Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14509 articles
Browse latest View live

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ

$
0
0

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მასწავლებლებს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და სხვა დეტალები გააცნეს.

შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა საკონკურსო ეტაპების ვადები, რომლის მიხედვით, მასწავლებლები, სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ვებგვერდზე www.tprize.ge 14 ივლისამდე შეძლებენ აპლიკაციების შევსებას. განაცხადების ტექნიკური შემოწმება 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო 7 აგვისტოდან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური ჯერ 10 კანდიდატს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა კონსენსუსის საფუძველზე მოხდება.

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები, ასევე, აჭარაშიც გაიმართება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან – „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიისპრესტიჟის ზრდა.


გორის უნივერსიტეტში სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

$
0
0

6 ივნისს გორის უნივერსიტეტში გაიხსნა სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა
სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს მიულოცა კონფერენციის გახსნა და უსურვა წარმატებები.

სტუდენტებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 61 მოხსენება, რომლებიც გადანაწილდა 11 სექციაში.

აწსუ-ის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ადილა“ პოლონეთში წარმატებით გამოვიდა

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ადილა“ მიმდინარე წლის 16-21 მაისს მიწვეული იყო პოლონეთში, ქ. სოპოტში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე.

ანსამბლი წარმატებით გამოვიდა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებში. „ადილამ“ აიღო წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სიგელები.

21-24 მაისს ანსამბლი მიწვეული იყო ქალაქ პოზნანში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში. „ადილას“ მთავარი მიღწევა, ქ. პოზნანის მუსიკის აკადემიაში კონცერტის ჩატარება იყო.

24-27 მაისს ანსამბლმა „ადილამ“ კონცერტები ჩაატარა ქ. ვარშავაში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან

$
0
0

კოალიციაგანათლება ყველასათვისსაქართველოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში, 7 ივნისს, აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან.  

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00 საათზე გაიმართება.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე და ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, მასწავლებლებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანს, კონკურსში მონაწილეობის წესებს და საკონკურსო ეტაპების ვადებს გააცნობენ.  

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგანინა გუდავაძეპატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანიაიმედი“.  

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოკოალიციაგანათლება ყველასათვისსაქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან – „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.

მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის . 35/32

 

„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ – როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საბაზო საფეხურის (7-9 კლასები) ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაზე მუშაობს. როგორც სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ ჩიქობავა EDU.ARIS.GE-სთან ვრცელ ინტერვიუში ამბობს, ახლა “მესამე თაობის” ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მიდის მუშაობა.

მარიამ ჩიქობავა: პირველი სასწავლო გეგმის დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო. თუ განვითარებულ ქვეყნებს შევხედავთ, ეს არ არის დიდი დრო. იქ 30-40 წელია რეფორმა მიდის და აი ახლა გახდნენ ისინი წარმატებულები. განათლების სისტემაში არ ხდება ასე სწრაფად ცვლილებები და შედეგის დანახვა, ამიტომ ეს არ არის დიდი დრო. ახლა “მესამე თაობის” ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მიდის მუშაობა, ასე ვეძახით. პირველი 2006 წელს იყო, შემდეგ 2010 წელს გადამუშავდა, ის რაც ამჟამად არის მოქმედი და ახლა უკვე “მესამე თაობის” სასწავლო გეგმაზე ვმუშაობთ.

– ქალბატონო მარიამ, ეროვნული სასწავლო გეგმის რომელი საფეხურების რევიზია მიმდინარეობს ამ ეტაპზე, რა სტადიაშია და როდის დაინერგება სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საფეხურების მიხედვით?

– დაწყებითი, 1-6 კლასების განახლებული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცდა და მისი დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება ვინაიდან, ახლა სახელმძღვანელოებზე მიდის მუშაობა. რევიზია ამ ეტაპზე საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმას უკეთდება და საშუალოს (10–12 კლასები) სავარაუდოდ სექტემბრიდან დავიწყებთ. რაც შეეხება საბაზო საფეხურის გადამუშავების პროცესს, უკვე გვაქვს პირველადი ვერსიები და გარკვეული სიახლეები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამოქალაქო განათლება შემოდის უფრო ინტენსიურად.

რაც შეეხება დამტკიცების ვადებს, საბაზოს წლის ბოლომდე აუცილებლად დავამტკიცებთ და ამავე დროს დავიწყებთ მუშაობას საშუალო საფეხურზე. საშუალო საფეხურის ერთგვარი კონცეფცია უკვე არის შემუშავებული, მაგრამ გვინდა, რომ ჯგუფებში განვიხილოთ და საბოლოო ვარიანტზე შევთანხმდეთ, ამიტომ ვადებზე ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით. ჯერ დაწყებითი დაინერგება, შემდეგ საბაზო და მერე საშუალო.

– რა ჯგუფებში ხდება ესგ–ის განხილვა?

– ვიდრე გადამუშავებას დავიწყებდით, დოკუმენტი გადავაგზავნეთ სკოლებში, რომ მოგვესმინა მოსაზრებები, შენიშვნები. რას შეცვლიდნენ როგორც შინაარსობრივი, ისე უნარების თვალსაზრისით. იყო საკმაოდ საინტერესო წინადადებები საგნების მიხედვით და შევეცადეთ, რომ ეს გაგვეთვალისწინებინა. სკოლების მიღმა ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა ძირითადად ამ სამოქალაქო განათლების კუთხით. ასევე, საბაზო საფეხურზე, რადგან პირველადი ვერსიებია შედგენილი, მაგალითად საბუნებისმეტყველო მიმართულებით ბიოლოგიაში, გვინდა გაეროს მოსახლეობის ფონდის ჩართვა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. მაგალითად, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან. გვინდა, რომ ფინანსური წიგნიერება შემოვიდეს სკოლებში სერიოზულად. ეს არ იქნება არანაირად რთული რაღაც, არამედ ძალიან ყოფითი და პრაქტიკული დანიშნულების. ეს კომპონენტი შევა სამოქალაქო განათლებაში მე–7, მე–8 და მე–9 კლასებში. მოსწავლეები ისწავლიან იგივე ბანკებთან ურთიერთობის საკითხებს – რა არის სესხი, რა არის პროცენტი, რასაც შემდეგ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხვდებიან. ბავშვებმა უნდა გააკეთონ ძალიან გააზრებული არჩევანი, რომ თუკი სწორი დამოკიდებულება გექნება, შეიძლება, რომ სარგებელიც კი მიიღო ბანკისგან.

– რაც შეეხება ესგ–ის დამუშავების პროცესს. შინაარსობრივად რა ტიპის ცვლილებებზე მუშაობთ, რა არის ყველაზე „ცუდი“ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელია ის ნაწილები, რომელზეც მინისტრი ამბობს, რომ „შარში ვართ“?

– მე ვიტყოდი, რომ ცუდი და კარგი ძალიან პირობითი შეფასებაა. სასწავლო გეგმა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, ზოგი რაღაც სტილს მიყვება, ზოგი სხვა ფორმას ირჩევს. აქ მთავარია რა არის შენი ქვეყნის ადგილობრივი საჭიროება, თორემ შეგვიძლია, ფინეთი, რომელიც ყველაზე წარმატებულად ითვლება, ავიღოთ და პირდაპირ გადმოვაკოპიროთ ეს სასწავლო გეგმა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იმუშავებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მიხვდე სად არის შენი პრობლემა, რა უნდა შენს ქვეყანას. რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მასწავლებლებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასწავლო გეგმამ კი არ დააყენოს მოთხოვნები, რაც არის სტანდარტების ბლოკი, რომ აი ასეთი უნდა იყოს სტანდარტი, ეს ცოდნაა საჭირო, ეს უნარებია საჭირო, ეს ცოდნა უნდა მიიღოს ან ეს დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს, არამედ ერთგვარად რაღაც გეზი მისცეს, გზამკვლევივით აჩვენოს მასწავლებელს, თუ როგორ შეიძლება ამის დანერგვა. ეს დანერგვის გზები კი შეიძლება იყოს მრავალგვარი. ჩვენ ვთვლით და გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო დანერგვა შემდეგშია: ეროვნული სასწავლო გეგმის ეს საგნობრივი ნაწილი ორ დიდ ნაწილად, ორ კომპონენტად გაიყოს – ერთი იქნება სტანდარტების ბლოკი და მეორე ე.წ. წლიური პროგრამების ბლოკი, სადაც უკვე ნაჩვენები იქნება, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ სტანდარტის შედეგებს. ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, საგნების დონეზე რა ცვლილებები უნდა შევიდეს, რა ნაწილში აქვს სასწავლო გეგმას ან მისი დანერგვის პროცესს პრობლემა, სად უჭირს?

– ჩვენ შევეცადეთ, რომ ცოტა მეტი ინსტრუქცია მიგვეცა მასწავლებლებისთვის, იმიტომ რომ რაც გვქონდა დაგეგმილი, რომ აი ასე უნდა ყოფილიყო, ის ვერ მივიღეთ რეალობაში. შევეცადეთ, ერთი გზა მაინც გვეჩვენებინა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამის სწავლების მეთოდოლოგიას. ეს აქამდე არ იყო და ახლა შევთავაზეთ თავისი კონკრეტული მაგალითებით. ყველა საგანში მსგავსი სიტუაციაა. პედაგოგებს მაინც უჭირთ, რომ გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულად დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი. შეიძლება ერთი გაკვეთილი საკმაოდ კარგი იყოს, ინტერაქტიულიც, მაგრამ ეს სრულიად ამოვარდნილი იყოს ესგ–დან. მთავარია, შენ მიზანზე იყო ორიენტირებული, გრძელვადიანი ხედვა გქონდეს და შემდეგ ეს ნაბიჯ–ნაბიჯ დანერგო.

ესგ–ს დღეს უჭირს იმის ჩვენება, როგორ მოხდეს ამ სტანდარტების დანერგვა საგაკვეთილო სივრცეში.  ამიტომ, ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ ეს როგორ წარმოგვიდგენია საგაკვეთილო პროცესში და როგორ ვხედავთ, მასწავლებლებმა ალბათ შეიძლება უფრო ძნელად დაინახონ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ წლიური პროგრამების ბლოკის გაჩენა, რითიც ჩვენ ვაძლევთ ზემოაღნიშნულ დეტალურ ინსტრუქციას.

– როგორც ვიცით, ასევე ცვლილება იქნება საბაზო საფეხურის ესგ–ში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში გაკვეთილების შემცირების გადაწყვეტილებასთან, ამ მიმართულებით რა მუშაობები გატარდა რევიზიის პროცესში, უკვე შემუშავდა შემცირების პრინციპი?

– ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახება ზუსტად ეს საათობრივი ბადე როგორი უნდა იყოს. ჯერ გვაქვს დოკუმენტის პირველადი ვერსიები, დრაფტები და როგორც კი შევჯერდებით, რომ ეს დრაფტები ასე დარჩეს, იქ საათებზეც ამის მიხედვით მოხდება კორექტირება. ჯერ ჩამოყალიბდება ის შინაარსი, თუ რა გვინდა საბაზო საფეხურზე ვასწავლოთ და შემდეგ ვთქვათ, რომ ამას დასჭირდება ამდენი საათი. ეს ბადე იქმნება სასწავლო პროგრამის თანახმად. არის კონკრეტული სასწავლო პროგრამა და მერე უნდა ვთქვათ, რომ ამას დასჭირდება ამდენი საათი. რა თქმა უნდა, ძალიან შევეცდებით, რომ მართლაც შევამციროთ ეს საათები, თუმცა აქ, მეორე მხრივ, დგება პედაგოგების ანაზღაურების საკითხი, რომელიც პირდაპირ ამაზეა მიბმული.

აქ შეიძლება ერთი გამოსავალი იყოს, ძალიან გვინდა შემოვიტანოთ არჩევითი საგნების სისტემა, რომ სკოლამ უკვე თავისი ინტერესების მიხედვით, რაც არის სავალდებულო, აი ამას ზემოდან დაამატოს კიდევ არჩევითი საგნები. რა თქმა უნდა, ეს ბევრი ვერ იქნება. უსასრულოდ ვერც გავზრდით, მაგრამ ვერც ისე შევამცირებთ, რომ ბავშვებს რაღაც მოაკლდეთ და საერთაშორისო სტანდარტებს ძალიან არ ჩამოვრჩეთ.

– რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მისი შინაარსობრივი ხარისხის გათვალისწინებით, შეიძლება ან იმუშაოს კარგად ესგ–მ, ან პირიქით. მუდმივად საუბრობენ, რომ სახელმძღვანელოები კრიტიკას ვერ უძლებს..

– წიგნი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამჟამად მთლად სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. სახელმძღვანელოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც ჩვენი პედაგოგების ძალიან დიდი პროცენტი ფაქტობრივად სრულად ეყრდნობა სახელმძღვანელოს მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამბობთ ეს არის ერთ–ერთი რესურსი და უნდა გამოხვიდე წიგნიდან. დღეს, სამწუხაროდ, წიგნის გავლა და სწავლება ხდება და არა იმ პროგრამის. სახელმძრვანელო უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მასწავლებელმა ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაატაროს. სწორედ ამიტომაც, ძალიან ბევრი მექანიზმი ჩაიდო ახალი გრიფირების წესში, რომ მთლიანი “იუნიტის”, თავი რასაც ქვია, იმის დეტალური განხილვა და გაწერა მოხდეს მასწავლებლის წიგნში, რომ პედაგოგებმა შემდეგ ანალოგიური მიდგომა გამოიყენონ უკვე სხვა საკითხების სასწავლებლად.

– რადგან ამბობთ, რომ სამწუხაროდ წიგნის გავლა ხდება, რა არის სწავლების პროცესში მასწავლებლისთვის ალტერნატივა, ერთი მაგალითით რომ ვიმსჯელოთ?

– კარგი იქნებოდა რომ მასწავლებელმა აიღოს ის უნარები, რაც უნდა გამოუმუშავდეს მოსწავლეს და ის სავალდებულო შინაარსი, რაც არის. ამ შემთხვევაში, უკვე მისი შემოქმედებითი თავისუფლებაა ამას რა შინაარსით, რა დამხმარე საშუალებებით ასწავლის. შეუძლია მან თვითონ შექმნას რესურსი და შეიძლება ის სახელმძღვანელო არც გამოიყენოს. ან მოსწავლეებს შეაქმნევინოს რესურსი, ეს ბევრად მარტივია განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. პრინციპში, მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება აქვთ.

– სამოქალაქო განათლების ინტენსიურად შემოსვლა ახსენეთ,რომლის დაბალ კლასებში შემოტანაზე საუბარიც ჯერ კიდევ 2014 წელს იყო, რა დატვირთვით შემოდის და რა არის მისი პროგრამა მაქსიმუმი, რას მისცემს მოსწავლეს ეს საგანი?

– სამოქალაქო განათლების კომპონენტი მომდევნო, 2018-19 სასწავლო წლიდან შემოდის მესამე კლასიდან. ეს არის ახალი საგანი – „მე და საზოგადოება“ მესამე–მეოთხე კლასებში და გრძელდება შემდეგ მეხუთე–მეექვსე კლასებში „ჩვენი საქართველო“. რეალურად ეს არის ინტეგრირებული საგანი, სადაც არის გეოგრაფიის, ისტორიის და სამოქალაქო განათლების კურსი ინტეგრირებული, თუმცა წამყვანი არის სამოქალაქო განათლება. აქ ისეთ ღირებულებებზე გავდივართ როგორიც არის ოჯახის, ქვეყნის პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, გარემოს დაცვა. იმ პრობლემების აღმოჩენის სწავლება, რაც მოსწავლეების გარშემოა და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრაზე იფიქრონ და იმოქმედონ. მესამე კლასიდანვე შემოდის ეკონომიკური უნარები, რესურსების დაზოგვა. ძალიან მარტივად, ბავშვის ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით და რაც მთავარია, ეს ხაზი გრძელდება უკვე საბაზო საფეხურზე და უკვე მე-7, მე–8, მე–9 კლასებში დამოუკიდებელი საგნის სახელით იქნება, მას ერქმევა „მოქალაქეობა“.

– რა ეტაპზეა დღეს საგნის „მე და საზოგადოება“ სახელმძღვანელოს მომზადება, ავტორების და შინაარსის კუთხით? ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა რელიგიური და საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა მის შინაარსს..

– მაშინ პრობლემა იყო ის, რომ რა სახელმძღვანელოსაც აცხადებდნენ ის არ არის „მე და საზოგადოება“, იმიტომ რომ ჯერ სტანდარტი იქმნება და მხოლოდ შემდეგ არის სახელმძღვანელო, იქ საუბარი იყო საერთოდ სხვა წიგნზე. ახლა მუშაობენ ავტორები, გარკვეულ ეტაპზე არიან და ძალიან მალე გამოცხადდება გრიფირების პროცესი. ავტორებთან მიდის ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, რომ კარგად გავაგებინოთ, რაც წერია სტანდარტში, რას ვგულისხმობთ ამის იქით, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ეს სახელმძღვანელოში აისახოს. დაახლოებით, ალბათ, მიმდინარე 2017 წლის სექტემბერ–ოქტომბერში მოუწევთ მათ ამ სახელმძღვანელოების წარმოდგენა უკვე შესაფასებლად. ეს ვერსიები, როგორც მინისტრი გვპირდება, აიტვირთება ელექტრონულად და ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი მოსაზრება გამოთქვას. ფაქტობრივად, სახელმძღვანელოს შექმნა საზოგადოების ჩართულობით მოხდება. უკვე მომავალი წლისთვის კი მისი ბეჭდვა, დისტრიბუცია მოხდება და სკოლებში დარიგება.

– რა დრო ეთმობა ესგ–ის თანახმად საგანს „მე და საზოგადოება“ და რა დოზით ისწავლება მის ფარგლებში რელიგია?

– ამ საგნისთვის დათმობილია კვირაში 2 საათი. აქ არის სხვადასხვა თემა. თითო წელს არის სამი თემა. მაგალითად მესამე კლასში არის „ჩემი ოჯახი“, „სკოლა“, „გარემო მეგობრები“ და „თემი, რომელშიც ვცხოვრობ“. მეოთხე კლასში გრძელდება – „მედია და ინფორმაცია“, „სად და როგორ ვიღებ განათლებას“ და „ჩემი საქართველო“. რელიგია შესულია უფრო კულტუროლოგიური ჭრილით. აქაც არის მესამე–მეოთხე კლასებში იმიტომ, რომ როდესაც საუბრობ შენს ქვეყანაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ამას ვერ გამორიცხავ, აბსოლუტურად შესისხლხორცებულია და გადაჯაჭვულია. სკოლებს დამატებით საგნად შეუძლიათ შეიტანონ რელიგია, ამის უფლება აქვთ შესაბამისი პროცედურების გავლით.

– და ბოლოს, როდის უნდა ველოდოთ ყველა საფეხურზე უკვე რევიზირებულ და დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას, როდის დაიწყება სკოლებში ამის მიხედვით სწავლება და რამდენად დარწმუნებული ხართ უკვე დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საჭიროებასთან შესაბამისობაში?

– 2018-2019 სასწავლო წლიდან იქნება დაწყებითი საფეხური 1-6, რომელიც არის დამტკიცებული, მაგრამ არ არის ძალაში შესული. 2019-2020 წლიდან საბაზო საფეხური შევა და შეიძლება საშუალოც შევიდეს მასთან ერთად, ვნახოთ როგორ მოვასწრებთ.

რაც შეეხება უკვე გადამუშავებულის შეფასებას, ჩვენ დავდიოდით კათედრებზე და დანერგვის მონიტორინგს ვაკეთებდით მის დამტკიცებამდე. წელს პილოტირება გვაქვს 15 სკოლაში და ასევე შევხედავთ რამდენად სწორად გამოგვივიდა და რა მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო, რომ უფრო წარმატებით დაინერგოს დაწყებითი საფეხურის სასწავლო გეგმა.

მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“

,,ის დრო როდესაც, ერთი ეროვნული სასწავლო გეგმით შეგვეძლო 10 წელი გვემუშავა წავიდა და ამჟამად ყოველწლიურად მოგვიწევს ცვლილებების შეტანა ”

სწავლის ძირი მწარე არ არის…

$
0
0

ვიცი, რომ დილით ადრე ადგომა ძნელია და ხანდახან სკოლაში სიარული გეზარება.

ვიცი, რომ ეს შენი ბრალი არ არის და 12 წელი ყოველდღე ერთი და იგივე საქმის კეთება მოსაბეზრებელია.

ვიცი, რომ ყოველთვის გაკვეთილის ხასიათზე არ ხარ და არც  ყველა საგანი გაინტერესებს ერთნაირად.

ვიცი, რომ ზოგჯერ არც მასწავლებლები არიან გაკვეთილის ხასიათზე.

ვიცი, რომ ყველა მასწავლებელიც არ მოგწონს და არც შენ მოსწონხარ ყველა მასწავლებელს.

ვიცი, რომ გეწყინა, როცა გაკვეთილი ისწავლე და არ გაგიძახეს; როცა კარგად მომზადებულს ნიშანი დაგაკლეს.

ვიცი, რომ ისტის გაკვეთილის მოყოლასაც დაფასთან ზეპირად გთხოვენ.

ვიცი, რომ არ გესმის რატომ უნდა ისწავლო ზეპირად პაგანინის მშობლების სახელები.

ვიცი, რომ უინტერესოა ფიზიკის და ქიმიის სწავლა ლაბორატორიის გარეშე.

ვიცი, რომ შენი სკამი ხმელია და მოუხერხებლად დასაჯდომი.

ვიცი, რომ ზამთარში მერხთან ქურთუკით ზიხარ.

ვიცი, რომ გწყინს ფიზ. კულტურის ნაცვლად რომ მათემატიკა გიტარდება.

ვიცი, რომ გინდა სკოლას კარგი სპორტდარბაზი და საცურაო აუზი ჰქონდეს.

ვიცი, რომ დიდ დასვენებაზე სასიამოვნო მუსიკის გუგუნს და მოწესრიგებულ კაფეში ჯდომას ისურვებდი.

ვიცი, რომ გულისყური ჯიბეში, ხმაგათიშული სმარტფონისკენ გაგირბის.

ვიცი, რომ გაკვეთილებზე უფრო საინტერესო  ამბებიც ხდება შენ ცხოვრებაში.

ვიცი, რომ მეტი თავისუფლება გჭირდება ბედნიერებისთვის.

ვიცი, რომ გეზარება სახლში სასკოლო ამბების მოყოლა, ამიტომ მოკლედ პასუხობ, არაფერიც არ ხდებაო.

ვიცი, რომ გინდა გისმენდნენ, სჯეროდეთ და პატივს გცემდნენ.

ვიცი, რომ გინდა ისე გექცეოდნენ, როგორც უფროსები ერთმანეთს.

ვიცი, რომ გინდა მალე გაიზარდო.

ვიცი, რომ რეპეტიტორთან სიარული შენი არჩევანი არ არის.

ვიცი, რომ ძნელია კარგად ისწავლო იქ, სადაც სწავლა მოდაში არ არის.

ვიცი, რომ სხვა გზა აღარ გქონდა.

ვიცი, რომ მსხვერპლი ხარ. დიდი სისტემის პატარა მსხვერპლი.

შენ ღარიბი ქვეყნის უღარიბესი სკოლის მოსწავლე ხარ. შენ ხელი არ მიგიწვდება განათლების თანამედროვე მეთოდებზე. შენ გაბრაზებული, უკმაყოფილო უფროსები გახვევია გარშემო. მერწმუნე, არც თუ უსაფუძვლოდ არიან გაბრაზებულები. სკოლაში ისეთი სამუშაო პირობებია, ძნელია იყო კმაყოფილი. მაგრამ თუ ამ ყოველდღიურ ფაციფუცში ვინმე ზარალდება, ეს შენ ხარ!

შენი დრო მიდის.. მალე განათლების სისტემიდან გახვალ და თუ შენი თავი დროულად ვერ იპოვე და არც გავლენიანი “პატრონი” გყავს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაებარები. მოგცემენ მერე თვეში 60 ლარს და იცხოვრებ, როგორც ყველაზე ღარიბი, ყველაზე წარუმატებელი ადამიანები შენს ირგვლივ. და ეს მხოლოდ შენი წარუმატებლობა არ იქნება..

შენ ჯერ კიდევ გაქვს არჩევანი.

ნუ მიაქცევ წვრილმანებს იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე იმსახურებს. მერე რა თუ ერთხელ გამოგიჭირეს, ნიშანი დაგაკლეს, ჩაგისაფრდნენ, უსამართლოდ დაგსაჯეს, არ დაგიჯერეს….. შენ სკოლაში იმისთის დადიხარ, რომ სირთულეების გადალახვა ისწავლო, არ დანებდე, შენს სასიკეთოდ შემოაბრუნო სიტუაცია, ეს შენ გჭირდება.

შენ შეგიძლია აწიო თამასა შენს კლასში და თქვა, რომ უნდა ისწავლო. იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვრო და არა საცოდავად; იმისთვის რომ ძლიერი იყო და არა სუსტი; იმისთვის, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა არ მოგწონს, უკეთესობისკენ შეცვალო.

თუ შენ დროს ისე გაანაწილებ რომ სწავლისთვისაც დაგრჩეს და გართობისთვისაც, დარწმუნდები რომ სწავლის ძირი მწარე არ არის.

სრულიად მარტო დადექი სარკესთან და მოუყევი შენ თავს გაკვეთილი, რომელიც ისე-რა ისწავლე. წარმოიდგინე, რომ დაფასთან დგახარ და ყველა შენ გიყურებს. ეს იგივეა, წარმოიდგინო, რომ ქუჩაში დგახარ და ყველა შენ გიყურებს. წარმოიდგინო, რომ სიტყვით გამოდიხარ და ყველა შენ გისმენს. და შეაფასე, მოგწონს ასეთი შენი თავი? ასეთი იქნები მერეც როცა მუშაობას დაიწყებ, როცა ოჯახს შექმნი, როცა .. როცა … როცა ….  ისწავლე ის გაკვეთილი მანამ, სანამ სარკეში შენი თავი არ მოგეწონება და დაინახავ განსხვავებას  ღირსეულ და გაძაღლებულ ცხოვრებას შორის.

შენს თაობაში დიდი კონკურენციაა. გაიმარჯვებენ ყველაზე მაგრები. გამოიყენე ყველა შანსი რომ არ იყო შესაცოდი, სხვისი მისახედი, რადგან ის სხვა ყოველთვის მოითხოვს რაღაცას, რაც შენ ღირსებას შეურაცხყოფს. შენ ხომ იმიტომ გეჩქარება გაზრდა, რომ თავისუფლება მოიპოვო.

ხო, კარგი რამეა თავისუფლება.. ჰოდა, ნუ გაუშვებ ამ შანსს ხელიდან. სანამ დრო გაქვს, ისწავლე, იმისთვის რომ იყო შენი თავის “უფალი”.

ასეთ მასწავლებელზე ოცნებობენ ბავშვები

ავტორი მეგი კავთუაშვილი

უცხოური ენების ტესტების ნიმუშები 2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები: ტესტის მაქსიმალური ქულა 100-ის ნაცვლად 90 იქნება, თუმცა არ შეიცვლება საგამოცდო დრო და მინიმალური გამსვლელი ქულა – 20%-ს + 1 (ანუ შარშანდელი 21-ის ნაცვლად წელს 19 ქულა გახდება).

უფრო დეტალურად კი სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება;
  • ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები). შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი;
  • მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმებში, გახდება არჩევითბოლოიანი, ანუ 4 მოცემული შესაძლო პასუხიდან აბიტურიენტს ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს; ეს დავალება, ამავე დროს, გახდება 10-საკითხიანი და 2017 წლის ტესტში მისი ნომერი იქნება 7.

იხილეთ უცხოური ენების ტესტების ნიმუშები: 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებული უცხოური ენების ტესტების ნიმუშები

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებული უცხოური ენების ტესტების ნიმუშები

$
0
0

გთავაზობთ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებულ უცხოური ენების ტესტების ნიმუშებს:

ინგლისური ენა
მოსმენის დავალება

გერმანული ენა
მოსმენის დავალება

ფრანგული ენა
მოსმენის დავალება

რუსული ენა
მოსმენის დავალება

პასუხები


საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება –ბაღების სია რაიონების მიხედვით 2017

$
0
0

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება. ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით ისარგებლონ უფასოდ.

საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.

საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:

გლდანის რაიონიN153 – მუხიანის 4 “ა” მ/რ, N48 – ჩიქვანიას 38, N205 – გლდანის V მ/რ, N216 – გლდანის IV მ/რ, N186 – გლდანულა

დიდუბის რაიონი – N11 – დიღმის მასივი VI კვ., N92 – სამტრედიის ქ.38, N23 – დიღმის მასივი IV  კვ., N15 – გაფრინდაულის 6

ვაკის რაიონი – N1- ფალიაშვილის 38, N27 – შავიშვილის 5, N142 – ნუცუბიძის III მ/რ, II კვ., N83 – ვაჟა- ფშაველას 49, ბაგა-ბაღი „ჩიორა“ -მიშველაძის 2

ისნის რაიონ – N202 – მეტრომშენის დასახლება, ტვიშის 2, N29 – პატარძეულის ქ.1, N26 – ბეღლეთის 10, N215 – ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 7, N182 – დასახ.ვაზისუბანი 1კორპ.მიმდებარე

კრწანისის რაიონი – N51 – გორგასლის ქ.43, N206 – ზემო ფონიჭალა 3

მთაწმინდის რაიონი – N170 – შანიძის 28, N152 – ბარნოვის 62, N162 – ოქროყანა თბილისის ქ.24

ნაძალადევის რაიონი – N9 – გუდამაყრის 2, N79 – ლადო-ალექსი მესხიშვილის 40, N60 – თემქა XI მ/რ 2 კვარტალი, N143 – ხორნაბუჯის 21, N80 – თემქა III მ/რ.

საბურთალოს რაიონი – N197- დ/დიღომი I მ/რ; ბრწყინვალეს 5, N171-საირმის 82, N112 – ფანასკერტელ-ციციშვილის 14

სამგორის რაიონი – N128 – მოსკოვის გამზ.5 კვარტალი, N12 -აეროპორტის დასახ.ნაკვეთი 09/066, N210 – ვარკეთილი III მასივი- , I კვ. საცხენისის ქუჩა, N45 – ვარკეთილი,ჯავახეთის ქ.8ა, N196 – ვარკეთილის 3,IV  მ/რ, N72 – ჭიჭინაძის 25

ჩუღურეთის რაიონი – N34 – გრანელის 17, N5 – ჩიქობავას  N18.

აწსუ-ს ავსტრიისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

$
0
0

7 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავსტრიისა და გერმანიის საელჩოების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებს აწსუ-ის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე მიესალმა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ავსტრიის პირველმა ელჩმა საქართველოში – არად ბენკომ აწსუ-სა და ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აწსუ-ის სტუდენტებს ავსტრიის ელჩმა საჯარო ლექცია ევროპულ ინტეგრაციაზე წაუკითხა.

არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებები შესაძლოა დაიხუროს

$
0
0

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, არაავტორიზებულმა სასწავლო დაწესებულებებმა ფუნქციონირება საკუთარი ნებით ან/და კანონის ძალით შეწყვიტონ.

აქამდე არსებული ნორმა არაავტორიზებულ სასწავლებელს სანქციას მხოლოდ დიპლომის გაცემის დროს უწესებდა. ცვლილებების მიხედვით კი ეს მთელ სასწავლო პროცესს შეეხება. კანონში ზუსტდება ჩანაწერი, რომელის მიხედვითაც არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებების მხრიდან მოქალაქეების მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა დასჯადი ქმედება გახდება.

ახალი რეგულაციის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. პარლამენტში შეტანილი პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 192 პრიმა მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:

“ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და/ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელის სახელის გამოყენება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე – ისჯება კანონით”.

აქამდე არსებული ნორმა, კანონის ინიციატორების განმარტებით, თავიდანვე “მკვდრად შობილ” აქტად იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად საჭირო გახდა კანონში რეგულაციის დახვეწა.

როგორც საკითხის მომხსენებელი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, აქამდე ადგილი ჰქონდა არაავტორიზებული სასწავლებლების მიერ მოქალაქეების მოტყუებას, რადგან ისინი სტუდენტებს კურსის დასრულების შემდეგ არ აძლევდნენ დაპირებულ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

„როცა სასწავლებელი კანონგარეშე საქმიანობას ახორციელებს, სანქციები დაწესებული უნდა იყოს დასაწყისშივე, რადგან მოქალაქეები თავიდანვე არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილები. ძალიან ხშირად შეცდომაში შეჰყავდათ აბიტურიენტები, რომ მათ ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით შეეძლოთ უმაღლეს საგანმანათლებოლო დაწესებულებაში მოხვედრა. 4 წელი სწავლობდნენ შეცდომაში შეყვანილი აბიტურიენტები ამ სასწავლებელში და ამის შემდეგ ხვდებოდნენ რომ მოტყუვდნენ, მაშინ როცა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს ვერ იღებდნენ. კანონის ამოქმედების შემდეგ, ასეთი საქმიანობა და მთელი სასწავლო პროცესისას ამის გამოვლენა, იქნება დასჯადი“, – განგვიცხადა გიგაურმა.

ინიციატივა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა. ცენტრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ნინო ბეგიაშვილის განცხადებით, ახალი ნორმის მიზანია მოხდეს ეფექტური მექანიზმის დანერგვა არაავტორიზებულ  რეჟიმში საქმიანობის საწინააღმდეგოდ.

„არსებული ჩანაწერი ვერ ფარავდა იმ გამოწვევებს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ასეთი ფაქტების გამოვლენა, იდენტიფიცირება და დასჯა იქნება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. დღევანდელი ცვლილების მიხედვით, უკანონო საქმიანობა დაუკავშირდება არა უშუალოდ დიპლომის გაცემას, არამედ მთელ სასწავლო პროცესს. ასეთი ცვლილებების მიღება იქნება პრევენციის საშუალება, ერთის მხრივ არსებულ შემთხვევებზე რეაგირების თვალსაზრისით და ასევე, პრევენცია იმის, რომ მსგავსი კერები არ გაჩნდეს“, – განუცხადა ნინო ბეგიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს.

მისივე თქმით, სტუდენტი, რომელიც ასეთ არაავტორიზებულ სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით მოხვდა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის მიღებას მხოლოდ სასწავლებელის მიერ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში შეძლებს. თუმცა, თავად სტუდენტმა ავტორიზებულ რეჟიმში უნდა აიღოს საჭირო კრედიტების რაოდენობა, ყველა სხვა წელი, რომელიც იქნება არაავტორიზებული სასწავლებლის სტატუსით, არაა საკმარისი სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის ასაღებად.

ჯარიმას, რომელსაც კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლი არეგულირებს და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ოდენობის შეიძლება იყოს. მინიმალური ზღვარი კი 2000 ლარია.

ინიციატივა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ამავე თემაზე:

განათლების მინისტრის პასუხი უგამოცდოდ უმაღლესში მოხვედრის მსურველებს

უგამოცდოდ უნივერსიტეტში – პრობლემა, რომელსაც განათლების სამინისტრო ვერ ან არ აგვარებს

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

განმეორებით საატესტატო გამოცდაზე 35 აპლიკანტი გავა – რა ითვლება საპატიო მიზეზად

$
0
0

9 და 10 ივნისს საატესტატო გამოცდებზე ობიექტური მიზეზებით ვერგამოცხადებული აპლიკანტებისათვის განმეორებითი გამოცდები ტარდება. ამ შანსით სარგებლობა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც განათლების სამინისტროს განცხადებით გამოცდებამდე, ან გამოცდების შემდეგ მიმართეს და ვისი მიზეზიც სამინისტრომ საპატიოდ მიიჩნია. წელს ასეთი სულ 35 პირია, ისინი გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში ჩააბარებენ.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს თუ რა ითვლება საპატიო მიზეზად.

ივა მინდაძე: მაგალითად, წელს გვყავს რამდენიმე პიროვნება, რომელთაც საატესტატო გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი, მაგრამ ჯარში მსახურობენ, გაკვეულ მოვალეობას ასრულებდნენ და ამის გამო ერთი გამოცდა გაცდენილი აქვთ. ეს წინასწარ ჰქოდნათ გაცხადებული და საპატიო მიზეზად ითვლება.

დამატებით გამოცდაზე გამოსვლის წინაპირობა ისაა, რომ ადამიანს, რომელიც გამოცდაზე ვერ ცხადდება, ჰქონდეს მიზეზი, რომელსაც განათლების სამინისტრო საპატიოდ ჩაუთვლის. ასეთი შეიძლება იყოს ოპერაცია. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც გადაუდებელი  ოპერაცია ჩაუტარდათ და გამოცდაზე ამის გამო ვერ გამოვიდნენ.

ანუ, ობიექტურად ითვლება მიზეზები, რომელთა განკარგვაც პიროვნებას არ შეუძლია. მაგალითად, ჯარი სავალდებულო სამსახურია, რომელსაც თავისი ნებით ვერ ცვლის. იყვნენ ისეთი აბიტურიენტი მოსწავლეებიც, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.

–საზღვარგარეთ ყოფნაც ითვლება საპატიოდ? თუ წასვლის მიზეზს გაჩნია?

–ი.მ: რა თქმა უნდა, გააჩნია რის გამოა წასული. ზღვაზე დასასვენებლად თუ წავიდა, ეს ალბათ საპატიოდ არ ჩაითვლება. თავად განათლების სამინისტრომ თუ მიავლინა მაგალითად ოლიმპიადაზე, ის დაიშვება. ასეთი შემთხვევები წინა წლებში გვქონდა.

–რა უნდა მოიმოქმედოს მოსწავლემ, თუკი წინასწარ ვერ შეძლო განცხადების შემოტანა იმის თაობაზე, რომ გამოცდაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს? ანუ, დაუგეგმავად თუ მოუწია გაცდენა?

–ი.მ: განათლების სამინისტროს უნდა მიმართოს, შესაბამისი დოკუმენტაცია დაურთოს და შემდეგ სამინისტრო საკმაოდ მოკლე ვადაში გადაწყვეტს, ითვლება თუ არა წარმოდგენილი მიზეზი საპატიოდ, დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ გვაცნობებს და ამ ადამიანს გამოცდაზე დავუშვებთ.

მაგალითად, ერთ ადამიანს აპენდიციტის ოპერაცია გაუკეთდა, რაც წინასწარ არ იცოდა. საავადმყოფოში მწვავე შეტევით წაიყვანეს. ასევე, წელს არა, მაგრამ წინა წლებში გვქონდა შემთხვევა, როცა აპლიკანტი პოლიციის მიერ იყო დაკავებული და გამოცდაზე ვერ მოვიდა.

–პოლიციის მიერ დაკავება საპატიო მიზეზად ითვლება?

–ი.მ: თუ აღმოჩნდა, რომ უდანაშაულოდ დააკავეს, ერთი დღე გააჩერეს და გაცდენა მოუწია, კი. როგორც მახსოვს, 2-3 წლის წინ ეს საპატიოდ ჩაითვალა. წელს ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

–რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა?

–ი.მ: ძირითადად ესაა ფორმა ასი,სამედიცინო დოკუმენტაცია.

–სკოლაში წარდგენა არაა საჭირო, პირდაპირ სამინისტროს უნდა მიმართონ?

–ი.მ: შეუძლიათ სკოლას მიმართონ და სკოლა გადაუგზავნის განათლების სამინისტროს. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენ მოგვმართეს და ჩვენ გადავუგზავნეთ. ერთი სიტყვით, განაცხადის მიმღები განათლების სამინისტროა.

–თუკი სამინისტრომ აპლიკანტის მიზეზი საპატიოდ არ მიიჩნია, აქვს თუ არა მას გასაჩივრების უფლება?

–ი.მ: გასაჩივრების უფლება, ცხადია, აქვს. თუმცა, არ ვიცით რამდენად მოესწრება გასაჩივრება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეიტანა განაცხადი. რაც უფრო ადრე შეიტანს, მით უფრო ადრე მიიღებს პასუხს. ბოლო წუთს განაცხადის მიღება ფიზიკურად ვერ მოესწრება. თუმცა, ასეთი შემთხვევები არც მახსენდება.

–განაცხადების მიღების ვადა სადამდეა?

–ი.ვ: ზოგი განაცხადი გამოცდების დაწყებამდე იყო შემოსული, ზოგიც შემდეგ. მკაცრი ლიმიტი არ არის, მაგრამ გამოცდა უკვე ხვალ ტარდება და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე, ცხადია, საჭიროა.

–ანუ, ვინმემ დღეს რომ შეიტანოს განაცხადი, დაგვიანებულია?

–ი.მ: დიდი ალბათობით კი. სამინისტროში ეს უნდა განიხილონ, გადაწყვეტილება ჩვენ გვაცნობონ. ჩვენ კი ინფორმირებისა და განაწილების პროცესი დაწყებული და თითქმის დამთავრებულიც გვაქვს.

–წელს სულ რამდენი აპლიკანტი დაიშვა განმეორებით გამოცდაზე?

–ი.მ: 35-მდე.

მთელი საქართველოს მასშტაბით?

–ი.მ: დიახ.

–თუკი მოსწავლეს არა ერთი, არამედ რამდენიმე გამოცდა ჩაუვარდა, ყველას ჩაბარება ამ ორ დღეში მოუწევს?

–ი.მ: დიახ, ამ ორ დღეში უნდა ჩააბაროს ყველა გამოცდა, რომელიც ჩასაბარებელი აქვს. გვყავს კიდეც ისეთი მოსწავლეები, რომელთაც ორზე მეტი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი.

–გამოცდების პრინციპი იგივეა?

–ი.მ: ზუსტად იგივეა, ოღონდ ჩვენს შენობაში ტარდება. თუკი მოსწავლე თბილისში არ ცხოვრობს, ჩამოსვლა მოუწევს.

–მომავალი წლისათვის შეიცვლება რამე ამ წესებში?

–ი.მ: ჯერ არ ვიცით. დამატებითი გამოცდა მას შემდეგ არსებობს, რაც გამოსაშვები გამოცდები შემოვიღეთ და ეს არ შეიცვლება.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

IBSU-ის სამართლის ფაკულტეტმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში მე-11 და მე-12 კლასელებს უმასპინძლა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, 3 – 5 ივნისის ჩათვლით საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასელებს უმასპინძლა. პროგრამა შემეცნებით-პრაქტიკული ხასიათის იყო და სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ლექციები მოესმინათ კომპეტენტური და პრაქტიკოსი იურისტებისაგან ( თამარ ლაკერბაია – ასოცირებული პროფესორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ლექცია საოჯახოს სამართალზე) სტუმრებს, ასევე, უმასპინძლა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე წაიკითხა ლექცია.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა თამაშებში: სახელმწიფოსა და მედიაციის მოდელირება და დამნაშავისა და უდანაშაულოს გასამართლება. ექსპერტ-კრიმინალისტის მალხაზ ჩიტაიას დახმარებით კი დანაშაულის ადგილი დაამუშავეს და თითის ანაბეჭდები აიღეს.

სამართლის საზაფხულო სკოლა გამოირჩეოდა სპონსორთა მრავალფეროვნებით: Ülker, SPINNER GEORGIA, NATIONAL DELICASY, მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ, უფასო ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგაიზაციის მიერ.

პროექტის განმავლობაში აქტივობებში დაგროვებული აკადემიური მოსწრების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებული და დასაჩუქრდნენ პირველ ათეულში გასული მონაწილეები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

$
0
0

აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტიში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მომხსენებლები საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებიდან – გარემოს დაცვის სამინისტროდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, სოხუმის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან – გეოგრაფიის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოფიზიკის ინსტიტუტებიდან.

უცხოეთიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ უკრაინელი, უნგრელი, შვედი, ირანელი, ესპანელი გეოგრაფები და სოციალური მეცნიერებების მკვლევარები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის, ჰიდროლოგიის, ლანდშაფტების გეოგრაფიის, გეომორფოლოგიის, ატმოსფეროს, წყლისა და ნიადაგების ეკოლოგიური დაბინძურების პრობლემების, კარტოგრაფიის, ეკოსისტემების ანალიზის, მოსახლეობის გეოგრაფიის, დემოგრაფიის, მიგრაციის კვლევების, სოციალური ქსელებისა და მდგრადი განვითარების, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე თანამედროვე პრობლემების, არჩევნების გეოგრაფიის, ტურიზმის გეოგრაფიისა და გენდერული კვლევების მიმართულებით.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა: სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერეთობების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სექციები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თბილისისა და ბათუმის კამპუსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტებმა – სულ 166 მონაწილე.

სტუდენტებმა 109 კვლევითი ნაშრომი წარმოადგინეს. მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულად აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული სტუმრები.

საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია და სხვ.

კონფერენციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და ბევრი ახალია ინფორმაცია მივიღე. მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული მინდინარე მოვლენებით და სურს თავისი წვლილი შეიტანოს განათლების თუ სხვა სფეროების განვითარებაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – აღნიშნა მარიამ პოპიაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტმა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მასშტაბური კონფერენციის ასე ორგანიზებულად გამართვისთვის. დიდი იმედი მაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებ თქვენთან“, – თქვა ალისა სულამანიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტმა.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ

$
0
0

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში, 7 ივნისს, აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მასწავლებლებს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და სხვა დეტალები გააცნეს.

შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა საკონკურსო ეტაპების ვადები, რომლის მიხედვით, მასწავლებლები, სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ვებგვერდზე www.tprize.ge 14 ივლისამდე შეძლებენ აპლიკაციების შევსებას. განაცხადების ტექნიკური შემოწმება 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო 7 აგვისტოდან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური ჯერ 10 კანდიდატს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა კონსენსუსის საფუძველზე მოხდება.

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან – „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.

როგორ ავსახოთ eschool-ში მასწავლებლის აქტივობები და როდის გახდება ცნობილი ვის რამდენი კრედიტ–ქულა ერგო

$
0
0

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულმა მასწავლებლებმა, 2017 წლის ივნისის ბოლომდე უნდა ასახონ თავიანთი აქტივობები eschool-ის ბაზაში და სკოლის შეფასების ჯგუფმა უნდა დაწეროს ოქმი. ზუსტად რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო. რა სახის დოკუმენტები უნდა ატვირთოს მასწავლებელმა eschool-ის ბაზაში,  ვინ დაეხმარება მას, – ამ და სხვა საკითხების შესახებ EDU.ARIS.GE-ს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის“ კოორდინატორი კახა ჟღენტი ესაუბრა.

–რა პროცედურების გავლა მოუწევთ პედაგოგებს აქტივობების  eschoolის ბაზაში ასახვისთვის?

–ელექტრონულ სისტემაში აქტივობების წარმატებით განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვის ბოლო ვადა არის 16 ივნისი. სკოლის შიდა შეფასების ჯგუფს ეძლევა ვადა 19 ივნისიდან 17 ივლისამდე შეაფასოს და გამოაქვეყნოს შეფასების დოკუმენტაცია განათლების სისტემის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ელექტრონული მართვის სისტემაში არის განთავსებული მასწავლებლების ინდივიდუალური პროფილები. ელქტრონულ სისტემაში საკუთარ პროფილში შესვლის შემდეგ მასწავლებელი სამოქმედო გეგმის გვერდზე გადადის და აქ მოცემული საქმიანობების ჩამონათვალიდან ირჩევს აქტივობებს. შემდეგ მასწავლებელი გადადის თავისი პროფესიული საქაღალდის გვერდზე, სადაც ასევე ავტომატურად ასახულია მის მიერ არჩეული აქტივობები.

თითოეული აქტივობის გვრდზე მასწავლებელი ატვირთავს დამადასტურებელ დოკუმენტს ან დოკუმენტებს. ამის შემდეგ მას არ უნდა დაავიწყდეს მონიშნოს, გამოქვეყნების პატარა უჯრა, რომლიც განთავსებულია ატვირთული დოკუმენტის გასწავრივ, თარიღის შემდეგ სვეტში – გამოქვეყნება.

არჩეული აქტივობები ავტომატურად აისახება იგივე გვერდზე არსებულ სამოქმედო გეგმაში.

შევახსენებთ კოლეგებს, რომ ელ-სისტემის პირველ გვერდზე განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია დოკუმენტაციის ატვირთვის პროცედურების შესახებ.

სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი მასწავლებლის აქტივობის შეფასების დროს ეყრდნობა მხოლოდ ელ-სისტემაში ატვირთულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. შეფასების განხორციელების შემდეგ ჯგუფი ქმნის ოქმს, სადაც ასახულია შეფასების შედეგები.

ელ. სისტემაში მასწავლებლის სამოქმედო გეგმის გვერდზე, შეფასებული აქტივობის „ზოლში“ (არჩეული აქტივობის გასწვრივ ) შეფასების ჯგუფი აქვეყნებს ჯგუფის ოქმიდან ამონარიდს რომელიც კონკრეტულ მასწავლებელს ეხება და აქვე აფიქსირებს მინიჭებულ კრედიტქულას.

–რა სახის დოკუმენტები უნდა ატვირთოს მასწავლებელმა eschoolის ბაზაში და ვინ დაეხმარება მას?

–მასწავლებლის მიერ აქტივობის წარმატებით განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოცემულია „მასწავლებლის შეფასების სატნდარტიზირებული ინსტრუმენტების“ დოკუმენტში 

დოკუმენტების ელ-სისტემაში განთავსება არის მასწავლებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ამ პროცედურაში მას დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლის საინფორმაციო სისტემის მენეჯერმა, რომელსაც მუდმივ კონსულტირებას უწევს (EMIS) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.

–როდის გაიგებს მასწავლებელი, მიენიჭება თუ არა მის მიერ ატვირთული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით კრედიტი?

–მასწავლებლები ელ-სისტემაში დაინახავენ მინიჭენულ კრედიტ-ქულებს 18 ივლისიდან.

–რა შემთხვევაში არ მიენიჭება მასწავლებელს კრედიტი, მიუხედავად იმისა, რომ მას ასახული აქვს თავისი აქტივობები eschoolის ბაზაში?

–მასწავლებელს სავალდებულო ან/და დამატებით საქმიანობაში/აქტივობაში კრედიტქულა არ მიენიჭება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის ფარგლებში; ბ) თუ მასწავლებელი სავალდებული ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტოვობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას; დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობა/აქტივობა. ამ  სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.

–ამ ეტაპისთვის არსებობს თუ არა მონაცემი, 2017 წლის მასწავლებელთა სქემაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რამდენმა პედაგოგმა ასახა აქტივობები eschoolის ბაზაში?

–ინფორმაციას, თუ რამდენმა პედაგოგმა ასახა აქტივობები ელ- სისტემაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამოითხოვს განათლების მართვის ელექტრონული სისტემიდან 19 ივნისს.

–ძირითადად რა სახის აქტივობებს ირჩევენ მასწავლებლები?

–ეს ჩვენ გვეცოდინება 19-20 ივნისს, როდესაც დასრულდება განხორციელებული აქტივობებეის დადასტურების დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები.

–შესაძლებელია თუ არა ერთი და იგივე  აქტივობების განხორციელებისთვის მასწავლებელს კვლავ მიენიჭოს ქულა? მაგალითადკრედიტქულები სულ საწრეო მუშაობით დააგროვოს?

–შესაძლებელია, თუ აქტივობის მიზანი, შინაარსი, მიღწეული შედეგები არის განსხვავებული. აქტივობა არ უნდა იმეორებდეს უკვე შეფასებულ აქტივობას.

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

შიდა საგაკვეთილო შეფასების მოთხოვნა უფროს მასწავლებლებს უკვე შეუძლიათ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

$
0
0

2017 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო სფეროში არსებულ სიახლეებზე.

დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 36 მოხსენება, რომლებიც გადანაწილდა 7 სექციაში.

კსუ-ის წარმომადგნელები თამაზ კვაჭანტირაძის საიუბილეო ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას

$
0
0

ღვაწლმოსილ ლიტერატორს, კრიტიკოსსა და კალმოსანს თამაზ კვაჭანტირაძეს 77 წელი შეუსრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სურვილითა და ინიციატივით დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის, მაღალი სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების დამკვიდრებისა და ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის იუბილარს საპატრიარქოს სიგელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმოამდგენელმა მამა იოანემ გადასცა.

ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედა ცენტრის ბაზაზე მომზადებული, შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისადმი მიძღვნილი პროექტის „რუსთველის სამყარო – თამაზ კვაჭანტირაძე“ ჩვენება გაიმართა.

„რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია“, „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ – მაყურებელმა გადაცემათა ციკლის ორი კარის ფრაგმენტებისგან შექმნილი ფილმი იხილა.

ჩვენების შემდეგ აუდიტორიას სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მიმართა. ვახტანგ წივწივაძემ თამაზ კვაჭანტირაძეს დაბადების დღე მიულოცა, უნივერსიტეტის რექტორატის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით თანამშორმლობისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ფულადი ჯილდო გადასცა.

აუდიტორიას სიტყვით უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ მიმართა. გამომსვლელებმა სასკოლო განათლების განვითარების კუთხით პროექტის მნიშვნელობასა და მაყურებლისათვის გემოვნებიანი მედიაპროდუქტის შეთავაზების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ.

თამაზ კვაჭანტირაძე, ქართული სიტყვიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვა.
დაბადების დღისადმი მიძღნილ ღონისძიებას თამაზ კვაჭანტირაძის კოლეგები, მეგობრები ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვისთვის 4 წელში 43-მილიონ ლარზე მეტია დახარჯული

$
0
0

2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა, მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აეღო. ინიციატივის განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო. შედეგად,  სახელმწიფომ 4 წლის მანძილზე სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის 43 251 063 ლარი დახარჯა.

დანახარჯი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2013 წელს – 17 271 172.00 ლარი;

2014 წელს – 13 688 582.11 ლარი;

2015 წელს – 5 410 869.80 ლარი;

2016 წელს – 6 880 439.21 ლარი.

აღსანიშნავია, რომ იდეის განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თანამშრომლობა მხოლოდ 4 კომპანიასთან, ტენდერის გამოცხადების გარეშე გადაწყვიტა. როგორც განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი განმარტავდა, ფასების მოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ სახელმწიფო ოთხ სტამბასთან ითანამშრომლებდა. შედეგად, შპს “ფავორიტი პრინტი”, შპს “ფორმა”, შპს “სეზანი”” და შპს “მვპ” გაერთიანდა და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად “გაერთიანებული ქართული სტამბა” დარეგისტრირდა.

მათ, ვინც სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების იდეას თავიდანვე არ იწონებდა, ამ ფაქტმა კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი მისცა, და რადგან ამ მხრივ მდგომარეობა დღემდე უცვლელია, ამ არგუმენტს პროგრამის გასაკრიტიკებლად კვლავ ხშირად იყენებენ.

unnamed (1)„ერთ-ერთი პრობლემა, რაც მოცემულმა პროგრამამ წარმოშვა, იყო სტამბების ბიზნესზე ზეწოლა,  რა დროსაც მთავრობამ ოთხ სტამბას მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ და მივიღეთ თითქმის მონოპოლიური ბაზარი. სწორედ მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე. გარდა მონოპოლიებისა, აქ უკვე მრავალი კითხვის ნიშანი ისმის კორუფციულ გარიგებებზე, რატომ ეს ოთხი კომპანია? რატომ გაერთიანდნენ? რატომ მისცეს ექსკლუზიური უფლებები და ა.შ.“, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწყის ეტაპზე, სახელმწიფო მოსწავლეებს წლის დასაწყისში ახალ სახელმძღვანელოებს ურიგებდა, თუმცა ეს მიდგომა მალევე შეიცვალა – პროგრამის მეორე წლიდან, მოსწავლეებს სასწავლო წლის ბოლოს სახელმძღვანელოების უკან დაბრუნება დაევალათ, რათა მათი გამოყენება მომავალ წელს სხვა მოსწავლეებსაც შესძლებოდათ.

ზვიად ხორგუაშვილის აზრით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფომ მოსალდონელი დანახარჯები სწორად ვერ გათვალა. ეკონომიკის ექსპერტისთვის ასევე მიუღებელია, სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა ოჯახებსაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არ აქვთ.

„მოცემული პროგრამა ცალსახად პოპულისტური ქმედებაა მთავრობის მხრიდან. გაუგებარია, მდიდარი ადამიანის შვილს, რომელიც საჯარო სკოლაში სწავლობს, რატომ უნდა დაუფინანსდეს წიგნები?! მიზნობრიობა ზოგავს გადასახადების გადამხდელების ფულს. მეორე პრობლემა, რაც ამ გადაწყვეტილებამ მოიტანა იყო მონოპოლიისა და კორუფციის საკითხი. დაიხურა გარკვეული სტამბები, რის გამოც, გარკვეული ტიპის ლიტერატურაზე ფასები შესაძლოა გაზრდილიყო, ეს კი ისევ მომხმარებელს აწვება მძიმე ტვირთად“, – გვითხრა ხორგუაშვილმა.

unnamedპროგრამის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ეკონომისტ ოთარ გრიგოლიას. მისი თქმით, ამ პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს, ყოველწლიურად, საშუალოდ 11 მილიონი ლარი უჯდება, რაც მისივე თქმით, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, დიდი დანახარჯი არ არის:

„პირველი – უფასო წიგნების პროგრამა რეალურად ეხმარება ოჯახებს, რომლებსაც ძვირადღირებული წიგნების შეძენის საშუალება არ აქვთ, ან მათ ბიუჯეტს ეს ტვირთად აწვება. აქ არ იგულისხმება მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ან უკიდურესად ღატაკები. შედარებით მაღალშემოსავლიან ოჯახებსაც უჭირთ წიგნების შეძენა; მეორე –  ეს ზრდის ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ვინაიდან სახელმწიფო თავის თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას. ეს არის ერთგვარი უნივერსალური პრინციპი. ყველა მოქალაქეს თანაბრად ეძლევა შესაძლებლობა, რომ მიიღოს დაწყებითი განათლება”, – გვითხრა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად გაწეული ხარჯებისა თუ პრემიების ფონზე, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე ღირსეულად გამოიყურება.

სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

Viewing all 14509 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>