Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14513 articles
Browse latest View live

7 ვებგვერდი, რომლებიც გვასწავლიან უფასოდ და მოგვცემენ დიპლომსაც

$
0
0

დასახული მიზნების მისაღწევად, იქნება ეს პროფესიულ საქმიანობაში დახელოვნება თუ ახალი ჰობის პოვნა, ახალი უნარ-ჩვევები და ცოდნა გესაჭიროებათ. ახალი რამის შესწავლა არა მხოლოდ შეუნარჩუნებს თქვენს გონებას გაჭრიახობას, ასევე დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების სამყაროს კარის გაღებაში.

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: მასწავლებლის ან ტრენერისათვის ბევრი ფულის გადახდა არ მოგიწევთ, რათა ისწავლოთ. თქვენი სურვილის რეალიზებაში  უფასო ინტერნეტ რესურსები დაგეხმარებათ.

იხილეთ 7 საიტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ უნარ-ჩვევებს, თანაც,  სრულიად უფასოდ:

1. ALISON.com – დიპლომისა და სერტიფიკატებისათვის

Alison.com წარმოადგენს იმ იშვიათ ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ აიღოთ დიპლომი ან სერტიფიკატი ვებ დეველოპმენტის, გაყიდვების მართვის, ფიზკულტურის, სოციოლოგიისა და ციფრული ფოტოგრაფიის განხრით. ყველა მოდულის გავლისა და საბოლოო შეფასების მინიმუმ 80%-ის დაგროვების შემთხვევაში, Alison-ის ოფიციალური დიპლომის ან სერტიფიკატის მფლობელი გახდებით.

2. Coursera.org საკოლეჯო საფეხურის კურსებისთვის

ყოველთვის გინდოდათ მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობა? გაქვთ ინტერაქციული დიზაინისათვის საჭირო კრეატიული ხედვა? გაიმჯობესეთ პროფესიული უნარები ან ისწავლეთ რაიმე ახალი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისა (სტენფორდის, ჯონს ჰოპკინსის, პრინსტონისა და დიუკის უნივერსიტეტები)  და კოლჯების ონლაინ კურსების დახმარებით.

საიტზე მასალების დიდი ნაწილი უფასოდაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სწავლას ოფიციალური სახე მისცეთ, მიიღოთ შეფასებები და სერტიფიკატიც აიღოთ, მაშინ უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური.

3. Open Education Database – საკოლეჯო საფეხურის ონლაინ კურსებისათვის

აირჩიეთ თქვენთვის საინტერეო კურსი 10 000 ონლაინ პროგრამიდან, რომელიც მრავალ სფეროს მოიცავს და Oedb.org უფასოდ გთავაზობთ. OED გაძლევთ საშუალებას აიმაღლოთ განათლება და განავითაროთ პროფესიული კარიერა. მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის მათემატიკისა და ინჟინერიის კურსებიდან დაწყებული, მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სამეციდონო კურსებით დამთავრებული. თქვენ გაქვთ საშუალება, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო თემატური კატეგორია, პროგრამა, სასწავლო საფეხური და შეისწავლოთ მოთხოვნადი საგნები, რომელიც თქვენს პროფესიულ საქმიანობას წაადგება.

4. Udemy.com – პროფესიონალური განვითარების უნარ-ჩვევებისათვის

Udemy.com გთავაზობთ ათასობით კურსის ონლაინ ბიბლიოთეკას, სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა თუ თემატიკის შესაბამისად. თქვენ მხოლოდ დააკლიკეთ კურსის ძიების ველში და სისტემა გამოგიტანთ ხელმისაწვდომი კურსების სიას, Adobe Illustrator-ის კურსიდან დაწყებული, ინგლისური ენის პროფესიული კურსით დამთავრებული.

Udemy-ის კურსები შედგება ვიდეოებისაგან და საკითხავი კომპონენტებისაგან. მას გააჩნია ინსტრუქტორისათვის კომენტარების დატოვების ფუნქცია იმ შემთხვევაში, თუკი საკითხის დამატებითი ახსნა ან გამარტება გჭირდებათ.

საიტმა, სულ ცოტა ხნის წინ შეცვალა ფასთა სისტემა, რათა სერვისი მეტად ხელმისაწვდომი გამხდარიყო. 2016 წელს ერთი კურსის გავლა 20-50 დოლარის ფარგლებში დაგიჯდებათ.

5. Skillshare.com – პრაქტიკული უნარებისათვის

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ათასობით უფასო კურსი ისეთ მრავალფეროვანი თემებით, როგორცაა: ინსტაგრამის პროფესიონალური გამოყენება, აკვარელებით ხატვა და თუნდაც, შერეული მედია. კურსები დატვირთულია ვიდეოებით, რაც იდეალურია მათთვის, ვინც სწორედ ვიზუალური მასალებით სწავლობს ყველაზე ეფექტურად.

Skillshare-ის კურსების უმეტესობა შედგენილია დარგის პროფესიონალების მიერ, რომლებიც მომხმარებლებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და ენთუზიაზმს უზიარებენ.  თითოეული კურსი მოიცავს პროექტს, რომელზე მუშაობითაც სტუდენტები ერთმანეთისაგან სწავლობენ და ახდენენ საკუთარი  უახლესი ნამუშევრების გაზიარებას.

უფასო სერვისზე დარეგისტირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ისგებლონ 353 უფასო გაკვეთილით, ფორუმითა და ტელეფონის აპლიკაციით. მათ კი, ვისაც სურთ წვდომა 2890 პროგრამაზე, თვეში 8 დოლარის გადახდა მოუწევთ.

6. Duolingo – ახალი ენის შესწავლის მსურველთათვის

en.uolingo.com – ის მეშვეობით შეძლებთ ენების სწავლა თამაშად აქციოთ. საიტის უფასო აპლიკაცია და სასწავლო პლატფორმა იძლევა საშუალებას, რომ გამოიმუშავოთ ქულები, ყოველ სწორ პასუხზე და გადახვიდეთ თამაშის შემდეგ საფეხურზე. თითოეული გაკვეთილი შედგება მეტყველების, მოსმენის, თარგმნისა და ტესტებისაგან, რაც დაგეხამრებათ მასალის სწრაფ ათვისებაში და თქვენი პროგრესის, რეალურ დროში, პარალელურად გაზომვაში.

ფრანგული ენის „დავარცხნა“ გსურთ, თუ იტალიურის სწარაფად შესწავლა, ეს საიტი დაგეხმარებათ, დაეუფლოთ ენას ტრადიციული მეთოდებისა და ფორმატის გვერდის ავლით.

7. The Culinary Cook – კულინარიით დაინტერესებულთათვის

არ იცით, როგორ მოამზადოთ კერძი ხელთარსებული პროდუქტებით? დაინტერესებული ხართ კრემისა და ბეზეების გაკეთებით? ყველაზე რთულ კულინარიულ კითხვებზე პასუხებს საიტზე – The Culinary Cook იპოვნით. საიტზე კერძის მომზადების პროცედურები დეტალურადაა ჩაშლილი. გარდა კარგად ახნილი ეტაპებისა, გვერდი გვთავაზობს სტატიებს, თუ როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური ქურა/საცხობი და როგორ მოვამზადოთ კერძები პროფესიონალი შეფმზარეულების მსგავსად.


ამერიკელმა ისტორიკოსმა იან თოლიმ აწსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

$
0
0

8 ნოემბერს, პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრმა, ამერიკელ ისტორიკოსსა და სამხედრო მწერალს, იან თოლის უმასპინძლა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით იმყოფება. მისი ლექცია, ,,აშშ დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ”, საქართველოს იგივე პერიოდის რეალობას ეხმიანებოდა. მომხსენებელი შეეცადა წარმოეჩინა ის რთული ეპოქა, რომელიც ამერიკამ, როგორც სრულიად ახალგაზრდა სახელმწიფომ გაიარა არსებობის პირველი მეოთხედი საუკუნის მანძილზე.

მომხსენებელმა ბევრად მეტი დრო დაუთმო აშშ–ში მიმდინარე 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმოხილვას და დაუფარავად ისაუბრა იმ მოულოდნელობების შესახებ, რომლის პირისპირ აღმოჩნდა ამერიკული დემოკრატია ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ცხადი გახდა, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენება რესპუბლიკური პარტიის ხუმრობა არ იყო.

სტუდენტებისათვის მეტად საინტერესო იყო სამხედრო ექსპერტის შეფასება, მისეული ხედვა და ახსნა იმისა, თუ რატომ გააკეთა ამერიკის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევანი რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ. იან თოლიმ გულწრფელად გაამჟღავნა საკუთარი არჩევანი ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკას კვლავ დემოკრატი პრეზიდენტი ეყოლება.

დასასრულ, მოწვეულმა სტუმარმა, ავტოგრაფით საკუთარი წიგნები ამერიკის შესწავლის ცენტრს საჩუქრად გადასცა.

იან თოლიმ სტუდენტთა მრავალ შეკითხვას უპასუხა.

იან თოლიმ ბაკალავრის დიპლომი ამერიკისისტორიაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო სკოლაში.

ალმა მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული წევრი გახდა

$
0
0

2016 წელს, უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული წევრი გახდა.

პროექტი ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელებას გულისხმობს, მათ შორის, უნივერსიტეტის პროფესორების გადამზადებას ჰარვარდის სტანდარტით; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჰარვარდის სასწავლო კურსის კონკურენტუნარიანობის მაკროეკონომიკა დანერგვას. ამ მიზნით, 6 დეკემბერს, უნივერსიტეტის ორი პროფესორი – მურთაზ კვირკვაია და შოთა საღრიშვილი მიემგზავრება ჰარვარდის უნივერსიტეტში ტრენინგის გასავლელად.უგკ

უახლოეს დროს იგეგმება ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აუდიტორიის გახსნა, ხოლო გრიგოლ რობაქიძის უნივერესიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აუდიტორიის გახსნა. გათვალისწინებულია, ასევე, სხვადასხვა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის განხორციელება.

,,უნივერსიტეტი ულოცავს ყველა სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს მსოფლიოში ისეთი აღიარებული საგანმანათლებლო ცენტრის წევრობას, როგორიცაა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ეს, არა მარტო დიდი პატივი, არამედ მაღალი პასუხისმგებლობაა გლობალური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში უნივერსიტეტის მონაწილეობის თვალსაზრისით”,- აღნიშნეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს ლიდერ საწარმოთა ოცეულში მოხვდა

$
0
0

უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი კიდევ ერთი საზეიმო და კეთილგანწყობილი შეხვედრის მოწმე გახდა – ახლახანს ცნობილი გახდა ფრიად  სასიამოვნო ინფორმაცია: ქუთაისის უნივერსიტეტი მოხვდა საქართველოს ტოპ-20 ლიდერ საწარმოთა შორის საქართველოს ლიდერი საწარმო სამეურნეო სუბიექტების ზოგადსახელმწიფოებრივი სტატისტიკური რანჟირების მიხედვით, კრიტერიუმების – ,,დანახარჯები დასაქმებულებზე“ და ,,მოგება/ზარალის“ მიხედვით. ამ რეიტინგით, 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით ქუთაისის უნივერსიტეტი გახდა ,,ვერცხლის“ და ,,ბრინჯაოს“ რეიტინგის მფლობელი.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის უნივერსიტეტმა გამოავლინა წლის სამი საუკეთესო თანამშრომელი და მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ: ორდენი ,,ეკონომიკის ვარსკვლავი“ -უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ჩიხლაძეს, მედალი – ,,პროფესიული დამსახურებისთვი“-ს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, დეკანის ოფისის მენეჯერს მავლინა ყიფიანს და სერტიფიკატი- ,,წლის სპეციალისტი“ უნივერსიტეტის სასწავლო მონიტორინგის სამსახურის უფროსს ნაირა მანაგაძეს.

,,საპატიო ნომინაციების მინიჭება ნომინანტებისათვის იყო მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზი. მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორატსა და დამფუძნებლებს მათი შრომისა და ღვაწლის ესოდენ დაფასებისთვის”,- აღნიშნულია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ილიაუნელმა ელგუჯა კობერიძემ ევროპის ჩემპიონობა არავის დაუთმო

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ელგუჯა კობერიძე, ექვსი წელიწადია, ძალისმიერ სამჭიდში ვარჯიშობს. 2014-2015 წლებში ზედიზედ ორჯერ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი მოიგო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში და შარშან ამავე წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბოლო შეჯიბრებაზე მან მკერდის კუნთი გაიწყვიტა და რამდენიმე თვეა, მკურნალობს.

ჯერ კიდევ ტრავმამოუშუშებელმა ახლახან ქალაქ ლუცკში (უკრაინა) გამართულ პროფესიონალ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 12 ქვეყნის 272 სპორტსმენი მონაწილეობდა, ძალისმიერი სამჭიდის ერთ-ერთ სახეობაში – ამოწევაში მაინც იასპარეზა და 282,5 კილოგრამით კონტინენტის ჩემპიონობა შეინარჩუნა – მეორე-მესამე ადგილებზე გასულ უკრაინელ და პოლონელ ათლეტებს 10-10 კილოთი გაუწრო და საქართველოს რეკორდი (რომელიც თავის დროზე თავადვე დაამყარა) 12,5 კილოგრამით გააუმჯობესა.

ილიაუნელი ელგუჯა კობერიძე დეკემბრის დასაწყისში ძალისმიერ სამჭიდელთა საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს.

როგორ ნაწილდება უფროსი და წამყვანი მასწავლებლების რაოდენობა საგნების მიხედვით

$
0
0

მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელთა გამოცდაზე ბარიერის მოხსნა დააანონსა, ქვეყანაში არსებული სერტიფიცირებული პედაგოგების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. როგორც ირკვევა, საქართველოში ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი ქართული ენისა და ლიტერატურის საგანშია.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ქართული ენისა და ლიტერატურის 15 559 პედაგოგიდან 5 909 სერტიფიცირებულია. შემდეგ მოდის მათემატიკა(I-XII კლასები),  რომლის პედაგოგები რიცხობრივად ყველაზე მეტნი არიან,  16 285. აქედან სერტიფიცირებული (საგანში გამოცდაჩაბარებული) ძალიან მწირია – 4 736. სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით მესამე ადგილზეა ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები) 3 253 სერტიფიცირებული პედაგოგით, შემდეგ მოდის ინგლისური ენა 2 119 სერტიფიცირებული პედაგოგით. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაში 5 430 პედაგოგია, ანუ თითქმის ნახევარს ინგლისური ენის პედაგოგებიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვთ.

გთავაზობთ სიას, რომელ საგანში რამდენი სერტიფიცირებული (უფროსი ან წამყვანის სტატუსის მქონე) პედაგოგია საქართველოს მასშტაბით:

ქართული ენა და ლიტერატურა (I-XII კლასები) – 5909.

ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები) – 3253.

არჩევითი – მესამე უცხოური ენა (X-XII კლასები)- 63.

არჩევითი – ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)-27.

არჩევითი – ხაზვა (X-XII კლასები) – 31.

არჩევითი – ხელოვნების ისტორია  (X-XII კლასები) – 51.

ქართული ცეკვა (IV კლასი) – 7.

არჩევითი – ამერიკისმცოდნეობა (X-XII კლასები)- 12.

ესპანური ენა– 1.

არჩევითი – ფოლკლორული ანსამბლი (X-XII კლასები) – 2.

რუსული ენა – 1246.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (I-IX კლასები) – 1925.

გერმანული ენა – 272.

არჩევითი – გარემო და მდგრადი განვითარება (X-XII კლასები) – 66.

არჩევითი – კომპიუტერული მეცნიერება (X-XII კლასები) – 28.

არჩევითი – ქიმიური ტექნოლოგიები (X-XII კლასები) – 68.

იტალიური ენა – 1.

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (XI კლასი) – 138.

მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის, I-XII კლასები) -32.

არჩევითი – გეოგრაფიული კვლევა (X-XII კლასები) – 83

არჩევითი – კინოხელოვნება (X-XII კლასები)  – 32.

არჩევითი – ასტრონომია (XI-XII კლასები) – 23.

არჩევითი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი (X-XII კლასები) – 9.

არჩევითი – ბუნების ძეგლების მონიტორინგი (X-XII კლასები) – 4.

არჩევითი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი (X-XII კლასები) – 13.

არჩევითი – მულტიმედია და დიზაინი (X-XII კლასები) – 3.

არჩევითი – მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი (X-XII კლასები) –2.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (VII კლასი) – 840.

ქიმია (VIII-XI კლასები) – 843.

არჩევითი – XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა (X-XII კლასები) – 89.

გეოგრაფია (VII-XI კლასები) – 834.

ინგლისური ენა – 2119.

ჩვენი საქართველო (V-VI კლასი)      – 1132.

ფიზიკა (VIII-XI კლასები) – 491.

არჩევითი – საქართველოს ეთნოგრაფია (X-XII კლასები) – 31.

არჩევითი – თეატრალური ხელოვნება (X-XII კლასები) – 6.

ისტორია (VII-XII კლასები) – 1603.

სპორტი (I-XII კლასები) -1282.

ბიოლოგია (VIII-XI კლასები) – 1039.

არჩევითი – ფოლკლორი და მითოლოგია (X-XII კლასები) – 69.

არჩევითი – ეკონომიკა და სახელმწიფო (XI-XII კლასები) – 51.

ფრანგული ენა – 60.

არჩევითი – მსოფლიო კულტურა (X-XII კლასები) – 153.

არჩევითი – კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები (X-XII კლასები)         – 26.

არჩევითი – სახელმწიფო და სამართალი (XI-XII კლასები)       – 90.

არჩევითი – მეწარმეობის საფუძვლები (X-XII კლასები) – 37.

არჩევითი – სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა (X-XII კლასები) – 11.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (I, V, VI კლასები) – 753.

სამოქალაქო განათლება (IX-X კლასები) – 743.

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (IV, VIII, XII კლასები) -520.

მათემატიკა (I-XII კლასები) – 4736.

ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის, I-XII კლასები)   – 245.

მუსიკა (I-IX კლასები) – 969.

არჩევითი – სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა (X-XII კლასები) – 126.

არჩევითი – შესავალი თანამედროვე ფიზიკაში (X-XII კლასები) – 35.

აფხაზური ენა და ლიტერატურა  (აფხაზეთის ტერიტორიაზე, I-XII კლასები) – 1.

ასევე გთავაზობთ საქართველოში მოქმედი მასწავლებლების გადანაწილებას საგნების მიხედვით, რომელიც EDU.ARIS.GE -მ განათლების სამინისტროსგან მაისის თვეში გამოითხოვა.

საქართველოში  59 720  მოქმედი პედაგოგია, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან. რაოდენობის მხრივ პირველ ხუთეულში მათემატიკის (16 285), ქართული ენისა და ლიტერატურის (15 559), საბუნებისმეტყველო საგნების (13 772), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა (11 177) და სპორტის (10 108) მასწავლებლები შედიან. ამ ორი უკანასკნელი საგნის პედაგოგებიდან უმეტესობა დაწყებითი კლასების პედაგოგია. ანუ, მხოლოდ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედგაგოგი 1 414 მათგანია, მხოლოდ სპორტის კი  – 2 165.

როგორც განათლების სამინისტროსგან EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, მათ მოსდევენ მუსიკის პედაგოგები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც 8 156-ს შეადგენს (აქედან 5 434 ამავდროულად დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა. მხოლოდ მუსიკის კი – 2 721), ინგლისური ენის პედაგოგები, რომლებიც 5 430 გვყავს, ისტორიის -4 300 და საგან ჩვენი საქართველოს  3 506 პედაგოგი (რომელთაგანაც უმეტესობა ამავდროულად ისტორიის პედაგოგია).

3 452 პედაგოგი გვყავს არჩევით საგნებში,  3 256 – რუსულ ენაში, 2 995 – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, 2 886- ბიოლოგიაში, 2 767 – გეოგრაფიაში,  2 760 – სამოქალაქო განათლებაში, 2 659 – ფიზიკაში, 2 373 – ქიმიაში, 2 050 – მშობლიურ ენაში არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის, 1 518- საგანში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებაში, 1 886 – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოებაში, 1  192 კი – ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის.

მცირერიცხოვან პედაგოგთა ჯგუფში შედიან გერმანული ენის მასწავლებლები ( 642), ქართული ცეკვის მასწავლებლები (390), ფრანგული ენის ( 147), პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის (89), ჭადრაკის (31) ,  სხვა უცხოური საგნების  (19)  და აფხაზურის (3) პედაგოგები.

რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში

მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება

როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით

ცისანა არის© შერგილაშვილი

გამომშვები რედაქტორის (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით) ვაკანსია

$
0
0

EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების სააგენტოა, რომელიც, უკვე 8 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.

ვაკანსია: გამომშვები რედაქტორი  (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით და სხვა)
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო:  სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ჟურნალისტებთან კოორდინაცია – დავალების მიცემა, მათ მიერ მოძიებული თემის გაანალიზება, დამუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა, მიღებული მასალის რედაქტირება და ინტერნეტში განთავსება, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში (ან მონათესავე სფეროში);
  • გამომშვები რედაქტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით)

ანაზღაურება: 1000 ლარიდან (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ვაკანსია ძალაშია ვიდრე გამოქვეყნებულია საიტზე!

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით cv@aris.ge მისამართზე, თემაში მიუთითეთ –  „რედაქტორი“

შეუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

სამუშაო ბაზარი და სტუდენტის ინტერესები

$
0
0

თუ სტუდენტებს კითხავთ, სურთ თუ არა მუშაობის დაწყება, თითქმის ყოველი მესამე გიპასუხებთ, რომ ერთ-ერთი, რასაც გამუდმებით ცდილობენ, სწორედ სამსახურის შოვნაა.

უმაღლეს განათლებას გორში მოქმედ უნივერსიტეტებში დაახლოებით 2 000 ახალგაზრდა იღებს. მათ უმრავლესობას ფინანსური პრობლემების, პროფესიული გამოცდილების მიღებისა თუ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების მიზნით, სწავლის პარალელურად მუშაობა სურს, თუმცა სასურველი სამსახურის შოვნას მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ.

„უკვე მეექვსე თვეა, სამსახურს ვეძებ, ყველა იმ საიტს ვათვალიერებ, სადაც ვაკანსიები ქვეყნდება, მაგრამ არაფერია“, – ამბობს თეონა ჩერქეზიშვილი.

თეონა 26 წლის არის. მან 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის განხრით, თუმცა უსახსრობის გამო, რამდენჯერმე სწავლის შეჩერება მოუხდა. ბოლოს კი, იძულებული გახდა, გორში დაბრუნებულიყო და სწავლა აქ გაეგრძელებინა.

„გორში დაბრუნებულმა მუშაობაც დავიწყე, თან რამდენჯერმე, მაგრამ სამუშაო გრაფიკი სწავლაში ყოველთვის ხელს მიშლიდა, რადგან არათუ დრო არ მრჩებოდა სამეცადინოდ, არამედ ლექციებზეც კი ვერ დავდიოდი. არც ანაზღაურება იყო მაღალი. საბოლოოდ, ისევ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე და სამსახურიდან წამოვედი“, – გვიყვება თეონა.

ის სამსახურს ახლაც ეძებს, თუმცა გორში სტუდენტის ინტერესებზე მორგებული სამსახურის შოვნის იმედი თითქმის აღარ აქვს.

unnamedსამსახურს 21 წლის ანა გოგოსაშვილიც ეძებს. ანა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

„რაც სწავლა დავიწყე, მას შემდეგ ვეძებ სამსახურს. ჩემთვის ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ქალაქში ძალიან ჭირს ისეთი სამსახურის შოვნა, განათლების მიღების უფლებას რომ არ შეგიზღუდავს“, – ამბობს ანა.

ანა ამჟამად  პროექტის “საქართველოს მოხალისე” კოორდინატორია.

„ყველაფერს მოხალისეობრივ საწყისებზე ვაკეთებ. ვცდილობ, გამოცდილება დავაგროვო და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში დამეხმარება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ  ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობა გორში ძალიან ნაკლებია. ამიტომაცაა მასიური გადინება ქალაქიდან. ადამიანები მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სამწუხაროდ, გორში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მცირეა დასაქმებისა და განვითარების შანსი”, – აღნიშნავს ანა.

სამუშაო ადგილების არარსებოს გამო, ქალაქიდან ახალგაზრდების გადინებაზე იმ ორგანიზაციებშიც საუბრობენ, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით ახორციელებენ.

unnamed (1)„გორი თითქმის ვერაფერს სთავაზობს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ საკუთარი თავების რეალიზება შეძლონ“, – ამბობს საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენელი ლია გორელიშვილი.

„ბილიკი“ ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელსაც სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქვს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდამ მზად ვართ სტუდენდებთან სათანამშრომლოდ, ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტებიდან საუკეთესოები ანაზღაურებად სამუშაოზე გადავიყვანოთ მაშინვე, რა წამს ორგანიზაციაში ამის შესაძლებლობა ჩნდება“, – აღნიშნავს გორელიშვილი.

მისი თქმით, ქალაქის განვითარებისთვის მნიშნელოვანი და აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლბელობების რეალიზება ადგილზევე შეეძლოთ. ამ მოსაზრებას გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაიკო გოგიძეც იზიარებს. ის  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განსაკუთრებულ ყურადღებას იმ მოთხოვნებზე ამახვილებს, რომელსაც სამსახურის მაძიებელს დამსაქმებლები უყენებენ ხოლმე.

„აი, მაგალითად, jobs.ge – ზე გამოქვეყენებული ვაკანსიების უმრავლეობაში, დამსაქმებლების მიერ წამოყენებული მოთხოვნები ძალიან არარელისტურია, მით უფრო სტუდენტებისთვის. ვგულისხმობ, თუნდაც გამოცდილებას, სამუშაო საათების რაოდენობას და ა.შ.“, -ამბობს მაიკო გოგიძე.

unnamed (2)მაიკო გოგიძეს, „დროას“ პროექტების ფარგლებში ხშირად უწევს სტუდენტებთან კავშირი. შესაბამისად, ის იმ პრობელებსა და საჭიროებებსაც იცნობს, რომლებზეც გორში მცხოვრები სტუდენტები საუბრობენ.

„მართლაც მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მოხალისე წუწუნებდა, რომ სწავლა და სამსახური გორის პირობებში შეუთავსებელია”, – ამბობს მაიკო, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, სამსახურს ძირითადად ის ახალგაზრდები ეძებენ, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვთ.

საკითხზე საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, სტუდნეტის სტატუსი ქვეყნის მასშტაბით ათასობით სტუდენს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან გორში მცხოვრები სტუდენტებიც. მათი ნაწილი, საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მსგავსად ფიქრობს, რომ სტუდენტის ინტერესებზე მორგებული სამუშაო ბაზარი განათლების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

გვანცა დოლუაშვილი – გორი


რომელ მასწავლებლებს მოუწევთ სკოლიდან წასვლა –მინისტრის კომენტარი

$
0
0

მესამე კლასში ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელზე ვიყავი შეყვარებული და დაუძლეველი სურვილი მქონდა, კარგად მესწავლა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ადამიანი  იმდენად ზღაპრული იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება. ისტორიულად, სწავლას და სწავლებას საფუძვლად ყოველთვის ფართო გაგებით სიყვარული და პატივისცემა ედო. სკოლა პირველ რიგში, აღზრდის ადგილია და იქ პირველ რიგში, სული უნდა დავაბრუნოთ. სკოლაში კარგი ადამიანი უნდა აღიზარდოს და ამ კარგ ადამიანს თუ სწავლას შევაყვარებთ, ის აუცილებლად ისწავლის“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლებთან არის სამუშაო, რაც ძალიან ადვილია, რადგან ამ ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა კვალიფიკაცია.

„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვთ. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს, რადგან იფიქრებს, რომ კარგი რომ იყოს, მას დედა ან მამა გამოიყენებდა. ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ. ამისთვის დროა საჭირო. დღეს კი, ჩვენს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის გაკეთება უწევს რომ ვერ მიხვდებით, ის მასწავლებელია თუ ბუღალტერი. ჩვენ ამ სქემას აუცილებლად შევცვლით. ეს პროცესი ძირითადად დაწყებულია“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მასწავლებელს ბავშვთან კარგ ურთიერთობაში ყოფნის საშუალება უნდა ჰქონდეს.

„არსებობს გამონათქვამი, რომ უნდა აღვზარდოთ არა შვილები, არამედ ჩვენი თავი და შვილები თვითონ დაგვემსგავსებიან. მასწავლებელი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას გვერდით უდგას და თავისი სამსახურის სიყვარულში იწვის, რაც ბავშვებსაც გადაედება. ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პლუს – საგნის სწავლება. მასწავლებელს უნდა ვაცადოთ, ბავშვთან კარგ ურთიერთობაში იყოს და პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა  მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს’, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გაარკვიო, პედაგოგების მოტივაციის ასამაღლებლად რა არის საჭირო, პირველ რიგში, პედაგოგებს უნდა შეხვდე.

„მე 12 000 პედაგოგს შევხვდი და პირისპირ ვესაუბრე. მათ ზედმიწევნით იციან, რა სჭირდებათ. ესაა ბავშვებთან სამუშაოდ მეტი დრო, მშობლების მხარდაჭერა, მეტი თავისუფლება, სადაც ამის შესაძლებლობაა, გაკვეთილზე ნაკლები ბავშვი და უცნაური, სულელური გადაწყვეტილებების გაუქმება სჭირდებათ, როცა სამი საგანი ერთად ისწავლება. სია უზარმაზარია, რომელიც ყოველი შეხვედრის დროს იხვეწება და ძალიან მცირე ვადაში, რამდენიმე თვეში მასწავლებელთა თვისობრივად განსხვავებული მოტივაცია გვექნება. ეს ხალხი სკოლაში ფულისთვის არ არის მოსული. ისინი გეუბნებიან, რომ თუ ნორმალურ ხელფასს გადავუხდით, კარგ პირიობებს შევუქმნით და საყვარელ მოსწავლეებთან მივუშვებთ, მთებს გადაატრიალებენ. რა თქმა უნდა, ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როდის უნდა ჩანაცვლდნენ არაკვალიფიციური მასწავლებლები ახლით – მინისტრის პოზიცია

წყარო: 2030

უვარგისი სახელმძღვანელოები –მასწავლებლების #1 პრობლემა

$
0
0

უვარგისი გრიფირებული სახელმძღვანელოები – ეს იყო მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგებმა განათლების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომავალ თავმჯდომარესთან – მარიამ ჯაშთან შეხვედრაზე წამოჭრეს.

მათი თქმით, წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ვერ უზრუნველყოფენ უპირელესი მიზნის შესრულებას  – მოსწავლისათვის განათლების მიცემას. მეტიც, პედაგოგების განცხადებით, ხშირად თავადაც უჭირთ გაიგონ თუ რა წერია სახელმძღვანელოში და რა იგულისხმა ავტორმა.

2_oშეხვედრას პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 50-მდე პედაგოგი დაესწრო.   იგი დირექტორმა თამარ კაპანაძემ გახსნა. შემდეგ მარიამ ჯაშმა  მასწავლებლებს საკუთარი გეგმები გაააცნო. პირველ რიგში, რასაც ჯაშმა ხაზი გაუსვა ისაა, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს, მჭიდრო დიალოგსა და ანალიზს გეგმავს და დასძინა, რომ ამის გარეშე ქვეყნის პრიორიტეტები ვერ დაისახება.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განათლების მინისტრთან ერთად ბევრ საკითხს განიხილავს, თუმცა, უშუალოდ პედაგოგების მოსმენა და პრობლემების მათგან გაგება, უმნიშვნელოვანესად მიაჩნია.

ჯაშმა აქვე დააანონსა, რომ პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთანაც გეგმავს და მხოლოდ ამ ყველაფრის შეჯერების შემდეგ განსაზღვრავს განათლების სფეროს პოლიტიკას.

„ვიდრე ჩემი უფლებამოსილება ოფიციალურად დამტკიცდება, ამ პერიოდს ვიყენებ, რომ  სფეროს ყველა წარმომადგენელს, სხვადასხვა ინტეერსთა ჯგუფს – პედაგოგებს, მშობლებს, სტუდენტებს შევხვდე და  მათ მოსაზრებებს უშუალოდ გავეცნო.

„დღეს პირველი შეხვედრა მშობლიურ სკოლაში – პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მაქვს. ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან საინტეერსოა. აქ გაჟღერებული რეკომენდაციების  ხელშეწყობას საკანონმდებლო ორჯანოდან აუცილებლად ვეცდები,“ – აღნიშნა მან.

ამის შემდეგ პედაგოგებს საკუთარი შენიშვნებისა და სურვილების შესახებ საუბრის საშუალება მიეცათ. სიტყვით გამომსვლეთა უმეტესობამ, სხვადასხვა საგნის სპეციალისტებმა უპირველეს პრობლემად გრიფირებული სახელმძღვანელოები დაასახელეს.  განაცხადეს, რომ მათ ბევრი ხარვეზი აქვთ და ხშირად არათუ მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებსაც კი უჭირთ იმის გაგება, თუ რა წერია წიგნში. მათი თქმით, სახელმძღვაელოები „სერიოზული მისახედია“.

15053329_1383212758378222_624906985_oაღნიშნული საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელეს ქართული, მათემატიკის თუ ფიზიკის პედაგოგებმა. ერთ-ერთმა მათგანმა მაგალითად საკუთარი მეხუთეკლასელი ძმისშვილიც კი მოიყვანა, რომლის დავალებების შესრულებაში, როგორც მან აღნიშნა, მთელი ოჯახია ჩართული, რადგან შეუძლებელი ხდება იმის გაგება, თუ რა იგულისხმა ამა თუ იმ სახელმძღვანელოს ავტორმა ტექსტში და რის გაგება ევალება მოსწავლეს.

ამასთანავე, თითოეული მათგანი მიიჩნევდა, რომ ეს არა კონკრეტული ავტორების, არამედ იმ მოთხოვნების ბრალია, რომელიც ავტორებს თავის დროზე დაუწესეს.

„არის ფუნდამენტური საკითხები, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება. მას შემდეგ მათემატიკაში ალგებრა და გეომეტრია გაერთიანდა, საგანი გეომეტრია დაიკარგა და ეს ბავშვებისათვის ძალიან საზიანოა, რადგან გეომეტრია ადამიანის აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს. სახელმძღვანელო არ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ საგანს ყურადღება დავუთმოთ. იმედია, რამე შეიცვლება, ეს საგანი ისევ ცალკე თუ არ გამოიყოფა, საათები მაინც გაიზარდოს, ან მასალაში მეტი ამოცანები შევიდეს, პრაქტკული მეცადინეობა დაემატოს,“ – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას  მათემატიკის პედაგოგმა მაია ქარუმიძემ.

საკითხზე კომენტარი ლია გიგაურმაც გააკეთა – „ყველა აქ გამოთქმულ შენიშვნას ვეთანხმები,“ – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ წიგნები ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. დასძინა, რომ თავადაც ვერ გაიგო ფიზიკის სახელმძღვანელოში რაღაცები, მიუხედავად იმისა, რომ  ფიზიკოსია.

რაც შეეხება მიზეზებს, გიგაურის თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ 2006 წელს, როცა აღნიშნული სახელმძღვანელოები დაიწერა, გრიფი „დაუმთავრებელ“ სახელმძღვანელოების მიანიჭეს. მინისტრის მოადგილემ ივარაუდა, რომ ავტორებს საკმარისი დრო არ მიეცათ წიგნის სრულყოფისათვის. აქვე, მან პედაგოგები დააიმედა, რომ უახლოეს მომავალში გრიფირების ახალი ეტაპი გამოცხადდება და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება. მისივე თქმით, გრიფირების საკითხზე განათლების მინისტრი გამომცემლებს კვირაში ორჯერ ხვდება და თითოეულ საკითხს მათთან ერთად განიხილავს.

პედაგოგების შენიშვნები ასევე შეეხო იმ მოსწავლეების პრობლემებს, რომლებიც „მშობლებმა გაიმეტეს“ და სკოლაში 5 წლის ასაკში შეიყვანეს. მათი თქმით, ასეთი ბავშვები საგანმანათლებლო პროცესში იჩაგრებიან, ვინაიდან  ისინი არც ფიზიკურად და არც გონებრივად არ არიან მზად სწავლისთვის. მათ გამო კი, ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, სასწავლო პროცესსაც ხელი ეშლება, ვინაიდან „შეუძლებელია მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას სხვადასხვა ასაკისა და დონის ბავშვს მოერგოს. მითუმეტეს, როცა კლასები საკმაოდ მრავალრიცხოვანია“.

შედეგად, პედაგოგის თქმით, 5 წლის ასაკში სკოლაში მისული ბავშვები ვერ იღებენ ფუნდამენტურ – განათლების უფლებას, ვინაიდან გაწერილ პროგრამას ვერ მისდევენ და ამის გამო არასრულფასოვნების კომპლექსიც უჩნდებათ.

პედაგოგმა მინისტრის მოადგილესა და განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის მომავალ თავმჯდომარეს მიმართა კითხვით, თუ რას სთავაზობენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ვინაიდან მას 20 ასეთ მოსწავლესთან „გამკლავება“ უწევს. მისი აზრით, კანონის შეცვლა 6 წლამდე ბავშვის სკოლაში არდაშვებასთან დაკავშირებით ადეკვატური არაა და პრობლემის მოსაგვარებლად „სხვა რამაა მოსაფიქრებელი“.

პასუხად გიგაურმა აღნიშნა, რომ კანონის მიღებით მომდევნო წლებში ეს პრობლემა აღარ იარსებებს და რომ ასეთ მოსწავლეებს ძირითადად მე- 7 კლასამდე უჭირთ, მერე კი შესაძლოა ყველაფერი პირიქითაც კი შეიცვალოს.

2 საათიანი შეხვედრის დასარულს პედაგოგებმა იმედი გამოთქვეს, რომ იგი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და დასძინეს, რომ ეს უფრო შედეგის მომტანი იქნება. სკოლა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მათი თქმით, ერთმანეთს არ უნდა დაშორდნენ და ერთიან ორგანიზმად უნდა მუშაობდნენ.

„რაც სამინისტროში ხდება, პედაგოგებზე პირდაპირ აისახება და პედაგოგებთან რაც ხდება, პირდაპირ მოსწავლეებზე აისახება. ეს იმდენად ერთიანი ჯაჭვია, რომ ამის გაყოფა არ შეიძლება,“ – განგვიცხადა მათემატიკის მასწავლებელმა მაია ქარუმიძემ.

2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

მომავალ წელს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოებს გამომცემლებისგან შეიძენს, გრიფირება კი ყოველწლიური გახდება

თაკო არის© მათეშვილი

რას ნიშნავს ეკლესიის ჩართულობა სკოლის სასწავლო პროგრამის შედგენაში – მარიამ ჯაშის ინიციატივა

$
0
0

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე მერიამ ჯაში სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ამგვარად თავიდან ავიცილებთ ისეთ აჟიოტაჟს, როგორიც უკვე შემუშავებული პროგრამის- საგან „მე და საზოგადოების“ განხილვებს მოჰყვა.

ამბობს, რომ კომიტეტის მუშაობის პროცესში  ამგვარი ქმედება შესაძლებლობას იძლევა ფართო კონსულტაციების მეშვეობით მივიღოთ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ინიციატივების შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების დარგების შემდგომ განვითარებას ეხება.

მარიამ ჯაში: ისინი უნდა ჩაერთონ საკონსულტაციო პროცესში, რადგან გადაწყვეტილების მიღება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა. მაგალითად, ყველას გვახსოვს, როდესაც სასკოლო პროგრამებში ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების, მათ შორის რეპროდუქციული საკითხების სწავლების ინიციატივა გაჩნდა, ამას ძალიან სერიოზული კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საკმაოდ ხანგრძლივი და მწვავე კრიტიკა იყო.

–საგან „მე და საზოგადოებას „გულისხმობთ?

–მ.ჯ: დიახ. იმ პერიოდში საქართველოში არ გახლდით, მაგრამ მახსოვს, რომ ეს თემა ძალიან ფართოდ განიხილებოდა. სწორედ იმიტომ, რომ უკვე შემუშავებულ პროგრამებზე კრიტიკული შენიშვნები გამოვრიცხოთ, ნებისმიერი მსგავსი კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა პროგრამების შემუშავების პროცესში, საკონსულტაციო რეჟიმში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ჩართვა და მოსაზრებების შეჯერებაა.15025440_1429321607085580_7967701069971586649_o

თუკი ჩვენ აზრს საერთაშორისო ორგანიზაციებს ვეკითხებით, თუკი არასამთავრობო სექტორი გვყავს ჩართული, ვფიქრობ,  განსაკუთრებით სენსიტიური საკითხების განხილვაში, შესაბამისი რჩევებისათვის, ნამდვილად უნდა მივმართოთ რელიგიურ ორგანიზაციებს და მათ შორის ქართული ეკლესიის წარმომადგენლებს.

–გულისხმობთ, რომ არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები უნდა  ჩაერთონ, არამედ სხვადასხვა კონფესიებიც?

–მ.ჯ: რა თქმა უნდა. საქართველოში ხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობა ცხოვრობს, ერთმანეთთან მრავალსაუკონოვანი ურთიერთობა და ისტორია გვაკავშირებს და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების ჩართვა ქართულ ეკლესიასთან ერთად თანაბრად იგულისხმება.

–თქვენი ზრით, როგორ უნდა მოხერხდეს მათი ერთ პოზიციაზე შეჯერება იმ პირობებში, როცა ხშირად ერთსა და იმავე საკითხებზე განსხვავებული მიდგომებია თავად მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებშიც კი, ან მათსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის? რთული არ იქნება სხვადასხვა რელიგიის მიმდევარის ერთ პოზიციამდე მიყვანა?

–მ.ჯ: აქ ისევ და ისევ საუბარი საკონსულტაციო რეჟიმზე და მოსაზრებების შეჯერებაზეა. ამის პრაქტიკა არსებობს. ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში, როგორიც გაეროა, ათასწლეულის განვითარების პროგრამის სამოქმედო პლატფორმაში, სამუშაო პროცესში, ამა თუ იმ საკითხის განხილვასა და განხორციელებაში ცალკე მიმართულება რელიგიური ორგანიზციებისა და რელიგიური ლიდერების ჩართულობას ეთმობა.

ამდენად, მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს. საექსპერტო საბჭოები, საკონსულტაციო კომიტეტები, სამუშაო ჯგუფების ფორმატი აბსოლუტურად მისაღები და პრაქტიკაში დანერგილია. ამიტომაც ვფიქრობ, მსგავსი ფორმატით მუშაობა ჩვენთანაც შესაძლებელია.

თაკო არის© მათეშვილი

800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს

$
0
0

მასწავლებელთა შეფასების სქემის პრეზენტაციის თარიღი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ არ ჩაუნიშნავს. როგორც მინისტრის მოადგილე ლია გიგაური EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებს, წინ  ჯერ სახელმწიფო კომისიის სხდომაა და პრეზენტაციის დრო მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

დეტალები არც პედაგოგთა გამოცდაზე ბარიერის გაუქმებაზე მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებითაა ცნობილი. როგორც გიგაური ამბობს, დეტალები ჯერ  დამუშავების პროცესშია.

ლია  გიგაური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის მომავალ თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან ერთად პედაგოგებთან შეხვედრებს დაესწრო და მათგან როგორც შენიშვნები, ისე რეკომენდაციები მიიღო.

ლია გიგაური: ძალიან საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები იყო გამოთქმული. მათი დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია. როცა რაიმე ცვლილებას ვამზადებთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ პრაქტიკოს ადამიანებთან შეხვედრის საფუძველზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სრული სურათი შევიქმნათ.

სწორედ ამიტომ, ეს საკითხები სხვადასხვა პედაგოგიურ წრეში არაერთხელ მოგვისმენია და ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომზადებულია, ამ საკითხებსაც ითვალისწინებს. მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მათ მიერ გამოთქმული ბევრი რეკომენდაცია ცვლილებების პაკეტში ფაქტიურად უკვე ასახულია და მომავალი სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ეს პრობლემები გადაიჭრება.

–გრიფირებულ სახელმზღვანელოებზე პედაგოგებმა ყველაზე მეტი პრეტენზია გამოთქვეს. რას სთავაზობთ მათ?

ლ.გ:სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ასევე იდენტიფიცირებულია, ვინაიდან მანამ, სანამ გრიფირების ახალი პროცესი დაიგეგმებოდა, სახელმძღვანელოების ანალიზი ჩატარდა. შესაბამისად, ეს საკითხები გრიფირების ახალ წესში გათვალისწინებულია, რათა იგივე რისკების წინაშე არ დავდგეთ და მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ. ასევე, ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მომავალში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით იქნება მიღებული.

–სქემის პრეზენტაციის თარიღი თუ გახდა ცნობილი?

ლ.გ:  ჩვენ ჯერ სახელმწიფო კომისიის სხდომა გვაქვს და შემდეგ პრეზენტაციაც გვექნება.

–ზოგადად, სქემის ცვლილებაზე რას ფიქრობთ და რა იცვლება კონკრეტულად?

ლ.გ: მოგეხსენებათ, სქემა საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ეს სწორედ იმას გულისხმობდა, რომ აღმოჩენილი ხარვეზები გადამუშავებულიყო. ჩვენ ეს შეფასებული გვაქვს და ცვლილებების ახალი პაკეტი მომზადებულია. მას სახელმწიფო კომისია განიხილავს და შემდეგ უკვე კანონში ცვლილებებს მოვამზადებთ.

–პედაგოგთა გამოცდაზე ბარიერის  მოხსნასთან დაკავშირებით მინისტრის ინიციატივას აჟიოტაჟი მოჰყვა.  რა შეგიძლიათ გვითხრათ დეტალებზე?

ლ.გ: დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე საკითხის დამუშავება მიმდინარეობს.

–2017 წლიდან პედაგოგები ანაზღაურების ზრდას ელოდებიან…

ლ.გ: ანაზღაურების სამეტაპიანი ზრდა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი იყო. ამიტომ, ყველასათვის ცნობილია თუ როგორი იყო დადგენილება პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. ზუსტად ამ სქემით მივდივართ.

–რომელ პედაგოგებს უხდებათ ხელფასი  800 ლარი?

ლ.გ: სრული დატვირთვის შემთხვევაში უხდებათ 800 ლარი. მას სრული საათობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს და შესაბამისი დანამატებით საშუალო ხელფასი 800 ლარი გამოდის.

გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება

თაკო არის© მათეშვილი

ქორწილის იმიტაცია საბავშვო ბაღში –პედაგოგის თუ აღმზრდელობითი სახელმძღვანელოს პრობლემა?!

$
0
0

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ თბილისის 56-ე საბავშო ბაგა-ბაღში ბავშვებმა ქორწილის სცენა გაითამაშეს, საზოგადოების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, რომ საბავშვო ბაღის ორი აღსაზრდელი ნეფე-პატარძლის როლს თამაშობს, დანარჩენები კი „საზეიმო ცერემონიას“ ესწრებიან. ამასთან, აღმზრდელი მათ ეუბნება, რომ „ახლა კოცნისა და მილოცვის დროა“. ”ცერემონიას” ვალსის ცეკვისა და “ტორტის გაჭრის” რიტუალიც ახლავს თან.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, რომელიც საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მაკონტროლებელი სტრუქტურაა, გავრცელებული  ვიდეოს შინაარსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც  EDU.ARIS.GE-ს სააგენტოში განუცხადეს, აღმზრდელები სპეციალური მეთოდოლოგიური წიგნით ხელმძღვანელობენ, სადაც ”ქორწილი” პარაგრაფად არის მოყვანილი, თუმცა სააგენტოში იმასაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მეთოდოლოგიურ დარღვევას, რადგან ქორწილი არა ბავშვებს, არამედ თოჯინებს უნდა ეთამაშათ.

სააგენტოს ინფორმაციით, 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორს უკვე ჰქონდა შეხვედრა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და შესაძლოა აღმზრდელს საყვედურიც გამოუცხადონ.

თავად 56-ე ბაღის დირექტორი მზია ჯიბღაძე მომხდარით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ აღმზრდელმა შეცდომა დაუშვა. დირექტორის განმარტებით, აღმზრდელს მეთოდისტთან შეთანხმებით შეუძლია რომელიმე დავალება გამოტოვოს და ბავშვებს არ შეასრულებინოს. მისივე განმარტებით,  თოჯინების ნაცვლად ქორწინების სცენა თავად რომ გაეთამაშებინათ ბავშვების მოთხოვნა იყო.

”პედაგოგის შეცდომა იყო ის, რამაც მეც შემძრა, თვითონ ბავშვებმა რომ გაითამაშეს ქორწილის ინსცენირება. ეს პედაგოგის შეცდომაა, გადაჭარბება და გადამეტება რბილად რომ ვთქვათ. მეტიჩრობით თუ რაღაცით, ცუდად გამოვიდა. ნეფე-დედოფლის როლი უნდა ეთამაშათ თოჯინებს. მართალია, ბავშვმა თვითონ მოითხოვა ფატას მე დავიფარებო, მაგრამ მაინც. რაც შეეხება ქორწილის თემის მიწოდებას, საინტერესოა და უნდა ხდებოდეს, თუმცა უნდა მოძებნო შესაბამისი ფორმა,” – განაცხადა მზია ჯიბღაძემ.

საჯარო ბაღის პედაგოგების ნაწილი სააღმზრდელო სახელმძღვანელოში მსგავსი თემების შეტანის წინააღმდეგია და აცხადებენ, რომ მათზე ყურადღების გამახვილება არაა მიზანშეწონილი. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ თემა საინტერესოა ბავშვებისთვის, თუმცა მისი მიწოდება ბავშვისთვის მაქსიმალურად შესაბამისი ფორმით უნდა მოხდეს.

“თუ სწორად მივაწვდით ბავშვებს, ყველაფერი მისაღებია, მათ შორის ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხებიც,” – აღნიშნა პედაგოგმა როზა ნარმანიამ.

სკოლამდელი აღზრდის ერთ-ერთი დაწესებულების პედაგოგი ირინა ჯლანტიშვილი ფიქრობს, რომ საქორწილო რიტუალის გათამაშება ბავშვების მხრიდან მიუღებელია, თუმცა ყველა ბავშვს აქვს ლამაზი კაბის, ფრაკის ჩაცმის ინტერესი, შესაბამისად, აპლიკაციისა და თამაშის ფორმით ამის გაკეთება დასაშვებია.

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში, რომელიც განათლების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ავტორთა ჯგუფმა შექმნა, ”ქორწილი”, ერთ-ერთ პარაგრაფად არის შეტანილი. სახელმძღვანელო საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგთა მეთოდოლოგიური წიგნია, რომლითაც მათ სააღმზრდელო პროცესი უნდა წარმართონ.

14955859_1321937631161883_5601375114434667547_nსახელმძღვანელოში ვკითხულობთ: “დაათვალიერებინეთ ბაშვებს ქორწილის სხვადასხვა ფოტო, ჰკითხეთ, თუ იციან, რა ხდება ამ სურათებზე? რატომ ქორწინდებიან ადამიანები? როგორი არის საქორწინო ცერემონია? გაიხსენონ, რომელი ზღაპრები მთავრდება ქორწილით. მოუყევით ქორწილის ქართულ ტრადიციებზე. მოასმენინეთ „მრავალჟამიერი“. დაწყვილდნენ ბავშვები, ჩაურთეთ ვალსი, სთხოვეთ იცეკვონ”. ასევე ამავე წიგნის მიხედვით, აღმზრდელებმა უნდა წაახალისონ ბავშვები, გაითამაშონ ქორწინების ცერემონია, გაგზავნონ მოსაწვევები, მიიღონ სტუმრები და გაუმასპინძლდნენ. აქვე აღნიშნულია, რომ ნეფე-პატარძლის როლი უნდა ათამაშონ თოჯინებს.

EDU.ARIS.GE ილიას უნივერსიტეტის ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ნინო ცინცაძე ერთ-ერთია იმ ავტორთაგან,  რომელიც ამ სახელმძღვანელოზე მუშაობდა. მისი განცადებით, სახელმძღვანელო არის თემატური და მისი მიზანი, ბავშვის გარშემო ყველა აქტუალური თემის ბაღის პირობებში მიმოხილვაა, მათ შორის ქორწილის თემისაც.  თუმცა ამის მიუხედავად, ნინო ცინცაძისთვის ქორწილის თემის ინსცენირება იმ ფორმით, როგორც ეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მიუღებელია. მისი შეფასებით, ეს ცალსახად ცუდად განხორციელებული აქტივობაა.

”ქორწილი სადღესასწაულო მოვლენაა. ბავშვები დაგვყავს ქორწილში და ეს თემა ტაბუირებული არაა.  შესაბამისად ეს თემაც შევიტანეთ როგორც ბავშვებისთვის ერთ-ერთი აქტუალური თემა. გავრცელებულ ვიდეოში თემატიკის პრობლემა არ არის, არის მეთოდოლოგიური პრობლემა. ეს იყო ძალიან ცუდად განხორციელებული აქტივობა. უხერხული სიტუაციის შექმნის მომენტს შეიცავდა. ამ ტიპის მეთოდოლოგიურ პრობლემას სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვხვდებით, იმიტომ, რომ საკმაოდ დაბალია სკოლამდელ აღზრდაში მასწავლებელთა  განათლების დონე. არაკვალიფიციურმა აღმზრდელმა შეიძლება ნებისმიერი თემა გააფუჭოს. ჩვენ თუ ვიტყვით რომ ამ თემაზე არასდროს უნდა ვილაპარაკოთ და სულ უნდა იყოს ტაბუირებული, ეს გამოსავალი არ არის, აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ აღმზრდელების განათლებასა და სწორი მეთოდოლოგიური პრინციპების მიწოდებაზე და არა იმაზე, სხვადასხვა თემებს ჩვენს ისედაც ტაბუირებულ საზოგადოებაში კიდევ მეტი ტაბუ დავადოთ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ის ნინო ცინცაძემ.

რა გავლენას ახდენს ბავშვზე მსგავსი თემებით ადრეულ ასაკში დაინტერესება და რას ფიქრობს ბავშვთა ფსიქოლოგი.

ლიკა ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ თავისთავად, საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ “ქორწილის” ინსცენირება პრობლემა არაა, თუკი ეს ბავშვის ბუნებრივი სურვილიდან მომდინარეობს და თავად აარჩევს ამ გამოხატვის ფორმას. მისი თქმით, პრობლემა იქ ჩნდება, როდესაც მასწავლებელი ხელოვნურად გადაწყვეტს, რომ გაათამაშოს ეს როლი.

“განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სკოლამდელი ასაკის ბავშვთან, რამეთუ ის იღებს მიწოდებულ ინფორმაციას თუ გამოცდილებას ზედმიწევნით რეალისტურად. ვინაიდან თამაში ბავშვის ყველაზე ბუნებრივი გამოხატვის საშუალებაა, შესაძლოა, ბავშვმა მოახდინოს აქტუალური ემოციების გამოვლენა-გადამუშავება თოჯინების, სათამაშოების გაშუალებით. თამაში ბავშვს აძლევს არსებული გამოცდილების, ემოციების უსაფრთხოდ გადამუშავების საშუალებას. შესაბამისად, ბავშვის თამაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის განვითარებაში. თუკი ბავშვი იზრდება და ვითარდება მისი განვითარების ხელშემწყობ გარემოში, მისი თამაში სპონტანურ ხასიათს ატარებს – თავადვე გეგმავს რა ითამაშოს, ვისთან ერთად ითამაშოს და რა სცენარი განავითაროს.

ხელოვნურად ჩარევა მისი თამაშის პროცესში მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება, თუ ეს არ ხდება ძალიან დიდი სიფრთხილით და თუ ამგვარი ჩარევა გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს“,–ამბობს ფსიქოლოგი.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც ყველა ბავშვს ექნება საკუთარი თავის გამოხატვის, თავისუფლად თამაშის შესაძლებლობა.

„ბუნებრივია, აღმზრდელი მიაწვდის ასაკით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მაგ. ზღაპრების სახით. ბუნებრივია, ზღაპრებში შეიძლება იყოს ისეთი თემები, როგორიცაა ოჯახი, ქორწინება და სხვ. შემდეგ კი წაახალისებს ბავშვის მიერ ინტერესის გამოხატვას და მიღებული ინფორმაცის გადამუშავებას ბავშვის მიერვე არჩეული მეთოდით – შესაძლოა როლურ თამაშში გამოვლინდეს აღნიშნული თემა, შესაძლოა დახატოს და სხვ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმა შერჩეული იყოს ბავშვის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს უფროსისგან მიეწოდება ინსტრუქცია რა ითამაშოს და რა ფორმით, შესაძლოა ეს ბავშვის მიერ ძალადობად აღიქმებოდეს იმდენად, რამდენადაც, ის არ იყოს მოცემულ ეტაპზე მზად აღნიშნული ინფორმაციის გადამუშავებისთვის ან გადამუშავების სხვის მიერ შერჩეული ფორმა არ იყოს მისთვის კომფორტული და ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდებოდეს. ამდენად, მიიღოს ნეგატიური გამოცდილება,” –  უთხრა ლიკა ბუწაშვილმა EDU.ARIS.GE-ს.

ფაქტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

ვინ მიიღებს სახელმწიფო გრანტს მაგისტრატურაში სწავლისთვის მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

$
0
0

2016 წლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტები სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გაიგებენ. სწორედ ამ დროისთვის აანონსებენ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, მაგისტრანტების დასაფინანსებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 900-მდე სტუდენტი მაგისტრატურაში სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლის.

„2 მილიონი ლარია გამოყოფილი მაგისტრანტების გრანტისთვის, გარდა ამისა სოციალური გრანტია  205 ათასი, რომელსაც განათლების სამინისტრო ანაწილებს. თითოეული კანდიდატი,  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, 2 250 ლარით დაფინანსდება. 2 მილიონი ლარი 2250-ზე რომ გავყოთ, დაახლოებით, 900-მდე გამოდის. სწორედ ამდენი მაგისტრანტი დაფინანსდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.

წელს 12 ათასამდე აპლიკანტი გამოცხადდა ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე და 8 400-ზე მეტმა გადალახა ზღვარი სამ კომპეტენციაში. ანუ ამდენმა მაგისტრანტმა მოიპოვა ჩვენთან მაგისტრობის უფლება. ხოლო რამდენი გააგრძელებს აქედან მაგისტრატურაში სწავლას, ეს უკვე უნივერსიტეტის შიდა გამოცდით და შემდეგ აპლიკანტის სურვილის მიხედვით, გააგრძელოს სწავლა შესაბამის ფაკულტეტზე, გამოჩნდება. რაც შეეხება გრანტის განაწილებას, საბოლოო შედეგები, როგორც გითხარით, იქით კვირას გამოცხადდება“, – აღნიშნა ივა მინდაძემ.

ცისანა არის© შერგილაშვილი

IBSU-ში ამერიკელი მწერლის იან თოლის საჯარო ლექცია გაიმართა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით, ამერიკელი მწერლისა და პოლიტიკური და სამხედრო ისტორიკოსის იან თოლის საჯარო ლექცია გაიმართა.

იან თოლი ცნობილია აშშ-ის ფედერალური სახელმწიფოს საერთაშორისო საზღვაო კონფლიქტებისა და გადაწყვეტილებების კვლევით. მან სახელი გაითქვა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის 1812 წლის ომის პერიოდში არსებული კონფლიქტის, აგრეთვე II მსოფლიო ომის დროს წყნარი ოკეანეში იაპონიის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენების კვლევით. იან თოლის წიგნებმა კრიტიკოსთა ფართო აღიარება მოიპოვა და მისი ნაშრომები წარდგენილ იქნა სემუელ ელიოტ მორისონის და უილიამ კოლბის პრემიებზე, აგრეთვე მოხვდა ნიუ იორკ თაიმსის რედაქტორის არჩევანის ნომინაციის სიაში.

სანამ ისტორიულ-დოკუმენტურ ჟანრში წერას დაიწყებდა იან თოლი უოლ სტრიტის და ფედერალური ხაზინის ანალიტიკოსი იყო, ასევე მუშაობდა როგორც პოლიტიკური დამხმარე და მოხსენებების მწერალი. თოლმა ბაკალავრის ხარისხი ამერიკის ისტორიაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში – ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო სკოლაში.


სასკოლო პროგრამიდან ყველა საგნის ამოღება იგეგმება – რევოლუციური სიახლე ფინურ განათლებაში

$
0
0

ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. მას საერთაშორისო რეიტინგების საუკეთესო ათეულში მყარად უკავია პოზიცია. მიუხედავად ამისა, ფინეთის საგანმანათლებლო სტრუქტურები საკუთარი მიღწევებით არ კმაყოფილდებიან და სასკოლო სისტემაში სრული რევოლუციის მოხდენას გეგმავენ.

ფინეთის საგანმანათლებლო სტრუქტურას სასკოლო პროგრამიდან საგნების ამოღება აქვს განზრახული. გამომდინარე აქედან, სკოლებში აღარ ჩატარდება ფიზიკის, მათემატიკის, ლიტერატურის, ისტორიის ან გეოგრაფიის გაკვეთილები.

ჰელსინკის განათლების განყოფილების უფროსი, მარჯო კილონენი ცვლილების მიზეზს შემდეგნაირად ხსნის: „სკოლები, რომლებიც მოძველებული მეთოდებით ასწავლიან, ეფექტის მომტანი 1990-ანი წლების დასაწყისში იყვნენ. დღევანდელი საჭიროებები შეიცვალა. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი რამ, რაც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს შეესაბამება.“

ნაცვლად ინდივიდუალური საგნებისა, მოსწავლეები ისწავლიან მოვლენებს ან ფენომენებს ინტერდისციპლინური ფორმატით. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი განხილული იქნება ისტორიული, გეოგრაფიული და მათემატიკური ჭრილით, ან თუ მოსწავლე გაივლის საგანს, პირობითი სახელით – „კაფეში მუშაობა“, ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ინგლისური ენის, ეკონომიკისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების მიმართულებით.

ფინეთში ახალი სისტემა მაღალ კლასებში იმ მოსწავლეებისთვის ამოქმედდება, რომლებიც 16 წლის და მეტის არიან. ამ გადაწყვეტილების იდეა კი შემდეგია: მოსწავლეებმა თავად უნდა აირჩიონ მათთვის საინტერესო თემები და მოვლენები, იმის გათვალისწინებით, თუ რა შეესებამება უკეთ მათ სამომავლო მიზნებსა და შესაძლებლობებს. ამრიგად, არც ერთი სტუდენტი აღარ გაატარებს ფიზიკის ან ქიმიის გაკვეთილს იმაზე ფიქრში, თუ რაში დაჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა.

ფინურ განათლების სისტემაში მოსწავლისა და მასწავლებლის ტრადიციული კომუნიკაციის ცვლილებაც იგეგმება. მოსწავლეები აღარ ისხდებიან სასკოლო მერხებთან და ნერვიულობით არ დაელოდებიან, თუ როდის გაიყვანს მასწავლებელი დაფასთან. სანაცვლოდ, ისინი იმუშავებენ ერთად, პატარა ჯგუფებში, რომლებიც პრობლემებისა და საკითხების განხილვაზე იქნება ფოკუსირებული.

ფინური საგანმანათლებლო სისტემა ახალისებს კოლეგიალურ მუშაობას. ამიტომ, გარკვეული ცვლილებები მასწავლებლებსაც შეეხებათ. ამ სასკოლო რეფორმის ეფექტურობისთვის აუცილებელი იქნება სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ჰელსინკელი მასწავლებლების 70%-მა უკვე გაიარა ახალი სისტემისათვის მოსამზადებელი კურსი. სწავლების ახალი მეთოდის შემოღების შემდეგ კი მათი ხელფასი გაიზრდება.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები ფინური განათლების სისტემაში 2020 წლისთვის შევა ძალაში.

აღნიშნული სიახლის გამოქვეყნებას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

Linda Blair – „მე სრულად ვეთანხმები ამ იდეას, თუმცა იგი შედეგს ვერ მოიტანს. თუ უმაღლესი სასწავლებლებიც ამ კონცეფციაზე არ გადავლენ. სამწუხაროდ, უნივერსიტეტებს აქვთ მოლოდინი, რომ მოსწავლეები უკვე გარკვეული ცოდნით მიდიან და თუ ეს ასე არ იქნება, სტუდენტებს კურსებისათვის თავის გართმევა გაუჭირდებათ.“

David Rupnik – ,,ნამდვილად… ეს მეთოდი იმუშავებს მხოლოდ ფინეთის შიგნით და ესეც მაშინ, თუ მთლიანი საგანმანათლებლო სისტემა გაივლის აღნიშნულ ცვილელებას, რაშიც ეჭვი მეპარება. პრობლემა საერთაშორისო ასპარეზია… ვინ აღიქვამს ამ მოსწავლეებს სერიოზულად, როცა ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს, თუ რა იციან და უარესი – რა არ იციან. აქ ჩვენ გლობალურ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, რომლის შეცვლაც ძალზედ რთულია.”

Jasmine Mittal – ,,ეს ნამდვლად შეცვლის მომავალს…”

Elisabeth Davidson – ,,ინტეგრირებული ცხრილი სულაც არ არის ახალი იდეა. პირიქით, ძალიან ჩვეული მიდგომაა სწავლების პროცესში. მე მაფიქრებს, სრულიად ჯგუფურ მუშაობაზე აწყობილი სისტემა, რომელიც ხშირად მიკერძოებული და ვიწრო გაგებისაა. არ დაგვავიწყდეთ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინტროვერტია. ისინი სწორედ დამოუკიდებლად მუშაობისას ავლენენ მეტ პროდუქტიულობასა და კრეატიულობას.”

Vivi Capdevila – ,,ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვიზიარებ. სწავლების აღნიშნული მეთოდი იმ მოსწავლეებს წაადგებათ, ვინც უკვე გააკეთა პროფესიული არჩევანი და უკვე წარმოუდგენია საკუთარი მომავალი. მათთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ეს სისტემა ეფექტური ვერ იქნება. ამ კატეგორიის მოსწავლეებისათვის აუცილებელია რომ შეხება ჰქონდეთ სხვადასხვა თემასა და საგანთან, რათა გადაწყვიტონ, რა არის მათთან ახლოს. ხანდახან ისეთი საგანი დააინტერესებს მოსწავლეს, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა და საკუთარ თავს სწორედ ამ საქმიანობაში იპოვნის. თუმცა, რა თქმა უნდა, საინტერესო კონცეფციაა.”

Linda Smith – როგორც მაღალი კლასის მოსწავლის მშობელი, არაერთხელ დავმდგარვარ კითხვის წინაშე: „კი მაგრამ, რაში სჭირდებათ ამის ცოდნა?“. მე მიმაჩნია, რომ პრაქტიკულ განათლებას მეტი გამოყენება აქვს. როცა სამსახურში კოლეჯდამთავრებულების აყვანა მსურს, ვაწყდები ფაქტს, რომ მათ საერთდ არ გააჩნიათ პრაქტიკული ცოდნა ან ძირითადი უნარები. ვეთანხმები ფინეთს!”

მოამზადა: ანა ნემსიწვერიძემ

ნაცარქექიას აპოლოგია – ვუძღვნი ბ-ნ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას

$
0
0

ავტორი – ზურაბ კიკნაძე

პროფესორი

ჩვეულებრივ საუბარში ამბობენ: “ეს ზღაპარია”. და ის, რაზედაც ამბობენ, რომ ზღაპარია, მიაჩნიათ, რომ განუხორციელებელი ოცნებაა, ან სინამდვილის საპირისპიროა, ან ტყუილია და ამიტომაც მასზე ფიქრისთვის არ უნდა მოცდეს გონიერი კაცი…

ნამდვილად სიტყვა “ზღაპარი” არ იმსახურებს იმას, რომ ის დავუპირისპიროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. ამ სინამდვილეს კი ნამდვილად უპირისპირდება. რადგან ზღაპარი ეწოდა ისეთ ამბავს, რომელიც გვაუწყებს ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას. განა ტყუილი დაერქმევა იმ გზას, რომლის ბოლოს აბსოლუტური დასასრულია, როცა უკან არის მოტოვებული ყველა განსაცდელი, მეტიც: განსაცდელის წყარო – ბოროტება აღმოფხვრილია, განქარებულია უკანასკნელი მტერი, და მთელი ყოფიერება მარადიული ქორწილით ახალ საფეხურზე ადის, სადაც არის ახალი ცა და ახალი მიწა… ამ გზის გამკაფავი არის ზღაპრის გმირი, რომელიც გადის მამის სახლიდან, რათა გამარჯვებული და გამდიდრებული კვლავ დაუბრუნდეს მას…

აჰა, გადის ბიჭი, ახალგაზრდა, მზეჭაბუკი თუ გლეხის შვილი. ის არ იცნობს არც საკუთარ თავს, არც გარესამყაროს. ის იქნებ თავის თვალშიც არარაობაა, უსუსურია, ყარიბია, მაგრამ არც კომბალი უჭირავს ხელში, არც სხვა რამ იარაღი თავის დასაცავად. მაგრამ საკმარისია გადააბიჯოს კარის ზღურბლს, აღმოჩნდეს პირველ განსაცდელში, რომელიც მას ელის გარეთ, იმ წამსვე წამოიმართებიან თითქოს არარაობიდან მის საშველად… მაგრამ ყველა შემხვედრს როდი ეშველებიან ისინი. მხოლოდ მათ ეშველებიან, ვინც კაცთაგან უვალს და გაუთელელ გზას ადგანან. ეს ბიჭი – ყარიბი, გასული იდუმალის საძიებლად, იმ გზაჯვარედინს გაცილებული, სადაც სწერია “აქეთ წახვალ, ვეღარ დაბრუნდები” – ის სწორედ ამ გზას ადგას, რადგან ყველა სხვა გზა ფუჭი და ამაოა (დაე, ჭკვიანმა ძმებმა იარონ იმ გზებზე, რომლებიც ტყუიან), – სავსე რწმენითა და ნდობით ყოველი არსებისადმი, მზადმყოფი გასცეს უკანასკნელი, თვით ისიც, რაც დიდი განსაცდელის გავლით აქვს მოპოვებული, – ეს ბიჭი ღირსია იმისა, რომ მის მხარეზე იყოს მთელი ხილული და უხილავი სამყარო… და ის გამარჯვებული ბრუნდება. მისი გზა-სავალი ისეთია, რომელსაც “ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან”.

ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან იმ კაცის ფიქრებსაც, კერიის წინ რომ ჩამჯდარა და ქექავს ნაცარს. ეძებს რასმე? იქნებ ეძებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ეძებს და ვერც დავინახავთ, რასაც მოიძევს. ამ კაცის სახელი სალანძღავ და საკიცხველ სიტყვად იქცა. “რას დამჯდარხარ ნაცარქექიასავით!” მაგრამ განა შეძლებს ყოველი უსაქმური ნაცარქექიასავით ჯდომას?

დაე, დასცინოდნენ მას იმ საგნების გამო, რომელიც მან მოითხოვა სახლიდან გასვლისას, როცა გარეთ აგდებდნენ. რა არის ჭყინტი ყველი, რა არის სადგისი, რა არის ერთი გუდა ნაცარი? ნივთები, რომლებიც მხოლოდ სახლში შეიძლება გამოადგეს კაცს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი, რომელსაც აიძულებენ დასტოვოს კერა, არ გამოიყენებს ამ საგნებს მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ. ის არ შეჭამს ყველს (ვერც ხანგრძლივად შეინახავს, ის ჭყინტია), სადგისით არ გახვრეტს ტყავს, ნაცრით არ გახეხავს ქვაბს. ის აღმოაჩენს მათში იმაზე მეტს, რასაც ისინი ასრულებენ ყოველდღიურ ყოფაში, ან რაც მათთვის დაუკისრებია ადამიანის ჭკუას. დასცინიან მას? მაგრამ ის თავად დასცინებს მათ, ვინც ვერ იხედება საგანთა უკან, საგანთა სიღრმეში, საგანთა ზემოთ, რომელთა ჭკუა ერთგანზომილებიანია, ამიტომაც ყოველდღიურობას მიჯაჭვული…

ის აერთებს თავის თავში ორი ტიპის ადამიანს, რომელთაგან ერთი ჭვრეტს – მჭვრეტელია, მეორე მოქმედებს – მოქმედია… ერთი შინ არის, მეორე – გარეთ. სოფელი მათ გარეშე წარმოუდგენელია, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ერთიც აუცილებელია და მეორეც. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთის წილი – მჭვრეტელისა, რომელიც ზის, გამორჩეულია. მჭვრეტელი, იდუმალის მსმენელის წილი ქრისტემ გამოარჩია, როცა უთხრა ბეთანიელი ლაზარეს დას: “მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია…” (ლუკა, 10:41-42).

ასე ზის კაცი კერიაში – სახლისა და სამყაროს შუაგულში და იჩხრიკება, და მას ნაცარქექიას ეძახიან; მისი ქცევა გარეშე თვალისთვის ისევე დაცლილია აზრისაგან, როგორც ნაცარი – ცეცხლისაგან. მაგრამ ნაცარქექიამ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იცის, რომ ნაცრის ჩხრეკა ცეცხლის არსის, მისი საფუძვლის ჭვრეტის სიმბოლოა. ის ხილულში უხილავს ეძებს. მან იცის, რისი დანატოვარია ნაცარი და ნაცრიდან რას შეიძლება მისწვდეს მისი მჩხრეკელი…

დაე, დასცინოდნენ მას ამ საქმიანობისთვის, მაგრამ მოვუსმინოთ, რას ამბობს მგოსანი:

მაგრამ რომ გაჰქექ ცივ ნაცარს

და გამოუქექ მას ძირსა,

იქ ნახავ ობოლ ნაკვერცხალს,

მიმალულს-მივიწყებულსა;

და იმ ნაკვერცხლით აანთებ,

ააგუგუნებ კერასა,

სახლიც გათბება და ბნელი

ნათელს ვერ ავნებს ვერასა…

 

3 სექტემბერი, 2016 წ.

 

 

მშობლების და მოსწავლეების მიერ შედგენილი სკოლების რეიტინგები –ჯეჯელავას ახალი სქემა

$
0
0

„დირექტორზე დაწერენ, რომ მტარვალი და დიქტატორია. დირექტორს კი ამასთან თანაცხოვრება მოუწევს… ეს ამბავი ძალიან ხმაურიანი იქნება და ამის შესახებ პირველად თქვენ იგებთ“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლების საჯარო რეიტინგების სისტემის შემოღებას გეგმავს, რომელიც არა გამოცდების შედეგებით, სერიტფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით, ან მოსწავლეთა ნიშნებით, არამედ მშობლებისა და მოსწავლეების შეფასებებით შედგება.

თითოეული სკოლის, დირექტორის, ცალკეული პედაგოგების შეფასებებს ისინი საჯაროდ დაწერენ და სხვებსაც ექნებათ საშუალება ამა თუ იმ სკოლის ავკარგიანობის შესახებ უშუალოდ მისი „მომხმარებლისგან“ – მოსწავლისა და მშობლისგან შეიტყოს.

იდეა ალექსანდრე ჯეჯელავამ კერძო და საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრისას, კლასიკურ გიმნაზიაში გააჟღერა. მისი თქმით, სისტემაში ჩართვა ყველას  მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება. ანუ, არც ერთ  სკოლას, არც პედაგოგს, არც მშობელს და არც მოსწავლეს არავინ დაავალდებულებს, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა სამინისტრო „შექმნის მოტივებს“, რათა მათ სისტემაში ჩართვა  მოუნდეთ.

„მაგალითად, გარკვეული დაფინანსებების წინაპირობა შეიძლება ის გახდეს, რომ კონკრეტულად ამ სკოლაზე რეიტინგი საჯარო იყოს.  ანუ, მე მოგცემ შენ დამატებით ახალი თემის დაფინანსებას, ოღონდ იმ  თემაში გამოხმაურებები საჯარო უნდა იყოს. როგორც „ამაზონზე“ ყველა პროდუქტზე მისი მომხმარებლის მოსაზრება წერია,  დადებითიც და უარყოფითიც, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ასეთი სისტემა შევქმნათ,“ – აღნიშნა მან.

თუმცა, მინისტრის აზრით, საჯაროობა თავიდანვე აუცილებელი არაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სკოლას შეუძლია ნახოს თუ რა ტიპის შეფასებები წამოვა მის შესახებ და თავადვე გადაწყვეტს როდის გაასაჯაროოს იგი.

„ ცხადია, ერთ-ორი გიჟური შეფასებაც იქნება. ამ სისტემის ფარგლებში უზრდელობას და შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. სუბიექტური კომენტარებიც  იქნება და დირექტორებზეც დაწერენ, რომ მტარვალი და დიქტატორია. დირექტორს კი ამ ამბავთან თანაცხოვრება მოუწევს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მასიურად დადებითი კომენტარები დაიწერება.

„ეს იმისთვის გვინდა, რომ ვფიქრობთ- სკოლებისა და პედაგოგების სიკარგე გამომცდელების შესაფასებელი არ არის. საბოლოო შემფასებელი მოსწავლე და მშობელია, რადგან ამ ხალხისთვის ვარსებობთ. ეს ამბავი ძალიან ხმაურიანი იქნება და ამის შესახებ პირველად თქვენ იგებთ. მე უკვე მყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც ეს რომ გაიგო თქვა – რატომაც არა?!  ანუ, ვიღაცებს თავისი თავის იმედი აქვთ,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, აუცილებელი არ იქნება შეფასების სისტემაში თავიდანვე ყველა პედაგოგი ჩაერთოს. დირექტორს შეეძლება  თავდაპირველად ორი მათგანით შემოიფარგლოს, რომელთა იმედიც  ყველაზე მეტად  აქვს და“ იცის, რომ მშობლები ამ პედაგოგებს უმადლიან.“

მინისტრმა თქვა, რომ სკოლებს არ დააჩქარებენ.  სისტემის დასანერგად წლებიც რომ გახდეს საჭირო, მინისტრს ესეც მისაღებად მიაჩნია. დასძინა, რომ ამისგან მოკლევადიან შედეგს მაინც არ ელის.

აქვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ამ სქემის დანერგვა, ისევე როგორც ყველა სხვა სქემისა, თავდაპირველად წინააღმდეგობებს გამოიწვევს, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა ხალხიც მიეჩვევა, სქემაც დაიხვეწება და საბოლოო  ჯამში  „კარგ რაღაცას“ მივიღებთ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთაც რეიტინგებისათვის გამოიყენებენ, მინისტრის თქმით, ეს სამინისტროსა და დირექტორების მოსაფიქრებელია. პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს.

სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვა იწყება – ყველა დეტალი სიახლის შესახებ

800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს

თაკო არის© მათეშვილი

თუ ისწავლი ყველაფერს მიაღწევ –”მელანოს” რჩევები თანატოლებს და მშობლებს

$
0
0

იყო მსახიობი, გქონდეს დათვირთული დღის რეჟიმი, დადიოდე სკოლაში და სწავლობდე კარგად რთულია, მაგრამ 13 წლის რუსკა ქარქაშაძისთვის შესაძლებელია. რუსკამ თავი სერიალ ”ხელოვნურ სუნთქვაში” მელანოს როლის შესრულებით გაგვაცნო. რუსკაც და ”მელანოც” სწავლისკენ ორიენტირებულები არიან და უყვართ კითხვა. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის ”მშობელი მშობელს” სტუმარი  არა მშობელი, არამედ შვილია, მოსწავლე, სერიალის „ხელოვნური სუნთქვა“ გმირი. ის სერიალშიც სკოლის მოსწავლეა და წიგნების კითხვა ხიბლავს. როგორც გავარკვიეთ, ბეჯითი მოსწავლეა. მასთან საუბარი ერთნაირად საინტერესოა მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის.

სწორად მიმაჩნია მშობლებმა რომ ჩაიბარონ გაკვეთილი, დაუჯდნენ შვილებს, აუხსნან..

received_356169448070148ჩემი მშობლებისთვის პრიორიტეტი არის სწავლა, შემდეგ სხვა დანარჩენი. იმიტომ რომ სწავლის გარეშე არც კარგი მსახიობი იქნები და ვერც ნებისმიერ პროფესიას აირჩევ მომავალში. სწორად მიმაჩნია, მშობლებმა რომ ჩაიბარონ გაკვეთილი, დაუჯდნენ შვილებს, აუხსნან. დაწყებით კლასებში მეც ზუსტად ასე მეპყრობოდნენ. ისინი რომ არ დამხმარებოდნენ, არ გამოეკითხათ ყოველ საღამოს გაკვეთილები, მიმაჩნია, რომ ასე კარგად ვერ ვისწავლიდი. ადრინდელი დაჯდომა და მეცადინეობა დამეხმარა იმაში, რომ მე დღეს შემოწმება არ მჭირდება, იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ კარგად დავწერ ყველაფერს, კარგად ვიმეცადინებ. მე-6 კლასიდან დარწმუნებულები არიან, რომ სულ მექნება ნასწავლი გაკვეთილი, მენდობიან. თუმცა, ეს ბავშვზეც არის დამოკიდებული. შეიძლება მშობლები თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ ბავშვს არ ჰქონდეს სურვილი სწავლის და ატყუებდეს მშობელს.

ჩემს თანატოლ მოსწავლეებს ვურჩევდი არასდროს დააყენონ გართობა, კომპიუტერი და ტელევიზორი სწავლაზე წინ

received_356168581403568ჩემს თანატოლებს ვურჩევდი პირველ რიგში ისწავლონ, იკითხონ ბევრი, არასდროს დააყენონ გართობა, კომპიუტერი და ტელევიზორი სწავლაზე წინ. ჩემს ასაკში მთავარია სწავლა, გონებრივი განვითარება, შემდეგ უკვე უკეთესები რომ იყვნენ  აუცილებლად უნდა გაყვნენ თავის ოცნებებს, არასდროს არ უნდა გაჩერდნენ, ადამიანების გვერდში დგომა უნდა იცოდნენ, კარგი სახელი უნდა დავტოვოთ. არაა აუცილებელი ყველა მათემატიკოსი, ქიმიკოსი გამოვიდეს, ფიზიკა იცოდეს კარგად, მაგრამ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ ფუნდამენტურად უნდა ისწავლონ. მე ყველაფერს ვსწავლობ,  მაგრამ რომ გითხრათ მათემატიკა ძალიან მიყვარს – არა! მაგრამ ვიცი რომ მჭირდება. ყველაფრის აზრზე უნდა იყო. შეიძლება ძალიან მაგარი სპორტსმენი გამოხვიდე, მაგრამ ვერ სწავლობდე, არც ამაშია ცუდი რამე, მაგრამ ელემენტარული სკოლის ატესტატი უნდა გქონდეს და მერე უკვე შენი კარიერა შენზეა დამოკიდებული.

რასაც აკეთებ ხარისხიანად უნდა გააკეთო და ბოლომდე უნდა მიიყვანო

ადამიანი რასაც აკეთებ ყოველთვის ხარისხიანად უნდა გააკეთო და ბოლომდე უნდა მიიყვანო. იქნება ეს სწავლა თუ სპორტი, თუ რაც იქნება. მე გადაღებების გამო გაკვეთილების გაცდენა ხშირად მიწევს, მაგრამ შაბათ-კვირას აუცილებლად ვინაზღაურებ ხოლმე. არ მიყვარს როცა ჩამოვრჩები. მიმაჩნია რომ არაფრით არ გამოვირჩევი და რადგან სერიალში ვარ მიზეზი მაქვს რომ სკოლა გავაცდინო, პირიქით მინდა რომ მაქსიმალური მომთხოვონ, რადგან ორივე  უმაღლეს დონეზე გავაკეთო – სწავლაც და მსახიობობაც.

არ მიმაჩნია სწორად, მშობლები შვილების პროფესიის არჩევაში რომ ერევიან

received_356157268071366ნამდვილად არ მიმაჩნია საჭიროდ, როცა მშობლები მომავალი პროფესიის არჩევაში ერევიან, იმიტომ რომ თუ ბავშვი თავის კარიერაში არ იქნება ბედნიერი  და ბედნიერი იმით რასაც აკეთებს, ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ ყოველთვის უნდა მისცენ მშობლებმა შვილებს თავისუფალი არჩევანის  საშუალება. თუმცა, როცა რაღაც გაუჭირდებათ რჩევაც უნდა მისცენ, ყოველგვარი გაბრაზებისა და უხეში ჩარევების გარეშე. მე ჩემი მშობლები არჩევნის უფლებას მაძლევენ. თავისუფლება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ჩემი მსახიობობა მოსწონთ, ხედავენ მე ეს საქმე გამომდის, ამ საქმისკენ ვისწრაფვი, ამ საქმის კეთებით ვიქნები ძალიან ბედნიერი და იმის პიკს მივაღწევ რისი მიღწევაც მინდა. ამაში ხელსაც მიწყობენ და რჩევებსაც მაძლევენ.

არ იქნება სწორი შვილის ნიჭი შენი სურვილით სხვა მხარეს მიმართო-ძალით გაკეთებული საქმე ნულის ტოლია

received_356157324738027არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი  შენს შვილს დაუკეტო ის გზა, რისი ნიჭიც აქვს და სხვა მხრიდან  განავითარო ძალით. მიმაჩნია, რომ  რაც არ უნდა გამოგდიოდეს, ძალით გაკეთებული საქმე  იგივე ნულის ტოლია. მშობლებმა შვილებთან ხშირი საუბარი უნდა შეძლონ. საუბრის შემდეგ, შეიძლება თვითონაც ”გადაუნდეს” ბავშვს და აირჩიოს ის პროფესია, რასაც მშობელი ეუბნება. ეს ყველაფერი საუბარზეა დამოკიდებული და სწორ ახსნაზე.

მაგალითი ჩემი მშობლებისგან ავიღე

 სწავლის, განათლების, ადამიანად და პიროვნულად ჩამოყალიბების კუთხით, მაგალითი მე მშობლებისგან ავიღე. დაბალ კლასებში რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ისეთ კითხვებზე რომ მცემდნენ პასუხს, მეც მინდოდა მცოდნოდა ასეთი რაღაცები, ჩემს და-ძმას რომ დავმხარებოდი და ჩემს შვილებს. მე რომ კარგად ვსწავლობდი ჩემმა და-ძმამაც მომბაძა, ისინი მიხვდნენ თუ კარგად ისწავლი ცხოვრებაში ყველაფერი გექნება რაც გინდა.

არასდროს არ უნდა გაჩერდე!

არ არსებობს ადამიანი რაღაცას მიაღწიოს და თქვას რომ პიკსა და ზენიტშია. მსოფლიო მოძრაობს, ვითარდება ყოველდღიურად. მე შეიძლება ვთქვა, რომ რადგან ოსკარს ავიღებ ვიქნები ყველაზე მაგარი მსახიობი და მივაღწევ ზენიტს, მაგრამ ეგრე არ არის. არ შეიძლება ყველაფერი იცოდე. შეიძლება ყოველთვის შენზე უკეთესი იყოს ვიღაც, ამიტომ არასდროს არ უნდა გაჩერდე!

მე ისეთი არაფერი არაფერი არ ვიცი რისი ბოლომდე მიყვანაც შეიძლება, ყველაფერი ვითარდება.

14573013_350419111978515_606108685548864497_nროცა მშობლები გვაძალებენ რაღაცას პროტესტის გრძნობა გვიჩნდება, მაგრამ ბოლოს არასდროს მინანია

როცა მშობლები რაღაცას გვაძალებენ, ბავშვებს პროტესტის გრძნობა გვიჩნდება, არ გვინდა ხოლმე ამის გაკეთება, ეს პრინციპის ამბავია ხოლმე ჩვენს შემთხვევაში. მაგრამ, მე არასდროს მინანია, ყოველთვის უკეთესობისკენ შევცვლილვარ, თუ იმ წამს არ მომწონებია და გავბრაზებულვარ, მეორე დღეს ვიცოდი რომ უკეთესი ყოფილა ჩემთვის.

თუ ბავშვს სწავლა უნდა ის ცუდი მასწავლებლისგანაც ისწავლის და კარგისგანაც

მიმაჩნია, რომ თუ ბავშვს უნდა სწავლა ის ისწავლის ცუდი მასწავლებლისგანაც და კარგი მასწავლებლისგანაც. თუ უნდა სწავლა  ზედმეტს  წაიკითხავს, მშობელს ზედმეტად კითხავს და  ელემენტარულად დაგუგლავს და ისე ისწავლის. ისე განათლების სისტემა ნამდვილად მისახედი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ უნდა გართულდეს.  განათლების მინისტრს ვერაფერს ვეტყოდი, იმიტომ არის ის განათლების მინისტრი და მე მსახიობი, რომ ჩვენი პროფესიები ორივემ უკეთ ვიცით, თუმცა განათლების მინისტრი მესიმპატიურება და მიმაჩნია, რომ ეს საქმე მისია და კარგად გამოსდის.

მინისტრის და მამის რჩევები მშობლებს – დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება შვილებს

„სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია“– თინა ხიდაშელი

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ქეთი არის© გიგოლაშვილი

საქართველოს ყველა სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებსთვის IBSU კონკურსს აცხადებს

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს ყველა სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს იწვევს „სოციალურ მეცნიერებათა ზამთრის თამაშებზე“!

2016 წლის 1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით ინტელექტუალური, როლური, სასწავლო და სიმულაციური თამაშები გაიმართება მომავალი ეკონომისტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ჟურნალისტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის. ხუთი დღის მანძილზე მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებში.

საპრიზო ადგილების მფლობელი მონაწილეები (გუნდები და ინდივიდუალური მოსწავლეები) დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით, სხვადასხვა ფასიანი საჩუქრით, წიგნების მაღაზიების ვაუჩერებით და სხვადასხვა ფასდაკლებით სწავლის გადასახადზე.

ყოველ საკონკურსო დღეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მონაწილეებს გაუმასპინძლდება სპეციალურად მათთვის გამართული ფურშეტით.

„სოციალურ მეცნიერებათა ზამთრის თამაშების“ განრიგი ასეთია:

1 დეკემბერი, 2016 წელი – ინტელექტ რინგი საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი ექსპერტებისთვის. ინტელექტ რინგი გუნდური თამაშია, სადაც 4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ დასმული შეკითხვების გამოცნობაში. თამაშის ბოლოს ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი.

2 დეკემბერი, 2016 წელი – სასწავლო ფილმი მომავალი ჟურნალისტებისთვის. კონკურსის ფარგლებში მოხდება სასწავლო ფილმის ჩვენება, რომელიც ასახავს რეპორტიორულისაქმიანობის როგორც სირთულეებს, ასევე მიმზიდველობას. ფილმის ნახის შემდეგ კონკურსის მონაწილეები დაწერენ თემას „პროფესია – რეპორტიორი“. კონკურსის ბოლოს გამოვლინდება სამი საუკეთესო თემის ავტორი.

5 დეკემბერი, 2016 წელი – როლური თამაში მომავალი საჯარო მოხელეებისთვის. როლურ თამაშში 4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები მოირგებენ საჯარო მოხელეების როლს. ისინი გახდებიან ერთ-ერთი საჯარო სტრუქტურის თანამშრომლები და იმუშავებენ სტრუქტურის კომპეტენციის ფარგლებში არსებულ თემატიკაზე, მოახდენენ აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირებას და წარმოადგენენ მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. თამაშის ბოლოს გამოვლინდება ერთი საუკეთესო გუნდი.

6 დეკემბერი, 2016 წელი – სიმულაციური თამაში მომავალი ეკონომისტებისთვის. სიმულაციური თამაში შეეხება მსოფლიო ეკონომიკურ ვაჭრობას და გლობალურ პროცესებს საერთაშორისო ეკონომიკაში. 4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები წარმოადგენენ სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების დონის ქვეყნებს და ჩაებმებიან გაცხოველებულ ვაჭრობა-მოლაპარაკებებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. თამაშის ბოლოს გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი.

„სოციალურ მეცნიერებათა ზამთრის თამაშებზე“ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ნოემბერი, 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების პირობებისა და რეგისრაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

Viewing all 14513 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>