კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ .
კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერი, ექსპერტი და მკვლევარი იღებდა, ორ დღეს გაგრძელდა. მას საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.
პლენარულ სხდომაზე მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირინა შამილაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა, კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილემ მარინა გედევანიშვილმა, პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ და სხვებმა.
EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგაძემ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ კონფერენცია საქართველოს ევროპასთან და იქაურ ღირებულებებთან დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ძალიან აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით. საქართველო მიმდინარე წელს ოფიციალურად გადავიდა ურთერთობის ახალ ეტაპზე, ეს არის ასოცირების ძალაში შესვლა. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა განზომილებით ევროკავშირთან დაახლოება და ეს კიდევ უფრო მიეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ დეტალურად მოხდეს გააზრება იმისა თუ რა პროცესები გველოდება წინ, რა არის გასაკეთებელი მომავალში, რა იქნება აუცილებელი განახორციელოს როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა, რათა რაც შეიძლება უფრო ახლოს მივიდეთ მასთან“ – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ კი იმაზე ისაუბრა, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს თუ რას ნიშნავს ევროკავშირთან ასოცირება, რას მოუტანს ეს ხელშეკრულება ქვეყანას და რომ სწორი ინფორმაციით თავიდან ბევრ იმედგაცრუებას ავიცილებთ.
მისი თქმით, კონფერენციის ჩატარების იდეა უნივერსიტეტში ექვსი თვით ადრე გაჩნდა. მიზანი კი სწორედ სახლოგადოებისათვის იმის ახსნა იყო თუ რისი მომტანია ასოცირების ხელშეკრულება უბრალო ხალხისთვის.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნივერსიტეტი ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პარტნიორ უნივერსიტეტებს დავუკავშირდა. მათანც კონფერენციაზე გამოგზავნეს მეცნიერები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ.
„ჩვენი უნვერსიტეტის დელეგაცია 6 თვის წინ იყო წარმოდგენილი პოლონეთში და იქ ამ საკითხებზე ძალიან ბევრს გვესაუბრებოდნენ. პოლონეთმა ეს ეტაპი უკვე გაიარა. ევროკავშირთან ასოცირება მისთვის თავიდან ძალიან რთული იყო. სამრთლბრივ სისტემაში ბევრი ცვილების შეტანა დასჭირდათ.
„თუმცა, დღეს უკვე ძალიან კარგად გრძნობენ თავს, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ მათ ცხოვრების დონეს, მათ ყოვედღიურობას ეტყობა, რომ ეს ევროპაა. გვინდოდა, რომ პოლონელების დახმარებით, მათთან ერთად გაგვერკვია ყველა ის შედეგი, რომელსაც ასოცირება მოგვიტანს”, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
მისი თქმით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუკავშირდა პარტნიორ უნივერსიტეტებს ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რათა გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია და გამოეგზავნათ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.
კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ თავად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებიც და არა მხოლოდ ისინი -რექტორის თქმით, საქართველოში მოღვაწე ბევრმა მეცნიერმა გამოთქვა მასში ჩართვის სურვილი. ამის საშუალება ყველას მიეცა და კორძაია იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კონფერენციაზე შემუშავდა.
კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი სამხედრო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ვახტანგ მაისაია იყო, რომლის მოხსენებაც უსაფრთხოების თემას ეხებოდა – „ჰიბრიდული ომი და მისი სამხედრო განზომილება“.
მაისაიას თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია და ასეთი პრაქტიკული ტიპის აქტივობები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ორმხრივ დონეზე კიდევ უფრო წინ წაწევს -უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება თუ რა ხდება დღეს ევროკავშირში, რატომ ჭიანურდება ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რომელსაც ასე ველოდებით და ა.შ.
„კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია – უსაფრთხოებიდან დაწყებული სამართლებრივი თემატიკით დამთავრებული. მითუმეტეს საინტერესოა, რომ კონფერენციის მონაწილეები არიან პროფესორები ევროკავშირის ქვეყნებიდან და უკრაინიდან. ჩვენი და უკრაინელი პროფესორების წარმოდგენების დაფიქსირება და ევროპელ კოლეგებთან მსჯელობა ძალიან საიტერესოა. ამას გეოპოლიტიკური ლობიზმის მშვენიერი ფორმა შეგვიძლია დავარქვათ. რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი ღონისძიებები, ვფიქრობ მეტი საქართველო იქნება ევროკავშირში და მეტი ევროკავშირი – საქართველოში,“- განაცხადა მაისაიამ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მსგავს თემაზე კონფერენციის ჩატარებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომდევნო წლებშიც გეგმავს.