იხილეთ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები საგნების მიხედვით:
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები
ქართულ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადები და დოკუმენტების ნუსხა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხულთა საყურადღებოდ! – ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს ა/წ 4-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი).
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი.
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
- ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
- არასრულწლოვანის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება “სს თიბისი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში.
მიხეილ ბატიაშვილის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა
ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს მან მიხეილ გიორგაძის (კულტურის ყოფილი მინისტრის) ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ის კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ რომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ და კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში დატოვა.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება. პროცესის დაწყებამდე, საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში.
ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს და მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე.
იხილეთ ბაღში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- დაბადების მოწმობის ასლი
- 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
- ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლი
თსუ-ისა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გამოცდილების მისაღებად გერმანიასა და საფრანგეთს ეწვივნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ 39 სტუდენტი ქ. შპაიერში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციების გარდა, სტუდენტებისთვის გაიმართა ოფიციალური შეხვედრები და ექსკურსიები. სტუდენტები ეწვივნენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტიტუციებს, როგორიცაა: ევროპარლამენტი და ევროსაბჭო სტრასბურგში, ევროპის ცენტრალური ბანკი ფრანქფურტში, მაინცის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაინალდ-პფალცის პარლამენტი, აუდიტის სამსახური შპაიერში და ადმინისტრაციულ საქმეთა უზენაესი სასამართლო მანჰაიმში.
ინტერდისციპლინური, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება 2009 წლიდან.
საზაფხულო სკოლა თსუ-ის, ფოლკსვაგენის ფონდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 5-18 აგვისტოს პერიოდში გაიმართა შპაიერში. საზაფხულო სკოლაში 2017 და 2018 წელს პროგრამაზე ჩარიცხული თსუ-ის 39 სტუდენტი და ოდესის (უკრაინა) უნივერსიტეტის 5 სტუდენტი მონაწილეობდა.
თსუ-ისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ წელსაც ელოდება ახალ სტუდენტებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა
მიმდინარე წლის 20-23 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ბაზაზე, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის (NDU) საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეთა კოლეჯის (CISA) ორგანიზებით, გაიმართა უწყებათაშორისი სწავლება თემაზე: „საქართველო და არარეგულარული ომის წარმოების გამოწვევები: სტრატეგიული ფორმატი ანალიზისა და ქმედებისათვის“.
აღნიშნული კურსი აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ აშშ-დან მოწვეული ასოცირებული პროფესორები და ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის G-2 სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი თორნიკე ასათიანი.
კურსს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ყველა საფეხურის სტუდენტთა რეგისტრაცია იწყება
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისთვის იწყება ყველა საფეხურის სტუდენტთა რეგისტრაცია.
რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულების სახით:
სკოლებში მუშაობის დაწყების მსურველებთან გასაუბრების პროცესს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელიც დაესწრება –დეტალები
პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან გასვლის გამო წარმოქმნილი ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსები ქალაქის სკოლებში 1-2 სექტემბერს, ხოლო სოფლის სკოლებსა და დაბებში 4-5 სექტემბერს გაიმართება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თითქმის ყველა ქალაქში, ასევე ზოგიერთ სოფელში გასაუბრების პროცესზე დასასწრებად თავის წარმომადგენელს გაგზავნის.
რატომ გაჩნდა ამის საჭიროება, როდემდე აქვთ მასწავლებლობის მსურველებს განაცხადების გაგზავნის ვადა, რა სახით უნდა აიტვირთოს დოკუმენტაცია ვაკანსიების საიტზე, – ამ და სხვა დეტალების შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის მენეჯერი ნინო ბერიკაშვილი ესაუბრება.
– მასწავლებლების ვაკანსიებზე რეგისტრაციის ვადები როდემდეა?
– მიმდინარე ვაკანსიები ქალაქის სკოლებისთვის არის 22 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო რაიონის და დაბებისთვის, ეს ვადები განსაზღვრულია 22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. თუ ამ პერიოდში გააკეთებს აპლიკანტი განაცხადს, მისი შანსი უფრო მეტია, რომ ახლა დასაქმდეს. თუმცა რეგისტრაცია ვაკანსიების საიტზე ყოველთვის გახსნილია. ამის შემდეგაც დაიდება ვაკანსიები. სკოლას თუ გაუჩნდება საჭიროება, დადებს ვაკანსიებს. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა დროს შეამოწმოს აპლიკანტმა ვაკანსიები, სხვადასხვა დროს შეავსოს თავისი პროფილი და გამოეხმაუროს.
– ანუ შეზღუდული არ არის რეგისტრაციის დრო . . .
– თავისი პროფილის შევსება აპლიკანტს ნებისმიერ დროს შეუძლია. არ არის დროში შეზღუდული, უბრალოდ, ჯილდოთი გამოწვეული ვაკანსიის ვადები, როგორც მოგეხსენებათ, დადგენილია ქალაქის სკოლებისთვის 22 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო რაიონის და დაბდებისთვის 22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. თუ ახლა უნდა სკოლაში მუშაობის დაწყება მსურველს, აუცილებლად 31-მდე ქალაქის სკოლებში, ხოლო 3- სექტემბრამდე სოფლის სკოლებში უნდა გააგზავნოს განაცხადი ელექტრონულად. მიმდინარე ვაკანსიები შეიძლება კიდევ გაჩნდეს სკოლებში და ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს, გამოეხმაუროს ამ ვაკანსიებს.
– კიდევ რომ დავაზუსტოთ, საიტზე რეგისტრაცია და ასევე პროფილის შევსებაც, დროის მხრივ, არ არის შეზღუდული?
– არც საიტზე რეგისტრაცია და არც პროფილის შევსება-განახლება, არ არის შეზღუდული.
– რა სახით უნდა აიტვირთოს ვაკანსიების საიტზე მოთხოვნილი დოკუმენტები?
– დოკუმენტები შუძლიათ ატვირთონ როგორც PDF ასევე JPG ფორმატით. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საიტის მომხმარებლების საჭიროებები და ვეცადეთ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო მათთვის. ყველამ შეიძლება ვერ დაასკანეროს დოკუმენტები და ფოტო შეიძლება გადაუღოს და ის ატვირთოს.
– საიტზე დარეგისტრირებულები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ატვირთული დოკუმენტები ქრებოდა პროფილიდან. რითი იყო ეს გამოწვეული?
– პირადობის დოკუმენტი ადამიანს აქვს ერთი, ამიტომ როდესაც ტვირთავს, ის ჯდება პირდაპირ ველში. რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს, მათთვის რამდენიმე ველია გათვალისწინებული. რომ ჩამოდიოდნენ ქვემოთ, გვერდით ჰქონდა წაშლის ღილაკი, წითელი ურნა, ამიტომ ეს აბნევდათ მათ და ეგონათ, რომ არის იყო ატვირთული დოკუმენტი, სინამდვილეში კი იყო ატვირთული. ჩვენ ვინც მოგვმართა, ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი.
– იყო შემთხვევები, როცა საიტი უკვე ატვირთულ დოკუმენტებს შლიდა . . .
– ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრია მსურველი. ძალიან ბევრმა ადამიანმა ატვირთა დოკუმენტაცია. მეხსიერებას გადავაჭარბეთ და სანამ გავაძლიერებდით მეხსიერებას, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. ასეთი პერიოდი გაგრძელდა 1-2 დღე.
– კერძო სკოლებში იქნება მაძიებლობის პროგრამა?
– კი. თუ კერძო სკოლები აიყვანს მაძიებელ მასწავლებელს და გაუფორმებს ხელშეკრულებას, მათთვისაც განხორციელდება ეს პროგრამა. ჩვენ ასევე კანონში გვიწერია, რომ მასწავლებელი, რომელიც არის უსტატუსო და სკოლაში მუშაობდა 2018-2019 სასწავლო წელს და მისი ხელშეკრულება არის მოქმედი, ასეთი მასწავლებელი ავტომატურად ხდება მაძიებელი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ სკოლებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა ჩართონ ისინი პროგრამაში.
– რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დიპლომში სპეციალობად უწერიათ მასწავლებელი, მაგრამ გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, მათ შეუძლიათ მაძიებლის პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
– არა. მასწავლებელი ვისაც უწერია დიპლომში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მაძიებლობის პროგრამა არ სჭირდება. მას უკვე ნასწავლი აქვს ის პროგრამა, რასაც მაძიებლობა სთავაზობს.
ვისაც მასწავლებელი უწერია დიპლომში, მან უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და პირდაპირ შედის სკოლაში, როგორც უფროსი მასწავლებელი. გამოცდის ჩაბარებამდე ვერ შეეძლებათ სკოლაში შესვლა. ამ ეტაპისთვის ასეა, თუმცა შეიძლება იანვრისთვის რამე შეიცვალოს ამასთან დაკავშირებით.
– რაც შეეხება თქვენი ცენტრის წარმომადგენლების დასწრებას სკოლაში გამოცხადებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამართულ კონკურსზე, რატომ გაუშვით ისინი გასაუბრების პროცესზე და ყველგან გეყოლებათ თუ არა წარმომადგენლები?
– მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქალაქების ყველა სკოლაში გასაუბრებებზე იყონ ჩვენი წარმომადგენლები. ამის საჭიროება იქიდან გამომდინარე დადგა რომ, გვინდა ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეს გასაუბრებები ჩატარდება ობიექტურად და სანდოობა იყოს უფრო მაღალი.
– ქალაქის სკოლებში მარტო თბილისს გულისხმობთ თუ რეგიონებსაც?
– ყველა ქალაქის სკოლას მოვიცავთ. 4 და 5 სექტემბერს სოფლის სკოლებში ვიქნებით.
– გასაუბრების დროს ვის მიენიჭება უპირატესობა, უფროს მასწავლებელს თუ მაძიებელს?
– სკოლა ვალდებულია, გასაუბრებაზე დაიბაროს როგორც მაძიებელი, ასევე სხვა სტატუსის მქონე პედაგოგი, რომლებსაც დოკუმენტაცია აქვთ სწორად ატვირთული. გასაუბრების ეტაპს ვინც გაივლის წარმატებით, ის დაიკავებს ვაკანტურ ადგილს. სკოლის გადასაწყვეტია, რომელი უფრო მისაღები კანდიდატურაა მისთვის. არ უნდა ჩავაყანოთ მაძიებელი განსხვავებულ პოზიციაში, თუ მაძიებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, უნდა დაიბარონ გასაუბრებაზე აუცილებლად.
– საიტზე პროფესიების ჩამონათვალში არ იყო მითითებული სპეციალური მასწავლებლი, თუმცა სკოლებს სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიები უდევს. ამან დაბნეულობა გამოიწვია. რატომ მოხდა ასე და როგორ შეუძლიათ სპეციალური მასწავლებლობის მსურველებს ვაკანსიებზე განაცხადების გაგზავნა?
– საიტი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის და მაძიებლებისთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ მასწავლებლები და მაძიებლები ავსებენ პროფილს. სპეც. მასწავლებლებს, ასევე ფსიქოლოგებს, ან ადმინისტრაციის წევრებს შეუძლიათ ძველი წესით, როგორც ადრე აგზავნიდნენ საბუთებს, იგივენაირად გააგზავნონ განაცხადი. მეილზეც შეუძლიათ გაგზავნა.
Pedagogi.ge დაყოფილია 4 ბლოკად. პირველი არის პერსონალური ინფორმაცია, მეორე – სამუშაო გამოცდილება, მესამე – სასურველი სკოლა და თანამდებობა, მეოთხე არის ჩაბარებული გამოცდები და მოტივაცია. თუ გამოტოვებენ მესამე ბლოკს და იქ არაფერს ჩაწერენ, შეუძლიათ პირდაპირ მოძებნონ სპეციალური მასწავლებლის ვაკანსია და პირდაპირ გაგზავნონ განაცხადი. ეს გზაც არსებობს.
ასევე შეუძლიათ, ნახონ, რომ ვაკანსია არსებობს და სკოლის მეილზე გაგზავნონ განაცხადი. შემდეგ შესაძლებელია განახლდეს საიტი და დაემატოს სპეციალური მასწავლებლის პროფესია, მაგრამ ამ ეტაპზე ისე უნდა მოიქცნენ, როგორც გითხარით. სხვა საგნის/საგნების მასწავლებლის მითითება არ არის მიზანშეწონილი.
ასევე იხილეთ:
სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა
მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მშობლის პოზიტიურ ურთიერთობას –თანამშრომლობის 12 გზა
მოსწავლის განვითარებაში მასწავლებელი და მშობელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის მოზარდის მიღწევებს და მიისწრაფვის სკოლის გაუმჯობესებისკენ. ამას მისსოურის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, პედაგოგსა და მშობელს შორის დადებითი, ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს მოსწავლეების წარმატებას და როგორც აღმოჩნდა, ამგვარი ურთიერთობის დამყარება მასწავლებლის მიღწევაა, მასზეა დამოკიდებული როგორ ითანამშრომლებს მოსწავლის მშობელთან.
მისსოურის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 100-ზე მეტი პედაგოგი მშობლებთან სწორი კომუნიკაციის წარმოების მისაღწევად სპეციალურ პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართეს. ასევე, ტრენინგებს მათ კლასის მენეჯმენტის საკითხებიც გაიარეს.
პედაგოგებმა შეისწავლეს,როგორ უნდა ითანამშრომლონ მშობლებთან იმ შემთხვევაშიც კი , თუ მათ ხშირად ვერ ნახულობენ. მკვლევრები კი მასწავლებლების შესაძლებლობებს ერთი სასწავლო წლის მანძილზე ცდიდნენ, აკვირდებოდნენ მოსწავლეების პროგრესს და მშობლების ჩართულობას შვილების სწავლაში.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როცა მაღალი იყო მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის ხარისხი, მოსწავლეები იყვნენ ბევრად უფრო სოციალურები და ჰქონდათ მაღალი აკადემიური მოსწრება. ამასთან, მასწავლებელსა და მშობელს შორის კარგი ურთიერთობის შექმნა დიდწილად პედაგოგზეა დამოკიდებული. მას ევალება ამ კავშირის მართვა.
მასწავლებელსა და მშობელს შორის მჭიდრო ურთიერთობის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს:
1. ისწავლეთ მათი სახელები – საკუთარი სახელი ყველასთვის მნიშვნელოვანია და კარგი ურთიერთობის დამყარების პირველ ეტაპზე აუცილებელია, იცოდეთ თქვენი მოსწავლის მშობლის სახელი.
2. იყავით დაკვირვებული – სანამ გამოიყენებთ ფრაზას „თქვენი შვილი“ დარწმუნდით, რომ ის მართლაც შვილია. სანამ კარგად გაიცნობთ, ფრთხილად დაუსვით ღია კითხვები. გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ტიპის ოჯახი და მშობელი არსებობს – განქორწინებული, აყვანილი ბავშვით, დაუქორწინებელი, ქმრის შვილის აღმზრდელი…
3. გააკეთეთ განცხადება – უთხარით, რომ თქვენ მათთან თანამშრომლობა გსურთ და ყოველთვის მზად ხართ მითითებების მისაღებად.
4. ხშირი კომუნიკაცია – სასურველია, კვირაში ერთხელ გააცნოთ კლასის სიტუაცია. მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება მათი შვილის კლასში, ასე რომ , ნუ დაადებთ ტაბუს ამ საკითხს. თამამად ისაუბრეთ პრობლემებზე და შეეცადეთ, მათთან ერთად იპოვოთ გადაჭრის გზები.
5. აცნობეთ კარგი ახალი ამბავი – თუ ბავშვმა მაღალი ქულა დაიმსახურა, წინა ნიშანი გამოასწორა ან რომელიმე პედაგოგმა თქვენთან შეაქო, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს მის მშობელს.
6. დაუსვით კითხვები – რას აკეთებს სკოლის შემდეგ? რა აინტერესებს ყველაზე მეტად? როგორ ფიქრობთ, რა არის მისი საუკეთესო თვისება? – მსგავსი კითხვებით მშობელზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენთ
7. მოუსმინეთ მშობლებს – მართლა მოუსმინეთ. მათ ძალიან ბევრი იციან საკუთარი შვილების შესახებ და ეს თქვენ გჭირდებათ.
8. გაუღიმეთ ბავშვს – თუ მშობელს ბავშვის თანდასწრებით ესაუბრებით, გაუღიმეთ მოსწავლეს და დაამყარეთ თვალებით კონტაქტი მასთან
9. სთხოვეთ დახმარება – ზოგჯერ მშობლებს უნდათ იყვნენ აქტიური მშობლები, მაგრამ არ იციან, რა გააკეთონ. თუკი ასეთ ინტერესს შეამჩნევთ, შესთავაზეთ კლასის საქმეებში დახმარება. ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რაშიც ისინი თქვენს დახმარებას შეძლებენ. ეს შეიძლება იყოს, ღია გაკვეთილის მოწყობა ან რაიმე ტიპის არასტანდარტული გაკვეთილისთვის მზადება.
10. იყავით მომთხოვნი – სთხოვეთ მშობლებს, დაეხმაროს საშინაო დავალების შესრულებაში ან ჩაიბაროს გაკვეთილები ან წაიკითხოს წიგნები მასთან ერთად.
11. აუხსენით თქვენი გადაწყვეტილებების მნიშვნელობა – თუკი მშობელი განათლების სისტემას არ იცნობს,დაეხმარეთ გაერკვეს მასში. აუხსენით თქვენი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მიზანი და მიზეზი.
12. გამოხატეთ მადლიერება – გადაუხადეთ საჯარო მადლობა, თუკი რაიმეში დაგეხმარათ ( კლასის საქმეებში,მის შვილთან ურთიერთობის გამოსწორებაში, ბავშვის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში…)
წყარო: isminc, edutopia
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
„სკოლამ მომიძულა და ცხვირწინ მომიხურა კარი სამუდამოდ“ – 100%-იანი გრანტის ფლობელი აბიტურიენტი
აბიტურიენტის ბლოგი
ავტორი: სალომე ნორაკიძე
ბედნიერი ვარ.
მეცხრე კლასის ბოლოს სკოლამ გადაწყვიტა, რომ ლეპტოპის ღირსი არ ვიყავი და, რაღა თქმა უნდა, მით უფრო არ ვიმსახურებდი მედალს დასასრულს.
გულწრფელად რომ ვთქვა, არც მუდამ მზადმყოფი მოსწავლე ვყოფილვარ და არც თანაბრად გამომივლენია თავი ყველა საგანში, ამიტომ ულეპტოპმედლოდ დარჩენით განცდილ გულისწყვეტას წარუშლელი კვალი არ დაუტოვებია ჩემზე, ჩემს ცხოვრებაზე ხომ, მით უმეტეს.
ამის მიუხედავად, საგრძნობლად დამხია უკან რიგმა დამოკიდებულებებმა, რომლებსაც ვგრძნობდი სკოლის ასაკში გარშემომყოფთაგან.
ის აზრი, რომ მათემატიკური ტვინი არ მაქვს და ტექნიკური საგნების ათვისება არ ძალმიძს იმ დონეზეც კი, რა დონესაც სკოლა ,,მაძლევს” და მთხოვს, არ მახსოვს, როდის გაჩნდა ჩემ მიმართ.
დროს მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მნიშვნელოვანი ადამიანები ყოველთვის შემახსენებდნენ ხოლმე, რომ: ,,არაუშავს, ნორაკიძე, ეს ისეთი საგანია, ყველა ვერ გაიგებს, ყველას ვერ ეცოდინება” (მე, რა თქმა უნდა, იმ ყველათა სიაში ვირიცხებოდი, ვინც ვერ გაიგებს და ვისაც ვერ ეცოდინება), ,,მათემატიკა არა, მაგრამ შენ თემებს მაინც ხომ წერ კარგად”, (ანუ, უფრო ზუსტად, თემების წერის გარდა, გასაქანი არ მქონდა) ,,თუ მოინდომებ, იმდენს ისწავლი, რომ გამოცდებში ზღვარი გადალახო” (ხომ გვჯერა, რომ მონდომებით ადამიანი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოამჟღავნებს, მაშასადამე, ჩემი შესაძლებლობების მწვერვალი ბარიერის დაძლევა იყო) და კიდევ ათასი ასეთი კომპლიმენტის ნიღაბსამოფარებული გულის დამამცირებელი ამოძახილი, რომლებსაც იმდენად ხშირად ვისმენდი, ბოლოს მეც გამიჯდა, ბოლოს მეც დამეჯერა.
გამომდინარე აქედან, ტექნიკურ საგნებზე ხელი ავიღე – წყლის ნაყვას ჰგავდა, დროის უაზრო ფლანგვას, ასე იყო თუ ისე, გონება არ მომყვებოდა სათანადოდ, რომ შემხვედრი სირთულეები დამეძლია.
ასე მჯეროდა.
მართლა.
ლოგიკურ გადაწყვეტილებად მივიჩნიე, დრო არ დამეთმო იმისთვის, რაც, ყველას გვწამდა, არ შემეძლო და თავი გადამედო თემების წერისა და ამგვარი ამბებისთვის, რასაც, მადლობა ღმერთს და, როგორღაც სწვდებოდა ჩემი გონება.
საკითხი რომ შევაჯამო, მოსწავლეთა კლასიფიცირება (ასე, მაგალითად:
1. ტექნიკურად მოაზროვნეები
2. ჰუმანიტარები
3 .ბავშვები, რომლებიც საერთოდაც ვერ აზროვნებენ
4. მედლის კანდიდატები, რომელთაც აზროვნება აღარ მოეთხოვებათ) ტიპური სკოლისა და ტიპური მასწავლებლის საყვარელი საქმიანობაა.
მით უმეტეს, თუ გოგო ხარ, საკუთარ აზრსაც თამამად გამოთქვამ ნებისმიერ დროსა და სივრცეში, მოკლე კაბებსაც ატარებ და ბიჭებთანაც მეგობრობ, შენზე მნიშვნელოვან დროს აღარავინ დაკარგავს, ისედაც აშკარაა, რისკენაც უმიზნებ.
ჩემს შემთხვევაში, საქმე გაცილებით გართულდა, როცა ჰუმანიტარების ქვაბში ჩავვარდი და ამის პარალელურად, ენაც ამოვიდგი (თუ რამე არ იცი, შენს ადგილას უნდა დაეტიო და აღარასდროს მისცე თავს უფლება, ხმა აიმაღლო, არ გააჩნია საკითხს). ანუ, გულღიად ვილაპარაკე სკოლის ნაკლზე, მასწავლებლის ნაკლზე, გაკვეთილის ხარვეზებზე, უსამართლობაზე, უპატივცემულობაზე, სამარცხვინო დამოკიდებულებებზე, სამასწავლებლოში გამართულ ჭორაობებზე და იმ ამბებზე, რომელთა მსხვერპლიცაა ათასობით ჩვენგანი სკოლაში ყოველდღიურად.
და ამ ლაპარაკით დაინგრა ჩემი სასკოლო ცხოვრება, ვინაიდან, სკოლამ მომიძულა და ცხვირწინ მომიხურა კარი სამუდამოდ, სამუდამოდ; ამასთან, სკოლამ მედალ-ათოსან ბავშვებს ურჩია, ჩემგან შორს დაეჭირათ თავი, ცუდი გავლენა მქონდა მათზე, აშკარა იყო.
როცა ასე ხდება, დერეფნებში ყველა გცნობს, მაგრამ შენზე კარგს არავინ ამბობს. ყველამ იცის, ვინ ხარ, თუმცა უკვირს და ვერ გაუგია, რა ოჯახმა გაგზარდა ასეთი, ასეთი თავხედი.
სკოლას არ უყვარს ცალკე მდგომი ,,მეამბოხეები”, წესრიგია საჭირო, წესრიგისთვის კი – ერთი აზრი. ამის მიუხედავად, ნათქვამ სიტყვებს უკან არ წავიღებდი, მით უმეტეს, მართალს და ,,ბოლომდე მივაწექი”, ანუ, დავამთავრე სკოლა ისე, რომ ყველას აბსოლუტური სიზუსტით დავანახე, რას ვფიქრობდი მათზე.
გამომდინარე აქედან, დავრჩი გარეშე ყოველგვარი სიკეთისა, რისი მიღებაც შემეძლო სკოლისაგან. ეს სიკეთეები დაიმსახურეს იდეალურმა მოსწავლეებმა, იდეალურმა შვილებმა, რომლებიც, თუ გაკვეთილი არ იცოდნენ, ჩუმად მაინც ისხდნენ, პრეტენზია ჰქონდათ, არ გამოთქვამდნენ ხმამაღლა, თუმცა.
მაგრამ, ამავდროულად, მე დავრჩი მართალი და ეს საკუთარ თავთან მართლად დარჩენა ყველაზე დიდი სიკეთე აღმოჩნდა, ვფიქრობ, სიკეთეთაგან.
აბიტურიენტობისას საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ჩემი გონება სულაც არ იყო რომელიმე კონკრეტული საგნისკენ მიმართული და არც ერთ გამოცდაზე მქონია მხოლოდ ზღვრის გადალახვა მიზნად. ამოცანებსაც მშვენივრად ვხსნიდი, თემების წერაზე რომ არაფერი ვთქვა.
მე ღრმად მწამს, რომ გამოცდა გამოცდაა, უდიდესი სტრესია და პასუხისმგებლობა და ისეც ხდება, მოსწავლე ბოლომდე ვერ ავლენს, რა შეუძლია, მაგრამ, საბოლოოდ, რაც მთავარია, მე, მეყო გონებრივიცა და ემოციური სიმწიფეც, რომ ბოლომდე თუ ვერა, საჭიროზე უკეთ გამომემჟღავნებინა, რა შემიძლია.
და კიდევ, რაც მთავარია, მიხარია, რომ სკოლამ გადაწყვიტა, მეცხრე კლასის ბოლოს ლეპტოპის ღირსი არ ვიყავი და, რომ, რაღა თქმა უნდა, მით უფრო არ ვიმსახურებდი მედალს დასასრულს და მიხარია, რომ თავის დროზე საგრძნობლად დამხია უკან რიგმა დამოკიდებულებებმა, რომლებსაც ვგრძნობდი სკოლის ასაკში გარშემომყოფთაგან, რადგან სწორედ ამის გამო ვაჩვენე საკუთარ თავს, როგორი ფუჭი და ცრუა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, რომ ვიღაცა ცუდია, რომ ვიღაცა კარგია, ვაჩვენე, როგორი ფუჭი და ცრუა სკოლისაგან მიღებული სიკეთეები, რომლებიც არც ისე დიდი სიკეთეებია სიკეთეთაგან.
და ბოლოს, ბედნიერი ვარ, რადგან აბიტურიენტობისას სულ არ მიშრომია იმდენად, რომ ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყოს, ამიტომ, აი, ჯერ სად ხართ…
როდის იწყება უმაღლეს სასწავლებლებში 2019-2020 სასწავლო წელი
ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული აბიტურიენტები და მოქმედი სტუდენტები ყოველდღიურად მოგვმართავენ კითხვით თუ რომელ უნივერსიტეტში როდის იწყება სწავლა და რეგისტრაცია.
საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის დაწყების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ ინფორმაციას უნივერსიტეტებში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ.
თბილისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 7 ოქტომბერს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სწავლა იწყება 16 სექტემბერს, ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება – 2-9 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია – 9-16 სექტემბერი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) – სწავლა იწყება 9 სექტემბერს, პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 2019-2020 სასწავლო წელი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის 23 სექტემბერიდან იწყება. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – სწავლა იწყება 23 სექტემბერს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 26 აგვისტო – 5 სექტემბერი, მეორე ეტაპი 7 სექტემბერი – 17 სექტემბერი.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – რეგისტრაციის თარიღებია – 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით. სალექციო და ინდივიდუალური მეცადინეობები 16 სექტემბერს იწყება.
ეროვნული თავდაცვის აკადემია – ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესი დაიწყება 9 სექტემბერს. რაც შეეხებათ პირველკურსელებს, ისინი 10 კვირის განმავლობაში გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას და ამის შემდეგ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში
ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) – ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს ა/წ 4-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი). სასწავლო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს.
აგრარული უნივერსიტეტი – სასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს.
თავისუფალი უნივერსიტეტი – სასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იბსუ) – რეგისტრაციის ვადები: 9-13 სექტემბერი, ლექციები ჩატარდება 16 სექტემბრიდან.
კავკასიის უნივერსიტეტი – პირველკურსელებისთვის სწავლა იწყება 9 სექტემბერს.
საქართველოს უნივერსიტეტი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – რეგისტრაციის ვადები ჯერ არ გამოცხადებულა, 23 სექტემბერს იწყება სწავლა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადებია: 26 აგვისტო – 13 სექტემბერი, სწავლა იწყება 23 სექტემბერს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) – სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღია 23 სექტემბერი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბერს, სწავლა – 16 სექტემბერს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებგვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მ/წ 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 23 სექტემბერს.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) – სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს. რეგისტრაცია დაიწყება „ნაეკის“ ჩარიცხვების გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე, სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) – ბაკალავრიატზე სწავლა იწყება 23 სექტემბერს, საბუთების მიღება დაწყებულია და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი – სასწავლო პროცესი დაიწყება 30 სექტემბერს, პირველკურსელებმა რეგისტრაცია აღნიშნულ თარიღამდე უნდა გაიარონ.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სწავლა იწყება 1-ლ ოქტომბერს, რეგისტრაცია დაიწყება ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სიების გამოქვეყნების შემდეგ.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს, რეგისტრაცია სავარაუდოდ 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყება 16 სექტემბერს.
რეგიონები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სასწავლო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს, რეგისტარცია ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – 2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 2 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე. აკადემიური რეგისტრაცია 2019 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სასწავლო პროცესი იწყება 16 სექტემბერს. აბიტურიენტთა რეგისტრაციის (ხელშეკრულებების გაფორმება) ვადაა – 2019 წლის 02 სექტემბერი – 2019 წლის 12 სექტემბერი.
ქუთაისის უნივერსიტეტი – რეგისტრაციას 2 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბერს ჩათვლით იქნება. სასწავლო პროცესი კი 16 სექტემბრიდან დაიწყება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი – პირველკურსელთა რეგისტრაცია 2-12 სექტემბერი, სწავლის დაწყება 16 სექტემბერი
იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სასწავლო პროცესი დაიწყება 30 სექტემბერს, რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.
შენიშვნა! – დამატებითი ინფორმაციისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში წარსადგენი საჭირო დოკუმენტაციისა თუ რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, დაუკავშირდით თავად უნივერსიტეტებს (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე).
მასალა მომზადებულია უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციასა და მათს ვებგვერდებზე განთავსებული აკადემიური კალენდრების მიხედვით.
პირველკურსელის ლექსიკონი – რა უნდა ვიცოდეთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას?
რომელი სტუდენტები მიიღებენ გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – საბუთების წარდგენის ვადა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტი და დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში ისწავლიან.
2019-2020 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ, 2016 წლის 27 ივლისის №81/ნ, 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ და 2018 წლის 24 ოქტომბრის №45/ნ ბრძანებების საფუძველზე სწავლობენ იმ პროგრამულ მიმართულებაზე/ მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში, მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ (შემდგომში − დებულება) გათვალისწინებულ 3 სავალდებულო და ერთ-ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.
3. 2012-2018 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ წლისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.
დადგენილებით ასევე განისაზღვრა სტუდენტთა კატეგორიები, რომლებიც შეძლებენ გრანტით სარგებლობას:
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:
ა.ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) − 41 სტუდენტს;
ა.ბ) გურიის რეგიონში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) − 2 სტუდენტს;
ა.გ) იმერეთის რეგიონში (ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები) − 12 სტუდენტს;
ა.დ) კახეთის რეგიონში (ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) − 19 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 15 სტუდენტს);
ა.ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) − 14 სტუდენტს;
ა.ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) − 15 სტუდენტს;
ა.ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) − 8 სტუდენტს;
ა.თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) − 79 სტუდენტს;
ა.ი) ქვემო ქართლის რეგიონში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) − 27 სტუდენტს;
ა.კ) შიდა ქართლის რეგიონში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) − 9 სტუდენტს;
ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;
ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;
გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:
ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ვ) 5 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;
ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);
თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
ი) 25 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
კ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;
ნ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2017 და 2018 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან:
ა) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ბ) 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
ის სტუდენტები, რომლებიც განეკუთვნებიან რამდენიმე კატეგორიას დაფინანსებას მოიპოვებენ ერთ-ერთ კატეგორიაში, დადგენილებით გათვალისწინებული თანმიმდევრობის მიხედვით.
დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმნეტებთან ერთად (წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და განაცხადის ფორმა მოგვიანებით დამტკიცდება), წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2019 წლის 30 სექტემბრის ჩთვლით ჩათვლით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მოამზდა ანუკი წიწილაშვილმა
2019 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით:
ჩარიცხულთა სია – აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამები
ჩარიცხულთა სია – ქართულ ენაში მომზადებისსაგანმანათლებლო პროგრამები
ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით –გამოცდები 2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია.
გთავაზობთ ჩარიცხულთა რანჟირებულ სიას ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით
გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას.
აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურა და ვადები –გამოცდები 2019
2019 წლის იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადები მიიღება 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე:
- ქ. თბილისში – მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9;
- რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
- ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის საფასური გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით)
საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვისგანმავლობაში.
კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისიპირადობის მოწმობის ასლი.
2019 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია –შეფასება შეეცვალა 985 აპლიკანტს
მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა აპელაციის შედეგები ცნობილია. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.
გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2 400 ნაშრომი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა დიდი რაოდენობა – 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.
2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები 285-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა –აპელაციის შედეგები ცნობილია
შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები 285-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა, დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება 140 მათგანს შეეცვალა.
ცნობისთვის, 2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად12 000-მდე კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. ნაეკის მიერ სულ 10 300 ნაშრომი გასწორდა.
განახლებადი ინფრომაცია გამოცდების შესახებ
აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით – გამოცდები 2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია გამოცდის პირველადი შედეგები, აპელაციის შედეგები, საგრანტო და გათანაბრებული ქულები საგნების მიხედვით. ასევე ცნობილია რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და მოიპოვეს თუ არა გრანტი.
ამ დროისთვის, უკვე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმ განაცხადების რაოდენობების შესახებ, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გააკეთეს.
იხილეთ აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით
ცხრილში მოცემულია რომელი უნივერსიტეტის რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რამდენმა აბიტურიენტმა შეაჩერა არჩევანი. ცხრილში ასევე ასახულია პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში რამდენმა აპლიკანტმა მერამდენე ადგილას მიუთითა ესა თუ ის მიმართულება.
არსებული მონაცემების მიუხედავად, აპლიკანტებისთვის რამდენიმე დეტალი კვლავ უცნობი რჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გამოუქვეყნებია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით. შესაბამისად, ამ დრომდე არ ვიცით, რომელ საგანში დაიწია გამსვლელმა ქულამ და რამდენით.
აბიტურიენტებისთვის ასევე გაურკვეველია ის ფაქტი, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე მოხვედრის შემთხვევაში, დაუფინანსდებათ თუ არა სწავლა. როგორც ირკვევა, ამ დრომდე მათ არ აქვთ ინფორმაცია რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიმართულებებზე ფინანსდება არა ადგილების სრული რაოდენობა, არამედ სრული რაოდენობის რაღაც ნაწილი. EDU.ARIS.GE ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიმართულებების გამოქვეყნების დღიდან წერდა.
საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 4777 სტუდენტი. ახლა 2019 წლის აბიტურიენტები გარკვევის პროცესში არიან – მოხვდნენ თუ არა დაფინანსებულთა რიგებში?
ეროვნული თავდაცვის აკადემიამ საზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადს უმასპინძლა
მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ საზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადს უმასპინძლა. მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე, ბატონი რამაზ კვარაცხელია მიესალმა და მათ წარმატება უსურვა.
საზაფხულო ბანაკი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
საზაფხულო ბანაკი ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი
იხილეთ სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით: