Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14426 articles
Browse latest View live

ილიაუნიში მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

$
0
0

11 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში გაიმართება ღია კარის დღე, რომელზეც შედგება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საბაზო და საშუალო საფეხურის (უცხო ენების მასწავლებლის მიმართულების შემთხვევაში – დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის) მასწავლებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო თანამედროვე ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომელსაც დიპლომის მიხედვით არ აქვს მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა უმოკლესი გზაა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად.

პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო გამოცხადებული კვოტების შესაბამისად.

პროგრამაზე ჩარიცხვისა და პროგრამის შინაარსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით ღია კარის დღეზე.

დრო: 11 სექტემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)


2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის პირველი ემოციები

$
0
0

განათლების კოალიციის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო ხუთეული დასახელდა. წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენამდე კი მცირე დრო რჩება.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, რომ წლევანდელი კონკურსი გაცილებით მასშტაბური გამოვიდა:

„წლევანდელი 2019 წლის კონკურსი არის რიგით მესამე და ბუნებრივიცაა რომ ყველაზე მასშტაბური გამოვიდა, იმიტომ რომ საზოგადოებამ უკვე გაიცნო ეს კონკურსი, აქვს აღიარება და სანდოობა.

წელს განსხვავებული იყო ის, რომ საზოგადოებას შეეძლო წარედგინა მასწავლებლები, თვითონ ათეულის წევრებიც ძალიან გვეხმარებოდნენ ამ კამპანიის დროს.

15 ივნისს გამოვავლინეთ ათეული და შემდგომ 2-თვიანი კამპანიის შემდეგ უკვე 5 ფინალისტი. შეფასების კრიტერიუმები არ შეგვიცვლია. ჩვენ არ ვეძებთ ტრადიციულ მასწავლებლებს, ჩვენ ვეძებთ უფრო აქტიურ ადამიანებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, პოზიტიური გავლენა აქვთ თავის მოსწავლეებზე და არა მხოლოდ. გვაქვს სიახლეც, კონკურსის ფარგლებში დავიწყეთ კამპანია „გახდი ჯილდოს მხარდამჭერი.“

ეს გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებას, ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც აქვთ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ საპრიზო ფონდში და შესაბამისად მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში. ველოდებით 5 ოქტომბერს, დაჯილდოვების ცერემონიალს, სადაც 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

EDU.ARIS.GE-სთან წარმატებით გამოწვეულ პირველ ემოციებზე საუბრობენ ხუთეულის წევრები:

თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26  საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი:

„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ისევ ემოციური ფონი მაქვს და ნამდვილად ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ხუთეულში მოხვედრას არ ველოდებოდი, რადგან დაინახეს, რომ მე ძალიან მრავალმხრივი საქმიანობა მაქვს გაწეული მთელი წლების განმავლობაში. ვარ არა მარტო მასწავლებელი ასევე საბავშვო მწერალი. ვზრუნავ ყველა მოსწავლეზე როგორც წიგნიერების, ისე სახელოვნებო კუთხით, ვეხმარები ასევე მასწავლებლებს პროფესიულ გადამზადებაში. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტივად შესასრულებელი და ის, რომ ხუთეულში  მოვხვდი, ნიშნავს, რომ  ჩემი გაწეული საქმიანობა საკმაოდ კარგად შეაფასეს.“

ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი:

„ეს ემოცია იყო საერთოდ დაუვიწყარი, სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ვიდეოს მიმდინარეობის დროს, მარტო ვუყურებდი და აღარაფერი მესმოდა მას შემდეგ, რაც ჩემი გვარი მომესმა. იმდენად დიდი ემოცია მქონდა სიხარულის. ახლობლებს და კოლეგებს კი ჰქონდათ იმედი, რომ ხუთეულში აუცილებლად ვიქნებოდი, მაგრამ მე არ ველოდებოდი, იმდენად რამდენადაც ყველა კონკურსანტი, ათეულის ყველა წევრი იყო თანაბარი. არ ვთვლიდი, რომ მაინცდამაინც ხუთეულში მე უნდა ვყოფილიყავი. გამარჯვების მოლოდინი მაქვს, შანსები თანაბარია, თუმცა ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული ჩემთვის პირადად ესეც უკვე დიდი აღიარებაა.“

გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის, ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი:

„რომ ვთქვა, გამიხარდა მეთქი, გასაკვირი არ იქნება, სასიამოვნო გრძნობა იყო ძალიან. მართალი, რომ გითხრათ თავიდან, როცა გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა, მინდოდა და მქონდა გარკვეული მოლოდინი, რომ ათეულში მოვხვდებოდი. უკვე ათეულის შემდეგ ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ველოდებოდი ხუთეულის წევრობას. ნებისმიერი ჩვენგანი ვინც ვიყავით ათეულში, რომ  ყოფილიყო ხუთეულშიც,  არაფერი არ იქნებოდა. შესაბამისად მეც გარკვეული მოლოდინი მქონდა. კონკურსი გარკვეული რეჟიმია, რომელსაც გარდა იმ სიხარულისა, რომელიც მოაქვს გამარჯვებას პასუხისმგებლობასაც ანიჭებს ადამიანს“.

ქეთინო მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი:

„როგორც ყველა კონკურსში გამარჯვება მოიტანს ძალიან დიდ სიხარულს, ასეთი  იყო ჩემთვისაც და განწყობა იყო ამაღლებული, სკოლაში გავიგე ეს ამბავი და ძალიან გამიხარდა, 80% მქონდა მოლოდინი, რომ ვთქვა საერთოდ არ ვფიქრობდი ხუთეულზე, არ ვიქნები გულწრფელი და, მით უმეტეს, ისეთი ჯილდო, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომ ჰქვია. სკოლამ წარმადგინა ამ კონკურსზე, მე არ მქონდა მოფიქრებული არ ვგეგმავდი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი მასწავლებელია ეროვნული ჯილდოს ღირსი. ყველა ღირსეული კანდიდატია და გამარჯვების იმედი გვაქვს, ალბათ, ყველას, მათ შორის მეც.“

მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება“ , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის აქ აღმოჩენა და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სასიამოვნო იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ამდენ ადამიანს უხაროდა ჩემი წარმატება. არც მქონდა მოლოდინი, რომ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდებოდი.ამ წუთიდან უკვე ვფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი ყველას აქვს. მეც მყავს ჩემი ფავორიტები, თავისთავად ხუთეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა და  ამდენი საინტერესო ადამიანის გაცნობა, რომელიც კონკურსში მოხვედრის შემდეგ შევძელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტიც სწორედ ეს არის.“

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს მოსმენის უნარი და „ვაიძულოთ“ მოგვისმინონ?

$
0
0

როგორი მსმენელი ხართ თავად? – მოსმენის უნარი მნიშვნელოვანია არამარტო მოსწავლეების, არამედ პედაგოგებისთვისაც და ხშირად, მასწავლებლის ამ უნარზეა დამოკიდებული მოუსმენენ თუ არა მას ბავშვები.

მოსწავლეების ყურადღების მისაქცევად სწავლების რამდენიმე სტრატეგია არსებობს. პირველ რიგში, მოსწავლე ორიენტირებული უნდა იყოს მოსაუბრის ნათქვამის კარგად გააზრებისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში რთული მისაღწევია. მოსწავლეთა ნაწილი ალაგ-ალაგ უსმენს მასწავლებელს და ზოგჯერ, იმის გააზრებასაც არ ცდილობს, რასაც ისმენს. ბავშვებმა უნდა შეწყვიტონ გონებით „ფრენა“ და უყურონ პედაგოგს. ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია პედაგოგმა მათი ყურადღების დამსახურება შეძლოს.

მოსმენა არაა ცალმხრივი პროცესი.თუ მასწავლებელი მოითხოვს ყურადღებას, თვითონაც ასე უნდა იქცეოდეს. აღმოჩნდა, რომ როცა პედაგოგი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი აზრი და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ავტომატურად იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და ისინი უფრო ყურადღებიანები ხდებიან.

შემდეგი ეტაპია მათთვის მოსმენის კულტურის სწავლება. მოსწავლეები მოსმენის დროს დაუფიქრებლად აგზავნიან არასწორ სიგნალებს, რაც მათი გონება გაფანტულობის მანიშნებელია. მათ უნდა იცოდნენ, რომ საუბრის დროს თითებზე ყურება, თემებზე თამაში და სხვა ჟესტები მიუღებელია.

და ბოლოს, ასწავლეთ მათ მოსაუბრის საუბრის შეჯამება. სთხოვეთ, თქვენი საუბრის პარალელურად ჩაინიშნონ საკვანძო სიტყვები ან ფრაზები და დასრულების შემდეგ თავად მოყვნენ მოსმენილი, დაგისვან კითხვები და გააანალიზონ ახალი ინფორმაცია.

კლასში ჩართულობა ზრდის მოსწავლეების გონების ფოკუსირებას. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე აქტივობა, რომელიც მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში აქტიურობისკენ უბიძგებს:

ფარული ფრაზის პოვნა

ეს აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მოსმენის უნარ-ჩვევების გაზრდისკენ. თამაშის მიზანი ფარული ფრაზის პოვნაა. წესები კი ასეთია:

პედაგოგი მოსწავლეებს ორწევრიან ჯგუფებად ყოფს და თითოეულ გუნდს აძლევს ფრაზას, რომლის გამოყენებითაც უნდა შექმნან დიალოგი, ისე რომ აქცენტი ამ ფრაზაზე გააკეთონ და დანარჩენი კლასი დიალოგიდან ფარული ფრაზის ამოცნობას უნდა შეეცადოს. მაგალითად, ფარული ფრაზა იყოს „ფეხბურთის თამაში“. მოსწავლეები შექმნიან დიალოგს („რომელი თამაში გიყვარს ყველაზე მეტად? „ჩემი საყვარელი თამაშია ფეხბურთის თამაში“), რომელსაც წარუდგენენ კლასს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა მიანიშნონ ერთმანეთს დაშიფრული ფრაზის შესახებ და ხშირად გაიმეორონ ის. ასე მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი, ამოიცნონ და გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რასაც მოსაუბრე მნიშვნელოვნად და საკვანძო საკითხად მიიჩნევს.

მოუსმინე და გაიმეორე

ეს აქტივობა მოსწავლეებს სპეციფიკური ინტონაციისა და სიტყვების დაფიქსირების უნარს განუვითარებს. შეგიძლიათ მოსწავლეები დაყოთ ჯგუფებად ან თამაშში ინდივიდუალურად მიაღებინოთ მონაწილეობა. თქვენ კი გევალებათ თქვათ წინადადება, რომელშიც ერთი და იმავე სიტყვას რამდენჯერმე გაიმეორებთ. მოსწავლეების პირველი დავალებაა ამოიცნონ რომელ სიტყვაზე აკეთებთ აქცენტს და შემდეგ უნდა თქვან ფრაზა ამავე სიტყვის გამოყენებით. (მაგალითად, „შავი ჯიპის შავ მინაში დეპუტატი ოცნებობდა“ – აქცენტი გვაქვს სიტყვაზე „შავი“).

წყარო: teachhub

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

ტაქსონომიური სწავლების მეთოდი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად

$
0
0

ტაქსონომია – აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. პედაგოგიური მიზნების ამგვარი სქემის შექმნა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაისახეს. მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ, პედაგოგთა ჯგუფმა, ცნობილი მეცნიერის ბენჟამენ ბლუმის ხელმძღვანელობით, ჩაატარა მრავალწლიანი კვლევა იმისთვის, რომ შეემუშავებინა პედაგოგიური მიზნების დასახვის საერთო საშუალებები და წესები. 1956 წელს გამოქვეყნდა ,,ტაქსონომიის“ პირველი ნაწილი. იგი აღწერდა მიზნებს შემეცნებით (კოგნიტურ) სფეროში. ამ სისტემას იყენებენ სწავლების დაგეგმვის დროს და შედეგების შეფასებისას. შემდგომ, სხვა მეცნიერების მიერ, შეიქმნა ,,ტაქსონომიის“ მეორე ნაწილი, რომელიც აფექტურ სფეროს მოიცავდა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, განათლების ფსიქოლოგისა და პედაგოგის ბენჯამენ ბლუმის თეორიის მიხედვით, აზროვნების 6 დონეს გამოყოფენ: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. თითოეული მათგანი ქმნის საფეხურს, რომელიც მის ქვედა დონეებს აერთიანებს, შესაბამისად ყოველი ფაზა უფრო და უფრო რთულდება.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

როგორ უნდა შევაფასოთ ზუსტად მოსწავლემ გაიგო თუ არა საკითხი? (ცოდნა)

ხშირად მოსწავლეები ცდილობენ, სწრაფად დაწერონ ტესტირება ან უცებ ჩააბარონ ზეპირი გამოცდა, ასე ვთქვათ „გადააბალახონ“. მიზეზი მხოლოდ მათ უცოდინარობაში არაა, არის რაღაცები, რაც მოსწავლეებს აქვთ გააზრებული, მაგრამ რა არის ეს ნასწავლი „რაღაც“ და რა არ იციან? ამ დროს მათი რეალური ცოდნის შეფასება მარტივი არაა. ამისთვის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პასუხი სამ ძირითად კითხვაზე:

– რა არის სტანდარტი, რას მოითხოვს მოსწავლისგან?
– რა და როგორ უნდა ისწავლონ, გაიაზრონ?
– როგორ შეუძლიათ ახლანდელი შედეგის გაუმჯობესება?

და აი, კვლავ მივადექით მათი რეალური ცოდნის შეფასების პრობლემას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზეა, მაინც ბუნდოვანია.

ბლუმის ტაქსონომიური მეთოდის მიხედვით, ცოდნა გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, რაც შეიძლება მოსწავლემ კლასში (და არა მხოლოდ) მიიღოს. ეს შეიძლება იყოს  მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღები, უცხო სიტყვების დეფინიცია, ინფორმაციის გამოყენების გზები ან ნებისმიერი შინაარსის სიახლე. მეთოდი გულისხმობს მარტივი, სისტემური და ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი პატარა ცოდნისთვის კოპლექსური სახის მიცემას და მის გართულებას, მაგრამ პედაგოგმა მოსწავლეებს გამუდმებით არ უნდა უმეოროს“ უმაღლესი წერტილის“ არსებობის შესახებ.

ფაზა 1: ნაწილები

  • ახსენით ან აღწერეთ  მარტივად.
  • გამოყავით საკითხის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნაწილები.
  • შეაფასეთ თითოეულის როლი.
  • დაყავით კატეგორიებად ან თემებად (მაგ: რევოლუციური ომი).
  • განმარტეთ მარტივად რევოლიციური ომი (გარდაუვალი აჯანყება, რომელმაც შექმნა ახალი ნაცია).
  • ისაუბრეთ ამ პერიოდის ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე (ეკონომიკა და პროპაგანდა, ჯარისკაცები, ტარიფები…)
  • შეაფასეთ ომის მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტები (გამომწვევი მიზეზები და შედეგები)

ფაზა 2: მთლიანი

  • ახსენით მისი მიკრო დეტალები მაკრო კონტექსტში.
  • შექმენით დიაგრამა და დაიტანეთ ინფორმაცია კონტექსტუალურად.
  • ახსენით, რა არის სასარგებლო პრაქტიკულად და რა ინტელექტუალურად.

ფაზა 3: ურთიერთდამოკიდებულება

  • ახსენით, როგორ უკავშირდება ფაქტები ერთმანეთს, იპოვეთ მსგავსება და განსხვავება.
  • მოიშველიეთ თემასთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევები და გაავლეთ პარალელი.

ფაზა 4: ფუნქცია

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლემ უნდა იცოდეს, რაში გამოყენებს მასალას. შეეცადეთ, მოსწავლეებს დაეხმაროთ ახალი ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენებაში. შეაფასეთ მათი კრეატიულობა .

ფაზა 5: აბსტრაქცია

  • ხელოვნურად ან ბუნებრივად დაიჭირეთ რომელიმე გმირის მხარე, ისაუბრეთ მის არაკეთილშობილურ განზრახვებზე ან დადებით თვისებებზე.
  • მოაწყვეთ დებატები „ეშმაკის ადვოკატსა“ და „სიმართლეს“ შორის.

ფაზა 6: თვით

  • დასვით სპეციფიკური, გასაგები კითხვები. გაიხსენეთ სწავლების დინამიკა, რათა მიხვდეთ, აითვისა თუ არა მოსწავლემ საკითხი ყველა ასპექტით.
  • მოახდინეთ იმ საკითხების იდენტიფიცირება, რაც მათ არ ესმით.
  • გააანალიზეთ, რამდენად შეიცვალა მოსწავლეების თვითშემეცნება, რაც საკითხის გააზრების შედეგია.

წყარო: teachthought

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

რომელი გამომცემლობების წიგნები აირჩიეს საჯარო და კერძო სკოლებმა მე-7 კლასებში

$
0
0

მე-7 კლასელები ახალ სასწავლო წელს ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, სკოლებში სახელმძღვანელოების მიწოდება 14 სექტემბრამდე განხორციელდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს გრიფი მე-7 კლასის სახელმძღვანელოებს შემდეგ საგნებში მიანიჭა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, მოქალაქეობა, უცხოური ენები, მუსიკა, ხელოვნება და ფიზიკური აღზრდა (მასწავლებლის წიგნი).  გრიფირების კონკურსში სულ 14 გამომცემლობის წიგნებმა გაიმარჯვა და შესაბამისად სკოლებმაც არჩევანი მათ შორის გააკეთეს.

სკოლებს სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევის ვადა ივლისში ამოეწურათ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს თუ რომელმა სკოლამ რომელი სახელმძღვანელო აირჩია მე-7 კლასში სწავლებისთვის.
იხ.ბმული

მე-7 კლასის სახელმძღვანელოებს შორის არის ახალი წიგნი, მოქალაქეობა, რომელიც წელს სკოლაში პირველად შევა. აღნიშნულ საგანში გრიფი სამი გამომცემლობის წიგნს აქვს მინიჭებული, შპს გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი, შპს გამომცემლობა დიოგენე და შპს გამომცემლობა კლიო. შესაბამისად სკოლებმაც არჩევანი სამ გამომცემლობას შორის გააკეთეს.

„მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. ბავშვები გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა კუთხით, უნდა იცოდეს რა არის ტოლერანტობა. ეს საკითხები ძალიან ბევრი ახალი პროექტის დანერგვის შესაძლებლობას მისცემს სკოლებს და რაც მთავარია, გაზრდის თანამშრომლობის კულტურას სკოლის დონეზე. ხელს შეუწყობს ძალადობის და აგრესიული დამოკიდებულებების აღმოფხვრას განსაკუთრებით თინეიჯერებში“, – აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ახალი საგნის შესახებ საუბრისას.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ განმარტავენ, რომ ახალი წიგნები რომლებიც წელს სკოლებში შევა, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ადაპტირებული ვერსია, არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებით და ევროპული სტანდარტების დაცვით დამზადებული. 2019-20 სასწავლო წლისთვის ჯამში 4 060 910 წიგნი და რვეული იქნა შესყიდული, რაშიც  20 078 540.73 ლარი გადაიხადეს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

100-მდე სკოლის მოსწავლე მთელი საქართველოდან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში იღებს მონაწილეობას

$
0
0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმში, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

ბანაკი დღეს გაიხსნდა და მასში მონაწილეობას იღებს კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 100 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ, პროექტის ფარგლებში, სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

7 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომში მათ დაეხმარება STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

7 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

  • იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე
  • მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე
  • გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში
  • ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს
  • მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე გადანაწილდნენ:

თბილისი – 19
კახეთი – 10
მცხეთა-თიანეთი – 3
სამეგრელო- ზემო სვანეთი – 10
აჭარა – 10
შიდა ქართლი – 11
ქვემო ქართლი – 10
იმერეთი – 10
გურია – 9
რაჭა – 2
სამცხე ჯავახეთი – 5

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჯეოლაბთან, ედისონთან, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდთან და ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტთან ერთად.

პრემიერის ფონდის მიერ დაფინანსებული სტუდენტებისთვის შესაძლოა, საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტა დაწესდეს

$
0
0

დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა

„პრემიერის ფონდი აფინანსებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ ხომარ ვიფიქროთ მათი დაბრუნების შემთხვევაში დასაქმების კვოტების შემოღება საჯარო უწყებებში, იმისთვის, რომ ის რესურსი, რომელსაც ჩვენ ჩავდებთ მათი განათლებისთვის, საბოლოო ჯამში, მათივე რეალიზებას მოხმარდეს ჩვენ ქვეყანაში, მოხმარდეს მათივე დასაქმებას ქვეყნის სასარგებლოდ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური თუ სხვა პროგრამები, ახალგაზრდებზე მოქმედებს დღეს, ისევე როგორც იმოქმედებს ხვალ, ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა მათთან კომუნიკაცია.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, ხოლო განათლების მიმართულებით სამთავრობო პროგრამა  უცვლელი დარჩა.

ა.წ.

ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

$
0
0

9 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მსოფლიო რანგის მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.

პროფ. ესტატე ხმალაძე ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ-სთან.  ის აქტიურად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით. იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურნალები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Applied Probability”. პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულტეტს უკვე ჰყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან.

თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის პროფესორი ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.


მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის 10 სექტემბერს დაიწყება

$
0
0

საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge.

იხილეთ ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

გაითვალისწინეთ, რომ ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური );
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):
ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
პროფესიული უნარები.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 17 სექტემბრის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).

გადახდის შესაძლო საშუალებები:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
    „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

შენიშვნა! – პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

ვინ ვერ მიიღებს მონაწილეობას შემოდგომისთვის დაგეგმილ მასწავლებლის გამოცდაში?

$
0
0

საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge.

აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდა განკუთვნილია კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის.

ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება?

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

იხილეთ მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და თანხის გადახდის პროცედურები

არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა

$
0
0

არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ესენია:  განცხადების წარდგენა, დოკუმენტირება, შეფასება, გადაწყვეტილების მიღება და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს პროცესი შეიძლება მოიცავდეს მაძიებლისთვის გამოცდასაც.

1. არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება;
გ) შეფასება;
დ) გადაწყვეტილების მიღება.

2. კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასების ეტაპი შეიძლება მოიცავდეს გამოცდას.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენის პროცედურაც:

განცხადების წარდგენა
1. მაძიებელმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) არსებობის შემთხვევაში, არაფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი, სამუშაოს აღწერილობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სერტიფიკატი და ა.შ.

2. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) დაწესებულების დასახელებას;
ბ) მაძიებლის სახელსა და გვარს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს;
გ) ელ-ფოსტას;
დ) ტელეფონის ნომერს;
ე) განცხადების შევსების ადგილსა და თარიღს;
ვ) არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის მოთხოვნას, მისი დასაქმების/განათლების სფეროს, არაფორმალური განათლების აღიარების მიზანს;
ზ) მაძიებლის ხელმოწერას;
თ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

არაფორმალური განათლების აღიარების მეორე საფეხური მოიცავს კონსულტირება – დოკუმენტირებას, რაც გულისხმობს, რომ არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებელი წერილობით მიმართავ კონსულტირების შესახებ დაწესებულებას, რის შემდეგაც პროცესი ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი პროცედურების დაცვით.

მუხლი 5. კონსულტირება/დოკუმენტირება
“1. არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ კონსულტირების მიზნით, მაძიებელი წერილობით მიმართავს დაწესებულებას.
2. კონსულტირება ხორციელდება კონსულტაციის გაწევაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომში – კონსულტანტი) მიერ.
3. კონსულტანტი არის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი.
4. კონსულტანტი უზრუნველყოფს მაძიებლის კონსულტირებას:
ა) არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;
ბ) არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
გ) არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ.
5. კონსულტირების შედეგად, კონსულტანტი ავსებს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ კონსულტირების ფორმას და მასთან ერთად კომისიის წინაშე წარადგენს ინფორმაციას მაძიებლისა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ.
6. კონსულტირების ფორმის შევსებისას, კონსულტირების ეტაპზე კონსულტანტი განხილული თემებისა და შესაბამისი აქტივობების შესახებ მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ახდენს მაძიებლის გამოცდილების იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც იგი ადგენს არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული, თუ რომელი სწავლის შედეგ(ებ)ია იდენტიფიცირებული.
7. არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების იდენტიფიცირების შედეგად, კონსულტანტი ავსებს კონსულტირების ფორმის მე-3 ველს, რომელშიც მიეთითება: პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/მოდულის სწავლის შედეგ(ებ)ის დასახელება, არაფორმალურ გარემოში მიღწეული სწავლის შედეგი, მაძიებლის მიერ აღწერილი შესრულების კრიტერიუმი, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მითითებულ გარემოებებს.
8. კონსულტანტი კონსულტირების ფორმაში ასევე ასახავს ინფორმაციას მაძიებლის კომპეტენციების შესახებ და აღწერს მათ”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა გადაწყვეტილების მიმღები კომისიის საქმიანობის წესი, კომისიის მიერ საკითხის შესწავლა, გადაწყვეტილების მიღებაგამოცდის ჩატარების შესახებ.

რაც შეეხება მაძიებლის გამოცდას, ასაღიარებელი სწავლის შედეგების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს წერილობით, ზეპირი ან პრაქტიკული დავალების შესრულებით. მაძიებლისთვის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში კომისია განიხილავს საგამოცდო კომისიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს.

მუხლი 8.  მაძიებლის გამოცდა

“1. საგამოცდო კომისია შედგება მასწავლებლებისგან და შესაბამისი სფეროს დამსაქმებლის წარმომადგენლებისაგან. საგამოცდო კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კონსულტანტმა, საგამოცდო კომისიის თანხმობის საფუძველზე.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის არიან ინკლუზიური განათლების მიმართულების კომპეტენციის მქონე პირები, ხოლო საგამოცდო კომისია გამოცდის მეთოდების მოდიფიცირებას ახდენს მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მაძიებლის ინფორმირება წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შეფასების მეთოდების/ფორმებისა და პროცედურის შესახებ, ასევე გამოცდის/გამოცდების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

4. ასაღიარებელი სწავლის შედეგების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს წერილობით, ზეპირი ან/და პრაქტიკული დავალების შესრულებით. მაძიებლის პრაქტიკული კომპეტენციების შემოწმების მიზნით გამოცდა/შეფასება ტარდება საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და დამსაქმებლის ბაზაზე.

5.  მაძიებლისთვის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში კომისია განიხილავს საგამოცდო კომისიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

დოკუმენტის მიხედვით არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და ასევე დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

2020 წელს, საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები უცვლელი ფორმით ჩატარდება

$
0
0

აბიტურიენტები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ, როგორც ცნობილია, სავალდებულო საგნების ნუსხიდან უკვე ამოღებულია ზოგადი უნარები და ის მხოლოდ უნივერსიტეტების ასარჩევ საგანთა ჩამონათვალში იქნება.

რაც შეეხება სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებს EDU.ARIS.GE– ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ამ კუთხით ცვლილება დაგეგმილი არ არის.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში, სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე პირების ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე მოსახვედრი გამოცდების ცვლილების პარალელურად, გარკვეული ცვლილებები სამაგისტრო გამოცდებსაც უნდა შეხებოდა, რადგან აპლიკანტების ნაწილი აღნიშნულ გამოცდას ზოგადი უნარების გამოცდასთან აიგივებდა.

„ჩემთვის ტესტი რთული აღმოჩნდა, მათემატიკური ნაწილი განსაკუთრებით. ანალიტიკური მსჯელობა შედარებით მარტივი იყო, რომლიც პირველ საკითხად ვწერეთ. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ რაზეც ვაბარებ იქ მათემატიკა საერთოდ არ არის საჭირო, მითუმეტეს ამ დონის და თუ იქნება გადანაწილება ისე სწორად როგორც საჭიროა სპეციალობების მიხედვით, მივესალმები. მაგალითად მე ვარ ქიმია-ბოლოგიურ ინჟინერიაზე, ჩემთვის მათემატიკა საერთოდ არ არის საჭირო, უნივერსიტეტშიც სადაც ვსწავლობ მათემატიკა საერთოდ ამოიღეს ჩემი სპეციალობის საგნებიდან, რეალურად მათემატიკის უნარები არ გვჭირდება, ვინც აბარებს მათემატიკაზე მათთვის შესაძლებელია და კარგიც იქნება ჩააბარონ, მაგრამ ჩვენთვის საერთოდ არ არის აუცილებელი”, – აცხადებდა ერთ-ერთი აპლიკანტი.

„მე ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო საგნებიდან ამოდის, საგანი სკოლაში არ ისწავლება და დიდი ძალისხმევა გვჭირდება მის მოსამზადებლად, ამიტომ მივესალმებოდი თუ ცვლილება სამაგისტრო გამოცდებსაც შეეხებოდა და უფრო კონკრეტულ სპეციალობებზე იქნებოდა მიმართული”, – ამბობდა კიდევ ერთი ახალგაზრდა ჩვენთან საუბარში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის თქმით, სამაგისტრო გამოცდა არის სულ სხვა ტიპის და მის შეცვლაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს. 

სამაგისტროებზე ცვლილება ამ ეტაპზე არ არის, ეს არის სხვა ტიპის გამოცდა, სახელიც არ ჰქვია ზოგადი უნარები, მაგრამ ასე ეძახიან, ის სხვა ტიპის ტესტია, ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ იგეგმება“, – განაცხადა მან EDU.ARIS.GE-სთან საუბარში

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

აბიტურიენტებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, IT აკადემია STEP სწავლების ალტერნატიულ გზას სთავაზობს

$
0
0

IT აკადემია STEP იზიარებს იმ ადამიანების დარდს და თანაუგრძნობს მათ, ვინც ვერ გადალახა შეფასების ბარიერი უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის. უფრო მეტიც, IT აკადემია STEP გთავაზობთ მოიკრიბოთ მთელი თქვენი ძალა და გადალახოთ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი. ასევე გთავაზობთ აღნიშნული პრობლემიდან გამოსვლის ალტერნატიულ ვარიანტს.

გული არ დაგწყდეთ, კარგად დაფიქრდით და აუცილებლად აწონ-დაწონეთ ჩვენი შემოთავაზების ყველა წვრილმანი!

იმისთვის, რომ დრო უქმად არ დახარჯოთ და ის საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენოთ, გთავაზობთ სწავლის დაწყებას ჩვენთან, სადაც მიიღებთ ყველა საჭირო ცოდნას IT სფეროში, რის გარეშე თქვენ ვერ იქნებით უზრუნველყოფილი პერსპექტიული სამუშაოთი. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ და ინფორმაციას გაეცნოთ ჩვენს წინა პუბლიკაციებში, ჩვენთან თქვენ მიიღებთ მთელ მსოფლიოში ლიდერი, უმსხვილესი კორპორაციების საერთაშორისო სერთიფიკატებს, პროფესიონალურ თანამედროვე უნარებს და ცოდნას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ საკმაოდ დიდი ანაზღაურების გამომუშავებას.

ჩვენი, სტეპერების მხრიდან მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, რომელიც თქვენთვის მეორე მეგობრული ოჯახი გახდება, სადაც თქვენი ყოფნისას სრულ კომფორტს მიიღებთ, პარალელურად შეგიძლიათ ჩააბაროთ ნებისმიერ უნივერსიტეტში თქვენს მიერ არჩეული პროფესიის ასათვისებლად.

IT აკადემია STEP, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის, ყოველთვის გთავაზობთ თქვენთვის სასარგებლო პოზიციას, ყოველთვის პოულობს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან, ყოველთვის მხარში დაგიდგებათ და სწორ გზაზე დაგაყენებთ თქვენი სამომავლო კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, გაგაცნობთ რეალურ და ვირტუალურ სამყაროს, შეგიქმნით მაქსიმალურ პირობებს სწავლისთვის და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელთა წყალობით თქვენ უფრო კომუნიკაბელური, იდეებით აღსავსე, ინოვატორული, ინტელექტუალური და პერსპექტიულები გახდებით. თქვენი ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბდეთ, კარგად დაფიქრდეთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი მხრიდან იმის გარანტიას მოგცემთ, რომ თქვენ გახდებით უძლიერესი სპეციალისტები და თქვენი საქმის პროფესიონალები.

ძვირფასო მშობლებო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენი შვილების, რომლებმაც გარკვეული სტრესი მიიღეს საკუთარი მოლოდინებისგან, მაგრამ როგორც იტყვიან ცხვორება ამით არ სრულდება, ყოველთვის არსებობს ალტერნატიული გზები აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ერთერთი მათგანი არის ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ. საერთო ძალებით იმ შედეგებს მივაღწევთ, საიდანაც მხოლოდ სარგებელს ვნახავთ ჩვენი შვილების მომავლისთვის. ეს რეკლამა არ არის, ეს რეალობაა, რომელშიც ჩვენი სტუდენტები, სტეპერები იმყოფებიან, ჩვენ ბევრნი ვართ და მთელ მსოფლიოში ვმოღვაწეობთ, ჩვენ ვართ მსოფლიო ბრენდი 72 ფილიალით, IT აკადემია STEP –თქვენი ოქროს გასაღები ტექნოლოგიურ-ინოვაციურ სამყაროში!

რა არის IT აკადემია STEP?

IT აკადემია Step არის მსოფლიო ბრენდი – IT განათლების ლიდერი 20 წლის ისტორიით, რომელმაც შეძლო და გაართიანა საკუთარი სტუდენტები ერთ დიდ სტეპერების ოჯახად, რომელშიც თითოეული წევრი ოჯახის მხარდაჭერას და მზრუნველობას მუდმივად გრძნობს არამარტო საქართველოს ფილიალის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით 18 ქვეყნის 72 ფილიალის სახით, დღეს უკვე დასაქმებულია 1000-ზე მეტი ლექტორი, 160 მეთოდისტი, 65 პროგრამისტი, ვინც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების შექმნაზე, არსებული პროგრამების განახლებაზე, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე, რომელთა საშუალებით ახალგაზრდები შეიძენენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ სასიცოცხლო და კარიერულ უნარჩვევებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ თავი დაიმკვიდრონ 21ე საუკუნის კონკურენტულ ტექნოლოგიურ შრომით სივრცეში.

IT აკადემია STEP არის გიგანტი კომპანიების Microsoft-ის, Cisco-ს და Autodesk-ის ერთ–ერთი უმსხვილესი ავტორიზებული სასწავლო ცენტი, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს გაიარონ ტესირება და აიღონ მწარმოებლის მიერ ავტორიზირებული საერთაშორისო სერთიფიკატები.

ჩვენთან სასწავლო პროცესი საინტერესო თამაშს ჰგავს, სადაც ყოველი შეძენილი ცოდნა, გადალახული წინააღმდეგობა, გადაჭრილი პრობლემა დამატებით ბონუსებს გვაძლევს, შესრულებული საშინაო დავალებას მეტი ქულები მოაქვს, რაც სტუდენტებს მეტ ინტერესსა და მოტივაციას აძლევს და აზარტულობას მატებს სწავლების პროცესს ნებისმიეს ასაკში.

რას ვთავაზობთ?

მცირე IT აკადემია 9-15 წლის ბავშვებისთვის
ჯუნიორ IT აკადემია 15-18 წლის მოზარდებისთვის
პროფესიული განათლება 18+ მოზრდილებისთვის

იხილეთ IT აკადემია STEP-ის სასწავლო პროგრამები

(R)

მასწავლებლობის მსურველთა 74%-მა საგნის გამოცდა ვერ ჩააბარა

$
0
0

2019 წლის პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, მასწავლებლობის მსურველი 10 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბარიერის გადალახვა მათმა 74%-მა ვერ შეძლო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, გამოცდაზე სულ 8000-მდე მსურველი გავიდა.

„საინტერესო მონაცემებია, პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, პირველი შემთხვევა იყო, რომ 10-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, გამოცდაზე გავიდა 8000-მდე ადამიანი და მათმა 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რომელიც ნიშნავს, რომ წარმატებით გადალახა ბარიერი“- განაცხადა ირინა აბულაძემ ეთერში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველი იყო, 20 000-ზე მეტი კი – პრაქტიკოსი პედაგოგი.

მოქმედი პედაგოგების ნაწილს, ანუ პრაქტიკოსებს, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულის აღება სჭირდებოდათ და მათთვის აუცილებელი არ იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, მათ აუცილებლად უნდა დაეძლიათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რითაც 10 კრედიტქულას და შესაბამისად მასწავლებლის სერტიფიკატსაც იღებენ.

იხილეთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებოს 2019 წლის გამოცდების – საბოლოო შედეგები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თსუ-ში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება ჩატარდა

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება “ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა” გაიხსნა, რომელიც კონფერენციას, სეზონურ სკოლას, გამოფენას მოიცავს. კონფერენციამ ერთად შეკრიბა მეცნიერები ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული, მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობენ თსუ მეცნიერები, პარტნიორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ასევე, ოცამდე წარმომადგენელი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. „ლანდშაფტური მეცნიერება ის დარგია, რომელიც საკმაოდ განვითარებული იყო საქართველოში, ძალიან ძლიერი სკოლა ჩამოყალიბდა თავის დროზე. ეს მიმართულება, ზოგადად, ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, რამდენადაც საქართველო არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ასეთი მრავალფეროვნება აქვს ლანდშაფტური თვალსაზრისით“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა.

2000 წელს ფლორენციაში მიღებული კონვენციის მიხედვით, ლანდშაფტი გაგებულია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების, მართვისა და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ობიექტი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროში – კულტურაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში.

თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თსუ პროფესორმა დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციასთან ერთად სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა ტარდება, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას შესძენს ახალგაზრდა თაობას. „მსგავსი ხასიათის სამეცნიერო კონფერენციები უნივერსიტეტის სტატუსს ამაღლებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და სჭირდება ეკოლოგიურად მოვლა-პატრონობა. ლანდშაფტი წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიურ სახეს. თუ ლანდშაფტს არ მოვუვლით არც ქვეყანა გვექნება მაღალ დონეზე და არც ტურიზმი“, – განაცხადა თსუ-ის პროფესორმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება გამოფენა, რომლის უმთავრესი მიზანია წარმოჩინდეს საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება, ქართული ლანდშაფტური სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და ამავე დროს, მოხდეს საზოგადოებაში ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია.

გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე პერიოდში და მე-19 საუკუნეში გადაღებული საქართველოს ლანდშაფტების ფოტოები, საველე კვლევების ამსახველი ფოტომასალა, საველე კვლევების ექსპონატები, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული ლანდშაფტური რუკები, ატლასები, მონოგრაფიები, ქართველი მეცნიერების ფოტოები რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ გეოგრაფიისა და ლანდშაფტური კვლევების განვითარებაში შეტანილი და სხვა.
ქართულმა ლანდშაფტურმა სკოლამ გარკვეული წვლილი შეიტანა ლანდშაფტმცოდნეობის განვითარებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფ. ნიკო ბერუჩაშვილს. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია მსოფლიოში. ამ კუთხით იგი აღემატება ბევრ ისეთ ქვეყანას, რომელთაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფართობით. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქართველოს მსოფლიოში მე-10-14 ადგილი უკავია. თუ ამ მაჩვენებელს ფართობის 1 ერთეულზე ვიანგარიშებთ, მაშინ თვალნათლივ დავინახავთ, რომ ამ მხრივ, საქართველო ლიდერია და მსოფლიოში მას I ადგილი უკავია. ამიტომ უწოდებენ საქართველოს „მსოფლიოს ლანდშაფტურ ლაბორატორიას“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტები, დაწყებული ნოტიო კოლხური ტყის, ან ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტებიდან და დამთავრებული მაღალი მთის ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტებით. სულ რაღაც ორიოდე საათის სავალზე შეიძლება ერთი ლანდშაფტიდან მეორე, კონტრასტულ ლანდშაფტში მოხვედრა.

თანამედროვე ლანდშაფტური კვლევები რაციონალურ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული: იყენებდეს ტრადიციულ რაციონალურ ბუნებათსარგებლობით გამოცდილებასა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიებაც ამ მიზანს ემსახურება – აზრთა ურთიერთგაცვლას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და საბოლოოდ, მისი განხორციელების შესაძლებლობების წარმოჩენას.


როდის გახდება ცნობილი, რომელი უნივერსიტეტი ტოვებს ზოგად უნარებს სავალდებულო გამოცდად და რომელი საგნით ჩაირიცხებიან აბიტურიენტები კონკრეტულ მიმართულებაზე –ვადები

$
0
0

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ,  ცნობილი გახდა, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე. თუმცა ჯერ უცნობია, რომელი უნივერსიტეტი ტოვებს სავალდებულოდ ზოგადი უნარების გამოცდას და რა მიმართულებაზე რა საგნის (ისტორია/მათემატიკა) ჩაბარებას ავალდებულებს აბიტურიენტს, იმისათვის, რომ აბიტურიენტი ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოს. სწორედ ეს არის 2020 აბიტურიენტების მთავარი კითხვა, რადგან ჩამოყალიბებულნი არ არიან, კონკრეტულად რომელ საგანში ან საგნებში მოემზადონ, რაც მათთვის დაბრკოლებას ქმნის 2020 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესში.

EDU.ARIS.GE -სთან საუბარში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი აცხადებს, რომ შესაბამისი ინფორმაცია მათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უკვე გადაუგზავნეს და ახლა პროცესის დასრულების ეტაპია.

კერძოდ, როგორც ეროვნული გამოცდების ჩატარების განახლებულ დებულებაში ვკითხულობთ, დაწესებულია ვადები, თუ როდის უნდა გამოაქვეყნოს გამოცდების ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია.

“საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. თავის მხრივ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა (ანუ დღეს ავტ.), დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში (იგულისხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავტ.). ხოლო ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე”, – ვკითხულობთ განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

შესაბამისად, გამოცდების ცენტრმა, 2020 წლის აბიტურიენტებს, ინფორმაცია, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე უნივერსიტეტების მიხედვით, რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ, 16 სექტემბრამდე უნდა გამოუცხადოს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალი წესის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული) და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა, მათ შორის კერძო უმაღლესები EDU.ARIS.GE -სთან საუბარში განმარტავს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის დამატება მათი მოთხოვნა არ არის და მხოლოდ სამი გამოცდით მიიღებენ სტუდენტებს, თუმცა ჯერ ღიად საუბარი არ სურთ და მათი გადაწყვეტილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება 16 სექტემბრამდე შეიტყობს.

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით ცნობილია – ბრძანება

ილიაუნის სამედიცინო პროგრამის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად სეულის ეროვნული უნივერსიტეტის კლინიკაში

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ილიაუნის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის ექიმთა ჯგუფი პროფესორ კობა შანავას ხელმძღვანელობით ერთი თვით კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფება სეულის ეროვნული უნივერსიტეტის კლინიკაში.

ქართველი ექიმები ეცნობიან ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების მკურნალობისა და ორგანოთა გადანერგვის თანამედროვე მიდგომებს, რაც მოიცავს როგორც ქირურგიულ ტექნიკებს, ასევე პაციენტების პრე და პოსტოპერაციულ მენეჯმენტს.

შეძენილი გამოცდილება მოხმარდება როგორც ჩვენი პაციენტების მკურნალობას, ისე სტუდენტთა სწავლებას.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ილიაუნის წარჩინებული მედიკოსი სტუდენტები და ახალგაზრდა ექიმები რეგულარულად შეძლებენ გამგზავრებას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის კლინიკაში სტაჟირებაზე მედიცინის ყველა მიმართულებით.

პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს სეულის უნივერსიტეტი.

ჯგუფის შემადგენლობა: ქირურგები – ლევან ქოიავა, ვახტანგ ქერქაძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ნიკოლოზ რთველიაშვილი, გასტროენტეროლოგი მაკა სვანიძე.

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ქეთევან ჯაყელმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განვითარების ხელშეწყობას. ასევე ერთობლივი პროფესიული და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

რამდენი ვაკანტური ადგილი შეივსო სკოლებში პენსიონერი პედაგოგების წასვლის შემდეგ და რომელი საგნის მასწავლებლების დეფიციტა სისტემაში

$
0
0

საჯარო სკოლებიდან საპენსიო ასაკის 6000-მდე პედაგოგის გასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ ეტაპზე 2600-მდე ვაკანსია გაჩნდა, რაც უკვე შევსებულია. ამჟამად კიდევ გამოცხადებულია კონკურსი 1500-მდე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, რომლიც 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროფესიიდან 6000 მასწავლებლის გასვლა არ ნიშნავს, რომ სკოლებს იგივე რაოდენობით კადრები სჭირდებათ. ვაკანსიის გაჩენის შემდეგ, პირველ რიგში საათებით სკოლაში მომუშავე პედაგოგები კმაყოფილდებიან, ახალი კადრის შეყვანა მხოლოდ ამის შემდეგ ხდება.

„ამ პროცესს ვუწევთ ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მხარდაჭერას, ჩვენი ჯგუფები ორი თვეა რეგიონებში იმყოფებიან რომ დაეხმარონ სკოლებს და რესურსცენტრებს საათების ოპტიმალურად გადანაწილებაში და ა.შ. პროფესიიდან გასული მასწავლებლის გამოთავისუფლებულ საათებს, პირველ რიგში, ივსებენ იმავე სკოლის მასწავლებლები, რომლებიც შესაძლოა, არასრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, 15 საათი არის განაკვეთი, რაზეც ისინი სტატუსის სრულ დანამატს იღებენ. სკოლებს პირველ რიგში უნდა შეევსოთ საათები არსებული კონტიგენტისთვის და შემდეგ გამოეცხადებინათ ვაკანსიები. ამ ვაკანსიების გამოცხადების პირველი ეტაპი დამთავრდა და 2600 ვაკანსია შეივსო თბილისსა და რეგიონებში. შევსება მოხდა როგორც გარედან შემოსული კადრებით, ასევე შიგნით, ან სხვადასხვა სკოლებში გადანაწილებით, თუმცა 1500 ვაკანსიაა გამოცხადებული ისევ და 15 სექტემბრამდე დასრულდება პროცესი“, – ამბობს ირინა აბულაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ზოგადი მონაცემებით პედაგოგების დეფიციტი ფიზიკის, მუსიკის, ხელოვნების და სპორტის მიმართულებით იკვეთება. „ეს არის ისტორიულად შექმნილი დეფიციტი, რომელიც არსებობს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ამ დარგების მიმართულებით ჩვენ სპეციალურ პროგრამებს ავამუშავებთ“, – განმარტავს ის.

რაც შეეხება პედაგოგობის მსურველებს, ირინა აბულაძე აცხადებს, რომ ერთწლიანი 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის პარალელურად, ოქტომბერში დისტანციური პროგრამა ამოქმედდება.

„არსებობს მინისტრის ბრძანება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესის შესახებ, სადაც ჩამოყალიბებულია  კონკრეტული მოთხოვნები, ცხადია დიპლომი აუცილებელია იმ მიმართულებაში, თუმცა შეძლება არაპედაგოგიური. მაგალითად, შეიძლება ვიყო ფიზიკის ბაკალავრი, შევიდე სკოლაში და პარალელურად გავიარო ე.წ. ერთწლიანი 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა. წელს ჩვენ  ვმუშაობთ და ოქტომბრიდან ამუშავდება, მასწავლებლის მომზადების პროგრამა დისტანციურ რეჟიმში, ანუ ელექტრონული ფორმით, რომ შეძლონ პროგრამის დისტანციურად გავლა. სკოლაში შესულ ახალგაზრდა კადრებს აუცილებლად ეყოლებათ მენტორები, რომლებიც მათ ადგილზე დაეხმარებიან.  საიტზე pedagogi.ge ქვეყნდება სკოლებში არსებული ყველა ვაკანსია. ამავე საიტზე, პირს რომელსაც სურს მასწავლებლობა, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, სკოლებს შეუძლიათ ღიად ნახონ ასეთი კანდიდატები და პირდაპირ შეეხმიანონ და დაიბარონ გასაუბრებაზე. თუ ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული არ არის, მსურველს მაინც შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, ატვირთოს დიპლომი და სხვა საჭირო დოკუმენტები და ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სკოლა დაუკავშირდება“,- ამბობს მინისტრის მოადგილე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია –„ვეხმარებით განათლების იდეას“

$
0
0

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გუნდი საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით კამპანიას – „გახდი ჯილდოს მხარდამჭერი“ – იწყებს.

2019 წლიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ საშუალება, გაიღონ ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძის თქმით, ჯილდო დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით.  ჯილდოს კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და ამ პროფესიაში ჩართული ადამიანების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, რათა მასწავლებლების შრომა უფრო დაფასდეს და რაც მთავარია, პროფესია გახდეს უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის  თქმით, აღნიშნული კამპანია გულისხმობს იმას, რომ საზოგადოების წევრებმა თავად შევაგროვოთ საპრიზო ფონდის თანხა ან მისი ნაწილი კერძო შემოწირულობების მეშვეობით და ამით გამოხატონ მასწავლებლის პროფესიის მიმართ საზოგადოების მეტი სოლიდარობა.

„ჩვენი, როგორც ორგანიზატორების ამოცანა იყო გაგვეზარდა საზოგადოების ჩართულობა ეროვნული ჯილდოს კამპანიაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელსაც მხარი დაუჭირა განათლების სამინისტრომ, შემდგომ შემოუერთდა, როგორც თანაორგანიზატორი, მასწავლებლის სახლი. უკვე ორი წელია, ამას სხვადასხვა ფორმით ვაკეთებთ. ძალზედ გასახარია, რომ ბევრი ადამიანი მოხალისეობით და ენთუზიაზმით გვეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის საქმიანობაც ენთუზიაზმს ეფუძნება. ჟიურის წევრები თავიანთ ენერგიას, დროს და გამოცდილებას სრულიად უსასყიდლოდ ახმარენ ამ კონკურსს.

კონკურსის მეორე წელს ჩვენ საკონკურსო პროცედურაში ჩავრთეთ ნომინირების შესაძლებლობა, საზოგადოებას ჰქონდა შანსი, თვითონ დაესახელებინა და წაეხალისებინა მათთვის სასურველი მასწავლებელი. 750-ზე მეტმა პირმა მიიღო გამოწვევა და ჩაერთო ნომინირების პროცესში. ჩვენ ამას წელსაც გავაგრძელებთ და კვლავ  აქტიურად გავუწევთ პოპულარიზებას, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მათთვის სასურველი მასწავლებლები წარადგინონ და უბიძგონ,  რომ შემოიტანონ აპლიკაცია.

მნიშვნელოვანია შევქმნათ მეტი შესაძლებლობები საზოგადოების ჩართულობისთვის. სწორედ ამ მიზნით, წელს დავიწყეთ კამპანია, „გახდი მასწავლებლის ჯილდოს მხარდამჭერი“. ვფიქრობ, ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვაც. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ყველამ გავაცნობიეროთ განათლების სისტემის მხარდაჭერის აქტუალობა. ეს არის არამხოლოდ სახელმწიფოს, ან ცალკეული ფილანტროპების, არამედ ჩვენი ყველას საკეთებელი საქმე“, – ამბობს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.

როგორც ცნობილია, საპრიზო ფონდის მთავარი შემომწირველი და გენერალური სპონსორია გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდი. ირინა ხანთაძის თქმით, ის კვლავ რჩება გენერალურ სპონსორად და იგივე საპრიზო ფონდის მხარდამჭერად. ახალი კამპანიის მიზანი კი ისაა, რომ „საშუალება მიეცეს საზოგადოებას და ყველა ჩვენგანმა შევაგროვოთ ეს თანხა, ან მისი ნაწილი“.

„ამ იდეას აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი გენერალური სპონსორი, რადგან მათი მისიაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი უკან იხევს და ნაკლებ მხარდაჭერას გამოუცხადებს ეროვნულ ჯილდოს.

მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს  ეროვნულ ჯილდოს კამპანიას. ამ ქმედებით ჩვენ მთლიანად ამ პროფესიას ვუცხადებთ თანადგომას, ხოლო ამ პროფესიის მხარდაჭერით ვეხმარებთ განათლების იდეას“, -აღნიშნავს ირინა ხანთაძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრი ჟურნალისტ  ნინო ზაუტაშვილის თქმით, ფინანსური მხარდაჭერის გამოხატვით დავეხმარებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტს, რომ რაც შეიძლება პოპულარული გახდეს და რაც შეიძლება დიდი წახალისება არსებობდეს გამარჯვებული მასწავლებლებისთვის. როგორც ნინო ზაუტაშვილი აღნიშნავს, ეს სხვა მასწავლებლებისთვისაც იქნება სტიმული, მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში, რომ იყვნენ დაინტერესებულები, თავიანთ პროფესიაში კიდევ უფრო წინ წავიდნენ და კიდევ უფრო მეტი გაიგონ, განვითარდნენ.

„ყველა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც რამდენი შეუძლია, რომ ამ ჯილდოს არსებობისთვის კონკრეტული თანხა გავიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ისეთი გადამწყვეტი პროფესიის პოპულარიზაციას ეხება, როგორიც არის მასწავლებლობა. კონკურსი ხელს უწყობს საუკეთესო პედაგოგების გამოვლენას.

პირველი, ვინც ადამიანის ცხოვრებაში აზრების ჩამოყალიბებას იწყებს, მისი ცხოვრების ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს მშობლებთან და ოჯახთან ერთად, არის მასწავლებელი. ადამიანი, რომელიც არის მეგზური ყველა ჩვენგანის დიდ ცხოვრებაში.

ჩვენი მონაწილეობა მასწავლებლის პოპულარიზაციის საქმეში, ყველა ჩვენი თეთრი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით ჯილდოს საპრიზო ფონდში, იქნება გაღებული ჩვენი საუკეთესო მომავლის ინვესტირებისთვის.

კარგი მასწავლებელი ნიშნავს განათლებულ ადამიანს, პასუხისმგებლობის მქონეს, ადამიანს, რომელმაც უნდა იზრუნოს საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი ადამიანი მოღვაწეობდეს ჩვენს ქვეყანაში.

მსოფლიო საერთოდ ახალ სტანდარტებზე გადადის, ეს არის ტექნოლოგიების ერა, ჩვენს ამ გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ბუნებრივია ასევე მასწავლებლები. ამ ყველაფრისთვის ნამდვილად არის საჭირო თანხების მობილიზება. ძალიან კარგი იქნება თუ ადამიანები, კომპანიები იქნებიან ამის თანამონაწილენი.

ძალიან კარგმა გუნდმა დაიწყო ეს კონკურსი და კარგი იქნება თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება, რადგან მასწავლებლობის პროფესია ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინო ზაუტაშვილმა.

კერძო სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი ნათია ფურცელაძე ფიქრობს, რომ მასწავლებლის პროფესიაზე ამ ფორმით უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება. მისი თქმით, აქ სიმბოლურ მხარდაჭერაზეც არის საუბარი, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ადამიანმა სურვილი გამოთქვას, პროფესიაზე დაფიქრდეს და თანხის გადარიცხვით დაუჭიროს მხარი.

„ვფიქრობ, რომ მორიგი საინტერესო ინიციატივაა. ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ამ კონკურსში მონაწილეობა. შემდეგ ფინალისტობა. საორგანიზაციო ჯგუფთან თანამშრომლობა, მასწავლებლების ჯგუფის გაცნობა, შემდეგ უკვე მათთან თანამშრომლობა. ძალიან გამზარდა როგორც მასწავლებელი, ახალი მეგობრები შემძინა, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა იმაზე, როგორ უნდა ვიზრუნო პროფესიის პოპულარიზაციაზე. ძალიან მადლიერი ვარ, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და გავხდი კონკურსანტი.

მგონია, რომ მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. საზოგადოების ფორმირების პროცესში მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. შეიძლება სუბიექტურიც იყოს ჩემი შეფასება, რადგან მე თვითონ ვარ მასწავლებელი, მაგრამ ობიექტურადაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. მასწავლებლობის გარეშე წარმოუდგენელია ჯანსაღი საზოგადოების შექმნა.  აქედან გამომდინარე მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერაც, ხელშეწყობაც, პროფესიას პოპულარიზაცია, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს მასწავლებლობით და შესაბამისად, თავისი წილი ცოდნა გაიღოს და განვითარდეს“, – მიიჩნევს ნათია ფურცელაძე.

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძეც ამ კამპანიის მხარდამჭერია და ფიქრობს, რომ ბევრი ადამიანი, გამოჩნდება ვინც გაიღებს შემოწირულობას და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის მიერ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდება.

„ძალიან მიხარია, რომ საშუალება მაქვს, ხელი შევუწყო ამ საოცარ წამოწყებას, რომელიც მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, ყველას შეუძლია გახდეს ჯილდოს მხარდამჭერი. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. თანაც მასწავლებლებს მისცემს მოტივაციას. როდესაც შეხედავენ, რომ ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია მხარს უწერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს, ეს მათთვის დიდი სტიმული იქნება.

ჩემთვის, როგორც გამარჯვებულისთვის, სასიხარულო იქნებოდა ის ფაქტი, თუ მეცოდინებოდა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საპრიზო ფონდი საზოგადოების წევრებისგან არის შეგროვებული. გაათმაგებული პასუხისმგებლობაა ასევე, როდესაც იცი, რომ ეს ადამიანების შემოწირული თანხაა“, – აცხადებს მანანა კაპეტივაძე.

Viewing all 14426 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>