებელს (პედაგოგთა კორპუსის 70%-ს) ხელფასი 500-იდან 800 ლარამდე, ხოლო მასწავლებელთა კორპუსის 25%-ს − საშუალოდ 300-იდან 400 ლარამდე გაეზარდა. 92 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მასწავლებელთა დანარჩენი ნაწილის (5%-ის) ხელფასის მატება, სულ მცირე, 200 ლარს შეადგენს. 2020 − 2024 წლებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად იზრდებოდა სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებაც.
„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სკოლებში დარიგდა 5,770,806 სახელმძღვანელო, ჯამური ღირებულებით − 19,940,591.89 ლარი, მათ შორის, 323,319 ბილინგვური სახელმძღვანელო არაქართულენოვანი სკოლებისთვის (2,340,187.69 ლარი). ასევე შესყიდულ იქნა 782 ბრაილის შრიფტითა და 12 რელიეფური სახელმძღვანელო (123,826 ლარი) და 20 სახეობის გახმოვანებული სახელმძღვანელო სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის (28,637.5 ლარი).
პროგრამის − „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“ − ფარგლებში, სახელმწიფო ენის ფლობის დონის ასამაღლებლად და სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეთნიკური უმცირესობებისთვის დაბეჭდილ იქნა 64 850 ცალი ბილინგვური სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსი, ჯამური ღირებულებით − 419 984 ლარი.
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება თბილისის 75 საჯარო სკოლის 12682 მოსწავლე, აქედან 36 საჯარო სკოლის 536 მოსწავლე არის სსსმ სტატუსის მქონე.
2024 წელს კვლავ აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 10 პედაგოგს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის განახლების მიზნით, აღნიშნული წესის კონცეფციაზე მუშაობს მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. კონცეფცია დაეფუძნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალფეროვანი მექანიზმების შექმნას.
შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის“ სამუშაო ვერსია, რომელიც ეფუძნება 2023-2024 წლებში ჩატარებულ მრავალმხრივ კვლევებს. კვლევის ფარგლებში მოხდა სკოლებში რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული იმ საკვანძო გამოწვევებისა და შეზღუდვების იდენტიფიცირება, რასთან გამკლავებაც უწევთ სკოლებს.
განახლებული ავტორიზაციის სტანდარტის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის ავტორიზებულია 460 საჯარო სკოლა.
ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, 2025 წლიდან სავალდებულო განათლება 9-ის ნაცვლად 10-წლიანი გახდა. ეს მოიცავს მოსწავლეთა უკეთ მომზადებას მომავალ საგანმანათლებლო ან პროფესიულ არჩევანთან მიმართებით და შრომის ბაზარზე გასასვლელად, ხოლო საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) უფრო მეტად ორიენტირებული იქნება განათლების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში საბაზო და საშუალო განათლების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დასრულდა მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურების საგნობრივ სტანდარტებზე. განისაზღვრა ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები თითოეულ საგანში, რასაც უნდა დაეფუძნოს საგაკვეთილო სწავლება და მოსწავლის აღზრდა.
გრძელდება მუშაობა საშუალო საფეხურის ახალ კონცეფციაზე, რომელიც მოიცავს მოსწავლის პოტენციალის რეალიზებასა და გაღრმავებული კურსების შეთავაზებას. კონცეფცია მიზნად ისახავს მოსწავლის გააზრებული არჩევანის გაკეთებას, უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარზე მომზადებას, ასევე აკადემიური და სასიცოცხლო უნარების განვითარებას. საშუალო საფეხურზე იქნება ასევე არჩევითი საგნები და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები.
მომზადდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები 2 მიმართულებად: 1. Core და გაძლიერებული საგნობრივი კურსები, რომელთა პილოტირებაც დაიწყება შერჩეულ სკოლებში; 2. კლასიკური ვერსია, რომელიც გაიგზავნება საჯარო განხილვებზე და დაინერგება ყველა დანარჩენ სკოლაში.
განათლების E-სახლის პორტალზე განთავსებულია 2878-ამდე საგანმანათლებლო რესურსი, საიდანაც 625 აიტვირთა საანგარიშო პერიოდში. რესურსები მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს და მიზნად ისახავს როგორც სასწავლო პროცესის, ისე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.
2024 წელს მიმდინარეობდა სკოლის ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაციის შექმნა, რაც ემსახურება ელექტრონული ჟურნალით სარგებლობის გამარტივებას და უზრუნველყოფს სკოლისა და მშობლის კიდევ უფრო მოქნილ კომუნიკაციას. აპლიკაციის მეშვეობით, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი სმარტფონებიდან აღრიცხონ მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების მაჩვენებლები, ხოლო მშობლებისთვის მყისიერად ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია საკუთარი შვილის/შვილების აქტივობების შესახებ, შეტყობინების სახით.
2023 წელს დაინერგა ერთიანი პორტალი − skolebi.emis.ge, სადაც, პირველ ეტაპზე, ყველა საჯარო სკოლას, მომავალში კი კერძო სკოლებსაც ექმნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სკოლის შესახებ ერთიან სივრცეში განათავსონ ინფორმაცია. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა პორტალის ფუნქციონალის განვითარება, ტექნიკური მხარდაჭერა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა.
2024 წელს დასრულდა კვლევა − „გრიფირების არსებული მოდელის შეფასება“, რომელიც მოიცავდა სახელმძღვანელოების შექმნის, ხარისხის რეგულირებისა და არჩევის პროცესის სრულ ანალიზს. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეფასდა არსებული პრაქტიკა, გამოვლინდა გამოწვევები და მომზადდა რეკომენდაციები სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებისა და სისტემის დახვეწის მიზნით.
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და სახელმძღვანელოების შეფასების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს სასწავლო რესურსების განვითარების მექანიზმის განახლება. მუშავდება პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება განახლებულ საგნობრივ სტანდარტებს და ითვალისწინებს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უკუკავშირს. განახლებული მიდგომა გავრცელდება ბილინგვურ და არაქართულენოვან სექტორებზე 94 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გადათარგმნილ სახელმძღვანელოებზეც. 2025 წელს განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების პროექტების შესაბამისად, შემუშავდა სახელმძღვანელოების კონცეფციები თითოეული საგნისთვის.
გ ა მ ო ც დ ე ბ ი: საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.
ამასთან, შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
საანგარიშო პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი.
სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მოდულით გადამზადდა 1300-ზე მეტი პირი, ასევე განხორციელდა სპეციალური განათლების მხარდამჭერი სხვადასხვა ღონისძიება.
სენსორული (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 12 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც, საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ დამატებითი სპეციალისტები.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები საავადმყოფოს სივრცეში იღებენ საგანმანათლებლო სერვისს; ასევე საგანმანათლებლო სერვისს იღებენ ა(ა)იპ − ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყნის“ ბენეფიციარები.
მოწყვლადი ჯგუფების (ბოშები, მესხები, შშმ და სსსმ მოსწავლეები) სოციალიზაციის მიზნით, დაფინანსდა საჯარო სკოლების 20 პროექტი.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება გადაეცა მანდატურის სამსახურს.
სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ამოქმედდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მოდელი, რომლის მიზანია, პასუხისმგებლობისა და მხარდამჭერი მომსახურებების მობილიზება ერთ სივრცეში, რაც არსებული რესურსების უფრო კოორდინირებულად მართვის, ეფექტიანად გამოყენებისა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერების პირობებს შექმნის. მოდელი ფოკუსირებულია სმენის, მხედველობის, დასწავლისა და მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვების მხარდაჭერაზე, ასევე რესურსსკოლების გამოცდილებისა და მატერიალური ბაზის ეფექტიან გამოყენებაზე.
2024 წლის 1 ივნისიდან მანდატურის სამსახურმა დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურება და გადაიბარა ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები. შემოღებულ იქნა სპეციალიზებული 95 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საკონსულტაციო მომსახურება ქცევისა და სენსორული და კომუნიკაციური სირთულეების მიმართულებით. მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად შტატი ეტაპობრივად გაიზარდა და დაემატა 26 სპეციალისტი.
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მომზადდა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის ხარისხის მონიტორინგის კრიტერიუმები, რთული ქცევის მიმართულებით სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის პროტოკოლის სამუშაო ვერსია, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების მიღებაზე მომართვისა და შეფასების/დასკვნების ახალი ფორმები, რომლებიც გამოიყენება პილოტირების რეჟიმში. ასევე მომზადდა რამდენიმე სამუშაო დოკუმენტი: მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შიდა სისტემა, სპეციალისტების პროფესიული განვითარების მოდელი, თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფის პროცედურა არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის და მანდატურის სამსახურსა და განათლების მხარდამჭერ ცენტრს შორის მულტიდისციპლინური თანამშრომლობის პროცედურა.
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში მომართვებისა და ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო მუშაობა ახალი ელექტრონული პროგრამის მომზადებაზე, რომლის ინტეგრირებაც დაგეგმილია მანდატურის სამსახურის ელექტრონულ სისტემაში (erofficer.emis.ge).
ამოქმედდა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 150-ამდე სკოლის 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. პროგრამაში ჩართული ბილინგვური სწავლების ყველა სპეციალისტი გადის სასწავლო ტრენინგსა და ყოველკვირეულ ქოუჩინგს საგნობრივ ექსპერტებთან ერთად.
ბილინგვური განათლება ამ ეტაპზე ინერგება დაწყებით საფეხურზე, ხუთ საგანში. მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები და სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. 2024-2025 სასწავლო წლისათვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი სკოლის/სექტორის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით. 2025-2026 სასწავლო წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა.
სახელმწიფო ენის დონის ასამაღლებლად და სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეთნიკური უმცირესობებისთვის დაიბეჭდა 64 850 ცალი ბილინგვური სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 419 984 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბილინგვური სწავლების სპეციალისტებთან ერთად, ასევე მიმდინარეობს ადგილობრივი მასწავლებლის დატრენინგება მიწოდებული რესურსების გათვალისწინებით.
მიმდინარეობდა განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირება განახლებული მექანიზმის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ჩართული სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ მათ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის მიმოცვლას სკოლის მიღმა 96 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირების, გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით.
განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის მიმართულებით ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლებისა და სოციალიზაციის უზრუნველყოფისთვის ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი − „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“, რომლის ბენეფიციარები არიან ქვეყანაში არსებული სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სადღეღამისო თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში მყოფი მიუსაფარი ბავშვები.
მიმდინარებდა ქართული ენის დისტანციური სწავლება ემიგრაციაში მყოფი მოსწავლეებისთვის კვირაში 2-ჯერ, TEAMS-ის პლატფორმის საშუალებით. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 15 600-ამდე გაკვეთილი. შეიქმნა დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო და სხვადასხვა რესურსი.
საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის თანმდევი სირთულეებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა საჭიროებების კვლევა და საზღვარგარეთ მოქმედი 50-ამდე ქართული საკვირაო სკოლისთვის უზრუნველყოფილ იქნა სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურისა და თვალსაჩინოებების შესყიდვა.
გაგრძელდა სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დანერგვა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას, ასევე მოსწავლეთა სოციალური განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას. 2024 წელს მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები თბილისისა და რეგიონების კიდევ 17 საჯარო სკოლაში შევიდნენ. ამ ეტაპზე სოციალური მუშაობა ხორციელდება საქართველოს 80 საჯარო სკოლაში.
სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში გრძელდება ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული ორი პროგრამის განხორციელება: 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის − პროგრამა მტკიცებულებითი მეთოდის გამოყენებით (EU DAP 12 Unplugged Program) „ცოცხალი შესრულებით, ანუ ფონოგრამის გარეშე“ და ნარკოპრევენციის პროგრამა 13 წლის ზევით მოზარდებისთვის − „სარისკო ქცევების პრევენცია“. ასევე მე-4, მე5, მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის სოციალურმა მუშაკებმა დაიწყეს ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება და აღნიშნული 109 საჯარო სკოლის 370 კლასში განხორციელდა.
აქტიურად გაგრძელდა მუშაობა სკოლებში აღდგენითი პროცესების, მათ შორის, სასკოლო მედიაციის დანერგვის მიმართულებით, რაც კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია. 2024 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, მედიატორად მანდატურის სამსახურის კიდევ 20 თანამშრომელი გადამზადდა.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი აქტიურად განაგრძობდა ცენტრის ბაზაზე ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფურ კონსულტაციას, თერაპიასა და მშობელთა ფსიქოგანათლებას. ცენტრის ბაზაზე სულ განხორციელდა ბავშვთა და მოზარდთა 16, ხოლო მშობელთა ფსიქოგანათლებისა და ფსიქოკონსულტირების 6 ჯგუფი. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შეიქმნა თვითდახმარების პრინციპზე დაფუძნებული მშობელთა კონსულტირების ჯგუფი, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველკვირეულად ონლაინრეჟიმში მიიღონ სპეციალისტის კონსულტაცია.
2024 წლის სექტემბერში ქალაქ ოზურგეთში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შენობაში განთავსდა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო. მოეწყო ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული და მორგებული ბავშვთა საჭიროებებზე.
ევროპის საბჭოს პროექტის − „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ − მხარდაჭერითა და მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, 4 შეხვედრა გაიმართა მოსწავლეებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში, სადაც მონაწილეობა მიიღო 350-ამდე მოსწავლემ, 50-მა მშობელმა, 50 სკოლის წარმომადგენელმა.
მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა ცნობიერების ამაღლების კამპანია მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საკითხებზე, სადაც მონაწილეობა მიიღო 8000-ამდე ადამიანმა.
ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა „ბავშვთა ქორწინების შესახებ სტანდარტული საოპერაციო პროცედურების/გაიდლაინზე“. ასევე, მეხუთე წელია, ხორციელდება კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანია ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 281 მანდატური გადამზადდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე.
შემუშავდა ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის, რაც მათ დაეხმარება 18 წლამდე პირებთან დანაშაულის პრევენციის კუთხით. გადამზადებას გაივლის საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი, რაც გააძლიერებს ადრეულ პრევენციასა და კოორდინირებულ რეაგირებას.
დამატებით აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების 88%-ს უკვე ჰყავს ექიმი ან ექთანი და აღჭურვილია სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტით.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების თემაზე 9 707 შეხვედრა, მანდატურის სამსახურის საქმიანობის, კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის შესახებ − 261 შეხვედრა.
სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით, კერძოდ:
- მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი − საქართველო I2Q“ ფარგლებში, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 37 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა (23 სკოლის რეაბილიტაცია და 14 ახალი სკოლის მშენებლობა). საანგარიშო პერიოდისთვის დასრულებულია 3 სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარეობს 14 ახალი სკოლის პროექტირება/მშენებლობა და 20 სკოლის რეაბილიტაცია.
- სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისა (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) დაფინანსებით მიმდინარე პროგრამა ითვალისწინებს 12 საჯარო სკოლის პროექტირებას/რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 6 საჯარო სკოლის პროექტირება/რეაბილიტაცია. 98 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
- ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა (CEB) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდისთვის, დასრულებულია ქ. თბილისში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 1 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 2 ახალი საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობა. ამასთან, დაგეგმილია 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
- სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასრულებულია 100-ზე მეტი სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 250-ამდე მეტი სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესი. დამატებით, ახალი სკოლების მშენებლობისთვის, მიმდინარეობს (დაწყების ეტაპზეა) 15 საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი.
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტექნოლოგიებით განახლება/აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში 400-ამდე საჯარო სკოლას გადაეცა 16 744 ცალი ლეპტოპი, 742 ცალი პრინტერი და 1837 ცალი პროექტორი. ასევე 316 საჯარო სკოლას გადაეცა 2685 პერსონალური კომპიუტერი და 236 საჯარო სკოლას − 397 პრინტერი.
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ პროგრამის ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი) გადაეცა 46 685 პირველკლასელს. პირველკლასელთა დამრიგებლებს გადაეცათ 3037 ერთეული პორტაბელური კომპიუტერი. ამავე პროგრამის ფარგლებში, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ წარჩინებულ 4962 მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერები (ლეპტოპი).
„ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია სასკოლო მზაობის საკლასო ოთახების მოწყობის სამუშაოები 145 საჯარო სკოლაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2025 წელს სამუშაოები დასრულდება პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 5 საჯარო სკოლაში.
მიმდინარეობს და გაგრძელდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ულტრათანამედროვე, 500 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე საგანმანათლებლო ჰაბის „ევროპული სკოლა − თბილისის“ მშენებლობა, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.
დასრულდა საპროექტო ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება (მიწის სამუშაოები), საყრდენი კედლების სამუშაოები და აკადემიური და საერთო საცხოვრებელი შენობების კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა. დასრულებულია შიდა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და სუსტი დენები) მოწყობა. ასევე მიმდინარეობს აკადემიური და საერთო საცხოვრებელი შენობების (სულ − 5 ბლოკი) გადახურვის, ფასადისა და შემინვის სამუშაოები, აგრეთვე მიმდინარეა დამხმარე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა.
ასევე იხილეთ: