Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14520

სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესებას 4173 მსურველიდან 150-მდე სტუდენტი შეძლებს

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა უკვე ჩატარდა. სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესების სურვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით  წელს 4173 სტუდენტმა გამოთქვა.  წელსაც, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფომ გრანტის სახით 215 ათასი ლარი გამოჰყო. დაფინანსების გაუმჯობესებას წელსაც დაახლოებით 150 სტუდენტი შეძლებს.  რამდენად რთული იყო საგამოცდო ტესტები, როგორ გადანაწილდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები და როდის იქნება პასუხები ცნობილი,  აღნიშნულზე Aris.ge–განათლებას სტუდენტები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი ესაუბრნენ.

გამოცდიდან გამოსული სტუდენტების შეფასებით,  სტუდენტებისთვის შედგენილი ტესტები აბიტურიენტობის დროს ჩაბარებული ტესტებისგან სირთულის დონით განსხვავდებოდა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც გამოცდისთვის განსაზღვრული 2.30 საათი საკმარისად არ მოეჩვენა.

ვახო კაჩიშვილი – ,,ზოგადად, ტესტი არ იყო რთული, უფრო რთული ტესტებიც მიწერია, მაგრამ სააზროვნოდ დრო მომეჩვენა ცოტა და ეს სხვებმაც აღნიშნეს!  შედარებით მარტივი იყო ტექსტის ტესტები, შედარებით რთული კი მათემატიკური და ლოგიკური ნაწილი. სირთულე, როგორც უკვე ვახსენე, სააზროვნო დავალებებში გამოიხატებოდა, რომელიც საკმაო დროს მოითხოვდა. ჩემთვის დრო არ იყო საკმარისი, მაგრამ როცა გრანტის გაუმჯობესებაზე გაქვს პრეტენზია, მეტი დრო არ გეკუთვნის”.

თეო გაგელიძე  – ,,რთული იყო,  კი, რა თქმა უნდა. წინა წელსაც ვიყავი გასული და წლევანდელი მართლა რთული იყო.  ფაქტობრივად, 3 ტექსტის გააზრება დავწერეთ, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ბოლო, ლოგიკური ნაწილი გამიჭირდა. რაც შეეხება მისაღებ გამოცდებთან  შედარებას,  მისაღები ბევრად მარტივია და პრინციპში ასეც უნდა იყოს.

ნინო  მაისურაძე – „მე ფილოლოგი ვარ და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი შედარებით  გამიჭირდა. თუმცა, საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ტესტი კარგად დავწერე. იმედია, შევძლებ ჩემი 50%-იანი გრანტი 20%-ით მაინც გავზარდო. ფინანსურად ჩემთვის ესეც დიდი შეღავათი იქნება.

საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე წერეთელის  შეფასებით, გამოცდამ მშვიდ და აკადემიურ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტის სირთულეს, მისი თქმით, სირთულის დონე  წლიდან წლამდე არ იცვლება.

,,გამოცდა სრული წესების დაცვით ჩატარდა. 4173 სტუდენტიდან 610 არ გამოცხადდა, არ ყოფილა დაგვიანების და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევები. ტესტი სულ 42 კითხვიანია. სამი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება – 21 დავალება, ლოგიკური მსჯელობა 14 დავალება და ბოლოს რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.  დრო ორ საათნახევარია. სტუდენტები მაგისტრებისგან განსხვავებით შეზღუდულები არ არიან და როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე შეუძლიათ საგამოცდო დროის გამოყენება.  რა თქმა უნდა ეს გამოცდა აბიტურიენტების გამოცდასთან შედარებით უფრო რთულია.  ვერ გამოვყოფ  ტესტის რომელი ნაწილი უფრო უჭირთ. თუმცა ფილოლოგებს უფრო  რაოდენობრივი მსჯელობა უჭირთ და ლოგიკური გამოსდით,”- განაცხადა ივანე წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 215 000 ლარი სამ ნაწილად გაიყოფა: 70 ათასი ლარი 100 % გრანტისთვის, 70 ათასი ლარი 70% გრანტისთვის ხოლო 75 000 ლარი 50% –თვის.  გამოცდაზე გადასალახი ბარიერი არ არსებობს და სახელმწიფო დაფინანსება საუკეთესო ქულების  მქონე სტუდენტებს შორის გადანაწილდება.  გრანტი დაახლოებით 150 სტუდენტს ეყოფა.

“ყოველი სწორი პასუხი ერთი ქულით ფასდება, შემოუხაზავი დავალება ნოლით, ხოლო ყოველი არასწორი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტს გამოაკლდება 0,2 მეათედი ქულა. რაც შეეხება საგრანტო ქულის გამოთვლის საკითხს, სტუდენტთა საგრანტო კონკურის აბსოლუტური ქულის გამოსათვლელად საჭირო არ არის სკალირების პროცესი. სკალირება ხდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა ვარიანტების წერენ აპლიკანტები. სტუდენტების შემთხვევაში ყველა წერს ერთ ტესტს, ერთ ვარიანტს ამიტომ ქულა გამოითვლება პირდაპირ მათი შედგებიდან გამომდინარე”,- განმარტავს ივანე წერეთელი.

რაც შეეხება შედეგების გამოცხადებას:  გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდების შედეგები სავარაუდოდ ივლისის ბოლოს აგვისტოს პირველ კვირაში გამოქვეყნდება.

ეკა არის© წივწივაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 14520

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>