Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14566 articles
Browse latest View live

„ეს გამორიცხავს შანსს, რომ I-IV კლასებში მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები მივიღოთ –რა პრობლემებზე ისაუბრეს სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში

$
0
0

„დღეს უკვე ივლისის ბოლოა, ამ წელს უნდა გამოცხადდეს კონკურსები სახელმძღვანელოებზე – მეთერთმეტე და დაწყებით კლასებზე. თუ არ იქნა განხილული გაუმჯობესებული და დამტკიცებული შესაბამისი ცვლილებები სტანდარტებში, თუ არ ჩატარდა ავტორთა და ექსპერტთა ტრენინგები და თუ დროულად არ გამოცხადდა ეს კონკურსები, არ დაითქვა შესაფერისი ვადები, ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ კიდევ 6-7 წელიწადი, დაწყებითი – I-IV კლასებისთვის გვექნება კვლავაც დაბალხარისხოვანი სახელმძღვანელოები, ამას ვერ ავიცილებთ თავიდან“, – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა განათლების კომიტეტის მიერ გამართულ ზეპირ მოსმენაზე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორმა, გია ნოზაძემ.

27 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკისა და ეფექტიანი სწავლების შესახებ შეხვედრა გამართა, სადაც თემატური მოკვლევის („სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“) ჯგუფის სპიკერებმა სფეროს წარმომადგენლებისგან არაერთი მძიმე ინფორმაცია გაიგეს. შეხვედრაში განათლების სფეროში მომუშავე იმ პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემატური მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს.

EDU.ARIS.GE მოგიყვებათ შეხვედრის მონაწილეთა მიერ წამოჭრილ პრობლემებზე, რომლებიც მოსმენის დროს განიხილეს:

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ვადები და პროცედურა:

ზემოთქმულთან ერთად, გია ნოზაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ის დრო, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისთვისაა გამოყოფილი არასაკმარისია და აუცილებელია სხვა, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება როგორც ვადების, ისე მეთოდიკების მიმართულებით.

„მეორე მომენტი არის ის, რომ კვლავაც იგეგმება ცვლილებები სტანდარტებში მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითის სტანდარტები დამტკიცებულია 2018-2024 წლებისთვის და ეს ცვლილებები უნდა მომზადდეს სანამ კონკურსი გამოცხადდება. კონკურსი კი ძველებურად ცხადდება სახელმძღვანელოთა ბლოკზე, ანუ პირველ-მეოთხე კლასის ყველა საგანში – ოთხ წიგნზე, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს, იმის შანსს, რომ პრინციპულად განახლებული და მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები მივიღოთ მომდევნო სექტემბრისთვის, რადგან, აი ამ ერთწლიან ციკლში უნდა მოესწროს ყველაფერი ის, რაც ზევით ვთქვი – გამოცხადება, ტრენინგები, მომზადება, შემდეგ წარდგენა, განხილვა, ექსპერტიზა, დასრულება ამ პროცესისა მთლიანად და კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება, მასწავლებლებისთვის დაგზავნა, არჩევანის გაკეთება, ბეჭდვა და სკოლაში შეტანა-დისტრიბუცია. ესაა ოთხი წიგნი“, – განაცხადა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორმა.

ის ასევე შეეხო საგნის სტანდარტების ცვლილებების საკითხს და თქვა, რომ ცვლილებებში არაერთი სადაო და საკამათო შინაარსობრივი და სტრუქტურული მხარეა, რის შესახებაც მოსაზრებები უკვე მიაწოდეს განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

„ჩემი საგანი არის მათემატიკა. მე პირადად გავეცანი მათემატიკის დაწყებითის სტანდარტის ცვლილებებს, ჩემი კოლეგები გაეცნენ მშობლიურ ენაში და ფრიად სადაო და საკამათოა ეს ყველაფერი, როგორც სტრუქტურულად, ისევე შინაარსობრივად. ნაკლებად გასაგები მასწავლებლებისთვის და ავტორებისთვის და ჩვენ მზად ვართ, იმედია, გვექნება რაღაც შეხვედრები და განხილვები. მაგრამ დროის მომენტი მინდა აღვნიშნო, ვერაფრით ვერ ვახერხებთ, რომ დავიცვათ რაღაც ისეთი გრაფიკი, რომელიც საშუალებას მისცემს ავტორებს მოამზადონ მაღალხარისხიანი თანამედროვე სახელმძღვანელოები წინმსწრებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში რომ მკვდარი წიგნები არ მივიღოთ. და გრაფიკი, რომელიც საშუალებას მისცემს ასევე ექსპერტებსაც, რომ 4 წიგნი განიხილონ. ეს არის ბავშვის და მასწავლებლის წიგნი“, – აღნიშნა გია ნოზაძემ.

სპეციალისტის თქმით, თუ შევხედავთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, იქ სახელმძღვანელოებზე მუშაობის ვადები 2-3 წელია: „ჩვენ, ალბათ, ამას ვერ დავიცავთ, მაგრამ წელიწადნახევარი-წელიწადი სულ მინიმუმ უნდა იყოს ამ ადამიანებისთვის სამუშაოდ“.

როგორც გია ნოზაძემ განაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებითი საფეხურზე სწავლების მიმართულებით განვითარება ხდება მეთოდიკებში და „თუ ჩვენ გვინდა, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენი ექვსკლასდამთავრებულები რაღაც კონკურენტუნარიენები იყვნენ და მიყვებოდნენ მსოფლიოში განვითარებას, მაშინ, ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებებია შესატანი“,

მასწავლებლის ჩართულობა საგანმანათლებრო რესურსების შექმნის პროცესში და შრომითი ანაზღაურების სიმცირე:

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შეუსაბამოა იმ შრომასთან, რომელსაც ისინი ასრულებენ. „პედაგოგთა ხელფასები გაიზარდა, თუმცა არა იმის პროპორციულად როგორი სამუშაო დატვირთვაც მათ ჰქონდათ“.

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საპელაციო კომისიის შერჩევის წესი, საქმიანობა და მიღებული საჩივრების საჯაროობა:

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი კრიტიკულად შეეხო სააპელაციო კომისიის საქმიანობას და რიგ ხარვეზებზე მიუთითა: „სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებები არ საბუთდება მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ამის ვალდებულება, როგორც მინისტრს ბრძანებით, ასევე ზოგადად. მთელი ის ტიტანური შრომა, რომელსაც რეცენზენტთა საგნის ჯგუფები ეწევიან საკმაოდ მცირე ვადებში, მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.

რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო

ლაბორატორიების კეთილმოწყობა სკოლებში:

პრობლემის შესახებ საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის წარმომადგენელმა ისაუბრა: „იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვირტუალური ლაბორატორია არის პროექტები და მასწავლებლებიც არიან მომზადებულნი, ეს მაინც არასაკმარისია. აქცენტი უნდა გაკეთდეს ლაბორატორიულ აღჭურვილობაზე, ექსპერიმენტებზე, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსების შექმნაზე“.

სახელმძღვანელოს ავტორთა ხელშეწყობის არარსებობა:

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცის წარმომადგენელმა მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც სახელმძღვანელოს ავტორებსა და გამომცემლებს აქვთ: „გამომცემლობებს უნდა მიეცეთ მოტივაცია კონკურენციისთვის. სახელმძღვანელოს შექმნა ესაა პროფესია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამაში მატერიალური სარგებელი იმდენად არ დევს, რომ ბევრი ავტორი უბრალოდ ამბობს – „ამად მე ეს არ მიღირს“.

მოწვეული წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, რა ხედვა აქვს კომიტეტს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, როგორია განათლების ხარისხის გაუმჯობესების გეგმა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომიტეტის მიერ სექტემბერის თვეში შემუშავდება საბოლოო ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც არსებულ გამოწვევებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე იხილეთ:

განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „ეს გამორიცხავს შანსს, რომ I-IV კლასებში მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები მივიღოთ – რა პრობლემებზე ისაუბრეს სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს, 11 თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის საკითხზე სახალხო დამცველმა მიმართა

$
0
0

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ყოფილი თანამშრომლების შესაძლო უკანონო გათავისუფლებისა და მათი შრომითი უფლების დარღვევის საკითხი. ომბუდსმენის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ განმცხადებლებთან შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეწყდა.

სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ 2022 წლის 8 თებერვალს ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა 11 თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების ბრძანებები გამოსცა. ბრძანებებს საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და შრომის დისციპლინის დარღვევა. კერძოდ, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა. 2022 წლის 14 თებერვალს დირექტორმა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები გამოსცა, რომლის თანახმად, განმცხადებლები დაკავებული პოზიციებიდან 2022 წლის 1 თებერვლიდან (წინა თარიღით) გათავისუფლდნენ. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველს ამ შემთხვევაშიც არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა.

ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის იანვარი/თებერვლის პერიოდში ცენტრის ყოფილი დირექტორის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, სამსახურში ცხადდებოდნენ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დახურულ სივრცეში რამდენიმე პირის თავშეყრა. ამასთან, საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება ერთ-ერთი თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევა, რომლის სავარაუდო კონტაქტებს წარმოადგენდნენ განმცხადებლები. ახალ დირექტორს კი სამსახურში გამოცხადების წესის ცვლილების შესახებ მათთვის არ უცნობებია. აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება არც ცენტრის ხელმძღვანელობას არ წარმოუდგენია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებამდე მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცათ.

“აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ დამსაქმებლის ქმედებები იყო წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული, რაც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნურად შექმნაში გამოიხატა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანებების ჩაბარების შემდგომ, პირველივე სამუშაო დღეს სამსახურში გამოცხადებისას დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლების გამო, განმცხადებლებს ფიზიკურად არ მისცემიათ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოსწორების, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების პირნათლად შესრულების დრო და საშუალება და იმავე დღეს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა უსინათლო ან მცირემხედველია. ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების დასაქმების არეალი უკიდურესად მწირია. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მნიშვნელოვან მიზანს უსინათლო მოქალაქეთა შრომით, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას წარმოადგენს, რაც უსინათლოთა დასაქმების ხელშეწყობაში უნდა გამოიხატებოდეს.

ზემოაღნიშნული გარემოებებისა და განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ბრძანებების ფორსირებულ რეჟიმში გამოცემის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის მიერ გათავისუფლებულთა მიმართ განხორციელებული ქმედებები არ არის ლეგიტიმური. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა უფლებამოსილ პირებს – უზრუნველყონ გათავისუფლებული პირების აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება”, – აღნიშნულია სახალხო დამცხელის განცხადებაში, რომელსაც ერთვის ცენტრისთვის გადაგზავნილი რეკომენდაციებიც.

The post უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს, 11 თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის საკითხზე სახალხო დამცველმა მიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ცოტა დავალება მართლა საჭიროა, რომ მოსწავლე მთლად არ ასცდეს სასკოლო რეჟიმს“ –არდადეგებზე გასათვალისწინებელი

$
0
0

„ცოტა დავალება მართლა საჭიროა, რომ მოსწავლე მთლად არ აცდეს სასკოლო რეჟიმს“, – ამბობს დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ნატო ჯანაშია ზუგდიდიდან, რომელმაც არდადეგებზე გასათვალისწინებელი რჩევები მოსწავლეთა მშობლებს „ტელეკომპანია იმედის“ ეთერში მისცა.

მისი თქმით, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არც ბავშვთა უფლებები დაირღვეს და არც არდადეგების სიწყნარე და სიმშვიდე დავურღვიოთ პატარებს.

„პატარა დოზით, რაც მართლა მას სჭირდება სწავლის გასაუმჯობესებლად, ის მივცეთ. მშობლებმა, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციონ კითხვას. უაზროდ კი არ უნდა ვიკითხოთ, რაც წავიკითხეთ, ის უნდა ვიცოდეთ, რომ გავიაზროთ. ამასთანავე, ეს არის შესწავლილის განმტკიცებაც, მაგრმ ამასთანავე, არა სავალდებულო. მივეცით დავალება და არ უნდა შესრულება? გინდა თუ არა შეასრულოს – ასე არ შეიძლება!“, – ამბობს პედაგოგი ნატო ჯანაშია.

ასევე იხილეთ:

„მოსწავლე თუ სამი თვე სულ ისვენებს, რისკი ჩნდება, რომ მერე აღარ ისწავლის“ – როგორ დავგეგმოთ არდადეგები სწორად

The post „ცოტა დავალება მართლა საჭიროა, რომ მოსწავლე მთლად არ ასცდეს სასკოლო რეჟიმს“ – არდადეგებზე გასათვალისწინებელი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ლეკვი, ფული, მანქანა დასვენება, მხარდაჭერა –რას დაპირდნენ მშობლები აბიტურიენტებს უმაღლესში ჩაბარებისთვის

$
0
0

და თქვენ რას დაგპირდნენ მშობლები თუ უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარებდით? – სწორედ ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად ჩავატარეთ აბიტურიენტების მშობლების გამოკითხვა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას საგამოცდო ცენტრებთან.

შვილების წარმატება მშობლებისთვისაც არანაკლებ სასიხარულო ამბავია. ამიტომ, ბევრი მშობელი ცდილობს, რომ ახალგაზრდებისთვის რაიმეს მიღწევის სურვილი საჩუქრებით ან დაპირებებით წაახალისოს.

ავტომობილი, ფულადი ჯილდო, შინაური ცხოველი, დასვენება – EDU.ARIS.GE-მ აბიტურიენტების გულშემატკივრებისგან მრავალფეროვანი დაპირების შესახებ მოისმინა:

ცეზარ რაზმაძე, მამა: თვითონ კი არ უთხოვია, მაგრამ მაინც დავპირდი ჩემს შვილს, რომ თუ კარგად ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, დასასვენებლად წავიყვან ბათუმში. ამდენი მეცადინეობის მერე, თუ ამან მართლა შედეგი გამოიღო, ნამდვილად დაიმსახურა ეს პატარა საჩუქარი.

ამით უფრო მეტი ხალისი და სტიმული მიეცა ბავშვს, რომ უკეთესად გაუკეთოს მობილიზება საკუთარ გონებასა და ჭკუას, რომ უფრო წარმატებული იყოს ყველა გამოცდაზე. როცა რაღაცა სხივს ხედავს ბავშვი, რომ გარკვეული წარმატების მერე, მშობლებისგან, ოჯახისგან დამატებით საჩუქარს მიიღებს, უფრო მეტი სტიმულია ჩემი აზრით.

ნანა ხეცურიანი, დედა: მე ცოტა უცნაური პირობა მივეცი ჩემს შვილს, მაგრამ თვითონ უნდოდა და რა ვქნა. მე ესეთ რამეს დავპირდი, თუ კარგად ჩააბარებს, ანუ მხოლოდ ჩააბარებს კი არა, მაღალ ქულებს მიიღებს და 70%-იან სასწავლო გრანტს მაინც აიღებს, მივხვდები, რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს და ავდგები და მარტო დავტოვებ სახლში. ანუ, მარტო ცხოვრების შესაძლებლობას მივცემთ, მე და მამამისი კი მეორე სახლში გადავალთ საცხოვრებლად.

თვითონ დამიყენა ეს პირობა და მეც შევუსრულებ, რატომაც არა? თუ ეს მისცემს მოტივაციას და სურვილს, რომ უკეთესად ისწავლოს, კი ბატონო. თან კარგ ქულასაც მიიღებს, თან მარტო ცხოვრების გემოსაც გაიგებს და გარკვეულწილად ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც დააგროვებს.
მე მგონია, რომ დაპირება ზუსტად ასეთი უნდა იყოს, რომელიც ისედაც სასარგებლო იქნება მისთვის. თან ზუსტად ვიცი, ერთთვიანი მარტო ცხოვრების შემდეგ, თვითონ გვთხოვს უკან დაბრუნებას, მას ახლა ჰგონია მარტო ცხოვრება ჯილდო, მაგრამ ყოველდღე სახლის დალაგების, საჭმლის გაკეთებისა და ტანსაცმლის გარეცხვის წინაღობებს რომ შეეჯახება, მერე ასე აღარ ეგონება.

თამარი, დედა: ჩვენ თვითონ გვთხოვა რასაც დავპირდით, ლეკვი უნდოდა ძალიან. ერთ დღეს მოვიდა და გამოგვიცხადა, რომ ლეკვს თუ ვუყიდიდით, ლეკვთან მოფერება დააწყნარებდა, დაამშვიდებდა და უკეთესად იმეცადინებდა.

ჰოდა, ვუყიდეთ ლეკვი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ უკეთესად იმეცადინებდა და ამ დრომდე პირნათლად ასრულებს თავის პირობას. ასე რომ, ჩვენი შეთანხმება ორმხრივი იყო და მშობლების მხრიდან უკვე შესრულდა დანაპირები, მისი მხრიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია პირობა, კარგად კი მეცადინეობდა, მაგრამ ახლა ქულებს უნდა დაველოდოთ და მერე გადაწყდება საბოლოოდ, დავუტოვებთ ლეკვს თუ ჩვენს ნათესავებს გავუგზავნით სოფელში.

მშობელი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან: ერთი აბარებს აქ დღეს, იმას არაფერს არ დავპირებივარ, თვითონ აბარებს, თავისი მოტივაციით და სურვილით. მაგრამ, აი, მეორე შვილს კი შევპირდი ტელეფონის ყიდვას. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამოცდა ჩააბაროს კარგად, ისედაც სჭირდება და ამიტომ.

მე, ზოგადად მგონია, რომ წახალისებისთვის ასეთი აქტები არ არის მაინცდამაინც საჭირო, თავად ბავშვს უნდა უნდოდეს სწავლა და ეს უნდა იყოს მისი მთავარი მოტივაციაც. საჩუქარი, თავად მშობელს თუ უნდა რომ აჩუქოს, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს მთავარი ბიძგი სწავლისთვის.

ქეთი ძინძიბაძე, მშობელი: მე ჩემს შვილს იმას დავპირდი, რომ სანერვიულო არ ექნებოდა თუ წელს ვერ ჩააბარებს და არ გავუბრაზდებოდი. არ მიღირს ეს გამოცდები მაგის ნერვების ფასად.
ჩემმა შვილმა იცის, რომ თავისი თავისთვის სწავლობს, თავისი მომავლისთვის და არა ჩემთვის, ამიტომ მგონია, რომ ეს მატერიალური ტიპის დაპირებები უადგილო იყო ჩემს შემთხვევაში, მე არ მივიჩნიე უბრალოდ სწორად.

ზაქრო ოსეფაშვილი, ბაბუა: კი, დავპირდი რაღაცას, აბა რა ვქენი. შეიძლება, რომ თუ გამოცდებს კარგად ჩააბარებს და მერე უნივერსიტეტშიც კარგად მოიქცევა, მანქანა ვუყიდო. თვითონაც ვუთხარი ამაზე და ძალიან გაუხარდა. მაგრამ, ჯერ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია, ისწავლოს, ჩააბაროს და მერე მიიღებს დანაპირებს.

191-ე საჯარო სკოლასთან მომლოდინე მშობელი: არ ვიცი ეს რამდენად ჩაითვლება პირობად, რადგან ჯერ მისთვის არ მითქვამს, რასაც ვაპირებ. ბოლო პერიოდია სულ ნატრობს, რომ სადმე, კარგ ქვეყანაში დაისვენოს. აქამდე არ არის საზღვარგარეთ ნამყოფი და წელს გადავწყვიტე, რომ თუ კარგად ჩააბარებს, იმ შემთხვევაში გავუშვებ.

რომ არ ელოდები და მოულოდნელად გიკეთებენ სიურპრიზს კარგად გაკეთებული საქმისთვის, ბევრად უფრო გასახარი ამბავია, ვიდრე რაღაცა, რაც წინასწარ იცი რომ გექნება. თან, მომავალ საქმეებშიც უფრო დიდი მოტივაცია ექნება. რა იცის, კიდევ როდის ჩავიფიქრებ ასეთ საჩუქარს?! ამიტომ, ყველა გამოცდა კარგად უნდა დაწეროს.

ბეჟან ბერუაშვილი, მამა: ეგეთი დაპირებები ხშირია ჩვენთან. მე, მაგალითად ფულად ჯილდოს დავპირდი ჩემს შვილს. ისეთი დიდი არაფერი, მაგრამ ვუთხარი, რომ კონკრეტულ თანხას ვაჩუქებდი თუ კარგად ჩააბარებდა.

მგონია, რომ ასეთი საჩუქრები საჭიროა ბავშვების წახალისებისთვის, რატომაც არა. ყველაფერს წახალისება სჭირდება. ვთქვათ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამსახური რომ დაიწყოს, იქ თუ რაღაცა შემოსავალი არ ექნა, თუ ვერ მიიღო ნორმალური პირობები, ხომ არ ექნება აზრი ეგეთი საქმის კეთებას. მერე მოტივაციასაც დაკარგავს და აღარც პროფესიას მიყვება და აღარც არაფერს. ამიტომ ჩავთვალე, რომ ჩემი ფულადი ჯილდოც იგივეა, ეს არის გასამრჯელო იმისთვის, რომ რაღაც საქმეს კარგად აკეთებს.

ჩვენი გამოკითხვის ყველაზე საყვარელი რესპონდენტები ერთ-ერთი აბიტურიენტის ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. მივხვდით, რომ მათ ახალგაზრდა მშობლებზე მეტად ფასეული დაპირება მისცეს შვილიშვილს.

„ჩვენი დაპირება არ იყო ფინანსური სახის, ან მანქანის ან სახლის ჩუქება. ჩვენ, გამოცდის წინა დღეებში დავისვით შვილიშვილი და დავპირდით, რომ გვერდში დავუდგებოდით ყველა სიტუაციაში. ჩაბარებითაც, არ აქვს მნიშვნელობა სად ჩააბარებს და რამდენი ეღირებოდა იქ სწავლა, ჩვენ ვუთხარით, რომ ყველა სიტუაციაში დავეხმარებოდით და ნებისმიერი რაოდენობის გადასახადს გადავუხდიდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ მართლა უნდა სწავლა, თუ არა და, არც ჩვენ შევიწუხებთ თავს, ეგ არის ჩვენი მთავარი პირობა ბავშვისთვის“, – გვითხრა აბიტურიენტის ბაბუამ, ზაზა გოგოლაურმა.

EDU.ARIS.GE კი უკლებლივ ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებს, მათ შორის მშობელთა დანაპირების შესრულებაშიც.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post ლეკვი, ფული, მანქანა დასვენება, მხარდაჭერა – რას დაპირდნენ მშობლები აბიტურიენტებს უმაღლესში ჩაბარებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სტუდენტურ ბანაკში ცხრა სტუდენტი მოიწამლა

$
0
0

28 ივლისს, ხონში მოწყობილ სტუდენტურ ბანაკში ცხრა სტუდენტი მოიწამლა. წინასწარი ვარაუდით, ინტოქსიკაცია წყაროს წყალმა გამოიწვია.

მოწამლული სტუდენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თავდაპირველად, ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მოწამლულებს დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ. მათი მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდები სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ სავადმყოფოს.

არსებული ინფორმაციით, სტუდენტური ბანაკი თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მოეწყო.

წყარო: „რუსთავი-2“

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post სტუდენტურ ბანაკში ცხრა სტუდენტი მოიწამლა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სკოლის დირექტორობის მსურველი: დღევანდელი ვითარებით, შეუძლებელია, არ იყო მართული ხელმძღვანელი

$
0
0

22 ივლისს, კიდევ ერთხელ ატყდა აჟიოტაჟი თითქმის სამი წლის წინ დაანონსებული და მრავალჯერ გადადებული სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გარშემო, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ თქვა, რომ სკოლის დირექტორების არჩევნები – მომავალ წელს, ხოლო მიმდინარე წელს სერტიფიცირება იგეგმება.

რეგისტრაციის საფასური 2020 წლის თებერვალში ვინც გადავიხადეთ, რა ხდება ჩვენთან დაკავშირებით?, საარჩევნოდ ამზადებენ დირექტორებს, გაგვეცით პასუხი, რატომ არავინ არ გვპასუხობს ჩვენს კითხვას, რა მოტივით არ გაგვიგრძელეს საქართველოს სკოლების დირექტორთა გარკვეულ ნაწილს ხელშეკრულებები, რა ბრალი მიგვიძღვის ერის და ბერის წინაშე, ეს რა სამართალია? საუკეთესო დირექტორი, ალბათ, პარტიული დავალების კარგი შემსრულებელი იქნება…  – წერდნენ სოციალურ ქსელში დირექტორობის მსურველები და საზოგადოების წარმომადგენლები.

სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო. იმავე პერიოდში გამოქვეყნდა დამხმარე ლიტერატურა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, გამოცხადდა რეგისტრაცია და დადგინდა საფასურიც, რომელიც გამოცდაში მონაწილეობის მსურველებს უნდა გადაეხადათ… EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, მაშინ, ამ გამოცდაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა 2 244-მა პირმა დააფიქსირა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ორ წელზე მეტი ხნის წინ დაანონსებული გამოცდა დღემდე არ ჩატარებულა. განათლების სამინისტროში კი ერთი წლის წინაც აცხადებდნენ, რომ სერტიფიცირების მსურველები ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ, რაც თითქოს იმას ნიშნავდა, რომ გამოცდა გაუქმებული არ იყო… განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გასულ წელს, პარლამენტის დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას ბუნდოვნად უპასუხა და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გამოცდა გაისად ჩატარდებოდა და შემუშავებულია სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტი. რა შეიმუშავეს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორი უნდა იყოს „სკოლის ლიდერი“, საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობია…

EDU.ARIS.GE 26 ივლისს ესაუბრა იმ პირებს, ვინც დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზე ორ წელზე მეტი ხნის წინ დარეგისტრირდა და მონაწილეობისთვის დაწესებული საფასურიც გადაიხადა. ინტერვიუზე სამი დირექტორობის მსურველი დაგვთანხმდა, ორი მოქმედი პედაგოგი იყო, ერთს კი, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პედაგოგიური რეზიუმე აქვს, დასაქმება დღემდე უჭირს. ამ ამბავში ყველაზე მრავლისმთქმელი კი ის არის, რომ მოქმედი პედაგოგები, რომლებიც ჯერ დაგვთანხმდნენ საკითხზე ესაუბრათ და საკუთარი შეხედულებებიც დააფიქსირეს, საუბრის ბოლოს სხვა აზრზე იყვნენ. ერთი მათგანი წინააღმდეგი წავიდა, რომ მისი პოზიციები გვარსახელის მითითებით გამოგვექვეყნებინა, მოგვიანებით კი, რაც ჩვენი ვარაუდით, კონსულტაციები გაიარა, დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ მისი ინტერვიუ საერთოდ არ გამოგვექვეყნებინა. დირექტორობის მეორე მსურველი დააბნია ჩვენმა კითხვებმა და ადამიანისგან, რომელსაც სკოლის მართვის ამბიცია აქვს, პასუხად თითქმის ყველა კითხვაზე „არ ვიცი“ მივიღეთ.

ჩვენი მესამე რესპონდენტი, სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა ცოტნიაშვილი, რომელსაც მოქმედი მასწავლებლობის მარწუხები არ ბოჭავს, ჩვენთან ღიად საუბრობს. გვიყვება, რომ მესამე წელია, დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზეა დარეგისტრირებული. ის სამაჩაბლოდან დევნილი და ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, ერედვში, ბერულას საჯარო სკოლაში მუშაობდა. ხშირად დადის გასაუბრებებზე, სადაც ვაკანსიები ცხადდება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ ნაცნობობის გარეშე სადმე დასაქმდება.

– ქალბატონო ნანა, პირველ რიგში, მოკლედ რომ გაიხსენოთ ქრონოლოგია, რა და როგორ გაიარეთ რეგისტრაციიდან დაწყებული ჯერ გამოცდის გადადებით შემდეგ სულ გაუქმებით გაგრძელებული, რა მოლოდინები გქონდათ და რა მიიღეთ, რომ შეაფასოთ დღეს დამდგარი რეალობა, ეს მოცემულობა, რომელშიც აღმოჩნდით, რას ფიქრობთ?

– როგორც მახსოვს, 2020 წლის 18 თებერვალი იყო მითითებული ამ გამოცდაზე დასარეგისტრირებლად ბოლო დღედ და მაშინ დავრეგისტრირდი. სერტიფიცირება ორ თვეში იგეგმებოდა. მერე კი გადაიდო. სულ ველოდებოდი – ან ახლა იქნება, ან ახლა… ტესტების წიგნიც შევიძინე მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრიდან. დღემდე არ ჩატარებულა. ვებგვერდსაც ხშირად ვამოწმებდი, რომელზეც დარეგისტრირებული ვიყავი. გარკვეული მასალაც იყო იქ მოცემული, მაგრამ მერე ვეღარ შევდიოდი, როგორც ჩანს, სულ გააუქმეს. შარშანაც იყო დაანონსებული სერტიფიცირება, მერე კიდევ გადაიდო, მგონი, პანდემიის გამო და დღემდე ასეთ გაურკვევლობაში ვართ. ასე უყურადღებოდ არ უნდა დავრჩენილიყავით ისინი, ვინც დავრეგისტრირდით და გარკვეული თანხაც გვაქვს გადახდილი.

– აქვე გკითხავთ, რამდენი იყო რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა და ვინმე დაგიკავშირდათ თუ არა ან თქვენ თუ მოინდომეთ თუნდაც დაბრუნება ამ თანხისა და რა გიპასუხეს?

– რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ისევ იგეგმება სერტიფიცირება. რეგისტრაციის საფასური, 35 ლარი გვაქვს გადახდილი და მაინტერესებს, ჩვეულებრივ შეგვეძლება მონაწილეობა მივიღოთ ამ გამოცდაში? არც არავინ დამკავშირებია და არც მე მოვიკითხე, რადგან სულ მეგონა, დღეს ჩატარდება ან ხვალ-თქო.

– სამინისტროში ამბობენ, რომ დირექტორების შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით უნდა ჩატარდეს და სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტიც შემუშავდა. გჯერათ ამ დაპირების? როგორ ფიქრობთ, რა უშლიდათ ხელს, რა ტიპის სერტიფიცირება უნდა ჩაატარონ? რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, გაწვდიან რაიმე სახის ინფორმაციას, როგორც ამ გამოცდებზე დარეგისტრირებულს?

– არავინ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. რასაც ინტერნეტში წავაწყდები, სულ ეს არის. ის ინფორმაციაც გავრცელდა ერთხელ, რომ ტესტირება აღარ იქნება და კონკურსის წესით შეირჩევიან დირექტორები. არაფრის მჯერა, მაგრამ მაინც მინდოდა, გამევლო სერტიფიცირება და მივყვები რა და როგორ მოხდება. ალბათ, არ იყვნენ საბოლოოდ ჩამოყალიბებულნი, რა, როგორ უნდა გაეკეთებინათ. ფაქტია, რომ ამ რეალობაში ვართ დღეს.

– რა არის მიზეზი, ამ მოცემულობისა, რომელშიც ახლა ვართ, დირექტორების მართვის სურვილი სახელმწიფოსგან? ვგულისხმობთ მათ შორის იმ ინფორმაციებს გასაჯაროებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ყოფილი ძალოვანის მიერ – სკოლის ხელმძღვანელთა დახასიათებები წინასაარჩევნო პერიოდისთვის და სხვა…

– შეიძლება ეგეც არის მიზეზი, რადგან ჩემ ირგვლივ ვინც არის დანიშნული საჯარო სკოლებში, არც გამოცდები აქვთ ჩაბარებული, არც სერტიფიცირებულები არიან. ნაკლებად ვიცი, რა ინფორმაციები გასაჯაროვდა, თუმცა ვნახე ერთ-ერთი სკოლის დირექტორზე… ყველა დირექტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში და ამას სახელმწიფო არ უნდა აკონტროლებდეს. ფაქტია, რომ ასეთი სამწუხარო ამბები ხდება.

– მოცემულ რეალობაში, რამდენად გაქვთ იმედი, რომ გადადებულ-გაუქმებული სერტიფიცირების ჩატარების შემთხვევაში, ამ გამოცდით მიღებული შედეგებით იხელმძღვანელებენ და თქვენ აგირჩევენ?

– 2008 წლის ომამდე, საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, ერედვში. ომის შემდეგ გორში ვცხოვრობ და პერიოდულად მასაქმებდნენ, თუ, მაგალითად, ვინმე დეკრეტულ შვებულებაში გავიდოდა და ა. შ. სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ, მაგრამ დიდად არ მჯერა, რომ ვინმეს გასაუბრების საფუძველზე ასაქმებენ. რასაც ვუყურებ, ისეთი სიტუაციაა, არა მგონია, კადრები კონკურსის წესით დანიშნონ. წითელ დიპლომზე მაქვს უმაღლესი დამთავრებული, მაგისტრის ხარისხი მაქვს, პედაგოგების 60 კრედიტიანი პროგრამაც გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ მევალებოდა. ახლა დოქტურანტურაში ვსწავლობ სოციალურ მეცნიერებებზე, კვლევას ვაკეთებ განათლების სფეროში, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა დასაქმების მხრივ ქვეყანაში. მგონია, რომ კადრები საერთოდ არ ინიშნება კვალიფიკაციის მიხედვით.

მიუხედავად უამრავი მცდელობისა, კიდევ მინდა, ვცადო. გორის საჯარო სკოლებში დადებული ვაკანსიების დროს სრულ სპექტაკლებს ვაწყდებოდი. მაინც მჯეროდა, რომ სამართალს ვიპოვიდი და დააფასებდნენ ასეთ კადრს. ახლა დიდი მოლოდინი აღარ მაქვს, მაგრამ მთლად უქმად ყოფნაც არ მინდა. მაინც ვცდიდი და თუ იქნებოდა, ტესტირებაშიც და გასაუბრებაშიც მივიღებდი მონაწილეობას.

– რატომ გინდათ დირექტორობა და როგორი სკოლის მოდელი მიგაჩნიათ საუკეთესოდ ჩვენი რეალობისთვის?

– სამართლიანი ადამიანი ვარ და შევეცდებოდი, სკოლაში ყველაფერი სამართლიანობისკენ წამეყვანა. თუ ამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ სკოლისთვის, რომ საუკეთესო იყოს. დირექტორმა უნდა იზრუნოს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მოსწავლეებზე… ისეთი არ უნდა იყოს სკოლა, როგორიც დღეს არის. ბევრ რამეს შევცვლიდი. დირექტორი საქმის კურსში უნდა იყოს, რამდენად ხარისხიანი გაკვეთილები ტარდება, ყველა პედაგოგი თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს და გამორჩეულად არ უნდა აღიქვამდე ნათესავს თუ ახლობელს… ვფიქრობ, დირექტორი ყველა კლასში უნდა ესწრებოდეს გაკვეთილებს პერიოდულად, თუმცა ეს ისეთ კონტროლში არ უნდა გადავიდეს, რომ პედაგოგი დაითრგუნოს. სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად შევიმუშავებდი გარკვეულ საშუალებებს.

– როგორ ფიქრობთ არ იქნებით ე.წ მართული დირექტორი? როგორ უნდა იმუშაოს სკოლის ხელმძღვანელმა იმისთვის რომ ეს აირიდოს, თუ შეუძლებელია?

– უკანონო რამ რომ დამავალონ, ანუ ისეთი რამ, რაც არ უნდა გააკეთოს დირექტორმა, არაფრით დავეთანხმები. სამართლიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააჩნია კონტროლს – რა მხრივ გაკონტროლებენ, თუმცა, დღეს როგორი ვითარებაც არის, ალბათ მართლა შეუძლებელია, აირიდო ეს ყველაფერი.

ნანა ცოტნიაშვილის ამ სიტყვებს ამყარებს იმ ორი მოქმედი პედაგოგისა და სკოლის დირექტორობის მსურველების ქმედებებიც, რომლებზეც უკვე მოგახსენეთ. მათაც იგივე კითხვები დავუსვით. ორივე ამბობს, რომ არაფერი სმენია ყოფილი ძალოვანის მიერ ინფორმაციებს გასაჯაროების შესახებ, რომელიც სკოლის ხელმძღვანელთა დახასიათებებს ეხება წინასაარჩევნოდ და რომელზეც დღეს ყველა საუბრობს. ერთმა მათგანმა ისიც გვითხრა, რომ ახლა უკვე აღარ ხიბლავს დირექტორის პოზიცია და რადგან დარეგისტრირებულია, გამოცდაზე მხოლოდ ამის გამო გავა… მეორეს კი იმედი აქვს, რომ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდას ჩააბარებს, დირექტორიც გახდება და „ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მართოს ვინმემ“. წარმოუდგენელი და მიუღებელი კი ალბათ ის უფრო ჩანს, რომ პედაგოგი, რომელსაც საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება უჭირს, დამოუკიდებელი დირექტორი იქნება…

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირებას არ ექვემდებარებიან უკვე მოქმედი სკოლის დირექტორები, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავდა. დირექტორობის სურვილი კი 2 244 აქვს გაცხადებული და ალბათ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

დღეს მოქმედი წესით, სკოლის დირექტორის სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას, რომელიც ელექტრონულად ტარდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი კი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. შეიცვლება თუ არა ეს მიდგომა იმ ახალი და უცნობი სტანდარტით, რომლის მიხედვითაც სამინისტრო გამოცდის ჩატარებას გვპირდება, დრო გვაჩვენებს.

ასევე იხილეთ:

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და სერტიფიცირება წელს არის“

„სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“ – სამინისტრომ ვადაც დაასახელა

The post სკოლის დირექტორობის მსურველი: დღევანდელი ვითარებით, შეუძლებელია, არ იყო მართული ხელმძღვანელი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები კიდევ 7 საგანში გამოქვეყნდა –გამოცდები 2022

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 29 ივლისს მასწავლებელის გამოცდების ზოგიერთი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა. ტესტები გაოქვეყნდა 7 საგანში: ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქართული, როგორც მეორე ენა, აზერბაიჯანული ენის ტესტი და სომხური ენის ტესტი.

იხილეთ ტესტები

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება მიღებული ქულების გასაჩივრებას, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც, ყველა ქულის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში და პროცედურის მიხედვით შეეძლებათ. აპელაციის საფასური კი 50 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები კიდევ 7 საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რატომ უნდა იფრთხილოთ პროფესიის არჩევისას? –აბიტურიენტებისთვის სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები საუბრობენ

$
0
0

2022 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ახლა ისინი შედეგების მოლოდინში არიან და კიდევ აქვთ დრო, რომ თავიანთი პირველადი არჩევანი პროფესიასთან დაკავშირებით შეცვალონ. აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. იმ პროფესიის არჩევა კი, რომელშიც საკუთარ თავს ვიპოვით, ძალიან საფრთხილო საქმეა.

თუკი გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, თუ რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები, რთულია, თვალში არ მოგხვდეს ისეთი პროფესიების სიმრავლე, როგორიც არის სამართალი, ტურიზმი, ბიზნეს ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სამედიცინო და ჟურნალისტიკა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ცოტაა ისეთი, ვინც ირჩევს მათემატიკას და კომპიუტერულ მეცნიერებას მაშინ, როდესაც დღევანდელი ეპოქა და მომავალი სწორედ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზეა აგებული.

გასული სამი წლის სტატისტიკით პროფესიების არჩევის შესახებ, რომელიც EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრისგან ივლისის თვეში მიიღო, გამოიკვეთა, რომ ყოველწლიურად აბიტურიენტების დიდი პროცენტული მაჩვენებელი, სწორედ ზემოხსენებულ პროფესიებს ირჩევს. დომინირებს სამართლის, ტურიზმის და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტები.
გამოდის, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი იურისტი, ექიმი, დიპლომატი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი გვყავს. აბიტურიენტების მიერ არჩეულ პროფესიებში მცირედით გამოერევა ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, – ესეც ალბათ იმიტომ, რომ უკვე მერვე წელია ეს ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლება. ასევე, ძალიან ცოტა ირჩევს ბიოლოგიას, ფიზიკას და ქიმიას.

თუ რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე და საერთოდაც, რამდენად სწორად ირჩევენ პროფესიებს აბიტურიენტები, რა შეიძლება ინანონ და რატომ უნდა იფრთხილონ, ამის შესახებ EDU.ARIS.GE აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს და მშობლებს გაესაუბრა.

გამოიკვეთა, რომ დღეს აბიტურიენტთა უმრავლესობამ რეალურად არ იცის, რა სურს, სად ხედავს თავის თავს და რომელ პროფესიას უნდა რომ დაეუფლოს. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მშობლის რჩევითა და თუ ვინმეს ზეგავლენის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ კი ინანოს, რომ ამ მიმართულებით წავიდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონკურენტულ ბაზარზე, სამსახურის პოვნა რთულია მაშინ, როდესაც ქვეყანაში დღეს უკვე ბევრი იურისტი, ექიმი თუ დიპლომატი გვყავს. საბოლოოდ, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ვიღებთ შედეგს, რომ ბევრი კურსდამთავრებულის დიპლომი დღეს თაროზეა შემოდებული.

გამოცდილი სტუდენტების რჩევა აბიტურიენტებისთვის ის არის, რომ პროფესიის არჩევისას მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან ამით ისინი თავიანთ მომავალს ირჩევენ. სტუდენტების ნაწილი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ თუ საჭიროა დაიცადონ, ვიდრე გაერკვევიან, რომელი პროფესიით სურთ წასვლა და შემდეგ ჩააბარონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომ შემდეგ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი არ გაუხდეთ.

სტუდენტი აჩი ზურაბიშვილი ერთ-ერთია, ვინც აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას, მეტ დაფიქრებას ურჩევს. აჩის თქმით, დღეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ჩაბარება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან, მისი შეფასებით, ეს მომავლის პროფესიაა.

„დღეს პროფესიას პოპულარობის მიხედვით ირჩევენ. ბევრი იურიდიულზე და ბიზნესზე სწავლობს, შემდგომში ამთავრებენ და თავისი პროფესიით არ მუშაობენ, რადგან თავიანთ თავს ვეღარ ხედავენ სფეროში, რაზეც არჩევანი გააკეთეს. რჩევა იქნებოდა, რომ იურიდიულს შეეშვან, რადგან ყველა კუთხეში სანოტარო ბიუროა გახსნილი და არჩევანი გააკეთონ ტექნოლოგიებზე, დეველოპერობაზე, დიზაინზე და „აიტი“ უსაფრთხოებაზე, რაც მომავლის პროფესიები მგონია და არც უნივერსიტეტში 4+2 წლიან სწავლას არ საჭიროებს, ან დაიცადონ, ვიდრე გაერკვევიან თავიანთ სურვილებში, შემდეგ კი აირჩიონ სასურველი ფაკულტეტი“, – ამბობს აჩი ზურაბიშვილი.

პირად გამოცდილებას გვიზიარებს სტუდენტი, სოფიკო არღვლიანიც. მისი თქმით, აბიტურიენტებმა პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ, დასაქმების კუთხით, რამდენად პერსპექტიულია ესა თუ ის პროფესია.

„პირადი გამოცდილებით გეტყვით, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნის მიხედვით ავირჩიე პროფესია. რამდენად სწორად ავირჩიე, დრო მიჩვენებს, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვარ. ვფიქრობ, აბიტურიენტმა პროფესიის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს მათი სურვილების, ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. დამატებით ისიც უნდა გაითვალისწინონ, დასაქმების მხრივ, რამდენად პერსპექტიული იქნება შესაბამისი პროფესია“, – გვითხრა სოფიკო არღვლიანმა, რომელიც თავად სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია.

სოფიკოს და, თამარ არღვლიანი, რომელიც ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია, პროფესიისადმი სიყვარულის შესახებ საუბრობს, რაც, მისი თქმით, პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია.

„აბიტურიენტები პროფესიას ირჩევენ შესაძლებლობის, შემოსავლიანობის მიხედვით. ერთი მხრივ სწორია, რადგან განათლების მიღება, როგორც წესი, მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიების მიზანს ემსახურება, მაგრამ თუ საქმისადმი ინტერესი და სიყვარული არ ახლავს ამ ძიებას, პროდუქტიულობის ხარისხი არც თუ ისეთი მაღალი იქნება. მათ ვურჩევდი მეტ გამბედაობას, რისკზე წასვლას საყვარელი საქმის კეთების გზაზე და მხოლოდ შემოსავლიანობის, საქმიანობის პოპულარობის კრიტერიუმების ჯაჭვებისგან თავის დახსნას. ასევე, შრომას, დიდ ძალისხმევას, მიზანდასახულობას, სირთულეების გამკლავების უნარს, ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს, იმ ფიქრებისგან დაცლას, თითქოს აბიტურიენტობისას შერჩეული პროფესია მთელი ცხოვრების განმსაზღვრელია. ვურჩევდი პროფესიის დაკარგვის რეალური მოლოდინის ქონას და მსგავსი მომენტებისთვის მზადყოფნას, ნაკლებ შიშს და მეტ შემართებას“, – ამბობს თამარ არღვლიანი.

მათ შორის, ვისაც EDU.ARIS.GE ესაუბა, იყო სტუდენტი, რომელიც ნანობს, რომ სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. იგი მომავალ სტუდენტებს ურჩევს, ესა თუ ის პროფესია არ აირჩიონ მხოლოდ იმის გამო, რომ „მოდაშია.“

„როდესაც პროფესიას ვირჩევდი, რეალურად არ ვიყავი ჩამოყალიბებული თუ რა მინდოდა. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა თუ სხვა მიმართულებით წავიდოდი. იმედია, დღეს აბიტურიენტები ირჩევენ იმ სფეროს, რაც მათ აინტერესებთ და ასევე პერსპექტიულია. ვურჩევდი, რომ მეტად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას და მხოლოდ იმიტომ, რომ ესა თუ ის პროფესია „მოდაშია“, არ აირჩიონ ის“, – გვითხრა სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა.

სწორედ ოჯახის შესაძლო ზეგავლენის შესახებ საუბრობს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი, მერი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სკოლაც შეიტანს თავის წვლილს და აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას კონსულტაციას გაუწევს.

„აბიტურიენტები პროფესიას ირჩევენ, პირველ რიგში, იმის მიხედვით, თუ რამდენად პერსპექტიულია და რამდენად არსებობს დასაქმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, პროფესიის არჩევისას, ხშირად ოჯახს დიდი გავლენა აქვს. კიდევ ერთი კრიტერიუმი, შესაძლოა იყოს ის, რომ გარკვეული პროფესიები უფასოდ ისწავლება. ჩემი აზრით, აბიტურიენტთა უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებისას ცდება, რადგან ბევრი ახალგაზრდა 18 წლის ასაკში არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრს სულ სხვა მოლოდინი აქვს და შემდეგ აღმოაჩენს, რომ იმ პროფესიას არ ეუფლება, რაც რეალურად უნდა. პროფესიის არჩევისას კარგად უნდა დაფიქრდნენ, ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯი არ გადადგან. კარგი იქნება თუ სკოლაც შეიტანს წვლილს ამ ყველაფერში და აბიტურიენტებს კონსულტაციას გაუწევს, გააცნობს ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ“, – გვითხრა მერი ლორთქიფანიძემ.

აბიტურიენტმა, რომელმაც წელს ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თქვა, რომ ამა თუ იმ პროფესიის მასობრივად არჩევის შედეგად, დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტს განვიცდით.

„ტენდენციაა, რომ აუცილებლად ექიმი უნდა გამოხვიდე, ან მოსამართლე. ძალიან ბევრი კარგი პროფესიაა, რომლითაც შეგიძლია წინ წახვიდე ცხოვრებაში. მეტწილად მაინც, ძველი თაობიდან გადმოსულია ეს ყველაფერი. ადრე იყო, რომ შვილებს ვიღაცის დასანახად აბარებინებდნენ სამედიცინოზე და იურიდიულზე. ბოლოს კი, იმ შედეგს ვიღებთ, რომ კარგი მოსამართლეც ცოტაა ამ ქვეყანაში, კარგი ადვოკატიც და კარგი ნოტარიუსიც. შესაბამისად, ჯობს, რაც მართლა გიზიდავს და გიყვარს, იმ განხრით ჩააბარო“, – გვითხრა ილია ვეკუამ.

რაც შეეხება პედაგოგების შეფასებას, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ 18 წლის ასაკში აბიტურიენტთა უმეტესობა თავის პოზიციაში ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად, მათ მეტი დაფიქრება და სიფრთხილე მართებთ.

ინგლისური ენის პედაგოგი მარიკა ხიდაშელი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აბიტურიენტთა ნაწილისთვის სულ ერთი სად ჩააბარებს, ოღონდ სადმე, რომელიმე ფაკულტეტზე მოხვდეს, თუმცა, არის ნაწილი, ვისაც ნამდვილად აქვს მიზანი.

„ზოგისთვის უმაღლეს დაწესებულებაში ჩაბარება არაფერს ნიშნავს, სულ ერთია, ოღონდ სადმე მოხვდეს, ზოგს კი მიზანი აქვს. ბევრი აბარებს ტურიზმზე, სამართალზე და ძალიან ცოტა მათემატიკაზე. ზოგს ბავშვობიდან აქვს ჩადებული, რომ მაგალითად, სამართალზე ჩააბაროს, ზოგს კი, ოჯახურ ტრადიციასავით მოჰყვება. მიხარია, რომ წამოვიდნენ ისეთი ბავშვები, ვისთვისაც ექიმობა არა მარტო პროფესია, არამედ მოთხოვნილებაც არის. ადრე არ იყო ასეთი სიტუაცია, აბარებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი წყვეტდა. როდესაც არ აბარებ სამედიცინოზე იმ მიზნით, რომ ეს შენს მშობლებს უნდათ, არამედ ეს ყველაფერი შინაგან გაქვს, ბევრს ნიშნავს. არის პროფესიები, რომლებიც ცოტა მივიწყებულია, მაგალითად სამშენებლო ფაკულტეტები, საბუნებისმეტყველო საგნები. პროფესია უნდა აირჩიონ შინაგანი მე-ს ძახილით, ის, რაც მათ სურთ“, – გვითხრა მარიკა ხიდაშელმა.

კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ჯუნა ბუჩუკური აბიტურიენტებს ურჩევს, პროფესია იმის მიხედვით აირჩიონ, რაც გულით სურთ და არა ვინმეს რჩევის გათვალისწინებით: „ზოგმა აბიტურიენტმა თვითონაც არ იცის რა უნდა. უფრო მშობლების და პედაგოგების რჩევის გათვალისწინებით ირჩევენ პროფესიას. პედაგოგიური არ იყო ასეთი პოპულარული, ახლა გახდა. კონკრეტული პროფესიები გასაგებია, რომ პოპულარულია, მაგრამ სხვა პროფესიები, მაგალითად პედაგოგიური მეორეხარისხოვანი არ უნდა იყოს. მათემატიკას ცოტა ირჩევს. მე პირადად ძალიან გამიხარდა, არჩევნით საგნებში ფიზიკა რომ დაემატა. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესია აირჩიონ იმის მიხედვით, რაც გულით უნდათ, რომლისკენაც მიისწრაფვიან და არა ისე, რჩევების გათვალისწინებით რომ აბარებენ და ირჩევენ პროფესიას. საბოლოოდ ვხედავთ, რომ ბევრის დიპლომი თაროზეა შემოდებული და არანაირი დატვირთვა არ აქვს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა.

უცხო ენის პედაგოგი, ხათუნა გოგიშვილი კი თვლის, რომ დღევანდელი თაობა პროფესიის არჩევისას უფრო თავისუფალია და ნაკლებად განიცდიან ვინმეს ზეგავლენას, რაც ადრე უფრო მეტად იყო.

„დღეს ბავშვები იმდენად დამოუკიდებლები, რომ არ მგონია, მაინცდამაინც მშობლის მითითებით ირჩევდნენ პროფესიას, მათ თავიანთი აზრი აქვთ. ადრე იყო, რომ მშობლის რჩევით ეუფლებოდნენ ამა თუ იმ პროფესიას. ჩემი აზრით, დღეს უფრო მეტად წინ უნდა წამოიწიოს პედაგოგიკამ, ეს გამოცდებიც ამისთვის არის საჭირო, მასწავლებლების გადამზადება ხდება. ჯობს, რომ ბავშვებმა თავიდანვე ისწავლონ ხოლმე და მხოლოდ ბოლო ერთი წელი არ დაუთმონ იმ საგნებს, რასაც შემდეგ თავს აკლავენ, რომ უმაღლესში ჩააბარონ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები, რა პროფესიასაც უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, იმის მიხედვით უნდა ჩააბარონ. ადამიანს რომ არ შეუძლია სისხლის დანახვა და სამედიცინოზე აბარებს, არასწორია“, – გვითხრა უცხო ენის პედაგოგმა.

მშობელი და ამავე დროს ისტორიის მასწავლებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს აბიტურიენტები პროფესიის არჩევისას არასწორ კრიტერიუმებს იყენებენ.

„მე, როგორც მშობელს, პროფესიის არჩევაში, შვილს მინდა, სწორი მითითებები მივცე, თუმცა, არა ძალდატანებითი, რა თქმა უნდა. დღევანდელი თაობა პროფესიის არჩევაში არასწორ კრიტერიუმებს იყენებს. ყველას უნდა ჩააბაროს ტურიზმის თუ სამართლის განხრით, რადგან ამაში რატომღაც, მეტ შემოსავალს ხედავენ. დღეს, როდესაც ახალგაზრდები კონკრეტულ პროფესიას ირჩევენ, ხშირ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა, შესაძლოა, არც იყო მოწოდებული ამ სპეციალობისთვის. მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევა. მათ უნდა იცოდნენ, რომ პროფესიას თქვენ კი არ უნდა ალამაზებდეთ, არამედ არჩეული პროფესია უნდა ალამაზებდეს თქვენს მსოფლმხედველობას და სასიკეთო ძვრებს ახდენდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას კი, ყველაზე მეტად სჭირდება მეცნიერული ტექნოლოგიების კუთხით წინსვლა“, – განგვიცხადა მშობელმა და ისტორიის საგნის სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:

„სკოლაში ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად ნულზეა დასული – სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იზრუნოს“

მოამზადა თამარ შუკვანმა

The post რატომ უნდა იფრთხილოთ პროფესიის არჩევისას? – აბიტურიენტებისთვის სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები საუბრობენ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

$
0
0

2022 წლის 28 ივლისს გაიმართა გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს მიულოცა მათთვის მნიშვნელოვანი დღე. ასევე, მოკლედ მიმოიხილა გასული 2021-2022 სასწავლო წლის მთავარი სიახლეები და წარმატებები.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ:

გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია; გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირს და GIFA-ს საქართველოს ფინანსისტთა ბუღალტერთა ინსტიტუტის, FIN-HR-ის , GIFA-Students, Financial Award Georgia-ას დამფუძნებელი. ICFM (Institute of Certified Financial Managers) & ICB ( Institute of Certified Bookkeepers)UK წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი ტატა ბერიძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა იმნაძე.

ღონისძიების დროს სპეციალური მადლობის სიგელები გადაეცათ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილე სტუდენტებს.

ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა კურსდამთავრებულები წარჩინების სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ და სპეციალური სტუმარი, მომღერალი, გორის უნივერსიტეტის მეგობარი, ოთო ნემსაძე.

The post გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აბიტურიენტების არდადეგები, ანუ სტუდენტად ტრანსფორმაციის პერიოდი –ვინ სად და როგორ გეგმავს განტვირთვას

$
0
0

მე, 4 წლის წინ აბიტურიენტობა გამოვლილს რომ მკითხოთ, აბიტურიენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა უშუალოდ გამოცდები, არამედ გამოცდების ცხელი ზაფხულის შემდეგი პერიოდი – დასვენებაა.

ეს ის გარდამტეხი მომენტია, როცა ის გადაღლილი, ერთგვარ „შვებულებაში“ გადის აბიტურიენტის, ჯერ ისევ მოსწავლის სტატუსით, არდადეგებიდან დაბრუნებულს კი ახალი, სტუდენტის როლის მორგება უწევს.

ამ ახალ როლს ახალი პასუხისმგებლობები და მიზნები მოჰყვება ხოლმე. პასუხისმგებლობების სწორად შესაფასებლად კი მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა საკუთარი როლის ცვლილება ზუსტად ამ დასვენების დროს გაიაზროს კარგად და ისე შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპლიკანტთა იმ მცირე ნაწილის გარდა, რომლებმაც კორონავირუსის დადასტურების გამო, ვერ მოახერხეს გამოცდის ძირითად სესიებზე დასწრება, წლევანდელ აბიტურიენტებსაც ახლა ზუსტად ეს, როლების ცვლილებისა და დასვენების პერიოდი უდგათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოცდების მიმდინარეობისას გამოკითხული აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, მიუხედავად ქულების მოლოდინისა, ახლა ძალიან უნდათ დასვენება და იმ სტრესისგან თუ დაღლილობისგან დაცლა, რაც ბოლო ერთმა წელმა მოუტანათ.

„ბოლო გამოცდა მე 19 ივლისს, ისტორიაში ვწერე. ახლა წინ ქულების დადების პერიოდია, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე, დასვენება მინდა და ერთი სული მაქვს როდის წავალ თბილისიდან, რომ მოვშორდე ამ ყველაფერს. ყოველ წელს, ჩემს სოფელში ვისვენებ და წელსაც ასე ვაპირებ, რადგან იქაურობა მართლა მეხმარება დაწყნარებაში და დამშვიდებაში. ჰოდა, სანამ სტუდენტი გავხდები და მთლად დიდი სანერვიულო დამატყდება თავს, მინდა, მოვასწრო ერთი ან ორი თვით წასვლა, ქულებსაც იქ გავიგებ დიდი ალბათობით და თუ ვერ მივიღე ის რასაც ველი, მშობლებისგან შორს მაინც ვიქნები,“ – ამბობს ნახევრად ხუმრობით გიორგი და სტუდენტობასთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებსაც გვიზიარებს:

„სტუდენტობა ბევრად უფრო მარტივი მგონია და გეტყვით რატომ, აბიტურიენტობისა და სკოლის პერიოდში ბევრი ისეთი რაღაცის სწავლა გვევალებოდა, რაც არ გვიყვარდა და თავს ძალიან, ძალიან ვაძალებდით. უნივერსიტეტში კი მხოლოდ იმას ვისწავლით რაც გვიყვარს, რადგან ჩვენით ვირჩევთ ფაკულტეტს, ჩვენით ვირჩევთ საგნებს და ყველაფერს. ჰოდა, თუ ჩემივე არჩეული საყვარელი საქმის კეთებაც მერთულა ან არ მომინდა, მაშინ უნივერსიტეტში საერთოდ რა მინდა, არ ვიცი“.

გიორგი თვლის, რომ სტუდენტობა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდია და ამიტომ მას კარგად დასვენებულიც უნდა შეხვდეს – „ეს არდადეგები ბევრი რამის გადაფასების და გადახარშვის პერიოდიც უნდა იყოს“.

გიორგისგან განსხვავებით, ნიკა საბაშვილი აპირებს, რომ დასასვენებლად მხოლოდ ქულების დადების შემდეგ წავიდეს, რადგან მანამდე, შედეგების მოლოდინით გამოწვეული ნერვიულობა ვერ მისცემს მოდუნების შესაძლებლობას.

„ფიზიკურად ვერ შევძლებ მოვდუნდე. მე ისეთ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, რომ დიდი ქულები მჭირდება, ამიტომ, განსაკუთრებულადაც ვნერვიულობ. რომ ვერ მოვხვდე, ალბათ, ვერც გადავიტან. ასე რომ, ჩემთვის ეს დაძაბულობა ჯერ არსად გამქრალა. ისე კი წინასწარ დავგეგმე სად დავისვენებ, თუ მართლა იქ მოვხვდი სადაც მინდა. საზღვარგარეთ არ ვარ ნამყოფი და შარშან გადავწყვიტე, რომ მომავალ ზაფხულს მარტოს უნდა მომეწყო თავგადასავალი საბერძნეთში. ფულიც კი მოვაგროვე ჩემი მგზავრობისთვის და იმედია, მართლა კარგად დასრულდება ყველაფერი“, – ყვება ნიკა საკუთარი გეგმების შესახებ.

აწ უკვე ყოფილმა აბიტურიენტმა მომავალი სტუდენტობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და საკუთარი ახლანდელი მდგომარეობა ლიმბოს შეადარა.

„რაღაცნაირად მიუჩვეველი ვარ ამ მდგომარეობას. არც მოსწავლე ვარ, არც სტუდენტი, აღარც აბიტურიენტი და მეცადინეობა საერთოდ არ მიწევს. რომ არა ერთი-ორი კურსი, რომელშიც ჩართული ვარ, საერთოდ უსაქმურად ვიქნებოდი. ასე მგონია ლიმბოში ვარ, არც იქით და არც აქეთ, უბრალოდ ლიმბოსგან იმით განსხვავდება ეს პერიოდი, რომ მე მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ და ზუსტად ვიცი, იქ მოვხვდები, სადაც მინდა“.

ნიკა უნივერსიტეტისგან ბევრს მოელის და გვიხსნის, რომ ეს სკოლისგან ბევრად უფრო განსხვავებული გამოცდილება იქნება, რადგან აქ სტუდენტი სრულიად დამოუკიდებელია და საკუთარ თავზე თვითონ აგებს პასუხს.

„სკოლებში თითქოს არ ესმით, რომ მოსწავლეებიც ინდივიდუალური, დამოუკიდებელი ტიპები არიან. იქ თუ რამე პრობლემა გქონდა, შენთან გასაუბრების ნაცვლად ერჩივნათ, რომ მშობლებისთვის ეთქვათ ყველაფერი, ეს მიდგომა სულ სხვანაირადაა უნივერსიტეტში. აქ მე თვითონვე ვიქნები ჩემს წარმატებებზე თუ წარუმატებლობებზე პასუხისმგებელი. ამიტომ, სულ სხვანაირი ჟინით და სიხარულით ველი სტუდენტობის პერიოდის დადგომას“, – ამბობს ნიკა.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, ქეთი ხასაია ენერგიების აღდგენას საქართველოს რომელიმე ზღვისპირა ქალაქში აპირებს. მისი თქმით, ბოლო ერთი წელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ყველა საკუთარი გამოწვევითა თუ წინაღობით.

„ძალიან დატვირთული, მნიშვნელოვანი და საინტერესო ერთი წელი გამოვიარე. თავისთავად, ძალიან ვნერვიულობდი გამოცდაზე, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, სრულიად უსაფუძვლო მგონია ის ნერვიულობა. მომავალ აბიტურიენტებსაც ამას ვურჩევდი, ბევრი არ ინერვიულონ, არ სჭირდებათ. ასე თუ ისე, ცოტას მაინც თუ იმეცადინებენ, აუცილებლად ჩააბარებენ ყველაფერს, მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის“, – ეუბნება ქეთი EDU.ARIS.GE-ს.

ის სტუდენტობას განსაკუთრებულად ელის იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ არ იცის როგორი იქნება მისთვის ცხოვრების ეს ეტაპი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მოსწავლეობისა და აბიტურიენტობისგან რადიკალურად განსხვავებულ ამბებს უნდა შეეჭიდოს.

ზღვაზე დასვენებას აპირებს მეგი კარანაძეც და გვიყვება, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ, ახლა უფრო მეტ დროს დაუთმობს მონატრებულ მეგობრებს, რომლებსაც მოუცლელობის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახულობდა.

„მთელი წელი ძალიან ემოციურად ვიყავი გამოცდებისადმი განწყობილი და ძალიან მეშინოდა. ნერვიულობამ კი, უშუალოდ გამოცდის წინა დღეს, განსაკუთრებით იმატა. თუმცა, პირველი გამოცდის შემდეგ, ეს დაძაბულობაც მომეხსნა, რადგან ვნახე, რომ არაფერი არ არის საშიში“, – ამბობს მეგი და ამატებს, რომ მიუხედავად უფრო რთული გამოწვევებისა, ახალი გარემოსა და ბევრი გამოწვევისა, სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი იქნება მის ცხოვრებაში.

სტუდენტობა მართლაც გამორჩეული პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში. ბევრი ამას გამოწვევასაც არ ეძახის და თვლის, რომ სტუდენტობა არის დრო, როცა ადამიანებს შეუძლიათ, ერთდროულად დააგროვონ ცოდნა, გამოცდილება, მეგობრები და ბევრი სახალისო მოგონება. მთავარია თქვენ, აწ უკვე ყოფილი აბიტურიენტები როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post აბიტურიენტების არდადეგები, ანუ სტუდენტად ტრანსფორმაციის პერიოდი – ვინ სად და როგორ გეგმავს განტვირთვას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა ცნობილია, როგორ გავიგოთ ქულა –გამოცდები 2022

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან, ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე ოსური ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა ცნობილია, როგორ გავიგოთ ქულა – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

GRUNI: გიორგი შერაზადაშვილმა კვლავ გვასახელა

$
0
0

მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში (81 კგ. წონითი კატეგორია) და გრუნის ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტმა – გიორგი შერაზადაშვილმა, კვლავ გვასახელა.

2022 წელს პოლონეთში გამართულ ევროპის უნივერსიადაში ის გრუნის სახელით ასპარეზობდა და ძიუდოში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპის უნივერსიადაზე გასამგზავრებლად შესარჩევი ტურნირი 2021 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაიმართა, საუკეთესო შედეგი გიორგი შერაზადაშვილმა აჩვენა და მოიპოვა კიდეც მონაწილეობის უფლება.

უნივერსიტეტი ულოცავს ამ გამარჯვებას გიორგის და უსურვებს კიდევ არაერთხელ ესახელებინოს საქართველო და მშობლიური უნივერსიტეტი.

The post GRUNI: გიორგი შერაზადაშვილმა კვლავ გვასახელა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა“ – 2022 წლის ქართულში უმაღლესქულიანი აბიტურიენტების ფიქრები

$
0
0

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. უკვე ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის და ოსურის გამოცდაში აბიტურიენტების მიერ დადებული შედეგები. EDU.ARIS.GE-ს დაკვირვებით, ქართულში უმაღლესი, 60ქულა არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო და ჩვენ თითოეულ მათგანს ვულოცავთ ამ შედეგს. რამდენიმე მათგანს კი უფრო ახლოს გაგაცნობთ.

დეა კუსიანი თბილისის #77 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და მომავალი დიპლომირებული მედიკოსია. მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი, 60 ქულის აღება შეძლო.

60 ქულა მიიღო გორის #5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ჭოველიძემაც, რომელიც მომავალი დიპლომატია და ელჩობას გეგმავს.

– ელოდით თუ არა ასეთ შედეგს და რა როგორი იყო შენი ემოცია, შენი ოჯახის წევრების, რა გარემოში გაიგე ქულა?

დეა: 55-ზე მაღალს ველოდი, 57-58-ის იმედი მქონდა, თუმცა მაქსიმალურ ქულაზე იმდენად არც მიფიქრია. ქულის გაგება მარტო მინდოდა, ამიტომ ოთახში შევედი და ისე ვნახე, თუმცა, როცა ეკრანზე 60 დავინახე, ვიკივლე და ტირილი დავიწყე და ამაზე დედაჩემიც შემოვიდა შეშინებული, ეგონა დაბალი ავიღე. შემდეგ იყო ისევ ტირილი, ჩახუტება, ახლობლების ზარები. მოკლედ, ზღვა ემოცია. ვაბარებ სამედიცინოზე, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე.

ლუკა: ასეთ შედეგს გარკვეულწილად არ მოველოდი, რადგან მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვერ მოვახერხე ეროვნული გამოცდებისთვის საფუძვლიანად მომზადება, საქართველოში არ ყოფნის გამო, ამიტომ, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო და გასაკვირი იყო უმაღლესი ქულის მიღება. ქულების გამოქვეყნებას იმ დროიდან მოუთმენლად ველოდი, როცა გავიგე, რომ პირველი აგვისტოდან შედეგებს ატვირთავდნენ, განსაკუთრებით, გუშინდელიდან გამიმძაფრდა ლოდინის რეჟიმი, ისეთ მდგომარეობაში ხარ, თან რომ ნერვიულობ და თან მოუთმენლად ელი რა ქულას მიიღებ. დღეს პოსტი შემხვდა, რომ ქულები 10:00 საათზე გამოქვეყნდებოდა. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სულმოუთმენლობა. როდესაც 10 საათი გახდა, სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვიყავით. საბედნიეროდ, naec-ის ვებსაიტი უპრობლემოდ გაიხსნა და უცბად ეკრანზე გამოჩენილ ქულას ვერ ვიჯერებდი, ცოტა ხანი ვამოწმებდი მართლა 60 წერია თუ არა-მეთქი. შემდეგი რამდენიმე წუთი ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავი, მანამ სანამ ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებს გავუზიარებდი შედეგს.

არჩევანი შევაჩერე საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამააზე, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის ადრეული წლებიდან მსურდა. ყოველთვის ცხადად ვხედავდი დიპლომატიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე (და არა მხოლოდ). ჩვენ იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ გვიწევს ხშირ შემთხვევაში ბეწვის ხიდზე გავლა, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე მიდგება საქმე. ამან ბავშვობიდან დამაინტერესა. ბევრს ვკითხულობდი და ვუყურებდი, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავი, მართლა მსურდა თუ არა საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა.

– როგორ გაიხსენებთ უკანასკნელ 1 წელს, რა სირთულეების წინაშე იდექით, წინასაგამოცდოთ როგორი განწყობა გქონდათ და როგორ შეძელით უმაღლესი ქულის აღება?

დეა: ვერ ვიტყვი, რომ ეს წელი მარტივი იყო. ოთხ საგანს ვაბარებდი და ამიტომ ყოველ დღე გაკვეთილები მქონდა, დღეში 2-3 საგანი. იყო ისეთი დღეებიც, როცა უბრალოდ ვეღარ ვამხნევებდი საკუთარ თავს და დანებება მინდოდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ მქონდა მიზანი, რომლისთვისაც უნდა მიმეღწია. მაქსიმალური ქულის აღებაში, პირველ რიგში, ჩემი მასწავლებელი დამეხმარა, ასევე უამრავი წაკითხული წიგნი და წერის სიყვარული. მხოლოდ ამ წელს 75-მდე საგამოცდო ფორმატის თემა მაქვს დაწერილი და, ვფიქრობ, სწორედ ამ გამოცდილებამ შემიწყო ხელი.

ძალიან მიყვარდა რედაქტირება და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვწერდი. თემის წერის პროცესიც ძალიან კარგი იყო, თუმცა ბევრ დროს საჭიროებდა და, სხვა საგნებთან ერთად, ძალიან დამღლელი ხდებოდა.

ლუკა: გასული აბიტურიენტობის რამდენიმე თვე ჩემთვის ტიპური აბიტურიენტობის დრო არ ყოფილა. ერთი აკადემიური წლით მე-12 კლასში ამერიკაში ვიყავი სასწავლებლად, ამიტომ დიდად ეროვნულ გამოცდებზე არც ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვგეგმავდი გამოცდებზე გასვლას. ყველაზე სტრესული გამოცდებამდე დარჩენილი ბოლო თვე-ნახევარი აღმოჩდა, ამ დროს უკვე საქართველოში ვიყავი და მომიწია ნასწავლის გამეორება ან მანამდე არ გავლილის სწავლა. ამ პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, დრო სწორად გამენაწილებინა და გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნებისთვის თანაბარი დრო დამეთმო, რათა ყველა საგანში შეძლებისდაგვარად დამაკმაყოფილებელი შეფასება მიმეღო. როცა გამოცდები კარს მოგვადგა, თითქმის არც ვნერვიულობდი. ჩემი აზრით, წინასაგამოცდო განწყობა მნიშველოვან როლს თამაშობს შესაძლებლობებისა და ცოდნის ადეკვატურად რეალიზებაში. მცირედი ნერვიულობა გამოცდების წინ ბუნებრივიცაა, თუმცა, მთავარია, ზედმეტი შფოთი არ ახლდეს თან. ჩემს თავს მუდამ ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გამოცდებზე ისეთი არაფერი შემხვდებოდა, რასაც ვერ დავწერდი და ამან დიდი როლი ითამაშა. ასეთმა მიდგომამ ნაყოფიც გამოიღო და უმაღლესი ქულა მივიღე გამოცდაზე, მაგრამ, მხოლოდ ფსიქოლოგიური მიდგომა ვერაფერს იზამს, თუ სკოლის პერიოდში არ იმუშავებ საკუთარი პიროვნების განვითარებასა და ზრდაზე.

ქართულის გამოცდისთვის მომზადებისას თხზულების წერა იყო ყველაზე საინტერესო და საყვარელი ნაწილი ჩემთვის. ესეები თუ თხზულებები ყოველთვის გაძლევს საშუალებას, შენი შესაძლებლობები ფართოდ გამოავლინო, მითუმეტეს, თხზულება როგორც ტექსტის ანალიზის, ასევე თავისუფალი მსჯელობისა და საკუთარი აზრების გამოთქმის პლატფორმას იძლევა.

– სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში, როგორია თქვენი წარმატებული კარიერის საუკეთესო მოდელი და როგორ ფიქრობთ, დაიმსახურეთ ეს შედეგი? შრომის გამო უფრო მეტად თუ უბრალოდ, ტესტიც მარტივი იყო და იღბალიც დაგეხმარათ?

დეა: სამედიცინო სფერო ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად რეალიზებული ვიყო. მთავარი მიზანი ადამიანების დახმარება და მათ სიცოცხლეზე ზრუნვაა და ალბათ სწორედ ეს მაძლევს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის მოტივაციას. ვერ ვიტყვი, რომ ტესტი ძალიან მარტივი იყო. როგორც აბიტურიენტები წერდნენ, ბევრმა თემის სათაური კარგად ვერ გაიაზრა. ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უფასდება შრომა ადრე თუ გვიან და ჩემი შრომაც ამ ქულით დაფასდა.

ლუკა: რთულია ისაუბრო წარმატებული კარიერის საუკეთესო მოდელზე, რადგან არ ვიცი, რა შეიცვლება მომავალში. შესაძლოა, ჩემი ინტერესების სფერო საერთოდ შეიცვალოს და სრულიად სხვა სფეროში მოვხვდე. ამჟამად, მსურს საფრანგეთში ელჩობა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებში ჩემი წვლილის შეტანა. მომავალში შეიძლება არა საფრანგეთში, არამედ რომელიმე აღმოსავლურ ქვეყანაში მომინდეს ელჩის კარიერის აწყობა, მაგრამ ამჯერად საფრანგეთს განვიხილავ.

ვფიქრობ, ეს შედეგი დავიმსახურე, თუ ქედმაღლობაში არ ჩამეთვლება. მიუხედავად იმისა, რომ მე-12 კლასი საქართველოში არ ვყოფილვარ, წინა კლასებში ყოველთვის ბეჯითად ვსწავლობდი ყველა საგანს და დროის დიდ ნაწილს ვახარჯებდი. ამიტომ ლოგიკურიც იყო ასეთი შედეგი, საკუთარი შრომის საბოლოოდ ნაყოფი. რაც შეეხება ტესტს, არც ძალიან ძნელი და არც მარტივი არ ყოფილა, ვფიქრობ, საშუალო სირთულის იყო.

– რას ეტყვით 2023 წლის აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი მესიჯი მათთვის?

დეა: ვიცი, რომ ეს პერიოდი ძალიან სტრესული და დამღლელი იქნება, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბდნენ საკუთარ მიზანში და მისკენ იარონ. არ გაათენოთ ღამეები, როგორც ამას მე ვაკეთებდი. დღეში 1-2 საათით მაინც განიტვირთეთ, ნახეთ მეგობრები, დაისვენეთ. მთელი ამ წლის განმავლობაში უდიდეს ცოდნას შეიძენთ, თუმცა გამოცდაზე მისი მხოლოდ მცირე ნაწილის გამოვლენას შეძლებთ, ამიტომ არ ღირს ამდენ ნერვიულობად.

ლუკა: 2023 წლის აბიტურენტებმა უნდა შეეცადონ, რომ დრო სწორად გაანაწილონ მომზადების პროცეში და არ გაფლანგონ ის, რაც შეუძლიათ მათთვის განმავითარებელი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სწორად ჩამოაყალიბონ თავიანთი პრიორიტებები და შემდეგ აირჩიონ გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნები. მათ, ცხადია, მოუწევთ დიდი დროის დახარჯვა სწავლაზე, თუმცა მუდამ უნდა იფიქრონ იმ სასიამოვნო წუთზე, როცა გამოცდების შედეგები კმაყოფილებას მოჰგვრით. გარდა 2023 წლის აბიტურიენტებისა, მინდა, რჩევა მივცე სკოლის მოსწავლეებს, არ დაელოდონ მე-12 კლასს, რომ მომზადება დაიწყონ. ვფიქრობ, უმაღლესი ქულის აღებას მხოლოდ მე-12 კლასის პერიოდი არ ეყოფა, მას სჭირდება ფუნადამენტი, რომელიც წინა კლასებში უნდა ჩაიყაროს.

– ხომ არ გინდათ, ისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაუხადოთ ვინმეს?

დეა: პირველ რიგში, მადლობა ჩემს მასწავლებლებს, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი დაგვედო. ასევე მადლიერი ვარ ჩემი ყველა მეგობრის, რომლებიც გვერდში მედგნენ, როცა ცუდად ვიყავი, ვიღლებოდი, ვტიროდი და ვნერვიულობდი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მენტალური ჯანმრთელობა ასე თუ ისე შევინარჩუნე.

ლუკა: ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირველ რიგში, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმად გახდომაში, რაც ახლა ვარ. არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ მორალურ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი მათგან. ასევე, ჩემი სკოლის ქართულის მასწავლებელს ვუმადლი ამ შედეგს და ასევე იმ რეპეტიტორებს, რომლებთანაც შეხება მქონია გარკვეული დროის განმავლობაში.

ჩვენი მესამე რესპონდენტი, ზაზა ელიზბარაშვილი კი, მათემატიკაზე შეყვარებული კომაროველია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი, 60 ქულა მიიღო.
ზაზას ვკითხეთ ქართულის ცოდნის მნიშვნელობაზე, საკუთარ პროფესიასა და 2023 წლის აბიტურიენტებისთვის გადასაცემ პოზიციაზე:

„პირველ რიგში, ქართულის ცოდნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მშობლიური ენაა და ყველამ უნდა შევძლოთ გამართულად მეტყველება. გარდა ამისა, ქართულის ახალის სტილის თემების წერა გვასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის დანახვასა და გადაჭრის გზების ძიებას. პროფესიას რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ კომაროვი დავამთავრე, გასაკვირი არაა, რომ ვაპირებ ჩავაბარი კომპიუტერულ მეცნიერებებზე. მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევ, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომონ და დაისახონ მიზნები, რომლებსაც თავიანთი შრომით აუცილებლად მიაღწევენ. ასევე, მნიშვნელობანია, რომ გამოცდების მოახლოებისას არ ინერვიულონ. სწორედ ეს სიმშვიდეა ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, მაქსიმალური ქულისთვის. აბიტურიენტებმა არ უნდა დაუშვან, რომ მთელი წლის ნაწვალები ნერვიულობითა და შიშით წყალში ჩაყარონ.

EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს თითოეულ აბიტურიენტს, როგორც ჩვენი სტატიის გმირებს, ისე მათ, ვისთან გასაუბრებაც ვერ შევძელით.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post „მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა“ – 2022 წლის ქართულში უმაღლესქულიანი აბიტურიენტების ფიქრები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია და სამოქალაქო განათლება – 2022 წლის აბიტურიენტთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის აბიტურიენტთა ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა:

იხილეთ ტესტები

გამოცდების ცენტრის ცნობით, ტესტების შეფასების სქემები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად.

რომელი ვარიანტები იქნება რთულად მიჩნეული, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ მივიღებთ.

აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია და სამოქალაქო განათლება – 2022 წლის აბიტურიენტთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა –გამოცდები 2022

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 1-ელ აგვისტოს 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები პროფესიულ უნარებში გამოაქვეყნა. პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის წელს პირველად ჩატარდა.

იხილეთ ტესტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება მიღებული ქულების გასაჩივრებას, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც, ყველა ქულის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში და პროცედურის მიხედვით შეეძლებათ. აპელაციის საფასური კი 50 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთათვის პროექტის შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა –მთავრობის დადგენილება

$
0
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილბები შევიდა.

დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტმა ახლა უკვე, შეფასების 2 ეტაპი უნდა გაიაროს.
პროექტმა შეფასების ორივე ეტაპზე ჯამურად უნდა მოიპოვოს 36 ან მეტი ქულა, თუმცა ეს დაფინანსებსთვის არასაკმარისი პირობაა.

20 ივლისით დათარიღებული ბრძანება დეტალურად განსაზღვრავს პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და ქვეკრიტერიუმებს.

შეფასების პირველ ეტაპზე პროექტების შეფასების კრიტერიუმებია:

1.პროექტის იდეა − იდეის ტექტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალი (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
2. გუნდის კომპეტენციების შესაბამისობა იდეის განსახორციელებლად (მინიმუმ 1,
მაქსიმუმ 5 ქულა);
3.კვლევის გარემო − კვლევის გახორციელების ბაზა , მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის ხარისხი (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
4. განხორციელებადობა − პროექტის განხორციელების გეგმა -გრაფიკი და ბიუჯეტი (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა).

შეფასების მეორე ეტაპზე პროექტების შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია:

1. გამორჩეული მეცნიერება (მინიმუმ 4,მაქსიმუმ 20 ქულა).
პრობლემის /გამოწვევის მნიშვნელობა და მასშტაბი, რომლის გადაჭრასაც გვთავაზობს კვლევა (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
კვლევის იდეის სიახლე, აქტუალურობა და სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა)
კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან;(მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
ძირითადი პერსონალის გამოცდილება ,სამეცნიერო პროდუქტიულობა, კომპეტენციების შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა).

2. ეფექტიანობა (მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა).
კვლევის მოსალოდნელი შედეგები თვლადი ინდიკატორების მითითებით − ახალი ცოდნა/ცოდნის ახლებურად გამოყენება, ახალი /გაუმჯობესებული ტექნოლოგია, მეთოდოლოგია, პროდუქტი, მომსახურების პროცესი ან გადაწყვეტა; გუნდის შესაძლებლობების გაძლიერება (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
ტექნოლოგიური ტრანფერის მზაობის დონის ამაღლების პოტენციალი − გამოყენებითი იდეის განვითარების სტრატეგია (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა).

3. განხორციელებადობა (მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა).
კვლევის განხორციელების გეგმა -გრაფიკისა და ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
კვლევის განხორციელების მატერიალურ -ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა);
ქულათა ჯამი: მინიმუმ 8, მაქსიმუმ 40 ქულა.

ცვლილება ეხება იმ პროექტებსაც, რომლებიც შეფასების დროს თანაბარ ქულებს დააგროვებენ.

„თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც შეფასების პირველ ეტაპზე მოიპოვებს უფრო მაღალ ჯამურ ქულას , ხოლო შემდეგ უპირატესობა მიენიჭება პროექტს , რომელმაც მეტი ქულა დააგროვა თანმიმდევრულად შეფასების პირველი ეტაპის პირველ , მეორე , მესამე და მეოთხე კრიტერიუმებში და შეფასების მეორე ეტაპის პირველ , მეორე და მესამე კრიტერიუმებში . შეფასების ორივე ეტაპის ყველა კრიტერიუმში , თანმიმდევრულად , თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში , უპირატესობა მიენიჭება მეტი თანადაფინანსების მქონე პროექტს“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ცვლილებაში.

მოამზადა მზეო შველიძემ

The post სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთათვის პროექტის შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა – მთავრობის დადგენილება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა –გამოცდები 2022

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემა

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან, ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მათემატიკის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

SANGU-მ სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია განახორციელა

$
0
0

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის, „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ბურსისა და დუზჯეს ილებში სამეცნიერო კვლევითი ექსპედიცია განახორციელა.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას, მკვლევარებმა იმუშავეს ბურსას ილის ინეგოლის ილჩეს ქართულ სოფლებში, ბურსას ილის ბურსას ილჩეს სოფლებში. ექსპედიციის ბოლო 3 დღე კი დუზჯეს ილის ილჩეების ქართულ სოფლებს დაეთმო, სადაც ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები და მთქმელებთან შეჯერდა და შემოწმდა 2021 წელს, დისტანციურ რეჟიმში, ჩაწერილი საკვლევი მასალა.

გარდა ეთნიკური ქართველებისა ექსპედიციის წევრებმა მოინახულეს მათივე მეზობლად მოსახლე აფხაზ, ჩერქეზ, ბოსნიელ თუ ბულგარელ მუჰაჯირთა შთამომავლებიც, გაეცნენ მათ ენობრივ ვითარებას, ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. ასევე, განხორციელდა საქმიანი ვიზიტები ინეგოლისა და დუზჯეს ქართულ სათვისტომოებში, საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურულ გაერთიანებაში და დუზჯეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას მოპოვებული მასალა დამუშავდება, იქცევა ბეჭდურ ტექსტებად და შევა სამეცნიერო მიმოქცევაში. პროექტის დასრულებისას, დაიწერება შემაჯამებელი მონოგრაფია „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“, რომელშიც ვრცლად იქნება განხილული და გაანალიზებული საკვლევი თემა.

აღსანიშნავია, რომ ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებანი აქამდე არათუ ქართულ, არამედ – თურქულ და უცხოურ ენათმეცნიერებაშიც არავის უკვლევია. არადა, როგორც ცნობილია, სამეტყველო კოდთა შერევა თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. შესაბამისად, პროექტის მონაწილეთა შემაჯამებელი მონოგრაფია მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართველოლოგიისა და თურქოლოგიისთვის, ისე – ზოგადი ენათმეცნიერებისათვის. ეს იქნება ინტერდისციპლინარული ნაშრომი.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შემაჯამებელი ინტერდისციპლინარული ნაშრომი მალე იქნება ხელმისაწვდომი.

The post SANGU-მ სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია განახორციელა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„თუ სკოლიდან ყველა ინგლისურის C1 დონის ცოდნით გავიდა, მაშინ უნივერსიტეტები რა საჭიროა?“ –ინგლისური ენის ტესტების შეფასება სპეციალისტისგან

$
0
0

ინგლისური ენის საგამოცდო ტესტები არ უნდა გართულდეს – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ნანა კიკალიშვილი, რომელსაც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ინგლისური ენის ტესტების შეფასება ვთხოვეთ. პედაგოგი, რომელიც აბიტურიენტებსაც ამეცადინებს, ამბობს, რომ თუ ტესტები მაინც  გართულდება, ეს უკვე მასწავლებლის ან მაგისტრის გამოცდისთვის შესაფერისი იქნება და არა – ახლად სკოლადამთავრებულის.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაწყებულია და აბიტურიენტები უცხოურ ენაში საკუთარ შედეგებს ჯერ ელოდებიან. სტუდენტობის მსურველთა დიდმა ნაწილმა წელსაც გამოცდებზე ინგლისური ენა ჩააბარა. ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ ტესტი ძალიან ეადვილათ, ზოგი კი ჩიოდა, რომ გამოცდაზე ისეთი დავალებები შეხვდა, რასაც სკოლაში არ ასწავლიან.

ნანა კიკალიშვილის აზრით კი, წელს გამოცდებზე გამოყენებული ტესტები არც რთული ყოფილა და არც მარტივი და თუ აბიტურიენტს სკოლაში ისეთი დავალება არ შეუსრულებია, როგორიც გამოცდაზე მოვიდა, სკოლაა პასუხისმგებელი და არა ტესტის შემდგენი.

– ნანა კიკალიშვილი: მარტივი ტესტები იყო და გაართულეთო, ითხოვენ სოციალურ ქსელში, მაგრამ ტესტი მორგებული უნდა იყოს სკოლაში მიღებულ ცოდნაზე. სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არა ის, რომ მოსწავლეები რეპეტიტორებთან დადიან. არიან ბავშვები, ვინც ვერ დადიან რეპეტიტორებთან. სკოლაში კვირაში ორჯერ ტარდება ინგლისური ენის გაკვეთილი და იქ ყველაფერი უნდა მოასწრო მასწავლებელმა. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგი ტესტები იყო წელს. მაგალითად, მესამე სავარჯიშოში ორაზროვანი პასუხია გასაცემი და მანდ თუ კარგად არ დააკვირდა დეტალს, ისე ვერ შემოხაზავს აბიტურიენტი სწორად. მოსასმენი დავალება კი კარგად უნდა მოისმინოს. გონიერი ბავშვი, რომელიც მთელი 12 წელი მიჰყვება მასწავლებლის ინსტრუქციას და გაკვეთილებს, უნდა შეასრულოს ეს ტესტი კარგად. მარტივიაო, რომ ამბობენ, მთლად ასეც არ არის, საკმაოდ დასაფიქრებელია ბევრი რამ.

– რამდენად საინტერესო ტესტები იყო და რით იყო წინა წლებისგან განსხვავებული ან მსგავსი?

– წინა წლებში მარტივი ის იყო, რომ მითითებული იყო, მაგალითად, სად ხდება მოქმედება. ამას კი, კარგად თუ მოუსმენს, მე-5 კლასელიც მიხვდება – სად ხდება ის მოქმედება, რესტორანში თუ მაღაზიაში. ტესტებში გამოყენებული ტექსტებიც საინტერესოა. ბავშვები ბევრ რამეს იგებენ. მაგალითად, პირველი ვარიანტის მესამე სავარჯიშოში იყო, როგორ აშენდა რაღაც მონუმენტი, რომლისთვისაც ზოგი ქვა უელსიდან ჩამოიტანეს, მერე ირლანდიიდან გადაიტანეს რაღაც… პატარა-პატარა დეტალებს უნდა დაუკვირდეს აბიტურიენტი, რაც მის აზროვნებასაც ხელს უწყობს, რომ წაკითხული სწორად გაიაზროს. ძალიან საინტერესო ტექსტებია და სათაურებიც ისეთი შესაბამისი, რომ ერთ პატარა სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ტექსტების საშუალებით ხან ცნობილ ადამიანზე იგებენ ინფორმაციას, ხან – ცნობილ მონუმენტზე.

მომეწონა ასევე მეორე სავარჯიშო, რომელსაც ჯერ ყურადღებით უნდა მოუსმინო, მოინიშნო და მერე შეასრულო დავალება. არც ეს სავარჯიშოა ძალიან რთული ან ძალიან მარტივი. ხმოვანი ჩანაწერიც გამართულია, სიტყვები მისაღებია, ანუ შესაბამისი ლექსიკით არის.

– ტესტები ესადაგება იმ ცოდნის დონეს, რაც მოსწავლემ სკოლაში უნდა მიიღოს თუ არის მეტ-ნაკლებობა?

– ზუსტად რომ სასკოლო ცოდნის დონის შესაფერისია. მაგალითად, ზოგიერთი რეპეტიტორი იყენებს რაღაც წიგნებს, სადაც ისეთი შეუფერებელი ლექსიკაა, რომ C1 დონეს სცდება და ეს არ არის სწორი მიდგომა. აბიტურიენტს არ უნდა მოეთხოვებოდეს C1 დონე. პირველ კურსზე რომ შედის ბავშვი, B1 დონეს უნდა ფლობდეს. დანარჩენი უნივერსიტეტმა უნდა დაამატოს და არ უნდა იყოს ზემოთხოვნები. თუ არ იციან, შენ უნდა დაუმატო ის ცოდნა. ვინაა ვალდებული, რომ სკოლიდან C1 დონით გაუშვა ბავშვი? რაღაც ხომ უნდა დაამატოს უნივერსიტეტმა 4 წელი, მერე – მაგისტრატურამ და ბოლოს და ბოლოს ავა C1 დონეზე. თუ სკოლიდან ყველა C1 დონით გავიდა, მაშინ უნივერსიტეტები საერთოდ რა საჭიროა?

სკოლიდან გამოსული ბავშვის დასაშვებ ცოდნას ესაბამება ეს ტესტები და არც ჩვენ, მასწავლებლები და არც სამინისტრო თუ გამოცდების ეროვნული ცენტრია ვალდებული, ტესტები გათვალოს რეპეტიტორის მომზადებულ ბავშვზე. ზოგი სულ დადის რეპეტიტორთან, ზოგი – მხოლოდ ბოლო წელს და ზოგი საერთოდ ვერ დადის. ამიტომაც, ტესტი გათვლილი უნდა იყოს სკოლიდან გამოსულ ბავშვზე და არა იმ ბავშვზე, წლობით რომ დადის თუნდაც მოსამზადებელ ცენტრებში.

როცა ბავშვს უნდა მეტი ცოდნა მიიღოს, კი, ბატონო, მიიღოს, ვინ უშლის, მაგრამ რა დააშავეს იმ ბავშებმა, ვისაც არ აქვს ამის საშუალება? ზოგს არც იმის ფული აქვს, რომ ცენტრში განსაზღვროს თავისი დონე.

– ვინაიდან ბევრი აბიტურიენტისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ინგლისური ენის ტესტი და უმეტესობა მაღალ ქულას იღებს ამ საგანში, სწორედ ამან განაპირობა მოსაზრება, რომ გართულებაა საჭირო… იმასაც ამბობენ, რომ წლიდან წლამდე მარტივდება ეს ტესტები. თქვენი დაკვირვებით, ეს ტენდენცია შესამჩნევია?

– არავითარ შემთხვევაში არ უნდა გართულდეს ტესტები. მაშინ დავყოთ – ვინც ინგლისურ ფილოლოგიაზე აბარებს, მას მივცეთ უფრო რთული ტექსტი, ვისაც იმდენად არ სჭირდება, მას – უფრო მარტივი და ა.შ. ამიტომ, მიდგომა, რომ ყველას B2 და C1 დონე მოვთხოვოთ, არ ვარგა!

არ გამარტივებულა არანაირად. უბრალოდ, რაღაცები იცვლება და იხვეწება და ეს სწორიც არის. ბოლო სავარჯიშოები, გრამატიკულ ნაწილში, სადაც, მაგალითად, არტიკლის ჩასმას ითხოვენ, რატომ უნდა გავართულოთ? არტიკლი ისეთია, მის წესებში რაღაცას ზოგჯერ C1 დონის მასწავლებლებიც კი ეძებენ. ეს ამერიკელისთვისაც კი რთულია. მე ვმუშაობდი ამერიკელ ტრენერთან ერთად და მათაც კი უჭირთ არტიკლები და ჩვენ რატომ უნდა მივცეთ ჩვენს ბავშებს რთული ტექსტები? მაგისტრები ხომ – არა, აბიტურიენტები არიან, რომლებიც სკოლიდან წავიდნენ.

– ტესტები მარტივად ალბათ მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულის გამო ეჩვენებათ. უადვილდებათ, რადგან ინგლისური ენა ჩვენს ყოფიერებაში დიდი დოზით არის შემოჭრილი…

– დიახ, იმიტომ ეადვილდებათ და არა იმიტომ, რომ მარტივია. გარდა იმისა, რომ რეპეტიტორებთან დადიან, ახალი თაობა სულ უსმენს ინგლისურენოვან რაღაცას და ცოდნას თავისით ივითარებს. ბევრი საშუალება და ონლაინ რესურსია, მაგრამ მასწავლებლის ან მაგისტრის გამოცდისთვის შესაფერის ტესტებს ხომ არ დავუდებთ აბიტურიენტებსაც? ძალიან სწორი ლექსიკით შერჩეული ტესტებია. თემის დაწერის დროს კი ძალიან კარგად ჩანს, ვის როგორი ლექსიკა აქვს, ვის როგორი გრამატიკა…

– აბიტურიენტების ნაწილი ჩიოდა, რომ მოსმენის დავალება, რომელიც საგამოცდო ტესტში შედიოდა, სკოლაში არასოდეს შეუსრულებიათ. სასკოლო პროგრამა რამდენად ითვალისწინებს ასეთი დავალების შესრულებას?

– იმ სკოლაში ვერ ასრულებენ, სადაც შესაბამისი პირობები არ აქვთ. დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, ჩვენი სკოლები შესაბამისად აღჭურვილი არ არის, რომ ასეთი დავალება შეასრულებინოს მასწავლებელმა. ჩვენს სკოლაში გვაქვს ამის საშუალება და ვასმენინებთ მოსწავლეებს, მაგრამ ისეთი ბავშვებიც მინახავს, არასოდეს არაფერი რომ არ მოუსმენიათ. ბევრი კი ცდილობს, სახლშია არსებული ონლაინ რესურსები გამოიყენოს და თავს ასე უშველოს. ეს არ ამართლებს სკოლას. სკოლას უნდა ჰქონდეს პირობები, რომ მოსწავლემ საბაზისო ცოდნა მაინც გაიტანოს იქიდან. პრობლემა სკოლებშია, რადგან არც საათობრივი ბადეა შესაფერისი და არც აღჭურვილობა. აბიტურიენტების ეს პრეტენზია კი საფუძველს მოკლებული არ არის.

– რა შენიშვნა გექნებოდათ ინგლისური ენის გამოცდის მისამართით?

– ცოტა გაუმართავია მოსასმენი აპარატურა. ჩემი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული მოსწავლეები სხვადასხვა რამეს ყვებოდნენ. უკან რომ ზის მას არ ესმის, წინ რომ ზის, იმას ცუდად ესმის და ა.შ. ასევე, დროს თუ დაუმატებენ, კარგი იქნება. ორსაათნახევარი, რაც გამოყოფილი იყო ამ გამოცდისთვის, ყოფნით, მაგრამ ნახევარი საათით მეტი რომ იყოს, უფრო კარგი იქნებოდა, რადგან უფრო მეტს იფიქრებდნენ. ზოგი სწრაფად აკეთებს რაღაცას, ზოგს კი მეტი ფიქრი სჭირდება. ყველაზე ცოტა დრო უცხო ენისთვის არის გამოყოფილი, რაც არასწორია.

ასევე იხილეთ:

რატომ უმარტივდებათ და უნდა გართულდეს თუ არა აბიტურიენტების ინგლისური ენის გამოცდა?

როგორ დავწეროთ უცხოური ენის გამოცდაზე წერილი და თემა მაღალ ქულაზე – აბიტურიენტის გზამკვლევი სპეციალისტებისგან

The post „თუ სკოლიდან ყველა ინგლისურის C1 დონის ცოდნით გავიდა, მაშინ უნივერსიტეტები რა საჭიროა?“ – ინგლისური ენის ტესტების შეფასება სპეციალისტისგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები მენეჯმენტის, თავდაცვა და უსაფრთხოების და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენილი თემები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ეროვნული პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის მარკეტინგული სტრატეგიები; სოციალური სფერო – საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველი; ვირტუალური მსოფლიო და თანამედროვე ტექნოლოგიები; შეტევების პრევენცია ორგანიზაციის ქსელში; ევროკავშირი, როგორც მშვიდობის უზრუნველყოფის მოდელი; რუსეთის საგარეო დაზვერვის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში და სხვა.

იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

The post ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14566 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>