Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14619 articles
Browse latest View live

„21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის ფორმულები, უნდა აღიზარდოს მოქალაქე“

$
0
0

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც სასწავლო პროგრამებში  წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების სწავლების საკითხების შეტანას ეხება, შესრულებულია და გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხები სხვადასხვა სახელმძღვანელოებშია ასახული.

„რაც შეეხება სკოლებში ამ თემებს, მოგეხსენებათ დაწყებით კლასებში არის საგანი „მე და საზოგადოება“ , მე-7 კლასში შემოდის ახალი საგანი დედამიწა, ასევე არის ახალი საგანი მოქალაქეობა, რომელიც ასევე მეშვიდე კლასში შევა ახალ სასწავლო წელს. ეს საგნები კონკრეტულ დისციპლინას არ უკავშირდება, მაგრამ მოსწავლის მთლიან ჰოლისტურ განვითარებას უკავშირდება. ჩვენც ცხადია მთელი ამ განათლების რეფორმის ნაწილში, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული. აქვს საკუთრი ზემოქმედების პოზიტიური თუ ნეგატიური ქმედებების გააზრების შესაძლებლობა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოებში ბევრი მიმართულებით იყოს ეს საკითხები“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს!

$
0
0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა გაჯეტის ეკრანებთან ძალიან ბევრ დროს ატარებენ. ექსპერტები ბავშვების გართობას ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული თამაშებით გვირჩევენ.

ორგანიზაციის განცხადებით ყოველწლიურად ფიზიკური აქტივობის დანაკლისი ხუთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. მისი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ უმოძრაობისა და გაჯეტებით გართობის ჩვევა ადრეულ ასაკში ჩნდება. ამ ჩვევებთან ბრძოლის დაწყება სწორედ ამ ასაკში ღირს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ბავშვებს თამაშის ხალისი. მე ცხოვრების პასიური წესიდან აქტიურზე გადასვლასა და სრულფასოვანი ძილის შენარჩუნებაზე ვსაუბრობ“, – აღნიშნავს ხუანა ვილუისმენი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბავშვების სიმსუქნისა და ფიზიკური აქტივობის საკითხებს კურირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, ექიმ ფიონა ბულის თქმით, ბავშვის აქტიური ცხოვრების წესი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამასთანავე ზრდასრულ ასაკში სიმსუქნისა და მისი თანმდევი დაავადებების ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ისინი სამ ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი: თორმეტ თვემდე ჩვილებისთვის, ასევე წლიდან ორამდე და სამიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის.

ერთ წლამდე ბავშვები:

  • დღეში არა ნაკლებ 30 წუთისა უნდა იხოხონ;
  • მოძრაობაში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი (მჭიდროდ შეფუთვა, საკვებ სკამზე ან დედის ზურგზე);
  • ნებისმიერი გაჯეტის ეკრანის ყურება დაუშვებელია;
  • ასაკის მიხედვით დღეში 12-16-დან 14-17 საათამდე უნდა ეძინოთ.

ერთიდან ორ წლამდე ბავშვები:

  • დღეში ფიზიკურად აქტიურნი არანაკლებ სამი საათისა უნდა იყვნენ, რაც მეტი, მით უკეთესი.
  • მოძრაობაში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი (მჭიდროდ შეფუთვა, საკვებ სკამზე ან დედის ზურგზე);
  • ერთი წლის ასაკის ბავშვებისთვის ნებისმიერ გაჯეტთან ჯდომა სულაც არ არის რეკომენდირებული, ხოლო მათ, ვისაც ორი წელი უკვე შეუსრულდა, დღეში ეკრანთან არაუმეტეს ერთი საათის გატარება შეუძლიათ;
  • დღეში ჯამში 11-14 საათი უნდა ეძინოთ.

სამი-ოთხი წლის ასაკის ბავშვები:

  • დღეში აქტიურნი არანაკლებ სამი საათისა უნდა იყვნენ. ამასთანავე სულ მცირე ერთი საათი განსაკუთრებულ ფიზიკურ დატვირთვას უნდა დაეთმოს;
  • სხვადასხვა გაჯეტის ეკრანთან დღეში არაუმეტეს ერთი საათის გატარება არის დასაშვები;
  • დღეში საერთო ჯამში 10-13 საათი უნდა ეძინოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას, ეკრანებთან ჯდომაზე უარის თქმის ხარჯზე, ბავშვების ფიზიკური აქტივობის გაზრდა წარმოადგენს. ორგანიზაციის ექსპერტები წიგნის კითხვის ან სამაგიდო  თამაშებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებას არ გვირჩევენ. მათი აზრით მსგავსი აქტივობები ბავშვის სწორი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მოამზადა თეა ინაშვილმა

კსუ-ში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

$
0
0

25 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. ასევე, სიტყვით წარსდგნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის 270 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი, 15 სექციასა და ქვესექციაში გადანაწილდა: საერთაშორისო ურთიერთობები (3 ქვესექცია), ჟურნალისტიკა (2 ქვესექცია), ირანისტიკა, სამართალი (2 ქვესექცია), მედიცინა (2 ქვესექცია), ბიზნესი (3 ქვესექცია), მევენახეობა-მეღვინეობა. ასევე სტუდენტებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში, მომავალ სტუდენტთა სექციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს, ამავე დღეს, საშუალება ჰქონდათ კსუ-ს სამხატვრო სტუდიის გამოფენა დაეთვალიერებინათ (სტუდიის ხელმძღვანელი მაკა ტაბიძე).

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის მიზნებია: საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთა სამეცნიერო კავშირების ფორმირება; სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება; სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკისთვის მოხალისეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

$
0
0

თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ სამეცნიერო პიკნიკის გამართვაში და გახდეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო გუნდის წევრი, ილიაუნი საშუალებას გაძლევთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, სამეცნიერო პიკნიკზე მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას, დაეხმარებით ორგანიზატორებს, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას.

ორგანიზატორები თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით შესაფერის აქტივობას შემოგთავაზებენ. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ადამიანები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22.07.2019

დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით: sciencepicnic@iliauni.edu.ge

გორის უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე მღებრიშვილი თანამდებობიდან გადადგა

$
0
0

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. დღეიდან უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას, მისი მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი შეასრულებს.

ახალი რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატთა რეგისტრაცია 1 ივსლიდან 8 ივლისის 18 საათამდე იწარმოებს, რექტორის არჩევნები კი 16 ივლისს გაიმართება.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსიაშვილი წარსულში უკვე იკავებდა რექტორის პოსტს. არსებული ინფორმაციით, სოსიაშვილი ივლისში დაგეგმილ რექტორის არცევნებშიც წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას.

2019 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 პატიმარი მიიღებს, პროფესიულ განათლებაში კი მათი ჩართულობა არ მომხდარა

$
0
0

ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 (ვაჟი) პატიმარი მიიღებს.

ინფორმაცია ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ მიაწოდა.

რომელ ფაკულტეტებს ირჩევენ პატიმრობაში მყოფი პირები, ამის შესახებ საბოლოო დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, რადგან აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესის თანახმად, (ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან  მომდევნო დღის ჩათვლით) მონაცემების შეცვლის უფლება აქვს.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ პირთა პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფრომაციით, 2019 წელს, ჯერჯერობით პატიმრები არ არიან ჩართული პროფესიულ პროგრამებზე.

„2019  წელს  სამინისტრომ  შეიმუშავა/დაამტკიცა  შესაბამისი  პროგრამა ,,მსჯავრდებული  პირებისათვის  და  ყოფილი  პატიმრებისათვის  პროფესიული  განათლების მიღების  ხელმისაწვდომობა’’  და  გამოთქვა  სრული  მზადყოფნა,  პენიტენციურ დაწესებულებებში  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების  დასაწყებად, თუმცა იუსტიციის  სამინისტროს  მხრიდან  (როგორც სასჯელაღსრულებისა  და  პრობაციის სამინისტროს  სამართალმემკვიდრე)  პატიმრობაში  მყოფ  ბენეფიციართა  პროფესიულ პროგრამაში  ჩასართავად  დღემდე  არ  არის  მოთხოვნა  წარმოდგენილი.  ამდენად,  2019  წელს, ჯერჯერობით მსჯავრდებულები არ არიან ჩართული პროფესიული პროგრამებზე“, – ვკითხულობთ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 მარტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 5 წლით გააგრძელა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელდა შესაბამისი პროგრამები.

აქვე გთავაზობთ სტატისტიკას, რომელიც ასახავს წინა წლებში პატიმრების პროფესიულ პროგრამებში ჩართულობას: 2014 წელს- 59; 2015 წელს -418; 2016 წელს – 1004; 2017 წელს – 1101; 2018 წელს – 626 პირი. სულ 2014-2018 წლებში გადამზადდა 3 208 ბენეფიციარი.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

„სასკოლო ექსკურსიების მძღოლებს ნარკოლოგიური შემოწმება უნდა ჰქონდეთ გავლილი“ –კანონპროექტი

$
0
0

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასკოლო ღონისძიებებზე მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე მომზადებული კანონპროექტი წარმოადგინეს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც კანონპროექტშია გაწერილი და მათი შესრულება სავალდებულო იქნება.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ექსკურსიის დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ, მათ  შორის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.

„ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გასვლითი სასკოლო ღონისძიებების, ექსკურსიების მოწყობისას, მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს ერთი მხრივ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულ სამუშაო მდგომარეობაში ყოფნას, ხოლო მეორე მხრივ, მძღოლის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რისი მიზანიცაა მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას უბედური შემთხვევების რისკის მაქსიმალურად შემცირება. ვფიქრობ, ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

“მოგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს: მძღოლს მოეთხოვება ასეთი ექსკურსიების დროს ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობის ქონა, გარკვეულ შემთხვევებში იქნება სავალდებულო სათადარიგო მძღოლის არსებობა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ექსკურსიამდე 6 თვის ვადაში და მისი აღჭურვა ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. გარდა ამისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დამტკიცება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის მომზადებისას აშშ-ის გამოცდილება გამოიყენეს და დოკუმენტი ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს გუშინ წარედგინა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იგივე მოქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

როგორ გამოიყენებს სასწავლო გრანტს სტუდენტი მისი გადატანის, სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის დროს

$
0
0

სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტების გაცემისა და გრანტის გადატანის წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ მას დაემატა ზოგიერთი მუხლი და ასევე სხვადასხვა პუნქტი განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა.

იმ ჩანაწერის თანახმად, რომელიც წესს დაემატა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშებისას ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში  ჩარიცხული სტუდენტის, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს (აკრედიტებული/არააკრედიტებული). თუ ამ გაერთიანებაში შემავალ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას მაინც აქვს აკრედიტებული სტატუსი, სტუდენტს უფინანსდება სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ სტუდენტი ვერ გადაიტანს სასწავლო ან სამაგისტრო გრანტს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე და კვლავ განაგრძობს სწავლას აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სწავლის დაფინანსებისთვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით.

“თუ სტუდენტი, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვერ გადაიტანს სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით კვლავ განაგრძობს სწავლას აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სწავლის დაფინანსებისთვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლების განმავლობაში”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

იმ შემთხვევაში თუ გრანტის მფლობელ სტუდენტს შეჩერებული აქვს სტატუსი და სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა სასწავლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია, გრანტი გამოიყენოს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.

„თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გამოიყენოს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად”, – წერია დოკუმენტში.

ხოლო თუ სტუდენტს შეწყვეტილი აქვს სტატუსი და აგრძელებს სწავლას იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე უფლებამოსილია მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული გრანტით დაუფინანსდეს საგანმანათლებლო პროგრამა.

„თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტს მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაუფინანსდება ეს საგანმანათლებლო პროგრამა”, – აღნიშნულია შესაბამის ბრძანებაში.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა


ილიაუნიში სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეები გაიმართება

$
0
0

ილიაუნი მაგისტრობის კანდიდატებს გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეებზე, სადაც თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლებს.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმები პროგრამების მიხედვით იხილეთ შესაბამის ბმულებზე:

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – დეტალები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – დეტალები
სამართლის სკოლა – დეტალები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – დეტალები

აბიტურიენტს გეოგრაფიის გამოცდაზე ისეთი საკითხებიც შეიძლება შეხვდეს, რაც სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის

$
0
0

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საკითხებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დაემატა. ეს ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტს შეიძლება გამოცდაზე ისეთი საკითხი შეხვდეს, რომელიც ამ დროისთვის აქტუალურია, თუმცა სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე ახალგაზრდებს ურჩევს, თვალი ადევნონ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებს, რომ საკითხში უკეთ გარკვევა შეძლონ.

„ჩვენ მოგეხსენებათ ვეყრდნობით ეროვნულ სასწავლო გეგმას, და იქ ერთ-ერთი უნარი არის ინფორმაციის მოძიება, სამწუხაროდ ასეთი პრობლემაა ჩვენს რეალობაში, რომ წიგნი როდესაც გრიფირებას იღებს, მერე 7-8 წლის განმავლობაში მისი განახლება არ ხდება და უახლესი ინფორმაციები არ არის ხოლმე ასახული. მაგალითად, შარშან იყო კითხვა „ბრექსითის“ შესახებ, ეს არის გლობალური მასშტაბის მოვლენა. ანუ, ევროკავშირს რომ სწავლობენ, მასთან მიმართებაში შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა. ვთქვათ, შეიძლება, რომელიმე სახელმწიფო გაწევრიანდეს, რომელიმე გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წესით ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად უნდა გაიარონ. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი მოქალაქეები გავზარდოთ, რომლებსაც ცხოვრების პულსზე უჭირავთ ხელი და ყველა აქტუალური საკითხი იციან. ეს ეხება მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც შედის ეროვნულ სასწავლო გეგმაში: ევროკავშირი, ნატო და ა.შ.

„ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და სანამ ახალი სახელმძღვანელოები გამოვა, ღმერთმა ქნას, რომ ნატოს ან ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ხომ არ ვასწავლით ისევ ძველ ინფორმაციას?! იგივე საქართველსოთან მიმართებაში, მაგალითად, ბოლო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა სახელმძღვანელოში 4 მილიონ-ნახევარია, რეალურად ახალი მონაცემების მიხედვით კი 3 მილიონ 700 ათასია. აბიტურიენტებმა მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიადევნონ თვალი. წესით და რიგით მასწავლებელთან ერთად უნდა მსჯელობდნენ მე-11 კლასში, როცა გლობალურ  გეოგრაფიას გადიან და  დისკუსიები ჰქონდეთ ხოლმე  სწორედ ასეთ აქტუალურ საკითხებზე“, – ამბობს დავით გოგელიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის მოსაზრებას ეთანხმება გეოგრაფიის პედაგოგი მიმოზა კუპატაძე, მისი თქმით, მე-11 კლასში, რა თქმა უნდა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გადიან და მსჯელობენ კიდეც, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მოზარდების ნაწილი ტელევიზიით არ ინტერესდება და შესაძლებელია მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია გამორჩეს.

„ბუნებრივია, სახელმძღვანელოში ვერ მოხვდება ისეთი საკითხები, რაც მიმდინარეა, მაგრამ მასწავლებელი აბა რისთვისაა თუ დაკავშირება არ მოახდინა?! მე-11 კლასში გვაქვს გლობალური გეოგრაფია და მსგავს საკითხებზე ვმსჯელობთ, ეს ისეთი ინფორმაციაა, რაც ძირითადად ტელევიზიით და ინტერნეტით უნდა მოიპოვოს ადამიანმა, მაგრამ ვისაც არც ტელევიზიის მოსმენა აინტერესებს და არც გაკვეთილის, არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოეპაროს”, – ამბობს პედაგოგი.

„ვერ ვხვდები რატომაა ბავშვი ვალდებული იჯდეს ტელევიზორთან და საინფორმაციო გამოშვებებს უყუროს? კარგი იქნება გამოცდებზე ისეთი საკითხები ჰქონდეთ შეტანილი, რაც წიგნებშია და ექსპერიმენტებს არ ატარებდნენ. რეალურად გამოცდა სკოლაში მიღებულ ცოდნას უნდა ამოწმებდეს ასე არაა? იქნებ არ მაქვს შესაძლებლობა და ვერ დავატარებ რეპეტიტორთან ბავშვს, რომ ეს მსოფლიო პრობლემები აუხსნას“, – ამბობს აბიტურიენტის მშობელი ლალი მიქაშავიძე ჩვენთან საუბარში.

მე-12 კლასელი ბერდია სოფრომაძე ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება ის ამბობს, რომ მაღალი ქულის მიღება სურს, ამიტომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ამბებს ინტერნეტის და რეპეტიტორის დახმარებით იძიებს.

„წიგნები 7-8 წლის დაბეჭდილია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ახალი აღწერის შედეგებიც არაა შიგნით მოცემული, ყველაფერი ძველი აღწერის ისწავლება. რაც შეხება მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს, თვალყურს ინტერნეტით ვადევნებ, ნუ რეპეტიტორიც გვეხმარება. მაგალითად ვიცი, რომ შარშან იყო ასეთი კითხვა: რა მიზეზების გამო ტოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს? ეს უახლესი ისტორიაა, ამიტომ თუ ისე არ გქონდა მოსმენილი ტელევიზორში ან ინტერნეტში, ვერ მოახერხებდი პასუხის გაცემას. არადა, თუ მაღალი ქულა გინდა, აუცილებელია იცოდე უახლესი პროცესები“, – აცხადებს აბიტურიენტი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„ნაეკის“ გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, აბიტურიენტებს ზოგადად, ყველაზე მეტად, ე.წ ღია ტიპის დავალებები უჭირთ, ამიტომ ყველა მათგანს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს და 1 ივნისს, საცდელ ტესტირებაზე იწვევს, რომელიც თბილისში 166-ე სკოლაში უნდა გაიმართოს.

„ზოგადად, ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე ე.წ ღია დავალებების შესრულება, სადაც სჭიდებათ ინფორმაციის ანალიზი საკუთრი მოსაზრებების გამოთქმა და არგუმენტირებული დასაბუთება, ამას მიაქციონ ყურადღება. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, ვატარებთ საცდელ ტესტირებას 1 ივნისს თბილისში, 166-ე სკოლაში. 11 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული გეოგრაფიის გამოცდაზე, მათ შორის ნახევარი თბილისში, თუმცა საცდელ ტესტირებაზე  ჯერ 200 ბავშვია დარეგისტრირებული. მოვუწოდებ მოვიდნენ და კარგ რეპეტიციას გაივლიან ეროვნული გამოცდების წინ“, – აღნიშნავს დავით გოგელიძე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის გეოგრაფიის გამოცდის ტესტურ დავალებებს წელს ცვლილებები შეეხო

  • ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;
  • შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;
  • ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;
  • ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

გეოგრაფიის დავალებების ნიმუში

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.

წელს არჩევით საგნად ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიას და ისტორიას ჩააბარებს – სტატისტიკა საგნების მიხედვით

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

ვაკეში ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება –სტუდენტების, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების საყურადღებოდ!

$
0
0

სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დასრულებული არ არის. მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებსაც სასწავლებლებამდე მისასვლელად ჭავჭავაძის გამზირის გავლა უხდებათ, შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები შეექმნათ. თბილისის მერია აღნიშნული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით იცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სავარაუდოდ სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით. ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ;). მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ). პეტრიაშილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება. არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ). აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით. ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება. ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ – კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით – ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით – რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით იქნება შესაძლებელი.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. დიდი ტევადობის ავტობუსები

ავტობუსები – N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ – პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.

ვაჟა ფშაველას გამზირიდან N21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს;

N88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ).

N9 და N51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ.

ზემოთ ჩამოთვლილი ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

დროებით დამოკლდება N61 და N140 ავტობუსების მარშრუტები:

N61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით მიბრუნდება.

N140 ავტობუსი თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ასევე, ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ იგი გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. ანალოგიურად, N87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას იგი კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები – N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვარაზისხევის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ. N66 ავტობუსი ვარაზისხევიდან ასევე, კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით იგი მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.

N85 მარშრუტი N87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

რა ტიპის შიდა გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა ექნება საჯარო სკოლას

$
0
0

სკოლის მოსწავლეები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ სხვადასხვა კლასებში, კონკრეტულ საგნებში წლიური გამოცდების ჩატარების შესახებ, მათ მასწავლებლები უკვე ესაუბრებიან. სკოლის გამოსაშვები გამოცდების ოფიციალურად გაუქმების შემდეგ, განათლების უწყების მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ სკოლას მიეცემოდა შესაძლებლობა საკუთარი სურვილით ჩაეტარებინა შიდა გამოცდები. ეს გადაწყვეტილება და გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე ოფიციალურად აისახა „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში, ტექსტის ძველი ვარიანტში, სხვადასხვა მუხლებიდან ამოღებულია წინადადება: სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და საუბარია, როგორი ტიპის გამოცდის ჩატარება შეეძლებათ სკოლებს. ტექსტში ასევე ნათქვამია, ვის ექნება ოქროსა და ვერცხლის მედლების მიღების შესაძლებლობა.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ეროვნულ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.“

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;

ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;

გ) საშემოდგომო გამოცდა;

დ) ექსტერნატის გამოცდა.“;

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.

ვინ მიიღებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

რაც შეეხება მოსწავლის გაცდენებს:

მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გაცდენები.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ გაცდენილ დღეზე/დღეებზე, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

კსუ-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

$
0
0

23 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, შემდეგ კი მათთვის კსუ-ს კლინიკური სწავლების კოორდინატორის, ლაშა დოლიძის მასტერკლასი – „ბაზისური პირველი დახმარება“ ჩატარდა.

მასტერკლასზე თეორიულ საკითხებთან ერთად, პირველი დახმარების პრაქტიკული კომპონენტებიც განიხილეს, რომელიც მულაჟებისა და მოხალისე მოსწავლის დახმარებით განხორციელდა.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებით ტურებსა და მასტერკლასებს პერმანენტულად ატარებს.

ილიაუნისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისათვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს.

მოსწავლეებს საფრთხისშემცველ საიტებზე წვდომა შეეზღუდებათ

$
0
0

მოსწავლეებს ინტერნეტ-კაფეებსა და სკოლის ბიბლიოთეკებში გარკვეულ საიტებზე წვდომა შეეზღუდებათ – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების“ კოდექსშია საუბარი, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე  პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ეს არის პირველი დოკუმენტი საქართველოში, სადაც თავმოყრილია ყველა საკითხი, რაც ბავშვების უფლებების დაცვას და მათ განვითარებას ეხება. დოკუმენტში საუბარია როგორც ბავშვების განათლებასა და სოციალურ განვითარებაზე, ასევე ჯანდაცვისა და ძალადობისაგან დაცვის საკითხებზე.

კოდექსის 65-ე მუხლი ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ეხება და შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.

2. საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ნიშანდება – „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული მოთხოვნების დაცვით.

3. დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

4. აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე და სრული შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისათვის წვდომის შეზღუდვა პორნოგრაფიული ან სხვა სახის ნეგატიური ზეგავლენის მქონე ინფორმაციაზე.

5. ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელის მოთხოვნით დაბლოკოს მისი წვდომა ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელ ინფორმაციაზე.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის წვდომა ინტერნეტ ქსელზე დასაშვებია თუ კი დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).

7. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.

კოდექსის 66-ე მუხლი ასევე აყალიბებს, საჯარო ღონისძიებებში ბავშვთა მონაწილეობის და ტრანსპორტირების წესებს:

1. საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელი ვალდებულია ბავშვს და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიების მიზნების, დაგეგმილი აქტივობების და მხარეთა უფლება- მოვალეობების შესახებ.

2. საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.

3. ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს შესაბამის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.

4. თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.

5. ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

6. საჯარო ღონისძიების ფარგლებში კვების ობიექტზე დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკვები პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ჰიგიენურ ნორმატივებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური.

8. ამ მუხლის მოთხოვნების დაუცველობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

კოდექსი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მხარს დაუჭერს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ


გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ წარმოადგინა

$
0
0

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრმა, 29 მაისს გორის გიორგი ერისთავის სახელობის, პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, წარმოადგინა გიორგი ერისთავის კომედია – „უჩინმაჩინის ქუდი“.

სტუდენტურ თეატრს ხელმძღვანელობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსებისა და სამმოქალაქო თავდადების მედლების კავალერი, რეჟისორი – ანზორ გვაძაბია.

სპექტაკლის დაწყების წინ დამსწრეთ მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მიულოცა სტუდენტებს და დასს მორიგი პრემიერა და უსურვა წარმატებები. ასევე აღნიშნა , რომ სტუდენტური დღეების ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

კსუ-ში პოლონელი მეცნიერის, მარჟენა ზაკოვსკას ლექციათა კურსი დაიწყო

$
0
0

27 მაისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, პოლონელი მეცნიერის, ომის კვლევების უნივერსიტეტის პროფესორის, მარჟენა ზაკოვსკას ლექციათა კურსი – „ეროვნული უსაფრთხოება და თანამედროვე ომის თეორია 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებში: მიდგომები და გამოწვევები“ – დაიწყო.

ლექციათა კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორიცაა: 21-ე საუკუნის შეიარაღებული კონფლიქტების/ომების ბლობალური მიმართულებები; ომის ტრანსფორმაცია: ძველი ომი, ახალი ომი, ჰიბრიდული ომი; რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი; ჰიბრიდული ომი უკრაინაში; რუსეთის გავლენა ბალკანეთში – ახალი ჰიბრიდული ომი?.

მარჟენა ზაკოვსკას ლექციათა კურსი 1 ივნისამდე გაგრძელდება, კურსის დასასრულს კი სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორი, მარტინ დალი ესტუმრა

$
0
0

22-დან 26 მაისის ჩათვლით პროგრამა Erasmus+ – ის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტს სტუმრობდა ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესისა და ეკონომიკის დეკანი მარტინ დალი.

ვიზიტის ფარგლებში ბატონი მარტინი კვლევითი ცენტრის დირექტორს – თამარ თავხელიძეს შეხვდა და გაეცნო ამ მიმართულებით უნივერსიტეტის საქმიანობას, განიხილეს ერთობლივი პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობაც.

ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორმა შეხვედრები გამართა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, აგრეთვე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანებთან – ანა ფირცხალაშვილთან და მურთაზ კვირკვაიასთან. განიხილეს სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ლაზარსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სტატიების გამოქვეყნების შესახებაც.

ატესტატების გაცემა 24 ივნისიდან დაიწყება –დეტალები

$
0
0

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატების გაცემა 2019 წლის 24 ივნისიდან დაიწყება.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, 24 ივნისიდან შეძლებენ ატესტატის მიღებისთვის განაცხადის დაფიქსირებას გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირებიც. მათ შესახებ ინფორმაცია უკვე ასახული იქნება ბაზებში, რომლის თანახმადაც იუსტიციის სახლი ატესტატს გასცემს; თუმცა მათთვის ატესტატის დუბლიკატის აღება ფასიანი იქნება და 10 სამუშაო დღეზე 25 ლარი ეღირება. ხოლო ვინც წელს დაასრულა სკოლა და პირველადი ატესტატი უნდა აიღოს, მათთვის, 10 სამუშაო დღის ვადის გასვლის შემდეგ, დოკუმენტი უფასოდ გაიცემა. არსებობს დაჩქარების პრინციპიც, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ წელს სკოლადამთავრებულებსაც და გასულ წლებში სკოლადამთავრებულებსაც.

როგორც ცნობილია, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია. სწორედ იუსტიციის სახლს უნდა გადაეგზავნოს სკოლადამთავრებულთა სია, რის შემდეგაც ატესტატების გაცემის პროცესი დაიწყება.

სკოლადამთავრებულთა ინტერესის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ ატესტატის აღების დეტალურ პროცედურას:

სად უნდა ავიღოთ ატესტატი

დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის დაწესებულებაში

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლაბამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

რა ვადებშია შესაძლებელი ატესტატის მიღება

დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თუ დაინტერესებული პირი პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად  უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.

რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ პირველადი ატესტატის მისაღებად

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

რა შემთხვევაში ხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა

სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.  ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
  • თუ დაინტერესებულმა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი;
  • თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი;
  • გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
  • პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ატესტატის აღების ვადა და საფასური

პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია,  პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:

განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს და გაცემისათვის მომსახურების საფასური 25 ლარი. თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურების საფასური 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის და ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 70 ლარი.

თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას  ატესტატის გაცემის შესახებ, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 30 ლარი.

2019-20 სააღმზრდელო წლისთვის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება –პროცედურები

$
0
0

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 12 ივნისს დაიწყება.

რეგისტრაცია ორ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე (www.kids.org.ge) წარიმართება.

პირველი ეტაპის რეგისტრაცია 12 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და რეგისტრაციას შეძლებენ შემდეგი პირები:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;
6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

Viewing all 14619 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>