საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 170 ლარი შეადგინა, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე ასაღები 1 736 ლარია.
უახლესი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობის მიხედვით, განათლება, ეკონომიკის 20 სექტორს შორის, ბოლო ადგილზე აღარ არის.
საქსტატის მიერ დღეს, 16 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, 2024 წლის შესაბამის პერიოდსა (I კვარტალი) და IV კვარტალთან შედარებით, განათლების სექტორმა ბოლოდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის I კვარტალში განათლების სექტორში არსებული საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 126 ლარი იყო, 2025 წლის I კვარტალში კი ეს თანხა 1 341 ლარია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების I კვარტალში და განათლების სექცია აღნიშნულია, როგორც „P“ – ბოლოდან მეორე ადგილი.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით (226.7 ლარით) არის გაზრდილი და 2 170.1 ლარს შეადგენს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით);
- მშენებლობა – 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით). ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების I კვარტალში.
საინტერესოა საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი სქესის მიხედვით: 2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების – 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ქალების ხელფასს თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.
„2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1 პროცენტით) სფეროებში“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასის სიდიდით რეგიონებში თბილისი ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა