Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14645

სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები –რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი

$
0
0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გენდერული საკითხების ინტეგრირება სათანადოდ ვერ მოხდა, რის გამოც, განათლების სამინისტრომ ესგ-ის გადასინჯვა უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უახლეს ანგარიშში, რომელიც ზოგადი განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ეხება.

6 ივნისს გასაჯაროებულ ანგარიშში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზს უსვამს, რომ ესგ-ში, რომლის გენდერულ მეინსტრიმინგზეც განათლების სამინისტრო იყო პასუხისმგებელი, ნაკლოვანებები არა ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით არსებობს.

უწყება ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სასკოლო სახელმძღვანელოებსა და გრიფირების პროცესში ხედავს და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, განათლების სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი სავალდებულო საგნის სახელმძღვანელოების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, ერთი და იმავე კლასის სხვადასხვა გამომცემლობის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში განსხვავებულად არის გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის საკითხები.

„განხორციელდა სახელმძღვანელოებში აღნიშნული საგნების [„მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“, და „მოქალაქეობა“] სამიზნე ცნებებით შესწავლა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, ერთი და იმავე კლასის სხვადასხვა გამომცემლობის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში განსხვავებულად არის გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის საკითხები − X და XI კლასის ორ სახელმძღვანელოში − „მოქალაქეობა“, შესულია გარკვეული სახის გენდერული თანასწორობის საკითხები, ხოლო მესამე გამომცემლობის სახელმძღვანელოში − არა. შესაბამისად, იმ სკოლების მოსწავლეები, რომელთაც თავიანთი სკოლისთვის შერჩეული აქვთ აღნიშნული ორი გრიფირებული სახელმძღვანელოდან რომელიმე, ისწავლიან გენდერული თანასწორობის სხვადასხვა საკითხს, რისი განხორციელებაც შეუძლებელია მესამე გამომცემლობის სახელმძღვანელოს შემთხვევაში.

აღნიშნული განსხვავებების მიზეზი გამომდინარეობს იქიდან, რომ ესგ-ის დოკუმენტის საგნის სტანდარტები პირდაპირ არ უთითებს სამიზნე ცნებებში გენდერულ თანასწორობას და არის განზოგადებული ცნებები, რომელთა ფარგლებშიც გამომცემელს საშუალება აქვს, მაგალითად, სასკოლო საგანში − „მოქალაქეობა“ ადამიანის უფლებების სამიზნე ცნება ისე დააკმაყოფილოს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები საერთოდ არ განიხილებოდეს სახელმძღვანელოში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, გენდერული მიკერძოების მიმართულებით სასწავლო მასალებში შემდეგი პრობლემური საკითხები იკვეთება:

  • გოგოებისა და ქალების ნაკლები სურათები სასწავლო მასალებში;
  • კაცები და ქალები ძირითად წარმოდგენილნი არიან სტერეოტიპულ როლებსა და პროფესიებში;
  • კაცები და ქალები ხშირად აღწერილნი არიან გენდერულად სტერეოტიპული მახასიათებლებით;
  • ცნობილი ქალების კონტრიბუცია ხშირად იგნორირებულია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ესგ-ის გადასინჯვის პროცესში, რომლის შედეგადაც შეიქმნა მოქმედი მესამე თაობის 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა, ჩართული იყვნენ სკოლის მოქმედი მასწავლებლები, სახელმძღვანელოების ავტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ არ იყვნენ ჩართული გენდერის საკითხებში ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირ(ებ)ი, ასევე არ განხორციელებულა პროცესში ჩართული პირების გადამზადება გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების მიზნით.

აუდიტის ჯგუფმა გააანალიზა 2018-2023 წლების გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები/ სერიები და წერს, რომ 2018 წელს განხორციელებული დაწყებითი საფეხურის სახელმღძვანელოების გრიფირება არ ითვალისწინებდა პროცესში „სხვა სპეციალისტის“ ჩართვას, ხოლო 2023 წელს „სხვა სპეციალისტის“ მონაწილეობით გრიფირება მიენიჭა დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების მცირე ნაწილს (I-IV კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გარკვეული ნაწილი).

ასევე, აუდიტის ჯგუფმა 2020-2023 წლებში იმ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში, რომლებიც შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზევე სრულად აკმაყოფილებდნენ ქვეკრიტერიუმს − თანასწორობის დაცვა, დისკრიმინაციისა და დისკრედიტაციული ელემენტების აკრძალვა, გამოავლინა 16 სახელმძღვანელო, რომელთა რეცენზირების პროცესშიც მონაწილეობა არ მიუღია სხვა სპეციალისტს. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული სახელმძღვანელოების რეცენზირებების რიგ შემთხვევებში სხვა სპეციალისტის ჩართვა არ მოხდა შესაბამისი უცხო ენის მცოდნე სპეციალისტის ვერმოძიების გამო.

„ამასთანავე, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოების ნაწილშიც, რომელთაც გავლილი აქვთ სხვა სპეციალისტის შეფასება აღმოჩნდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რომელთა შეფასებაც განახორციელეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა… არსებული ნაკლოვანებები შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული კრიტერიუმი არის ზოგადი სახის და დამატებით არ მოიცავს საერთაშორისო კარგი პრაქტიკით მიღებული სახელმძღვანელოების შეფასების დეტალურ მითითებებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რისი არსებობაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობდა რეცენზენტთა მხრიდან კრიტერიუმის ფარგლებში გენდერული საკითხების სრულყოფილ/სათანადო შეფასებას და მეორე მხრივ, ავტორთა ჯგუფს თავიდანვე მიაწოდებდა დეტალურ ინფორმაციას, თუ რის გათვალისწინებას მოიაზრებს ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმი გენდერული თანასწორობის მიმართულებით“, – აღნიშნულია აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დოკუმენტში.

აქედან გამომდინარე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განათლების სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციები შემდეგია:

სამინისტრომ უზრუნველყოს:

– ესგ-ის გადასინჯვა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გენდერის საკითხებში ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირ(ებ)ის ჩართულობითა და ასევე, პროცესში მონაწილე პირების ცნობიერების ამაღლება გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების კუთხით;

– საერთაშორისო კარგი პრაქტიკით დადგენილი მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, საზოგადოებრივ მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში შესაბამისი გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება;

– გრიფირების პროცესში სახელმძღვანელოების/სერიების გენდერული თანასწორობის ჭრილში შეფასების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდეს დამატებითი საგანმანთლებლო რესურს(ებ)ი (მაგალითად, როგორიცაა, სახელმძღვანელო მითითებები, ტრენინგები და ა.შ.) პროცესში ჩართული პირებისთვის;

– გარდა ამისა, სამინისტრომ განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების უკეთ ინტეგრირების მიზნით, უნდა გააუმჯობესოს განათლების სტრატეგიული ამოცანების დასახვისა და ღონისძიებების დაგეგმვის მოქმედი პროცესი, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად:

– განსაზღვროს გენდერული თანასწორობის საკითხების სათანადოდ გამოვლენისთვის განსახორციელებელი აქტივობები;

– გენდერული თანასწორობის ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნეს ზოგადი განათლების დონეზე ინიციატივები STEM საგნებში გოგოების მოტივაციის/ინტერესის გაზრდის მიზნით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ გაცემული რეკომენდაციების შედეგად: გაუმჯობესდება ზოგადი განათლების სფეროში გოგონების და ბიჭების თანასწორობის მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვა; ეროვნულ სასწავლო გეგმაში სათანადოდ აისახება თანასწორობის საკითხები; შემუშავებდა თანასწორობის მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ მოდული და გადამზადდებიან მასწავლებლები.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა მხრიდან გენდერული მიკერძოება და სტერეოტიპები იკვეთება – რა ხარვეზებზე მიუთითებს მასწავლებლის სახლს აუდიტი

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა


Viewing all articles
Browse latest Browse all 14645

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>