მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებული დოკუმენტი. მასწავლებლის სახლის განმარტებით, ეს არის ცვლილებები, რომელიც შედის სქემაში მის მილევამდე და რეგულაციის წესის ამოქმედებამდე.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ სხვადასხვა სტატუსის მქონე მასწავლებლის დაწინაურების პრინციპს:
მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები
ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა. თითოეული სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრედიტქულებს მასწავლებელი აგროვებს მომდევნო სტატუსის მინიჭებამდე.
პრაქტიკოსი მასწავლებელი:
ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:
I გზა:
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა – საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას.
პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები.
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეავსოს შესაბამისი მიმართულების აქტივობებით – №2 ცხრილიდან.
პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია №1 ცხრილში:
![]()
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, მოცემულია №2 ცხრილში:
![]()
რეკომენდებულია მასწავლებელმა კრედიტქულები დააგროვოს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით. კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.
II გზა:
პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას, თითოეულ მათგანში დააგროვებს 10 კრედიტქულას.
III გზა:
პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ სქემის ძალაში შესვლის შემდგომ:
ა) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის/სერტიფიკატის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
უფროსი მასწავლებელი:
ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;
მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
უფროსმა მასწავლებელმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:
I გზა:
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:
ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრედიტქულა);
ბ) გადის გარე დაკვირვებას (4 კრედიტქულა);
გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ. ცხრილი №3) (11 კრედიტქულა).
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
II გზა:
უფროს მასწავლებელს, რომელიც სქემის ძალაში შესვლის შემდგომ, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინდადების მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
III გზა:
გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება:
ა) უფროს მასწავლებელს, რომელსაც სქემაში განაწილების დროისთვის მინიჭებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მეცნიერებების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
წამყვანი მასწავლებელი:
ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;
მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებულია დააგროვოს 25 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
გ) ქმნის სასწავლო რესურსს (1 კრედიტქულა) ან/და რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას – სტატიას (1 კრედიტქულა) ან/და მეთოდურ ლიტერატურას (2 კრედიტქულა). ამ მიმართულებით მასწავლებელმა უნდა დააგროვოს ჯამში არანაკლებ 2 კრედიტქულა;
დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ. ცხრილი №3) (16 კრედიტქულა).
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
წამყვანი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისთვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე და მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.
უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება:
უფროსი და წამყვანი მასწავლებელი დამატებით კრედიტქულებს აგროვებენ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც გამომდინარეობს როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარი, კოლეგების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებიდან. ცხრილი ნომერი 3. (ორ ნაწილად)
![]()
ნაწილი2
![]()
კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.
მასწავლებელი ცხრილ №3-ით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით შეიმუშავებს შესაბამისი დამატებითი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მისანიჭებელი კრედიტქულების რაოდენობას.
სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა
განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ, ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.
მთავრობამ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დაამტკიცა – დოკუმენტი