ავტორი: შალვა მინდაძე, განათლების კონსულტანტი, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი
სასკოლო სივრცეში მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და დროის რაციონალურ მართვას. თუმცა, ბოლო პერიოდში გახშირდა რამდენიმე ისეთი ტენდენცია, რომელიც აფერხებს პროცესის ეფექტიან წარმართვას და შეუფერებელია პასუხისმგებლიანი მშობლის როლისათვის.
სამი განმეორებადი ქცევა, რომელიც უხერხულობას იწვევს და თანამშრომლობას აზიანებს:
ინფორმაცია, რომელიც მასწავლებლის მიერ არაერთხელ გადაცემულია ერთობლივ ჯგუფში, კვლავ სთხოვენ ინდივიდუალურად, პირად მიმოწერაში. ეს არა მხოლოდ უსამართლოა პედაგოგის დროის მიმართ, არამედ უკმაყოფილებას იწვევს სხვა მშობლების მხრიდანაც, ვინც ჯგუფური კომუნიკაციის წესებს იცავს.
მშობელთა კრებებზე სისტემური არყოფნა და შვილების აკადემიური პროცესისადმი გულგრილობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ხშირად ხდება ისე, რომ მხოლოდ სასწავლო წლის ბოლოს, როცა უკვე მნიშვნელოვანი ეტაპები გავლილია, ჩნდება დაინტერესება — და ისიც, ძირითადად, პრობლემის შედეგის გაუქმების მიზნით.
ჯგუფური შეტყობინებების უგულებელყოფა ან გაკვეთილზე გამოტოვებული ინფორმაციის იგნორირება, რასაც ისევ და ისევ მოჰყვება შეკითხვები პირადში — იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე საჯაროდ, არაერთხელ განიხილეს.
მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა გააცნობიეროს — ინფორმაცია პედაგოგის მხრიდან არ არის მხოლოდ ტექნიკური ვალდებულება. ეს არის თანამშრომლობისკენ მიწოდებული ხელი, რომელსაც დროულად უნდა გაეცეს რეაგირება.
მასწავლებელი არ უნდა აღმოჩნდეს ინფორმაციის განმეორებითი გადამცემის როლში 5-6-ჯერ — სხვადასხვა არხით, სხვადასხვა ფორმატით. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელი თავად არ იჩენს შესაბამის ინტერესს ან არ იყენებს უკვე გაზიარებულ რესურსებს.
პატივისცემა ერთმანეთის პირადი დროის მიმართ და პასუხისმგებლობა შვილების განათლებაზე — სწორედ ეს ქმნის ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს.
მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელობითი პასუხისმგებლობა რეალურად აისახოს ქმედებაში და არ დარჩეს მხოლოდ სტატუსად.
საბოლოოდ კი — შვილების საუკეთესო ინტერესებს ყოველთვის ემსახურება არა ემოციური მოთხოვნები წლის ბოლოს, არამედ თანმიმდევრული, გეგმაზომიერი ჩართულობა მთელი წლის განმავლობაში.
ასევე იხილეთ: