დღეს აბიტურიენტებმა არჩევითი საგანი – ლიტერატურა ჩააბარეს. გამოცდაზე დარეგისტრირებულ 6 000-მდე მსურველიდან 3% არ გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობისთვის აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდაზე 80 – დან 21 ქულის დაგროვება მოუწევთ. გამოცდისთვის 4 საათი იყო გამოყოფილი.
გამოცდის დასრულების შემდეგ აბიტურიენტების უმეტესობამ Aris.ge – განათლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ლიტერტურის გამოცდა არ გასჭირვებიათ.
თინათინ დანელია: „80 ქულიანი გამოცდა, 4 საათი გვქონდა დრო, 30 ქულა კითხვებზე პასუხს ეთმობოდა, 25 ესეს, 25 თხზულებას. ძალიან რთული არ იყო. ლიტერატურა ავირჩიე იმიტომ, რომ ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარს“.
„მე არ მერთულა ლიტერატურა. ძირითადად იყო ჰაგიოგრაფია, ვეფხისტყაოსანი. ჯემალ ქარჩხაძის „იგი“. ვეფხისტყაოსნიდან იყო 6 კითხვა, ავთანდილის ანდერძიც შემხვდა. ჰაგიოგრაფიიდან შუშანიკის წამება, აბო თბილელი, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. გალაქტიონის ლექსი, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“. ეს ყველაფერი პროგრამული იყო. სავალდებულო ქართულის გამოცდისთვის ვემზადებოდი, კონკრეტულად, ლიტერატურის გამოცდისთვის, არა. თემებიც დასაძლევი იყო და არ გამირთულდა“, – გვითხრა მარიამ გოგოჭურმა.
„მე არ ვემზადებოდი და ჩემთვის რთული არ იყო, ვინც ემზადებოდა, მას, მით უმეტეს, არ უნდა გაჭირვებოდა. სკოლის მასალა იყო. ესეები გამიადვილდა. ერთი თემა იყო – „თუ ადამიანი სხვა რჯულისაა, უნდა გაირიყოს თუ არა საზოგადოებისგან“. ამაზე უნდა გვემსჯელა. მე დავწერე, რომ არ უნდა გაირიყოს და დავასაბუთე კიდეც. ფილოლოგიურზე ვაბარებ და ლიტერატურა იმიტომ ავირჩიე,“ – აღნიშნა სალომე ენუქიძემ.
ნატა ხაჩიაშვილის თქმით კი, ქართულის სავალდებულო გამოცდასთან შედარებით, ლიტერატურის საკითხები უფრო რთული იყო, მაგრამ ამჯერად დრო კაარგად ეყო.
„ლიტერატურის საკითხები ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდასთან შედარებით რთული იყო, მაგრამ მაშინ დრო არ მეყო, ესე ვერ მოვასწარი. ახლა ცოტა რთული იყო, მაგრამ მაინც მოვასწარი“, – გვითხრა ნატამ.
ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები უახლოეს დღეებში, ხოლო შედეგები ეტაპობრივად, სხვა გამოცდების შედეგებთან ერთად აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
ცისანა არის© შერგილაშვილი