Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14700 articles
Browse latest View live

ქართულ ენაში ბარიერის დაწევა აბიტურიენტებში სიტყვა ,,დემოკრატიის” არცოდნამ გამოიწვია

$
0
0

ქართული ენისა და ლიტერატურის წლევანდელმა გამოცდამ აჩვენა, რომ აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს სიტყვა ,,დემოკრატიის” მნიშვნელობა არ ესმის. სწორედ ამ სიტყვის ვერ გაგების გამო მესამე ვარიანტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაზე რთულად გამოაცხადა და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ეს ვარიანტი წერეს გამსვლელი ქულა 16 აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE-მ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია ჩაწერა.

– ბატონო კახა ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის 4 ვარიანტიდან ყველაზე რთული რომელი ვარიანტი იყო?

– სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე რთული მესამე ვარიანტი აღმოჩნდა, დანარჩენი სამი ვარიანტი კი თითქმის თანაბარი სირთულის. მესამე ვარიანტში გამსვლელი ქულა 16-ია, მაშინ როდესაც პირველში 21-ია. პირველ ვარიანტში საშუალო ქულა გახლდათ თითქმის 47. მეორეში და მეოთხეში 46, ხოლო მესამეში 43 ქულა.

– ამ დიდი სხვაობის მიზეზი რა არის? რამ გამოიწვია მესამე ვარიანტი სირთულე?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ეს საკითხი გამოვიკვლიეთ. მესამე ვარიანტში, არგუმენტირებულ ესეში გვქონდა დავალება, რომლის სათაურშიც იყო ნახსენები სიტყვა დემოკრატია. საოცარია, მაგრამ სწორედ სიტყვა დემოკრატია აღმოჩნდა ბავშვებისთვის უცნობი.

– როგორ გაირკვა რომ აბიტურიენტებმა სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა არ იცოდნენ?

– ესეს სათაური გახლდათ ,,არსებობს მოსაზრება, რომ დემოკრატია გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ” – არგუმენტირებული მსჯელობით აბიტურიენტი უნდა დაეთანხმოს ან უარყოს ეს მოსაზრება. ჩვენი აზრით, ამ ძალიან მარტივ და გასაგებ წინადადებას ბავშვებმა თავი და ბოლო ვერ გაუგეს. ერთი ბავშვი მსჯელობდა, რომ დემოკრატია საქართველოში თამარ მეფის შემდეგ არ ყოფილა და ცარიზმმა დაგვაკარგვინა – ანუ დემოკრატია თავისუფლებაში აიერია. ბევრმა პიროვნული და ნაციონალური თავისუფლების ჭრილში განიხილა. ეს იყო სრულიად საოცარი აღმოჩენა, რომ 21-ე საუკუნის აბიტურიენტმა არ იცის რას ნიშნავს დემოკრატია. მართალია, ეს ყველას არ ეხება თუმცა უმრავლესობას ვინც მესამე ვარიანტი წერა, დიახ.

– ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმასაც, რომ აბიტურიენტებს გარდა იმისა რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის პრობლემა აქვთ, ისტორიაც უჭირთ?

– ტესტის შედეგების მიხედვით ძალიან ზუსტად ჩანს თუ რა სირთულეები და უბედურება სჭირს ჩვენს სასწავლო პროგრამას. ზოგადად, ჩვენ ყველაფერს გამოცდებს ვაბრალებთ და ნაკლები დისკუსიები მიმდინარეობს სასწავლო პროცესზე. დემოკრატია რომ არ იციან 21-ე საუკუნეში, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სამოქალაქო განათლება ისწავლება ცუდად, ეს ნიშნავს სწორედ იმასაც რომ ქვეყანაში სწავლების დონე არ ვარგა, არც ისტორიის სწავლების. რევაზ ინანიშვილის სრულიად მარტივი ტექსტი აბიტურიენტებმა უკუღმა გაიგეს, რადგან არ იციან წითელ ბოლშევიკური ტერორი და სტალინის ეპოქა. არ შეიძლება გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება არ მოვახდინოთ. ბავშვებმა მეოცე საუკუნის ისტორია არ იციან, შუასაუკუნეებზე არაფერს ვლაპარაკობ.

– აპელაციამ თუ შეცვალა საერთო სურათი?

– დაახლოებით ხუთასი სააპელაციო განაცხადი შემოვიდა. სამწუხაროდ, აბიტურიენტები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ მათ, გარდა იმისა, რომ ქულა შეიძლება მოემატოთ, ასევე შესაძლოა დააკლდეთ. როდესაც ისინი ამობეჭდავენ და უფროსებს აჩვენებენ კონსულტაციისთვის, უფროსები ხშირად არასწორ რჩევებს აძლევენ. ბევრმა თხზულება გააპროტესტა. გვქონდა შემთხვევა როდესაც 6-7 ქულა ჰქონდათ და კომისიამ ნოლი ქულა დაუწერათ.

– ბატონო კახა რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება პირველ და მეორე შეფასებას შორის?

– პირველი კომისია, რომელიც ასწორებს ცდილობს რომ უფრო ლოიალური იყოს და სადაც არის საშუალება აბიტურიენტის მხარე დაიკავოს. სააპელაციო კომისია კი სრულიად სხვა ხალხისგან არის დაკომპლექტებული. ისინი ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული ფილოლოგები არიან და ჩვენ მათ ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებთ. მათ ნაშრომების თავიდან გასწორება უწევთ და თუ ნახეს რომ აბიტურიენტს არ ეკუთვნის ქულა არ დაუწერენ. არის შემთხვევები ტექსტის ანალიზის ნაცვლად თვითონ ამ ტექსტის შინაარსს წერენ აპლიკანტები. თუ პირველი გამსწორებლები ნახავენ ტექსტის შუაში რომ არის ერთი-ორი ანალიზის მქონე წინადადება, შეიძლება რაღაც ქულა მიანიჭონ; სააპელაციო კომისია კი თუ პირველ კრიტერიუმს ნაწერი არ აკმაყოფილებს მერე აღარ ასწორებს.

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე


2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

$
0
0

2016 ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს 25 აგვისტოს 12:00 საათიდან თავიანთ პირად გვერდზე შეეძლებათ ნახოთ თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის რომელ ფაკულტეტზე მოხვდნენ და მიიღეს თუ არა სახელმწიფო გრანტი.

შედეგები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ნედლ ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, ე.წ. გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის.

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის საგამოცდო ბარათის ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 93333. (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან)

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, ანუ გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტი. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, პროცენტულად ეს მაჩვენებელი შარშანდელის მსგავსია.

მაია მიმინოშვილმა განმარტებით, დაახლოებით 500 აბიტურიენტი იყო ისეთი, რომელთაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ მითითებლ ფაკულტეტზე ვერ მოხვდნენ. მიმინოშვილის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ოცივე არჩევანი არ ჰქონდათ დაფიქსირებული და სულ 5-მდე ფაკულტეტი მიუთითეს.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს გარეთ დარჩენილ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობას, მიმინოშვილის თქმით, საერთო ჯამში ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 37 ათასი აბაიტურიენტი გავიდა და აქედან დაახლოებით 10 ათასამდე აბიტურიენტი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცდების შედეგად დაახლოებით 3000 მათგანი კონკურსს გამოეთიშა.

რაც შეეხება გრანტებს, 1112-მა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, 70%-იანი გრანტი 1456-მა, ხოლო 50%-იანი 4078-მა აბიტურიენტმა. ჯამში სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. ამ რიცხვს ემატება ის 3800 პირველკურსელი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტატისტიკური ანალიზი –გამოცდები 2016

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების შედეგების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს.

ქიმიის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით მაქსიმალური ქულა 75 დაფიქსირდა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი აბიტურიენტთა 74,34%-მა გადალახა.

ქიმია

ფიზიკის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 75 დაფიქსირდა. სულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 69,17%-მა გადალახა.

ფიზიკა

ბიოლოგიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 70 დაფიქსირდა. სულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87,51%-მა გადალახა.

ბიოლოგია

სამოქალაქო განათლების გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 57 დაფიქსირდა. სულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 89,97%-მა გადალახა.

სამოქალაქო განათლება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 67 დაფიქსირდა. სულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 90,34%-მა გადალახა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

ქართულისა და უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გორის უნივერსიტეტმა სილეზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

$
0
0

გორის უნივერსიტეტსა და პოლონეთის, კატოვეცის სილეზიის უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

გორის უნივერსიტეტის განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს: სტუდენტებისა და თანამშრომლების გაცვლით პროგრამებს, ზაფხულისა და ზამთრის სკოლებს, ერთობლივ კვლევით პროექტებს, კონფერენციებს და სემინარებს, სტიპენდიებს სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, ასევე საბიბლიოთეკო რესურსის გაცვლას.

აღნიშნული მემორანდუმის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით და რანჟირებული სიები –გამოცდები 2016

$
0
0

გამოცდების ეროვნულნა ცენტრმა საგნების მიხედვით მინიმალური საგრანტო ქულები გამოაქვეყნა.

მინიმალურ საგრანტო ქულებს საგნების მიხედვით.

შეგახსენებთ საგრანტო ქულის გამოთვლის წესს – ზოგადი უნარების სკალირებული ქულა მრავლდება 1,5-ზე, ემატება დანარჩენი 3 გამოცდის სკალირებული ქულა და მრავლდება 10-ზე.

ასევე გამოქვეყნდა ჩარიცხულთა რანჟირებული სიები ფაკულტეტების და არჩევითი საგნების მიხედვით.

ჩარიცხულთა სია – 2016 წელი – აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამები

ჩარიცხულთა სია – 2016 წელი – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები

პრემიერი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

$
0
0

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების წარამატებით ჩაბარებას ულოცავს და მათთვის თავის ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

,,ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას! დიდი წარმატება მინდა გისურვოთ ამ გზაზე!

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენ ხარისხიანი განათლების მიღების, საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა გქონდეთ.

დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობებს სწორად და გონივრულად გამოიყენებთ და თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს!”, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

ლიტერატურის გამოცდის შედეგის სტატისტიკური ანალიზი –გამოცდები 2016

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ლიტერატურის გამოცდის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს.

ანალიზის მიხედვით, ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 75 დაფიქსირდა. სულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 79,51%-მა გადალახა.

ლიტერატურა

ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტატისტიკური ანალიზი 

ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

ქართულისა და უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ


როგორ ვასწავლოთ ფერები სკოლამდელი ასაკის ბავშვებს

$
0
0

ფერების გარჩევის სწავლება – სკოლამდელი ასაკის ბავშვის მშობლისთვის ერთ-ერთი ამოცანაა და ეს არც თუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თავად დაფიქრდით, რამდენი ფერი არსებობს სამყაროში და ბავშვს მოუწევს მათი ერთმანეთისგან განსხვავება და ამოცნობა. ეს ყველაფერი მშობლებისგან მოითხოვს მოთმინებასა და მოხერხებულობას. გვინდა გასწავლოთ მარტივი თამაშები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სირთულის დაძლევაში.

გთავაზობთ თამაშებს, რომლებიც მოეწონება ბავშვს და საკმაოდ სასარგებლო იქნება მისთვის. ცოტახანში თავად დარწმუნდებით, თუ როგორ ისწავლის თქვენი პატარა ფერების გარჩევას.

„ბურთულები ვაგონებში!“
ამ თამაშისთვის იდეალური იქნება, თუ სახლში გექნებათ სხვადასხვა ფერის პატარა ბურთულა და ყინულის გასაკეთებელი ან კექსის მოსამზადებელი ფორმები. შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ჩასალაგებელი ფორმაც. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი წინასწარ დამუშავება აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე არ არის ჭუჭყი და დაავადების გამომწვევი ბაქტერია. თამაშის პრინციპი მარტივია: დაალაგებთ ერთად ყველა ფერად ბურთულას და „მიაგორებთ ვაგონებს“ – თქვენთვის ხელმისაწვდომ ფორმას (კვერცხის, ყინულის, კექსის), ერთ ფორმაში „სხდებიან“ ერთი ფერის ბურთულები. თუ თქვენ ერთი ფორმა გაქვთ, არ იდარდოთ. პირველად „გაემზგავრებიან“ ერთი ფერის ბურთულები, შემდეგ რიგ-რიგობით სხვა დანარჩენები. თამაში ბავშვს ასწავლის ბურთულების გაერთიანებას ფერების მიხედვით. თუ თქვენ თამაშის დროს ფერებს დაასახელებთ კიდეც, დასახელებებს თქვენი პატარა მალევე დაიმახსოვრებს.

„ჯუჯავ, ჯუჯავ, სად არის შენი სახლი?“
უმჯობესია ითამაშოთ გარეთ. საჭიროა ასფალტზე დახატოთ წრეები, ამასთან, თითოეული სხვადასხვა ფერის უნდა იყოს. წამყვანი კითხულობს „ჯუჯავ, ჯუჯავ, სად არის შენი სახლი?“, ბავშვი პასუხობს: „მე ვარ მხიარული ჯუჯა, მაქვს მწვანე სახლი!“ მირბის და დგება მწვანე ფერის წრეზე. თუკი თამაშობს რამდენიმე ბავშვი, თამაში უფრო საინტერესო ხდება.

„მხიარული ანაბეჭდები“
აიღეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები და გამოჭერით ისე, რომ გამოვიდეს სამკუთხედები, კვადრატები, წრეები და სხვა გეომეტრიული ფიგურები. მოათავსეთ ერთჯერად თეფშებზე საღებავები. იატაკზე დააფინეთ გაზეთები, ზევიდან კი დიდი ფორმატის ფურცლები, ან ძველი შპალერის ნაწილები. ბავშვმა უნდა დატოვოს ანაბეჭდები ქაღალდზე. თქვენ თვალი ადევნეთ, შეაქეთ კარგად შერჩეული ფერებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენი პატარა საღებავით იქნება მოსვრილი, სამაგიეროდ დიდ სიამოვნებას მიიღებს და თანაც გაერკვევა ფერებსა და გეომეტრიულ ფიგურებში.

„მძივები გველეშაპისთვის“
გველეშაპი დიდია, შესაბამისად, მძივიც დასჭირდება უზარმაზარი. და მაინც როგორი? ვიღებთ ბაწარს და ვაგროვებთ ტუალეტის ქაღალდისგან მორჩენილ მუყაოს რულონებს, შემდეგ ვღებავთ თითოეულს სხვადასხვა ფრად. თამაში შეგიძლიათ დაუსრულებლად, თუ შეგროვდება ბევრი ფერადი რულონი. მძივის აწყობა შესაძლებელია ფერების მიმდევრობით ან ქაოტურად შერჩევით. გველეშაპი კმაყოფილი დარჩება!

„თევზაობა“
თევზები იქნებიან ნათელი, ფერადი სარჭები, რომლებიც უნდა დაამაგროთ სპეციალურ თოკზე ან ჭიქის კიდეზე. თითოეულ ფერს მიანიჭეთ საკუთარი სახლი. თუ თქვენს პატარას ჯერ არ შეუძლია სარჭების დამოუკიდებლად დამაგრება, შეაგროვებს ჭიქაში.

„ფერადი ბოულინგი“
ვღებავთ სამზარეულოს ხელსახოცისგან მორჩენილ მუყაოს რულონებს, რომლებიც კეგლების ფუნქციას ასრულებენ. ბავშვი გააგორებს ბურთს და წააქცევს იმ ფერის „კეგლებს“, რომელსაც დედა ეტყვის.

„ზღარბო ზღარბო“
ფერადი მუყაოს ფურცლებისგან გამოვჭრით წრეებს, დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის დიამეტრით და ვჭრით შუაზე. ერთი მხრიდან ვხატავთ ცხვირსა და თვალს. ბავშვს ვაძლევთ ფერად სკრეპებს (სამაგრებს) და ვთავაზობთ მიამაგროს მუყაოს იმგვარად, რომ გამოვიდეს ზღარბი. მთავარი პირობა: სკრეპის ფერი უნდა ემთხვეოდეს მუყაოსას.

წყარო: ros-obrazovanie.ru

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

მეორე კარიერა, როგორც მასწავლებელი

$
0
0

ნახევარზე მეტმა მასწავლებელმა დაიწყო თავის მეორე კარიერა საკლასო ოთახში. მაგრამ იყო მათი კარიერის შეცვლა წარმატებული?

კავაი იყო რიგითი მეწარმე, ყიდდა რესტორნისათვის, კლუბისათვის და მემამულეებისათვის აღჭურვილობებს, სანამ გადაწყვეტდა მასწავლებლის კარიერის მოწყობას. „მთავარი მიზეზი რატომაც გადავწყვიტე იყო ის რომ ძალიან მომწონდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ერთხელ ჩემმა სიძემ შემომთავაზა მეცადა მასწავლებლად მუშაობა,“ იხსენებს კავაი.
კავაის ქონდა ხარისხი ბიზნესის განხრით, გაიარა გადამზადება და დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ედინბურგის ერთერთ სკოლაში.

კავაის ამბავი არ იყო უჩვეულო. მთავრობამ გამოაცხადა რომ სურდათ სკოლაში მიეღოთ ისეთი კადრი რომელსაც განათლების სისტემის გარდა ექნებოდა სხვა სფეროში გამოცდილება.
გამოკვლევებმა აჩვენა რომ 56.4% მასწავლებლების მუშაობდა სხვა სფეროში მასწავლებლობის დაწყებამდე. ყველაზე დიდი პროცენტი კარიერის შეცვლის მოდიოდა ფინანსებზე და აღრიცხვებზე (12.9%). როცა 9.2% მოდიოდა საავადმყოფოებზე და 7.7% მოდიოდა ხელოვანებზე, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეებზე და პოლოტიკოსებზე.

კავაის რომელსაც ძალიან მოსწონს ახალგაზრდებთან ურთიერთობა ამბობს რომ პატარებთან ურჩევნია მუშაობა ვიდრე მოზარდებთან:

„მოზარდები უფრო მეტად ხელის შემშლელები არიან. მასწავლებლობაში სტრესი არის უფრო მკვეთრად განსაზღვრული, შეიძლება გყავდეს კლასი რომელიც ცუდად იქცევა და შენ გქონდეს სტრესის პიკი, სანამ გაკვეთილი დამთავრდება. ბიზნესში კი გაქ მიმდინარე სტრესი რომელიც არასოდეს დამთავრდება.“

ზრდა დასრულებულ ადამიანებს აქვთ კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება და მათ შეუძლიათ მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრებისული გამოცდილების გაზიარება, მათ აქვთ განვითარებული ხელმძღვანელობის და მართვის უნარები რაც კარგ მასწავლებელს ნამდვილად სჭირდება.
მასწავლებლობა არის ძალიან შეზღუდული პროფესია და ის ყოველთვის არ შეიცნობს უნარჩვევებს და გამოცდილებას რომელიც მოდის გარედან. შეიძლება მასწავლბლობა დაიწყო 40 წლამდე, 5-8 წლის შემდეგ დაიკავო უფროსის თანამდებობა ან თანაშემწის იმის მიხედვით რამდენად გაქვს ამბიცია.

კარიერის შეცვლა დამოკიდებულია როგორ გარემოში ცხოვრობ. თუ პატარა ქალაქში ხარ თანამდებობის შეცვლა ადვილი არ არის, იქ მომუშავეთა შტატიც პატარაა, ხოლო თუ ხარ დიდ ქალაქში შანსი მეტია და უფრო ადვილია ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გადასვლა.

კარიერის შეცვლა არ არის მასწავლებლის ასაკზე დამოკიდებული, ის არის დამოკიდებული ცხოვრებისეულ სიტყუაციაზე. ყველაზე მთავარი რაც არის მასწავლებელმა უნდა იცოდეს საკუთარი უნარჩვევები თუ შეესაბამება იმას რასაც აკეთებდა მანამდე და რაც უნდა გააკეთოს ეხლა. ისინი უნდა დაფიქრდნენ საკუთარ უნარჩვევებზე და შემდეგ აჩვენონ საკუთარი პრაქტიკა და გამოცდილება.

და ბოლოს, თუ შენ გიმუშავია სადმე და გაქ გამოცდილება ეს გამოიყენე შენთვის სასარგებლო უპირატესობად.

წყარო: www.theguardian.com

მოამზადა ინგა გოგოლაძემ

აბიტურიენტებმა გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულის დაგროვება წელსაც ვერ შეძლეს

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად გეოგრაფია წელს 11 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია. მათგან 94%-მა დავალებას თავი წარმატებით გაართვა. თუმცა გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა – მაქსიმალური ქულის დაგროვება აბიტურიენტებმა გეოგრაფიაში წელსაც ვერ შეძლეს. EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელს დავით გოგელიძეს ესაუბრა.

– ბატონო დავით, როგორ გაართვეს წელს აბიტურიენტებმა თავი გეოგრაფიის გამოცდას?

– წელს 11 311 აბიტურიენტი აბარებდა გეოგრაფიის გამოცდას. ტრადიციულად დიდი ნაკადი იყო და გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ორივე სესიის მონაცემებით სულ 94%-მა გადალახა ბარიერი. 6%-მა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ დასძლია.

– ბატონო დავით, რომელი ვარიანტი უფრო რთული აღმოჩნდა?

– თითქმის თანაბარი სირთულის ტესტი იყო. თუმცა პირველი ვარიანტი შედარებით რთული აღმოჩნდა ამიტომაცა პირველი ვარიანტის 14 ქულა მეორე ვარიანტის 15 ქულას გაუთანაბრდა. შესაბამისად პირველი ვარიანტი ვინც წერა, მათთვის გამსვლელი ქულა 14 იყო, ხოლო მეორე ვარიანტისთვის 15.

– მაქსიმალური ქულები დაიწერა?

– ძალიან საინტერესო ფაქტია რომ წლებია გეოგრაფიაში მაქსიმალურ ქულას აბიტურიენტები ვერ იღებენ. ჩვენი ტესტი 59 ქულიანია. პირველ ვარიანტში მაქსიმალური ქულა იყო 56 და ორმა აბიტურიენტმა მოახერხა 56 ქულის აღება. მეორე ვარიანტში კი მაქსიმალური 55 ქულა ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო.

– რა გაუჭირდათ ყველაზე მეტად წლევანდელ ტესტში აბიტურიენტებს?

– ტრადიციულად უჭირთ ის დავალებები, სადაც მსჯელობაა საჭირო. სწორედ ამ ნაწილში იწერება დაბალი ქულები. შედარებით უადვილდებათ დახურულბოლოიანი დავალებები, სადაც სწორი პასუხის არჩევაა საჭირო.

– ბატონო დავით წლიდან-წლამდე როგორია აბიტურიენტების მომზადების დონე? უმჯობესდება?

– თუ წინა წელს შევადარებთ, ზღვარი წელს გაცილებით მეტმა აბიტურიენტმა გადალახა.
უკეთ მომზადებულები იყვნენ. შარშან 12%-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა. წელს კი 6%.

– აპელაციის პროცესმა საბოლოო სურათი ძალიან შეცვალა?

– ძალიან ცოტა სააპელაციო განაცხადი შემოვიდა. 11 300-ზე ოდნავ მეტი ნაშრომი იყო და სულ 100-120 განაცხადი შემოვიდა სააპელაციო კომისიაში. გვქონდა როგორც მომატების ასევე ქულის დაკლების შემთხვევებიც. თუმცა ძალიან მცირე. სულ 10-12 აბიტურიენტს შეეცვალა ქულა.

– და ბოლოს გკითავთ, რა იქნება თქვენი რჩევა 2017 წლის აბიტურიენტებისთვის?

– ვურჩევ რომ ყურადღებით წაიკითხონ ყოველთვის ინსტრუქციები. წერონ მაქსიმალურად იმის მიხედვით თუ რას ითხოვს კითხვა და არ წერონ ყველაფერი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი სწორ პასუხთან ერთად კითხვას არასწორ პასუხსაც სცემს. გამსწორებლებს კი გვიჭირს გავიგოთ იცის მან საკითხი თუ არა. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი რჩება ქულის გარეშე. ხშირია შემთხვევები, როდესაც გულისხმობენ მაგალითად 250 ათას და წერენ 250. ეს კი შეცდომაა. აქაც გამსწორებელი ქულას ვერ წერს. ამიტომაც ვურჩევ იყვნენ უფრო დაკვირვებულები და მეცადინეობის დროს ღია დავალებების სპეციფიკას მიაქციონ ყურადღება.

ქართულ ენაში ბარიერის დაწევა აბიტურიენტებში სიტყვა ,,დემოკრატიის” არცოდნამ გამოიწვია

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

სუხიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

$
0
0

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა.

უნივერსიტეტის ცნობით, პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტან მაისაია, ხოლო პროგრამის მრჩეველი პროფესორი კონსტანტინე ჩოკორაიაა.

სუხიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით 2016 წლის 29 აგვისტოს მიიღო.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

$
0
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.

ნუკრი გელაშვილს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და აკადემიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

გაცნობით სახის შეხვედრაზე აკადემიის ხელმძღვანელობამ მინისტრის მოადგილეს აკადემიაში არსებული სკოლების სტრუქტურა, საქმიანობა და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. ნუკრი გელაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიიღო ინფორმაცია.

როდის იწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

$
0
0

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად უამრავი სტუდენტი, მათ შორის პირველკურსელები, ყოველდღიურად მომართავს EDU.ARIS.GE-ს კითხვებით თუ რომელ უნივერსიტეტში როდის იწყება სწავლა და რეგისტრაცია. შესაბამისად გთავაზობთ 2016-17 სასწავლო წლის დაწყების თარიღებს უნივერსიტეტების მიხედვით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს დაიწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 2016 წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 26 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია კი 6-დან 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 10 ოქტომბერს იწყება. რაც შეეხება პირველკურსელთა რეგისტრაციას, 1-27 სექტემბერს იწარმოებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 1 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. ხოლო მაგისტრანტებისთვის 1 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა იწყება 12 სექტემბერს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს. პირველადი რეგისტრაციისთვის უნივერსიტეტში უნდა მიბრძანდეთ 5 სექტემბრიდან 17 სექტემბრის (შაბათი) ჩათვლით, გარდა 10–11 სექტემბრისა (შაბათ–კვირა), 10:00–დან 18:00–მდე თქვენი ფაკულტეტის დეკანატში, თსსუ–ის ადმინისტრაციულ კორპუსში.

გორის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა იწყება 15 სექტემბერს იწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 1 სექტემბრიდან იწარმოებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი 19 სეტემბრიდან იწყება. მაგისტრატურის პირველკურსელებისთვის კი პირველკურსელები 26 სექტემბერს, რაც შეეხება პირველკურსელების რეგისტრაციას, როოგრც უნივერსიტეტში განგვიმარტეს, სავარაუდოდ 1-18 სექტემბერს იწარმოებს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა იწყება 12 სექტემბერს. აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, 6 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ საბუთები. რეგისტრაცია იწარმოებს 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 : 00-დან 17 : 00-საათამდე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება 19 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 5 სექტემბერიდან და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5-დან 16 სექტემბრამდე გაგრძელდება, სწავლა კი 19 სექტემბრიდან დაიწყება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია 22 აგვისტო – 5 სექტემბერამდე იწარმოებს. სააუდიტორიო მეცადინეობები კი 12 სექტემბერს დაიწყება.

მაგისტრატურაზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია 5-17 სექტემბერს იწარმოებს, სწავლა კი 26 სექტემბერს დაიწყება.

რაც შეეხება პირველკურსელებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს პირველკურსელებმა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციისთვის 2016 წლის 29 აგვისტოდან  16 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. 2016-2017 სასწავლო წელი უნივერსიტეტში იწყება 19 სექტემბერს.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს აბიტურიენტებმა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვეს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მ/წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით. ახალი სასწავლო წელი კი 12 სექტემბერს დაიწყება.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა 19 სექტემბერს იწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 2 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება 9:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

დაწყებითი კლასის 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა 31-მა ჩააბარა –ზაფხულის გამოცდის შედეგები

$
0
0

2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464 დასძლია, რაც საერთო ჯამში 20.21 %-ია.

აღნიშნული ციფრების მოსაპოვებლად  EDU.ARIS.GE-მ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

ზაფხულის გამოცდაზე სულ 22 700-ის აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა  ტრადიციულად მაღალი იყო გამოცდაზე არ გასული პირების რაოდენობაც. წელს რეგისტრაცია გაიარა და გამოცდაზე არ გავიდა 5 500 პირი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც EDU.ARIS.GE-მ ,,ნაეკიდან” გამოითხოვა ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი კლასის პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს აქვთ. გამოცდაზე გასული 3024 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 31 დასძლია.

I-VI კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებულზე 532 პედაგოგით ნაკლები გავიდა,  1831 აპლიკანტიდან კი გამოცდა წარმატებით მხოლოდ  67-მა დასძლია.

საგნების მიხედვით შედეგები კი ასე გამოიყურება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 836 – ზღვარი წარმატებით გადალახა 376-მა;
  • მათემატიკა VII-XII კლასი  – გამოცდაზე გავიდა 971.  ზღვარი წარმატებით გადალახა 383-მა;
  • ინგლისური ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 1278.  ზღვარი წარმატებით დასძლია 471-მა;
  • რუსული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 462.  ზღვარი წარმატებით გადალახა  193-მა;
  • გერმანული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 79.  ზღვარი გადალახა 26-მა;
  • ფრანგული ენა I-XII კლასი –  გამოცდაზე გავიდა 14.  ზღვარი გადალახა 7-მა;
  • ისტორია VII –XII კლასი –  გამოცდაზე გავიდა 877.  ბარიერი გადალახა 259-მა;
  • გეოგრაფია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 602. ზღვარი წარმატებით დასძლია 187-მა;
  • სამოქალაქო განათლება VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 544.  ზღვარი წარმატებით დასძლია 103-მა;
  • ფიზიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 368, ბარიერი გადალახა 21-მა;
  • ქიმია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 372. ზღვარი  გადალახა 20-მა;
  • ბიოლოგია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 548, ზღვარი წარმატებით გადალახა  210-მა;
  • მათემატიკა I- VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 1676. ზღვარი წარმატებით დასძლია 271-მა;
  • ბუნებისმეტყველება I-VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 647. ზღვარი წარმატებით დასძლია  31-მა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე გავიდა 451. გადალახა ბარიერი 165-მა;
  • ქართული როგორც მეორე ენა – გამოცდაზე გავიდა 371.  ბარიერი გადალახა 106-მა;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე გავიდა 519.  ბარიერი გადალახა 89-მ;
  • მუსიკა – გამოცდაზე გავიდა 920. ზღვარი გადალახა 275-მა;
  • სპორტი – გამოცდაზე გასული 747 აპლიკანტიდან ზღვარი გადალახა 173-მა.

სამწუხაროდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვერ აკონკრეტებენ გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან რამდენია მოქმედი და რამდენია მასწავლებლობის მსურველი.

,,რაც შეეხება თქვენ მოთხოვნას მოგაწოდოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცალ-ცალკე, როგორც მოქმედი მასწავლებლების, ასევე მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტების თაობაზე, გაცნობებთ, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ არის ინფორმაცია აღნიშნული სახით დამუშავებული. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე პედაგოგობის მსურველი (მითუმეტეს, 2016 წელს პირველად შევთავაზეთ მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა, რამაც მასწავლებლობის მსურველების რაოდენობა გაზარდა). შესაბამისად, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის“,- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების საპასუხო წერილში.

ამავე შინაარსის განცხადება, საჯარო ინფორმაციის გაცემის პარალელურად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზეც გაავრცელა.

აღნიშნულ თემასგამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილიც სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

,,ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის გამოცდის ე.წ. სტატისტიკური მონაცემები ვერ იქნება ის ინფორმაცია, რომლითაც პედაგოგებზე, მათ პროფესიონალიზმზე თუ კვალიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ. მონაცემების არასწორი თუ სუბიექტური ინტერპრეტირებით ნუ მივაყენებთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მასწავლებლებს. მითუმეტეს, როდესაც გამოცდებში არა მხოლოდ მოქმედი პედაგოგები, მასწავლებლობის ბევრი მსურველიც მონაწილეობს. სწორედ ამის გამო არ ვემხრობით ამ გამოცდის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებას და არ ვაფასებთ შედეგებს – ეს არასწორი იქნებოდა. თუმცა, ცხადია, საჯარო ინფორაციის გაცემას კანონი გვავალდებულებს და ეს მონაცემები ოფიციალურად მივაწოდეთ დღეს მედიის წარმომადგენლებს“,- წერს სოციალურ ქსელში მიმინოშვილი.

აქვე დავძენთ რომ EDU.ARIS.GE თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საგნის გამოცდის შედეგებს ყოველთვის მაღალი პროფესიონალიზმით უდგება და მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობილ მონაცემებს აქვეყნებს.

ეკა არის© წივწივაძე


,,აბიტურიენტებს ვიზუალურ მასალაზე მუშაობა უჭირთ”, –მანანა ჯავახიშვილი

$
0
0

მანანა ჯავახიშვილი: ეტყობა ვიზუალურ წყაროებთან სკოლაში ნაკლებად აქვთ კავშირი

ისტორიის საგამოცდო ტესტებში აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი თარიღები და მეხსიერების სავარჯიშო დავალებები არ უჭირთ, თუმცა როგორც სხვა საგამოცდო ტესტებში, ისტორიაშიც აქილევსის ქუსლი ის დავალებებია, რომლებიც ლოგიკურ მსჯელობასა და კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. 12 ათასია იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც წელს არჩევით საგნად ისტორია ჩააბარა. მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 8.5%-მა ვერ გადალახა. EDU.ARIS.GE ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელს მანანა ჯავახიშვილს გამოცდის შედეგების ანალიზის შესახებ ესაუბრა:

ორი ვარიანტი შევთავაზეთ წელს იმ აბიტურიენტებს ვინც არჩევით საგნად ისტორია ჩააბარა. 12 ათასამდე აბიტურიენტი გვყავდა. პირველ ვარიანტში 8% ჩაიჭრა მეორეში 9%. ანუ საერთო ჯამში 8.5%-მა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა.

– ქალბატონო მანანა, რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული, გამსვლელი ქულა რამდენია?

– ოდნავ უფრო რთული იყო პირველი ვარიანტი. მეორე შედარებით მარტივი. თუმცა ქულათა გათანაბრებით ორივე ვარიანტში გამსვლელი ქულა 18 დაჯდა.

– წელს მაქსიმალური ქულები თუ დაიწერა?

– დიახ დაიწერა, მეორე ვარიანტში ერთი 70 ქულა გვაქვს. ამავე ვარიანტში 69 ქულა 9 აბიტურიენტმა აიღო. პირველ ვარიანტში 70 ქულა არ დაწერილა თუმცა გვაქვს 8 – 69.

– რა გაუჭირდათ ყველაზე მეტად წლევანდელ ტესტში აბიტურიენტებს?

– ტრადიციულად არ უჭირთ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების თარიღები და ის დავალებები, რომელიც მეხსიერების გავარჯიშებასთან არის დაკავშირებული. სამაგიეროდ უჭირთ ღია დავალებები, ანუ ის რომელიც მსჯელობას და კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. ვიზუალურ მასალაზე მუშაობა უჭირთ, რუკის ანალიზი… ეტყობა ვიზუალურ წყაროებთან სკოლაში ნაკლებად აქვთ კავშირი.

– აპელაციის პროცესმა საბოლოო სურათი ძალიან შეცვალა?

– ტრადიციულად ბევრი სააპელაციო განაცხადი არ მიგვიღია. სულ 100-120 ნაშრომი გადაიხედა თავიდან. ყოველთვის გვაქვს მომატება-დაკლების ფაქტები. წელს 20-მდე აბიტურიენტს ქულა მოემატა, 2-3-ს კი დააკლდა.

– ქალბატონო მანანა, წლიდან-წლამდე როგორია აბიტურიენტების მომზადების დონე, უმჯობესდება?

– ნამდვილად გვაქვს გაუმჯობესება და პროგრესი. შედარებით უკეთ აყალიბებენ თავის აზრს და მსჯელობაც უფრო გამართულია. წინა წელს 10% გვყავდა ჩაჭრილი. იყო წლები 12 და მეტი პროცენტი ვერ ლახავდა ბარიერს.

– და ბოლოს გკითხავთ, რა იქნება თქვენი რჩევა 2017 წლის აბიტურიენტებისთვის?

– ჩემი რჩევაა მეტი ყურადღება მიაქციონ ღია ტიპის დავალებებზე მუშაობას. იმ დავალებებს, სადაც მეტი აზროვნება და კრიტიკული ანალიზია საჭირო.

აბიტურიენტებმა გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულის დაგროვება წელსაც ვერ შეძლეს

ქართულ ენაში ბარიერის დაწევა აბიტურიენტებში სიტყვა ,,დემოკრატიის” არცოდნამ გამოიწვია

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

ეკა არის© წივწივაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება

$
0
0

განათლების სამინისტრო პედაგოგებს პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას სთავაზობს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

,,განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვისა და ახალი სტანდარტების პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელშიც ჩართულები არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

ცვლილებები გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას. პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა საგნის გარდა, კომპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადატვირთული პროგრამები მასწავლებლებისთვის არამიზანშეწონილია. მით უმეტეს, ის გავლენას არ ახდენს არც მათ და არც მოსწავლეთა შედეგებზე. სწორედ ამიტომ, მომავალში დაგეგმილია მასწავლებელთა გამოცდების დახვეწა-გაუმჯობესებაც, რადგან სამინისტროს მიზანს მხოლოდ პედაგოგთა „გამოცდა-გაკონტროლება”არ წარმოადგენს.

სამინისტრო დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველა პედაგოგს ინდივიდუალურად მიეცემა”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კსუ-ში საერთაშორისო კონფერენციისთვის თეზისების მიღება დაიწყო

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: ,,ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები”.

ევროკავშირი და საქართველო მას შემდეგ თანამშრომლობენ, რაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ეს თანამშრომლობა ,,პარტნიორობისა და თანამშრობის შესახებ შეთანხმებით“ დაიწყო და ახლა უფრო ამბიციური, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გრძელდება.

ასოცირების შეთანხმების მიზანი საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს მოქალაქეებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

კონფერენციის მიზანია, მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით, თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენებით, ცხადყოს ასოცირების შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ახალგაზრდა მკვლევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კიდევ ერთი მიზანი სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარებაა.

თემატიკიდან გამომდინარე, კონფერენცია ინტერდისციპლინურია. აქ იმუშავებს შემდეგი სექციები:

  1. სამართლის სექცია;
  2. ბიზნესისა და ეკონომიკის სექცია;
  3. სოციალურ მეცნიერებათა სექცია.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი, ნაშრომები კი წარდგენილი უნდა იყოს 15 ოქტომბრამდე. 

კონფერენცია გაიმართება 11-13 ნოემბერს.

მონაწილეებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ინდივიდუალურად, შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ თბილისში ცხოვრების ხარჯების დაფინანსება.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები ტესტის ტიპის მიხედვით –გამოცდები 2016

$
0
0

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგულ სიები ტესტის ტიპის მიხედვით გამაოქვეყნა:

ტესტი A

ტესტი B

ტესტი C

ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების სააპელაციო თანხების უკან დასაბრუნებელი პროცედურები

$
0
0

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

განაცხადების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 აგვისტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ–მდე. რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
Viewing all 14700 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>