Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14421 articles
Browse latest View live

გამოცდის დროს შეგვეძლება, ფურცელზე მოვინიშნოთ გარკვეული დეტალები? –მასწავლებლის გამოცდისთვის დასმული კითხვები და პასუხები

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ელექტრონულ ფორმატში, 5 მაისს, კიდევ ერთი ღია კარის დღე მოეწყო.

ამჯერად, შეხვედრა დაეთმო უცხოური ენების, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს.

EDU.ARIS.GE „ნაეკის“ მიერ გამოქვეყნებულ პედაგოგთა კითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, უცვლელად გთავაზობთ:

-უცხოური ენის ლაპარაკის დავალებაში რას ექცევა ყურადღება?

-ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად სწორად იყენებთ გრამატიკას და ლექსიკას, რამდენად კარგად პასუხობთ მოცემულ დავალებას, როგორი გამოთქმა გაქვთ, ასევე თუ ეტევით მოცემულ დროში. შეფასების პროცესში გამსწორებლები სარგებლობენ სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც სწორედ ამ კრიტერიუმებით აფასებს მასწავლებლის ან მომავალი მასწავლებლის ლაპარაკის უნარს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ რეკომენდაციებს და შეფასების კრიტერიუმებს ტესტის ყველა ნაწილისთვის ჩვენ მიერ მომზადებულ კრებულში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე დევს.

-შეიძლება თუ არა, რომ მოსმენის დავალების შესრულების დროს ფურცელზე მოვინიშნოთ გარკვეული დეტალები?

-დიახ, შეიძლება. ფურცლებს ადგილზე დაგირიგებენ. გაითვალისწინეთ, რომ დავალებებს ისმენთ ორჯერ, ასე რომ, უმჯობესიცაა, რომ პირველი მოსმენისას პასუხები დაწეროთ შავ ფურცელზე და მხოლოდ მეორე მოსმენის დროს გაკეთებული ჩასწორებების შემდეგ გადაიტანოთ პასუხები პასუხების ფურცელზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მოსმენის პროცესში ეკრანზე გამოტანილ დავალებებს მიადევნოთ თვალი, ანუ დავალებები შეასრულოთ მოსმენისას და არა მოსმენის დამთავრების შემდეგ, მეხსიერებაზე დაყრდნობით.

-თუ გვაქვს უცხოური ენის გამოცდაზე წერილი დასაწერი და მიმართვა – მაგ., MMr. Abashidze – პირდაპირ წერილის წერა დავიწყოთ? ხომ არ ჩაგვეთვლება მსგავსი მიმართვა ნაშრომის მონიშვნად?

-ჯობია იყოს ადრესატის სახელიც. ამ სახელის ხსენებაზე ქულა არ დაგაკლდებათ, რადგან ეს გვარი თავად ტესტშია მოცემული ჩვენ მიერ. ყველა სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ სახელს და გვარს ნურც თქვენსას, ნურც სხვისას, ნურც ქართულს და ნურც უცხოურს. ეს შეიძლება მინიშნებად ჩაგეთვალოთ და დავალება ამის გამო არ შეფასდეს.

-ვარ მაძიებელი, მაინტერესებს, სპორტის გამოცდის გარდა, არის ჩასაბარებელი ნორმატივები?

-არა, თქვენ არ აბარებთ ნორმატივებს. აბარებთ მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტს.

-სპორტის საგამოცდო ტესტში, ჭეშმარიტია-მცდარიას დავალებაში, ის, რაც მცდარია, ჭეშმარიტით უნდა ჩავანაცვლოთ? რამდენქულიანია ასეთი დავალება და რას მივაქციოთ შესრულებისას ყურადღება?

– ჭეშმარიტია- მცდარიას დავალებაში, თუ დებულება ჭეშმარიტია, ჭეშმარიტის შესაბამისი უჯრა უნდა მონიშნოთ X ნიშნით. ასეთ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არ მოგეთხოვებათ. თითოეული სწორად მონიშნული ჭეშმარიტი ფორმულირება ფასდება 2 ქულით. თუ ფორმულირება მცდარია, მცდარის შესაბამისი უჯრა უნდა მონიშნოთ X ნიშნით და საგანგებოდ გამოყოფილ არეზე ჩაწეროთ სწორი ფორმულირება.

თუ სწორად მონიშნავთ მცდარის უჯრას, მაგრამ მართებულ ფორმულირებას არ ჩაწერთ, დავალება შეფასდება 1 ქულით; ხოლო თუ სწორად მონიშნავთ მცდარის უჯრას და მართებულ ფორმულირებასაც ჩაწერთ, დავალება შეფასდება 2 ქულით. თუ უჯრა არ არის მონიშნული სწორად, დავალება ფასდება 0 ქულით.

თავი აარიდეთ მოცემული დებულების შებრუნებული ფორმით ჩაწერას. თუ დებულება პოზიტიური ფორმითაა ჩაწერილი (მაგ., ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის), მას უარყოფითი ფორმის წინადადებად ნუ გადააქცევთ (მაგ., ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის არ არის სწორი). ასეთი პასუხი სწორ პასუხად არ მიიჩნევა.

-რა უნდა გავითვალისწინოთ სპორტის შესაბამისობის დავალებაში?

– დავალებაში შესაბამისობის დადგენაზე მოცემულია ჩამონათვალის ორი სვეტი. უნდა დადგინდეს წარმოდგენილ მოცემულობათა შორის არსებული შესაბამისობა. აპლიკანტმა ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს A სვეტში წარმოდგენილი რამდენიმე პირობა (მაგ., ფიზიკური ვარჯიშები, განმარტებები, სათამაშო/სავარჯიში გარემო; მეთოდები, ფიზიკური თვისებები, ინტელექტის სახეები და ა. შ.) მეორე B სვეტში წარმოდგენილ სავარაუდო პასუხებს. ერთ მოცემულობას ჩამონათვალის ერთი სვეტიდან მხოლოდ ერთი მოცემულობა შეესაბამება ჩამონათვალის მეორე სვეტში. კარგად გაიაზრეთ A ველის მოცემულობები და ყურადღებით წაიკითხეთ ან დააკვირდით B სვეტში წარმოდგენილ მოცემულობებს. პირველ რიგში მონიშნეთ ის შესაბამისობა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ხართ. საბოლოოდ სწორი პასუხი უნდა ჩაიწეროს პასუხებისათვის განკუთვნილ ცხრილში.

-რითი განსხვავდება I-IV -სა და I-VI კლასის ტესტები ერთმანეთისგან?

-როგორც ცნობილია, I-IV და I-VI კლასების ტესტების საგნობრივი ცოდნის ბლოკები სტრუქტურულად განსხვავებულია, აკადემიური უნარების ნაწილი კი – მსგავსი. რაც შეეხება I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილსა და I-VI კლასების ქართულის ტესტს შორის სტრუქტურული სხვაობა არ არის. ცხადია, I-VI კლასების მასწავლებლებისთვის დავალებათა რაოდენობა მეტია, ასევე, რადგანაც თავად საგნობრივი სტანდარტებიც განსხვავებულია, I-VI კლასების ტესტის დავალებათა სირთულე I-IV კლასების ტესტის სირთულეს გარკვეულწილად აღემატება.

-რა უნდა გავითვალისწინოთ ანალიტიკური წერის დავალებაში?

-ანალიტიკური წერის დავალებაში, უპირველესად, დაკვირვებით უნდა გაეცნოთ დავალების პირობას, თუ რას შეეხება ესე. გაიაზრეთ, დავალებაში დასმული პრობლემა/საკითხი, რაზე უნდა წეროთ, თქვენ რა იცით ამ თემის შესახებ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. პირობის შემდეგ ბულეტებით გამოყოფილია კონკრეტული დავალებები: რამ წარმოშვა ეს პრობლემა, რამ შეუწყო მას ხელი; ან, ვთქვათ, რა შედეგებს განაპირობებს ამ პრობლემის გამწვავება; როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა, ან რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის და ა. შ. მთავარია, ნაშრომი ზუსტად პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დავალებაშია დასმული. გაითვალისწინეთ: ეს ნაწილი (ბულეტებით წარმოდგენილი) ერთგვარი გეგმაა ესეს საკითხების ჩამოსაყალიბებლად. თუ მას მიჰყვებით, მთავარ საკითხს ვერ ასცდებით.

შემდეგი კრიტერიუმი არგუმენტირებაა. კარგად უნდა გაიაზროთ მოცემული საკითხი და იმსჯელოთ. დავალებაში მივუთითებთ: იმსჯელეთ, დაასაბუთეთ თქვენი ნათქვამი, არგუმენტებით გაამყარეთ, მოიხმეთ მაგალითები. მსჯელობა უნდა იყოს თანმიმდევრული, ლოგიკური, არგუმენტები – ადეკვატური.

მესამე კრიტერიუმი – სტრუქტურაა. თქვენი მსჯელობა თანმიმდევრული უნდა იყოს და სტრუქტურულად გამართული, ტექსტი მოწესრიგებული, სათანადოდ „აწყობილი“, დასკვნა – წინარე მსჯელობიდან გამომდინარე.

ესეს წერისას უნდა დაიცვათ სალიტერატურო ქართული ენის ნორმები, ყურადღება მიაქციეთ სტილსა და ლექსიკას. ყურადღებით გაეცანით ჩვენს კრებულს, კრიტერიუმების მიხედვით ჩვენს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ დავალებების შესრულებისას.

-როგორ მოვემზადოთ I-IV კლასის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისათვის?

-გაეცანით ჩვენს კრებულს. კარგად გაიაზრეთ თითოეული რეკომენდაცია, მითითება, ინსტრუქცია. გაეცანით ჩვენს ტესტებს (წინა წლებში გამოყენებულს, რომლებიც იძებნება ინტერნეტსივრცეში), კარგად დააკვირდით ტესტის ფორმატს, პასუხების ფურცელს. თუმცა ზედმეტი მიჯაჭვულობა ძველ ტესტებზე არ არის რეკომენდებული, რადგან ტესტური დავალებების შესრულება (თუნდაც ბევრის) არ არის სწავლის საშუალება. ტესტი ცოდნისა და უნარების შესამოწმებელი ინსტრუმენტია. მთავარია, კარგად იცოდეთ ის საკითხები, რომლებიც პროგრამითაა გათვალისწინებული და გააზრებული გქონდეთ ტესტის სტრუქტურა, თითოეული დავალების ფორმატი.

-2022 წლის ტესტი I-IV კლასის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისათვის გასული წლის ტესტის იდენტურია?

-2022 წლის ტესტი როგორც სტრუქტურულად, ისე დავალებათა ტიპების თვალსაზრისით, შარშანდელის იდენტურია. ერთადერთი განსხვავება შეეხება ესეს დავალებას, კერძოდ, სიტყვათა მინიმალურ რაოდენობად განსაზღვრულია 120 სიტყვა.

ასევე იხილეთ:

რა უნდა დაერთოს განაცხადს – გამოცდების ცენტრის შეხსენება 2022 წლის გამოცდაზე გამსვლელთათვის

„ნაეკი“ მასწავლებლების საცდელი ტესტირების შედეგებზე მსჯელობისგან თავს იკავებს – უწყების განმარტება

The post გამოცდის დროს შეგვეძლება, ფურცელზე მოვინიშნოთ გარკვეული დეტალები? – მასწავლებლის გამოცდისთვის დასმული კითხვები და პასუხები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


როგორ გამოიანგარიშება აბიტურიენტის საკონკურსო ქულა და როგორ ვიღებთ სწავლის გაგრძელების უფლებას

$
0
0

2022 წლის აბიტურიენტებს უკვე გავუზიარეთ არაერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე და ასევე მისი მიმდინარეობის დროს უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ, ვისაუბრეთ იმ საშუალებაზე რომელიც აბიტურიენტებმა უნდა გამოიყენონ, თუკი გამოცდის შედეგად მიღებულ ქულას ან ქულებს არ ეთანხმებიან. დღეს კი, EDU.ARIS.GE აბიტურიენტის ცნობარზე დაყრდნობით მოგიყვებათ როგორ იღებს თითოეული აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის გაგრძელების უფლებას, რას ნიშნავს ქულების გათანაბრება და როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა.

სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულ ყველა საგანში.
მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს ტესტის შედარებით რთული ვარიანტი.

რას ნიშნავს ქულების გათანაბრება:

გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება.

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე:

საკონკურსო ქულის (საკონკურსო ქულა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

  • ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
  • ბ) აბიტურიენტის სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
  • გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.

მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; უცხოურ ენაში – 145,6; მათემატიკაში – 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ- ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 5. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 145,6X3 + 154,0X5 = 606,4 + 436,8 + 770,0= 1813,2. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება. კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

როცა ქულას არ ეთანხმები – რა უნდა იცოდეს 2022 წლის აბიტურიენტმა ტესტის ან ტესტების შეფასების გასაჩივრების შესახებ

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როგორ გამოიანგარიშება აბიტურიენტის საკონკურსო ქულა და როგორ ვიღებთ სწავლის გაგრძელების უფლებას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

$
0
0

თემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ჩვენი რესპონდენტებისთვის იმდენად მტკივნეულია, რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველსაც კი ხედავენ. აბიტურიენტებისა და სტუდენტების ცოდნის დონე, მათ თქმით, ყოველწლიურად შესამჩნევად იწევს ქვემოთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებამდე სულ უფრო და უფრო ნაკლებად მომზადებული ახალგაზრდები მიდიან. თუმცა, ამის წაკითხვის შემდეგ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უნივერსიტეტებში ჩამბარებელთა რაოდენობა, შესაბამისად, მცირდება. ლოგიკური იქნებოდა, თუმცა ასე არაა. აქ უკვე ჩნდება კითხვა – თუკი მოსწავლეების ცოდნის დონე იკლებს, მაგრამ უნივერსიტეტებში მაინც იმდენივე აბარებს, სად მარხია ძაღლის თავი? და დიდი გამჭრიახობა არ იქნება საჭირო სწორი პასუხის მისაგნებად – ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა, არა მხოლოდ.

ეროვნული საგამოცდო სისტემა რომ მოძველდა და ფუნდამენტურ ცვლილებებს რომ მოითხოვს, ახალი არავისთვისაა და ჩვენი გვერდის მკითხველს არაერთხელ მისცემია ამ თემაზე დაწერილი პუბლიკაციების გაცნობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს სტატია არა საგამოცდო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, არამედ იმ შედეგებზეა, რაც ძირეული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად მასში კოსმეტიკური ცვლილებების შეტანითა და ამას დამატებული, დისტანციურ სწავლებითაა სახეზე, რამაც ყველაფერში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.

ბოლო წლებში სხვადასხვა საგნის ტესტებში გარკვეული ცვლილებები მუდმივად შედის და სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილებები, ტესტებს, დიდწილად, ამარტივებს. შესაბამისად, უსამართლობა არ იქნება, თუ ვიეჭვებთ, რომ ცვლილებების მიზანიც სწორედ ესაა – ტესტების გამარტივება და ამ გამარტივებით მოსწავლეებში დისტანციური სწავლების ფონზე კლებადი ცოდნის დონის დაფარვა – არ მცირდება უნივერსიტეტებში ჩამბარებელთა რაოდენობა, არ არსებობს პრობლემა. ამ მოსაზრებას კი, ოდნავ ქვემოთ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე დაყრდნობით გავამყარებთ.

გამარტივებისკენ მიმართული საგამოცდო ცვლილებები, არაეფექტური სასკოლო განათლება და დისტანციური სწავლებით გაღრმავებული უფსკრული – ამ სამ ძირითად კომპონენტს, კიბის ეს სამი მთავარ საფეხურს მივყავართ იმ შედეგამდე, რაზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ. მიმოვიხილოთ სამივე მათგანი:

მართლაც გამარტივდა ტესტები?

„საგამოცდო ტესტები ქართულ ენაში ისე გაიოლდა, ნებისმიერს შეუძლია მინიმალური ზღვარი გადალახოს“, – ეს სიტყვები მანანა მაისურაძეს ეკუთვნის, რომლის ნააზრევიც EDU.ARIS.GE-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომელიც იმაზე საუბრობს, თუ რა კონკრეტული ცვლილებები შევიდა წლების განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში, რამაც მისი გამარტივება და თავდაპირველი ვერსიისგან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორება განაპირობა. კერძოდ, ტესტს ჯერ კითხვები ჩამოსცილდა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, მერე ესე, რომლის დაწერის დროსაც მოსწავლეების აზროვნება და მომზადება ჩანდა და დარჩენილი დავალებებიც გამარტივდა. შედეგად, ქალბატონი მანანა ასკვნის, რომ „სწავლების ხარისხი განახევრდა, თუმცა ახალი მოცემულობით, თითქმის ყველას შეუძლია, ქართულის გამოცდაზე მინიმალური ზღვარი გადალახოს.“

„სწავლების ხარისხი განახევრდა, მაგრამ უმაღლესში ისევ ყველა აბარებს“ – ქართულის მასწავლებელი განათლების ხარისხსა და შეცვლილ საგამოცდო ფორმატზე

ქართული ენასა და ლიტერატურაში ტესტები რომ გამარტივდა, ამაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ეკატერინე შარაშიძეც საუბრობს. რეალურად, მისი თქმით, ლიტერატურული ტექსტის ანალიზს ბევრი დააკლდა, კერძოდ, პერსონაჟის დახასიათება, მისი ქცევა, მოტივის ახსნა… მხატვრული ხერხები კითხვებში გადავიდა და ბოლოს და ბოლოს, აბიტურიენტი, არჩევითპასუხიანი კითხვებიდან გამორიცხვის მეთოდითაც დაადგენს პასუხს.

„ე.წ. თამასამ თუ დაიწია და უფრო მეტს ექნება უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის საშუალება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. მოდით, გულწრფელად ვისაუბროთ, რამდენი აბარებს და რამდენი ასრულებს უმაღლეს სასწავლებელს? ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მრავალ ახალგაზრდას უბიძგებს, რომ აიღოს აკადემიური და იმუშავოს. ამის შემდეგ მიბრუნებულთა რაოდენობა კი ძალიან ცოტაა. არ ვფიქრობ, რომ ტესტების ფორმატის შეცვლა რამე განსხვავებულ სურათს მოგვცემს. ადრეც ვამბობდი, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მხოლოდ რჩეულებს შეძლებოდათ და სახელმწიფოს უზრუნველეყო მათი დასაქმება, მაგრამ აქ სხვა თემებიც იკვეთება, ფაქტობრივად, მეტი პირველკურსელი, მეტ დაფინანსებასთან ასოცირდება და თუ ყველას არ მისცემენ სტუდენტად გახდომის საშუალებას, უმაღლესი სკოლის მასწავლებლები შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ზუსტად ვიცი, რომ ეს სიტყვები ბევრს აღაშფოთებს, მაგრამ ჩემი მიზანი კომპლიმენტარულ საზოგადოებასთან მსგავსების პოზიტიური საზრისების ფრქვევა არაა. მე იმ რეალობას ვამბობ, რომელიც დღეს გვაქვს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ მოცემულობას გვიდგენს მთელი სიცხადით“, – ამბობს ეკატერინე შარაშიძე.

ზოგადი განათლების დონეზე საუბრისას კი იგი განმსაზღვრელ ფაქტორად, დიდწილად, დისტანციური სწავლებასაც ასახელებს. შესაბამისად, პრობლემას კომპლექსური მიზეზები აქვს და საქმე არც ისე მარტივადაა.

„ეს პრობლემა სკოლიდან იწყება და უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება. რატომ აკრიტიკებენ სკოლას? ალბათ იმიტომ, რომ სკოლაა კატალიზატორიც და ლაკმუსის ქაღალდიც, სადაც ყველაფერი უზუსტესად და მთელი სიცხადით ვლინდება“, – დასძენს პედაგოგი.
შედეგი

მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი ნათელა მაღლაკელიძე კი უკვე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ყველა ზემოთხსენებული პრობლემების, პანდემიის, სკოლის თუ საგამოცდო სისტემის ნაკლოვანებების გამო მოუმზადებელი მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრით დგება. განმარტავს, რომ მისი გამოცდილება შემდეგ სურათს აჩვენებს – ყოველწლიურად, უნივერსიტეტში, პირველკურსელები, სულ უფრო და უფრო სუსტ მომზადებას აჩვენებენ.

„პირველკურსელთა ცოდნის დონე, ყოველ წელს, კატასტროფულად იკლებს. მათ ძირითად ნაწილს ახლადდამთავრებული აქვს სკოლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახა კიდეც მინიმალური ბარიერი. მათი ცოდნის დონე და სასწავლო უნარ-ჩვევები კი, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ყოველ წელს, აუდიტორიაში, სასკოლო განათლების უარესი და უარესი შედეგი მხვდება.

„მოგეხსენებათ, სასკოლო რეფორმას პირველი სწორედ ქართული ენის (გრამატიკა) სწავლება შეეწირა. წლების განმავლობაში იგი ლიტერატურულ მასალასთან იყო ინტეგრირებული, მასწავლებელს არც დრო რჩებოდა, არც სურვილი, რომ მშობლიური ენის სწავლებისათვის სათანადო დრო დაეთმო. ამიტომაც არის, რომ ჩემი პირველკურსელების დიდი ნაწილი ენობრივ მასალას დაწყებითი სკოლის დონეზეც კი ვერ ფლობს (არადა, მომავალში მოსწავლეებს ქართული ენა სწორედ მათ უნდა ასწავლონ). ამას ყველა ლექტორი აღნიშნავს კერძო საუბარში, ხმამაღლა თქმას კი ერიდებიან. მხოლოდ სასკოლო გრამატიკის ცოდნაზე არ ვსაუბრობ. დიდად არც ზოგადი განათლებითა და ნაკითხობით გამოირჩევიან. კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ – რამდენიმე წლის წინ ჩვენი შუალედური გამოცდა 9 აპრილს დაემთხვა. სტუდენტებმა სასწრაფოდ შემახსენეს: მაგ დღეს ვისვენებთო. ვიკითხე: თუ იცით, რატომ ვისვენებთ ამ დღეს, რა მოხდა 9 აპრილს-მეთქი. წამოიდგინეთ, 40-კაციან აუდიტორიაში ერთმაც ვერ გამცა პასუხი. ვიღაც იტყვის – სამაგიეროდ, ამ თაობამ ახალი ტექნოლოგიები აითვისა კარგადო, მაგრამ არც ასეა საქმე. იცით, რამდენი პირველკურსელი ელემენტარულ დონეზეც კი ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს?“ – გვიყვება ნათელა მაღლაკელიძე.

პროფესორი იხსენებს სასკოლო განათლების რეფორმას და მის ფარგლებში გავლილ თითოეულ ეტაპს – ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნას, სკოლის სახელმძღვანელოების გადამუშავებას, შეფასების სისტემის შეცვლას, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემების ამოქმედებას, რაც პედაგოგის პროფესიულ განვითარებას ისახავდა მიზნად და ა.შ დღეს უკვე, ჩვენი რესპონდენტის თქმით, გვაქვს ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები, გვყავს სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლები, რომელთაც წარმატებით დაადასტურეს პროფესიული კომპეტენციები, მაგრამ აქვე სვამს კითხვას – „შედეგად რა მივიღეთ“?

„ჩემი სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას (პედაგოგიური მიმართულება მაქვს მხედველობაში) დამთავრებული აქვს საჯარო სკოლა, არასდროს არ ჰყოლია რეპეტიტორი. იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მოვიდა, რაც სკოლამ მისცა. გადალახა მინიმალური ბარიერი და გახდა სტუდენტი. რა გამოვიდა, დღევანდელი სკოლა რეპეტიტორზე დგას? ვისაც რეპეტიტორი არ ჰყავს, ის ვერც სათანადო ცოდნას იღებს? გამოაცალეთ დღევანდელ სკოლას რეპეტიტორი და ნახავთ, რას მიიღებთ. მაშ, რა შედეგი მოგვიტანა ამდენმა რეფორმამ? რატომ ვერ მისცეს სერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა მოსწავლეებს სათანადო ცოდნა? რისთვის იხარჯება ამდენი თანხა, ამდენი გრანტი რისთვის მოვიზიდეთ? რისთვის ტარდება ამდენი ტრეინინგი? გულახდილად ვთქვათ – განათლების სფეროში ამდენი ფინანსები არასოდეს ყოფილა ჩადებული, როგორც ეს დღესაა. შედეგი?

„რთულია ზუსტად დაასახელო რა პერიოდიდან გახდა ეს შესამჩნევი, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება. რა თქმა უნდა, დისტანციურმა სწავლებამაც გარკვეული კვალი დაატყო ჩვენი მოსწავლეების ცოდნას, მაგრამ ისიც ვთქვათ, გვქონდა კი მაშინ სხვა გამოსავალი? „ონლაინ“ განათლების შედეგსაც, ალბათ, მალე ვიხილავთ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ბარიერის დაწევას, ტესტების გამარტივებას, ამაზე მოკლედ გეტყვით: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ მოწმდება ის ცოდნა, რაც აბიტურიენტებმა სკოლაში მიიღეს. ამიტომაც იგი ერგება რეალობას. სკოლაში რომ სწავლების დონე უფრო მაღალი იყოს, დამიჯერეთ, არც ტესტები გამარტივდებოდა და არც ბარიერი დაიწევდა. წარმოიდგინეთ, რამდენი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი დარჩებოდა სტუდენტის გარეშე, ეს თამასა რომ ასწიონ“, – ამბობს ნათელა მაღლაკელიძე.

პანდემიამ რა ჰქმნა?

ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ პანდემიამ ეს მდგომარეობა ბევრად დაამძიმა. სივრცე იმას შორის, რაც უნდა იყოს და რაც არის, ბევრად უფრო დიდი და რთულად გადასალახი გახადა. დისტანციური სწავლების ნაკლოვანებები და მის გარეშე დარჩენილი არაერთი მოსწავლე – ამ ყველაფრის შედეგებმა თავი უკვე იჩინა და სამომავლოდ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მარტივად დასანახი გახდება.

სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცხადყოფს, რომ 2021 წლის დეკემბერშიც კი, ანუ მაშინ, როცა ონლაინ სწავლება, თითოეული მხარისთვის (სკოლა, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) უკვე კარგად ნაცნობი, მორგებული და ზოგ შემთხვევაში, კომფორტულიც კი იყო, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 1.5% სასწავლო პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა. უფრო ადრე კი, 2020 წლის მარტში, მოსწავლეთა 12%-ს (63,272 მოსწავლე) სახლიდან არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა, ხოლო 14%-ს არ ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობა (განათლების სამინისტროს სტატისტიკა).

USAID-ის მიერ დაფინანსებული 2021 წლის კვლევა – COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება, ამბობს, რომ ინტერნეტთან, კომპიუტერულ ტექნიკასთან და ციფრულ რესურსებთან დაბალი წვდომა (განსაკუთრებით პანდემიის პირველ პერიოდში) უარყოფითად აისახა სწავლების ხარისხზე, მოსწავლეების ნაწილი კი სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა.

„კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო ჩამორჩენა ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„დისტანციური სწავლებისას პირველკლასელებმა ვერ შეძლეს ასოებისა და რიცხვების ათვისება“ – კვლევის შედეგები

თითოეულ კვლევა, რომელიც ამ პერიოდში, დისტანციური სწავლების შედეგების შესასწავლად ჩატარდა, მიუთითებს, რომ სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში გადასვლამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია განათლების ხარისხზე. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სწავლების ხარისხმა, ისევე როგორც ბავშვების მოტივაციამ, იკლო.

„ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის დასაწყისში დასახული მიზნები ვერ შესრულდა და, საბოლოო ჯამში, მოდიფიცირება განიცადა. ამ მიმართულებით, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების დაბალი მაჩვენებლები და ბავშვების მიერ გაკვეთილების ათვისების სირთულე. დამატებით, გაკვეთილებისთვის დათმობილი დროის შემცირების გამო, სკოლებს მოუწიათ, განესაზღვრათ, თუ რა საკითხებს დაფარავდნენ სემესტრის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების ინტენსივობა არ იყო საკმარისი მასალის დასამუშავებლად“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საგაკვეთილო დროის შემცირება, ფორმატის ცვლილება და ტექნიკური ხარვეზები სერიოზულ წინაპირობას ქმნიდა სწავლების ხარისხის დასაცემად. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მასწავლებლები და სკოლის დირექტორები დანაკარგზე მსჯელობისას, ძირითადად, მხოლოდ სასწავლო დროის შემცირებაზე და პროგრამული მასალის არასრულად სწავლებაზე ამახვილებენ ყურადღებას. კვლევების ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მოსწავლეთა მოტივაცია დისტანციური/ჰიბრიდული სწავლების დროს შემცირდა. კვლევაში მონაწილე მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ მათი მოსწავლეების დიდი ნაწილი გაკვეთილებს ესწრებოდა გამორთული კამერით, არ მონაწილეობდა სამუშაო პროცესში ან ტოვებდა გაკვეთილს დროზე ადრე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, სახალხო დამცველის ანგარიში ამბობს რომ საგაკვეთილო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვის გამო პედაგოგებისთვის რთული იყო მოსწავლეების ცოდნის ობიექტურად გაზომვა და შეფასებაც.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე კი, დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისტანციური სწავლებით კიდევ უფრო შესუსტებულ სასკოლო განათლებას ეროვნული გამოცდების გამარტივებისკენ მივყავართ, ტესტების გამარტივებას კი უნივერსიტეტებში მოუმზადებელი ნაკადის შედინებისკენ. ანუ, სკოლას+დისტანციური სწავლება+გამარტივებული ტესტები=განათლების დონის კლებას.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

The post სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ –აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

$
0
0

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დისტანციური სწავლების ეფექტიანობის შესახებ ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, დისტანციური სწავლების პირობებში, მოსწავლეებისთვის სათანადო რესურსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. ქვეყნის მასშტაბით არიან მოსწავლეები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე − კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამინისტრო არ ფლობს სრულ და სანდო ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობაზე.

როგორც 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყო ზოგადი განათლების სისტემამ საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა და აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე.

“საქართველოში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 2020 წლის 21 მარტს და განათლების სამინისტრომ იმავე პერიოდში უზრუნველყო მოსწავლეები დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმით, თუმცა სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მოსწავლეთა რა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი. რაც შეეხება სკოლებში არსებულ კომპიუტერულ ტექნიკას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ემისი) სერვისს უწევს ჯამში − 32,026 კომპიუტერს. ემისის მონაცემებით, აღნიშნული რაოდენობიდან დამაკმაყოფილებელი ტექნიკური პარამეტრებითაა 16,184 ერთეული. შესაბამისად, დაახლოებით, 50% იდენტიფიცირებულია, როგორც მოძველებული და ხარვეზებით მომუშავე”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

კვლევის თანახმად, აუდიტის მიზანია, რომ შეაფასოს გაუთვალისწინებელი მოვლენებისათვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მზაობა, პანდემიის დროს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით მათ მიერ გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა და მიღებული გამოცდილების სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობები.

“სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთანავე, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებიც მიუთითებს უარყოფით გავლენაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს საგანგებო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას.

“აუდიტის პერიოდისათვის სამინისტროს მიერ არ იყო შემუშავებული საგანგებო გეგმა ან მსგავსი შინაარსის მატარებელი სხვა დოკუმენტი, სადაც იდენტიფიცირებული იქნებოდა საგანგებო სიტუაციის დადგომის შემთხვევაში პოტენციური პრობლემები, შეფასდებოდა პრობლემების გავლენა განათლების სისტემაზე და განისაზღვრებოდა ამ გავლენის შერბილებისაკენ მიმართული ღონისძიებები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს რომ, მნიშვნელოვანია, სამინისტროში არსებობდეს პროცესი, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდება პანდემიის ზეგავლენა ზოგად განათლებაზე, შეფასდება კრიზისიდან გამოსვლის გზები და დროულად მოხდება იმ მოვლენებზე რეაგირება, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოწვევა იქნება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემისთვის.

დისტანციური სწავლებისას საჭირო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებს შორის:

დისტანციური სწავლებისას საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში სახელმწიფო აუდიტი იმასაც წერს, რომ გარდა პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში გადაცემული კომპიუტერებისა, მსოფლიო ბანკმა 2021 წელს სკოლებისათვის გადასაცემად შეისყიდა 6,350 ნოუთბუქი, რომლებიც აუდიტის პერიოდისათვის სრულად იყო დარიგებული სკოლებში, თუმცა აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის გამოკითხვა და აღნიშნული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული გარკვეული ნაწილისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე:

  • დისტანციური სწავლების დროს ძირითად პრობლემად გაუმართავი კომპიუტერი და ინტერნეტი დაასახელა 54 მშობლიდან 19-მა, ინტერნეტთან წვდომა კი − 28-მ, ხოლო გამოკითხული სრულწლოვანი 113 მოსწავლიდან 44-ს ჰქონდა − კომპიუტერის და 61 მოსწავლეს − ინტერნეტის პრობლემა.
  • გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 127-მა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების დროს ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს არ ჰქონდათ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე; პრობლემის იშვიათობაზე მიუთითა 169 გამოკითხულმა, ხოლო მსგავსი შეფერხება არასოდეს ჰქონია 16 მასწავლებელს. დისტანციური სწავლების დროს ძირითად პრობლემად გამოკითხული 312 მასწავლებლიდან, 56-მა დაასახელა მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში, ხოლო 33-მა − ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა.
  • 309 მასწავლებლიდან 52 ონლაინ სწავლების დროს ისურვებდა ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას, 42 კი − კომპიუტერით ან/და ინტერნეტით მოსწავლის უზრუნველყოფას.
  • გამოკითხული 81 მშობლიდან 31-მა აღნიშნა, რომ მათ შვილებს კომპიუტერთან წვდომის პრობლემა ძალიან იშვიათად ჰქონდათ, ხოლო 24-ს არასოდეს ჰქონია მსგავსი პრობლემა. 18-ს − პერიოდულად, ხოლო საკმაოდ ხშირად და ძალიან ხშირად აღნიშნული პრობლემა ექმნებოდა, შესაბამისად, 5 და 3 მოსწავლეს.
  • გამოკითხული 183 სრულწლოვანი მოსწავლიდან ინტერნეტის პრობლემები ძალიან ხშირად ჰქონდა 14 მოსწავლეს, საკმაოდ ხშირად − 26-ს, პერიოდულად − 67-ს, 50-ს − ძალიან იშვიათად, ხოლო 26-ს მსგავსი პრობლემა არასოდეს ჰქონდა.

სამომავლო გეგმისა და დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში აუდიტი განათლების სამინისტროს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს:

რეკომენდაცია დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისათვის: სამინისტრომ უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე, სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში კი განისაზღვროს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები.

რეკომენდაცია საგანგებო გეგმის შემუშავების შესახებ: გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს საგანგებო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთანავე, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

ასევე იხილეთ:

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

The post „განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობელმა, რომ პანდემიის შემდეგ სასკოლო დანაკარგები „თავსატეხად არ გადაიქცეს“

$
0
0

„თუ სკოლა და მასწავლებელი მეტ დროს, მეტ რესურსს გამოყოფს, მეტ აქტივობას მოიფიქრებს, მაშინ, მოსალოდნელია, რომ ბევრი ბავშვისთვის, პანდემიისგან განათლების კუთხით მიყენებული ზარალი და არსებული ხარვეზი არ გადაიქცევა დიდ თავსატეხად მომდევნო წლებში“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროსმა კონსულტანტმა, განათლების ექსპერტმა პაატა პაპავამ ისაუბრა.

პაატა პაპავა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომლის თემაც იყო „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, სამომავლო ხედვების შესახებ დისკუსიის ფასილიტატორიც გახლდათ. ის ამბობს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია განათლების კუთხით მიყენებული დანაკარგები და ეს გარდაუვალიც იყო, ახლა კი ამ ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს.

პაატა პაპავა: თუ მშობელს სკოლა კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, შეიცვალეთ სკოლა!

„ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სწავლის პროცესის დროს, ზოგან რესურსები არ იყო საკმარისი, ზოგან – ინტერნეტი და ა. შ. ბევრი მიზეზის გამო, დანაკარგი გარდაუვალი იყო და ის სახეზეა. ყველა, ძლიერი სასკოლო სისტემის მქონე ქვეყანებიც კი ითვლიან ამ დანაკარგს ისე, როგორც სოფელში შეიძლება სეტყვისგან თუ წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი დათვალონ და  პირდაპირ ეკონომიკურ ტერმინებშიც კი გადაიტანონ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ექსპერტი.

როგორც ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე აღინიშნა, ყველაზე დიდი ზიანი პანდემიამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიაყენა, თუმცა ზარალი დასათვლელია მაღალ კლასებშიც.

„მხოლოდ დაწყებითი საფეხურის ბავშვებს არ აქვთ პრობლემა ამ მხრივ, თუმცა დაწყებითი კლასებზე იყო ფოკუსირებული ჩვენი კონფერენცია, სადაც ფუნდამენტური უნარების, წერა-კითხვის საძირკვლის ფორმირება და გამყარება ხდება. სამ ძირითად რამეზე ვსაუბრობთ: წერა-კითხვა, მათემატიკა და სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევები. თუ სკოლა ამ სამ უნარზე მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში ფოკუსირებულად მეტად იმუშავებს, ვიდრე ჩვეულებრივად, მაშინ მოსალოდნელია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს ხარვეზი არ გადაიქცევა დიდ თავსატეხად მომდევნო წლებში.

ძალიან უნდა შევაშინო მშობლები – საკმაოდ დიდია ეს ზიანი. ცხადია, კონსტრუქციულ შიშზე ვლაპარაკობ. თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ, კარგი იქნება, თუ შეგეშინდებათ. სწორედაც, რომ მნიშნელოვანია ის შიში და ახლა ის დროა, მშობლებს შეეშინდეთ იმ ზარალის და დანაკარგების, რომელიც პანდემიამ მიაყენა და ახლა კიდევ ზაფხულის გრძელი არდადეგები დაამატებს“, – ამბობს პაპავა.

მსოფლიოში და საქართველოშიც ახლა იმ დანაკარგებს ითვლიან, რომელიც პანდემიამ სერიოზული ზიანის სახით მოუტანა სასწავლო პროცესს. ამ პროცესის პარალელურად კი, საქართველოს განათლების მინისტრი აცხადებს, რომ „პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ“.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როდესაც პაპავა „მშობლებს აშინებს“, მაშინ რაზე საუბრობს განათლების მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ გამოწვევები დაძლეული გვაქვს, ექსპერტი პასუხობს:

„საქართველო პანდემიას გაუმკლავდა იმ ფარგლებში, რა ფარგლებში შესაძლებელი იყო გამკლავება. ჩვენ შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ, რამდენად ეფექტური იყო ის ზომები, რომელიც ქვეყანამ და განათლების სამინისტრომ მიიღო იმისათვის, რომ მინიმალური ყოფილიყო ეს ზიანი, მაგრამ ახლა არ არის ამის განხილვის დრო. მინისტრმა ძირითადად ილაპარაკა იმაზე, თუ რა გააკეთა ქვეყანამ და ამ გამკლავების ეფექტური მეთოდეები რა იყო. მსოფლიოში მხოლოდ ორი თუ სამი ქვეყანაა, რომელიც დღეს აცხადებს, რომ დანაკარგების გარეშე ჩაიარა მოსწავლეთა მოსწრების კუთხით პანდემიამ ან ეს დანაკარგები მათთვის უმნიშვნელოა.

სხვა ქვეყნები ხმამაღლა ლაპარაკობენ და ამზადებენ სკოლებს იმისათვის, რომ ეს დანაკარგები არ გამსუყდეს და დიდ ბარიერებად არ გადაიქცეს. მე ვამბობ, რომ გავქვს დიდი დანაკარგები. ყველა მშობელმა იცის, რომ არის დანაკარგები და სხვადასხვა გზით სცადეს ოჯახებმა ამასთან გამკლავება. ვერ მაჩვენებთ ოჯახს, რომელიც იტყვის, რომ არ აქვთ დანაკარგი განათლების კუთხით, მიუხედავად იმ ზოგიერთი მართლაც ეფექტური მცდელობებისა, რომელიც იყო. ახლა მთავარია, გავუმკლავდეთ, რომ არ მოიტანოს უფრო დიდი დეფექტები, არ გადაიქცეს დიდ ბარიერებად და ჩავარდნებად მომდევნო წლებში“.

არსებული დეფექტების აღმოფხვრის გზებად პაატა პაპავა სხვადასხვა მიგნებასაც ასახელებს. ერთ-ერთი ფაქტორი სწავლების დროის გაზრდაა, რომლისთვისაც, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ზაფხულიც.

„ხარვეზების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ და მათ შორის შეიძლება იყოს დროის გაზრდაც და ზოგმა ქვეყანამ ამ გზას მიმართა.  შესაძლებელია, ჩვენც სწორედ გაზრდილი დრო, ზაფხულის პერიოდი გამოვიყენოთ ამისთვის და ვიფიქროთ სკოლებში სასწავლო პროცესის იმგვარად ორგანიზებაზე, რომ მეტი ფოკუსირებული დრო დაიხარჯოს. თუ ასე მოხდა, იმედი მაქვს, ოჯახები გაგებით მოეკიდებიან“, – უთხრა პაატა პაპავამ EDU.ARIS.GE-ს 5 მაისს.

განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ არსებული დანაკარგების შესწავლის ერთ-ერთი გზა ის დიაგნოსტიკური შეფასებებია, რომლებიც ახლა ინერგება სკოლებში, ზოგი სკოლა კი უკვე კარგა ხანია ამ ხერხს მიმართავს.

ასევე იხილეთ:

3 გზა, თუ როგორ უნდა შეივსოს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები სკოლაში

„დისტანციური სწავლებისას პირველკლასელებმა ვერ შეძლეს ასოებისა და რიცხვების ათვისება“ – კვლევის შედეგები

The post რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობელმა, რომ პანდემიის შემდეგ სასკოლო დანაკარგები „თავსატეხად არ გადაიქცეს“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მასწავლებლების რა ნაწილი არ იყო მზად ონლაინ სწავლებისთვის და რამდენს დასჭირდა ტრენინგის ხელმეორედ გავლა

$
0
0

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ონლაინ სწავლების რეჟიმისთვის, რომელიც პანდემიის გამო მასობრივად იქნა ქვეყანაში შემოღებული, მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არ იყო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი არ გააჩნია საგანგებო სამოქმედო გეგმა, რომელიც დისტანციური ფორმატის გამო სასწავლო პროცესში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის – ეს ყოველივე 6 მაისს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის იმ ანგარიშში წერია, რომელიც დისტანციური სწავლების ეფექტიანობას ეხება.

აუდიტი ასკვნის, რომ ზოგადი განათლების სისტემაში დღემდე გამოწვევად რჩება მასწავლებელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებში გადამზადების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად, პანდემიამდე გადამზადებული იყო 15 000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. ამავე თემის დასკვნით ნაწილში კი ასევე განმარტებულია, რომ მასწავლებელი, რომელსაც გადამზადება არ გაუვლია, წარმოქნის რისკებს დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისთვის.

არადა, ანგარიშის თანახმადვე, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, დისტანციური სწავლების დანერგვა საშუალებას იძლევა, რომ დისტანციური სწავლების პლატფორმაზე მასწავლებლებმა სასწავლო რესურსები განათავსონ იმგვარად, რომ მოსწავლეებს მუდმივად ჰქონდეთ მათზე წვდომა, შეეძლოთ სასწავლო რესურსებს, ახალსა თუ განვლილ მასალას, მიუბრუნდნენ მათთვის ხელსაყრელ დროს. ნათელია, რომ ამ ყოველივეს ვერაფრით გააკეთებს მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ არ არის გადამზადებული.

“2017-2021 წლებში საჯარო სკოლებში დასაქმებული იყო, საშუალოდ, 56 134 მასწავლებელი. 2017-2021 წლის ივლისის ჩათვლით, უშუალოდ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში ჩატარდა 56 ტრენინგმოდული და გადამზადდა ჯამში 32,809 პედაგოგი, რაც, საშუალოდ, მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 58%-ია. 2020-2021 წლებში მოხერხდა 24 945 (44%) მასწავლებლის გადამზადება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აღსანიშნია, რომ აუდიტის მონაცემებით, 2020 წელს ერთი და იგივე მოდულისთვის ტრენინგი ორჯერ გაიარა 116 მასწავლებელმა. ასეთი შემთხვევები გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მასწავლებლებმა ვერ დაძლიეს შესაბამისი მოდული პირველად გავლის დროს.

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით:

  • პანდემიამდე დისტანციური სწავლების გამოცდილება 312 გამოკითხული მასწავლებლიდან მხოლოდ 27-ს ჰქონდა;
  • მასწავლებლების შეფასებით, ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესთან ადაპტაცია მარტივად შეძლო გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 178-მა, საშუალოდ − 128-მ, ხოლო რთულად − 6-მა;
  • გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 117-ს საინფორმაციო ტექნოლოგიებში პანდემიამდე ჰქონდა გავლილი ტრენინგი, მათგან 15-მა ტრენინგი მიიჩნია დისტანციური სწავლების წარმართვისთვის სრულიად არასაკმარისად, ხოლო 66-მა − სრულიად საკმარისად;
  • გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 144-ს არ გაუვლია ტრენინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში პანდემიის პერიოდში;
  • დისტანციურმა სწავლებამ გააუმჯობესა გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 298-ის უნარები ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, თვალნათელია, რომ დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვაში მასწავლებელთა გადამზადების პრობლემაც იდგა. აუდიტის სამსახურის ჯგუფი, მასწავლებლებთან დაკავშირებით, ასეთ რეკომენდაციას იძლევა:

მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მათი გადამზადება განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.

ასევე იხილეთ:

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

The post მასწავლებლების რა ნაწილი არ იყო მზად ონლაინ სწავლებისთვის და რამდენს დასჭირდა ტრენინგის ხელმეორედ გავლა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ –რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

$
0
0

„ასე წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს რაღაც ტრაექტორია, რომელზეც ბავშვმა ნორმალური განვითარების პირობებში უნდა იმუშაოს და ამ წუთას, მრავალრიცხოვანი კლასიდან ასეთი, რომელიც ბუნებრივად გაყვება ამ ტრაექტორიას, ამ პანდემიურ და ექსტრემალურ სიტუაციაში, არის მხოლოდ რამდენიმე. დანარჩენები ვერ გაყვებიან ამას ტემპში ან ადრე არსებული ჩამორჩენების გამო ან იმის გამო, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებულად ნიჭიერები“, – ასეთი დაშვება მოიყვანა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განათლების დანაკარგებზე საუბრისას USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „სწავლა-სწავლების“ დირექტორმა, გიორგი ნოზაძემ.

პროგრამა „სწავლა-სწავლება“ მიზნად ისახავს სკოლებში მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას. მისი ერთერთი მთავარი მიმართულება კი არის „ახალი სკოლის მოდელის“ სკოლებში ფართოდ გავრცელება, რომელიც თავის მხრივ, ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრა გრძელვადიანი პროცესი იქნება და ჩავარდნის ამოვსება სწრაფად ვერ მოხდება. ამბობს, რომ დანაკარგის შესავსებად გარკვეული რეკომენდაციების პაკეტიც არის შემუშავებული, რომელიც USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის პროცესშიც გაჟღერდა და მათგან რამდენიმე მიმართულების გატარების შემთხვევაში, სკოლებს შეეძლებათ, რომ მაქსიმალურად მალე დაძლიონ არსებული დანაკარგი.

გიორგი ნოზაძე ხაზგასმით ამბობს, რომ დამატებითი მუშაობისას მნიშვნელოვანია ბავშვები არ გადაიღალონ და სასწავლო პროცესი სახალისო აქტივობებთან ერთად გაერთიანდეს. ის ვრცლად საუბრობს პაკეტში შემავალი რამდენიმე მიმართულებისა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

– ბატონო გიორგი, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაც იყო „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, თქვენ სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების მიმართულებით ფასილიტატორი იყავით, უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ სკოლებში არსებული დანაკარგების შესახებ და მათი აღმოფხვრის გზებზე, რა გეგმით უნდა მოხდეს მუშაობა?

გიორგი ნოზაძე: როდესაც ვსაუბრობთ დანაკარგების აღმოფხვრაზე, გასათვალისწინებელია, რომ ყველა საგანი და ყველა ასაკი ერთნაირ მდგომარეობაში არ არის. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მათემატიკის სწავლება. მათემატიკა არის ყველაზე აბსტრაქტული საგანი, რომელშიც თქვენ თითქმის ვერაფერს გამოტოვებთ. ყოველი მომდევნო ცნება და პროცედურა არის დაფუძნებული წინარე ცოდნაზე, თუ ბავშვს ის წინარე ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, მაშინ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა მას ურთულდება. სწორედ ამას ეხება ვერტიკალური კურიკულარული რევიზიის მიმართულება, რაც გულისხმობს იმას, რომ რაკი მე ვიცი, რომ მოცემული კლასის მასალა ეყრდნობა წინა წლების მასალებს, მე უნდა ვიპოვო ის კომპონენტები, რომლებიც ებმის სხვა წლის მასალას და გამოვყო ის მთავარი მიმართულებები, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა, შემდეგ კი მთელი ყურადღება ამ ნაწილებზე გავამახვილო.

რაც შეეხება პრიორიტეტიზაციას, ეს მიმართულება გულისხმობს იმას, რომ შეიძლება საგნებს შორის გადანაწილება მოხდეს, მაგალითად, როგორც ვთქვით, დაწყებითი კლასებში მათემატიკური და ენობრივი კომპეტენციები სხვებთან შედარებით უფრო პრობლემურია, შესაბამისად, აუცილებელია ამ საგნებზე მთავარი აქცენტის გაკეთება. პრიორიტეტიზაცია მეორე მხარესაც მოიცავს და ეს გულისხმობს უშუალოდ საგნის შიგნითვე არსებული პრიორიტეტების განსაზღვრას, ის თუ რომელი საკითხი არის საფუძველი მომდევნო საკითხებისთვის და რომელი მათგანი უნდა აღდგეს უპირველეს ყოვლისა.

ეს მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც ახალ საფეხურზე გადადიან და მეშვიდე კლასში, ალგებრის, გეომეტრიისა და სისტემური საგნების სწავლა უწევთ. ეს ბავშვები მომზადებულები უნდა იყვნენ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ამისთვის საკმარისი დახმარებაც უნდა ჰქონდეთ. რომ გადავხედოთ კონფერენციისას წარმოთქმულ აზრებს, ყველა მათგანი ხარჯტევადია. მაგალითად, კიდევ ერთი მიმართულება იყო ინტენსიური ტუტორინგი, ანუ ერთი-ერთზე სწავლება. ინტენსიურში იგულისხმება კვირაში სამჯერ შეხვედრა, სემესტრში 50 საათი. ეს კი უზარმაზარი დანახარჯია. წარმოიდგინეთ, რამდენი მოსწავლეა და რამდენი მასწავლებელი… დღის განმავლობაში ყველას არ შეუძლია დახმარება. ამიტომ არის საუბარი, რომ იქნებ დავიხმაროთ უფროსკლასელები, იქნებ დაგვეხმარონ უნივერსიტეტების განათლების ფაკულტეტის სტუდენტები, რადგან ერთი-ერთზე ტუტორინგის მიმართულება არის ყველაზე ეფექტური.

– კიდევ რა მიმართულებები გამოიყო კონფერენციის მუშაობის პროცესში, რომლებმაც სასწავლო დანაკარგების შევსებას უნდა შეუწყოს ხელი და რა დრო იქნება საჭირო?

სასწავლო დროის გახანგრძლივების მიმართულებაზეც მინდა აღვნიშნო. საქართველოში არის ერთერთი ყველაზე მოკლე სასწავლო წელი. ეს იხსნება სიცხით, ეს იხსნება ტურისტული სეზონებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მოსწავლეთა დასაქმებით და ა.შ. ამ ვითარებაში კი დამატებით შეგვექმნა პრობლემა, ორწლიანი საგანგებო სიტუაცია, რომელმაც საბაზისო უნარებში დიდი ჩამორჩენა გამოიწვია.

როდესაც ჩვენ გვაქვს თითქმის ორწლიანი დანაკარგი სასწავლო პერიოდში, ეს მოაკლდა ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ეს მოაკლდა მათ მოსწავლეებად ჩამოყალიბებას, ეს მოაკლდა მათ ფაქტობრივ ცოდნას და ინტელექტუალურ განვითარებას. ეს დანაკარგები კი ასე უცებ ვერ განახლდება და ამისთვის მოსაძებნია დროის რესურსი. დროის დანაკარგის აღდგენის გზა სამი მიმართულებით გამოიყო: 1. სასწავლო წლის გახანგრძლივება: მაგალითად, 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლა შეიძლება დაიწყოს პირველ სექტემბერს და 15 ივნისის ნაცვლად 30 ივნისს დასრულდეს. ეს არის დაახლოებით 4 კვირის დამატება, რაც ნაყოფიერად გამოყენების შემთხვევაში, არის უზარმაზარი დრო, რომ ეს ჩამორჩენა რაღაცნაირად გადავლახოთ. 2. საზაფხულო სწავლება: ჩვენ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეგვიძლია გადავანაწილოთ სასწავლო პროგრამა საკლასო და კლასგარეშე მუშაობაზე. ანუ, შემოვიღოთ საზაფხულო სწავლება. ეს უფრო იყოს ბანაკის ტიპის სწავლება, ვიდრე სასკოლო, რომ ბავშვებისთვის იყოს სახალისოც და მარტივად არ მოიბეზრონ. 3. სკოლაში გატარებული საათების გაზრდა: პანდემიის პირობებში, სკოლებში სასწავლო საგნის სამეცადინო დრო ძალიან შეიკვეცა. მაგალითად, დაწყებით კლასებში, პანდემიის პირობებში, მათემატიკა 5 საათის ნაცვლად 3 საათით ტარდებოდა და ის 3 საათი იყო არასრული 3 საათი ან სტანდარტული 40-45 წუთი, არამედ ფაქტობრივად 20 წუთი, მაქსიმუმ ნახევარი საათი. ეს ასე ხდებოდა სხვა საგნებშიც, რომლებსაც ახლა ანაზღაურება სჭირდებათ.

იმ პერიოდში, როცა გათბობა და უშუქობა მაინც არ არის პრობლემა, გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი. 09:00 საათზე კი არ მივიდეს მოსწავლე სკოლაში და 13:00 საათზე წამოვიდეს, არამედ, მას ჰქონდეს კვების და დასვენების საშუალება და სკოლაში გატარებული დრო გახანგრძლივდეს 3-4 საათამდე. მნიშვნელოვანია ამ დროში მოსწავლე სხვადასხვა აქტივობებით დაკავდეს, რომ იგი არ გადაიქანცოს. სკოლებს ჰქონდეთ სახალისო, სათამაშო ფიზიკური აქტივობებიც, მაგრამ ბავშვმა 3 საათის ნაცვლად, 5 საათი იმეცადინოს ისე, რომ არ გადაიწვას, არ გადაიქანცოს და ეს დრო მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული, სწორედ იმ პრიორიტეტული საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ეს ყველაფერი სკოლებმა საკუთარ თავზე უნდა მოირგონ, ანუ არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, რომელიც ყველა მათგანის შემთხვევაში გაამართლებს. სკოლებმა უნდა აწონ-დაწონონ მათი რესურსები და იმის მიხედვით დაგეგმონ აქტივობები.

– დროის გახანგრძლივების რეკომენდაციის შესახებ ჩვენმა რედაქციამ კონფერენციის მიმდინარეობის პროცესშივე გამოაქვეყნა ინფორმაცია და უნდა გითხრათ, რომ საზოგადოების, მშობლებისა და საგანმანათლებლო საზოგადოების მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ – რას ეტყოდით მათ?

– მე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს კლავს არა სკოლაში გატარებული საათების რაოდენობა, არამედ ამ საათების არაეფექტურობა. კლავს სკოლების აქტივობების შეუსაბამობა ამ მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან და იმ რესურსების ნაკლებობა, რომლებიც ასაკობრივად შეეფერებათ ბავშვებს.

ეს არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და საზოგადოებაშიც რაღაცნაირად უნდა ვიმუშაოთ. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოს განვითარებაში საჭიროა გარდატეხა, თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, არ ვიყოთ მაჩანჩალა და სხვაზე დამოკიდებული ქვეყანა. შევხედოთ, ჩვენი ქვეყანა, რომელიც იყო რეგიონალური ცენტრი მეცნიერებაშიც, ტექნოლოგიებშიც, ხელოვნებაში თუ კულტურაშიც, დღეს მას საკუთარი როლი აქვს დაკარგული. ეს გამოიწვია განათლების დონის ვარდნამ, არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ საზოგადოების მხრიდან და ქვეყნიდან პროფესიონალების ნელ-ნელა გადინებამ. თუ არ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება და საზოგადოების მხრიდან დაკვეთა, რომ თავის ადგილზე იდგეს მასწავლებელიც, თვითონაც, დირექტორიც და მინისტრიც, მაშინ არაფერი არ გამოვა.

– რა არის პირველი ნაბიჯები, რაც პანდემიის შედეგად გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შესახებ ჩატარებული კონფერენციის შემდეგ გადაიდგმება?

– ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან. როგორც ნახეთ, ჩვენ, დონორული პროგრამების, უნივერსიტეტებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ერთ მაგიდაზე ვიჯექით კონფერენციის მიმდინარეობისას. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ კონფერენციის ფარგლებში რა რეკომენდაციებსაც შევიმუშავებთ, ეს რეკომენდაციების პაკეტი იქნას დეტალურად განხილული და დამუშავებული, იქნას შეფასებული რა არის მოცემულ პირობებში ყველაზე რეალისტური და ავირჩევთ რამდენიმე ასეთ სტრატეგიულ მიმართულებას. ამას აკეთებს სამინისტრო, ამას აკეთებენ სკოლები, სკოლების დირექტორები და ადმინისტრაცია. ამას აკეთებენ მასწავლებლებიც, რომ რაც შეიძლება მალე გადაიდგას სათანადო ნაბიჯები დანაკლისის დასაძლევად.

ეს კონფერენცია მაისში იმიტომ ჩატარდა, რომ ზაფხული კიდევ წინ არის. სექტემბერი რომ მოვა და სასწავლო პერიოდი დაიწყება, ჩვენ მომზადებულები უნდა დავხვდეთ ამ პერიოდს. ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი სასწავლო წელი. არამედ, სპეციფიკური, დახუნძლული და გაძლიერებული, რადგან გადასალახი გვაქვს ის, რაც ვერ გადავლახეთ წინა ორი წლის განმავლობაში. თუ ჩვენ ამ პერიოდს ეფექტურად გამოვიყენებთ, ჩვენ შევძლებთ რომ არამხოლოდ დავაკვალიანოთ პედაგოგები, არამედ გარკვეული რესურსების პაკეტითაც კი უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ არ გავიაზრეთ, რომ ეს პრობლემა საყოველთაოა და მასში ყველას ჩართვა თანაბრად არის საჭირო, პანდემიის შედეგების დაძლევას ვერ შევძლებთ და გვეყოლება კიდევ ერთი, ორი ან სამი ტალღა საკმარისი ცოდნისა და ინტელექტუალური განვითარების არმქონე ახალგაზრდებისა. ამ შემთხვევაში კი ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ ექნება.

ამავე თემაზე:

მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

ესაუბრა გოგა ნიჟარაძე

The post „გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

მიმდინარე წლის 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის ,,არბო, პარიზი, ლიმა…“ პრეზენტაცია.

ნაშრომში დოკუმენტურ და ნარატიულ წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილია პატარა ლიახვის ხეობაში თავისი სიძველეებით გამორჩეული სოფლის – არბოს წარსული, მისი მდებარეობა, ეთნიკური სახე და პოლიტიკური ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები და საეკლესიო სიწმინდეები. აღნიშნულ სოფელში მცხოვრები დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრის – გიორგი ჟურული ოჯახის თავგადასავალი. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ჟურულებთან ჩასიძებული, არბოში მცხოვრები ქართველი გენერლის ილია მაქარაშვილის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას და მოღვაწეობას.

,,წიგნი ინფორმაციულია და მისი სახით სამეცნიერო ბრუნვაში შემოდის არაერთი ისტორიული დოკუმენტი და ფოტომასალა. შესაწავლილია ჟურულების და მაქარაშვილების გენეალოგია. წიგნი გარდა გენეალოგიურო და პოლიტიკური მიმოხილვის და შეაიცავს მნიშვნელოვან სიახლეებს სამხედრო საქმის, ქართული თეატრის, ცხინვალისა და ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების შესახებ“ – აღნიშნა წიგნის ერთ-ერთმა რედაქტორმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთნოლოგიის დოქტორმა, მირიან ხოსიტაშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: წიგნის რედაქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე;

ნაშრომის რეცენზენტები: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პაატა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი.

ნაშრომის კულტურულ აქცენტებზე და ავტორის შემოქმედებითი წერის სტილზე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი და პუბლიცისტი, იოსებ ჭუმბურიძე.

წიგნის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: ცნობილმა ეთნოლოგმა ელდარ ნადირაძემ, ანდრია პირველოწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, სერგო ვარდოსანიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კახა კვაშილავამ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და სახელოვანი წინაპრების შთამომავალმა, ლელა მაქარაშვილმა.

პრეზენტაციის დასასრულს წიგნის ავტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და მათ წიგნები საჩუქრად გადასცა.

საღამოს უძღვებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი იოსებ ალიმბარაშვილი.

წიგნი გამოსცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

The post გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


აზარალებს თუ არა ექსკურსიებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შიდა ტურიზმს

$
0
0

„ერთი შეხედვით ლოგიკურია, თუ ბავშვები შიდა ტურებს აღარ გააკეთებენ, ტურიზმის შემოსავლის რაღაც ნაწილი დაიკარგება და ამაზე ტურიზმის ადმინისტრაციაც უნდა საუბრობდეს, თუმცა არ საუბრობს“, – ასე აფასებს დღეს მოლაშქრეთა ფედერაციის პრეზიდენტი განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო ექსკურსიებზე დაწესებულ რეგულაციებს და მიიჩნევს, რომ სამინისტროს ასეთი აკრძალვები მხოლოდ მოსწავლეებზე პასუხისმგებლობის მოშორებას ემსახურება.

ანრი რობაქიძე აქცენტს აკეთებს საექსკურსიო ლოკაციის 150 – კილომეტრიან შეზღუდვაზე და ამბობს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია არ საუბრობს ამ პრობლემაზე, რადგან სინამდვილეში ბავშვები მაინც თავისით ივლიან ექსკურსიებზე, ამ მომენტში კი მათზე პასუხისმგებელი უკვე აღარავინ იქნება.

„ამაზე უნდა საუბრობდნენ ტურიზმის ადმინისტრაციაში, რომ ცუდი იქნება თუ ბავშვები აღარ გადაადგილდებიან ერთი ქალაქიდან მეორეში, თუმცა ისინი არ საუბრობენ ამ პრობლემაზე და ამასაც აქვს ახსნა რატომ. სინამდვილეში, ეს პროცენტულობა არ შეიცვლება, ბავშვები მაინც ივლიან ექსკურსიებზე და ვერავინ მათ ამას ვერ აუკრძალავს, ოღონდ ისინი ივლიან სკოლის გარეშე და მათზე პასუხისმგებელი აღარავინ იქნება“, – განაცხადა ანრი რობაქიძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ის ეხმიანება ღამისთევით ექსკურსიის აკრძალვის თემასაც და მიიჩნევს, რომ სამინისტროს შემოღებული რეგულაციები ბავშვებს რეალურად ვერ დაიცავს, რადგან უბედური შემთხვევა ყოველ წამს შეიძლება მოხდეს და მნიშვნელოვნად თვლის, ექსკურსიები პროფესიონალებმა დაგეგმონ.

„უბედური შემთხვევები რამდენიმე წამში ხდება და არა რამდენიმე დღეში, ამიტომ შეზღუდული იქნება თუ არა დღეების რაოდენობა, ეს არაფერს ცვლის. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეების რაოდენობა შევზღუდოთ, არამედ ის, რომ ექსკურსიების აღსრულება პროფესიონალმა ადამიანებმა გადაიბარონ. საქართველოში აქტიურია მოლაშქრეთა კლუბები და არასდროს აზრადაც კი არ მოგვსვლია, რომ აგვეკრძალა ან შეგვეზღუდა სადმე წასვლის დროითი ინტერვალი, ასეთი რამის მაგალითი მსოფლიოში არ გვაქვს. უცხოეთში ბევრად უფრო მარტივადაა საქმე, იქ ექსკურსიებს გეგმავენ პროფესიონალი მოლაშქრეები და ამაში არ ერევიან არც მასწავლებლები და არც დირექტორები“, – ამბობს მოლაშქრეთა ფედერაციის პრეზიდენტი.

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველს განმარტავს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებს აეკრძალათ ღამისთევით ქალაქიდან გასვლა და მათ მხოლოდ 1-დღიანი ექსკურსიების მოწყობის უფლება მიეცათ. ამასთან ერთად, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ სკოლიდან საექსკურსიო ლოკაციამდე მანძილი 150 კმ-ს არ აღემატებოდეს. განათლების სამინისტრომ ასევე განსაზღვრა, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარის ან წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, სკოლებს დაევალათ, რომ ექსკურსიაზე თან ახლდეთ ერთი ქმედითუნარიანი პირი, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლება. სამინისტრომ გადაწყვეტილებით, მკაცრდება კონტროლი ექსკურსიის მონაწილეების გადასაყვან ტრანსპორტზეც.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post აზარალებს თუ არა ექსკურსიებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შიდა ტურიზმს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კომპლექსური დავალებების ბანკი მუსიკაში სხვადასხვა კლასებისთვის

$
0
0

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მასწავლებლებისთვის არაერთი სხვადასხვა რესურსები იქმნება.

ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის, “ზოგადი განათლების რეფორმის” ფარგლებში არსებულ სხვადასხვა რესურსებს დაემატა კომპლექსური დავალებების ბანკი მუსიკაში კლასების მიხედვით.

საგანი მუსიკა II კლასი

საგანი მუსიკა IV კლასი

საგანი მუსიკა V კლასი

საგანი მუსიკა VI კლასი

საგანი მუსიკა VIII კლასი

საგანი მუსიკა IX კლასი

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.

ასევე იხილეთ:

კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IV კლასებისთვის

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

The post კომპლექსური დავალებების ბანკი მუსიკაში სხვადასხვა კლასებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რას ნიშნავს იყო ექიმი? –ბიძინა კულუმბეგოვი სტუმრად ალტე უნივერსიტეტში

$
0
0

გაეცანი პროფესიას ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია შეხვდე სხვადასხვა დარგის პროფესიონალს, გაიგო რა გზა განვლეს მათ წარმატების მისაღწევად და დაუსვა კითხვები.

გაეცანი პროფესიის შემდეგ, რიგით მესამე, შეხვედრა დაეთმობა თემას: რას ნიშნავს იყო ექიმი? ივენთის სტუმარი იქნება ექიმი-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.

შეხვედრის დრო: 11 მაისი, 18:00 საათი
ადგილი: ალტე უნივერსიტეტი.
დასასწრებად დარეგისტრირდი აქ.

The post რას ნიშნავს იყო ექიმი? – ბიძინა კულუმბეგოვი სტუმრად ალტე უნივერსიტეტში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საჯარო ლექცია თემაზე: “განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ” SANGU-ში

$
0
0

10 მაისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ექსპერტმა და მწერალმა ლინკოლნ მიტჩელმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ”.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორმა დეტალურად და საინტერესოდ მიმოიხილა ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული განსხვავებები.

საჯარო ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, პროფესორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

The post საჯარო ლექცია თემაზე: “განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ” SANGU-ში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას

$
0
0

„ტელესკოლის გაკვეთილები სრულიად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის საჭირო უნარების განვითარებას“, – ამის შესახებ აუდიტის 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც „ტელესკოლის“ ეფექტიანობას ეხება.

აუდიტი ასკვნის, რომ „ტელესკოლის“ განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა იგი ძირითად მიზანს.

„ტელესკოლის“ გამოყენების შეფასების მიზნით და ზემოაღნიშნული მონაცემების მოსაპოვებლად, აუდიტმა განათლების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ სამინისტრო აღნიშნულ ციფრებს არ ფლობს. ეს ინფორმაცია არ აქვს არც საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელზეც გადის საგანმანათლებლო პროგრამა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც უცნობია პროექტ „ტელესკოლის“ ნახვადობის სტატისტიკა და რეიტინგები. პროგრამის განმახორციელებელი ერთეულები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროექტს, რომელი რეგიონის მოსწავლეებისთვის არის პროექტი საინტერესო, რომელი კლასის და რომელი საგნის გაკვეთილები არის მეტად/ნაკლებად ყურებადი მოსწავლეების/მასწავლებლების მიერ, სად არის პროექტის გაუმჯობესების პოტენციალი. სამინისტრო ფლობს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, თუმცა არ არსებობს მსგავსი მონაცემი საგნების მიხედვით ყურებადობისა და იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც იყენებენ ტელესკოლას, როგორც დამხმარე რესურსს. შესაბამისად, არ მიმდინარეობს პროცესის სათანადო მონიტორინგი, რაც აფერხებს პროექტის ეფექტიანობის შეფასებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში „ტელესკოლის“ საგნებსა და სილაბუსზეც არის ყურადღება გამახვილებული. აუდიტმა შეისწავლა „ტელესკოლის“ 2020 – 2021 წლებში ჩაწერილი საგნები კლასების მიხედვით და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს შეადარა. პროგრამის ფარგლებში ჩაწერილია როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნის ტელეგაკვეთილები სხვადასხვა კლასებისთვის, თუმცა გადაცემა არ მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 2 სავალდებულო საგანს:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – დაწყებითი და საბაზისო საფეხური;
  • მეორე უცხო ენა – მე-5 და მე-12 კლასები.

აუდიტის მიერ გამოკითხული 52 მასწავლებლიდან, 12 მათგანი სწორედ ამას ასახელებს „ტელესკოლის“ ერთ-ერთ უარყოფით მხარედ.

აუდიტი წერს, რომ პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის მარტი – დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული იყო სხვადასხვა საგნის 199 მასწავლებელი. მათი შერჩევა საჯარო კონკურსით არ მომხდარა და ისინი ორ ეტაპიანი პროცესის გავლის შემდეგ აიყვანეს:

„პირველ ეტაპზე სამინისტრომ წარმოადგინა პოტენციური მასწავლებლები თბილისის სკოლებიდან და წარუდგინა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, ხოლო შემდეგ სატელევიზიო ფორმატისთვის შეარჩიეს მასწავლებლები“.

ანგარიშის ავტორთა ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები განათლებას მხოლოდ „ტელესკოლის“ დახმარებით იღებდნენ: 2019 – 2020 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში 8,564 ბავშვი იღებდა მხოლოდ „ტელესკოლით“ განათლებას, 2020 – 2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში – 3,267 მოსწავლე, ხოლო მე-2 სემესტრში – 2,314 მოსწავლე.

დოკუმენტში ასევე საუბარია სამი ძირითადი საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ინგლისური ენის შესახებ და როგორც აუდიტი წერს, მითითებულ საგნებში „ტელესკოლის“ სილაბუსი სრულიად ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ძირითად მასალას.

მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც განათლებას იღებდნენ მხოლოდ ტელესკოლის საშუალებით, რეგიონების მიხედვით:

„ტელესკოლაზე“ ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენების მაჩვენებლები:

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის ჩაატარა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მოქმედების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში „ტელესკოლა“ ხელმისაწვდომი არ იყო 8,920 მოსწავლისთვის, რაც ამავე სასწავლო წლის მოსწავლეების 1,7%-ს შეადგენს, ხოლო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში – 6,815 მოსწავლისთვის, რაც ამავე წელს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 1,3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება აუდიტის გამოკითხვას „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით, ამ გამოკითხვით რამდენიმე ფაქტორი გამოვლინდა:

„ტელესკოლის“ გამოყენება: პროგრამა არასდროს გამოუყენებია 312 გამოკითხული მასწავლებლიდან 52-ს; მე-12 კლასის 183 მოსწავლიდან 56-ს და 1-9 კლასის 81 მოსწავლიდან 23-ს. „ტელესკოლას“, როგორც დამხმარე რესურსს, ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში იყენებს გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 142, ხოლო მომავალში გამოყენებას გეგმავს – 259.

„ტელესკოლის“ თემატიკა: გამოკითხული 144 სრულწლოვანი მოსწავლიდან – 75 და 1-9 კლასის 69 მოსწავლის მშობლიდან 40 თვლის, რომ ნაწილობრივ არსებობს კავშირი „ტელესკოლისა“ და სკოლის გაკვეთილებზე ახსნილ მასალებს შორის. გამოკითხული 145 სრულწლოვანი მოსწავლიდან 86-ისა და 1-9 კლასის 68 მოსწავლის მშობლიდან 54-ის აზრით, „ტელესკოლის“ გაკვეთილზე ახსნილი მასალა იყო გასაგები.

უკუკავშირი: გამოკითხული 139 სრულწლოვანი მოსწავლიდან 55-ს და 1-9 კლასის 65 მოსწავლიდან 29-ს, „ტელესკოლის“ ყურების შემდეგ, ნანახ მასალასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია მასწავლებლებთან უკუკავშირი.

აუდიტის სამსახური იშველიებს UNICEF – ისა და საქსტატის მიერ ჩატარებულ კვლევასაც, რომლის მიხედვით, 6-17 წლის ბავშვების 57,3% უყურებდა ან უსმენდა სატელევიზიო გაკვეთილებს სკოლების დახურვის შემდეგ, ხოლო 2021 – 2022 წელს 3,1% უყურებდა ტელესკოლის ყველა გაკვეთლს, 5,1% – ზოგიერთ გაკვეთილს და 91,7% არ იყენებდა ტელესკოლას.

დოკუმენტში მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის კვლევის შედეგებიც ტელესკოლის გამოყენების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

„სამინისტროს მიერ პანდემიის საპასუხოდ განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, დისტანციური სწავლების პროცესს გააჩნდა გარკვეული ნაკლოვანებები და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას“, – დასძენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარ ანგარიშში.

ამვე თემაზე:

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება –ყველა დეტალი

$
0
0

განათლების სამინისტროს მიერ, 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში განხორციელებული ცვლილებების გამო, მშობლების ნაწილი გაურკვევლობამ მოიცვა, რადგან მოსწავლეთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებული ჰგონიათ. არაერთი მათგანი EDU.ARIS.GE-ს რედაქციას წერს, რომ სარეგისტრაციოდ საჭირო ვებგვერდი ჩართული არ არის და დახმარება სჭირდებათ. ამ ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგიყვებით პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დეტალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 21 აპრილის ინფორმაციაზე დაყრდნობით:

III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

როგორ გამოიყურება ველი, სადაც მოსწავლეს დავარეგისტრირებ და რომელი განყოფილებები უნდა შევავსო?

პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია

რას ნიშნავს სექტორი?

სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელ ენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორ ვარჩევ სკოლას და რა უფლებებით ვსარგებლობ?

მშობელმა, პირველ რიგში, უნდა შეარჩიოს სკოლა, მისთვისა და ბავშვისთვის ოპტიმალური, მოსახერხებელი არჩევანი გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ტერიტორიული სიახლოვე, კვალიფიციური კადრებისა თუ ზოგადად სკოლის მაღალი რეპუტაცია, წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მონაწილეობა, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო პროექტებში, გაძლიერებული კათედრები თუ სხვა.

არჩევანის შეცვლას გადაწყვეტთ? გახსოვდეთ, რომ ბოლო ეტაპს არ დაელოდოთ, რადგან როგორც წესი, სკოლებში ადგილები შეზღუდულია, თუ თქვენი შვილი არასასურველ სკოლაში ჩაირიცხა მობილობის შესაძლებლობა არსებული კანომდებლობით მხოლოდ პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ მოგეცემათ. ასევე, მშობელს აქვს უფლება რეგისტრაციის დაწყებამდე ბევრათ ადრე გამონახოს დრო შერჩეულ სკოლაში ვიზიტისთვის და მიიიღოს მასზე დეტალური ინფორმაცია, ასევე იკითხოს რამდენი პირველკლასელის მიღების რესურსი აქვს სკოლას, ვინ არიან მასწავლებლები, დამრიგებლები, გაეცნოს მათ პორტფოლიოს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლეთა წარმატების შესახებ და გაარკვიოს რამდენად უსაფრთხოა სკოლა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველჰყოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. თუ განგიმარტეს, რომ ეს უფლება მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ მოგეცემათ და მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია სკოლის შინა განაწესი წაიკითხოთ, შეახსენეთ, რომ ამის უფლება თქვენ გაქვთ ან უბრალოდ მიმართეთ შესაბამის დაწასებულებებს, რომლებსაც ქვემოთ ვახსენებთ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოვტოვებთ?

თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ან შეფერხებას შეგიქმნით სკოლა ან გექნებათ სხვა მიზეზი, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის ტერიტორიულ ერთეულშიც მდებარეობს სკოლა და ოპერატიულად შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.

აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ თითოეული ეტაპი გარკვეულ დროს მოიცავს, რასაკვირველია, უნდა დაიცვათ რეგისტრაციის ვადები და ბოლო დღეს არ დაიწყოთ რეგისტრაცია, რადგან უფრო ნაკლები დრო გექნებათ პრობლემის მოსაგვარებლად, და შესაძლოა ვადებში ვერ ჩაეტიოთ ან უბრალოდ მოხვდეთ თქვენთვის არასასურველ სკოლაში.

ასევე იხილეთ:

მნიშვნელოვანი ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში – განახლებული პროცედურა 2022 წლისთვის

The post პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

GRUNI და აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

$
0
0

2022 წლის 6 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ინჩა ალიევა.

აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობდა უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა.

სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო გარემო, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედია ცენტრი, გაეცნო ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამას, შეხვდა პროფესორ-მასწავლებლებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორივე მხარემ განიხილა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, დაგეგმა ლექციათა ციკლი, ერთობლივი კვლევები, სასწავლო ვიზიტები, ორმხრივი გაცვლითი პროგრამები და სხვა, რაც აისახება კიდეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გრუნის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე მაკა ფირანაშვილი და ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.

The post GRUNI და აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის აკადემიაში

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გაცნობითი სახის ვიზიტით, სტუმრად, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სტუმრად იმყოფებოდა ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, კომანდერ ბიორნ ულე გროდასი და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) დელეგაცია. სტუმრებს რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ყავლაშვილი, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ცენტრის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია აკადემიის შესახებ და გაეცნენ დისტანციური კვლევითი ცენტრის ფუნქციებს, მიზანს, ასევე ცენტრის ხედვას და დასახულ ამოცანებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დისტანციური სწავლების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.

The post ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის აკადემიაში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

განათლების სამინისტრო თსუ-ს: მაქსიმალურად გაითვალისწინეთ სტუდენტების მდგომარეობა

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თსუ-ის სტუდენტების პროტესტიდან ერთი თვის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართავს:

EDU.ARIS.GE სამინისტროდან დღეს მიღებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის უწყების განცხადებაში.

როგორც ცნობილია, სტიდენტების ნაწილმა გუშინდელი ღამე თსუ-ის სააქტო დარბაზში გაათენა და დღეს რექტორთან შეხვედრას ელის, მათი მთავარი მოთხოვნაა ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა დისტანციურად შეძლონ და უნივერსიტეტმა ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი აამოქმედოს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი სრულად დასწრებულ რეჟიმში 2 მაისს განახლდა.

ამავე თემაზე:

თსუ-ის სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ღამე უნივერსიტეტში გაათენა

The post განათლების სამინისტრო თსუ-ს: მაქსიმალურად გაითვალისწინეთ სტუდენტების მდგომარეობა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართება

$
0
0

2022 წლის 10-16 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები იტალიიდან, პოლონეთიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან.

საზაფხულო სკოლა გაგრძელდება ერთ კვირას, პროგრამა მოიცავს ლექციების სერიას და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ: განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერების და პანდემიებთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღნიშნული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით რიგით მეხუთედ გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის პროცესების მხარდაჭერას და ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას მულტიდისციპლინურ სფეროებში.

The post გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

$
0
0

მიმდინარე წლის 10 მაისს გორის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა ,,ჰორიზონტი ევროპის’’ საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების წამყვანი ჩარჩო პროგრამა ,,Horizon Europe’’-ის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და სტრუქტურა. ასევე, ეროვნული და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების როლი და ჩართულობა ამ პროცესში.

შეხვედრას უძღვებოდა “ჰორიზონტი ევროპის” საუნივერსიტეტი საგრანტო ოფისის კოორდინატორი გიორგი მღებრიშვილი

The post გორის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს

$
0
0

უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედპერსონალმა, უკარაინასთან სოლიდარობის ნიშნად, პაციენტი ქართული და უკრაინული დროშებით გააცილა.

ოჯახი საქართველოში, ბათუმში ომამდე ჩამოვიდა და საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლო. ოპერაცია, რომელიც მარტის თვეში კიევში ჰქონდათ დაგეგმილი, ომის გამო ვერ გაკეთდა და სამედიცინო მომსახურება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაეწიათ.

პაციენტი ჰოსპიტალში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოსტოპერაციულად.

ხარჯები მთლიანად ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გაიღო.

The post უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14421 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>