Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14616 articles
Browse latest View live

„რას მერჩით, საქართველოდან წავიდე?“ –მენტორი მასწავლებელი საათების ძიებაში და მძიმე ისტორიით

$
0
0

23 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სკოლებში ახალი კადრების შესვლის მნიშვნელობაზე საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა.

28 აპრილს კი ახალგაზრდა მენტორი მასწავლებელი, გამოცდილი პედაგოგი, ბიჭიკო ოჩიგავა წერილს აქვეყნებს და საკუთარ მძიმე ისტორიას ჰყვება, რომელიც საჯარო სკოლაში დასაქმებასთან დაკავშირებული უსამართლობის კიდევ ერთი მაგალითია.

EDU.ARIS.GE წერილს უცვლელად წარმოგიდგენთ:

“სასოწარკვეთილი ვარ.

უსამართლობა, გაუგებრობა, თუ მიზანმიმართული ამოჩემება. არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. რეალურ ფაქტებს მოგიყვებით.

ჩემი ამბავი იცით, თუ როგორ ვეძებ საჯარო სკოლაში საათებს. ეს რომ სახვეწარი გამიხდებოდა და ჩემს რეგალიებს ამაში რომ ჩალის ფასი ექნებოდა, ამას რომ ვერ წარმოვიდგენდი, ესეც იცით.

მოკლედ, სექტემბრის მერე, რამდენიმე საჯარო სკოლაში გავაგზავნე სივი. აღმოჩნდა ისე, რომ აბსოლუტური უმრავლესობიდან არ დამირეკეს. ზოგი სკოლიდან დამიბარეს და დროებითი ვაკანსია აღმოჩნდა. ასეთი სულ ორი სკოლა იყო. დავრეკე თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დამაიგნორეს და მპასუხობენ იდენტური ტექსტებით, რომ ალბათ კომისიას გამოვრჩი და დაავიწყდა გასაუბრებაზე ჩემი დაბარება. აი, რამდენჯერ მოვისმინე ეს ტექსტი.

„სკოლაში გასაუბრებიდან შოკირებული გამოვედი“ – დირექტორი ვალდებულია კომისიაში ჰყავდეს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით დამტკიცებული პირები

რამდენიმე დღის წინ გავგზავნე სივი ერთ-ერთ საჯაროში. დედლაინი ამოიწურა. ახალი კადრი, წესით, პირველ მაისს იწყებს მუშაობას. მე არც შემხმიანებიან. შევატყობინე ამის შესახებ მასწავლებლის სახლს და მითხრეს, რომ აუცილებლად გაარკვევენ ამ საკითხს. ცოტა ხნის წინ ექსპერტი მეუბნება, რომ იმ კონკრეტული სკოლიდან უკვე ჩანიშნეს გასაუბრებები და გადასცეს აპლიკანტთა სია, რომელშიც ჩემი სახელი არსად წერია და აპირებს გაარკვიოს მიზეზი. ორივე ის ადამიანი მეგობრებში მყავს, ვისაც ამ საკითხის შესახებ ვესაუბრე. ასე რომ, ჩემი თითოეული სიტყვა რომ რეალურია, ფაქტია. ტყუილს რომ ვერაფერს ვიტყვი.

გასაუბრებაზე მაინც დამიბარეთ და იქ უარმყავით თქვენ ოჯახაშენებულებო. ჩავთვლი, რომ ჩემზე უკეთესი კადრი შეარჩიეთ გასაუბრების შედეგად. სივი მაქვს იდეალური. ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს ისეთი და უფრო მეტი წონის, ვიდრე საჭიროა. მაქვს 14 წლიანი მუშაობის გამოცდილება. იმის დასტურად, რომ ამ სფეროში რაღაც შემიძლია. შემიძლია გავუზიარო ჩემი ელექტრონული პორტფოლიოები, სადაც ჩაწიკწიკებული მაქვს თითოეული რაიონული, ეროვნულ, თუ საერთაშორისო აქტივობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. მისი რეფლექსიებით. მაქვს უამრავი სასწავლო რესურსი შექმნილი და საჯაროდ გაზიარებული. მაქვს მეთოდური სტატიები გამოქვეყნებული. მაქვს კვლევები ნაწარმოები და გაზიარებული.

მეტი რა გავაკეთო? რით დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ გასაუბრებაზე დამიბარონ?
რას მერჩით? საქართველოდან წავიდე? ასე როდემდე უნდა ვიყო? ოჯახის რჩენა ხომ უნდა შევძლო ჩემს ქვეყანაში? ვიღაცას ხომ უნდა ვჭირდებოდე ამ ქვეყანაში?!”.

ასევე იხილეთ:

„გასაუბრებაზე მანქანა მომთხოვეს, არ გყავსო?“ – როგორ ექცევიან სკოლაში დასაქმების მსურველებს განათლების სამინისტროსგან „მიშვებული“ საჯარო სკოლები

ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი


როგორ ამოვიცნო მეტაფორა? –აბიტურიენტო, ისწავლე ორ წუთში სპეციალისტთან ერთად (ვიდეო)

$
0
0

რას ნიშნავს მეტაფორა?
როგორ ამოვიცნო მეტაფორა მხატვრულ ტექსტში?
რით განსხვავდება მეტაფორა შედარებისგან?

მიიღე პასუხები ორ წუთში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის, ნინო ლომიძის დახმარებით:

ასევე იხილეთ:

მეტაფორა და შედარება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის

„ევროპის უნივერსიტეტში“ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (ETAG) თანამშრომლობით კონფერენცია გაიმართა

$
0
0

„ევროპის უნივერსიტეტმა“ და „საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციამ“ (ETAG), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, 2025 წლის 26 აპრილს გამართეს ერთდღიანი კონფერენცია – “ინგლისური ენის სწავლება ციფრულ ეპოქაში: ხელოვნური ინტელექტიდან საგამანათლებლო ტექნოლოგიების (EdTech) ინოვაციამდე”.

კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის დირექტორმა, რუსუდან ტყემალაძემ და „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ დირექტორმა, ზაზა ფურცელაძემ.

„ევროპის უნივერსიტეტში“ გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის პედაგოგები საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედი ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მთავარი მოხსენებები და პარალელური სესიები, სადაც განიხილეს ინგლისური ენის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული საკითხები. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეფექტური სტრატეგიები და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები. სესიებზე მომხსენებლებმა განიხილეს როგორც შესაძლებლობები, ასევე გამოწვევები და აუდიტორიას სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით შესთავაზეს კონკრეტული მეთოდოლოგიები.

„ევროპის უნივერსიტეტი“ და „საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია“ იზიარებენ საერთო ღირებულებას – საქართველოს საგანმანათლებლო კონტექსტის განვითარებაში წვლილის შეტანა. ორივე ინსტიტუცია ერთგულია მათი საქმიანობის მთავარი პრინციპისადმი, ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო პრაქტიკის გაუმჯობესებას და სწავლება-სწავლის პროცესში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციას. ამ ტიპის ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს, „ევროპის უნივერსიტეტის“ მისიისა და ხედვის მთავარ არსს წარმოადგენს და განაპირობებს უნივერსიტეტის მესამე მისიის რეალიზების ერთ-ერთ შესაძლებლობას.

ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობა წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, თანამედროვე მეთოდოლოგიების ხელშეწყობისა და სწავლება-სწავლის პროცესის გადააზრების ერთობლივი ძალისხმევის ძალიან პოზიტიურ პრაქტიკას.

საბაუნის ფსიქოლოგიის ლექტორების ვიზიტი შედგა რუჟომბეროკის უნივერსიტეტში

$
0
0

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნატალია მჭედლიშვილი და მოწვეული ლექტორი, ანა მენაღარიშვილი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით სლოვაკეთში, რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში საბაუნის პროფესორებმა ლექციები ჩაატარეს სლოვაკი სტუდენტებისათვის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. ასევე, საჯარო
დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საზოგადოებისთვის თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე. საჯარო დისკუსიაში
მონაწილეობდნენ როგორც პროფესორები, ასევე სტუდენტები.

ლექციების გარდა, საბაუნის პროფესორებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელს, პროფესორ რობერტ დურკას, რომელთანაც ისაუბრეს პოტენციური თანამშრომლობის გზებსა და იდეებზე. ასევე, დაათვალიერეს მასპინძელი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ახლოდან
გაეცნენ ფსიქოლოგიის საკონსულტაციო ცენტრის მუშაობას, რომელიც უფასოდ ემსახურება სტუდენტებსა და პერსონალს.

„ეს მობილობა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქამდე არ მქონდა უცხოენოვან აუდიტორიისთვის ლექციის ჩატარების გამოცდილება. ასევე, საშუალება მქონდა მენახა საკონსულტაციო ცენტრის სერვისები რუჟომბეროკის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. მსგავსი გამოცდილების საფუძველზე შესაძლებელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტშიც შეიქმნას საკონსულტაციო ცენტრი“ – ნატალია მჭედლიშვილი.

საბაუნის აკადემიური პერსონალის მობილობა რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში განხორციელდა 2025 წლის 24-28 მარტს.

სად უნდა შეარჩიოთ პირველკლასელისთვის საჯარო სკოლა და გაიგოთ რამდენი ადგილია დაწესებულებაში

$
0
0

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მომავალი პირველკლასელების მშობლებს იმ ინფორმაციას უზიარებს, რომელიც სკოლის შერჩევასა და ადგილების რაოდენობის გარკვევაში დაეხმარებათ.

“იწყებთ მომავალი პირველკლასელისთვის სკოლების შერჩევის პროცესს? გაიცანით EMIS-ის განახლებული სკოლების საინფორმაციო პორტალი — მარტივად მოსაძებნი, სრულყოფილი და სანდო ინფორმაცია ერთ სივრცეში!

რას მოიცავს და როგორ დაგეხმარებათ პორტალი: მოიძიეთ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ლიმიტების რაოდენობა, გაეცანით სკოლის შესახებ სრულ ინფორმაციას, მოძებნეთ სკოლა მარტივად, სასურველი ტერიტორიის მიხედვით.

ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის მიერ — რაც უზრუნველყოფს მის სიზუსტეს და სანდოობას. დაათვალიერე პორტალი უკვე დღეს და იპოვე იდეალური სკოლა შენი ბავშვისთვის: Skolebi.emis.ge”, – წერია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – ეტაპები და პროცედურა

ვადა 15 მაისამდე გაქვთ –გამოცდების ცენტრი 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საყურადღებო განცხადებას აქვეყნებს

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 29 აპრილს, 2025 წლის აბიტურიენტებისთვის განცხადებას აქვეყნებს და მათ ნაწილს კონკრეტული დოკუმენტების წარმოდგენისკენ მოუწოდებს:

“2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა აბიტურიენტმა, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ირიცხება როგორც არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე, თუმცა სწავლობს ნებისმიერი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კლასში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ირიცხება დამამთავრებელ კლასში.

დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა 28 აპრილიდან 15 მაისის 18:00 საათამდე.

აღნიშნულ ვადაში უნდა მომართონ ცენტრს განაცხადით არადამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებმაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. მათ განაცხადს უნდა დაურთონ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.

მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტი შესაძლებელია გაიცეს როგორც სკოლის, ისე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ;
  • ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტს გასცემს შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
  • განაცხადები მიიღება თბილისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ე. მინდელის ქუჩა N9), რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.

თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

იმ გამოსაცდელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: 032 2 47 33 33

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება –ვინ რეგისტრირდება 20 მაისის ჩათვლით და რა საბუთები უნდა წარადგინოთ

$
0
0

2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება.

ვინ რეგისტრირდება II ეტაპზე

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დოკუმენტების წარდგენის ვადები II ეტაპზე

II ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

-მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

-მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ამავე თემაზე:

სად უნდა შეარჩიოთ პირველკლასელისთვის საჯარო სკოლა და გაიგოთ რამდენი ადგილია დაწესებულებაში

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – ეტაპები და პროცედურა

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა Amazon Web Services (AWS) Academy-ს შეუერთდა

$
0
0

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა Amazon Web Services (AWS) Academy-ს შეუერთდა.

AWS Academy-ის წევრობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო კურსებს, რომლებიც ინტეგრირებული იქნება სასწავლო პროგრამებში. სტუდენტები შეძლებენ რეალურ ინდუსტრიულ ქეისებზე მუშაობას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და სფეროში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების განვითარებას.

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს დამატებით ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მოემზადონ საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიებისა და ღრუბლოვანი სისტემების სფეროში.

AWS Academy არის Amazon Web Services (AWS) – ის მიერ შემუშავებული ინიციატივა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო კურსებს. აღნიშნული კურსები შეესაბამება ინდუსტრიულ სტანდარტებს და შემუშავებულია უშუალოდ AWS-ის მიერ.


თუ ამ ქულას მიიღებთ, მათემატიკაში მინიმალური ბარიერი დაძლეულად ჩაგეთვლებათ –მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს

$
0
0

2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მინიმალური გამსვლელი ქულა 11 იქნება, თუმცა შესაძლებელია ნაკლებიც იყოს. ამის შესახებ აბიტურიენტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა თევდორაძემ ისაუბრა და 2025 წლის გამოსაცდელებს კონკრეტული რეკომენდაციებიც მისცა.

29 აპრილს გამართულ ონლაინ ღია კარის დღეზე ზაზა თევდორაძემ ისიც განმარტა, რომ მინიმალური გამსვლელი ქულის მიღება ყველა აბიტურიენტისთვის საკმარისი არ იქნება:

“თქვენ რომ დაძლიოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური ბარიერი, უნდა გადალახოთ ტესტის მაქსიმალური ქულის 20%. ეს 20 პროცენტი, თუ საგამოცდო ტესტი ერთადერთი ვარიანტისგან შედგება, მაშინ 11 ქულა გამოვა მათემატიკის შემთხვევაში. მაგრამ როგორც წესი, ჩვენთან ორი ვარიანტი არის მათემატიკაზე, ორ სესიად ტარდება და როცა ერთზე მეტი ვარიანტი არის, მათ შორის ქულების გაიგივება ხდება. თუ თქვენი გაიგივებული ქულა აღემატება 10,2 მეათედს, მინიმალური ბარიერი ითვლება დაძლეულად. მაგრამ აქვე გაითვალისწინეთ, რომ მინიმალური ბარიერის დაძლევა კონკრეტული აბიტურიენტისთვის არ იყოს საკმარისი, იმიტომ, რომ მას ჰქონდეს განაცხადი გაკეთებული ისეთ ფაკულტეტზე, რომელსაც დადგენილი აქვს უფრო მაღალი მინიმალური ბარიერი. მაგალითად 50%-იანი, ან შეიძლება მეტიც, შეიძლება 40%-იანიც”, – აღნიშნა საუბრისას ზაზა თევდორაძემ.

გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც აბიტურიენტები მათემატიკაში უშვებენ:

-მექანიკური ხასიათის შეცდომა, როცა აბიტურიენტს პასუხი თეთრ ფურცელზე სხვა ამოცანისთვის გამოყოფილ ადგილზე გადააქვს, მაგალითად 38-ე ამოცანის ამოხსნას წერს მე-40 ამოცანისთვის გამოყოფილ ადგილზე, მართკუთხედში. ამისთვის არ დაგსჯიან და ნაწერი მაინც გასწორდება, მაგრამ აფერხებთ პროცესს და ამას ნუ გააკეთებთ. ასეთი დავალებები არ სწორდება ეგრევე, ის პრობლემურად აღიქმება, ცალკე უნდა ამოვბეჭდოთ ფურცელზე, ცალკე უნდა დაჯდეს კომისია და დაიწყოს ასეთი ნაშრომების გასწორება. ეს იწვევს დაბრკოლებას და შესაძლოა, შედეგების გამოცხადების დრომ რამდენიმე დღით გადაიწიოს.

-მათემატიკაში კალიგრაფიას გადამწყვეტ როლს არ ვაძლევთ, მაგრამ მაინც ისე დავწეროთ, რომ გარჩევადი იყოს. შეგიძლიათ გადახაზოთ ნაწერი, მაგრამ გადახაზვის მერე რასაც დაწერთ, ეს გარჩევადი იყოს.

-თუ რაიმე ცვლადები შემოგაქვთ, განმარტებული უნდა იყოს, ამ ცვლადებით რას აღნიშნავთ. ხშირად, აბიტურიენტი პირდაპირ წერს განტოლებას X+10 იგრეკი უდრის რაღაცას, მაგალითად 17-ს და არ ამბობს იქსით რა აღნიშნა, იგრეკით რა აღნიშნა. მათემატიკის ხიბლი ის არის, რომ მსჯელობა უნდა აწარმოოთ.

-ნახაზებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ნახაზების დახაზვა არ მოგეთხოვებათ სახაზავით, ხელით შეიძლება დავხაზოთ, მაგრამ თუ ვხაზავთ კონუსს, არ უნდა გაჩნდეს კითხვა – ეს კონუსია, ცილინდრია, პირამიდაა თუ რა არის. კონუსი უნდა ჰგავდეს კონუსს, პირამიდა – პირამიდას, ცილინდრი – ცილინდრს. ასეთი ხარვეზები სამწუხაროდ, გვხვდება და დიდი თხოვნა მექნება, რომ მივაქციოთ ყურადღება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

„სქემა გაიყოფა“ –სიახლეს 1-ელი ივლისიდან ელოდებიან –რა თქვა განათლების მინისტრმა მასწავლებლის სქემის ცვლილებაზე

$
0
0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები პირველი ივლისიდან არის მოსალოდნელი. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 30 აპრილს მიაწოდეს.

როგორც გავარკვიეთ, დამატებითი დეტალები ამ მომენტისთვის არც მასწავლებლის სახლში იციან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მინისტრთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს და პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები არიან ჩართული.

ვიდრე განათლების სამინისტრო ვიწრო ჯგუფებში განხილულ სიახლეებს დღის შუქზე გამოიტანს, პირველი განცხადებები სქემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდე წულაძემ გააკეთა.

რა თქვა განათლების მინისტრმა მასწავლებლებსა და სქემაზე

მასწავლებელი, როგორც განათლების საზომი ქვეყანაში: 

“პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა სკოლის მასწავლებელი არის ჩვენი სისტემის მთავარი ხერხემალი. სკოლის მასწავლებელია რეალურად მთავარი საზომი ასევე იმისა, თუ რა დონის განათლება გვექნება ჩვენ საჯარო სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც სამინისტროს, ისე მთელი სისტემის განსაკუთრებული ყურადღება არის დათმობილი თითოეული მასწავლებლისადმი და ჩვენი პოლიტიკა არის, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კადრების მოზიდვა და ზოგადად ჩვენი პროფესიის პოპულარიზაცია და მიმზიდველობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უკვე შემოსულებისთვის და არსებული მასწავლებლებისთვისთვის კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების სქემის არსებობა”.

განათლების მინისტრს ზოგადი განათლების ახალი ხედვა აქვს – რა შეიცვლება მიმართულებაში

მასწავლებელი სკოლის მართვაში –  რა შესაძლებლობას მისცემს მასწავლებელს შეცვლილი სქემა:

“მთავარი სიახლე, ალბათ რაც იქნება, ჩვენი მიზანია, თითოეულ მასწავლებელს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჰქონდეს სკოლაში, ანუ მის სამუშაო სივრცეში განვითარების საშუალება. პირობითად, მასწავლებელი, რომელიც დაინტერესებულია სწავლა-სწავლების პროცესით, მას ჰქონდეს ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების და შემდგომ, უკვე სასკოლო საზოგადოებაში, საკუთარი რესურსის რეალიზების საშუალება. და მასწავლებელი, რომელიც დაინტერესებულია ადმინისტრირებით, ანუ მას ჰქონდეს ამ მიმართულებით კარიერული წინსვლის საშუალება. ვგულისხმობ მათ, ვისაც აქვთ სურვილი, მაგალითად გახდნენ სასწავლო ნაწილი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე ან რესურსცენტრის ხელმძღვანელები; ხოლო მასწავლებლები, ვინც დაინტერესებული არიან კონკრეტული საგნით, საგნობრივი სპეციალიზაციით, მათ ჰქონდეთ ამის საშუალება.

ანუ, დღევანდელი სისტემა თითქოს ერთი სქემა იყო ყველასთვის და ჩვენი სურვილი არის, რომ დაიყოს და რაც შეიძლება მეტი გზა არსებობდეს კარიერული წინსვლისთვის თითოეული მიმართულებით.

პირობითად, თუ მე ვარ ფიზიკოსი და მე მაქვს სურვილი, გავხდე არა სასწავლო ნაწილი ან, სკოლის დირექტორი ან  რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არამედ გავხდე მაგალითად ფიზიკის განსაკუთრებული მასწავლებელი – წამყვანი, უფროსი და მენტორი საბოლოოდ, აი ამის საფეხურები იქნება სამივე მიმართულებით. ჩვენ ეს შევთავაზეთ, განვიხილეთ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად. ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც შევხვდეთ მასწავლებლებს და მათაც შევთავაზოთ აღნიშნული მოდელი.

ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველა გადაწყვეტილება პირველ რიგში განვიხილოთ მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩართულობით. მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, შემდეგ უკვე შევიტანოთ საპილოტე რეჟიმში სკოლებში და საბოლოოდ უკვე დავნერგოთ როგორც მოდელი”, – თქვა ალექსანდრე წულაძემ.

ასევე იხილეთ:

რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე

ისტორია აბიტურიენტებისთვის – მანანა ჯავახიშვილის ვიდეოინსტრუქცია 2025 წლის გამოსაცდელებს

$
0
0

ისტორის გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე იქნება და 2025 წლის აბიტურიენტებს მესამე რეკომენდაციები სწორედ ამ საგანში მიეცათ.

დღეს, 1-ელ მაისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, მანანა ჯავახიშვილი აბიტურიენტებს რეკომენდაციებს აძლევს:

ამავე თემაზე:

უცხოური ენები – რუსუდან ტყემალაძის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებს

ქართული ენა და ლიტერატურა – ნანა ლოლაძის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებს

CIU-სა და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

30 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ სიმონ კოპაძემ მოაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო-პრაქტიკული კურსის – „სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლები“ – გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული კურსი „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგისა“ და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა.

სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ სიმონ კოპაძემ და სდსს ვეტერანთა კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ზაალ სარაჯიშვილმა გადასცეს.

დღის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ ასოცირებული წევრის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, „საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების აკადემიის“ მიერ „საპატიო წევრის“ დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსი“ და შესაბამისი პრაქტიკუმი დანერგა.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის/სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

$
0
0

გაეცანით 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის/სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას:

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის/სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

 

გამოქვეყნდა 2025 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

$
0
0

გაეცანით 2025 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობას შემდეგი სახით:

ქართული ენისა და ლიტერატურის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), გეოგრაფიის (საბაზო – ან/და საშუალო საფეხური), ისტორიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქიმიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ფიზიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), მათემატიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლების (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), ქართული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების, სომხური ენისა და აზერბაიჯანული ენის გამოცდაში აპლიკანტმა, იმისათვის რომ საგნის გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:

– ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 43 ქულა და მეტი;
– მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 25 ქულა და მეტი;
– გეოგრაფიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 34 ქულა და მეტი;
– ბიოლოგიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 37 ქულა და მეტი;
– ქიმიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 37 ქულა და მეტი;
– ფიზიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 37 ქულა და მეტი;
– ისტორიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 34 ქულა და მეტი;
– სამოქალაქო განათლებაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 34 ქულა და მეტი;
– უცხოურ ენაში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 55 ქულა და მეტი;
– ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 52 ქულა და მეტი;
– სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში – 37 ქულა და მეტი;
– მუსიკაში – 43 ქულა და მეტი;
– სპორტში – 43 ქულა და მეტი;
– ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) – 40 ქულა და მეტი;
– სომხურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) – 40 ქულა და მეტი;
– აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) – 40 ქულა და მეტი;
– რუსულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) – 40 ქულა და მეტი;
– ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური) – 32 ქულა და მეტი;
– ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური) – 32 ქულა და მეტი;
– მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური) – 32 ქულა და მეტი;
– ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში – 43 ქულა და მეტი;
– სომხურ ენაში – 43 ქულა და მეტი;
– აზერბაიჯანულ ენაში – 43 ქულა და მეტი.

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

– ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40% – ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);

– ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);

– უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;

– ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 – გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;

– ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).

“ევროპის უნივერსიტეტის” თანამშრომლები „ხაენის უნივერსიტეტში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

$
0
0

„ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე და საერთაშორისო პროექტებისა და ბილატერალური მობილობის მენეჯერი ნინო კანდელაკი, ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით “ხაენის უნივერსიტეტში” (ესპანეთი) იმყოფებოდნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის” თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ხაენში, 21-25 აპრილს გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გააერთიანა ინტერნაციონალიზაციის, ერაზმუს+ ინიციატივების, შერეული ინტენსიური პროგრამებისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

საერთაშორისო კვირეული დატვირთული იყო აქტივობებით და მოიცავდა ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებს, კამპუსის ტურსა და კულტურულ ღონისძიებებს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლების მონაწილეობა აღნიშნულ კვირეულში კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების მიმართ.


70 სკოლა, 200 მოსწავლე და 30 საუკეთესო იდეა – სამეწარმეო მარათონი სულხან-საბას უნივერსიტეტში

$
0
0

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე 5 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ბიზნეს მარათონის პროექტს. ამ წლების განმავლობაში, პროექტში მონაწილეობა ასობით ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაგან მრავალი დღეს წარმატებული მეწარმე გახლავთ.

ფაკულტეტის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, პროექტი არა მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლების სფეროზე ახდენს გავლენას, არამედ აქტიურად ავრცელებს მეწარმეობის კულტურას სასკოლო განათლების დონეზეც.

24-25 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბური სამეწარმეო იდეების კონკურსი ჩაატარა.

წლევანდელი ბიზნეს მარათონი ტრადიციულად მასშტაბურად ჩატარდა და გააერთიანა 70 სკოლიდან 200-მდე მოტივირებული მოსწავლე – ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ინოვაციური იდეებითა და შემოქმედებითი ენერგიით ცდილობენ მომავლის შეცვლას.

კონკურსში მონაწილე სკოლის გუნდებმა განსხვავებული, სოციალურ საჭიროებებზე მორგებული და ტექნოლოგიურად გამართული ბიზნეს იდეები წარადგინეს. მონაწილე გუნდებმა წარმოაჩინეს როგორც ტექნოლოგიური უნარები, ისე სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვის სურვილი.

გამოვლინდა რამდენიმე გამორჩეული პროექტი, რომელთაც საპრიზო ადგილები მიენიჭათ:

პირველი ადგილი – ქ. გორის მე-4 საჯარო სკოლა
იდეა: Future Intelligent Teacher

ინოვაციური საგანმანათლებლო მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ მანეკენს და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს საბუნებისმეტყველო საგნების ეფექტური სწავლებისთვის. მოწყობილობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და ასწავლის ანატომიას შეხების პრინციპზე დაფუძნებული მეთოდით.

მეორე ადგილი – ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა
იდეა: „ინოვაციური თავგადასავლები“

საგანმანათლებლო წიგნებისა და ექსპერიმენტების ნაკრები, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მარტივ და სახალისო ფორმატში აჯამებს. ინტერაქტიული დავალებები და მეცნიერული ცდები ხელს უწყობს ბავშვების კვლევითი უნარების განვითარებას.

მესამე ადგილები გადაინაწილეს:

დუისის საჯარო სკოლა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
იდეა: ადგილობრივი წარმოების ჩაი

ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ქართული მცენარეებით დამზადებული ჩაი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ფერმერების ჩართულობას და ჯანმრთელი პროდუქტების პოპულარიზაციას.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“
იდეა: GoToGeorgia

ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ტურისტებს ადგილობრივ მასპინძლებთან, პერსონალიზებული, ავთენტური და კულტურულად მდიდარი გამოცდილებების შესაქმნელად.

ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის STEM კლუბი
იდეა: ჭკვიანი სახლის სისტემები

ენერგოეფექტური, Arduino-ს პლატფორმაზე დაფუძნებული ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. მიზანია კომფორტისა და უსაფრთხოების გაზრდა, მინიმალური ენერგომოხმარებით.

საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა
იდეა: AirAlert

სისტემური მოწყობილობა, რომელიც ტოქსიკური აირების გაჟონვას დროულად აფიქსირებს და მომხმარებელს აფრთხილებს. სისტემა მოიცავს სენსორებს, მობილურ აპლიკაციას და ხმოვან შეტყობინებებს.

მომავალი თაობის მეწარმეების აღმოჩენა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს მარათონი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების მოტივრებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

გამართლებულია თუ არა მათემატიკის ეროვნულ გამოცდაში მინიმალური ბარიერი 11 ქულა იყოს? –რას ამბობს სპეციალისტი

$
0
0

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 11 ქულას არ აღემატება. ამის შესახებ NAEC-ის წარმომადგენელმა 29 აპრილს აბიტურიენტებთანაც ისაუბრა.

თუ ამ ქულას მიიღებთ, მათემატიკაში მინიმალური ბარიერი დაძლეულად ჩაგეთვლებათ – მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს

EDU.ARIS.GE დაინტერესდა სპეციალისტის მოსაზრებით, რამდენად ადეკვატურია დაწესებული ბარიერი მათემატიკაში და რა განაპირობებს ასეთ დაბალ ზღვარს.
საკუთარი ანალიზი გაგვიზიარა მათემატიკის დოქტორმა და ასოცირებულმა პროფესორმა, თბილისის ალექსანდრე ცინცაძის სახელობის 150-ე საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა მურმან კინწურაშვილმა:

ქულათა განაწილება და მაქსიმუმის დათვლა: მათემატიკის გამოცდა შედგება 41 საკითხისგან:

37 საკითხი — 1 ქულა თითოეულზე → 37 ქულა
2 საკითხი — 3 ქულა თითოეულზე → 6 ქულა
2 საკითხი — 4 ქულა თითოეულზე → 8 ქულა
სულ მაქსიმალური ქულა: 37 + 6 + 8 = 51 ქულა

მინიმალური ზღვარი და მისი ლოგიკა: მინიმალური ზღვარი დაწესებულია 20%-ზე, ანუ 51-ის 20% = 10.2 ქულა, რაც გაიგივებულია 11 ქულად. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ აბიტურიენტმა მინიმუმ 11 ქულა უნდა დააგროვოს იმისათვის, რომ ჩაითვალოს, რომ ბარიერი გადალახა და საგანი ჩააბარა. მინიმალური ზღვრის დაწესება ხელს უწყობს სკალაზე “საბაზისო ცოდნის” გამიჯვნას. ვინც 20%-საც ვერ აგროვებს, მის ცოდნაში პრობლემაა საბაზისო დონეზე. ეს ზღვარი არ არის მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფასების სისტემა ინკლუზიურია — გამსვლელი ზღვარი დაბალია, თუმცა მაინც არის საჭირო მინიმალური კომპეტენცია.

იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდა არ არის მხოლოდ რეპროდუქტიული, არამედ მოიცავს რთულ საკითხებსაც, სისტემა ცდილობს არ გამორიცხოს მოსწავლე, რომელსაც მარტივი საკითხების გარკვეული ცოდნა აქვს.

რატომ 20% და არა მეტი ან ნაკლები?

20% ხშირად გამოიყენება საერთაშორისო შეფასების სისტემებშიც, როგორც დაბალი ზღვარი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად მომზადებულად.
ეს ზღვარი კომპრომისულია — არც ძალიან დაბალია და არც — მაღალი. ის იძლევა საშუალებას, რომ აბიტურიენტს, რომელმაც იცის მარტივი საკითხები და შეუძლია რამდენიმე 1-ქულიანი საკითხი ამოხსნას, ჰქონდეს ჩაბარების შანსი.

მინიმალური ზღვარი დაბალია, მაგრამ მაინც ავლებს ხაზს ცოდნის მინიმალურ დონესა და უმეცრებას შორის.

ასეთი ზღვრის არსებობა აუცილებელია, რათა ეროვნულ გამოცდებს ობიექტურობისა და განათლების ხარისხის მინიმალური მოთხოვნების სტანდარტი ჰქონდეთ.

გაიგივებული ქულა და მინიმალური ზღვარი — რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა?

მათემატიკის ეროვნული გამოცდა, როგორც წესი, ტარდება ორ სესიად, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ორი ტესტური ვარიანტი. ამ დროს გამოიყენება ქულების გაიგივების მექანიზმი, რათა ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს.

ეს ნიშნავს:

თუ შენ დაწერე ერთი ვარიანტი და სხვამ — მეორე, საბოლოო შეფასება ხდება ისე, რომ ქულები გაიგივდეს სირთულის მიხედვით, რათა არავის ჰქონდეს უპირატესობა ან ზიანი.

მინიმალური ბარიერის გადალახვაც ამ გაიგივებული ქულით განისაზღვრება.

ანუ, თუ შენი გაიგივებული ქულა აღემატება 10.2-ს, ითვლება, რომ გადაცდი მინიმალურ ზღვარს.(დაძლიე ზღვარი).

ფაკულტეტური ბარიერები — მეტი, ვიდრე მხოლოდ მინიმუმი

თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ზოგიერთი ფაკულტეტი ადგენს საკუთარ მინიმალურ მოთხოვნას გამოცდებზე. მაგალითად:

  • იურიდიულზე ან ეკონომიკაზე — შესაძლოა საჭირო იყოს მინიმუმ 50% ქულა;
  • ტექნიკურ ან ინჟინერიულ სპეციალობებზე — შეიძლება მოთხოვნა იყოს 40% ან მეტი.
  • ზოგ ფაკულტეტზე კი 40%-ზე ნაკლებიც და 50%-ზე მეტიც.

ამ შემთხვევაში, მინიმალური სახელმწიფო ზღვრის გადალახვა (11 ქულა) არ არის საკმარისი — საჭიროა შესაბამისი ფაკულტეტის ბარიერის დაკმაყოფილებაც. მაგალითად 51-ის 40% 20,4 ქულა.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა?

1. გადალახოს სახელმწიფო ზღვარი — მინიმუმ გაიგივებული 11 ქულა;
2. გადაამოწმოს, აქვს თუ არა ფაკულტეტს დამატებითი მოთხოვნა მათემატიკის ქულაზე;
3. დაიცვას ორივე პირობა, რათა წარმატებით ჩაერიცხოს სასურველ პროგრამაზე.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე“ –გიორგი ხუბუა

$
0
0

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ხუბუა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან 1-ელ მაისს სოციალურ ქსელში დაწერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა გასული წლის ივლისის თვეში დაინიშნა.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.

წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში”, – წერს გიორგი ხუბუა.

CIU-ში ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

$
0
0

1-ელ მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის – „საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური გამოწვევები (ესტონეთის გამოცდილების მაგალითზე)“ – კვლევის პრეზენტაცია.

პროექტის განმახორციელებლები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ხატიძე (პროექტის ხელმძღვანელი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი ზვიად გაბისონია (პროექტის ძირითადი პერსონალი) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი ნინო ჯოლია (პროექტის ძირითადი პერსონალი). კვლევითი პროექტის პარტნიორია ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემია (e-Governance Academy).

პროექტის განმახორციელებლებმა გიორგი ხატიძემ, ზვიად გაბისონიამ და ნინო ჯოლიამ პრეზენტაციისას განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ციფრული მმართველობის არსი, ციფრული მმართველობის განვითარების საერთაშორისო ასპექტები, ციფრული მმართველობა ესტონეთში, საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარების სამართლებრივი და ტექნოლოგიური გამოწვევები და შესაძლებლობები.

კვლევის პრეზენტაციისას გაზი გაესვა საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური წანამძღვრების იდენტიფიცირებას, რომელიც კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, რომელთა შორისაა ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიას შორის (e-Governance Academy); პროექტის განმახორციელებლების სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი ესტოენთის ციფრული მმართველობის აკადემიაში; მომზადებული ორი სამეცნიერო სტატია, რომელთაგან ერთი გამოქვეყნდება Scopus-ს ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში; კვლევის ფარგლებში ჩატარებული წერილობითი გამოკითხვები და ინტერვიუები შემდეგ უწყებებში: სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო და რაიონის მუნიციპალიტეტები. მიმდინარე წლის 27-29 მაისს დაგეგმილია კვლევის განმახორციელებლების მონაწილეობა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის კონფერენციაში „From Bytes to Benefits“, სადაც მონაწილეობას ღებულობს 50 ქვეყნის 450 წარმომადგენელი, ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი, სამეციერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები. კვლევა განთავსდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისა და საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

GRUNI-ს სტუდენტების გასვლითი მეცადინეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

$
0
0

გრუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციაში, ჩაუტარდათ გასვლითი მეცადინეობა სასწავლო კურსის – საადვოკატო საქმიანობის საფუძვლები – პრეკლინიკის ფარგლებში.

პრაქტიკული კურსი, რომელიც უკავშირდება ადვოკატთა რეალური საქმიანობის გაცნობას, წარმართეს ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების კოორდინატორმა ეკა სისვაძე და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კოორდინატორმა ნინო მაჭარაშვილი.

სასწავლო კურსის ხელმძვანელია სამართლის სკოლის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი.

Viewing all 14616 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>