Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14530 articles
Browse latest View live

რას ნიშნავს „დაუძლეველი ძალა“ –სოფიო გორგოძის განმარტება აბიტურიენტებს

$
0
0

„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ დროულად გამოცხადდეთ საგამოცდო ცენტრში“, – ამ სიტყვებით 2023 წლის აბიტურიენტებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, დღეს, 1-ელ ივლისს მიმართა.

NAEC-ის ხელმძღვანელი, მედიისთვის გამართული ღია კარის დღის ფარგლებში, 177-ე საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სოფიო გორგოძემ განუცხადა, გარდა იმისა, რომ აბიტურიენტებმა დაგვიანებასთან დაკავშირებით უნდა იფრთხილონ, ისიც არ უნდა დაივიწყონ, რომ რეგისტრაციის მესამე ეტაპი -პროგრამების გადარჩევა, ჯერ კიდევ შეუძლიათ.

„გარდა იმისა, რომ აბიტურიენტები დროულად უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში, ჩემი კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება ის, რომ რეგისტრაციის მესამე ეტაპი -პროგრამების გადარჩევა, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ და როცა ეციდინებათ რა ქულებით დაასრულეს გამოცდები, აუცილებლად გადახედონ კიდევ ერთხელ საკუთარ არჩევანს. არ მინდა, წელს გვქონდეს ისეთი შემთხვევები, როცა აბიტურიენტებმა ნორმალური ქულები მოიპოვეს გამოცდებზე, მაგრამ ვერსად ჩაირიცხნენ“, – თქვა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველი აბიტურიენტებისთვის ასევე განმარტა, რას ნიშნავს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე საპატიო დაგვიანების მიზეზთა შორის დასახელებული კატეგორია – “დაუძლეველი ძალა”:

„ხანძარი, ზვავი, წყალდიდობა, მიწისძვრა… თუ დაუძლეველ ძალასთან მოუწიათ აბიტურიენტებს გამკლავება, მაშინ უნდა მოგვმართონ განცხადებით და ამ შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლებათ გამოცდაზე დაგვიანება“.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სოფიო გორგოძეს დავუსვით, საგამოცდო სექტორში კონდიციონერის ტემპერატურას შეხებოდა.

სოფიო გორგოძემ განგვიმარტა, რომ კონკრეტული რეგულაცია, თუ რა ტემპერატურაზე შეიძლება იყოს კონდიციონერი ჩართული, არ არსებობს და შესაბამისი გრადუსი ამინდის მიხედვით რეგულირდება.

„რა ტემპერატურაზე უნდა იყოს ჩართული კონდიციონერი ამასთან დაკავშირებით კონკრეტული რეგულაცია არ გვაქვს. კონდიციონერებს ვრთავთ დილიდან, თუმცა ისეც ხდებს ხოლმე, რომ თავად აბიტურიენტები გვთხოვენ გამოვრთოთ, ან დავარეგულიროთ ტემპერატურა. ხშირად იყოფა ხოლმე საგამოცდო სივრცეში მყოფი აბიტურიენტების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და უმრავლესობის აზრი როგორიც იქნება, ისე დარეგულირდება ტემპერატურაც“, – განმარტა NAEC-ის ხელმძღვანელმა.

სოფიო გირგოძემ დამატებით აღნიშნა, რომ საგამოცდო სივრცეში კონდიციონერის ტემპერატურას დამკვირვებელი არეგულირებს, აბიტურიენტმა სწორედ მას უნდა მიმართოს და თუ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, აქვს გასაჩივრების უფლებაც:

„თუ აბიტურიენტმა პროცედურული დარღვევად მიიჩნია ეს საკითხი, შეუძლია, რომ დაწეროს საჩივრის განცხადება დღის ბოლომდე“.

ასევე იხილეთ:

როდის შეეძლება გამოცდაზე დაგვიანებულ ან გამოუცხადებელ აბიტურიენტს დამატებითი ტესტირება მოითხოვოს – ბრძანება

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post რას ნიშნავს „დაუძლეველი ძალა“ – სოფიო გორგოძის განმარტება აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


დაიცავით 8 საათიანი ძილის რეჟიმი და აკონტროლეთ კვება –გამოცდის წინა დღის ინსტრუქცია აბიტურიენტებს

$
0
0

როცა დილას დაღლილი და საქმისთვის მოუმზადებელი სახით ვიწყებთ, გვესმის ლოგიკური კითხვა – „კარგად გამოიძინე?“. მართლაც, ის, თუ როგორ გეძინა ღამით მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოიყურები და მუშაობთ მომდევნო დღეს. აბიტურიენტებისთვის ახლა ძილი, დასვენება და სწორი დღის რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ ივლისის თვეში გამოცდები ელით წინ და ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სწორედ იმისთვის, რომ გამოცდებზე თქვენი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ და ამის მისაღწევად პროფესიონალის რჩევებს იცნობდეთ, EDU.ARIS.GE ქცევის თერაპევტსა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ფსიქოლოგს, მარიამ ჭამიაშვილს ესაუბრა.

– პირველ რიგში, გვითხარით, როგორი უნდა იყოს გამოცდის წინა დღე აბიტურიენტისთვის, ფიზიკურად დატვირთული თუ პირიქით?

– ზოგადად, გამოცდების წინა პერიოდი ძალიან რთული და სტრესული ეტაპია აბიტურიენტისთვის. უშუალოდ გამოცდის მოახლოებასთან ერთად, იზრდება სტრესის დონე და შფოთვა, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის მათ რაციონალურ აზროვნებაში. სწორად ამიტომ, გამოცდის წინა დღე არა პროგრამის გადამეორებას, არამედ განტვირთვას უნდა მიეძღვნას. მაქსიმალურად მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ყოფნაა სასურველი. ფიზიკურ დატვირთვას რაც შეეხება, სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ყოველთვის კარგი არჩევანია. აბიტურიენტებს ვურჩევ, მოერიდონ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. არ წავიდნენ გამოცდის წინა დღეს რეპეტიტორებთან, მძიმე ვარჯიშისგან თავი შეიკავონ და მაქსიმალურად ორიენტირებული იყვნენ დასვენებაზე.

– რომელ საათზე უნდა გაიღვიძონ და დაიძინონ გამოსაცდელებმა, დღის მანძილზე რა შეუძლიათ, რომ აკეთონ?

– ვინაიდან ძილის რეჟიმი თითოეული ადამიანისთვის ძალიან ინდივიდუალურია, არ შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ 07:00 ან 08:00 საათზე გაღვიძება იქნება უპრიანი, თუმცა კარგად გამოძინება და დასვენებული სხეული, გონებასაც დაეხმარება აზროვნების პროცესში. ღამით, 22:00-დან 12-საათამდე შუალედში დაძინება და 8 საათიანი ძილის ხანგრძლივობა საუკეთესო დროა ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად. დღის მანძილზე კი ყველაფრის კეთება შეიძლება, რაც არ არის დაკავშირებული გადატვირთვასთან, სტრესთან. ყველაფერი, რაც არ მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

– კვების ნაწილში როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია, გამოცდის დღეს, გამოცდის დაწყებამდე, აუცილებელია აბიტურიენტმა საკვები მიიღოს და რა მიირთვას?

–  ვინაიდან აბიტურიენტები მთელი წლის განმავლობაში ძალიან დატვირთულები არიან, არა მხოლოდ წინასაგამოცდოდ, არამედ მთელი წელი უნდა აკონტროლონ საკვები რაციონი. გარდა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რომელი პროდუქტი ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში და გამოიმუშავებს ე.წ. ბედნიერების ჰორმონებს, ესენია: ავოკადო, შავი შოკოლადი, სატაცური, ზღვის პროდუქტები და ა.შ. უშუალოდ გამოცდის წინა პერიოდში მცენარეული ჩაი, თაფლი და თხილეული, დაეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებასა და კონცენტრაციის გაზრდაში.

გამოცდამდე საკვების მიღება ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ყურადღების კონცენტრაცია რთულდება როდესაც ორგანიზმს არ აქვს მიღებული საკმარისი კალორიული მარაგი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საკვები სასურველია იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და ნოყიერი, რათა შიმშილის გრძნობამ არ შეუშალოს ხელი აზროვნების პროცესს, ან მძიმე საკვებმა არ შექმნას დისკომფორტი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე,მსუბუქი საკვები, კალორიებით და ცხიმებით გამდიდრებული პროდუქტი საუკეთესო არჩევანია. ეს შესაძლოა იყოს ფაფა თხილეულით და თაფლით, ავოკადოს ტოსტი, ხემსი (შავი შოკოლადი, ნიგოზი, ნუში) და ა.შ.

– მიმართეთ აბიტურიენტებს

– ეცადეთ, რომ თქვენი გონება მიმართოთ საკუთარი ძალების რწმენისკენ, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი იშრომეთ და არა იმაზე, რა შეიძლება რომ შეგხვდეთ ტესტში. დაუთმეთ წინა საღამო საკუთარ თავს და განიტვირთეთ. სუნთქვითი სავარჯიშოები, სასიამოვნო მუსიკა, ფეხით სეირნობა დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.

ასევე იხილეთ:

როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს – ჯანსაღი ქცევის ინსტრუქცია მშობლებს

ესაუბრა მზეო შველიძე

The post დაიცავით 8 საათიანი ძილის რეჟიმი და აკონტროლეთ კვება – გამოცდის წინა დღის ინსტრუქცია აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დაიწყო

$
0
0

2023 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერას დაიწყებენ, რომელიც დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილას და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რა სიახლეებია აბიტურიენტებისათვის 2023 წლის გამოცდებზე

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.

2023 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023

რაც შეეხება ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. სტატისტიკა კი ასეთია: სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.

2023 წლის ზაფხულის გამოცდებში, აბიტურიენტების შემდეგ, უკვე 6 ივლისიდან უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებული გამოსაცდელები ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება, ზაფხულის გამოცდები კი 28 ივლისს. EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ეცდება, ყოველდღიურად მოგაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციები პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ისწავლეთ ცოდნის მისაღებად!“ –განათლების მინისტრი აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს ესწრება

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დღეს, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტების გამოცდის წინა რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძესთან ერთად, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ადევნებს თვალს.

მან აბიტურიენტებს პირდაპირ ეთერში უსურვა წარმატებები და მოუწოდა, რომ მთავარია წყნარად და მშვიდად იმუშაონ.

„მინდა, მათ ვუსურვო, რომ მშვიდად და წყნარად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. ისწავლეთ ცოდნის მისაღებად!“, – მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post „ისწავლეთ ცოდნის მისაღებად!“ – განათლების მინისტრი აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს ესწრება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ბათუმში მოსწავლე სკოლის გამოცდის ნაცვლად, აბიტურიენტების საგამოცდო ცენტრში მივიდა

$
0
0

ბათუმის მე-14 საკარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც დღეს აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება მე-10 კლასის მოსწავლე მივიდა და განაცხადა, რომ გამოცდას აბარებს.

ყველაფერი მშვიდობიანად და ღიმილით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ამ მოსწავლესაც გამოცდა ჰქონდა, თუმცა სკოლის გამოცდა.

რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, მოსწავლესა და მშობელს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ განუმარტა, რომ ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრია და სხვა შენობაში გადაამისამართა.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 14 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, არ ყოფილა დაგვიანების არცერთი შემთხვევა.

2023 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტები უკვე საგამოცდო სექტორებში იმყოფებიან და მუშაობენ. ქართულში გამოცდა დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ბათუმში მოსწავლე სკოლის გამოცდის ნაცვლად, აბიტურიენტების საგამოცდო ცენტრში მივიდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის აბიტურიენტებს მიმართავს

$
0
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, 2023 წლის აბიტურიენტებს მიმართავს, რომელთა ნაწილიც დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.

“ძვირფასო აბიტურიენტებო,

მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი.

ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობა და უსაფრთხო მომავალი შეგიქმნათ.

აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებს გარანტირებულად ჰქონდეთ მშვიდი და ხელსაყრელი გარემო.

წინასწარ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლას”, – ვკითხულობთ გავრცელებულ მიმართვაში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის აბიტურიენტებს მიმართავს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„თქვენიც ჩააბარებს, საღაცა რავა არ მოხვდება“ –ქუთაისელი გულშემატკივრები ფორმაში არიან

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებშიც ტარდება. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გვატყობინებს, აქაური გულშემატკივრები ტრადიციულად, წელსაც განსხვავებულად ამხნევებენ გამოცდაზე შემსვლელებს. ისინი კი, ვინც შვილის გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრთან ნერვიულობა უკვე გამოსცადა, წლევანდელ მშობლებს ყველაზე იოლად და იუმორით ამშვიდებენ.

“ჩემი ბიჭიც აქანე აბარებდა, თქვენიც ჩააბარებს, საღაცა რავა არ მოხვდება”, – შუახნის ქალბატონის სწორედ ეს სიტყვებია, 23-ე საჯარო სკოლასთან მყოფ ყველა გულშემატკივარს რომ მალამოდ მოედო გულზე და ახლა მაქსიმალური სიმშვიდით ელიან თავიანთი აბიტურიენტის გამოსვლას.

გამოცდაზე შესვლამდე კი, მშობლები და ოჯახის წევრები აბიტურიენტებისთვის კარგ რჩევებსაც არ იშურებდნენ და ამ სიტყვებით ამხნევებდნენ:

– “იმაზე იფიქრეთ, რა აზრები ჩააქსოვოთ თემაში”;

– “კარგად დაფიქრდი რას დაწერ, ყველაფერი ნასწავლი გაქვს”;

– “იმაზე იფიქრეთ, რა აზრს ჩააქსოვთ თემაში”;

– “საშიში კი არაა, ჩვეულებირვი საკონტროლო წერაა”;

– “აგერ დაგხვდებით, მთავარია, ყველაფერი დაწერო”;

– “ორჯერ გადაიმეორე საზეპიროები, თემა რამე აქტუალური მოვა”;

– “პროგრამისტობაზე მთავარია რამე დაწერო, მთლად მაღალი ქულა არ გვინდა, თუ დაწერ, კი გაგვიხარდება”;

ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ქალაქ ქუთაისის №23, №17, № 41 საჯარო სკოლებში. სულ ქუთაისში 4000-მდე აბიტურიენტი აბარებს.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

The post „თქვენიც ჩააბარებს, საღაცა რავა არ მოხვდება“ – ქუთაისელი გულშემატკივრები ფორმაში არიან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აკაკი წერეთლის მოთხრობა და „ვეფხისტყაოსანი“ –რა საკითხები ახსოვთ ქართულის გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს

$
0
0

2023 წლის აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიიდან გამოცდიდან გამოსვლა უკვე დაიწყეს და მათი უმეტესობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ამბობს, რომ პროგრამული ნაწილიდან ტესტებში “ვეფხისტყაოსანი”, არაპროგრამულიდან კი აკაკი წერეთლის მოთხრობა შეხვდათ.

თბილისის, 207-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ნია ფოცხიშვილი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს უხსნის, რომ გარემო და სიმშვიდე მუშაობას უადვილებდა.

“დამკვირვებლებიც ზრუნავდნენ ჩვენზე, წინასწარ გაგვაფრთხილეს და მერე დაგვაწყნარეს. მე ძალიან მარტივი ვარიანტი შემხვდა – “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილის და ტარიელის შეხვედრა მოვიდა და აკაკი წერეთლის მოთხრობა მოვიდა ერისთავ როსტომზე. რედაქტირებაც ძალიან მარტივი იყო, გააზრებაც ტექსტთან შესაბამისად არ გამჭირვებია. მოლოდინი კარგი მაქვს, მგონია, რომ 80%-იან ზღვარს გადავლახავ”, – გვითხრა აბიტურიენტმა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

The post აკაკი წერეთლის მოთხრობა და „ვეფხისტყაოსანი“ – რა საკითხები ახსოვთ ქართულის გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს, ერთი არასრულწლოვანია

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს. პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში 21 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.

“პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს. პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულთა განათლებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვას”, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციური სამსახურში.

The post ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს, ერთი არასრულწლოვანია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ფორმით მოვედი, თუ ვერ ჩავაბარებ, პირდაპირ ჯარში წავალ“ –აბიტურიენტები ბათუმის საგამოცდო ცენტრიდან

$
0
0

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს მხიარული აბიტურიენტები დახვდნენ. მათი გამოსვლები ქართულის პირველი სესიიდან ხან ტაშით ჯილდოვდებოდა და ხანაც პირდაპირ ჯარში წაყვანაზე ხუმრობით.

ერთი აბიტურიენტი, ანრი პაიჭაძე, რომელიც გამოცდის საწერად სამხედრო ფორმით გამოცხადდა, ამბობს, რომ ამის მიზეზი ჰქონდა: “ვფიქრობ, ირონიული იქნება, თუ ვერ ჩავაბარებ, პირდაპირ ჯარში წავალ”.

კიდევ ერთ აბიტურიენტ ბიჭს, რომელმაც შენობა ძალიან კეთილი ღიმილით დატოვა, მეგობრები ამ შეძახილით დახვდნენ: “ჯარი, ხომ?!”

ალექსანდრე კიკვაძემ კი, მეგობრებს იმედები გაუცრუა და თქვა, რომ კმაყოფილია თავისი მუშაობით და არა ჯარში წასვლის, არამედ სტუდენტობის მოლოდინი აქვს.

აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ჯარი არ აშინებთ და გამოცდაზე მხოლოდ ჩაბარების იმედით გავიდნენ. ამბობენ, რომ მათ სამეგობროშიც ყველას სტუდენტობის მიზანი აქვს და გამოცდებს ჯარისთვის თავის არიდების გამო არ აბარებენ.

მათ თავიანთი ვარაუდიც გამოთქვეს აბიტურიენტების წლევანდელ რეკორდულ რაოდენობაზე: “საგამოცდო სექტორში დიდი ასაკის ადამიანებიც შევნიშნეთ, ალბათ, ამიტომ იყო წელს ყველაზე დიდი კონკურენცია”.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post „ფორმით მოვედი, თუ ვერ ჩავაბარებ, პირდაპირ ჯარში წავალ“ – აბიტურიენტები ბათუმის საგამოცდო ცენტრიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ –მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული

$
0
0

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, პედაგოგი როლანდ შავაძე დღეს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეხმიანება, აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს, არსებულ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რა უნდა შეიცვალოს მისი აზრით:

“ორიოდე სიტყვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ:

უ️დაოდ, ამ ტიპის გამოცდებით მოისპო კორუფცია. შეიქმნა საყოველთაო შესაძლებლობები. ეროვნულ დონეზე უმაღლესი განათლების მიღების შანსი თითქოს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს მიეცა. ამიტომ ზოგიერთისთვის დღესაც მიიჩნევა ერთ-ერთ სანდო რეფორმად.
თუმცა, გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები.

რატომ?

მარტივად რომ ავხსნათ: თუ გამიმართლა ქალაქში დავიბადე, ჩემს გარემოში კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა და პროფესიონალი მასწავლებლები არიან, ან მდიდარი ოჯახის შვილი ვარ და რამდენიმე წელია ძლიერ რეპეტიტორებთან ვემზადები, ძალიან დიდი შანსი მაქვს სოფლის სკოლების კურსდამთავრებულებს წავართვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობა და ასევე გრანტიც. ანუ, მე კარგ განათლებას პრესტიჟულ უნივერსიტეტში უფასოდ მივიღებ, ხოლო რეგიონის სკოლიდან ჩემი თანატოლი გიორგი თუ ჩაირიცხება პრესტიჟულ უნივერსიტეტში ე.ი მას ძალიან გაუმართლა, მაგრამ მისი ოჯახი სწავლის საფასურის გადახდას დიდი ალბათობით ვერ აიცილებს.

რა უნდა შეიცვალოს?

კაპიტალიზმის პრინციპია, მაღალი კონკურენცია წყვეტს ყველა სფეროში ადამიანების ბედს. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, სწორად გაითვალოს პოტენციური რისკები. გამოცდების ამ მოდელს თუ ვტოვებთ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სკოლებში შეიქმნას თანაბარი პირობები, რაც შეუძლებელია, არ გვაქვს საკმარისი რესურსი, არც პოლიტიკური ნება. მაშინ უნდა შეიცვალოს ეს მოდელი და რეგიონის სკოლების კურსდამთავრებულებს უნდა შევუქმნათ განსხვავებული საგამოცდო მოთხოვნები (პოზიტიური დისკრიმინაცია).

გამოცდების ამ მოდელის ავკარგიანობაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ კიდეც.

მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს.
სამართლიან საქართველოში გეცხოვროთ!”, – აცხადებს საკუთარ წერილში როლანდ შავაძე.

The post „გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ხულოში მცხოვრები აბიტურიენტების უმეტესობა პედაგოგების გარეშე ვემზადებით“ –შეფასებები მაღალმთიანი აჭარიდან

$
0
0

ხულოს საგამოცდო ცენტრში EDU.ARIS.GE წელს პირველად იმყოფება და პირველი, რაც აქ თვალში მოგვხვდა, და ჩვენთვის უჩვეულოა, ეს არის აბიტურიენტების სიმცირე. ხულოს საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ 270 აბიტურიენტი აბარებს. დასწრება კი აქ შესაშურია, დღევანდელი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 57 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული და მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა. როგორც საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი გვიხსნის, პირველმა დღემ ხარვეზების გარეშე ჩაიარა და არცერთი დაგვიანების შემთხვევა არ ჰქონიათ.

აბიტურიენტები აქ ბევრად დინჯები არიან, არც დროის ამოწურვამდე უჩქარიათ საგამოცდო ცენტრის დატოვება და არც ბევრი რეპეტიტორით შეუძლიათ თავი მოიწონონ, თუმცა თავიანთი თავისა და ცოდნის იმედი აქვთ.

EDU.ARIS.GE პირველი სესიიდან გამოსულ გამოსაცდელებს გაესაუბრა და როგორც საკითხებით, ისე იმ გარემოთი დაინტერესდა, რომელშიც აბიტურიენტებს ტესტირება მოუწიათ.

დიანა კახაძემ საგამოცდო ცენტრი გამოცდის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დატოვა. ამბობს, რომ ის დრო, რაც საგამოცდო დარბაზში გაატარა, სრულებით საკმარისი იყო ტესტის შესასრულებლად.

„ესე ამპარტავან ადამიანზე დავწერე. საინტერესო თემა იყო და შევეცადე, რომ მაქსიმალურად ხატოვნად აღმეწერა ის, თუ რას ვფიქრობ ამ მანკიერ თვისებაზე. ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეპეტიტორთან არ მივლია, სახლიდან ვემზადებოდი. სკოლაში მიღებული განათლებისა და საკუთარი ინტელექტის იმედზე ვარ. ხულოში მცხოვრები აბიტურიენტების უმეტესობა, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სწორედ ჩემსავით ემზადება, კონკრეტულად კი დამატებითი პედაგოგების გარეშე. ამის შემდეგ გამოცდა ინგლისურ ენაში მაქვს და საერთოდ არ ვნერვიულობ“, – უთხრა ჩვენს ჟურნალისტს სოფელ დიოკნისის სკოლის კურსდამთავრებულმა ხულოდან.

„გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული

გიორგი მახარაძე კი გვიმხელს, რომ მაღალი ქულების დიდი მოლოდინი არ აქვს და იმასაც ამბობს, თავის თავს რა ქულით შეაფასებდა.

გიორგი ამბობს, რომ გარემო მოეწონა, რადგან სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართულია და გამოცდა დიდ სივრცეში წერეს. აბიტურიენტები არც სიცხეს შეუწუხებია, რადგან ხულოში, დაბლობთან შედარებით მკაცრი კლიმატია.

„მარტივი ტესტი იყო და საერთოდ არ გამიჭირდა. მომზადებული ვიყავი. აკაკი წერეთელის ნაწარმოები შემხვდა, კარგად მაქვს დამუშავებული მისი ნამუშევრები. საერთოდ არ დავიბენი, თუმცა ემოციურად მაინც ნერვული განგაში მქონდა ჩართული, დროში რომ მომესწრო ყველაფერის დაწერა, რაც ვიცოდი. დიდი მოლოდინი არ მაქვს მაღალი ქულების და ჩემს თავს 30 ქულას დავუწერდი“, – გვითხრა სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post „ხულოში მცხოვრები აბიტურიენტების უმეტესობა პედაგოგების გარეშე ვემზადებით“ – შეფასებები მაღალმთიანი აჭარიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„შუშანიკის წამება“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი –ქართულის გამოცდის მეორე სესიის აბიტურიენტებმა გამოსვლა დაიწყეს

$
0
0

აბიტურიენტების ნაწილისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს, სამ ივლისს, ამ წუთებშიც მეორე სესიით გრძელდება. EDU.ARIS.GE-სთან გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები საუბრობენ, რა საკითხები შეხვდათ მეორე სესიაზე.

აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან საკითხებს ასე იხსენებს: “არაპროგრამულიდან შემოვიდა ბესიკ ხარანაულის ლექსი “კარტოფილების ამოღება”. მე ავირჩიე არაპროგრამული. “სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის რა შეიძლება აერთიანებდეს ყველას” – ეს იყო მთავარი თეზისი. რაც შეეხება რედაქტირებას, შედარებით რთული იყო, გრამატიკის ნაწილი გართულებული მეჩვენა”.

კიდევ ერთი აპლიკანტი, გიორგი ლომსაძე, ამბობს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს საგამოცდო თემატიკა უფრო მრავალფეროვანია:

“ბევრად ღრმა და საინტერესო თემებია, ვიდრე გასულ წელს იყო. მე ავირჩიე პროგრამულიდან “შუშანიკის წამება”. მას რომ სთხოვს პატიებას ვარსქენი, ეგ ნაწილი იყო. თეზისს რაც შეეხება, დიდი ადამიანების ბედი რომ დაუფასებლობაა, ამაზე იყო”.

ლიზა ხავთასი კი იხსენებს, რომ რედაქტირების დავალებაში უფრო მეტი დრო დაკარგა, ვიდრე ვარაუდობდა: “ბევრი სასვენი ნიშანი იყო გამოტოვებული, 4-მდე მაინც. რაც შეეხება თხზულებას, ავირჩიე ხარანაულის ლექსი, რადგან საინტერესოდ მომეჩვენა. არ მქონდა იქამდე წაკითხული. თეზისი იყო – “რა გვაქვს საერთო უფროს და შედარებით ახალგაზრდა თაობებს”.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 94%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა. 4 ივლისს გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

აკაკი წერეთლის მოთხრობა და „ვეფხისტყაოსანი“ – რა საკითხები ახსოვთ ქართულის I სესიიდან გამოსულ აბიტურიენტებს

The post „შუშანიკის წამება“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი – ქართულის გამოცდის მეორე სესიის აბიტურიენტებმა გამოსვლა დაიწყეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

არასწორ საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული აბიტურიენტი სწორ მისამართზე პირადად სოფიო გორგოძემ მიიყვანა

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მრავალი გაუგებრობა თუ საინტერესო შემთხვევა ხდება. ასეთი შემთხვევის გარეშე არც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების პირველ დღეს ჩაუვლია.

დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე ერთ-ერთი აბიტურიენტი არასწორ მისამართზე გამოცხადდა. ის 207-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ნაცვლად, 133-ე საჯარო სკოლაში მივიდა. სწორედ ამ დროს, იმავე მისამართზე სოფიო გორგოძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა. დაბნეული სტუდენტი მალევე შენიშნა და გადაწყვიტა, მას დახმარებოდა.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავდივართ საგამოცდო ცენტრებში. 133-ე სკოლაშიც რეგისტრაციის პროცესს ვაკვირდებოდით და ამ დროს შემოვიდა გოგონა, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია. საკმაოდ აღელვებული იყო, რადგან რეგისტრაციის დასრულებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. ჩვენ ასეთ შემთხვევებში სულ ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ აბიტურიენტებს, ამიტომ ჩემი კოლეგის დახმარებით გოგონა მანქანით მივიყვანეთ სწორ მისამართზე. როცა მივედით, ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაგრამ მთავარია, მივასწარით. ვუსურვებ მას გამოცდის წარმატებით ჩაბარებას“, – თქვა EDU.ARIS.GE-სთან სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოველწლიურად ხდება, ამიტომ აბიტურიენტებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

The post არასწორ საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული აბიტურიენტი სწორ მისამართზე პირადად სოფიო გორგოძემ მიიყვანა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა –რა საკითხები წერეს ქართულში 2023 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ზუსტად 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტებმა 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს, გამოცდა კი ორ სესიად წარიმართა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი და დააგვიანა 5-მა აპლიკანტმა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები თავიანთ საკითხებსა და შეფასებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ:

პირველი სესია

ანანო ქირია – 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: რედაქტირებაში მშვიდობის ხიდის დაარსებაზე იყო საუბარი. ძირითადად, ვიპოვე სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული შეცდომები. კავშირის წინ არ ეწერა მძიმე. გამოტოვებული იყო ჩამონათვალთან ორი წერტილი. ასევე, რაღაც არქაული სიტყვა იყო შეცდომით და გავასწორე.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, კონკრეტულად ვწერე ეპიზოდი ავთანდილის და ასმათის შეყრის სცენა, იწყებოდა ავთანდილის დახასიათებით, როგორ გამოიყურებოდა იმ ეპიზოდში. მარტივი კითხვები იყო, თეზისი შეეხებოდა ადამიანის გრძნობებსა და საქციელს, რომელი უფრო გამოხატავს მის რაობას და რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ ავირჩიე, ამ თემაზე მომიხდა წერა. საკმაოდ მარტივი დავალება იყო.

ანამარია მეტრეველი – გორის მესამე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: არაპროგრამულიდან იყო კითხვები აკაკი წერეთლის ნაწარმოებ „როსტომ ერისთავზე”. წერითი დავალების შესრულება არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პარალელები გავავლე. ამპარტავნობაზე მოვიყვანე „დიდოსტატიდან“ ფარსმან სპარსის მაგალითი, რადგან ზუსტად პასუხობდა დავალების არსსა და შინაარსს. ჩვენ გვახსოვს, რომ ხალხი აკეთებდა იმდენს, რომ დაპირისპირება გასჩენოდათ როსტომ ერისთავსა და ჯაფარ ჯაფარიძეს, ფარსმანსაც ჰქონდა მცდელობა, მეფე გიორგისა და არსაკიძეს შორის ბზარი გაჩენილიყო.

გიორგი ცუცქირიძე – 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: რედაქტირების შეცდომებს გავიხსენებ. “ცალ ცალკე” ასე ეწერე. შეცდომით იყო სიტყვა „განევითარებიათ“, შევცვალე სიტყვით განევითარებინა. რომ კავშირთან იყო გამოტოვებული მძიმე და ჩამონათვალთან ორი წერტილი უნდა დაგვესვა.

„ვეფხისტყაოსნიდან“ წაკითხულის გააზრებაც მარტივი იყო. ძირითადად, ავთანდილისა და ასმათის ემოციებზე იყო მოცემული შეკითხვები. რაც შეეხება თხზულებას, დავწერე, რომ გრძნობები და საქციელი მტკიცდება ქცევით და მოვიყვანე 2 არგუმენტი. ერთი ლეონიძის „მარიტადან“, მეორე ბერძნული მითოლოგიიდან, ტროას ომიდან.

მაია სტურუა – ქუთაისის 23-ე საგამოცდო ცენტრი: რთული არ იყო, ყველაფერი დავწერე. რედაქტირებაც მარტივი იყო. აკაკი წერეთლის მოთხრობა იყო მოცემული – „როსტომ რაჭის ერისთავი“ – და „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო მონაკვეთი, ავთანდილი ტარიელს რომ ეძებს. თავისუფალ თემაში არაპროგრამული საკითხი ვარჩიე, თეზისი უფრო მომეწონა, ამპარტავნობაზე იყო, დღევანდელობას შეესაბამებოდა. სხვა საკითხებიც არ გამიჭირდა.

თაკო ნონიკაშვილი – გორის მესამე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა, ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა გამოქვაბულში. თემა იყო დასაწერი, რამდენად აქტუალურია თანაგრძნობა. მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მონაკვეთიდან, რადგან დღეს ძალიან აქტუალურია ეს საკითხი და ძალიან ბევრი პარალელის მოყვანა შევძელი. დღევანდელობასთან კარგი პარალელია როგორც „იგი“ – იმიტომ, რომ ადამიანები განსჯიან ერთმანეთს იმის გამო, რომ არ აქვთ ერთნაირი ინტერესები. იგის არ იღებდნენ იმის გამო, რომ განსხვავებული იყო – ეს ერთი პარალელი იყო და მეორე, ფრაზა მიწერია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორის იოსებ, სოსო ალიმბარაშვილის, ის სულ ამბობდა ხოლმე: „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაამძიმებ ამ წუთისოფელს, მთავარია, როგორ იცხოვრებო“ და მართლაც, იმისთვის, რომ გახდე ადამიანი და იცხოვრო, უნდა ისწავლო ჯერ მოსმენა, თანაგრძნობა და შემდეგ განსჯა. 

ნიკა ილურიძე – გორის მესამე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: მთელი სერიოზულებით ვაცხადებ, რომ გამოცდა იყო უადვილესი. ასეთი ადვილი არასოდეს არაფერი დამიწერია. მასწავლებელმაც კი გამაფრთხილა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მოვიდოდა და განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით მქონდა გამახვილებული. რედაქტირებაც ადვილი იყო, 16 შეცდომა უნდა გვეპოვა და 14 ვიპოვე. ძირითადად სასვენი ნიშნები აკლდა. გააზრებაც ადვილი იყო, რადგან იქ გადმოცემული იყო, რა საკითხზე საუბრობდა პერსონაჟი და რა სიტყვებს იყენებდა. იყო ეპითეტები, მეტაფორები და ასეთები.

ნანა მუჯირი – ქუთაისის 23-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: „ვეფხისტყაოსნიდან” იყო ავთანდილის შეხვედრა ტარიელთან, მაგრამ ეს არ დამიწერია, არაპროგრამული დავწერე. ამპარტავანი ადამიანი თავისი თავისთვისაც ცუდია და სხვისთვისაც. მეორე იყო თეზისი იყო – გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია ადამიანთა ურთიერთობაში თუ საქციელის განსჯაო. არც რედაქტირება გამიჭირდა, სიგრილეც იყო და კმაყოფილი ვარ.

ანა კაკაჩია – 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: თხზულება ავირჩიე პროგრამულიდან. თანაგრძნობა, ქცევები და გრძნობები – ეს სამი საკვანძო საკითხი იყო მოქცეული ერთ თემაში. გამოვყავი ავთანდილის ყველა ის თვისება, რომელიც ხაზს უსვამდა მის თანამგრძნობ ხასიათს. შემდეგ უკვე ვისაუბრე, რატომ არის საჭირო ქცევით გავამყაროთ სიტყვები. სიტყვების მნიშვნელობის საჩვენებლად არგუმენტად მოვიყვანე ო ჰენრის მოთხრობის პერსონაჟი და ციტატა: „არასოდეს დაკარგო შანსი კეთილი სიტყვის თქმის“. მარტივი იყო ეს დავალებაც. არაპროგრამული არ ავირჩიე, რადგან პროგრამულში უკეთ ვიყავი მომზადებული. ყველა კარგად დაწერდა. მე კმაყოფილი ვარ და მაღალ შედეგს ველოდები.

მეორე სესია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 94%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.

ელენე ინჯიბაძე, აბიტურიენტი გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: თხზულებად მოვიდა შუშანიკის წამება და  ბესიკ ხარანაულის ლექსი “კარტოფილების ამოღება”. თემა დედა-შვილობაზე უნდა გვეწერა. მე შუშანიკის წამება დავწერე, რადგან თემა კარგად ვიცოდი. ტექსტის გააზრება არ გამჭირვებია, რადგან ნაცნობი საკითხი იყო. ესე შემხვდა – “ღირსეული ადამიანები ხშირად მარტო რჩებიანო”. გავავლე პარალელები მაცხოვართან და თვითონ შუშანიკიც ჩავურთე ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გამოცდის სირთულეს, გეტყვით, რომ არ ვემზადებოდი და არც მერთულა. ჩემთვის უცხო გარემო იყო, მაგრამ ჩემი გონებით დავწერე ყველაფერი.

თამარ არაბული 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: მე შუშანიკის წამება ვწერე. ესეს კითხვა კი შეეხებოდა იმას, რჩება თუ არა მარტო ღირსეული ადამიანი. ჩემი აზრით, ძალიან მარტივი თემა იყო. მე კონტრარგუმენტები მოვიყვანე და დავწერე, რომ ადამიანი მარტო რეალურად არასდროს რჩება, მას ყოველთვის ჰყავს ვიღაც, ვინც განსაცდელში დაეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, ღირსებულია ის, თუ არა. პარალელი იესო ქრისტესთან გავავლე და კიდევ ერთი მაგალითი სტუმარ-მასპინძლიდან მოვიყვანე. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად კონტრარგუმენტებით ვიმსჯელე, არ გამოვრიცხავ, ცუდად შემიფასონ.

ელენე შავგულიძე, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: ღირსეული ადამიანები განსაცდელის წინაშე მარტონი ხშირად რჩებიან – ეს იყო ესეს თემად დასაწერი და დავწერე. თხზულებას რაც შეეხება, პროგრამული იყო “შუშანიკის წამება”, არაპროგრამულიდან ხარანაულის “კარტოფილების ამოღება”. მე პროგრამულ თემებზე ვიმუშავე. რედაქტირებას რაც შეეხება, ყველა გავასწორე. მაგალითად ახალ-ახალი რომ ტირეთი უნდა დავწეროთ, მძიმეები იყო დასასმელი ,,რაც”, ,,თუ”, ,,რომელის” წინ. საერთო ჯამში, არ იყო რთული.

ელენე აბრამიშვილი, მუხიანის საგამოცდო ცენტრი: რედაქტირებაში, “და” კავშირის წინ უნდოდა მძიმე. ასევე, კითხვა-ძახილის ნიშანი იყო გამოტოვებული და შორისდებულთანაც მძიმე უნდა დაგვესვა. ძირითადად იყო გამოტოვებული სასვენი ნიშნები. ასევე, სიტყვა “რომელთათვისაც” ეწერა შეცდომით. თხზულებად შევარჩიე პროგრამული თემა, “შუშანიკის წამებიდან”. კითხვები იყო ასეთი: რატომ უხდის ბოდიშს ვარსქენი შუშანიკს, რა თვისებები გამოამჟღავნა შუშანიკმა… აქცენტი გავაკეთე შუშანიკის მიმტევებლურ ხასიათზე და არგუმენტად მოვიყვანე მიმტევებლობის შესახებ ციტატა ბიბლიიდან.

საბა ყურაშვილი, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: ბესიკ ხარანაულის ლექსი იყო “კარტოფილების ამოღება,” სადაც მიწასთან მუშაობის პროცესი იყო აღწერილი. თეზისი იყო ასეთი, რომ უფროს ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და ურთიერთობა ახალგაზრდა თაობებთან. მოვიყვანე რამდენიმე მაგალითი – 2 ფილმიდან და ერთი პირადი გამოცილებიდან, მე როგორ ვექცევი უფროს თაობას. ძალიან მარტივი თემები იყო და ყველა დაწერდა”

ხვალ, 4 ივლისს, აბიტურიენტებისთვის გამოცდა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისევ ორ სესიად ჩატარდება. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება, ზაფხულის გამოცდები კი – 28 ივლისს.

ასევე იხილეთ:

„შუშანიკის წამება“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი – ქართულის გამოცდის მეორე სესიის აბიტურიენტებმა გამოსვლა დაიწყეს

აკაკი წერეთლის მოთხრობა და „ვეფხისტყაოსანი“ – რა საკითხები ახსოვთ ქართულის I სესიიდან გამოსულ აბიტურიენტებს

The post ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2023 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


ქართულის გამოცდის მეორე დღეს აბიტურიენტები უფრო რთულ საკითხებს ელოდებიან –სურვილები რეგისტრაციიდან

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები ტესტს დღესაც პირველ და მეორე სესიაზე წერენ. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან საკითხების მოლოდინებზე, მათთვის სასურველ საკითხებზე და იმაზე საუბრობენ, რომ მეორე დღეს უფრო რთული საკითხები იქნება, ვიდრე გუშინ.

“გუშინ ახსენეს კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” და როგორც გავარკვიე არ შემოვიდა. მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს შეგვხვდება. კარგად გავიმეორეთ”, – ამბობს მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე აბიტურიენტი.

საბა გაბაიძე კი გვიხსნის, მისთვის სასურველი საკითხები, რაც უნდა ტესტებში შეხვდეს რამდენიმეა:

“პროგრამულიდან ვისურვებდი შემოვიდეს ერთ-ერთი: რჩეულიშვილის “ალავერდობა”, დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და “ვეფხისტყაოსნის” ნებისმიერი მონაკვეთი. რადგან გუშინ იყო “ვეფხისტყაოსანი”, დიდი ალბათობაა, არ შემოვიდეს, თუმცა ვნახოთ. არაპროგრამულს რაც შეეხება, არ აქვს მნიშვნელობა რა შემოვა, რადგან მაინც პროგრამულის არჩევას ვაპირებ”.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან მისული კიდევ ერთი აბიტურიენტი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ყველაზე კარგად ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები აქვს მომზადებული და ისურვებდა, გამოცდაზე ერთ-ერთი მათგანის შესრულება მოუწიოს:

“მასწავლებლებმა, ყველაზე ბევრი გვავარჯიშეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების დამუშავებაში, რადგან შედარებით რთულია და ვისურვებდი, რომ ჰაგიოგრაფიული შემხვდეს – “აბო თბილელი” ან “გრიგოლ ხანძთელიც ცხოვრება”. რაც შეეხება არაპროგრამულს, აქ რა შემოვა არ ვიცით და ვარაუდიც არ მაქვს”.

2023 წლის ქართულის გამოცდის მეორე დღის აბიტურიენტები გვიხსნიან, რომ გუშინდელი მეორე სესიის ქართულის ტესტის თხზულების თეზისები შედარებით რთული იყო და ვარაუდობენ, რომ დღეს უფრო რთულ თემებზე მოუწევთ წერა. გამართლდება თუ არა მათი მოლოდინები და რა საკითხები შეხვდებათ დღევანდელ გამოსაცდელებს, ამას გამოცდის მიმდინარეობის დროს გავიგებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post ქართულის გამოცდის მეორე დღეს აბიტურიენტები უფრო რთულ საკითხებს ელოდებიან – სურვილები რეგისტრაციიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლა გაიხსნა

$
0
0

3 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, ზაფხულის სკოლა გაიხსნა თემაზე: “სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან”.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა ზაფხულის სკოლის საპატიო სტუმარმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიმართულია ოკუპირებულ რეგიონებთან ნდობის აღდგენაზე, ასევე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა საჭიროებებზე.

ზაფხულის სკოლის გახსნის ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, სკოლის კოორდინატორი, გიორგი ფარეშიშვილი.

პირველი დღის სალექციო თემატიკა გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა ქეთევან შოშიაშვილმა თემაზე – “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიული მიმოხილვა”, დღის მეორე ლექცია კი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა გონგაძეს დაეთმო თემაზე – “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სიმბოლიკისათვის”.

ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

დღის ბოლოს სკოლის მონაწილეებმა პრაქტიკული დავალება მიიღეს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ კონფლიქტებს ეხებოდა. აღნიშნულ ნაწილს კოორდინირებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ბაკურ ხუბულავა უწევდა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში საქართველოს 13 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტია ჩართული.

მსმენელებს ლექციები ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ, კვირის ბოლოს კი სკოლა გასვლითი აქტივობით დაიხურება.

The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლა გაიხსნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ღირსეული პენსია პედაგოგებს!“ –მასწავლებლების მოთხოვნის წერილი უკვე პარლამენტში დარეგისტრირდა

$
0
0

ღირსეული პენსია პედაგოგებს! – ამ სახელწოდების არის მასწავლებლების პეტიცია, რომელმაც საჭირო და კიდევ მეტი ხელმოწერა, გამოქვეყნებიდან უმოკლეს დროში შეაგროვა. აღნიშნული საკითხით 40 ათასზე მეტი პედაგოგი დაინტერესდა. მოთხოვნის ადრესატები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი.

როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 4 ივლისს გაარკვია, პედაგოგების მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წერილი უკვე დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე და საკითხის განხილვის მოლოდინი მასწავლებლებს სექტემბრიდან უნდა ჰქონდეთ.

პენსიის საკითხზე პედაგოგებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, გიორგი ამილახვართან შეხვედრისას, არცთუ დიდი ხნის წინ ისაუბრეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: გპირდებით, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ და უყურადღებოდ არ დავტოვებთ.

ღირსეული პენსია პედაგოგებს!

EDU.ARIS.GE – მოთხოვნის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

განათლება არის ნებისმიერი საზოგადოების წინსვლის ქვაკუთხედი, მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ერის მომავლის ჩამოყალიბებაში.

ქართველ მასწავლებლებს საპენსიო უფლებების მხრივ სახელმწიფო უსამართლოდ ექცევა. მიუხედავად მრავალწლიანი შრომისა და გამოწვევებისა, დღეს მასწავლებელი პროფესიიდან გასვლისას იღებს იმავე ოდენობის პენსიას, რამდენსაც ნებისმიერი პროფესიის სხვა მოქალაქე! მასწავლებლები ხარჯავენ დროს, ცოდნასა და ენერგიას ჩვენი შვილების აღზრდაში, ხშირად იმაზე მეტსაც იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე ევალებათ. რა თქმა უნდა, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და ადამიანური ფაქტორები განსხვავდება! გვესმის, რომ ყველა სისტემაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ან ძალიან იხარჯებიან ან ნაკლები მონდომებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მრავალწლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული პენსია იმ შემთხვევაში, თუ ისინი წავლენ სკოლიდან. ჩვენ არ ვითხოვთ სკოლაში მუშაობის პარალელურად განსხვავებულ და სხვა მოქალაქეებზე მეტ პენსიას, არამედ მიგვაჩნია, რომ პროფესიიდან გასვლის შემდეგ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული პენსია. მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია ქვეყნის წინაშე მასწავლებელთა სასიცოცხლო როლის გაცნობიერება და საპენსიო უთანასწორობის საკითხის მოგვარება.

ქართველი მასწავლებლებისთვის შესაფერისი საპენსიო უფლებების უზრუნველყოფით ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძალისხმევა და თავდადება ფასდება,რომ სახელმწიფო მათ პატივს სცემს. ეს გზავნილი იქნება ძლიერი სტიმული ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლებისვთის, რომ მეტად მოუნდეთ განათლების სისტემაში შემოსვლა. ეცოდინებათ, რომ მათი შრომა აუცილებლად დაფასდება , როდესაც ისინი დააპირებენ პროფესიიდან გასვლას 20,30 თუ 40 წლის შემდეგ”.

რა უთხრა განათლების მინისტრმა პედაგოგებს მათი საბაზო ხელფასის ცვლილებაზე

The post „ღირსეული პენსია პედაგოგებს!“ – მასწავლებლების მოთხოვნის წერილი უკვე პარლამენტში დარეგისტრირდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და შოთა ჩანტლაძის მოთხრობა –ქართულის გამოცდის მეორე დღის პირველი სესიის საკითხები აბიტურიენტებისგან

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი და საგამოცდო ცენტრებში არავის დაუგვიანია.

სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან უკვე გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან იხსენებენ, რომ ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონი” და შოთა ჩანტლაძის მოთხრობა “ჭადრაკის მსხვერპლი” შეხვდათ.

პირველი სესიის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხები გუშინდელზე გაცილებით რთული იყო და მუშაობისთვის იმაზე მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე ვარაუდობდნენ.

გიორგი ფაცია, რომელიც მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა, რედაქტირებასაც რთულად აფასებს:

“პროგრამულიდან ვწერე ვაჟა-ფშაველას “ბახტრიონი”. თეზისი იყო საზოგადოებასა და მართალი, უდანაშაულო ადამიანის გაკიცხვაზე. არაპროგრამულიდან შემოვიდა შოთა ჩანტლაძის ნაწარმოები “ჭადრაკის მსხვერპლი”. მე ავირჩიე პროგრამულიდან. რთული იყო რედაქტირების ნაწილიც. მგონი, იმაზე მეტი შეცდომა ვიპოვე, ვიდრე უნდა მეპოვა.”

კიდევ ერთმა აბიტურიენტმა კი გვითხრა, რომ არაპროგრამული საკითხი აირჩია: ავირჩიე არაპროგრამულიდან. ჩანტლაძის ნაწარმოები “ჭადრაკის მსხვერპლი”. თეზისი იყო, რომ “არარეალურ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის”, საკმაოდ კარგად შევასრულე. ”

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და შოთა ჩანტლაძის მოთხრობა – ქართულის გამოცდის მეორე დღის პირველი სესიის საკითხები აბიტურიენტებისგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„რეგიონებიდან ჩამოვდივართ…ხომ შეიძლება, შვილს ადამიანურად ვუგულშემატკივრო“ –მშობლები გორის ცენტრიდან

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტის კიდევ ერთი გულშემატკივარი გახდა შეუძლოდ. ასეთი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა და ამ შემთხვევაშიც, აბიტურიენტებისთვის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დახმარება გულშემატკივარს აღმოუჩინეს.

„ფეხზე დიდხანს ვიდექი. მზეც თავისას შვრება და თავი შეუძლოდ ამის გამო ვიგრძენი. კიდევ კარგი, ხალხიც იყო აქ და ყურადღება მომაქციეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ქალბატონმა.

გულშემატკივრები ამბობენ, რომ ისინი გორიდან მოშორებით ცხოვრობენ, იძულებული არიან, სახლში გამოცდის დასრულებამდე არ წავიდნენ და საათობით უწევთ მზეზე მოცდა.

ცუდად გახდომის ფაქტის განმეორების შემდეგ, გულშემატკივრებში გაჩნდა მოთხოვნა და სურვილი, იქნებ რამდენიმე სკამი დაიდგას ცენტრის მიმდებარედ, რომ დასვენება შეძლონ.
„დავისიცხე და უკვე ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ხომ შეიძლება, სკამები დაგვიდგან და ადამიანურად შევძლო ჩემი შვილის გულშემატკივრობა. მივმართავ მერიას და სამინისტროს, გაითვალისწინონ!“ – თქვა მიმოზა ჯაბაშვილმა საგამოცდო ცენტრთან.

რუსუდან ლაფაჩი, გულშემატკივარი დედა: რეგიონებიდან გვიწევს ჩამოსვლა, სკამებიც ძალიან კარგი იქნება და საპირფარეშოც. ჩამოვჯდებით და აღარ გადავიქანცებით. ისედაც ძალიან ვნერვიულობ ჩემი შვილის გამო. ორი სკამის მოტანას დიდი არაფერი უნდა.

ნინო მათეშვილი, გულშემატკივარი: „ხან ღობეს მივეყუდები, ხან ასფალტზე ჩამოვჯდები ხოლმე. სკამების დადგმა კარგი გამოსავალი იქნება. ისე, ერთი საპირფარეშოც რომ იყოს, არაფერი დაშავდება. მთელი ქალაქი მოვიარე გაჭირვებულმა ქალმა და ტუალეტი ვერსად ვნახე. დროებით რომ მოიტანონ და ჩადგან აქვე ახლოს, ხომ არაფერი დაშავდება“.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

The post „რეგიონებიდან ჩამოვდივართ… ხომ შეიძლება, შვილს ადამიანურად ვუგულშემატკივრო“ – მშობლები გორის ცენტრიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14530 articles
Browse latest View live