14 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი ხალხს ვერ იტევდა – ახალგაზრდა მკვლევრები, მომავალი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ მალავდნენ – სწორედ ასეთ ვითარებაში გამართა უნივერსიტეტმა რიგით მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
600-მდე განაცხადიდან სპეციალურმა კომისიებმა 200 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინეს, რის საფუძველზეც, კონფერენციის მუშაობაში, საერთო ჯამში, 300-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა.
კონფერენცია CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობასა და წარმატების მიღწევის გზებზე ისაუბრა და ცვალებად სამყაროში აღმოჩენებისა და ძიების სურვილის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„მე არასოდეს ვმარცხდები – ან ვიმარჯვებ, ან ვსწავლობ!“, „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნელა მოძრაობ, მთავარია, არ გაჩერდე“ – ნელსონ მანდელასა და კონფუცის ამ სიტყვებით მიმართა კახაბერ კორძაიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ქართველი და უცხოელი სტუდენტების გარდა, მომავალი სტუდენტები – სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ.
CIU-ს რექტორის შემდეგ, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილმა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძემ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, კონფერენციამ მუშაობა 8 სექციასა და 16 ქვესექციაში განაგრძო. თემატიკები კი ასე იყო გადანაწილებული: ბიზნესი და ტექნოლოგიები, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი.
ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო წარდგენილი, თითოეულ სექციაში კი მოხსენებები დარგობრივმა ექსპერტებმა და პროფესორებმა შეაფასეს.
EDU.ARIS.GE კონფერენციის მსვლელობისას, მის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ესაუბრა და CIU-ს ინოვაციური პროექტის მიზნებზე, მიგნებებსა და მნიშვნელობაზე მათი მოსაზრებები მოისმინა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია ჩვენთან საუბარში არ მალავდა სიხარულს, რომ კონფერენცია სტუდენტთა შორის მეტად პოპულარული გახდა, რაც წელს, საწყის ეტაპთან შედარებით, განაცხადების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით გამოიხატა.
„მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამის გარდა, სტუდენტი ჩართული იყოს სამეცნიერო მოღვაწეობაში და ამ კონფერენციის მეშვეობით, ჩვენი უნივერსიტეტი ამას ახერხებს. თავად ის ფაქტი, რომ კონფერენცია უკვე მე-13-ჯერ ტარდება, მე მგონი, მრავლისმთქმელია. ძალიან კარგ ტრადიციად იქცა და მინდა გითხრათ, რომ პირველ და მეორე ჯერზე, განაცხადები ცოტა იყო – 20, 30, 40 და ვინც მოდიოდა განაცხადით, ყველას ვიღებდით. კონფერენციამ უკვე ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ წელს 600 განაცხადია შემოსული და მხოლოდ 200-ის მიღება მოვახერხეთ. შევარჩიეთ საუკეთესო 200 და ეს სტუდენტები, მონაწილეები, ვინც დღეს აქ არიან, უკვე არიან გამარჯვებულები. მათი ნაშრომი ხარისხის შესაბამისად გადაირჩა და მონაწილეობის მიღების უფლება მიეცათ.
უნივერსიტეტისთვის ეს ღონისძიება ასე ვთქვათ ზეიმია. ჩვენთვის მთავარია, რომ სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავიანთი უნარები, ახლის ძიების თვისებები გამოამჟღავნონ და კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ. უკვე მეორედ ხდება, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაც გავაკეთეთ სექცია“, – აცხადებს კახაბერ კორძაია.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა ნინო მინდიაშვილი კი, მულტიდისციპლინურ მიდგომაზე გააკეთა აქცენტი და სამეცნიერო საქმიანობაში კონფერენციის წვლილზე ისაუბრა:
„ჩვენი სტუდენტური კონფერენცია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში არის ერთ-ერთი გამორჩეული და მონაწილეობის მსურველთა ასეთი რაოდენობა სწორედ ამას ადასტურებს. ჩვენ მოვიცავთ მთელ ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეს და არა მხოლოდ – კონფერენციაზე სტუდენტები დარეგისტრირებულები არიან თითქმის ყველა უნივერსიტეტიდან, ასევე გვყავს უცხოელი მონაწილეებიც. ეს არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური პროექტი. ჩვენ თავიდან გვქონდა ასეთი მიგნება – გვინდოდა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ჩაგვერთო პროცესში. კონფერენცია არის მულტიდისციპლინური, მოსწავლეები არ არიან შეზღუდულები თემატიკაში. ბუნებრივია, ისინი დამოუკიდებლად ვერ მუშაობენ, მაგრამ ნაშრომებს სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად ამზადებენ. ეს მათთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ჩვენი მიზანია, კონფერენციას ჰქონდეს პრაქტიკული დანიშნულება და სტუდენტებს სამეცნიერო მუშაობის უნარები გაუუმჯობესდეთ“.
200 საუკეთესო მოხსენებიდან ერთ-ერთის ავტორი თამარ ოყუჯავა, რომელიც CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტია, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ სამეცნიერო კონფერენცია ყოველთვის ეხმიანება აქტუალურ საკითხებს და პრობლემების გადაჭრის გზებსაც სახავს, რაც ამ პროექტის მნიშვნელობას უფრო მეტად ზრდის.
„ჩემი მოხსენება მიიღეს საუკეთესო მოხსენებებს შორის. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციები ყოველთვის ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, პრობლემების მოგვარების გზებზე ზრუნვას, რაც თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეც, ჩემი მოხსენებით, მოკრძალებულ წვლილს შევიტან და საინტერესო კვლევებს გავუზიარებ ჩემს კოლეგებს, პროფესორებს. მადლობა უნივერსიტეტს“, – გვითხრა თამარ ოყუჯავამ.
ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 1-ელი კურსის სტუდენტი გურამ ლილუაშვილი კი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები ახალგაზრდა მკვლევრებისთვის მეცნიერების სფეროში შესასვლელად კარგი საშუალებაა.
„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და საშუალება ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომ განვივითაროთ კვლევის უნარები, ფოკუსირებული ვიყოთ სხვადასხვა სახის პრობლემაზე, ვიკვლიოთ ძირფესვიანად და ამ ყველაფერში გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის კვლევის მეთოდი, რომლებიც გვიყალიბებს უფრო კრიტიკულ აზროვნებას და მეცნიერებად გვაქცევს. მოგეხსენებათ, ზოგადად, მეცნიერებაში შესვლა ძალიან რთული პროცესია, ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტს გაწეული შრომისთვის, დაფასებისთვის, შესაძლებლობისთვის, რომელიც სამომავლოდ, ახალგაზრდებს კიდევ ბევრჯერ შეუწყობს ხელს. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, ჩვენ რამდენიმე თვე გვეძლევა იმისთვის, რომ თემის სათაური შევარჩიოთ, მოვამზადოთ აბსტრაქტი და ვაწარმოოთ კვლევა“, – აგვიხსნა გურამ ლილუაშვილმა.
EDU.ARIS.GE ასევე ესაუბრა კონფერენციის მონაწილე მარიამ კინწურაშვილს, რომელიც ხონის 1-ელი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა და საკონფერენციო თემად ტექნოლოგიები შეარჩია. როგორც მოსწავლე აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა, სურს ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან აღნიშნულ სფეროში, ტექნოლოგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
„როდესაც კონფერენციასთან დაკავშირებით შემოთავაზება მივიღე, პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტებსა და პატარა ქალაქებსაც შეეხო. მე გადავწყვიტე, რომ თემა გამეკეთებინა ტექნოლოგიებზე, რადგან 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან საინტერესო როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად ვერ ერკვევა ტექნოლოგიებში. ამ კონფერენციისთვის 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი. მინდოდა, რომ ნაშრომი სრულყოფილი და მეტი ინფორმაციით დატვირთული ყოფილიყო. ასევე გამომადგა ის, რომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგში ვმონაწილეობდი და გავიარე კურსები, რაც პრეზენტაციის გაკეთებაში გამომადგა“, – გვითხრა მარიამ კინწურაშვილმა.
ერთდღიანი სტუდენტური კონფერენცია, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შემდეგ, წარმატებით დასრულდა. ახლა სხვა ახალგაზრდა მკვლევრები და მომავალი მეცნიერები, თავის სიტყვის სათქმელად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მომავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაელოდებიან.