განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, აკადემიურმა საბჭომ, ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაიწყო. როგორც თამარ სანიკიძე აცხადებს, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე საჭიროა, არა მხოლოდ რექტორის ვადაზე ადრე გათავისუფლების არამედ, უნივერსიტეტთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხების განხილვა. განათლების უწყების ხელმძღვანელი რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გვახსენებს და ამბობს, რომ თსუ-ში განვითარებული მოვლენების ფონზე, მცირე დეტალიც კი, კითხვის ნიშნის ქვეშ და ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
განათლების მინისტრი მიესალმება ფაქტს, რომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება, სწორედ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ აიღო საკუთარ თავზე და ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხზეც გადაწყვეტილები მიღებას აკადემიურ საბჭოს აკისრებს.
„უნდა დადგეს თუ არა რექტორის იმპიჩმენტის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტოს აკადემიურმა საბჭომ. ძალიან კარგია, რომ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო, ახალგაზრდებს ჩამოხსნა ეს პასუხისმგებლობა და თვითონ უნდა განახორციელოს, იმიტომ რომ ეს არის სწორი. აკადემიური საბჭო არის ის მმართველი ორგანო, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რექტორის მიერ, კანონდარღვევა თუ გადაცდომა განიხილოს. ეს არ უნდა იყოს სტუდენტების და ახალგაზრდების გასარჩევი საკითხი და უფრო მეტიც, მათი დაპირისპირების მიზეზი.
კარგია, რომ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო და ამ საკითებს განიხილავს. არ დაგვავიწყდეს, რამდენიმე დღის წინ, როგორი ცუდი მდგომარეობა გვქონდა უნივერსიტეტში, ეს ნამდვილად, მიუღებელი იყო სახელმწიფოსთვისა და უნივერსიტეტისთვის. მიუღებელია არა იმიტომ, რომ სტუდენტმა ამოიღო ხმა – პირიქით, მიუღებელია ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
ამიტომ პროცესები ნელ-ნელა სამართლებრივ ჭრილში – აკადემიური საბჭოს განხილვის რეჟიმში უნდა გადავიდეს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ჩვენი მხიდანაც არის მოლოდინი, რომ საბჭო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ყოველი შემთხვევისთვის, რაც საბჭომ უნდა უზრუნველყოს არის ის, რომ ამ დღეების განმავლობაში, არც ერთი საკითხი არ უნდა დატოვოს მოკვლევის გარეშე. ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ნამდვილად, გამოჩნდეს, იყო თუ არა ეს დარღვევები- სახელმწიფოს მხრიდან იყო, სტუდენტების მხრიდან თუ უნივერსიტეტის მხრიდან. ძირითადად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და საზოგადოებისათვის ყველაფერი ცნობილი უნდა გახდეს.
შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ აკადემიური საბჭო არც ერთ მტკივნეულ საკითხს გვერდს არ აუვლის და თითოეულს საფუძვლიანად განიხილავს“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ აკადემიურმა საბჭომ ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილა, სტუდენები პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას აანონსებენ, განათლების უწყების ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაშიც უნივერსიტეტის მმართველ ორგანოს-აკადემიურ საბჭოს აკისრებს.
„საბჭომ კიდევ ერთელ, უნდა გაითვალისწინოს, თუ რა ხდებოდა და ისიც თუ რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ, პასუხისმგებლობა, რომლებიც სტუდენტებმა აიღეს თავიანთ თავზე და გამოთქვეს პრეტენზები, რის გამოც, ისინი მართლაც წუხდნენ, ეს ყველაფერი უნივერსიტეტის მმართველი ორგანოს გადასაწყვეტია. ამიტომ არც ის უნდა დაგვავიწყდეს რა პროცესები მიმდინარეობდა და ალბათ, პროგნოზიც უნდა გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება მოხდეს“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამ დრომდე, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, დადგება თუ არა თსუ-ის რექტორის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში. აკადემიური საბჭო უკვე რამდენჯერმე კიდევ ერთხელ შეიკრიბა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება იყო.
იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე, საბჭოს წევრები უნივერსიტეტში დაწყებული შიდა მოკვლევის შედეგებს ელოდებიან.
პარალელურად, რექტორის გადაყენების მოთხოვნას არ ცვლის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელმაც აკადემიურ საბჭოს საკუთარი არგუმენტები წერილობით გააცნო და ვლადიმერ პაპავას ე.წ. ოდეერთან დაკავშირებით მორიგი ბრალდება წაუყენა.
განათლების სამინისტროს შეთავაზება თსუ-ის სტუდენტებს
მოამზადა თამთა ასანიძემ