Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14643 articles
Browse latest View live

ერთიანი სამაგისტრო გამოცდა დაიწყო, რას ამბობენ გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები და როდის იქნება შედეგები

$
0
0

ერთიანი სამაგისტრო გამოცდა დაიწყო. 20 ივლისს A ტიპის ტესტის პირველი ნაწილი ჩააბარეს აპლიკანტებმა, სადაც წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა შედიოდა. როგორც გამოცდიდან გამოსული მაგისტრობის მსურველები აღნიშნავდნენ, გამოცდა რთული არ ყოფილა და ზღვრის გადალახვა არ გაუჭირდებათ.

მარიამ პატარაია

„ნამდვილად ვერ ვიტყვი,  რომ გამოცდა  რთული იყო. სირთულის მიხედვით საშუალო ტესტი იყო. ჩემთვის დამთრგუნველი ის იყო, რომ სამსახურის მერე მოვედი. გადაღლილი ვიყავი და გადაღლილზე სწრაფად ვერ მუშაობს გონება. სხვა ფაქტორი ნამდვილად არ ყოფილა. გამოცდა რთული არ იყო.

20251401_1542949072392983_1609896391_o (1) (1)წაკითხულის გააზრებას რაც შეეხება, სამი თემა მოვიდა ფილოსოფიაზე, ურბანიზაციაზე. პირველი ტექსტი ცოტა რთული იყო დანარჩენებთან შედარებით. ყველაზე ადვილი იყო მესამე, ურბანიზაცია, ქალაქი და სოფელი როგორ ეწყობიან ერთმანეთს.

არგუმენტირებულ მსჯელობაზე ორი ქალაქის შედარება იყო, სადაც მერიამ რაღაც ღონისძიებები ჩაატარა და შემდეგ შედეგების ანალიზი იყო. ანალიტიკურ წერაში ასეთი თემა მოვიდა: საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის კონკურსებში მონაწილეობის მიღება კარგია, პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო მეორე ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება. მე დავწერე, რომ სხვადსხვა კონკურსებში მონაწილეობა პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და ამის არგუმენტები მოვიყვანე. დღევანდელ გამოცდასთან დაკავშირებით პოზიტიურად ვარ განწყობილი. მთავარია, რა იქნება რაოდენობრივ მსჯელობაზე“.

ნათია რაზიკაშვილი

„საკითხები არ იყო რთული. როგორც წაკითხული ტექსტი ისე ანალიტიკური თემები. უბრალოდ, კომპიუტერის  გაუმართაობა გახდა პრობლემა. ჩვენ 10 წუთი შევფერხდით, სანამ გამართულად მუშაობას დაიწყებდა კომპიუტერი. ჩემს სექტორში ძალიან ბევრი შეწუხდა კომპიუტერის გამო. გამოცდის დროის ათვლა დაიწყო იქიდან, როდესაც კომპიუტერები მოვიდა წესრიგში და დავიწყეთ მუშაობა. 10-12 წუთი იყო შეფერხება.

წაკითხულის გააზრებაზე ფილოსოფიური ტექსტები იყო, რაც დაფიქრებას საჭიროებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისეთი სირთულის ტექტსები იყო, რომელიც მიმართული იქნებოდა მაგისტრის ჩაჭრისკენ“.

სტანისლავ ციბულსკი

A ტიპის ტესტი ჩავაბარე. დავამათავრე სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი თეოლოგიის განხრით.  მანამდე 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა. გამოცდაზე მე და ჩემმა ორმა სკოლელმა მოვითხოვეთ  სპეციალური პირობები. A ტიპის ტესტს კი მხოლოდ მე ვაბარებდი. ამჯერად, კლინიკურ ფსიქოლოგიაზე ვაბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

20257604_1542954635725760_1113011939_o (1)დღეს ჩავაბარე ანალიტიკურ წერა და წაკითხულის გააზრება  კომპიუტერით. წინასწარ მქონდა გახმოვანების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უკვე ტესტი ჩემთვის სრულიად ხელმისაწვდომი გახდა. დრო გაორმაგებული იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, არ დამჭირდა ორმაგი დრო ( სტანისლავი სხვებზე ადრეც კი გამოვიდა გამოცდიდან ავტ.).

რეგისტრაციისას წინასწარ მივუთითე, სპეციალური პირობები რომ მესაჭირეობოდა. შემდეგ დამატებით კიდევ განცხადების დაწერა დაგვჭირდა, რომ დაგვეკონკრეტებინა, რომელ გამოცდაზე, რა პირობები გვჭირდებოდა. რთული არ აღმოჩნდა გამოცდა, იმიტომ რომ უნივერსიტეტში სწავლისას მიწევდა საკმაოდ გრძელ და ღრმა ტექსტებთან მუშაობა, პლუს ამას, ესეების წერა. ხვალ რა იქნება, ვნახოთ“.

20 ივლისს (მეორე სესია) –  აპლიკანტებმა წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი A) ჩააბარეს. 21 ივლისს (მეორე სესია) – ლოგიკურ მსჯელობას და რაოდენობრივ მსჯელობას (ტესტის ტიპი A) აბარებენ.

24  ივლისს (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი B) იქნება. 25 ივლისს (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი B), 26 ივლისს –  (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი C), 27 ივლისს  (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი C).

როდის დაიწყება ერთიანი სამაგისტრო გამოცდის გასწორება, როდის იქნება შედეგები და გრანტის მიღების შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი ესაუბრა:

11124142_972279939459902_26149672_n–ბატონო ივანე, რომელ საგამოცდო ცენტრებში ტარდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდა, რა ტიპის ტესტები ბარდება და რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა თითოეულ მათგანზე?

–გამოცდა ტარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, თელავში, ზუგდიდსა და გორში. თბილისში 7 საგამოცდო ცენტრია, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

ჩვენ გვაქვს სამი ტიპის ტესტი. A, B, C. 12 საგანმანათლებლო მიმართულება გვაქვს. 20-ში წერეს A ტიპის ტესტი. ეს არის საბუნებიმეტყველო მეცნიერებანი, გარდა ფიზიკისა. ჯანდაცვა, ჰუმანიტარული, ხელოვნება, აგრარული, განათლება და სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა.

B ტიპის ტესტს წერს საინჟინრო მიმართულებაზე, ვინც აბარებს, გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა. ბიზნესი და ეკონომიკა, მათემატიკა და ფიზიკა.

რაც შეეხება C ტიპის ტესტს, ამას სამართლის მიმართულებაზე აბარებენ.

A ტიპის ტესტზე დარეგისტრირებულია 5 721 მაგისტრობის მსურველი, B ტიპის ტესტზე 5 637, C ტიპის ტესტზე 2 080. მთლიანობაში ერთიან სასმაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულია 13 438 მაგისტრობის მსურველი.

ტესტი ოთხნაწილიანია. გამოცდა ტარდება 2 დღეს. ტესტის ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და ანალიტიკური მსჯელობა. პირველ დღეს ასრულებენ პირველ ორ ნაწილს: წაკითხულის გააზრებას და ანალიტიკურ წერას. მეორე დღეს იგივე მაგისტრობის მსურველები გამოცხადდებიან და ისინი შეასრულებენ დარჩენილ ორ ნაწილს. ესენია: რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა.

წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულაა 21, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  – 6,4; ანალიტიკური წერის  მაქსიმალური ქულა 20, ზღვარი – 7,0 ; ლოგიკური  ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, ზღვარი  – 5,2;  რაოდენობრივი მსჯელობის მაქიმალური ქულაა 20, მინიმალური –  5,2 .

–რა განსხვავებაა ტესტის ტიპებს შორის?

–წაკითხულის გააზრების ნაწილი, დაახლოებით, ერთნაირია ყველა ტიპის ტესტისთვის. ასევე ლოგიკური მსჯელობის ნაწილი. A ტიპის ტესტზე დარეგისტრირებულებისთვის და იურისტებისთვის მათემატიკური ნაწილი, რაოდენობრივი მსჯელობა ოდნავ უფრო მარტივია, იმათთან შედარებით, ვინც ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით და ა.შ. აბარებს. რაც შეეხება C ტიპის ტესტს, იქ ანალიტიკური წერის ერთ დავალებაშია განსხვავება. გადაწყვეტილების დასაბუთება. იქ არის ორი სიტუაცია, იქიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი და დაასაბუთოს და მეორე ნაწილი უნდა გააკრიტიკოს. დანარჩენი, ერთი სირთულის ტესტია.

–როდისთვის დაიწყებთ გასწორების პროცესს და შედეგები როდის გამოცხადდება?

–მხოლოდ ანალიტიკური ნაწერი სწორდება. დანარჩენი ნაწილის სკანირება ხდება და ავტომატურად დაიდება ეს შედეგები. გასწორებას რაც შეეხება, ძალიან გვინდა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოვახერხოთ. ხელმძღვანელობა ითხოვს, ეს იყოს, სადღაც, 5 აგვისტოსთვის. მცდელობას არ დავაკლებთ. ყოველშემთხვევაში, შედეგების გამოცხადება 10 აგვისტოს არ უნდა გადაცდეს.

–გრანტი მოიპოვა თუ არა აპლიკანტმა როდის გახდება ცნობილი?

–ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული. მარტო ამ გამოცდით არ იღებენ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში. ყველა უმაღლეს სასწავლებელში ტარდება შიდა გამოცდები. ეს ასეც უნდა იყოს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდით გაფილტვრა ხდება ისეთი კანდიდატებისა, რომლებიც ამ ეტაპისთვის სწავლის გაგრძელებისთვის არ არიან მზად.

შეიძლება ჩვენთან ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ უნივერსიტეტში არ მიიღონ. სანამ ჩვენ ყველა უმაღლესი სასწავლებლის მონაცემი არ გვექნება, ვინ ჩაირიცხა და ვინ არა, ვერ გავანაწილებთ გრანტს ისე. უნივრესიტეტებმა უნდა დააჩქარონ მონაცემთა მოწოდება, მალე რომ იყოს გრანტიორთა სიები.

–რამდენია მაგისტრანტებისთვის დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილი?

–მთლიანი გრანტის მოცულობა 2 მილიონი ლარია. როგორც წესი, სადღაც 900-მდე სტუდენტი ფინანსდება.

–აპლიკნატები როგორ ართმევენ თავს სამაგისტრო  გამოცდას?

–კარგად ართმევენ თავს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, მერე როგორ ისწავლიან. ეს არის მინიმუმი. ძირითადი სამუშაო უნდა შესრულდეს შემდეგ. ეს ორი წელი მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ სპეციალისტებად. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანაც ძლიერი იქნება და თითოეულის ცხოვრებაც მოეწყობა არაჩვეულებრივად. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და წარმატებას.  ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია მეტწილად იმაზე, თუ რა შედეგებს მიაღწევენ სწავლის პროცეში ისინი. ჩვენი მომავალი მათ ხელშია. ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ აქვს ის მნიშვნელოვანი ბაზა, რასაც ჰქვია მეცნიერება და მისი პრაქტიკაში გამოყენება.

ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის შესახებ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა


კსუ-ის კურსდამთავრებული ლაშა კანთელაშვილი ეუთოს ბიშკეკის აკადემიაში გააგრძელებს სწავლას

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის კურსდამთავრებული ლაშა კანთელაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, ეუთოს აკადემიაში გააგრძელებს.

ლაშა კანთელაშვილმა ეუთოს აკადემიაში მოსახვედრად რთული შესარჩევი კონკურსი გაიარა. აღსანიშნავია, რომ ის იქნება საქართველოდან პირველი სტუდენტი, რომელიც ეუთოს ბიშკეკის აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

ლაშამ, სტუდენტობის პერიოდში, წარმატებით გაიარა კსუ-სა და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მეშვეობით კარიერის ეფექტურად დაგეგმვის ყველა მნიშვნელოვანი სტადია და კსუ-ის საბაკალავრო პროგრამა წარჩინებით დაასრულა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ლაშა კანთელაშვილს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – მათემატიკა (VII-XII), ისტორია, ბიოლოგია, გეოგრაფია

$
0
0

2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მიმდინარე გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში – მათემატიკა (VII-XII), ისტორია, ბიოლოგია, გეოგრაფია.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საგნების მიხედვით

21 ივლისს პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ:

ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;
რუსული ენა – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.

2017 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა მომავალ კვირას დასრულდება.

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ზურაბ ხონელიძე აირჩიეს

$
0
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე 4 წლის ვადით ზურაბ ხონელიძე აირჩიეს.

ხონელიძე აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად აირჩია. მან 8 ხმა მიიღო.

ზურაბ ხონელიძის ბიოგრაფიული მონაცემები

შეგახსენებთ, რომ რექტორობის კანდიდატები იყვნენ:

  1. ზურაბ ხონელიძე– საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
  2. ინდირა ძაგანია-ჭოჭუა– ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
  3. კახა ქეცბაია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

„რეფორმები იქნება ყველა მიმართულებით“ – სოხუმის უნივერსიტეტის ახალი რექტორი

$
0
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი ზურაბ ხონელიძეა. ის დღეს გამართულ არჩევნებზე 8–კაციანმა აკადემიურმა საბჭომ ერთხმად აირჩია.

ახალი რექტორი უმაღლეს სასწავლებელში რეფორმების განხორციელებას და დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტის როლის უფრო გამოკვეთას გეგმავს.

„ყველას მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამ დღეებში მივიღე. ამას არ აღვიქვამ ჩემს პირად მხარდაჭერად, არამედ უნივერსიტეტისადმი, რომელსაც უნდა შეეხოს გარკვეული რეფორმები. გაცნობიერებული მაქვს ის პასუსმგებლობა, რაც დღეიდან დამაწვა მხრებზე.

„რეფორმები იქნება ყველა მიმართულებით:  სამეცნიერო, კვლევითი, ანალიტიკური,  მაგრამ მთავარი ისაა, რომ  დავიწყებთ და განვსაზღვრავთ უნივერსიტეტის მისიას, ანუ მის რეალურ ფუნქციას. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ საგანმანათლებლო სივრცეზე და სამეცნიერი საქმიანობაზე, რასაც ბუნებრივია უნივერსიტეტი ვერ გაცდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტი. არსებობენ დევნილობაში მყოფი ადამიანები დისიდენტები, მთავრობა, ერებიც კი, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ძალიან იშვიათია, როცა დევნილობაში იმყოფება უნივერსიტეტი. ეს არის საერთო ტრაგედია. ზოგადად  ხელისუფლების და განათლების სამინისტროს დამოკიდებვულება არის მისასალმებელი, რომ უნივერსიტეტმა დაიბრუნოს აკადემიზიმი და მოხდეს მისი ინტეგრირება ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში,“-განაცხადა ზურაბ ხონელიძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარკვეული საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებები იქნება.

„სკადრო საკითხებს რაც შეეხება დავჯდებით, გადავწყვეთ. ყველასთვის ღია ვარ და ყველა  ცვლილებისთვის მაზად ვარ რაც აუცილებელი იქნება, მათ შორის საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებში. ამ ეტაპზე არსებითი პრობლემა არ არის. დავხსხდებით, ჩავიხედავთ, ორგანიზაციულ სტრუქტურას გავეცნობით და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ძალიან ბვერს ვიცნობ აქ, ბევრთან ვმეგობრობ, ბევრი ნათესავიც მყავს, მაგრამ მიდგომა იქნება არა ნათესაური და მეგობრული პრინციპით, არამედ რაც უნივერსიტეტს სჭირდება“, – განმარტავს ზურაბ ხონელიძე.

ზურაბ ხონელიძის ბიოგრაფიული მონაცემები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ზურაბ ხონელიძე აირჩიეს

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

საქართველოში ვაჟა–ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება

$
0
0

საქართველოში ვაჟა–ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება. ამის შესახებ განცხადება დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ვაჟა–ფშაველას სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით. მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გამოვიტანეთ სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ლიტერატურულ დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების ვაჟა–ფშაველას პრემიაზე წარდგენას, რომელიც მიიღებს და შეიძენს ეროვნულ აღიარებას. ასევე, გაიყოფა შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიები. რუსთაველის სახელობის პრემია იქნება ლიტერეტურულ დარგში, ხელოვნებისა და ასევე არქიტექტურის დარგებში ხოლო მეცნიერებისთვის იქნება ეროვნული პრემია, რაც კიდევ უფრო წაახალისებს მეცნიერებს და მოტივაციას მისცემს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს ეროვნული გმირისთვის ფულადი ჯილდოს გაზრდას.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

როგორ იყვანენ სამსახურში მასწავლებელს? –აუდიტის დასკვნა

$
0
0

აუდიტის სამსახურმა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა და 20 ისეთ სკოლაში, სადაც ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული, ერთდროულად გააგზავნა სპეციალურად შექმნილი რეზიუმე. CV სრულად აკმაყოფილებდა და უმეტეს შემთხვევაში, აჭარბებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნით დადგენილ პირობებს. რამდენიმე შემთხვევაში, წარდგენილ კანდიდატს განათლება და სამუშაო გამოცდილება ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ სკოლებში მასწავლებლების დასაქმების სქემა არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაკვალიფიციური კადრების მოხვედრის რისკებს ზრდის. კონკრეტულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაგზავნილი 20 ვაკანსიიდან, კანდიდატის რეზიუმეთი მხოლოდ 10 სკოლა დაინტერესდა და ინტერვიუ შესთავაზა. ორ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კანდიდატს შეატყობინეს უარი, სადაც მიზეზად მითითებული იყო არასაკმარისი კვალიფიკაცია, დანარჩენ 8 შემთხვევაში, საჯარო სკოლების მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

“სკოლებში წარდგენილი რეზიუმე, არსებული მაღალი კვალიფიკაციის გამო, აჩენდა მოლოდინს, რომ სკოლების მხრიდან იქნებოდა დაინტერესება და სულ მცირე, კანდიდატს ინტერვიუზე მისვლას შესთავაზებდნენ, რაც არ დადასტურდა. გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასაქმებული კადრების რეზიუმეების ანალიზიდან ჩანს, რომ შეთავაზებულ კანდიდატურას ჰქონდა უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე მათ, ვინც რეალურად დასაქმდა აღნიშნულ სკოლებში”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გაკეთებულ დასკვნაში.

აღნიშნულმა უწყებამ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვა შეისწავლა და განათლების სამინისტროს დაავალა შეიმუშაოს მექანიზმი, რათა პედაგოგების დასაქმება უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი გახდეს.

„გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – პედაგოგი

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ

$
0
0

6 გერმანელი ექსპერტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლების დახელოვნების მიზნით, სამოდელო გაკვეთილებს და სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.

პროექტი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან (SES) ერთად შემუშავდა, პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროების კვლევას და მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.

მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შემდეგ, მოხდება მასწავლებელთა ტრენინგების მიზნობრივი დაგეგმვა სპეციალობებში. გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას, თანამშრომლობის დამყარებაში კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელთან გერმანიაში, რათა მოხდეს მასწავლებელთა მივლენა გერმანიაში პროფესიული განვითარებისათვის.

მოდულური და დუალური სწავლების დანერგვის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებასა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას ევროპის ქვეყნებში.
საერთაშორისო ექსპერტის, გერალდ ვეტცელის განცხადებით, ექსპერტები ტურიზმის სფეროს მოიცავენ, რაც გულისხმობს გასტრონომიის, სასტუმროს მომსახურებისა და მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელებას:

„ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მასწავლებლებთან, რათა დავადგინოთ მათი პროფესიული საჭიროებები, ამის შემდეგ კი მოხდება გერმანიის და საქართველოს პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება, რომლის შედეგად საქართველოს სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, საუკეთესო სტუდენტები, მასწავლებლების თანხლებით, გაგზავნონ გერმანიის სასტუმროებში პრაქტიკის გასავლელად. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვიწვია და საშუალება მოგვეცა, დავეხმაროთ ქართულ პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია დუალური პროფესიული განათლების განვითარება, რაც გერმანული მოდელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მასწავლებლებს, წარმატებით დანერგონ ეს მოდელი სასწავლო პროცესში“.


16 წიგნი, რომლებიც პირველივე ფრაზიდან დაგაინტერესებთ – ფრაზები

$
0
0

პირველი ნახვით არა მხოლოდ ადამიანის შეყვარებაა შესაძლებელი. არის წიგები, რომლებიც ჩვენ გულებს პირველივე წინადადებიდან იპყრობენ. ჩვენ სწორედ ასეთი წიგნების ჩამონათვალს გთავაზობთ. ასეთი ძლიერი დასაწყისის წაკითხვის შემდეგ, გონს მხოლოდ ამ ლიტერატურული შედევრების ბოლო გვერდზე მოხვალთ.

1,,ამბობენ, სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ გაივლის, მაგრამ ჩემთან ყველაფერი სხვანაირად მოხდა.“

ლორენ ოლივერი ,,სანამ მე წავიქცევი“

17 წლის სამანტა დროის მარყუჟში ხვდება და თავისი სიკვდილის დღეს რამდენიმეჯერ გაივლის. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, ნაწარმოების მთავარმა გმირმა თავისი შეცდომები უნდა გააანალიზოს და გამოასწოროს.

2.,,ერთხელ, დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო.“

ფრანც კაფკა ,,მეტამორფოზა“

ეს არის ამბავი ვაჭარზე, რომელიც ერთხელ მწერად გადაიქცევა. ყველაზე მეტად მთავრი გმირი იმას განიცდის, რომ ამ უცნაური ამბის გამო მან შეიძლება სამსახურში დაიგვიანოს. გრეგორი ზამზას ოჯახიც მის გარდასახვაზე საკმაოდ უცნაურად რეაგირებს.

3.„ჩონჩხმა  509 ნელა აწია თავი და გაახილა თვალები“

ერიხ მარია რემარკი ,,სიცოცხლის ნაპერწკალი“

რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ მელერნში, საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარეობს. ავტორი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეძლეს ადამიანებმა საშინელი ცხოვრებისეული გარემოებების გადალახვა ისე, რომ საკუთარ თავში სიცოცხლის ნაპერწკალი შეინარჩუნეს.

4.გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად.“

გაბრიელ გარსია მარკესი ,,მარტოობის ასი წელი“

გაბრიელ გარსია მარკესის ეს ნაწარმოები მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ფანტასტიკური ისტორია ბუენდიების ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც მარტოობისთვის არის განწირული.
5.„რომელი ჩვენგან არ დაეჭვდებოდა თუ მეგობრისგან გაიგებდა, თითქოს მან მთელი უქმეები ღმერთთან გაატარა, თანაც მიტოვებულ ქოხში?“

უილიამ პოლ იანგი ,,ქოხი“

ამ თანამედროვე ბესტსელერის გამოქვეყნებაზე უარი 26-ჯერ თქვეს. ნაწარმოებში დარდისგან გაუბედურებული მამაკაცის ისტორიაა მოთხრობილი. მთავარი გმირი ღმერთისგან წერილს იღებს, რომელიც იმ ქოხში მისვლას ურჩევს, სადაც მისი ქალიშვილი მოკლეს. მამაკაცს წარმოდგენაც არ აქვს, თუ როგორ შიცვლება მისი ცხოვრება ამ მოგზაურობის შემდეგ.

6.გაფრთხილება: ბავშვებო, სახლში არმაგედონის მოწყობა შეიძლება საშიში იყოს . ნუ შეეცდებით ამის სახლში გამეორებას.“

ტერი პრატჩეტი, ნილ გეიმანი ,,კარგის მომასწავლებელი ნიშნები“

ეს არის იუმორისტული ფენტეზი ანგელოზსა და დემონზე. ისინი მსოფლიოს აღსასრულის ჩაშლას ცდილობენ, რომელიც შემდეგ შაბათს უნდა მოხდეს. ალუზიის დიდი ოდენობა ამ წიგნს წარმოუდგენლად საინერესოს, სახალისოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

7.დღეს დედაჩემი გარდაიცვალა. შეიძლება გუშინ, ზუსტად არ ვიცი“

ალბერ კამიუ „უცხო“

„უცხო“ – ეგზისტენციონალისმის კლასიკაა, კამიუს შემოქმედებითი მანიფესტი. ნაწარმოები 30 წლის მერსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელსაც რამდენიმე უბედური შემთხვევის, მათ შორის დედის გარდაცვალების გადალახვა უწევს.

8.ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს“

ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული რომანი, რომლის სიუჟეტის ცენტრში სასიყვარულო სამკუთხედია: ანა, მისი მეუღლე და ოფიცერი ვრონსკი. ნაწარმოების მთავარი გმირი რთული არჩევანის წინაშე დგას და თავის გრძნობებს ვერ უმკლავდება. ანას ისტორიის კონტრასტად კი კონსტანტინ ლევინისა და კიტი შერბაცკაიას ბედნიერი ოჯახური ცხოვრებაა ნაჩვენები.

9.„მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა კაცი, რომელიც გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური და საზიზღარი იყო. აქ სწორედ მისი ამბავი უნდა მოგიყვეთ.“

პატრიკ ზიუსკინდი „სუნამო. ამბავი ერთი მკვლელისა“

ფსევდოისტორიის პრინციპის წყალობით, მკითხველს ნამდვილად დარჩება შთაბეჭდილება, რომ დაუნდობელი და ამავე დროს ნიჭერი პარფიუმერის,  ჟან- ბატისტ გრენუის ისტორია სრული სიმართლეა.

10.„მე მერქვა სიუზი, გვარად სელმონი ვარ, რაც სხვათაშორის ორაგულს ნიშნავს. 1973 წლის 6 დეკემბერს, როცა მე მომკლეს 14 წლის ვიყავი.“

ელის სიბოლდი „საყვარელი ძვლები“

სიუზი სელმონი თავის ოჯახს, რომელიც სიცოცხლის გაგრძელებას ცდილობს,  ზეციდან აკვირდება. ასევე თვალ-ყურს თავის მკვლელს ადევნებს, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დაფაროს დანაშაულის კვალი. ეს არის ტრაგიკული და ამავე დროს ნათელი ისტორია, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისის მთავარი ბესტსელერი გახდა.

11.ეს ტაილერი ხან სამსახურში ოფიციანტად მაწყობს, ხან კი პირში ლულას მტენის და მიცხადებს, რომ საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად თავიდან უნდა მოკვდე.“

ჩაკ პალანიკი ,,მებრძოლთა კლუბი“

ეს არის 90-იანი წლების დასასრულის ერთ-ერთი მთავარი კონტრკულტურული ნაწარმოები. ის ფსიქიურად არასტაბილური მთავარი გმირის შინაგან სამყაროს აღწერს. ავტორი მომხმარებელ საზოგადოებას მკაცრად აკრიტიკებს.

12.არავის აზრადაც არ მოუვა, რომ ერთხელ ის გარდაცვლილ ქალს ჩაიხუტებს და მის სახეს ვეღარასადროს ნახავს, სახელი კი ყოელთვის ემახსოვრება.“

ხავიერ მარიასი „ხვალ, ბრძოლის დროს გამიხსენე.“

თანამედროვე ესპანელი მწერლის ეს რომანი ინტელექტუალური პროზის შესანიშნავი მაგალითია. მას დამაინტრიგებელი შინაარსი აქვს: გათხოვილ ქალს სახლში მისთვის უცნობი მამაკაცი მოყავს, რომლის ხელშიც შემდგომ კვდება.

13.„ყაჩაღი სრული დებილი აღმოჩნდა. მე ეს ვიცი. მანაც იცის. რეალურად ეს მთელმა ბანკმა იცის.“

მარკუს ზუზაკი „მე-ელჩი“

ეს არის ჩვეულებრივი ტაქსისტის ისტორია, რომელიც ნამდვილ გმირად იქცევა. ერთხელ ედ კენედიმ ბანკის დაყაჩაღება ჩაშალა, რის შემდეგაც მას ბარათებს სხვადასხვა ამოცანებითა და დავალებებით უგზავნიან. კითხვაზე, ვინ და რატომ უგზავნის 19 წლის  ყმაწვილს ამ ბარათებს, პასუხი მკითხველმა უნდა იპოვოს.

14.„ჩემი პირველი მოგონებაა: მე ვარ სამი წლის და ჩემი დის მოკვლას ვცდილობ.“

ჯოდი პიკოლტი „ანგელოზი დისთვის“

დაბადებიდან ანა თავისი დის დონორია, რომელიც ლეიკემიისგან იტანჯება. მორიგი ოპერაციის წინ ის თამამ და ძალიან რთულ გადაწყვეტილებამდე მიდის – სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს იმისათვის, რომ მომავალში თავისი სხეულის განკარგვა თვითონ შეძლოს.

15.“ამგვარად ვიტყვი: იდიოტის ცხოვრება შაქარია არაა. თავიდან ადამიანები იცინიან, შემდეგ ღიზიანდებიან და შენთან ცუდად მოპყრობას იწყებენ.“

უინსტონ გრუმი „ფორესტ გამპი“

1994 წლის წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ კეთილი და გულუბრყვილო ფორესტის ისტორია მილიონობით ადამიანს შეუყვარდა. თუმცა თუ გმირზე მეტის გაგება გსურთ, აუცილებლად გირჩევთ ამ ნაწარმოების წაკითხვას.

16.“ექიმი შტრაუსი ამბობს დღეინდული დღეიდან მე უნდა ჩავიწერო ყველაფერი, რასაც ვფიქრობე მე და რაც მე მემართება.“

დენიელ კიზი ,,ყვავილები ელჯერნონისთვის“

წიგნი მოგვითხრობს ჩარლი გორდონზე, რომელიც ოცნებობს რომ ჭკვიანი იყოს. ის ინტელექტის ასამაღლებელ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს. მალე ირკვევა, რომ ერთადერთი არსება, რომელსაც მისი გრძნობების გაგება შეუძლია, ექსპერიმენტის კიდევ ერთი მონაწილე, წრუწუნა ელჯერნონია.

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

მოამზადა თეა ინაშვილმა

მოსალოდნელია მასწავლებლების დეფიციტი –სახელმწიფო აუდიტის გაფრთხილება

$
0
0

„რამდენიმე წელიწადში განათლების სისტემა ზოგადსაგანმანათლებლო კადრების ნაკლებობის წინაშე დადგება“ – პესიმისტური პროგნოზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სასკოლო სისტემაში კადრების მართვის საკითხები შეისწავლა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების თითქმის ნახევარი საპენსიო ასაკს მიღწეული ან ამ ასაკს გადაცილებული სეგმენტია. 60 წლისა და უფროსი ასაკის მასწავლებლების წილი (20%) ევროპის საშუალო მაჩვენებლზე (6%) საგრძნობლად მაღალია. საქართველო ასევე გამოირჩევა ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი მაჩვენებლით სისტემაში. 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 7%-ია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 12%-ს. “- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

20157899_668179556703974_5458320920156307323_o

მასწავლებელთა ასაკობრივი მონაცემები ასე ნაწილდება: 18-30 წლამდე – 7%, 31-40 წლამდე – 20%, 41-50 წლამდე – 27%, 51-60 წლამდე – 25%,  61-70 წლამდე – 17%, 71-95 წლამდე – 4%. მოცემული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სისტემა კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტის წინაშე დადგება.

EDU.ARIS.GE-ს შიდა ქართლიდან მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდა დაუკავშირდა, რომელიც სერტიფიცირებულია, მაგრამ რამდენიმე წელია რაიონის სკოლებში მუშაობის დაწყებას უშედეგოდ ცდილობს.

„სად აღარ მივედი, სოფლის სკოლებშიც ვიყავი. სულ ახლახანს, ერთ-ერთი მასწავლებელი პენსიაში გავიდა. ზუსტად ვიცოდი, სამუშაო ადგილი იყო. დირექტომა მაინც უარით გამომიშვა. მითხრა, საათები დანარჩენ პედაგოგებზე გავანაწილე, სხვისი მიღების უფლება არ მაქვსო. ასეთი მკაცრი პასუხი მომცა. ეს ბოლო შემთხვევა იყო, თავი დავანებე სკოლაში მასწავლებლის ადგილის ძებნას. აზრი არ აქვს, თუ დირექტორის ნათესავი-ნაცნობი-მეგობარი არ ხარ, ადგილს ვერ იშოვი, მითუმეტეს, თუ დამწყები ხარ და გამოცდილება არ გაქვს“, – ამბობს გორის რაიონის მკვიდრი შორენა კ.

სკოლაში პედაგოგების მიღება რომ არასისტემურად, არაერთგვაროვნად ხდება, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაც ადასტურებს.

„ერთი და იმავე საგნის მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება ერთმანეთისგან სკოლების მიხედვით. ნათელია, რომ სკოლების მიერ არ ხდება მინიმალური კრიტერიუმების გათვალისწინება და არ არსებობს ერთიანი მიდგომა, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს ვაკანსიების ფორმირება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ხელფასით და სოციალური სტატუსით ახალგაზრდებისთვის მასწავლებლის პროფესია მიმზიდველია. მითუმეტეს რეგიონებში, ახალი კადრები აქტიურად შედიან სკოლებში და იკავებენ სკოლიდან წასული ასაკოვანი პედაგოგების ადგილს. რაც შეეხება ასაკობრივი ზღვარის დაწესებას, განათლების სამინისტროს სსიპი ამ რეგულაციის შემოღებას არ აპირებს.

„ეს არის ბუნებრივი პროცესი, არიან გარკვეული ასაკის ადამიანები რომლებიც ეჭვს არ იწვევს, ჩემი სუბიექტური აზრით, რომ ჯობია სკოლიდან გავიდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად, თემის კულტურის მიზეზით არ მიდიან სკოლიდან და ცდილობენ, შეინარჩუნონ შემოსავალი. ეს ყველაფერი უკავშირდება საპენსიო რეფორმას, სხვა სოციალური დაცვის მექანიზმებს. ჩვენნაირ სახელმწიფოში, სადაც ამ დაფინანსების პირობებში 2 085 სკოლა არის მისახედი, ასაკთან დაკავშირებით რაიმე რეგულიაციის შემოტანა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჯობია ამან გაიაროს იმ პროცესზე, სადაც ახლა ვართ. ანუ სასკოლო საზოგადოებამ საუბარი და აქცენტები უნდა გადავიტანოთ არა ასაკზე ან რაიმე სხვა მექანიკურ კრიტერიუმზე, არამედ მუშაობის ხარისხზე. ახლა მიდის მასწავლებელთა პროფესიული შეფასების პროცესი, ჩვენ ახლა ვსწავლობთ სკოლაში თანამშრომლობას და ერთმანეთისათვის პირში სიმართლის თქმას. მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, სხვა საქმიანობასთან შეთავსებაც რომ შეუძლიათ, ამიტომ ბოლო დროს ახალგაზრდები გააქტიურდნენ და მიდიან სკოლებში სამუშაოდ, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისშიც ასეა, უფრო კერძო სკოლებში შეიმჩნევა ეს ტენდენცია“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის“ კოორდინატორმა,  კახა ჟღენტმა.

როგორ იყვანენ სამსახურში მასწავლებელს? – აუდიტის დასკვნა

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზება მობილობის მსურველ სტუდენტებს 2017 წლისთვის

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
  • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 40 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  •  საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III, V, VII სემესტრებში;
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III, V, VII სემესტრებში;
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების  III, V სემესტრში;
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, V, VI, VII სემესტრებში;
  • ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III, IV, V, VI, VII, VIII სემესტრებში;
  • მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, XI სემესტრებში;
  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 5 ადგილი.
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX სემესტრებში;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს).

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე eqe.ge 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე http://eqe.gov.ge/geo/static/39/rules–procedures

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ქუთაისის უნივერსიტეტმა წარჩინებული კურსდამთავრებულები პარიზის საგზურებით დააჯილდოვა

$
0
0

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა გამოსაშვები საღამო 2017 გაიმართა.  ღონისძიებამ უპრეცედენტო სიურპრიზების, ფოიერვერკის, საზეიმო ტორტისა  და წარმატებული სტუდენტების დაჯილოდოვების ფონზე  ჩაიარა.

საგზურები პარიზში წარმატებული სტუდენტებისთვის, სტაჟირება წამყვან საფინანსო კომპანიებში და სრული სამაგისტრო გრანტი, ასევე წარმატებული სტუდენტისთვის. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიურპრიზების, რაც ქუთაისის  უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს მოუწყო. საღამო  უნივერსიტეტის დირექტორის ნინო ხაზარაძის ორგანიზებითა  და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

IMG_4729ქუთაისის  უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოსთვის, სპეციალურად ამ დღისთვის სადღესასწაულოდ გაფორმებულ  ეზოში ყველა კურსდამთავრებული შეიკრიბა. უმაღლესის დამთავრება მათ უნივერსიტეტის რექტორმა ლია ელიავამ მიულოცა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ქუთაისის უნივერისტეტის დამფუძნებელ ლელა ქელბაქიანის განცხადებით, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში ცოდნასთან  ერთად წარმატების შანსი და შემდგომში მისი რეალურად განხორციელების საშუალება ეძლევათ.

„ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი იყო მთელ საქართველოში, ვინც კურსდამთავრებულთა ასეთი საზეიმო გაცილება მოაწყო 2007 წელს. მაშინ მართლაც არავინ აკეთებდა ასეთ ღონისძიებას, ბაკალავრის მანტიებით  და ეზოში ჩატარებული ცერემონიალით. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ამ დღესასწაულს კურსდამთავრებულთათვის კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო შტრიხები  შევმატოთ. მათ აქედან ქუთაისის  უნივერსიტეტის ნაწილი მიაქვთ, მიაქვთ ის კულტურა, სითბო და რა თქმა უნდა,  განათლება უპირველეს ყოვლისა. ამასთან ერთად, ყველაზე მთავარი ის დიდი ოჯახური გარემოა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტი ჰქვია, რომელიც ახასიათებს მხოლოდ პატარა კერძო უნივერსიტეტებს და ძალიან რთულია ასეთი ახლო ურთიერთობები შექმნა დიდ უნივერსიტეტებში, ჩვენ სწორედ ამით ვართ განსხვავებულები და გამორჩეულები.

IMG_4689„შესაბამისად, ეს სტუდენტები ისევ რჩებიან ჩვენი უნივერსიტეტის ნაწილად იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო ქსელი კურსდამთავრებულთა ასოციაციის, რომლის ფარგლებშიც, სულ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ურთერთობა ჩვენს კურსდამთავრებულებთან. მეწარმე კურსდამთავრებულთა ასოციაცია ცალკე გვაქვს, ცალკე დოქტორანტების. ყველანაირად ვცდილობთ, მათი ინტერესების მიხედვით შევქმნათ ჯგუფები და არასდროს არ დავკარგოთ კავშირი იმ ადამიანებთან, რომელთაც თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლები ჩვენთან გაატარეს. ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს რომ გადადგა პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ“,  – განუცხადა ლელა ქელბაქიანმა EDU.ARIS.GE-ს.

უნივერსიტეტს რექტორი ლია ელიავა კი ამბობს, რომ კურსდამთავრებულები არამხოლოდ კვალიფიციურ კადრებად, არამედ ღირსეულ ადამიანებად და თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან ქუთაისის უნივერსიტეტში.

IMG_4726„ჩვენი უნივერსიტეტის  25 წლის არსებობის მანძილზე ეს   კურსდამთავრებულთა 21-ე გამოშვებაა. ჩვენ ვზრდით არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, არამედ ღირსეულ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება. ჩვენი კურსდამთავრებულები აუცილებლად დაიმკვიდრებენ ღირსეულ ადგილს საქართველოში და ჩვენს საზოგადოებაში. მინდა ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვო იყვნენ წარმატებულები და ღირსეულები. ქუთაისის უნივერსიტეტი არ არის მარტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ოჯახიც და ვინც ამთავრებს უნივერსიტეტს არ ივიწყებს მას, ისინი აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.

რექტორის სიტყვებს ადასტურებს ჩვენთან საუბარში ერთ–ერთი კურსდამთავრებულიც. გიორგი ნუცუბიძეს ერთის მხრივ გული წყდება, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება დასრულდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სასწავლებელთან კონტაქტს არ გაწყვეტს.

IMG_4698„მე აქ გავიზარდე, პიროვნებად ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიული, ისე ადამიანური კუთხით. უამრავი მეგობარი გავიჩინე და მივიღე პროფესიული განათლება. ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სფეროა ამ დროისთვის საქართველოში და დიდი პერსპექტივა აქვს. იმედი მაქვს, წვლილს შევიტან ამ საქმეში, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. გული მწყდება, რომ ვამთავრებ, თუმცა იმედი მაქვს კავშირი ისევ მექნება უნივერსიტეტთან“, – ამბობს გიორგი.

ლიკა მიშვიძე კურსდამთავრებული: „ჩემი წარმატება სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტიდან დაიწყო.  როგორც კი  პირველი კურსის სტუდენტი გავხდი, დავსაქმდი და 2014 წლიდან დღემდე  ვმუშაობ ერთ–ერთ მოწინავე სასტუმროში  ადმინისტრატორად. მინდა ვუთხრა უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველებს – ჩააბარეთ აქ და დაე თქვენი თქვენი წარმატებაც სწორედ აქედან დაიწყოს“.

ქუთაისის უნივერსიტეტის დამსახურებად მიიჩნევს საკუთარ წარმატებას ავთანდილ ცნობილაძეც, რომელიც ამ დროისთვის ერთ–ერთი წარმატებული საფინანსო კომპანიის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.

IMG_4762„ქუთაისის უნივერსიტეტის მაგისტრი ვარ. უნივერსიტეტიდან ბევრი რამ მივიღე, როგორც განათლება, ასევე ბევრი მეგობარი, კარგი ლექტორები და  გამოცდილება. მონაწილეობა მივიღე  ერასმუსის გაცვლით პროგრამაში.  ერთი სასწავლო წელი ჩეხეთში  ვიყავი, სადაც ასევე დიდი გამოცდილება მივიღე და გავაუმჯობესე ბევრი უნარი, რომელიც ეკონომიკის კურსდამთავრებულისთვის აუცილებელია. კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტობით.  ჩემი წარმატება ქუთაისის უნივერსიტეტმა განაპირობა, რადგან მიზანი, რომელიც მქონდა – მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, უნივერსიტეტის დახმარებით განვახორციელე. ჩემს რეზიუმეში ეს დიდ გავლენას ახდენს. ამ ეტაპზე მე ერთ-ერთ წარმატებული ბანკის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ვმუშაობ“.

ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ლელა ქელბაქიანმა და ლაშა ლაღიძემ, ორ წარჩინებულ სტუდენტს – მედეა ქირიასა და თინათინ ბერაძეს,  საჩუქრად პარიზის საგზურები გადასცეს. სამაგისტრო გრანტი გადაეცა მარიამ დანელიას. საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა წყვილი, რომელთაც უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი და ოჯახი შექმნეს.  ქუთაისის უნივერსიტეტმა საჩუქარი მათ პატარას გაუკეთა.

IMG_4802„ეს ის საჩუქარია რაზეც მიოცნებია და  ძალიან გამაბედნიერა. დიდი მადლობა დამფუძნებლებს. კითხვარები შევავსეთ, სადაც ჩვენი სურვილები უნდა ჩამოგვეწერა, მე დავწერე რომ მოგზაურობა მსურდა და ჩემმა უნივერსიტეტმა ჩემი ოცნება ამისრულა“, გვითხრა პარიზის საგზურის მფლობელმა მედეა ქირიამ.

ქუთაისის უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამო ტრადიციულად ქუდების აგდებით, საზეიმო ტორტის გაჭრითა და ბენდ მუზეუმის  მუსიკალური კომპოზიციით დაგვირგვინდა. როგორც დამფუძნებელები და ორგანიზატორები აღნიშნავდნენ,  გამოსაშვები საღამოები უკვე ტრადიციაა და ყოველ წელს გაიმართება.

ქუთაისის უნივერსიტეტი

მოამზადა თეონა გიორგაძემ

IBSU-ში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა საიმონ ვესტმა საჯარო შეხვედრა გამართა

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა საიმონ ვესტმა საჯარო შეხვედრა გამართა. აუდიტორიასთან სამხედრო ექსპერტმა თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ”ფეიქ-ნიუსების” პრობლემატიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე ისაუბრა. ასევე, შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ადამიანი კომუნიკაციისადმი მოთხოვნილება და საჭიროება;
  • ინფორმაცია, როგორც ძალა – ადამიანი და ინფორმაციის დამუშავება: აღქმა, ქცევა და დამოკიდებულებები;
  • ქსელები/სისტემები – კავშირი ადამიანებს შორის;
  • გონება – სადაც ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხმარება;
  • თანამედროვე საინფორმაციო გარემო – გადატვირთული და ურთიერთდაპირისპირებული სივრცე;
  • შემობრუნება პროპაგანდის ეპოქისკენ (ინტერნეტის დაბადება);
  • პროპაგანდა სიკეთისა და ბოროტებისთვის – წარმოშობა და განვითარება;
  • რუსული პროპგანდისტული მანქანის შესახებ – მაგალითების განხილვა;
  • საინფორმაციო გარემოს ბუნება – კოგნიტური, ფიზიკური და ვირტუალური განზომილებები:

– საინფორმაციო გარემოს გაგების მოდელები;

– საინფორმაციო გარემოს შეფასება;

– სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება;

– სამიზნე აუდიტორიის ანალიზი;

  • ნარატივების ბრძოლის ველზე:

– ნარატივის თეორიის შესახებ;

– ნარატივი, როგორც ბრძოლის იარაღი – თავდაცვითი და შეტევითი;

  • როგორ გამოიყენებს კერძო და სახელმწიფო სექტორი ინფორმაციას ახალი რეალიების შესაქმნელად:

– აქტორები და მათი როლის გაგება;

– ნარატივი, ბრენდი და რეკლამა;

– მაფორმირებელი და დამარწმუნებელი – ქცევითი ეფექტი;

– ინტერნეტი – საფრთხე თუ პერსპექტივა;

– ახალი გარემოებები – ახალი ბრძოლის ველი;

– სიმართლის მანიპულაცია;

– ინტერნეტ-ტროლინგი და მცდარი ინფორმაციები;

აღსანიშნავია, რომ საიმონ ვესტი ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – უცხო ენები, ისტ და ქართული, როგორც მეორე ენა

$
0
0

2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მიმდინარე გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში – ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, ქართული, როგორც მეორე ენა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საგნების მიხედვით

დღეს, 24 ივლისს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ბოლო გამოცდა ტარდება. ისინი გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ – ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და მუსიკა. ამით 2017 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასრულდება.

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დღეიდან შედეგებს დაელოდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი, კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებიდან იქნება.

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე

„არტ-გენის“ ღონისძიებაზე სსუ-ის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ნომრები წარადგინეს

$
0
0

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე რამდენიმე წელია ეწყობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მისი მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ოსტატების ნამუშევრების შეკრება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

„არტ-გენის“ ფარგლებში ეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები. ფესტივალი ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული კონცერტით.

21 ივლისის ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ულამაზეს კუთხეს, აფხაზეთს, სადაც წარმოდგენილი იყვნენ აფხაზეთის და სამეგრელოს ფოლკლორული ჯგუფები. ფესტივალის ეს დღე სცენაზე გამუსულმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „სნომ“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მირონმა“ ოთხი ფოლკლორული ნომრით გაალამაზეს. კონცერტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე და ახლად არჩეული რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, აგრეთვე სსუ-ის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


აწსუ-ის სტუდენტებმა იშემიური ინსულტის რისკისა და პროფილაქტიკის შესახებ გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში რეფერალური ჰოსპიტალის და პროფესორ ზაზა ქაცარავას ინიციატივით ჩატარდა აქცია იშემიური ინსულტის რისკისა და პროფილაქტიკის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლების მიზნით.

აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც დაინტერსებულ პირებს აწვდიდნენ სწორ ინფორმაციას ფართოდ გავრცელებული დაავადების დროული მკურნალობის შესახებ. აღნიშნული აქტივობით დაიწყო მოსახლეობის სამედიცინო განათლების პროგრამა – თრომბოლიზისი ინსულტის სამკურნალოდ!

,,IBSU-ს პრიორიტეტებმა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა” –იბსუ-ს კურსდამთავრებული

$
0
0

თეონა შალამბერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკის მცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულია. თეონას თქმით, IBSU-ს სწავლაზე ორიენტირებულობამ, კონკურენტულმა გარემომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებმა, მრავალფეროვანმა სტუდენტურმა კოლეკტივიმა, პროფესიონალმა და პოზიტიურმა პროფესორ-მასწავლებლებმა და კეთილმოწყობილმა სასწავლო გარემომ, გადამწყვეტი როლი ითამაშა მის პროფესიულ ცხოვრებაში.

”ამჟამად, დასაქმებული ვარ ნავთობკომპანია „რომპეტროლ საქართველოში“, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. პირველი ნაბიჯები პროფესიულ ასპარეზზე ჯერ კიდევ 19 წლის სტუდენტმა გადავდგი და ეს სწორედ უნივერსიტეტის დამსახურება იყო. უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას იჩენდა სტუდენტების მიმართ არამხოლოდ სწავლის პერიოდში, არამედ მაქსიმალურად ლობირებდა თავის კურსდამთავრებულებს სწვალის დასრულების შემდგომაც, რათა უზრუნველეყო მათი მომავალ დამსაქმებლებთან დაკავშირება და წარმატებული „დაბინავება“.

2002 წელს, როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შევაჩერე, იმის გამო, რომ იყო მულტინაციონალური და საერთაშორისო სტანდარდების მქონე სასწავლო დაწესებულება. ჩემი გადადგმული ნაბიჯი ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტის არჩევის თვალსაზრისით სრული რისკი იყო, რადგან 15 წლის წინ პირველად იქმნებოდა ეს ჯგუფი ამერიკანისტიკის ფაკულტეტის დეკან თამარ შიოშვილისა და ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით და ჩვენ ერთგვარი ექპერიმენტული ჯგუფი გამოვდეგით, რომელმაც ნამდვილად გაამართლა. მაშინ, მახსოვს, გული მწყდებოდა, რომ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტ ჩემი მეგობრებივით თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა გართობა-დასვენებისთვის, მაგრამ IBSU-ს სტუდენტურმა კულტურამ, რომელიც სრულიად გამორჩეული იყო სხვა უნივერსიტეტებისგან, კონკურენტულმა გარემომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებმა, მრავალფეროვანმა სტუდენტურმა კოლეკტივიმა, პროფესიონალმა და პოზიტიურმა პროფესორ-მასწავლებლებმა და კეთილმოწყობილმა სასწავლო გარემომ,, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში.

ჩემი პროფესია დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს, ისევე როგორც სხვა პროფესიები, თუმცა განათლებასთან ერთად გამოვარჩევდი პროფესიონალიზმის იმ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლის ჩამოყალიბებაშიც სწორედ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამეხმარა – თვითგანვითარებისა და პიროვნული წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვა, მიზანდასახულობა, კონკურენტუნარიანობა, შედეგზე ორიენტირებულობა, თვითრწმენა, მრავალეთნიკურ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი და მუდმივი რწმენა იმისა, რომ არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები რომ იპოვო შენი თავი.

მათ კი, ვინც ახლა ირჩევს თავის პროფესიას, არჩევანის გაკეთებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე აპირებს ან მას ერთერთ ალტერნატივად განიხილავს, მინდა ვურჩიო, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არა მხოლოდ პროფესიის არჩევას, ასევე, იმ დაწესებულების სწორად შეფასებას, რომელმაც ამ პროფესიისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა უნდა შესძინოს მათ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენ შეძლებთ მიიღოთ როგორც უმაღლესი დონის განათლება, ასევე შეიძინოთ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც სამომავლოდ დაგეხმარებათ სწორად მიმართულებით წაიყვანოთ თქვენი საქმიანობა”, – აღნიშნა თეონამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგებისთვის საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება

$
0
0

21 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის, გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა ჩაატარა მორიგი საჯარო ლექცია. ლექციას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

ლექციის თემა: „ლიახვის ხეობის ეპიგრაფიკა (ახლად აღმოჩენილი წარწერები და მათი მნიშვნელობა საქართველოს ადრეფეოდალური პერიოდის ისტორიისათვის)“.

ასევე 21 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის, გორის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა საჯარო ლექცია. ლექცია წაიკითხა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა თამილა გოგოლაძემ თემაზე: „რომანტიზმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში“.

ლექციებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონის სხვდასხვა სკოლის პედაგოგები და დაინტერესებული პირები.

ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

როდის გამოქვეყნდება მასწავლებლის გამოცდების ტესტების პასუხები და შედეგები

$
0
0

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის დღეს დასრულდა. საერთო ჯამში გამოცდებზე დარეგისტრირებული 28 ათასამდე აპლიკანტიდან დაახლოებით 8400, ანუ 30 % კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე არ გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამას მათი დაბალი პასუხისმგებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ ყოველწლიურად ასეთი ადამიანებისათვის სახელმწიფო საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძის თქმით, სხვა მხრივ გამოცდებმა კაგად ჩაიარა. შედეგების გამოქვეყნება კი აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება.

ივა მინდაძე: მასწავლებლების გამოცდაზე დაახლოებით 30% არ გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რამდენი იყო მათგან მსურველი და რამდენი – მოქმედი პედაგოგი.

–რას იტყვით აქტიურობაზე?

ი.მ: გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან გულდასაწყვეტია, როცა დარეგისტრირებული აპლიკანტების მესამედი გამცოდაზე არ მოდის. წარმოიდგინეთ რამდენია 28 ათასის მესამედი. მათთვის მომზადდა  ადგილები, სექტორები, მეთვალყურეები. როდესაც ამდენი ადამიანი არ მოდის, მთელი ეს შრომა წყალში იყრება, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამიტომ, აქტიურობა, რა თქმა უნდა, გვაწუხებს. წინა წლებშიც ასე იყო, ბევრი არ მოდის ხოლმე.

–როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

ი.მ:  ძნელი სათქმელია. მე მგონია, რადგან დარეგისტრირება უფასოა, ადამიანები რეგისტრირდებიან, მაგრამ ამას სერიოზულად არ უყურებენ.  ის რამდენიმე წუთის გარდა, რაც დარეგისტრირებას სჭირდება, არაფერს კარგავს. ზაფხულში კი რაღაც სხვა გეგმები უჩნდება. შესაძლოა შვებულებაშია და ა.შ. მგონია, რომ  იოლად შეუძლიათ რეგისტრაცია დაივიწყონ.

–ამ  ყველაფრისთავის თავის ასარიდებლად, რაიმე ზომების მიღება ხომ არ იგეგმება? მაგალითად რეგისტრაცია ხომ არ გახდება ფასიანი მოქმედი მასწავლებლებისთვისაც? როგორც ჩანს, ცენტრი საკმაოდ დიდ რესურს ხარჯავს ფუჭად.

ი.მ: ამ წუთას არანაირი მსგავსი გეგმა ან პროექტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი არაა. გულახდილი რომ ვიყო,  მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა ადამიანებს მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეთ.

–ზოგადად როგორ ჩაიარა პედაგოგების გამოცდებმა?

ი.მ: ვფიქრობ, რომ ნორმალურად ჩაიარა. რაიმე სერიოზულ გართულებას, ან ხარვეზს ადგილი არ ჰქონია.

–ნამუშევრების გასწორება დაწყებულია?

ი.მ: დიახ, რიგ საგნებში დაწყებულია. მოგეხსენებათ, დღესაც იყო რამდენიმე საგნის გამოცდა. ამიტომ ზოგიერი საგნის  გასწორება ჯერ არ დაწყებულა, მაგალითად უცხო ენების, ხელოვნების და ა.შ. პროფესიული უნარების ტესტების გასწორება კი დაიწყო და სხვა საგნებისაც, რომელთა გამოცდებიც წინა დღეებში იყო.

–უკვე გასწორებულ ნამუშევრებზე დაყრდნობით, როგორია ზოგადი სურათი?

ი.მ: ამის თქმა ძალიან გამიჭირდება და ვფიქრობ, რომ ზუსტი პასუხის გაცემას ვერავინ  შეძლებს, რადგან როგორც ვიცით,  ე.წ. დახურული, ანუ შემოსახაზი დავალებები პროგრამით სწორდება. რაც შეეხება ღია დავალებებს, მას გამსწორებელი ამოწმებს, თუმცა, თითოეულ მათგანთან სხვადასხვა  დავალება მიდის.  ერთი დავალება ერთდროულად ორ გამსწორებელთან ხვდება. ასე რომ, მთლიან ტესტს ვერავინ ხედავს. ამიტომ, ძნელია წინასწარ შეიქმნას შთაბეჭდილება. როცა გასწორება დასრულდება, მაშინ ყველაფერი გვეცოდინება.

–როდესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში  აბიტურიენტების ნამუშევრების გასწორებაზე ვიმყოფებოდით, გვითხრეს, რომ მათი თემები ბევრად უკეთესია და წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესება იგრძნობა. იგივეს თქმა მასწავლებლების შემთხვევაშიც შეგვიძლია?

ი.მ: მე ამის თქმა არ შემიძლია. ვერც იმას ვიტყვი, რომ უკეთესია და ვერც იმას, რომ უარესია. მგონია, რომ ჯობია შედეგებს დაველოდოთ.

–როდის გამოქვეყნდება ტესტების სწორი პასუხები?

ი.მ:  გასწორების პერიოდში პასუხების დაზუსტება ხდება ხოლმე, რადგან შეიძლება იყოს რაიმე ორიგინალური პასუხი, რომელიც სქემაში გათვალისწინებული არ იყო. ასეთი პასუხების შეფასება, მსჯელობა მიდის ხოლმე და საბოლოოდ, სწორი პასუხები მაშინ გამოქვეყნდება, როდესაც გასწორება უკვე დასასრულისკენ წავა. ანუ,  დაახლოებით ორ კვირაში.

–როდის დაიწყება შედეგების გამოქვეყნება?

ი.მ: აგვისტოს შუა რიცხვებში პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. მერე იქნება აპელაციის პროცესი. შესაბამისად, საბოლოო შედეგები ალბათ 25 აგვისტოსათვის გამოქვეყნდება.

ანუ, სწორი პასუხების გამოქვეყნებაც შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვევა?

ი.მ: დიახ, დაახლოებით.

–ყველაფერი აგვისტოში მოესწრება?

ი.მ:  აპელაციის რაოდენობაზე ვართ დამოკიდებული. მოგეხსენებათ, აპელაცია დროს მოითხოვს. წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, აპელაციების რაოდენობა ძალიან მცირე იყო და ვფიქრობთ, რომ წელსაც მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდება.

მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2017

მასწავლებლის 2017 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები განისაზღვრა

მოამზადა თაკო მათეშვილმა

როგორი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის პირველი სამუშაო დღე

$
0
0

დღეს, 24 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ, ახალ რექტორს, ზურაბ ხონელიძეს, უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. ღონისძიებას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია და მედიის წარმომადგენლები.

ყოფილი და ახალი რექტორის შესახვედრად უნივერსიტეტის თანამშრომლები ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტს საგანგებოდ ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა, რომელიც უნივერსიტეტის დიდი მეგობარია, დალოცა ბატონი ზურაბი, სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

რექტორის პირველი დღე სამსახურის უფროსებთან და ფაკულტეტების დეკანებთან შეხვედრით დაიწყო. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ საბჭოს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და აღნიშნა, რომ ის ღირსეული უნივერსიტეტის ღირსეული რექტორი იქნება.

„მე მინდა ეს პერიოდი უნივერსიტეტისთვის ახალი ერის დასაწყისი იყოს. უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და ვიაროთ ევოლუციის გზით. ორიენტირი უნდა ავიღოთ ცოდნაზე და ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის წინსვლა უნდა იყოს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დევნილი უნივერსიტეტია, მას თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის აღმდგენი ხიდი“, – აღნიშნა ბრძანა უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა.

მან კოლექტივს ასევე შესთავაზა უნივერსიტეტის ახალი ლოგო „ცოდნა-აღმაშენებელი“, რომელშიც იდეურად გაერთიანებული იქნებოდა უნივერსიტეტის მთავარი მისია და აფხაზეთი.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: გია გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია, ოთარ ჟორდანია, ნუგზარ რუხაძე, გია ანჩაბაძე, გურამ ოდიშარია და სხვები. მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს ზურაბ ხონელიძეს და წარმატებები უსურვეს მთელ პერსონალთან ერთად.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი რექტორობის პერიოდში უმუშავია. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა ზურაბ ხონელიძეს და აღნიშნა, რომ ახალი რექტორი ღირსეული, წარმატებული, პატიოსანი და საამაყო ადამიანია და ბედნიერია, რომ უნივერსიტეტის სათავეში სწორედ ასეთი პიროვნება იქნება. თავად კი რჩება უნივერსიტეტის პროფესორად და მკვლევარად.

ახალი რექტორის პირველ სამუშაო დღეს მეუფე ანდრიამ დალოცა უნივერსიტეტი, მისი თანამშრომლები, სტუდენტები და ბატონი ზურაბ ხონელიძე, რომელიც უნივერსიტეტის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად აკურთხა.

Viewing all 14643 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>