Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14585 articles
Browse latest View live

„იქნებ დაუშვათ გამონაკლისი..“ –დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 9 წუთით დააგვიანა

$
0
0

დღეს, 23 ივლისს, დაწყებითი კლასების მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი 9 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან გვატყობინებს, ის საგამოცდო ცენტრში აღელვებული მივიდა და შიდა ტერიტორიაზე გაუფრთხილებლად აპირებდა შესვლას, თუმცა ცენტრის თანამშრომლებს დროული რეაგირება ჰქონდათ.

ქალბატონმა განგვიმარტა, რომ მასწავლებლობის მსურველია, თუმცა ტესტირებაზე დაგვიანების მიზეზზე საუბარი არ ისურვა.

აღელვებული აპლიკანტი გამოცდაზე დაშვებას ითხოვდა: “იქნებ დაუშვათ გამონაკლისი, საგამოცდო ბარათიც არ მაქვს ამობეჭდილი, ტელეფონში ჩავიწერე და გაჩვენებთ”, – უხსნიდა ის ცენტრის წარმომადგენლებს, თუმცა გამოცდაზე არ დაუშვეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გამოცდებზე მოქმედი პედაგოგები და მსურველებიც იგვიანებენ. მათთვის რეგისტრაციის დრო სხვა გამოსაცდელების მსგავსად, ერთი საათია. საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები კი აპლიკანტებს გამოცდაზე დროულად გამოცხადებისა და უფრო მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ


სკოლის ფორმალური სამეურვეო საბჭო და დირექტორის დიდი გავლენები –მოკვლევის შედეგები და რეკომენდაციები განათლების სამინისტროს

$
0
0

რა იწვევს სკოლის სამეურვეო საბჭოების არაეფექტურობას ან დაბალ ეფექტიანობას? – „საბჭოს წევრთა დაბალი კომპეტენცია, სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სასკოლო საზოგადოების დაბალი ცოდნა და ცნობიერება, მასწავლებელთა და მშობელთა დროის სიმცირე, დირექტორის გავლენა, საბჭოს წევრთა პოზიციის მოხალისეობრივი ხასიათი – ანაზღაურების გარეშე, საბჭოს ანგარიშვალდებულების არ არსებობა სასკოლო საზოგადოების წინაშე, საბჭოს წევრთა ფორმალური ფუნქციები და სკოლის დაბალი ავტონომიურობა“. სწორედ ასეთი მოსაზრებები მიიღო გამოკითხვების მონაწილეებისგან საქართველოს საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფმა, რომელმაც კვლევა ჩაატარა თემაზე – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“.

თემატურ მოკვლევაში ჩართული პირები ერთხმად თანხმდებიან სამეურვეო საბჭოს ფორმალური ხასიათისა და ნაკლებად ეფექტიანობის საკითხზე, რასაც ასევე ადასტურებს სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებიც.

საბჭოების კომპეტენცია მათი ფუნქციონირების დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. როგორც მოკვლევაში ჩართული პირების ნაწილი აცხადებს, მშობლების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ არსებობს მსგავსი ორგანო, რომელიც მათ აძლევთ სკოლის მართვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ სამეურვეო საბჭო სკოლების უმეტესობაში ფორმალური ხასიათისაა.

„სასკოლო საზოგადოების წევრებს არ აქვთ სურვილი და კომპეტენცია იყვნენ ამ სტრუქტურული ერთეულების ნაწილი. შესაბამისად, თითქმის ყველა სკოლაში სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ამის მიზეზი არის საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, კანონის ზოგადი ხასიათი, კანონის წაკითხვის და გააზრების დაბალი კომპეტენცია, ფუნქციებში გაურკვევლობა, ინდიფერენტული დამოკიდებულება. სკოლებში ცოცხალია ის სტრუქტურები, რომლებსაც ხელმძღვანელობს ლიდერი და მას ესმის გაზიარებული ლიდერობის მნიშვნელობა. ყველა ჩამოთვლილ მიზეზთან მიმართებაში საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა“, − აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაგალითზე, სამეურვეო საბჭოები ნაკლებეფექტიანია, მიუხედავად სამეურვეო საბჭოებისთვის მინიჭებული მრავალმხრივი უფლებამოსილებებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრისა.

ერთ-ერთი სკოლის წერილობითი მოსაზრების თანახმად: „სამეურვეო საბჭო ნაკლებეფექტიანად ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს. ეს ინფორმაციის ნაკლებობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის, დროის ფაქტორის და სოციალური გარემოს მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლოა სახელმწიფომ და სკოლამ დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ხარისხიანი და მდგრადი შედეგების მომცემი ტრენინგები, გაზიარდეს სხვადასხვა დემოკრატიული სახელმწიფოების გამოცდილება“.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს კონტექსტში მცირეკონტინგენტიანი სკოლების საკითხს, კვლევის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც მცირეკონტიგენტიან სკოლებს შეზღუდული რაოდენობის რესურსი გააჩნია, გადასაწყვეტი არც არაფერია, შესაბამისად, შეუძლებელია საბჭოები აქტიურად ფუნქციონირებდნენ. აღნიშნულს ადასტურებენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატურ მოკვლევაში ჩართული პირებიც, მათი შეფასებით, სამეურვეო საბჭოს უწევს გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც მის ფორმალურ ჩართულობას მოითხოვს, ამის მაგალითად, სკოლების ბიუჯეტი მოჰყავთ, რომელში ცვლილების განხორციელების რეალური შესაძლებლობაც საბჭოებს არ გააჩნიათ.

მშობლების ჩართულობის საკითხი

ინფორმაციის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი: „ფაქტია ყველაფერი ისე არ არის, როგორც კანონმდებლობაშია გაწერილი, საზოგადოება თავს იკავებს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისაგან. სკოლები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოებისა და მშობლების ჩართვაზე სასკოლო პროცესებში, აქტიურად ეხმარებიან მათ ჩართულობის მეთოდების შესწავლაში, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის აქვს. საღი დამოკიდებულება სკოლასა და თემის წარმომადგენლებს შორის შედეგიანი ურთიერთობის დამყარების პირველი ნაბიჯია. სკოლის კარი უნდა გაიღოს, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელს მიეწოდოს ინფორმაცია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ სამეურვეო საბჭოსგან, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საბჭოს ან მის ცალკეულ წევრს. სასურველია, საბჭოს ყოფილმა წევრებმა მოამზადონ ანგარიში, თუ რას საქმიანობდა საბჭო გასული სამი წლის განმავლობაში და წარუდგინონ სასკოლო საზოგადოებას“.

კვლევის ავტორები წერენ, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამეურვეო საბჭოს ფორმატში, არამედ ზოგადად. საბჭო მშობელს აძლევს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს დაწესებულების პოლიტიკის განსაზღვრასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„უფრო ფართო გაგებით, მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული ეფექტი აქვს მოსწავლის აკადემიური მიღწევების თვალსაზრისითაც, აღნიშნულზე მეტყველებს PISA 2018-ის შედეგები, რომელშიც სწავლა-სწავლებაზე მოქმედ ფაქტორებს შორის გამოყოფილია მშობელთა ჩართულობა“, – აღნიშნულია მოკვლევის ანგარიშში.

ავტორთა განმარტებით, ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრთა ნაწილისთვის რთულია დაკისრებული ფუნქციების შესრულება, დასტურდება ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიშითაც. სხვა მიზეზებთან ერთად, საბჭოს წევრები ასახელებენ კომპეტენციის ნაკლებობასაც. კერძოდ, 170 გამოკითხული სამეურვეო საბჭოს წევრიდან 49 აღნიშნავდა, რომ მათთვის რთულია განსაზღვრული ვალდებულების შესრულება. განსაკუთრებით რთული ფუნქციები შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორია მოკვლევის მიგნებების ჩამონათვალი სკოლის სამეურვეო საბჭოების შესახებ

– სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია − საბჭოს წევრებს არჩევის შემდეგ არ უტარდებათ გადამზადება და არ არიან უზრუნველყოფილი რესურსებით, რომლებიც მათი უფლებამოვალეობების გააზრებაში დაეხმარებათ;

– სამეურვეო საბჭოს წევრებს დაბალი მოტივაცია აქვთ − აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოზიცია არაანაზღაურებადია, სკოლის ავტონომიურობა დაბალია და ფუნქციები ფორმალური. უკანასკნელის მიზეზი, შესაძლებელია იყოს სკოლის ადმინისტრაციის გავლენები ან რესურსების სიმცირე (მაგალითად, მცირეკონტიგენტიან სკოლებში ბიუჯეტის შემთხვევაში), რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას რეალური გავლენა მოახდინონ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

– სკოლის კოლეგიალური ორგანოების შესახებ ცოდნა და ცნობიერება დაბალია − არ ხდება ინფორმაციის სათანადოდ გავრცელება სასკოლო საზოგადოების წევრებთან არჩევნების მიმდინარეობასთან, არჩევის შესაძლებლობებთან და საბჭოების ფუნქციებთან დაკავშირებით. მშობლებმა და მოსწავლეებმა, რიგ შემთხვევაში, არც კი იციან, რომ მსგავსი სტრუქტურული ერთეულები არსებობს თავიანთ სკოლებში;

– დროის დეფიციტი აფერხებს კოლეგიალური ორგანოების წევრების ჩართულობას − აღნიშნული უკავშირდება არამხოლოდ მშობლებს, არამედ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რაც განპირობებულია სამსახურში დატვირთული განრიგით, მოსწავლეების შემთხვევაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებით. აღარ არსებობს სხდომების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობა, რაც ზღუდავს წევრთა ჩართულობის ალბათობას;

– სკოლის დირექტორის გავლენა სამეურვეო საბჭოზე დიდია − საათობრივი ბადის განაწილების გაუმჭვირვალე სისტემა და მოსწავლის შეფასება შესაძლოა იქცეს დირექტორის გავლენის ინსტრუმენტად სამეურვეო საბჭოების წევრებზე;

– რიგ შემთხვევაში, სკოლის დირექციასა და მშობლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები ვერ ყალიბდება − აღნიშნულის მიზეზია, ერთი მხრივ, მშობელთა კრიტიკული და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება დირექციის მიმართ, მეორე მხრივ, კი, დირექციის უნდობლობა მშობელთა მიმართ.

რას ითვალისწინებს მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციები სკოლის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით

  • შემუშავდეს ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს წევრის მხარდაჭერის პროგრამა;
  • შემუშავდეს კოლეგიალური ორგანოების წევრების სასკოლო საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების კონცეფცია;
  • სკოლის დირექტორებისთვის შემუშავდეს კოლეგიალური ორგანოების საქმიანობისა და ამ სტრუქტურებში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზამკვლევი;
  • დასაშვები გახდეს საბჭოს სხდომებზე წევრთა ჩართულობა დისტანციურ რეჟიმში.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები: რამინა ბერაძე − მთავარი მომხსენებელი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბაია კვიციანი.

ასევე იხილეთ:

რესურსცენტრი მაკონტროლებლიდან სკოლის რეალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული უნდა გახდეს – რა აჩვენა საპარლამენტო მოკვლევამ

CIU-ს შემეცნებითი პროექტი „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს გადაეცათ

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის სასწავლო-შემეცნებითი პროექტი „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს გადაეცათ.

28 სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმების ციკლი საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს CIU-ს კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ გადასცა. მედიარესურსს პედაგოგები საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში გამოიყენებენ.

შეხვედრას, დირექტორებთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საზოგადოება „ხონელის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ წივწივაძემ აუდიტორიას უნივერსიტეტის ხედვა წარუდგინა. კანცლერის განმარტებით, უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან მსგავსი პროექტის განხორციელება ეროვნული ღირებულებების თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით განვითარებას მოიაზრებს.

დამსწრე საზოგადოებას მულტიმედია ცენტრის სხვა საგანმანათლებლო პროექტები კანცლერის მრჩეველმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გაცნო.

სასწავლო-შემეცნებითი მედიარესურსის შექმნის მიზანსა და საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების უპირატესობაზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, სულხან მელაძემ ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს აუდიტორიამ დოკუმენტური ფილმი „პაემანი ცხოვრებასთან“ იხილა. მულტიმედია ცენტრის მორიგი ნამუშევარი ვახტანგ წივწივაძის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ქრონოლოგიურად ასახავს. ამასთან, მაყურებელს საშუალება ეძლევა, დეტალურად გაეცნოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისტორიას, განვითარების ეტაპებსა და მიღწევებს.

გორის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

$
0
0

2024 წლის 22-27 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) მასარიკის უნივერსიტეტისა (ჩეხეთის რესპუბლიკა) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის აკადემიურ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს.

ღონისძიება გახსნა და სტუდენტებს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.

პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების ციკლი დაიწყო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატის, გიორგი სოსიაშვილის ლექციით. საუბარი შეეხო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა” ფარგლებში აღმოჩენილ დოკუმენტებს, რომელიც ეხება საქართველოს საგარეო ურთიერთობებს დასავლეთთან.

როგრამის მიხედვით დაგეგმილია ქალაქის ღირსშესანიშნაობების, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, ასევე სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებეთი აქტივობები.

პროექტი ხორციელდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების აქტივობების ფარგლებში.

2024 წლის აბიტურიენტის ცნობარში ცვლილებები შევიდა

$
0
0

2024 წლის აბიტურიენტის ცნობარში 22 ივლისს ცვლილებები შევიდა. კერძოდ, როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 23 ივლისს გაარკვია, ცნობარში ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ჩაემატა. როგორც ცნობილია, ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ ზამთრის პერიოდში მზადდება და საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების შემდეგ, დოკუმენტში ახალი ინფორმაციები ემატება.

სხვადასხვა უნივერსიტეტების ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული ხდება, ზოგიერთი კი უარს იღებს აკრედიტაციაზე და შესაბამისად, ის აბიტურიენტმა არ უნდა აირჩიოს.

იხილეთ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის განხორციელებული ცვლილებების შესახებ განახლებულ დოკუმენტში:

აბიტურიენტის ცნობარი 2024

აბიტურიენტებს საბოლოოდ კორექტირებული ცნობარის გაცნობა აგვისტოს დასაწყისში შეეძლებათ.

გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

„ანაზღაურებადი შრომა ცალკეა და ცალკეა კიდევ ის, რაც ვერ ანაზღაურდება, ასეთ შრომას ეწევიან პედაგოგები“ –გზავნილები გამოცდიდან განათლების სამინისტროს

$
0
0

ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებითი საფეხურისთვის – ეს ის საგნებია, რომლებშიც კომპეტენცია მოქმედ მასწავლებლებსა და ასევე მასწავლებლობის მსურველებს დღევანდელ გამოცდაზე უნდა დაედასტურებინათ.

გამოსაცდელები EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, რომ მათთვის დაწყებით კლასებში სწავლების არჩევანი მარტივი მისაღები არ იყო, რადგან ესმით, რომ ეს კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ამ საქმეში კი, როგორც გვიხსნიან, განათლების სამინისტროსგან გვერდში დგომა განსაკუთრებით სჭირდებათ.

“დედა მყავს დაწყებითი კლასების პედაგოგი. 30 წელია, ამ პროფესიაშია. ვიცი, როგორი საპასუხისმგებლოც არის. გამუდმებით ჩართულია მოსწავლეების აღზრდა-განათლების საკითხებში, სახლშიც კი მათზე ფიქრობს, მშობლებს ესაუბრება მუდმივად, გეგმავს როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე აქტივობებს – ეს, რასაკვირველია, არის ძალიან დიდი შრომა.

ასევე, არის დამრიგებელიც და ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი დაკავებული სამუშაო დღეც აქვს. ანაზღაურებადი შრომა ცალკეა და ცალკეა კიდევ ის, რაც ვერ ანაზღაურდება, ასეთ შრომას ეწევიან პედაგოგები. მინდა გითხრათ, რომ მივესალმები იმ რეფორმებს, რომლებიც სამინისტროში ხორციელდება, ჯერ შედეგებს ჩვენ ვერ დავინახავთ, ეს, ალბათ, მომდევნო წლებში გამოჩნდება”, – გვითხრა ეკატერინე კანდელაკმა, მასწავლებლობის მსურველმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოქმედი ფიზიკის პედაგოგი კი, რომელიც გამოცდებზე საკუთარი მინი კონსპექტებით, როგორც თავად აღნიშნავს, სრულად მობილიზებული და მომზადებული მოვიდა, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ დაწყებითი კლასების პედაგოგებს განსაკუთრებით სჭირდებათ ხელშეწყობა, პირველ რიგში იმისთვის, რომ შეძლონ და ისე გაართვან თავი დაკისრებულ ვალდებულებებსა თუ პასუხისმგებლობებს, რომ პროფესიიდან გასვლის სურვილმა არ “შეიპყროთ”.

“როცა სკოლაში სწავლობს 1800-ზე მეტი მოსწავლე და დაწყებით კლასებში 4 პარალელი კლასია, მინიმუმ 24 მოსწავლით, გაითვალისწინეთ, რომ მათგან ყველას საკუთარი საჭიროებები აქვს (სპეციალური საჭიროებებიც, მათ შორის) სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა, ეს კიდევ უფრო მეტი დრო და შრომაა.

“სხვათა შორის, მშობლებთან ურთიერთობაც ასეა, ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. გასაგებია ალბათ, რომ საქმე მარტივად არ იქნება. სკოლის დირექტორებმაც იციან ეს და სამინისტროშიც უწყიან, რომ არის უამრავი გამოწვევა და მეტი რესურსი გვჭირდება, როგორც მატერიალური, ისე ადამიანური. კადრის პოვნა შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე მისი შენარჩუნება”, – გვითხრა ლელა მასწავლებელმა.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი უფრო ვრცლად საუბრობს იმაზე, თუ რა არის ის კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან აქვთ და მათი შესრულებით რეალურ მხარდაჭერას იგრძნობდნენ:

“მაგალითისთვის, საგაკვეთილო ბადე რომ ავიღოთ, აქაც კი საჭიროა გარკვეული ცვლილებები. კი, ეს სკოლებში თავად რეგულირდება, მაგრამ სამინისტროს ჩართულობის საჭიროებასაც ვხედავთ. მასწავლებლებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი სრულფასოვანი შესვენება, ე.წ ფანჯარა გვაქვს. ზოგჯერ, გაკვეთილებს შორის ინტერვალი ხან ორი გაკვეთილია, ხან სამი. ეს ცოტა დამღლელიც არის.

“დამრიგებლებისთვის ხელფასების გაზრდაც აუცილებელია. დამრიგებლის საპასუხისმგებლო საქმიანობა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რესურსების მხრივ კი უფრო მეტი რესურსი უნდა გამოიყოს, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, მაგრამ მეც მიწევს საკუთარი ფინანსებით შევიძინო მარკერი, თაბახის ფურცლები, კალმები.. ვფიქრობ, რომ სამინისტრო სკოლების საქმიანობაში უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, როგორც მაკონტროლებელი, ავტონომია საჭიროა, მაგრამ კონტროლიც აუცილებელია. პირადად მე, სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობის იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ასე ფიქრობენ, ასე რომ არ იყოს, ამ პროფესიაში არ ვიქნებოდით”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მოქმედი პედაგოგი, რომელიც, როგორც აგვიხსნა, მაღალ კლასებში ქართულ ენას ასწავლის, დღეს კი მათემატიკის საგნის გამოცდაზე გავიდა, რადგან სურს, რომ მეტი საგაკვეთილო საათები მიიღოს.

როგორც გავარკვიეთ, საგანმანათლებლო გამოწვევების შესახებ დღეს, ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გასულმა მასწავლებლებმა წერეს. ერთ-ერთი დავალება საერთაშორისო კვლევებზე შეხვდათ, სადაც პედაგოგებმა PISA-ს კვლევის შედეგების თაობაზე არგუმენტი მოიყვანეს.

პედაგოგებო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ის ხელშეწყობა, რომლის მიღებასაც განათლების სამინისტროს მხრიდან ისურვებდით, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და შეხედულება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

ილიაუნის 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

$
0
0

21 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

საზეიმო ცერემონიაზე სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, კანცლერმა ქეთევან დარახველიძემ და დეკანებმა: ელენე ჟურავლიოვამ, ნიკოლოზ ყაველაშვილმა, ნინო მატარაძემ და გიორგი პაპუაშვილმა.

„ილიაუნი არ არის მარტო უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი, არც სტუდენტებისთვის და არც ჩენთვის. ეს არის პირველ რიგში დიდი ღირებულებითი, მოქალაქეობრივი და რათქმაუნდა პროფესიული ერთობა, რომელსაც ილიას გზით ერთად მივყავართ ძალიან მნიშნელოვანი მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროპულ მომავალთან როგორც დღეს. წლევანდელი კურსდამთავრებულებისთვისაც განსაკუთრებული იქნება ეს ემოცია. ძალიან მადლობელი ვართ, რომ მათ აირჩიეს ჩვენთან ერთად ილიას გზით სიარული“ – ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

წელს პირველად დაჯილდოვდნენ წარმატებული კურსდამთავრებულები: ნანა ბაგალიშვილი და ქეთევან მოლაშვილი -“ალუმნი ჯილდო” განსაკუთრებული წვლილისთვის საზოგადოების სამსახურში. ავთანდილ მღებრიშვილი – “ალუმნი ჯილდო” ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის. ჯუანშერ ჯეჯელავა – “ალუმნი ჯილდო” წარმატებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის.

„ეს არის ჩემთვის ჟესტი, რომ ილიაუნისთან ბმა ისევ არსებობს. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩემი უნივერსიტეტი მარტო ჩემს განათლებას კი არ სცემდა პატივს, არამედ ჩემს ინიციატივებსაც, მაშინაც და ეხლაც, რასაც საზოგადოების მხარდასაჭერად ვაკეთებთ“ – ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფე“-ს თანადამფუძნებელი.

ოფიციალური ნაწილი დასრულდა ტრადიციული რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით.

საზეიმო ღონისძიება დასრულდა ალექსანდრე ხარანაულისა და ბენდ „ნუ მიეყრდნობით“ კონცერტით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ახალი რექტორი ჰყავს

$
0
0

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ახალი რექტორი ჰყავს. ამის შესახებ ცნობილი დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლის კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახლად დანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას შეხვდა.

“შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი”, – წერია მთავრობის ადმინისტრციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საბაუნის სტუდენტებმა ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში Practicing Resilience – Preparing for Recovery“ რომელიც მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ხორვატიაში, ქალაქ შიბენიკში გაიმართა.

„ძალიან მიხარია, რომ საბაუნის სტუდენტებს გვაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ისეთ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებში, როგორიც ხორვატიაში ორგანიზებული საზაფხულო სკოლაა. საბაუნიმ მომცა საშუალება მიმეღო ცოდნა უკრაინის მაგალითზე ომის დროინდელ და ომის შემდგომ რესოციალიზაციასა და აღდგენის საშუალებებსა და პროცედურებზე, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს შემთხვევაშიც.

„ლექციებს და პრაქტიკულ დავალებებს უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები და პროფესორები ამერიკიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და უკრაინიდან. თითოეული ლექცია იყო მრავლისმომცველი, რომელიც შეუფასებელ ცოდნას აძლევდა თითოეულ მონაწილეს. ზაფხულის სკოლა დამეხმარა გამეცნო ცნობილი პროფესორები, სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, რაც დამეხმარა არა მარტო პროფესიულ განვითარებასა და ზრდაში, არამედ მათი კულტურის შეცნობაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საბაუნი ორიენტირებულია ისეთ პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტს არა მარტო პროფესიული, არამედ კულტურული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, გარდა ამისა, მსგავსი პროგრამები შესანიშნავი გზაა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის“, – ალექსანდრე მაღრაძე, საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

საზაფხულო სკოლა საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ითვალისწინებდა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს , რომელიც თავის მხრივ მონაწილე ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოებას ემსახურებოდა.

„ყოველი ახალი გამოწვევა არის განვითარების შესაძლებლობა. ასეთივე გამოწვევა იყო ჩემთვის საზაფხულო სკოლა ხორვატიაში.

საზაფხულო სკოლის სათაურიდან გამომდინარე ყოველდღიური ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები ეძღვნებოდა პოსტ-ტრავმული გამოცდილების შემდეგ ემოციური მედეგობასა და აღდგენას, რომლებსაც უძღვებოდნენ ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები. ჩემთვის, როგორც მომავალი ფსიქოლოგისთვის, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა უცხოელი პროფესორების ლექციები, ვინაიდან ისინი ძირითადად ფსიქოლოგები იყვნენ და მედეგობის საკითხებსაც ვიწრო კონტექსტში განიხილავდნენ. დღეები საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოებით.

საინტერესო ინტერაქცია, ახალი ურთიერთობები, პროფესიური და პიროვნული განვითარება, ასე შევაფასებდი საზაფხულო სკოლას ხორვატიაში“ – რობერტ ნონოიანი საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

საზაფხულო სკოლა „Practicing Resilience – Preparing for Recovery“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უკრაინელი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და დახმარებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან.

გამოქვეყნდა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი სამოქალაქო განათლებაში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 24 ივლისს, აბიტურიენტთა სამოქალაქო განათლების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.

იხილეთ გამოყენებული ტესტი:

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

რაც შეეხება ხელოვნების გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

„ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება“ –ორად გაყოფილი პოზიცია გორის საგამოცდო ცენტრიდან და პროგნოზები სახელფასო პოლიტიკაზე

$
0
0

პედაგოგების სახელფასო პოლიტიკა – ეს იყო თემა, რომელზეც როგორც მასწავლებლების, ასევე მასწავლებლსი საგნის გამოცდაზე მისული მასწავლებლობის მსურველების პოზიციის მოსმენა და მკითხველისთვის მათი პასუხების შეულამაზებლად მიწოდება გვსურდა.

EDU.ARIS.GE-მ გამოკითხვა გორში, მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ჩაატარა და სხვადასხვა ასაკის გამოსაცდელებს გაესაუბრა:

“ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის გამო ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება და ამის წინაპირობა ჩემს კოლეგებში უკვე შექმნილია”, – ამბობს ერთ-ერთი გამოსაცდელი, რომელიც ჩვენთან საუბრისას მღელვარებას ვერ მალავდა.

ყველა, ვინც ჩვენთან გასაუბრებაზე უარი არ თქვა გვიხსნის, რომ ამ დრომდე არ ესმით, რატომ შემცირდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები, როცა მათ ამ სტატუსებისთვის დიდი შრომა გასწიეს:

შიდა ქართლში მოღვაწე პედაგოგმა, მანანა მუზაშვილმა: “ახლა დაიწყება ბრძოლა საათებისთვის, რადგან ხელფასის მატება რეალურად იგრძნოს მასწავლებელმა. გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, რომ ხელფასები რეალურად გაიზრდებოდა და ყველა კმაყოფილები ვიქნებოდით, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამ ფორმულით ყველაფერი აზრს კარგავს. ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის გამო, ბევრი პედაგოგი სკოლიდან წასვლაზე დაფიქრდება და ამის წინაპირობა ჩემს კოლეგებში უკვე შექმნილია. ფორმულა გამოიყურება ასე, როგორც ვიცი, გარკვეული დანამატებია საათებზე, სტაჟზე, ხარისხზე, დამრიგებელზე და რაღაც ფუნქციებზე. სტატუსების დანამატი კი უქმდება ორი წლის შემდეგ”.

პედაგოგი ხაშურიდან: “აუცილებელია გადაიხედოს პედაგოგების სახელფასო პოლიტიკა და ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს მათი შრომა. ჩვენი საქმიანობა შრომატევადი და ძალიან საპასუხისმგებლოა. როცა ადამიანს უამრავი ვალდებულება გაქვს საოჯახო, საბანკო თუ სახელმწიფო სერვისების მიმართ, რა თქმა უნდა, ხელფასიც უნდა იყოს ღირსეული. სტაჟიანი პედაგოგი ვარ და უსამართლობაა ის, რომ დამწყებ მასწავლებელს უფრო მეტი მატება შეეხო, ვიდრე მე. ესაა უსამართლობა და არაფერი სხვა. ჩვენი შრომა, რომ გვეგონა ფასდებოდა, აღმოჩნდა, რომ არ დაფასდა. ახლა ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა ჩვენი დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის, რაც საწყენია.

პედაგოგი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: “მასწავლებელი, როცა სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში იბრძვის, მოსწავლეებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, აბარებს გამოცდებს, დანამატი შეუნარჩუნდებათ ორი წელი, შემდეგ დააკლდებათ. ხოლო მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდები არ ჩაუბარებიათ, ხელფასი საგრძნობლად გაეზრდებათ. ხომ არის ეს უსამართლობა?! როგორ შევხედო ამ ყველაფერს ისე, ვითომ არაფერი მომხდარა. ძალიან განაწყენებული ვარ!“.

სამცხე-ჯავახეთიდან გორში ჩამოსული პედაგოგი: “გადაწყვეტილებას თავიდანვე აკლდა სიცხადე და როცა ყველა დეტალი გახდა ცნობილი გაირკვა, რომ ტყუილად გვიხაროდა ხელფასების მატება. განსაკუთრებით გულისწყვეტას იწვევს ეს გადაწყვეტილება წამყვან მასწავლებლებში, რომლებიც სტატუსის მისაღებად თავს არ ზოგავდნენ და პროფესიული განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ვინც ახლა დააპირებს სტატუსის ამაღლებას, სწორედ 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ხოლო ვინც ძველი წესით იღებდა დანამატს, ეს 2 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. ასევე დამატებით მიიღებენ კიდევ 200 ლარს“.

“ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ჩემი ხელფასის გამოთვლის პროცესში ვიმყოფები. ვფიქრობ, რომ მოტივაციადაკარგული მასწავლებლები, რომლებსაც ხელფასები საგრძნობლად მოემატათ, პროფესიული განვითარებისთვის თავს აღარ შეიწუხებენ. პირიქით არ უნდა ყოფილიყო? სამართლიანი ის იქნებოდა, ვისაც აქვს მიღწევები და წარმატებები, ხელფასებიც მათ ჰქონოდათ ღირსეული და არა პირიქით“, – გვიხსნის კიდევ ერთი გამოსაცდელი.

EDU.ARIS.GE-მ ჩაწერა ისეთი მასწავლებლებიც, ვისთვისაც მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და ახალი ფორმულა მისაღებია:

თეა მახარობლიძე: “მე დაწყებითების მასწავლებელი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია ხელფასის მატება. მიუხედავად ამისა, არის რაღაცები დასახვეწი, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენ, მაგალითად დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, რომლებიც ვასწავლით მოსწავლეებს სპორტს და ხელოვნებას, მაგრამ არ ვართ სერტიფიცირებულები, ამ საათების ანაზღაურება არის ჯერ კიდევ ძველი წესით. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა არის ძალიან კარგი, თუმცა ამ კუთხითაც რომ ყოფილიყო ცვლილება, კარგი იქნებოდა. ხელოვნებისა და სპორტის საათები ჯერ ისევ ძველი წესით აგვინაზღაურდება“.

მარინე ბერუაშვილი: “მე არ ვარ წამყვანი პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი გახლავართ, თუმცა ვიცი, რომ ხელფასების პოლიტიკამ პედაგოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათ გული დასწყდათ. რაც შეეხება ჩემს აზრს, მე კმაყოფილი ვარ ხელფასის მატებით, რადგან ამდენი პედაგოგია განაწყენებული, ალბათ, გადაწყვეტილება გადახედვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ყველაფერი დაიხვეწება და უფრო კარგი შედეგები გვექნება. მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ხელფასების გაზრდას“.

უფროსი მასწავლებელი: “მე კმაყოფილი ვარ, აქამდე ვიჩაგრებოდი და არ მქონდა შესაბამისი ანაზღაურება. ახალი ფორმულა კი მაძლევს საშუალებას, ჩემი ანაზღაურება გაიზარდოს, რაც მახარებს. მე მესმის სხვა პედაგოგების გულის წყვეტის, მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა ესმოდეთ. პოზიტიური ამბავია და ასევე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს“.

პედაგოგი გორიდან: “რატომ ხედავს ეს ხალხი ყველგან ცუდს. ძალიან კმაყოფილი ვარ სიახლით. მე მეზრდება ხელფასი და საკმაოდ სოლიდურ თანხას მივიღებ თვის ბოლოს. ხომ არ იქნებოდა სწორი, რომ ყველას ერთნაირად მომატებოდა ხელფასი. ასეთია ახალი პოლიტიკა და უნდა შევეგუოთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება პედაგოგებისთვის ხელფასების მატების პოლიტიკა. ვითარდება სახელმწიფო და ჩვენც არ გვტოვებენ ისე. ჩემს გარშემო ყველა კმაყოფილია და ყველას უხარია ხელფასების მატება, თუნდაც ეს იყოს 200 ლარით. ჩვენთვის დიდი სტიმულია“.

ახალი ფორმულით მასწავლებლების ხელფასი პირველი ივლისიდან გამოითვლება. პედაგოგის ხელფასის მატებაზე რამდენიმე კრიტერიუმი მოახდენს გავლენას. საბოლოო ხელფასი დაანგარიშდება განათლებასა და კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, დატვირთვას და სხვა გარემოებების მიხედვით.

ამავე თემაზე:

წერილი პრემიერ-მინისტრს და 15 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ხელმომწერები

„ამ ფორმულით დაწყებითების მასწავლებლები განსაკუთრებით დაზარალდნენ…“ – წამყვანი მასწავლებლის დიალოგი განათლების სამინისტროსთან

„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი

„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

“ევროპის უნივერსიტეტსა”და “რითეილ ასოციაციას” შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

23 ივლისს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტსა“ და „რითეილ ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და “რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა მოაწერეს ხელი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღნიშნული თანამშრომლობა “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობას მისცემს.

„რითეილ ასოციაცია“ 13 მსხვილ ბიზნესსუბიექტს აერთიანებს და როგორც წევრი კომპანიების, ასევე ქვეყანაში არსებული საცალო სექტორის განვითარებაზე ზრუნავს.

აბიტურიენტი: „გამოცდაზე დარიგებული რუკების წამოღება და ჩემი სკოლისთვის ჩუქება მომინდა“

$
0
0

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 ივლისს გაგრძელდა გეოგრაფიის გამოცდით, რომელიც წელს 2 600-ზე მეტ გამოსაცდელს აქვს არჩეული. აბიტურიენტები გამოცდას ერთ, დილის სესიაზე აბარებდნენ.

როგორც თავად გვიამბეს, ყველაზე მეტად იმ დავალებების შიში ჰქონდათ, რომლებიც ტოპოგრაფიებს, საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკურ რუკებს ეხებოდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ? აბიტურიენტების პასუხი ასეთი გახლდათ: “სკოლებში რესურსების სიმწირეა”.

გამოცდის დასრულების შემდეგ კი გვითხრეს, რომ მათი შიში გამართლდა და სკოლებში რუკების არასაკმარისი რესურსების შესახებ ჩვენთან ღიად ისაუბრეს.

აბიტურიენტი, რომელმაც თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული სკოლა დაასრულა, EDU.ARIS.GE-სთან ჰყვება, რომ გეოგრაფიის გაკვეთილებზე პედაგოგს რუკების საკუთარი კატალოგი დაჰქონდა, რადგან სკოლას საჭირო რესურსები არ ჰქონდა.

“რუკების კატალოგი ჰქონდა მასწავლებელს, ელექტრონული ვერსიაც და წიგნის სახითაც და ეს დაჰქონდა გაკვეთილებზე. სკოლაში ამბობდნენ – “როგორ არ გვაქვს რუკებიო”, მაგრამ რომ მოვიკითხავდით, მერე არ იყო. მაინც მასწავლებელს უწევდა სახლიდან მოტანა, დიდი რუკებიც მას მოჰქონდა. ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელია. სკოლებში საკმარისი რესურსი უნდა იყოს, გეოგრაფია ისეთი საგანია, რომ რუკების გამოყენება სწავლებისას აუცილებელია, გამოცდაზეც ხომ ამიტომ გვირიგებენ?!”, – გვიყვება თბილისელი აბიტურიენტი გოგონა.

ჩვენს მეორე რესპონდენტს კი კარტოგრაფობა სურს და როგორც გვიხსნის, რომ არა ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრი ჰყავს კარტოგრაფი, შესაბამისი რესურსებით მეცადინეობა მისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა.

“მამაჩემია კარტოგრაფი და ძალიან საინტერესო პროფესიაა. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად ანაზღაურებადიც. მამა სულ ცდილობს, რაღაცები აღმოაჩინოს და მათი გაყიდვაც შეიძლება, უცხოელებს საინტერესო აღმოჩენებში ფულის გადახდა არ ენანებათ. ვიცი, რომ ამ პროფესიის დაუფლება შემდეგ გამიჭირდება და მსოფლიო თუ საქართველოს რუკა, ოკეანეები, ზღვები, სხვადასხვა სტრატეგიული გეოგრაფიული სივრცეები ახლავე საფუძვლიანად უნდა მქონდეს შესწავლილი, რესურსები რომ არ აქვს სკოლას, ეს შეუძლებელია. პირადად მე, რესურსები არ მაკლდა, მაგრამ ეს ოჯახის და არა სკოლის დამსახურებით”, – ამბობს მომავალი კარტოგრაფი.

აბიტურიენტი გიორგი ლობჟანიძე კი გვიყვება, რომ გამოცდაზე A3 ფორმატის მსოფლიოსა და საქართველოს ფიზიკური რუკები მისცეს. აბიტურიენტი ხუმრობს, რომ ეს რუკები იმდენად მოეწონა, სურვილი გაუჩნდა, საკუთარი სკოლისთვის ეჩუქებინა.

“დარიგებული რუკების წამოღება მომინდა და ჩემი სკოლისთვის ჩუქება. იყო ძალიან ლამაზი, ფერადი რუკები, ბავშვები გამოიყენებდნენ, თუმცა წამოღება არ შეიძლებოდა”, – ხუმრობს გამოცდიდან ახლად გამოსული აბიტურიენტი.

გამოცდილი სტუდენტი, შოთა მშვიდობაძე, რომელიც წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებს, გვიხსნის, რომ იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც რუკებს ეხებოდა, მხოლოდ საკუთარი და უნივერსიტეტში მიღებული განათლება დაეხმარა.

“ერთ-ერთ დავალებაში აფრიკის კონტინენტის დამოკიდებულებას გვეკითხებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომზე. დიახ, რუკებზე იყო უმეტესი დავალება. მე ზოგადი ცოდნა დამეხმარა, სტუდენტი რომ არ ვყოფილიყავი, სკოლაში მიღებული განათლებით ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ დავალებების შესრულება”, – აღნიშნავს გამოსაცდელი.

ჩვენი გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციით, წლევანდელი გეოგრაფიის ტესტი რთული არ ყოფილა, ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციები, დიაგრამა, ინფოგრაფიკა და სხვადასხვა ტიპის რუკები მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი. აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

გამოქვეყნდა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 24 ივლისს, აბიტურიენტთა გეოგრაფიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.

იხილეთ გამოყენებული ტესტი:

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

„სანამ თემის წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ

$
0
0

“წელს ლიტერატურა 1 400-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს არჩეული და როგორც მეოთხე, ისე მესამე საგნად აბარებენ, მათთვის ეს ოპტიმალური არჩევანია”, – ამბობს  EDU.ARIS.GE-სთან ქართული ენის სპეციალისტი და სკოლის უფროსი მასწავლებელი, ირმა გოგიძე და 2024 წლის აბიტურიენტებს, რომლებიც 25 ივლისს გამოცდას ლიტარატურაში აბარებენ, წინასაგამოცდო მითითებებს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ წელს ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ცვლილებები არ შესულა და გამოცდა ერთ, (დილის) სესიად ჩატარდება.

გამოცდისწინა გაფრთხილება სპეციალისტისგან:

“1. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა, იყავით მოთმინებით. საკითხზე კონცენტრირდით. გახსოვდეთ, რომ ეს გამოცდა 4 საათი გრძელდება, ამიტომ, მიირთვით დილით, მოიმარაგეთ წყალი და განეწყვეთ სამუშაოდ.

2. დაარღვიეთ სტერეოტიპი – “პროზა ადვილია, პოეზია რთულია”. წინასწარ არ იფიქროთ, პროზას აირჩევთ თუ პოეზიას. ორივეს კარგად გადახედეთ. რომელზეც არგუმენტირება უკეთ შეგეძლებათ, ის არჩიეთ.

3. იმეგობრეთ შავ ფურცელთან, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 4 საათი საკმაოდ დიდი დროა. ამ გამოცდაზე ნამდვილად მოგიწევთ ბევრი წერა. გადათეთრებაც დიდ დროს წაიღებს, ეს კი დამღლელი პროცესია. დავალებებს შორის აუცილებლად გააკეთეთ შესვენებები.

4. ყველაზე რთული არგუმენტირებაა. სანამ თემის წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, აიღეთ შავი ფურცელი და იქ ჩამოწერეთ ყველა ის ფრთიანი ფრაზა, ამონარიდი, ციტატა თუ ანდაზა, რომელიც საკითხზე გაგახსენდებათ. შეადგინეთ ერთგვარი გეგმა როგორ დაიწყებდით არგუმენტირებას.

5. მთავარი მაინც ის არის, რომ სწორად გაიგოთ დავალების პირობა. ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობები. 4 საათი გაქვთ, მაგრამ ეს დრო ოპტიმალურად თუ არ გამოიყენეთ, შესაძლოა, არც გეყოთ და პირდაპირ თეთრი ფურცელი გამოიყენოთ.

6. აკონტროლეთ დრო. შეეცადეთ, რომ ტექსტის არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ცოდნა გამოავლინოთ, ზოგადი ფრაზები დაივიწყეთ.

7. გამსწორებელს აჩვენეთ, რომ წიგნიერი ახალგაზრდა ბრძანდებით. როცა მოიყვანთ მაგალითებს, ეს აქ განსაკუთრებით გამოჩნდება, ამიტომ, საყვარელ ავტორებს დაესესხეთ. სხვა წაკითხულ წიგნებზეც ისაუბრეთ და აკადემიურად წერეთ”.

ცნობისთვის 2024 წლის ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 4 საათი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ


„ჯარიც ერთგვარი უნივერსიტეტია, ნუ შეშინდებით ბავშვებო!“ –აბიტურიენტი გამამხნევებელი გზავნილებით

$
0
0

“ჭიათურიდან ჩამოვედი და გამოცდებს დედაქალაქში ვაბარებ, ეს პერიოდი ნათესავებთან ერთად ვცხოვრობ და განსაკუთრებულ მღელვარებაში ვარ. ჩემთვის რთული ტესტი არ ყოფილა, შესასრულებლად 1 სააათი დამჭირდა. ყველაზე რთული კი სამოქალაქო განათლების ტესტებში შეცდომების პოვნის დავალება იყო”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მისთვის ბოლო ეროვნული გამოცდიდან გამოსულმა ნიკა კაპანაძემ.

ის გამოცდაზე მამიდასთან ერთად მივიდა და სამოქალაქო განათლების ტესტი, როგორც თავად ამბობს, წარმატებით წერა.

ნიკას მონაყოლიდან გავიგეთ, რომ სამუშაო თემებად მისი თანატოლებისთვის აქტუალური საკითხები შეხვდა:

“რთული იყო შეცდომების პოვნა ტექსტში და ბოლო დავალება – არგუმენტირება. წლევანდელი ტესტის თემა იყო ახალგაზრდები და ახალგაზრდული გამოწვევები. იყო ერთი საკითხი მწეველებისა და თამბაქოს მოხმარების შესახებ. რუკაზე იყო მოცემული მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა, სად რამდენია და ჩვენ უნდა გვემსჯელა, სად უფრო მეტი იყო მწეველი. ახალგაზრდებზე და არჩევნებზე იყო კიდევ ერთი დავალება, არგუმენტირებას სადაც ითხოვდნენ: უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება თუ არაო და როგორ საწინააღმდეგო, ისე მხარდამჭერი არგუმენტები უნდა დაგვესახელებინა”, – გვითხრა აბიტურიენტმა.

ჩვენი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ სტუდენტობა ახლა მისი მთავარი სურვილია, თუმცა გვიხსნის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურიც აინტერესებს. ნიკა ჩვენი დახმარებით იმ მესიჯს აჟღერებს, რომელიც გამამხნევებელი განსაკუთრებით ვაჟი გამოსაცდელებისთვის იქნება:

“რომ ჩავაბარებ, მაინც მექნებაჯარში წასვლის სურვილი. მესმის მათიც, ვისაც არ უნდა, მაგრამ სამოქალაქო განათლებას ვინც აბარებს, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ძლიერი ჯარი ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობას. ჯარიც ერთგვარი უნივერსიტეტია, ნუ შეშინდებით ბავშვებო. ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები და მოქალაქეები გავხდეთ”, – ამხნევებს თანატოლებს აბიტურიენტი.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

„ისტორიაში, მასწავლებლის კვალიფიკაციის დასადასტურებლად, მხოლოდ წერითი გამოცდა არ არის საკმარისი“

$
0
0

„ვარ 23 წლის, ისტორიის ბაკალავრის დიპლომით. საქართველოში ისტორიკოსებისთვის სხვა არჩევანი არც არსებობს, ან მასწავლებელი უნდა გახდეს, ან იმუშაოს რეპეტიტორად, ყველა ჩემი კოლეგა აბარებს დღეს“, – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ს 23 წლის ახალგაზრდა ისტორიკოსმა, გიორგი ნადირაშვილმა განუცხადა, რომელმაც დღეს მასწავლებლის საგნის გამოცდას ჩააბარა. ისტორიის მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველი გვიხსნის, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს დიდი არჩევანი არ აქვთ და სწორედ ამიტომ ჰყავს მასწავლებლის გამოცდებს ამდენი მსურველი.

“იმ ახალგაზრდების დასაქმება, რომლებმაც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებები შეარჩიეს, არიან ისტორიკოსები, განათლების სპეციალისტები, ფილოლოგები.. დასაქმება თითქმის შეუძლებელია ნეპოტიზმის გარეშე, ეს სფეროები დაუფასებელია, ძალიან დაბალ ხელფასზე გვიწევს მუშაობა. პირადად მე, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეპეტიტორობა დავიწყე და ჩემს აბიტურიენტებთან ერთად, მეც ვაბარებ გამოცდებს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოცდას აბიტურიენტებიც საუკეთესოდ ჩააბარებდნენ, ძალიან მარტივია სპეციალისტისთვის”, – გვითხრა მასწავლებლობის მსურველმა.

გიორგი მიიჩნევს, რომ ისტორიაში წერითი გამოცდა არ არის საკმარისი, როგორც მასწავლებლობის მსურველისთვის, ისე მოქმედი პედაგოგებისთვის და ისურვებდა, რომ ისტორიას ზეპირი გამოცდის კომპონენტიც დაემატოს.

“საბოლოდ გამოდის, რომ ათასობით მასწავლებლობის მსურველი აბარებს ამ გამოცდას წარმატებით, კონკურენცია კი 60-კრედიტიან პროგრამაზე ძალიან მაღალია. არ ვფიქრობ, რომ 3 მილიონიან ქვეყანაში ამ რაოდენობით მასწავლებელი უნდა იყოს. ალბათ, საჭიროა, დაიხვეწოს ტესტის ფორმატი და გადაიხედოს, ამით უფრო მეტი კვალიფიცირებული კადრი გვეყოლება და დასაქმების პერსპექტივაც რეალური იქნება”, – ასე განმარტა საკუთარი პოზიცია გიორგი ნადირაშვილმა.

საუბრის დასასრულს, როცა გიორგის ვთხოვეთ, რჩევა მიეცა თანატოლებისთვის, ჩვენმა რესპონდენტმა ხუმრობით გვითხრა – “ალბათ, ვეტყოდი, რომ ნუ გახდებით ისტორიკოსები და ამის ნაცვლად სხვა, ბაზრის მოთხოვნადი პროფესია შეისწავლეთ.. მაგრამ მაინც არ მინდა, დემოტივატორი ვიყო, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და მომავლისთვის, ასე ვეტყვი!”.

როგორც ჩვენს რესპონდენტებთან გავარკვიეთ, მასწავლებლის ისტორიის გამოცდაზე შერეული საკითხები შემოვიდა – როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიიდან.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ისტორიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში აბარებენ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

გრუნისა და USAID-ის ერთობლივი პროექტი –სამართლებრივი ინგლისურის ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ, დასრულდა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი საქართველოს უნივერსიტეტებში სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის დონის ასამაღლებლად.

2024 წლის 22 ივლისს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ; USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰერბ ბოუმენმა და სამართლის სკოლის დეკანმა, გულიკო გალდავამ. აღინიშნა, რომ პროფესიული ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესების საჭიროება დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ამდენად, მნიშვნელოვანია ამგვარი პროექტების განხორციელება. შეხვედრაზე პროექტის ტრენერმა, გრუნის პროფესორმა – ხატია თანდილაშვილმა, შეაჯამა პროექტი, ისაუბრა განხორციელებული აქტივობებისა და მისი შედეგების შესახებ.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 6 რეგიონული უნივერსიტეტის 13 ლექტორი, მათ შორის, პარტნიორი უნივერსიტეტების: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი); იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა შეიძინეს ისეთი სამართლებრივი საკითხების ცოდნა, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები; სასამართლო სამართალწარმოება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა; კონსტიტუციური, ევროპული, საერთაშორისო, სახელშეკრულებო, კომერციული, შრომის, საბანკო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი და სხვა. ლექტორებმა, ასევე, გაიღრმავეს ცოდნა სამართლებრივი ინგლისურის საკვანძო ტერმინოლოგიებსა და ფრაზებში, გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სახელმძღვანელოებს, მოამზადეს სრულყოფილი სილაბუსი, რომელიც ეფუძნება სრულიად ახალ საკვანძო, ავთენტურ მასალას.

ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების საფუძველზე, უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მაღალ დონეზე დაუფლებოდნენ სამართლის პროფესიულ ინგლისურს, გახდნენ კონკურენტუნარიანი იურისტები როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე და შექმნან მაღალი სტანდარტების სამეცნიერო ნაშრომები.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა, ხელი შეუწყო უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლოდ, ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.

„სკოლა 39 წლის ასაკში, ექსტერნად დავამთავრე და ახლა გამოცდებს ვაბარებ უმაღლესი განათლების მისაღებად“

$
0
0

3 შვილის დედა, მაყვალა გორგაძე, 2024 წლის აბიტურიენტია და უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაყვალამ ატესტატი შარშან, 39 წლის ასაკში აიღო და წელს პირველად აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ხულოს საგამოცდო ცენტრში.

„ხულოში დავიბადე და გავიზარდე, 16 წელი – დაქორწინებამდე აქ ვცხოვრობდი. ჩემთვის ეს ადგილი მშობლიურია და ხულოს საგამოცდო ცენტრის არჩევაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ისე ბათუმში ვცხოვრობ და გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ბათუმის უნივერსიტეტში ვგეგმავ ფსიქოლოგიის შესწავლას. ვფიქრობ, ეს პროფესია ხალხთან ურთიერთობაში ძალიან გამომადგება. ახლა პროფესიით ბუღალტერი ვარ. 22 წლის ვიყავი პირველად საბუღალტრო კურსები რომ გავიარე. მას შემდეგ სულ რაღაცას ვსწავლობ და ვიღრმავებ ცოდნას. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 80-მდე მოსწავლე მყავს.

„მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ, ყველა მსურველს, განსაკუთრებით გოგონებსა და ქალბატონებს, უსასყიდლოდ შევასწავლო ჩემი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებული ვარ და თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაინც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც ადრე ვერ შევძელი – 39 წლის ასაკში ექსტერნად დავამთავრე სკოლა და ახლა გამოცდებს ვაბარებ უმაღლესი განათლების მისაღებად.

„ჩემი მეუღლე მზარეულია, უფროსი ვაჟი ავტომობილების ხელოსანი, შუათანა კი მომავალ წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სავარაუდოდ საერთაშორისო სამართლის მიმართულებას აირჩევს. ნაბოლარა მხოლოდ 5 წლისაა და ძალიან ხალისობს იმაზე, რომ დედამისი შარშან მოსწავლე იყო, წელს კი სტუდენტობას გეგმავს“, – ამბობს მაყვალა გორგაძე NAEC-თან საუბარში.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გამოქვეყნდა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ლიტერატურაში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 25 ივლისს, აბიტურიენტთა ლიტერატურის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოაქვეყნა.

იხილეთ გამოყენებული ტესტი:

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

რაც შეეხება ლიტერატურის გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Viewing all 14585 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>