30/08/2019 – 05/09/2019
EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის
საპილოტე გამოშვება
სკოლამდელი განათლება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.
§
პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამაში გაცხადებულია, რომ ,,განათლების ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა…“ ასევე, საუბარია ამ საფეხურზე ინკლუზიურ განათლების, უსაფრთხო გარემოს, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კადრების მომზადება-გადამზადებაზე, ახალი კადრების მოზიდვაზე და ასე შემდეგ;
ზოგადი განათლება
§
გასულ კვირაში სკოლებში მიმდინარეობდა გასაუბრებები ვაკანსიების დაკავების მსურველებთან.
სასწავლო წლის დაწყებამდე ბევრ სკოლას ვაკანსიის შევსების პრობლემა აქვს. როგორც განათლების სისტემაში აცხადებენ, ეგრეთწოდებული, ჯილდოს პროგრამით, სკოლა 6 000-მდე პედაგოგმა დატოვა და დადგა ახალი კადრით შევსების საკითხი. გასაუბრებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ. სოციალურ ქსელებში გაკეთებული განაცხადები ადასტურებს, რომ თუ ზოგიერთისთვის ეს პროცესი ცივილურად და საქმიანად წარიმართა, ბევრგან მას აკლდა გამჭვირვალობა და ობიექტურობა, მეტიც ახასიათებდა არაკეთილგანწყობა, ნეპოტიზმი.
კითხვაზე, როგორ გაართვეს სკოლებმა თავი ამ გამოწვევას, როგორია შეფასებები? – პასუხები ჯერ უცნობია, მაგრამ საკითხი ნამდვილად საჭიროებს შეფასებას.
§
30 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილებოდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ექსკურსიების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების საკითხებს დაარეგულირებს.
ცვლილებები იგეგმება ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომლის მიხედვითაც სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევას ჯარიმებს შეუსაბამებენ.
ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 1-ლ ნოემბრამდე უნდა შეიმუშაოს სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესი და უზრუნველყოს მისი დამტკიცება.
§
ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს წარუდგინა, გვპირდება, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე ,,ორიენტირი იქნება მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისათვის მომზადება.“ პროგრამაში საუბარია ,,ახალი სკოლის მოდელზე“ და მის მიზნებზე: ,,სკოლებში მოხდება სასკოლო კულტურის განვითარებისა და პედაგოგთა ადგილზე გაძლიერების მხარდაჭერა“; საუბარია სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხისა და მასშტაბების გაძლიერებაზე; სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე; პედაგოგთა პროფესიულ ზრდასა და ანაზღაურების ზრდაზე.
§
საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა. სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა: ,,გვექნება ახალი ინიციატივები, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს სახელმძღვანელოების ხარისხს. ჩვენ მთელი ზაფხული ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ვმუშაობდით გრიფირების ახალ წესზე და ეს ცვლილებები, რასაც შემოგთავაზებთ, დადებითად აისახება თითოეული სკოლაზე და თითოეული სახელმძღვანელოს ხარისხზე.“
ამ მიმართებით ცვლილების საჭიროება დიდი ხანია იკვეთება. ხსენებული ზაფხულის პროცესები უფრო გამჭვირვალე რომ ყოფილიყო საზოგადოებისთვის, ეს განაცხადიც მეტ ნდობას აღძრავდა. ჯერჯერობით კი, ამ ზაფხულს იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენის“ გადამუშავების ბუნდოვან და კითხვების სავსე პროცესთან ასოცირებას იწვევს.
§
2019-2020 სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 41 საჯარო სკოლას მოემსახურება. სასწავლო წლის დასაწყისში, საქართველოს მასშტაბით, სულ 527 სკოლა ისარგებლებს მანდატურის სამსახურით. სასწავლო წლის ბოლომდე, მათ კიდევ 61 საჯარო სკოლა შეემატება;
პროფესიული განათლება
§
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში პროფესიული განათლების მიმართულებით ძირითად ორიენტირებად დასახელებულია:
შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსის სწრაფი და ეფექტური მომზადება; პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგადი განათლების მიღება, როგორც უწყვეტი განათლების რეალიზების წინაპირობა; ,,მოკლე ციკლის“ პროგრამების განხორციელება, რაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. ,,სამეწარმეო განათლების“ პრიორიტეტულობა; ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელმისაწვდომობა; არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვა; პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ინსტრუმენტების განახლება, პედაგოგთა პროფესიული ზრდაზე ზრუნვა;
თუმცა პროგრამაში არაფერია ნათქვამი, ისეთ საწყის საჭიროებაზე, როგორიც პროფესიული განათლების მიმზიდველობის ზრდა და მისი პოპულარიზაციაა.
უმაღლესი განათლება
§
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 28 740 აბიტურიენტი, შესაბამისი პროცედურის – უმაღლეს სასწავლებელში რეგისტრაციის – გავლის შემდეგ სტუდენტი გახდება. აბიტურიენტთა ეს რიცხვი გამოცდაზე დარეგისტრირებულთა 71%-ს შეადგენს.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სახელმწიფო გრანტი სულ 6 546 სტუდენტმა მოიპოვა, მათ შორის, 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო 1 011-მა, 70-პროცენტიანი – 1 452-მა, ხოლო 50-პროცენტიანი – 4 083-მა.
სახელმწიფოს დაფინანსებულ პროგრამებზე ჩაირიცხა 4 777 სტუდენტი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე _1 335.
წელს ყველაზე მაღალი კონკურენცია ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და დიპლომატიური მედიკოსის მიმართულებებზე იყო.
§
საქართველოს მთავრობამ 2019-2020 სასწავლო წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარი გამოყო. გრანტი გათვალისწინებულია მათთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლობს;
ვინ იქნება გრანტის მიმღები და რა გარემოებების შესაბამისად? – ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის 20 აგვისტოს მიღებულ საქართველოს მთავრობის დადგენილება N401-ში.
სხვა ამბები
§
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გასულ კვირას თავად დაუდგა შეფასების ეტაპი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარმატებულად, ხარისხობრივად გაუმჯობესებულად შეაფასა ცენტრის თანამშრომლების მიერ გაწეული მუშაობა, მადლობა გადაუხადა მათ და ნოემბრის გამოცდებიც შეახსენა.
ცენტრის საქმიანობის მიმართ განსხვავებული იყო საზოგადოებრივი აზრი. სოციალურ ქსელებში, მედიაში უარყოფითი შეფასებები და აღშფოთებაც კი გამოიწვია ცენტრის გადაწყვეტილებამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ვარიანტისთვის ბარიერის 18-დან 9 ქულამდე დაწევის შესახებ და ცენტრის წარმომადგენლის მხრიდან ამ გადაწყვეტილების ,,დასაბუთებამ“. ტესტის სირთულეზე სხვა ვარიანტებთან შეფარდებით, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ცენტრს ეკისრება, მაგრამ თუ აბიტურიენტი სწორად ვერ იგებს პირობას, აქ უკვე მისი პასუხისმგებლობა იკვეთება. ასეა თუ ისე, ამ სიტუაციაში ხარისხიან, ობიექტურ საგამოცდო პროცესზე საუბარი სარწმუნოდ არ აღიქმება.
§
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომისთანავე ავტომატურად მთავრობაც გადაყენებულად ითვლება. ამის გამო, საქართველოს პარლამენტში დაიწყო ახალი მთავრობის ნდობის მოპოვების პროცესი, რომელიც 8 სექტემბერს საბოლოო კენჭისყრით უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს წარუდგინა ახალი მინისტრთა კაბინეტი და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე კვლავ მიხეილ ბატიაშვილია წარდგენილი. თავის მხრივ, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი კომისიების წინაშე წარადგინა თავისი ანგარიშიც და პროგრამაც და ინდივიდუალური კენჭისყრით, კომიტეტების ნდობაც მოიპოვა.
§
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ თუ ,,სამთავრობო დონეზე მოხდება პოზიციის შეჯერება, მე მხოლოდ ხელს შევუწყობ კულტურის სფეროს გამოყოფას გაერთიანებული უწყებიდან“. მისი თქმით, შარშანვე, როცა სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას იღებდნენ, ის წინააღმდეგი იყო ასეთი ინტეგრაციის, რადგან ხედავდა მოსალოდნელ ბარიერებს.
როგორც ჩანს, ,,გაერთიანებული სამინისტრო“ გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ეპოქას გაჰყვება.
[6-09.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)